საქმე №ა-1718-შ-49-2022 11 აპრილი, 2022 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალტის
მოსამართლე
ლევან მიქაბერიძემ
ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე შპს რ.ა. ხ.ი.ა.ჯ–ას, შპს რ.დ–ის, შპს რ.ა.დ–ის, რ.კ.დ.ლ–ის, ღია სააქციო საზოგადოება რ.დ. და რ.ა.ხ–ას საინვესტიციო ორგანოს შუამდგომლობის წარმოებაში მიღების საკითხი კ. ბ.ა–ის, გ.მ–ძის, კ. ტ. პ–ის, კ. ბ. დ–ის, ჯ.გ.ე.რ–ის, კ. მ–ის მიმართ, თანხის დაკისრების თაობაზე სტოკჰოლმის სავაჭრო პალატის საარბიტრაჟო ინსტიტუტის 2022 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილების (საქმე №V 2018/021) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ
გ ა მ ო ვ ა რ კ ვ ი ე:
სტოკჰოლმის სავაჭრო პალატის საარბიტრაჟო ინსტიტუტის 2022 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილების (საქმე №V 2018/021) მიხედვით:
- კ. ბ.ა–სს და გ.მ–ძეს დაეკისრათ ცალ-ცალკე და სოლიდარულად 731 792.07 აშშ დოლარის გადახდა შპს რ.ა.დ–ისათვის;
- კ. ტ.პ–ს დაეკისრა 2 578 981.78 აშშ დოლარის გადახდა შპს რ.ა.დ–ისათვის. გ.მ–ძეს დაეკისრა (მეორადად და ალტერნატიულად) 2 578 981. 78 აშშ დოლარის გადახდა შპს რ.ა.დ–ისათვის, თუ კს ტ.პ–ისაგან თანხის ამოღება წარუმატებელი იქნება;
- გ.მ–ძეს დაეკისრა 7 310 845.25 აშშ დოლარის გადახდა შპს რ.დ–ისათვის. კ. ბ.დ–ს დაეკისრა 7 310 845.25 აშშ დოლარის გადახდა შპს ი.ე.პ–თვის. გ.მ–ძეს დაეკისრა (მეორადად და ალტერნატიულად) 7 310 845.25 აშშ დოლარის გადახდა შპს ი.ე.პ–თვის, თუ კს ბ.დ–ისაგან თანხის ამოღება წარუმატებელი იქნება. გ.მ–ძისა და კს ბ.დ–ის ვალდებულებები დამოუკიდებელი და ალტერნატიულია. თანხა 7 310 845.25 აშშ დოლარი უნდა იქნეს გადახდილი ერთხელ, რომელიმე ერთი მხარის მიერ;
- გ.მ–ძეს დაეკისრა 204 489.41 აშშ დოლარის გადახდა შპს რ.დ–ისათვის, რაც წარმოადგენს დარჩენილ თანხას, როცა ამ სარჩელის დეპონირებული თანხა 495 755 აშშ დოლარი იქნება განთავსებული ამ საბოლოო გადაწყვეტილებით და გამოაკლდება დაკისრებულ 700 244.41 აშშ დოლარს.
- ჯ.გ.ე.რ–ს დაეკისრა 973 556.15 აშშ დოლარის გადახდა შპს რ.დ–ისათვის;
- კს ტ.პ–ს დაეკისრა 463 604.22 ევროს და 215 538.07 აშშ დოლარის გადახდა შპს რ.ა.ხ.ი.ა.ჯ–თვის. გ.მ–ძეს დაეკისრა (მეორადად და ალტერნატიულად) 463 604.22 ევროს და 215 538.07 აშშ დოლარის გადახდა შპს რ.ა.ხ.ი.ა.ჯ–თვის, თუ კ. ტ.პ–ისაგან თანხის ამოღება იქნება წარუმატებელი;
- გ.მ–ძეს დაეკისრა 4 606 130.33 ლარის გადახდა შპს რ.ა.ხ.ი.ა.ჯ–თვის;
- კ. მ–ის დაეკისრა 861 753.94 აშშ დოლარის გადახდა რ.კ.დ.ლ–თვის;
- უზრუნველყოფის გადაწყვეტილებამ შეწყვიტა მოქმედება წინამდებარე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებით.
საქართველოს უზენაეს სასამართლოს განცხადებით მომართა შპს რ.ა.ხ.ი.ა. ჯ–ას, შპს რ.დ–ის, შპს რ.ა.დ–ის, რ.კ.დ.ლ–ის, ღია სააქციო საზოგადოება რ.დ–ისა და რ. ა.ხ–ას საინვესტიციო ორგანოს წარმომადგენელმა - ა.გ–ძემ და მოითხოვა სტოკჰოლმის სავაჭრო პალატის საარბიტრაჟო ინსტიტუტის 2022 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილების (საქმე №V 2018/021) ცნობა-აღსრულება. მანვე მოითხოვა მოთხოვნის უზრუნველსაყოფად, მოვალეთა ქონებაზე ყადაღის დადება. განცხადებას თან ერთვის სათანადო წესით დამოწმებული საარბიტრაჟო შეთანხმება და საარბიტრაჟო გადაწყვეტილება.
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა არ აკმაყოფილებს კანონის მოთხოვნებს, შესაბამისად, არ არსებობს მისი განსახილველად მიღების წინაპირობები შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 35613 მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტისა და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ასევე, „არბიტრაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ფარგლებს გარეთ გამოტანილი საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების შესახებ საქმეს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.
,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ’’ საქართველოს კანონის 731 მუხლის მიხედვით, საქართველოს ფარგლებს გარეთ გამოტანილი საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება ხდება ,,არბიტრაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. ,,არბიტრაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, იმ ქვეყნის მიუხედავად, სადაც გამოტანილ იქნა საარბიტრაჟო გადაწყვეტილება, იგი შესასრულებლად სავალდებულოა და სასამართლოში წერილობითი შუამდგომლობის წარდგენის შემთხვევაში უნდა აღსრულდეს ამ მუხლისა და ამ კანონის 45-ე მუხლის დებულებათა გათვალისწინებით.
„უცხოეთის საარბიტრაჟო გადაწყვეტილებათა ცნობისა და აღსრულების“ 1958 წლის ნიუ-იორკის კონვენციის მე-3 მუხლის თანახმად, ყოველი ხელშემკვრელი სახელმწიფო საარბიტრაჟო გადაწყვეტილებებს ცნობს როგორც სავალდებულოს და აღასრულებს მათ იმ ტერიტორიის პროცესუალური ნორმებით, სადაც მოითხოვება ამ გადაწყვეტილებათა ცნობა და აღსრულება, ქვემოჩამოთვლილ მუხლებში ჩამოყალიბებული პირობებით. ამდენად, უნდა დადგინდეს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი სასასამართლოსათვის მიმართვის საპროცესო წესების დაცულობის საკითხი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად კი, საქართველოს საერთო სასამართლოები სამოქალაქო საქმეებს განიხილავენ ამ კოდექსით დადგენილი წესების მიხედვით. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მის წარმოებაში არსებულ სამოქალაქო საქმეებს განიხილავს სწორედ ეროვნული საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრული წესების შესაბამისად.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. ამავე კოდექსის 35620 მუხლის თანახმად, საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებაზე გადაწყვეტილება გამოიტანება დაინტერესებული მხარის მიერ შესაბამისი შუამდგომლობის აღძვრის შემდეგ.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ" ქვეპუნქტის თანახმად, სარჩელში (მოცემულ შემთხვევაში შუამდგომლობაში) უნდა აღინიშნოს, მოსარჩელის, მისი წარმომადგენლის (თუ სარჩელი შეაქვს წარმომადგენელს), მოპასუხის, მოწმის, სხდომაზე მოსაწვევი სხვა პირის სახელი, გვარი (სახელწოდება), ძირითადი მისამართი (ფაქტობრივი ადგილსამყოფელი), აგრეთვე არსებობის შემთხვევაში ალტერნატიული მისამართი, სამუშაო ადგილის მისამართი, ტელეფონის ნომერი, მათ შორის, მობილურის, ელექტრონული ფოსტის მისამართი, ფაქსი. სარჩელში შესაძლოა მოსარჩელემ ან მისმა წარმომადგენელმა ასევე მიუთითოს საკონტაქტო პირის მონაცემები. თუ სარჩელი შეაქვს იურიდიულ პირს, ინდივიდუალურ მეწარმეს ან წარმომადგენელს (გარდა კანონიერი წარმომადგენლისა), იგი ვალდებულია მიუთითოს ელექტრონული ფოსტის მისამართი და ტელეფონის ნომერი. ამავე მუხლის მე-2 და მე-5 ნაწილის თანახმად, სარჩელს ხელს აწერს მოსარჩელე ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენელი და მას (შუამდგომლობას) უნდა დაერთოს წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ სარჩელი (შუამდგომლობა) სასამართლოში შეაქვს წარმომადგენელს, ხოლო ამავე მუხილს 21 ნაწილის თანახმად, სარჩელს უნდა ერთვედეს სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (დედანი).
საქმის ზეპირი განხილვა არ მოხდება, თუ მხარეები ამას არ მოითხოვენ. მოპასუხეს შუამდგომლობის გადაცემისას უნდა განემარტოს, რომ მას აქვს აზრის გამოთქმის უფლება. მას აგრეთვე უნდა განემარტოს, რომ საქმის ზეპირი განხილვა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ის ამას მოითხოვს.
განსახილველი შემთხვევაში, შუამდგომლობაში არ არის მითითებული მოწინააღმდეგე მხარეთა მონაცემები - მისამართი, ტელეფონის ნომერი, და სხვა, რაც აუცილებელია მათთვის შუამდგომლობისა და თანდართული მასალების ჩაბარებისათვის, რათა პროცესის მონაწილე მხარეს განესაზღვროს ვადა შუამდგომლობაზე თავისი წერილობითი მოსაზრების წარმოსადგენად. ამასთან, არც თავად შუამდგომლობის ავტორთა მისამართებია მითითებული.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178-ე მუხლის 31 შესაბამისად, სასამართლოს უნდა წარედგინოს სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების იმდენი ასლი, რამდენიც მოპასუხეა. განსახილველ შემთხვევაში, შუამდგომლობა და თანდართული მასალები (რაც საკმაოდ მოცულობითია - 906 ფურცლად), წარმოდგენილია ერთ ეგზემპლარად. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ 2022 წლის 11 აპრილს დამატებით წარმოდგენილი იქნა შუამდგომლობა და თანდართული მასალები ელექტრონული ფორმით (CD დისკზე), რის გამოც წარმოდგენილი უნდა იქნეს იმდენი ეგზემპლიარი, რამდენიც მოწინააღმდეგე მხარეა.
გარდა ამისა, შუამდგომლობა ხელმოწერილია ა.გ–ძის მიერ, თუმცა, შუამდგომლობას არ ერთვის მისი წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 93-ე-98-ე მუხლებით განთვალისწინებული სათანადო და საკმარისი მტკიცებულებები. საკასაციო პალატა შენიშნავს, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დგინდება, რომ შპს რას ალ ხაიმა ინვესტმენტ აუტორიტი ჯორჯიას, შპს რ.დ–ის, შპს რ.ა.დ–ის, რაკიინ კონსტრაქშენ დეველოპმენტ ლიმიტედის, ღია სააქციო საზოგადოება რ.დ–ისა და რ.ა.ხ.ს.ორგანოს სახელით მინდობილობებზე ხელმომწერ პირთა უფლებამოსილება მითთებულ საწარმოთა სახელით გასცენ მინდობილობები.
ამასთან, ირკვევა, რომ შუამდგომლობას ერთვის სახელმწიფო ბაჟის სახით 50 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, მაშინ, როდესაც საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების შესახებ განცხადებაზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა 150 ლარია (სსსკ-ის 39.1 „ა2“ მუხლი). ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ შუამდგომლობის ავტორებს ერთი შუამდგომლობის ფარგლებში გაერთიანებული აქვთ რამდენიმე დამოუკიდებელი (ინდივიდუალური) შუამდგომლობა, კერძოდ, მოთხოვნები მიმართულია სხვადასხვა კრედიტორის მიერ სხვადასხვა მოვალის მიმართ, რომელთა საფუძველი ინდივიდუალური სამართალურთიერთობაა. შესაბამისად, ვინაიდან, თითოეული მოთხოვნის ცნობისა და აღსრულების წინაპირობები მოწმდება ინდივიდუალური მოთხოვნის ფარგლებში, სახელმწიფო ბაჟიც ინდივიდუალურად საცნობი მოთხოვნების მიხედვით უნდა განისაზღვროს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 86-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თითოეული მოსარჩელე ან მოპასუხე მეორე მხარის მიმართ პროცესში გამოდის დამოუკიდებლად. ეს ნიშნავს, რომ სასამართლომ შუამდგომლობის ფარგლებში საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების წინაპირობები თითეული კრედიტორის მოთხოვნასთან მიმართებით თითეული მოვალის წინააღმდეგ უნდა შეამოწმოს ინდივიდუალურად. შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟიც (150 ლარი) შუამდგომლობის ავტორებმა უნდა გადაიხადონ, თითოეული დამოუკიდებელი მოთხოვნის შესაბამისად.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 186-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოსამართლე შუამდგომლობის ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში არ მიიღებს სარჩელს (შუამდგომლობას), თუ იგი შეტანილია ამ კოდექსის 178-ე მუხლში (გარდა იმავე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ და „ი“ ქვეპუნქტებისა და მე-3 ნაწილისა, თუ მოსარჩელეს მითითებული აქვს მტკიცებულებათა წარუდგენლობის საპატიო მიზეზი) მითითებული პირობების დარღვევით. ამავე კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილისა და მე-2 ნაწილის პირველი წინადადების თანახმად კი, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ მოსამართლე გამოიტანს დასაბუთებულ განჩინებას. განჩინებაში უნდა მიეთითოს აგრეთვე, თუ როგორ უნდა იქნეს აცილებული საქმის აღძვრის დამაბრკოლებელი გარემოებანი. სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ მოსამართლის განჩინება ჩაბარდება მოსარჩელეს, რომელსაც იმავდროულად უბრუნდება მის მიერ შეტანილი დოკუმენტები.
ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა არ აკმაყოფილებს რა კანონის ფორმალურ მოთხოვნებს, მის ავტორს უარი უნდა ეთქვას შუამდგომლობის განსახილველად მიღებაზე. საკასაციო პალატა დამატებით განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 186-ე მუხლის მე-2 ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, თუკი მხარე გამოასწორებს ზემოთ მითითებულ დარღვევას, კერძოდ, წარმოადგენს სსსკ-ის 178-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით შედგენილ შუამდგომლობას, მას უფლება აქვს, საერთო წესით კვლავ მომართოს სასამართლოს.
ვინაიდან საკასაციო პალატა განსახილველად არ იღებს წარმოდგენილ შუამდგომლობას სტოკჰოლმის სავაჭრო პალატის საარბიტრაჟო ინსტიტუტის 2022 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიატორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ, სასამართლო საარბიტრაჟო გადაწყვეტილების უზრუნველყოფაზე არ მსჯელობს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 186-ე, 187-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს რ.ა.ხ. ი.ა.ჯ–ას, შპს რ.დ–ის, შპს რ.ა.დ–ის, რ.კ.დ.ლ–ის, ღია სააქციო საზოგადოება რ.დ–ისა და რ.ა.ხ.ს. ორგანოს უარი ეთქვას განცხადების (შუამდგომლობის) განსახილველად მიღებაზე.
2. განმცხადებლებს დაუბრუნდეთ მათ მიერ წარმოდგენილი დედანი დოკუმენტები.
3. განემარტოს მხარეს, რომ განჩინებაში მითითებული დარღვევის აღმოფხვრის შემთხვევაში ის არ კარგავს უფლებას, ამავე შუამდგომლობით კვლავ მომართოს სასამართლოს.
4. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: ლევან მიქაბერიძე