საქმე №ას-667-2021 9 დეკემბერი, 2021 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლაშა ქოჩიაშვილი,
რევაზ ნადარაია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „ს.მ–ა“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ს.კ.მ–ნი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 29.01.2021წ. განჩინება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი – პირგასამტეხლოს შემცირება, თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
შპს „ს.კ.მ–ნმა“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“ ან „მიმწოდებელი“) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ს.მ–ის“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“, „შემსყიდველი“ ან „კასატორი“) მიმართ პირგასამტეხლოს შემცირების და თანხის დაკისრების მოთხოვნით.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხემ მის მიერ წარდგენილი წერილობითი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძვლები:
3. ახალციხის რაიონული სასამართლოს 27.02.2020 წლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. 12.10.2016 წელს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №147-ბ/16 ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაკისრებული პირგასამტეხლო შემცირდა და განისაზღვრა 12 400.11 ლარით. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 31 000.08 ლარის გადახდა. გადაწყვეტილება ეფუძნება შემდეგს:
3.1. 12.10.2016 წელს მოსარჩელეს და მოპასუხეს შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება №147-ბ/16. შესყიდვის ობიექტს წარმოადგენდა ახალციხის მუნიციპალიტეტში, სოფელ ......... მექანიკური აწევის სარწყავი სისტემების სატუმბი სადგურის და სარწყავი ქსელის აღდგენა-რეაბილიტაციის სამუშაოები. ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა 1 295 250 ლარით. მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის გადაცილების შემთხვევაში პირგასამტეხლოს ოდენობა შეადგენდა ხელშეკრულების ღირებულების 0.07%-ს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. სამუშაოს შესრულების ვადა განისაზღვრა 210 კალენდარული დღით.
3.2. ხელშეკრულების შესრულების ვადა გაგრძელდა ორჯერ და შესრულების ბოლო თარიღად შეთანხმდა 30.09.2017 წელი.
3.3. 09.11.2017 წელს გაფორმებული შეთანხმებით ცვლილება შევიდა 12.10.2016 წლის ხელშეკრულებაში და ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა 1 276 197.66 ლარით.
3.4. მხარეებს შორის გაფორმდა შუალედური მიღება-ჩაბარების აქტები მიმწოდებლის მიერ სამუშაოს შესრულების, ხოლო შემსყიდველის მიერ მისი მიღების თაობაზე. კერძოდ: 28.12.2017 წლის აქტის შესაბამისად მიმწოდებელმა შეასრულა, ხოლო შემსყიდველმა მიიღო 15 037.30 ლარის სამუშაო, 31.01.2017 წლის აქტით - 87 396.87 ლარის, 13.03.2017 წლის აქტით - 54 490.59 ლარის, 31.03.2017 წლის აქტით - 202 202.82 ლარის, 15.05.2017 წლის აქტით - 311 347.82 ლარის, 31.05.2017 წლის აქტით – 115 429.35 ლარის, 30.06.2017 წლის აქტით - 172 856.85 ლარის, 31.07.2017 წლის აქტით - 153 985.70 ლარის, 31.08.2017 წლის აქტით – 54 174,11 ლარის, ხოლო 24.11.2017 წლის აქტით – 96 018.26 ლარის სამუშაო.
3.5. 30.11.2017 წელს შედგა დასრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის თანახმად, ხელშეკრულების პირობების შესრულება დასრულდა 17.11.2017 წელს. შესრულებული სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 1 232 939.66 ლარი.
3.6. ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების ვადა მიმწოდებელმა დაარღვია 01.10.2017 წელს. შესაბამისად, პირგასამტეხლო დაეკისრა 48 დღეზე.
3.7. მიმწოდებელს ვალდებულების დარღვევის გამო დაეკისრა პირგასამტეხლო - 43 400.19 ლარი.
3.8. შემსყიდველს მიმწოდებლისთვის არ აუნაზღაურებია შესრულებული სამუშაოს ღირებულება - 43 400.19 ლარი. მოპასუხის განმარტებით, დაკავებული თანხა ჩაითვალა პირგასამტეხლოს ანგარიშში.
3.9. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ) 416-ე, 417-ე, 418-ე მუხლებზე და განმარტა, რომ პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ ''პრეზუმირებული მინიმალური ზიანის'' ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ეკვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება. სსკ პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას იძლევა. პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული (სსკ-ის 420-ე მუხლი). ეს ის იშვიათი გამონაკლისია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს, თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. პირგასამტეხლოს გონივრულობის შეფასებისას გასათვალისწინებელია პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ..
3.10. მართალია მოსარჩელემ გადააცილა ხელშეკრულების შესრულების ვადას, მაგრამ ამით არსებითი ხასიათის ზიანი არ მიდგომია სახელმწიფო ან/და კერძო პირთა ინტერესებს. მოსარჩელის მიერ ვალდებულების შესრულების ფაქტი სადავოდ არ გაუხდია მოპასუხე მხარეს. მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების გათვალისწინებით, 12.10.2016 წლის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო 0.07% უნდა შემცირდეს და უნდა განისაზღვროს 0.02%-ით, რაც ვადაგადაცილებულ დღეთა (48 დღე) გათვალისწინებით შეადგენს 12400.11 ლარს. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მის მიერ დაკავებული 31 000.08 (43400.19-12400.11) ლარის გადახდა.
4. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 29.01.2021 წლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, მათ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნია, რომ არსებობდა პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირების და შესაბამისად, მოპასუხისთვის შესრულებული სამუშაოების ღირებულების გადაუხდელი ნაწილის დაკისრების საფუძველი.
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა:
6. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
8. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
9. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
10. სსკ-ის 629.1 მუხლის (ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური) ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური) საფუძველზე მოსარჩელეს მოპასუხის მიმართ გააჩნია შესრულებული სამუშაოს ღირებულების ანაზღაურების მოთხოვნის უფლება. თავის მხრივ, მოპასუხეს შეუძლია სსკ-ის 417-ე-418-ე მუხლების მიხედვით მოითხოვოს შეთანხმებული პირგასამტეხლო. სადავო არ არის, რომ, როგორც მიმწოდებლის, ასევე შემსყიდველის მოთხოვნების ვადა დამდგარია, არსებობს სსკ-ის 442.1 (ორ პირს შორის არსებული ურთიერთმოთხოვნა შეიძლება გაქვითვით შეწყდეს, თუ დამდგარია ამ მოთხოვნათა შესრულების ვადა) მუხლით გათვალისწინებული ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის საფუძველი. სადავოა მხოლოდ პირგასამტეხლოს ოდენობა.
11. კასატორის პრეტენზია ეფუძნება იმ გარემოებას, რომ სასამართლომ უსაფუძვლოდ შეამცირა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობა ხელშეკრულების ღირებულების 0.07 %-დან 0.02%-მდე და ჯამში განსაზღვრა 12 400.11 ლარით.
12. სსკ-ის 417-ე მუხლით, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. პირგასამტეხლო პირობით ვალდებულებას წარმოადგენს. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლების განხორციელება დამოკიდებულია გარკვეული პირობის დადგომაზე - მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევაზე (იხ: ირაკლი რობაქიძე, სახელშეკრულებო სამართალი /ზურაბ ძლიერიშვილი, გიორგი ცერცვაძე, ირაკლი რობაქიძე, გიორგი სვანაძე, ლაშა ცერცვაძე, ლევან ჯანაშია/ გამომცემლობა „მერიდიანი“, 2014წ., გვ. 590). პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს ერთ-ერთი ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (იხ: სუსგ №ას-1053-993-2015, 08.04.2016წ.; სუსგ №ას-1158-1104-2014, 06.05.2015წ.). აღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობას წარმოადგენს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევა.
13. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ პირგასამტეხლო, უპირველესად, კრედიტორის ინტერესების უზრუნველმყოფი საკანონმდებლო მექანიზმია, რომელიც კრედიტორის სახელშეკრულებო რისკებს ამცირებს, თუმცა იმისთვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული კრედიტორის მხრიდან ამ ინსტიტუტის ფარგლებში უფლების ბოროტად გამოყენება, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შესაფასებელი და ამავდროულად დასაცავი ღირებულებაა სახელშეკრულებო წონასწორობა/ბალანსი, ერთი მხრივ, პირგასამტეხლოს, როგორც სახელშეკრულებო თავისუფლების გამოხატულებას და, მეორე მხრივ, მოვალის დაცვას, როგორც ამ თავისუფლების ლეგიტიმურ შეზღუდვას შორის. ამდენად, პირგასამტეხლოს იურიდიული ძალა მხოლოდ მაშინ აქვს, თუ ის ამავდროულად უზრუნველყოფს მოვალის გონივრული ფარგლებით დაცვას (სუსგ №ას-1928-2018, 31.10.2019წ.).
14. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა (სუსგ №ას-1511-2018, 26.03.2019წ.; №ას-848-814-2016, 28.12.2016წ.).
15. სასამართლოს, სსკ-ის 420-ე მუხლის საფუძველზე, უფლება აქვს, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რაც შეფასებითი კატეგორიაა და, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული, მაგალითად, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან; პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა (სუსგ №ას-1511-2018, 26.03.2019წ.; სუსგ №ას-535-2021, 29.10.2021წ.).
16. პირგასამტეხლოს შემცირება არ გულისხმობს მის გაუქმებას. პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველია, ერთი მხრივ, ის რომ კრედიტორი პირგასამტეხლოს მიღებით არ გამდიდრდეს და მოვალეს არ დააწვეს მძიმე ტვირთად პირგასამტეხლოს გადახდა (შესაბამისად, პირგასამტეხლო არ იქცეს ერთგვარ სადამსჯელო ღონისძიებად), ხოლო მეორე მხრივ კი – პირგასამტეხლო იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, საპირწონე და გონივრული. აღნიშნულში მოიაზრება სახელშეკრულებო თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპის დაცვით პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირება (სუსგ №ას-186-2021, 25.03.2021წ.; სუსგ №ას-535-2021, 29.10.2021წ).
17. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სასამართლოს მსჯელობას პირგასამტეხლოს გონივრული ოდენობის თაობაზე და მიაჩნია, რომ ვალდებულების დარღვევის შინაარსის, ვადაგადაცილებული პერიოდის და ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებით გამოწვეული სამართლებრივი შედეგების გათვალისწინებით, სასამართლოს მიერ განსაზღვრული პირგასამტეხლოს ოდენობა ადეკვატური და გონივრულია. პირგასამტეხლოს გონივრულობის შეფასების მიზნებისათვის საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემობას, რომ ხელშეკრულების შესაბამისად პირგასამტეხლო დაანგარიშებულია ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან და მიუთითებს, რომ ვალდებულების ნაწილის შესრულების ვადის გადაცილებისთვის ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან დაანგარიშებული პირგასამტეხლოს სრულად დაკისრება ეწინააღმდეგება სამოქალაქო ბრუნვის უსაფრთხოებისა და კეთილსინდისიერების მინიმალურ სტანდარტს, რადგან აღნიშნული, როგორც კრედიტორის დარღვეული უფლებების და ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ერთგვარი სანქცია, თავის ნორმატიულ დანიშნულებას ვერ შეასრულებს. სასამართლომ მართებულად დააკმაყოფილა მოსარჩელის დისპოზიციური ნების შესაბამისად ჩამოყალიბებული სასარჩელო მოთხოვნა, შეამცირა შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო გონივრულ ოდენობამდე და, აღნიშნულის გათვალისწინებით, დააკისრა მოპასუხეს შესრულებული სამუშაოს ღირებულების ნაწილის ანაზღაურება.
18. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
19. კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
20. სსსკ-ის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა საკასაციო საჩივრისთვის შეადგენს დავის საგნის ღირებულების 5%-ს. ამავე კოდექსის 365-ე მუხლით, დავის საგნის ღირებულება ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს. მოცემულ საქმზე დავის საგნის ღირებულება შეადგენს 31 000.08 ლარს, შესაბამისად, საკასაციო საჩივარზე გადასახდელი სახელწიფო ბაჟის ოდენობა 1 550 ლარია. კასატორის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია 2 170 ლარი, შესაბამისად, მას უკან უნდა დაუბრუნდეს ზედმეტად გადახდილი 620 ლარი. ასევე, სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 1550 ლარის 70% – 1085 ლარი. ამდენად, საკატორს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟი ჯამში 1705 ლარის ოდენობით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „ს.მ–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
2. შპს „ს.მ–ას“ (ს/ნ: ......) უკან დაუბრუნდეს მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 2170 ლარიდან (საგადასახადო დავალება №9680, გადახდის თარიღი 13.04.2021წ.) ზედმეტად გადახდილი 620 ლარი, ასევე სახელმწიფო ბაჟის ანგარიშში გადახდილი 1550 ლარის 70% – 1085 ლარი, საერთო ჯამში – 1705 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ზამბახიძე
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
რევაზ ნადარაია