საქმე № ას-1039-2021 1 აპრილი, 2022 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატa მოსამართლე: მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე;
კასატორი - ვ.კ–ი (მოპასუხე);
მოწინააღმდეგე მხარე - მ.ჩ–ი, მ.ჩ–ი, რ.ჩ–ი, ჯ.ჩ–ი (მოსარჩელე);
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 1 ივლისის განჩინება;
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სააპელაციო საჩივრის სრულად დაკმაყოფილება;
დავის საგანი - სააღსრულებლო ფურცელში აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობის დადგენა;
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვება;
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 7 თებერვლის გადაწყვეტილებით მ.ჩ–ის, მ.ჩ–ის,რ.ჩ–ის და ჯ.ჩ–ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: ცვლილება შევიდა 2016 წლის 26 ივნისის ნოტარიუს ი.ხ–ნის 180751091 სააღსრულებლო ფურცელში სესხის ძირითადი თანხის ნაწილში და სესხის ძირითადი თანხის ოდენობა განისაზღვრა 10 575. მასვე მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა მოსარჩელის მიერ გადახდილი იურიდიული მომსახურების ხარჯის 537.6 ლარის ანაზღაურება.
2. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ვ.კ–მა და მოითხოვა არსებითად ახალი გადაწყვეტილებით მ.ჩ–ის, მ.ჩ–ის, რ.ჩ–ის და ჯ.ჩ–ის სარჩელი სააღსრულებლო ფურცელში აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობის დადგენის თაობაზე, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
3. თბილისი სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 01 ივლისის განჩინებით 1. სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; 2. უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 7 თებერვლის გადაწყვეტილება;
4. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე ვ.კ–ის წარმომადგენელმა შეიტანა საკასაციო საჩივარი.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 9 ოქტომბრის განჩინებით ვ.კ–ს დაევალა ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოადგინოს: 321.25აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი.
5. აღნიშნული განჩინება კასატორის წარმომადგენელს ჩაბარდა 2022 წლის 22 თებერვალს საკასაციო საჩივარში მითითებული ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, რაც დადასტურებულია სასამართლო გზავნილზე წარმომადგენლის შემხვედრი პასუხით (ს.ფ. 249).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
7. განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მასალებით დასტურდება, რომ ზემოხსენებული განჩინება კასატორის წარმომადგენელს ჩაბარდა 2022 წლის 22 თებერვალს საკასაციო საჩივარში მითითებული ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, რაც დადასტურებულია სასამართლო გზავნილზე წარმომადგენლის შემხვედრი პასუხით (ს.ფ. 249).
8. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში, სსსკ-ის მე-60 და 61-ე მუხლების მიხედვით, კასატორისათვის ხარვეზის შევსების 5 - დღიანი ვადის დენა დაიწყო 2022 წლის 22 თებერვალს და ამოიწურა ამავე წლის 28 თებერვალს (ორშაბათი). ამდენად, კასატორი ვალდებული იყო ხარვეზი 2022 წლის 28 თებერვლის ჩათვლით შეევსო.
9. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატას მიაჩნია, რომ კასატორმა დაარღვია ხარვეზის შესავსებად სასამართლოს მიერ განსაზღვრული 5 დღიანი ვადა, რაც წარმოადგენს საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს.
10. სსსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
11. ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს მისთვის დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.
12. სსსკ-ის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. აღნიშნული ნორმით განსაზღვრულია საკასაციო პალატის უფლებამოსილება, იხელმძღვანელოს ქვემდგომ სასამართლოში დადგენილი სამართალწარმოების მარეგულირებელი იმ ნორმებით, რომლებიც არ ეწინააღმდეგება სსსკ-ის მე-9 კარით განსაზღვრული საკასაციო სამართალწარმოების თავისებურებებს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ვ.კ–ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლე : მირანდა ერემაძე