ას-843-2021
15 დეკემბერი, 2021 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
რევაზ ნადარაია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
თამარ ზამბახიძე, ლაშა ქოჩიაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – პ.ა–ნი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ნ.გ–ძე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 15 აპრილის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – უძრავი ქონების საჯარო რეესტრში რეგისტრაცია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ნ.გ–ძემ (შემდგომში მოსარჩელემ) სარჩელი აღძრა სასამართლოში პ.ა–ნის (შემდგომში მოპასუხის) მიმართ და მოითხოვა, მოპასუხისათვის უძრავი ქონების მდებარე: ქ. წყალტუბო, ..... საკუთრების უფლების მის სახელზე საჯარო რეესტრში რეგისტრაციის დავალდებულება.
სარჩელის საფუძვლები:
1.2. 2010 წლის 12 ნოემბერს მოსარჩელესა და ლ.ა–ს, როგორც ს.ხ–ის წარმომადგენელს შორის დაიდო საადვოკატო მომსახურების ხელშეკრულება N157. დავა ეხებოდა წლების განმავლობაში ს.ხ–ის მფლობელობაში არსებული ბინის პრივატიზებას. სასამართლო გადაწყვეტილებით ს.ხ–ის არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მეუღლის შვილი ცნეს ფართზე უფლებადაკარგულად, თუმცა ს.ხ–მა ვერ მოასწრო საბოლოო გადაწყვეტილების მიღება, ვინაიდან იგი 2011 წლის 18 აპრილს გარდაიცვალა.
1.3. ს.ხ–ის მემკვიდრეობა მიიღო შვილმა, ლ.ა–ის მეუღლემ შ.ა–მა და იგი სასამართლო დავაში ჩართულ იქნა ს.ხ–ის უფლებამონაცვლედ.
1.4. სასამართლო დავის პერიოდში, 2012 წლის 19 აპრილს, შ.ა–იც გარდაიცვალა და მისი მემკვიდრეობა მიიღო მოპასუხემ.
1.5. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლო დავა დასრულდა მოპასუხის სასარგებლოდ, მოსარჩელეს არ მიუღია მისი კუთვნილი საადვოკატო მომსახურების საფასური, რის გამოც მოსარჩელემ გამარტივებული წესით მიმართა აღსრულების ეროვნულ ბიუროს. სააღსრულებო ბიურომ გამარტივებული წარმოების წესით განიხილა მოსარჩელის განცხადება და მოპასუხეს დააკისრა 3 500 აშშ დოლარის შესაბამისი ექვივალენტი ლარისა და 100 ლარის ეროვნული ვალუტით გადახდა, რაც ვერ აღსრულდა, ვინაიდან, მოპასუხე თავს არიდებს სამკვიდრო ქონების საჯაროო რეესტრში რეგისტრაციას, რათა არ მოხდეს აღნიშნული ქონებით კრედიტორის მოთხოვნის დაკმაყოფილება.
მოპასუხის პოზიცია:
1.7. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ საადვოკატო მომსახურების ხელშეკრულება N157 გაფორმებულ იქნა ლ.ა–სა და მოსარჩელეს შორის და შესაბამისად მოპასუხე არ წარმოადგენს სათანადო მხარეს. გარდა ამისა მოსარჩელე საადვოკატო მომსახურების ითხოვს დავის საგნის ღირებულებაზე მეტ თანხას.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
1.8. წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლის 2019 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა: მოპასუხეს დაევალა უძრავი ქონების, მდებარე: ქ. წყალტუბო, ...... საკუთრების უფლების მის სახელზე საჯარო რეესტრში რეგისტრაცია.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
2.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 15 აპრილის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2.2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 01 თებერვლის გადაწყვეტილებით, დაკმაყოფილდა მოსარჩელის მოთხოვნა და ქ.დ–ნი ცნობილი იქნა ფართზე უფლება დაკარგულად - ქ. წყალტუბოში, ........ გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.
2.3. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებლის 2013 წლის 15 ნოემბრის N565 ბრძანებით, მოქალაქე პ.ა–ნს უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაეცა 2 ოთახიანი ბინა, მდებარე, მისამართზე: ქ. წყალტუბო, ......, ბინა N5 და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის მიერ გაიცა N659 საკუთრების უფლების დამადასტურებელი მოწმობა.
2.4. 2012 წლის 31 ოქტომბრის სამკვიდრო მოწმობით, პ.ა–ნმა სრულად მიიღო მამის, შ.ა–ის დანაშთი სამკვიდრო ქონება. მათ შორის ქონება მდებარე: ქ. წყალტუბო, ......
2.5. აღსრულების ეროვნულმა ბიურომ გამარტივებული წესით განიხილა მოსარჩელის განცხადება და 2018 წლის 7 მაისის №SP 180499185/420955 ბრძანებით, პ.ა–ნს დაეკისრა ნ.გ–ძის სასარგებლოდ 3500 აშშ დოლარის გადახდა. ბრძანება შესულია კანონიერ ძალაში.
2.6. სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელე ნ.გ–ძის იურიდიული დახმარების საფუძველზე, მოპასუხე გახდა უძრავი ნივთის მდებარე, ქ. წყალტუბო, ...... კანონიერი მოსარგებლე და მიიღო სამკვიდრო მოწმობა. კერძოდ, სასამართლო გადაწყვეტილებით ს.ხ–ის არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მეუღლის შვილი ცნეს ფართზე უფლება დაკარგულად. ს.ხ–ი 2011 წლის 18 აპრილს გარდაიცვალა და მისი მემკვიდრეობა მიიღო მისმა პირველი მეუღლისგან შეძენილმა შვილმა, ლ.ა–ის მეუღლემ შ.ა–მა. იგი სასამართლო დავაში ჩართული იქნა, როგორც ს.ხ–ის უფლებამონაცვლე. სასამართლო დავის პერიოდში, 2012 წლის 19 აპრილს, შ.ა–ი გარდაიცვალა და მისი მემკვიდრეობა მიიღო ლ.ა–ის შვილმა პ.ა–ნმა, რომელიც საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ცნო შ.ა–ის უფლებამონაცვლედ.
2.7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 01 თებერვლის გადაწყვეტილებით, დაკმაყოფილდა მოსარჩელის მოთხოვნა და ქ.დ–ნი ცნობილი იქნა ზემოაღნიშნულ ფართზე უფლება დაკარგულად, აღნიშნული გადაწყვეტილება გახდა საფუძველი წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებელს გამოეცა 2013 წლის 15 ნოემბრის ბრძანება N567, რომლითაც მოქალაქე პ.ა–ნს უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაეცა 2 ოთახიანი ბინა, მდებარე მისამართზე: ქ. წყალტუბო, .......
2.8. მოპასუხე პ.ა–ნი არის შ.ა–ის შვილი და შესაბამისად, პირველი რიგის მემკვიდრე. შ.ა–ი გარდაიცვალა 2012 წლის 19 აპრილს და შესაბამისად, გაიხსნა სამკვიდრო. დადგინდა, რომ 2012 წლის 31 ოქტომბრის სამკვიდრო მოწმობით, პ.ა–ნმა სრულად მიიღო მამის, შ.ა–ის დანაშთი სამკვიდრო ქონება. მათ შორის, ქონება მდებარე ქ.წყალტუბო, ....... იმავე სამკვიდრო მოწმობით დადგინდა, რომ შ.ა–ის მეუღლემ ლ.ა–მა და შვილმა დ.ა–მა უარი განაცხადეს შ.ა–ის დანაშთი სამკვიდრო ქონების მიღებაზე.
2.9. ასევე დადგინდა, რომ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ გამარტივებული წესით განიხილა მოსარჩელის განცხადება და 2018 წლის 7 მაისის №SP 180499185/420955 ბრძანებით, პ.ა–ნს დაეკისრა ნ.გ–ძის სასარგებლოდ 3500 აშშ დოლარის და 100 ლარის გადახდა. ბრძანება შესულია კანონიერ ძალაში.
2.10. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, დავის საგანს წარმოადგენდა მიღებული სამკვიდრო ქონების მოპასუხის სახელზე საკუთრების უფლებით აღრიცხვა. მოსარჩელის იურიდიული ინტერესი კი იყო კანონიერ ძალაში შესული აქტით დაკისრებული დავალიანების გადახდევინების მიზნით წარმოებული იძულებითი აღსრულების პროცესის შემაფერხებელი გარემოების - მოპასუხის მიერ კუთვნილ ქონებაზე უფლების რეგისტრაციისგან თავის შეკავების აღმოფხვრა სასარჩელო წარმოების გზით.
2.11. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2018 წლის 7 მაისის NSP 180499185/420955 ბრძანების იძულებითი აღსრულება ვერ განხორციელდა იმის გამო, რომ მოვალე პ.ა–ნის სახელზე უძრავ-მოძრავი ქონება მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრირებული არ იყო. დადგენილი იყო და მხარეთა შორის დავას არ იწვევდა ის გარემოება, რომ აღნიშნული ქონებას პ.ა–ნი ფლობდა როგორც მესაკუთრე, თუმცა უძრავი ქონების საჯარო რეესტრში თავის საკუთრებად აღრიცხვა არ განუხორციელებია. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ საჯარო რეესტრი ასრულებს სამოქალაქო ბრუნვის გარანტიის ფუნქციას და ემსახურება ბრუნვის მონაწილეთა ინტერესების დაცვას-უზრუნველყოფას. კონკრეტულ შემთხვევაში, მოპასუხე მითითებული უძრავი ქონების მესაკუთრეს წარმოადგენს, ვინაიდან უფლებამოსილი ორგანოს მიერ ქონებაზე გაცემულია საკუთრების უფლების მოწმობა, რაც ამ ქონებაზე საკუთრების მოპოვების კანონისმიერი საფუძველია. რაც შეეხება, მოპასუხის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საჯარო რეესტრში რეგისტრაციას, იგი ემსახურება კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების (ბრძანების) აღსრულების მიზანს. რეესტრში საკუთრების უფლების რეგისტრაცია „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე წარმოადგენს სავალდებულო პირობას, მოვალის ქონებაზე აღსრულების წარმოების მიზნებისათვის.
2.12. სააპელაციო პალატამ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობანი. ასევე ამავე კოდექსის 115-ე მუხლზე, რომლის მიხედვით, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას. პალატამ მიიჩნია, რომ მოპასუხე პ.ა–ნის მხრიდან საჯარო რეესტრში საკუთრების უფლების რეგისტრაციის განუხორცილებელობა განპირობებული იყო ფულადი ვალდებულების შესრულებისაგან თავის არიდების მიზნით. იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ მოპასუხე დაკისრებულ ვალდებულებას ასრულებდა, ან ამ ვალდებულების აღსასრულებლად უძრავი ქონების რეგისტრაციის საჭიროება არ არსებობდა, მოპასუხეს ეკისრებოდა, რაც მან სათანადოდ ვერ განახორციელა.
2.13. სააპელაციო პალატა მიუთითა, რომ ვერ გაიზიარებდა მოპასუხის შედავებას სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით, ვინაიდან მოპასუხეს პირველი ინსტანციის სასამართლოში წარმოდგენილ შესაგებელში ხანდაზმულობის საკითხი სადავოდ არ გაუხდია. მან არ გამოიყენა მინიჭებული საპროცესო უფლებამოსილება, რის გამოც სააპელაციო სასამართლო შეზღუდული იყო შეეფასებინა მოპასუხის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებული აღნიშნული გარემოება.
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 15 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
საკასაციო საჩივრის საფუძვლები:
3.1. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო პალატამ არასწორად დატოვა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში და არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მოსარჩელის მოთხოვნა იყო ხანდაზმული.
3.2. მხარის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ ასევე არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მოსარჩელე მას ედავება დედის ვალზე და ითხოვს ამ ვალის კასატორის ქონებით გასტუმრებას.
3.3. კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ უგულებელყო ის გარემოება, რომ მოსარჩელემ თაღლითურად მოაწერინა ხელი საადვოკატო მომსახურების ხელშეკრულებაზე მოპასუხის დედას ხელით მინაწერ ტექსტზე. შესაბამისად მოპასუხემ არ უნდა აგოს პასუხი მისი ქონებით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 28 სექტემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
5. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
6. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
7. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
8. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს ფაქტობრივ-სამართლებრივ მსჯელობას და მიუთითებს, საკასაციო სასამართლოს პრაქტიკაზე, რომლითაც ცალსახად დადგენილია, რომ „საჯარო რეესტრში ფიქსირდება ნებისმიერი უფლება, რაც არსებობს ამ ნივთის მიმართ და თუ სამართლებრივად არსებობს ესა თუ ის უფლება, მაგრამ იგი სხვადასხვა ვალდებულებისაგან თავის არიდების მიზნით არ ფიქსირდება რეესტრში, სასამართლოს შეუძლია დაავალდებულოს ასეთი მოქმედების შესრულების განხორციელება“ (იხ. სუსგ ას-1154-1299-08, 02.07.2009წ.). განსახილველ დავაში დადგენილია, რომ უძრავი ქონება კასატორმა ფაქტობრივი ფლობით მიიღო, რასაც თავად კასატორიც ადასტურებს. ამ ქონებაზე მესაკუთრედ მოვალის დარეგისტრირება მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების კანონიერ ინტერესს წარმოადგენს, რის გამოც კრედიტორის სასარჩელო მოთხოვნა სსსკ-ის 180-ე მუხლის თანახმად იურიდიულად გამართლებულია.
9. საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველი ვერ გახდება კასატორის პრეტენზია სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით, ვინაიდან მოპასუხეს, სასარჩელო მოთხოვნის უარყოფის მიზნით, პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენილ შესაგებელში და არც საქმის მომზადების ეტაპზე მოთხოვნის ხანდაზმულობაზე არ მიუთითებია, შესაბამისად, ზემდგომი ინსტანციის სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, იმსჯელოს იმ ფაქტობრივ გარემოებებზე, რაზეც მხარეს არ მიუთითებია შესაგებელში. სსსკ-ის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს მხარეთა მიერ მათი მოთხოვნების წარდგენის საკმაოდ მკაცრად გაწერილ პროცედურას. სსსკ-ის 219-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, მხარეები შეზღუდული არიან, ახსნა-განმარტების მოსმენისას წარადგინონ ახალი მტკიცებულებები ან მიუთითონ ახალ გარემოებებზე, რომელთა შესახებაც არ ყოფილა მითითებული სარჩელსა თუ შესაგებელში ან საქმის მომზადების სტადიაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მათ შესახებ თავის დროზე საპატიო მიზეზით არ იყო განცხადებული. შესაბამისად, საქმის საკასაციო სასამართლოში განხილვისას მხარე ახალ გარემოებაზე მითითების საპროცესო შესაძლებლობას მოკლებულია.
10. რაც შეეხება კასატორის პრეტენზიას იმის შესახებ, რომ მოსარჩელეს სურს მოპასუხის დედის ვალი გასტუმრებულ იქნეს მოპასუხის ქონებით, ასევე მითითებას, რომ მოსარჩელემ თაღლითურად მოაწერინა ხელი საადვოკატო მომსახურების ხელშეკრულებაზე ხელით მინაწერ ტექსტზე მოპასუხის დედას, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ 2010 წლის 12 ნოემბერს, ნ.გ–ძესა და ლ.ა–ს შორის გაფორმებული საადვოკატო მომსახურების ხელშეკრულებაში ლ.ა–ი წარმოადგენდა ს.ხ–ს და საბოლოოდ მიღებული გადაწყვეტილებაც სწორედ ს.ხ–ის ინტერესს შეეხებოდა. სადავო უძრავი ქონება აღნიშნული დავის ფარგლებში მიღებულ სამკვიდროს წარმოადგენს, შესაბამისად, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი არ არსებობდა. გარდა აღნიშნულისა, სარჩელის დაკმაყოფილების ერთ-ერთ ძირითად საფუძველს წარმოადგენს ის, რომ კანონიერ ძალაშია შესული აღსრულების ეროვნული ბიუროს 2018 წლის 7 მაისის №SP 180499185/420955 ბრძანება, მოპასუხისათვის თანხის 3500 აშშ დოლარისა და 100 ლარის დაკისრების შესახებ, ხოლო საკასაციო საჩივარში მითითება მოტყუების გზით საადვოკატო მომსახურების ხელმოწერაზე, ვერ გახდება მიმდინარე დავის მსჯელობის საგანი.
11. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
12. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.
13. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
14. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან, რომელთა ნაწილიც ასახულია წინამდებარე განჩინებაში.
15. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
16. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით ლ.ა–ის მიერ 2021 წლის 16 სექტემბერს №11594405689 საგადახდო დავალებით გადახდილი 150 ლარის 70% – 105 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. პ.ა–ნის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო.
2. პ.ა–ნს (.....) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ლ.ა–ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 150 ლარის (საგადახდო დავალება 11594405689, გადახდის თარიღი 16.09.2021) 70% – 105 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე რევაზ ნადარაია
მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე
ლაშა ქოჩიაშვილი