Facebook Twitter

2 დეკემბერი, 2021 წელი,

საქმე №ას-127-2020 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მირანდა ერემაძე,

ლევან მიქაბერიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე, მოპასუხე შეგებებულ სარჩელზე) - ე.ღ–ი

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე, შეგებებული სარჩელის ავტორი) - ი.მ–ძე

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი - თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. 2013 წლის 21 იანვარს, ნასყიდობის ხელშეკრულება (შემდეგში - ნასყიდობის ხელშეკრულება ან ხელშეკრულება) დაიდო ე.ღ–სა (შემდეგში: მოსარჩელე, მყიდველი, კასატორი) და ი.მ–ძეს (შემდეგში: მოპასუხე, გამყიდველი, მოწინააღმდეგე მხარე) შორის, რომლითაც მოპასუხემ იკისრა, ქ.თბილისში, .... 38-ე კორპუსში მდებარე 108 კვ.მ კომერციული ფართის (შემდეგში - ნასყიდობის საგანი, უძრავი ნივთი ან სადავო ფართი) მოსარჩელისათვის გადაცემის ვალდებულება. ამავე ხელშეკრულებით, მოსარჩელემ, ივალდებულა, მოპასუხისათვის ნასყიდობის საფასურის (სრული ღირებულება, 70 000 აშშ დოლარი, გადასახადების ჩათვლით) გადახდა.

2. ნასყიდობის ხელშეკრულების 4.2 პუნქტის თანახმად, მყიდველს 5 000 აშშ დოლარი, წინასწარ, ბეს სახით უნდა გადაეხადა, ხოლო, დარჩენილ თანხას, ეს უკანასკნელი, ფასადის მოწესრიგებიდან და ანტრესოლის გადატიხვრიდან 3 თვეში გადაიხდიდა.

3. გამყიდველის ვალდებულებები ხელშეკრულების მე-5 პუნქტით განისაზღვრა, კერძოდ, ხელშეკრულების 5.1 პუნქტის მიხედვით, გამყიდველს, მყიდველისათვის, ქონება ნასყიდობის თანხის სრულად მიღებისთანავე უნდა გადაეცა.

4. ხელშეკრულების 5.3 პუნქტის შესაბამისად, გამყიდველი ვალდებული იყო, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიიდან გადატიხვრითი სამუშაოების ნებართვა აეღო. იმ შემთხვევაში, თუ ნებართვის აღებამდე მყიდველი შიდა გადატიხვრით სამუშაოებს ჩაატარებდა და ამას მერიის ზედამხედველობის მხრიდან საჯარიმო სანქცია მოჰყვებოდა, პასუხისმგებლობას გამყიდველი იღებდა.

5. ხელშეკრულების 5.4 პუნქტით გამყიდველი ვალდებული იყო, ფასადი მოეწესრიგებინა, ხოლო ნასყიდობის ხელშეკრულების 5.5 პუნქტით, მყიდველს ევალებოდა გადატიხვრითი შიდა სარემონტო სამუშაოების ფინანსურად უზრუნველყოფა.

6. მყიდველმა, ბეს სახით, 5000 აშშ დოლარის გადახდის ვალდებულება შეასრულა.

7. 2014 წლის 7 აგვისტოს ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, გამყიდველმა, უძრავი ქონება, შ.მ–ს (შემდეგში - ახალი მყიდველი) მიჰყიდა, რომელიც საჯარო რეესტრში უძრავი ნივთის მესაკუთრედ ირიცხება.

8. სასამართლოში სარჩელი აღძრა მყიდველმა გამყიდველის წინააღმდეგ, რომლითაც მოითხოვა, მის მიერ გამყიდველისათვის გადახდილი ბეს ორმაგი თანხისა და ნასყიდობის საგანზე გაწეული გაუმჯობესების ღირებულების, 21 200 ლარის გამყიდველისათვის დაკისრება.

9. მოგვიანებით, სასამართლოს შეგებებული სარჩელით მიმართა გამყიდველმა და მოითხოვა: ა). ნასყიდობის ხელშეკრულების ფარგლებში, მყიდველის მიერ ნაკისრი ვალდებულებების ბრალეული შეუსრულებლობის აღიარება და გამყიდველისათვის გადაცემული ბეს (5 000 აშშ დოლარი) ამ უკანასკნელისთვის დატოვება; ბ). ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობით მიყენებული ზიანის, სამშენებლო სამუშაოზე გაწეული ხარჯისა (24 554.58 ლარი) და მიუღებელი შემოსავლის (3 000 აშშ დოლარი) მყიდველისათვის დაკისრება.

10. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 3 აგვისტოს გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა და შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა: მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ, დაეკისრა ბეს სახით მიღებული 5 000 აშშ დოლარის ორმაგი ოდენობის, 10 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა; მასვე, მოსარჩელის სასარგებლოდ, დაეკისრა ნივთზე გაწეული გაუმჯობესების ღირებულება, 21 200 ლარის ოდენობით.

11. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.

12. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილებით: მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა, ახალი გადაწყვეტილებით არც სარჩელი და არც შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

12.1. სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო წინამდებარე განჩინების 1-7 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და მიიჩნია, რომ, მოპასუხეს, მოსარჩელის მიმართ, არ უნდა დაკისრებოდა ბეს სახით გადახდილი 5 000 აშშ დოლარის ორმაგი ოდენობისა და ნივთზე გაწეული გაუმჯობესების ღირებულების გადახდა, შემდეგი მოსაზრების გამო:

12.1.1. ვინაიდან სარჩელით სადავო იყო, ბეს სახით გადაცემული თანხის ორმაგი ოდენობით უკან დაბრუნება და ქონების გაუმჯობესებაზე გაწეული ხარჯის ანაზღაურება, ამიტომ, უწინარესად, ბეს მიმცემის (მოსარჩელე) მიერ ნაკისრი ვალდებულების ჯეროვნად შესრულების ფაქტი უნდა დადგენილიყო, ხოლო ასეთის დაუდგენლობისას, ბეს მიმღების (მოპასუხე) მიერ ნაკისრი ვალდებულების ბრალეული შეუსრულებლობის ფაქტი უნდა შემოწმებულიყო.

12.1.2. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა ხელშეკრულებაზე, რომლითაც დგინდებოდა, რომ მყიდველი ვალდებულებას იღებდა, გადატიხვრითი შიდა სარემონტო სამუშაოები ფინანსურად უზრუნველეყო. თავის მხრივ, გამყიდველი ვალდებული იყო, მერიიდან გადატიხვრითი სამუშაოების ნებართვა აეღო და ფასადი მოეწესრიგებინა. ორივე მხარე იმაზე აპელირებდა, რომ სარემონტო სამუშაოები მათ შეასრულეს. სასამართლოს მოსაზრებით, ამ პირობებში, მოსარჩელეს უნდა ემტკიცებინა, რომ სარემონტო სამუშაოები შეასრულა, აღნიშნულის თაობაზე გამყიდველს შეატყობინა და თანხის საბოლოოდ გადახდის სანაცვლოდ, უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების გადაფორმება შესთავაზა.

12.1.3. სააპელაციო სასამართლოს შეხედულებით, საქმეზე გამოკითხული მოწმეები, მეტნაკლებად, თანაბრად იყვნენ შემხებლობაში სადავო ფართში სარემონტო სამუშაოების შესრულებასთან და ყოველ მათგანს შესაძლებელია, ჰქონოდა ინფორმაცია, თუ სადავო სამუშაოები ვინ აწარმოა. მიუხედავად ამისა, მოწმეები რადიკალურად განსხვავებულ ჩვენებებს იძლეოდნენ, კერძოდ, მოწმეთა ერთი ნაწილი აცხადებდა, რომ სამუშაოები მოსარჩელის მეუღლემ ჩაატარა, მეორე ნაწილი კი აცხადებდა, რომ სამუშაოები შეასრულა მოპასუხემ, რომელიც პროცესში თავად იყო ჩართული. შესაბამისად, სასამართლოს მოსაზრებით, მოწმეთა ჩვენებები სანდოობის ტესტს ვერ ლახავდა, ისინი წინააღმდეგობრივი იყო და ვერცერთმა მათგანმა სასამართლოს ვერ შეუქმნა იმგვარი შინაგანი რწმენა, რომ მას გადაწყვეტილება დაყრდნობოდა (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის 140.1 მუხლი). მტკიცების ტვირთის ობიექტური განაწილების შედეგად, სწორედ მოსარჩელეს სარწმუნოდ უნდა ემტკიცებინა, რომ სამუშაოები სხვის ფართზე გასწია და ხარჯი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე გაიღო.

12.1.4. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება მიაპყრო საქმეში არსებულ 2014 წლის 12 აგვისტოს აუდიტორულ დასკვნაზე და აღნიშნა, რომ მასში მითითებულია, არა სამუშაოების შემსრულებელი სუბიექტი, არამედ, დადგენილია - სამშენებლო-სარემონტო სამუშაოებზე გაწეული ფაქტობრივი დანახარჯები. აქედან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ ხსენებული მტკიცებულება ვერ გამოდგებოდა, მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოებების დასადასტურებლად.

12.1.5. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოსარჩელეს საქმეზე არ წარმოუდგენია, სამშენებლო სამუშაოების შესრულებისას გაწეული ხარჯების შესახებ გადახდის ქვითრები, წერილობითი მიმოწერა, გაფორმებული ხელშეკრულება ან სხვა ხელშესახები მტკიცებულება, რომელიც სასამართლოს მოსარჩელის პოზიციის გაზიარების საშუალებას მისცემდა. ამასთან, წერილობითი მტკიცებულების სახით წარმოდგენილი სასაქონლო ზედნადებიდან, მისი საქმისადმი განკუთვნადობა არ დგინდებოდა.

12.1.6. სააპელაციო სასამართლოს განსჯით, მოსარჩელის პოზიცია, გარემოებების განვითარების ქრონოლოგიასაც ლოგიკურად არ ებმოდა. ხელშეკრულების თანახმად, მყიდველის მიერ ფასადის მოწესრიგებისა და ანტრესოლის გადატიხვრიდან სამი თვის ვადაში, გამყიდველისთვის თანხის სრულად გადახდა უნდა მომხდარიყო. გამყიდველი კი, თავის მხრივ, თანხის სრულად მიღებისთანავე ვალდებული იყო, უძრავი ქონება მყიდველისთვის გადაეფორმებინა. სასამართლოსათვის გაუგებარი აღმოჩნდა, მყიდველი რატომ ჩაატარებდა სარემონტო სამუშაოებს და რატომ იკისრებდა ზედმეტ ვალდებულებებს, მაშინ როდესაც ხელშეკრულება მას არა აღნიშნული სამუშაოების წარმოებას, არამედ მის ფინანსურ

უზრუნველყოფას ავალდებულებდა?! იმ შემთხვევაშიც კი, თუ მყიდველმა ხსენებული სამუშაოები ჩაატარა, საქმეში არსებული არცერთი მტკიცებულებით არ დგინდებოდა, რომ იგი სამუშაოების დასრულებიდან სამ თვეში გამყიდველს დაუკავშირდა და თანხის სრულად გადახდის სანაცვლოდ უძრავი ნივთის გადაფორმება შესთავაზა. უფრო მეტიც, საქმის მასალებით არც ის დასტურდება, რომ მოსარჩელე მოპასუხეს სამუშაოების ჩატარების თაობაზე ატყობინებდა, ხარჯთაღრიცხვას უთანხმებდა და ა.შ. გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლოში საქმის ზეპირი განხილვისას, სასამართლოს დამაზუსტებელ შეკითხვაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა განმარტა, რომ მყიდველის მიერ თანხის სრულად გადახდის ინიცირების დამადასტურებელი მტკიცებულება არ გააჩნდათ. იმ პირობებში კი, როდესაც მყიდველისთვის ცნობილი იყო, რომ საკუთრების უფლების მოპოვებას მხოლოდ ნასყიდობის საფასურის სრულად გადახდის შემდეგ შეძლებდა, სასამართლოსთვის გაუგებარია, თუ რას ემსახურებოდა 2014 წლის 7 ივლისს მოსარჩელის მიერ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის მიმართვა და საკუთრების უფლების გარიგების საფუძველზე რეგისტრაციის მოთხოვნა?! საჯარო რეესტრის წარმოების შესახებ გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ მხარის მიერ წარმოდგენილ ხელშეკრულებაში თანხის სრულად გადახდის ვალდებულებაა მითითებული, რომლის შესრულების თაობაზე მტკიცებულება მხარეს რეესტრისთვის არ წარუდგენია, რაც უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველი გახდა.

12.2. სააპელაციო სასამართლომ, მოპასუხის შეგებებული სარჩელიც უსაფუძვლოდ მიიჩნია და აღნიშნა, რომ გამოკითხულ მოწმეთა ჩვენებების სანდოობასა და თანმიმდევრულობაზე მის მიერ ამავე გადაწყვეტილებაში განვითარებული მსჯელობა, შეგებებული სარჩელის მოთხოვნებთან მიმართებითაც იდენტური იყო. ამდენად, მათზე დაყრდნობით, სასამართლომ ვერც მოპასუხის მიერ სარემონტო სამუშაოების შესრულება ვერ დაადგინა. ვინაიდან სარჩელი არ დააკმაყოფილა და ბეს თანხა მყიდველს უკან არ დაუბრუნა, სასამართლომ ჩათვალა, რომ გამყიდველი ამ უფლებაში უკვე აღდგენილი იყო. იმ პირობებში კი, როდესაც დავალების ხელშეკრულების არსებობის ფაქტი არ დგინდებოდა, მხარის მიერ მის საკუთრებაზე გაწეული ხარჯის მოწინააღმდეგე მხარისათვის დაკისრების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი არ იკვეთებოდა, მითუმეტეს იმ პირობებში, როდესაც დგინდებოდა, რომ სადავო უძრავი ნივთი სწორედ მან გაასხვისა. ამდენად, თუკი მოპასუხემ სარემონტო სამუშაოებისათვის ხარჯი გასწია, თავისავე ქონებაზე გასწია და მისთვის აღნიშნული თანხის დაკისრების წინაპირობა არ არსებობდა. საქმეზე არ დგინდებოდა, რომ მოპასუხე მოსარჩელის მითითებით მოქმედებდა და აღნიშნული სახით რემონტის ჩატარებამ მოპასუხის ქონების ღირებულება შეამცირა.

13. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შემოიტანა მოსარჩელემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით, რაც შემდეგნაირად დაასაბუთა:

13.1. სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტი იმის თაობაზე, რომ შიდა გადატიხვრით ფასადის მოწესრიგების ვალდებულება მხოლოდ გამყიდველს ეკისრებოდა. ნასყიდობის ხელშეკრულების 5.3 პუნქტი ითვალისწინებს მყიდველის მიერ ასეთი სამუშაოების ჩატარების შესაძლებლობას.

13.2. სასამართლომ არასწორად დაადგინა ის გარემოება, რომ მოპასუხეს არ უნდა დაკისრებოდა მიღებული ბე-ს ორმაგად დაბრუნების ვალდებულება. მოწმეთა ჩვენებების გარდა, საქმეზე წარმოდგენილია საპროექტო და სამშენებლო დოკუმენტაცია, რომლითაც დასტურდება სადავო ფართზე არა მხოლოდ მშენებლობის ნებართვის მიღების ფაქტი, არამედ სარემონტო სამუშაოების შესრულების დაწყებისა და დასრულების ვადები, რაც მოწინააღმდეგე მხარის მიერ გაცხადებულ ვადებს არ შეესაბამება და სრულ თანხვედრაშია, კასატორისა და მოწმეების მიერ მითითებულ ვადებთან. ხსენებული მტკიცებულების სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში შეფასების შედეგად უდავოდ დადასტურდებოდა, რომ სარემონტო სამუშაოები კასატორმა შეასრულა.

14. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 10 თებერვლის განჩინებით, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, მოსარჩელის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

15. სსსკ-ის 391.5 მუხლის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

ზემოაღნიშნული ნორმა განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

16. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

17. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიმართ კასატორს დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) არ წარმოუდგენია.

18. საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანია, თუ რამდენად კანონიერია მოსარჩელის (მყიდველი) მოთხოვნა, მის მიერ მოპასუხისათვის (გამყიდველი) გადახდილი ბეს ორმაგი თანხისა და ნასყიდობის საგანზე გაწეული გაუმჯობესების ღირებულების, 21 200 ლარის, მოპასუხისათვის (გამყიდველი) დაკისრების თაობაზე. რაც შეეხება შეგებებული სარჩელის მოთხოვნებს (ნასყიდობის ხელშეკრულების ფარგლებში, მყიდველის მიერ ნაკისრი ვალდებულებების ბრალეული შეუსრულებლობის აღიარება და გამყიდველისათვის გადაცემული ბეს ამ უკანასკნელისთვის დატოვება; ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობით მიყენებული ზიანის, სამშენებლო სამუშაოზე გაწეული ხარჯისა და მიუღებელი შემოსავლის მოსარჩელისათვის დაკისრება), დასახელებულ ნაწილში შეგებებულ სარჩელზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული, რადგან მოწინააღმდეგე მხარეს ამ ნაწილში გადაწყვეტილება საკასაციო წესით არ გაუსაჩივრებია (სსსკ-ის 264.2 მუხლი).

19. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილი გარემოებები შემდეგია:

1). მხარეებს შორის არსებობდა ნასყიდობის სახელშეკრულებო ურთიერთობა, რომლითაც მოპასუხემ (გამყიდველი) იკისრა, ნასყიდობის საგნის მოსარჩელისათვის გადაცემის ვალდებულება.

2). ნასყიდობის ხელშეკრულებით, მოსარჩელემ (მყიდველი) ივალდებულა, მოპასუხისათვის ნასყიდობის საფასურის (70 000 აშშ დოლარი, გადასახადების ჩათვლით) გადახდა, ხოლო დარჩენილი თანხა მოსარჩელეს ფასადის მოწესრიგებიდან და ანტრესოლის გადატიხვრიდან 3 თვეში უნდა გადაეხადა.

3). ხელშეკრულების მიხედვით, გამყიდველს, მყიდველისათვის, ქონება, ნასყიდობის თანხის სრულად მიღებისთანავე უნდა გადაეცა.

4). მოსარჩელემ გადაიხადა ბე, 5 000 აშშ დოლარი.

5). მოგვიანებით, ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, გამყიდველმა, უძრავი ქონება, ახალ მყიდველს მიჰყიდა, რომელიც საჯარო რეესტრში უძრავი ნივთის მესაკუთრედ ირიცხება.

ზემომითითებული გარემოებები კასატორს დასაბუთებული შედავების (პრეტენზია) გზით არ გაუქარწყლებია, ამიტომ ისინი სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (სსსკ-ის 407.2 მუხლი).

სარჩელის ფაქტობრივ საფუძვლად მოსარჩელე იმაზე მიუთითებს, რომ ახალ მყიდველზე უძრავი ნივთის გადაცემით, მოპასუხემ, ნასყიდობის ხელშეკრულება ბრალეულად დაარღვია, რამაც მას შეუქმნა, გადახდილი ბეს ორმაგი თანხისა და ნასყიდობის საგანზე გაწეული გაუმჯობესების ღირებულების მოპასუხისათვის დაკისრების საფუძველი

20. სსკ-ის 421-ე მუხლის თანხმად, ბე მოთხოვნის უზრუნველყოფის ერთ-ერთი დამატებითი საშუალებაა, როელიც მხოლოდ ფულადი თანხა შეიძლება იყოს და რომლის მიზანიც სახელშეკრულებო ვალდებულების უზრუნველყოფაა. სსკ-ის 423.2 მუხლის თანახმად, თუ ვალდებულების შეუსრულებლობა გამოწვეულია ბეს მიმღების ბრალეული მოქმედებით, მან ბე უკან უნდა დააბრუნოს ორმაგად. ამასთან, ბეს მიმცემს შეუძლია მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.

21. განსახილველ შემთხვევაში, საქმეზე მნიშვნელოვანია შემდეგი გარემოების დადგენა: რომელმა მხარემ დაარღვია ხელშეკრულების პირობა, რის შემდეგაც არსებითი მნიშვნელობა ენიჭება იმის გარკვევას, თუ ვინ გასწია უძრავი ნივთის გაუმჯობესების ხარჯები.

21.1. დასმულ საკითხთან მიმართებით, საყურადღებოა, ნასყიდობის ხელშეკრულების მე-5 პუნქტი, რომელიც განსაზღვრავს, რომ გამყიდველს (მოპასუხე), მყიდველისათვის, (მოსარჩელე) ქონება, ნასყიდობის თანხის სრულად მიღებისთანავე უნდა გადაეცა. რაც შეეხება, ნასყიდობის თანხის სრულად გადახდის კუთხით მყიდველის ვალდებულებას, ხელშეკრულების 4.2 პუნქტის მიხედვით მხარეები შეთანხმდნენ, რომ 5 000 აშშ დოლარის გადახდა მოხდებოდა წინასწარ ბე-ს სახით, ხოლო დარჩენილი თანხის გადაცემა მოხდებოდა ფასადის მოწესრიგებიდან და ანტრესოლის გადატიხვრიდან 3 თვის ვადაში.

21.2. საქმეზე სადავო არაა, რომ უძრავი ნივთის ფასადი მოწესრიგებულია და ანტრესოლი გადატიხრულია. მხარეები იმაზე დავობენ, რომ სარემონტო სამუშაოები თავად შეასრულეს. რაკი სადავო ფართის ფასადის მოწესრიგების და ანტრესოლის გადატიხვრის ფაქტები სასამართლოს მიერ საქმეზე უდავოდაა დადგენილი, ეს გარემოება იმის მაუწყებელია, რომ ჩამოყალიბებულია მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის ნასყიდობის საფასურის სრულად გადახდის ვალდებულების წარმომშობი წინაპირობები (ხელშეკრულების 4.2 პუნქტი). ამასთან, როგორც ხელშეკრულების მე-5 პუნქტით განისაზღვრა, მხოლოდ მოსარჩელის მიერ ნასყიდობის თანხის სრულად გადახდის შემთხვევაში წარმოიქმნება მოპასუხის ვალდებულება, უძრავი ნივთის მოსარჩელისთვის გადაცემის თაობაზე.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად განსაზღვრა მოსარჩელის მტკიცების ტვირთში შემავალი გარემოება, კერძოდ, მას სასამართლოსათვის უნდა დაედასტურებინა, რომ შესაბამისი სამუშაოების დასრულებიდან სამ თვეში მოპასუხეს დაუკავშირდა და თანხის სრულად გადახდის სანაცვლოდ უძრავი ნივთის გადაფორმება შესთავაზა. ასეთი მტკიცებულება მოსარჩელეს სასამართლოსათვის ვერ წარუდგენია. უფრო მეტიც, სააპელაციო სასამართლოში საქმის ზეპირი განხილვისას, სასამართლოს დამაზუსტებელ შეკითხვაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა განმარტა, რომ მყიდველის მიერ თანხის სრულად გადახდის ინიცირების დამადასტურებელი მტკიცებულება მათ არ გააჩნდათ. ამავდროულად, სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დაადგინა, რომ 2014 წლის 7 ივლისს, მოსარჩელემ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართა და საკუთრების უფლების გარიგების საფუძველზე რეგისტრაცია მოითხოვა. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ მხარის მიერ წარმოდგენილ ხელშეკრულებაში თანხის სრულად გადახდის ვალდებულებაა მითითებული, რომლის შესრულების შესახებ მტკიცებულებაც მხარეს რეესტრისთვის არ წარუდგენია, რაც გახდა უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველი.

22. მცდარია კასატორის მიერ იმაზე მითითება, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლიობაში შეფასების შედეგად დასტურდებოდა, სარემონტო სამუშაოების მის მიერ შესრულების ფაქტი. ხსენებული პრეტენზიის უარსაყოფად პალატა განმარტავს შემდეგს:

სამოქალაქო სამართალწარმოება შეჯიბრებითობის პრინციპს ემყარება და მხარის პოზიციის წარმატება დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად უტყუარად შეძლებს იგი მტკიცების საგანში შემავალი გარემოებების დადასტურებას (სსსკ-ის მე-4 და 102-ე მუხლები). შესაბამისად, სასამართლოში წარმატების მომტანია არა მხოლოდ მოთხოვნის დამასაბუთებელ არგუმენტზე (არგუმენტებზე) მითითება, არამედ მისი ნამდვილობის სათანადო მტკიცებულებით (მტკიცებულებებით) დადასტურება. სხვაგვარად შეუძლებელიცაა, რადგან საქმის გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ სწორი დასკვნა სასამართლოს მიერ სწორედ მტკიცებულებების ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას შეიძლება დაეფუძნოს (სსსკ-ის 105.2 მუხლი)..

მოცემულ შემთხვევაში, კასატორს (მოსარჩელე) ასე არ უმოქმედია, მან შესაბამის მტკიცებულებაზე დაყრდნობით ვერ დაადასტურა, რომ სადავო ფართში რემონტი თვითონ განახორციელა. ამ მიზნის მიღწევაში მას ვერც სასამართლოში დაკითხული მოწმეების ჩვენებები დაეხმარა, ვერც 2014 წლის 12 აგვისტოს აუდიტორული დასკვნა და ვერც სასაქონლო ზედნადები. თითოეულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ, დასაბუთებულად უარყო ზემომითითებული მტკიცებულებების არარელევანტურობა, ხოლო ამ მოსაზრების გამაქარწყლებელი დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) კასატორს არ წარმოუდგენია.

23. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ საქმეზე სწორად დაადგინა, რომ ნასყიდობის ხელშეკრულების 4.2 პუნქტის წინაპირობები სრულად შესრულდა, კერძოდ, სადავო ფართის ფასადი მოწესრიგდა და ანტრესოლი გადაიტიხრა. ეს გარემოება იმაზე მიუთითებდა, რომ მოსარჩელის, როგორც მყიდველის მიმართ, სრულად ამოქმედდა აღნიშნული პუნქტით დადგენილი ვალდებულება - ბეს თანხასთან ერთად მოპასუხისათვის (გამყიდველი) გადაეხადა ნასყიდობის დარჩენილი საფასური, 70 000 აშშ დოლარი.

რაკი მოსარჩელემ ვერ დაადასტურა, რომ მან გამყიდველს ნასყიდობის დარჩენილი საფასურის გადახდა შესთავაზა, იკვეთება, რომ მან ნასყიდობის ხელშეკრულების პირობა დაარღვია. აღნიშნულის გამო, საფუძველს მოკლებულია მოსარჩელის მოთხოვნას, მის მიერ მოპასუხისათვის (გამყიდველი) გადახდილი ბეს ორმაგი თანხის დაბრუნების თაობაზე. ამასთან, იმ მოტივით, რომ მოსარჩელემ ვერც ნასყიდობის საგანზე მის მიერ გაწეული გაუმჯობესების ფაქტის მტკიცებას გაართვა თავი, წარუმატებელია სასარჩელო მოთხოვნის ის ნაწილიც, რომელიც მითითებული გაუმჯობესების ხარჯის მოპასუხისათვის დაკისრებას ისახავდა მიზნად.

24. კასატორის მითითებით, სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტი იმის თაობაზე, რომ შიდა გადატიხვრითი და ფასადის მოწესრიგების ვალდებულება მხოლოდ გამყიდველს აკისრია. აღნიშნულს პალატა ვერ გაიზიარებს და დასძენს, რომ საქმეზე წარმოდგენილი ნასყიდობის ხელშეკრულების შინაარსის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ ხელშეკრულება მყიდველს ხსენებული სამუშაოს ფინანსურად უზრუნველყოფის ვალდებულებას აკისრებდა და ამ უკანასკნელის მიერ მისი შესრულების ვალდებულებას არ ადგენდა. მოცემული მსჯელობის საპირწონე ვერ გახდება კასატორის მიერ მითითებული ხელშეკრულების 5.3 პუნქტი, რადგან მისი შინაარსიდანაც არ გამომდინარეობს, რომ შიდა გადატიხვრითი სამუშაოს ჩატარება, მყიდველის ვალდებულებაა. მასში მხოლოდ ის შემთხვევაა განხილული, თუკი მითითებული სამუშაო მყიდველის მიერ შესრულდება, რაც არ ადასტურებს მის შესრულებაზე ამ უკანასკნელის ვალდებულებას.

25. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან. როგორც ზემოთ განიმარტა, ანალოგიურ საკითხზე საკასაციო პალატის არაერთი განჩინება თუ გადაწყვეტილება არსებობს, რომლებთანაც წინამდებარე განჩინება შესაბამისობაშია.

26. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391.5 მუხლის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა.

27. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, კასატორმა ვერ გააქარწყლა გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

28. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. შესაბამისად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% – 1 743 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ე.ღ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. ე.ღ–ს (პ/ნ ......) დაუბრუნდეს ო.კ–ას (პ/ნ .....) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 2 490 ლარის (საგადასახადო დავალება # 0, გადახდის თარიღი - 24/01/2020) 70% - 1 743 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე

მირანდა ერემაძე

ლევან მიქაბერიძე