Facebook Twitter

ას-905-2021

12 იანვარი, 2022 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

რევაზ ნადარაია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

თამარ ზამბახიძე, ლაშა ქოჩიაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – შპს „ს.კ.უ–ა“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „G.“

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 24 ივნისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი _ პირგასამტეხლოს დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. შპს „G.” (შემდგომ – მოსარჩელემ) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ს.კ.უ–ის“ (შემდგომ – მოპასუხის) მიმართ და მოითხოვა, მოპასუხისათვის 2019 წლის 31 იანვარს გაფორმებული N3101/06 ხელშეკრულების 10.3 პუნქტით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს 2 025 ლარის დაკისრება და ჯარიმის სახით დაკავებული თანხიდან - 6 600 ლარიდან 6000 ლარის დაბრუნება.

სარჩელის საფუძვლები:

1.2. მოსარჩელის განმარტებით, მასა და მოპასუხეს შორის 2019 წლის 31 იანვარს გაფორმებული N3101/06 ხელშეკრულების საფუძველზე ხორციელდებოდა მოპასუხის მიერ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი სამხედრო ობიექტების სასადილოების ბოსტნეულით მომარაგება.

1.3. საქონლის მიწოდება უნდა განხორციელებულიყო ხელშეკრულების გაფორმებიდან 2019 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. ხელშეკრულების მე-7 პუნქტის თანახმად, მიმწოდებელთან ანგარიშსწორება ხორციელდებოდა ყოველი თვის 15 და 30 რიცხვებში (თებერვალი 15 და 28) ამ დროისათვის შემსყიდველი მიმწოდებელს გადაუხდიდა წინა ბუღალტრული ურთიერთობიდან შემდგომ ურთიერთობამდე მიწოდებული საქონლის ღირებულებას სრულად. ამავე ხელშეკრულების 10.2 პუნქტის თანახმად, ანგარიშსწორების ვადის დარღვევის შემთხვევაში მიმწოდებელი უფლებამოსილია დააკისროს შემსყიდველს პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ჩასარიცხი თანხის 0.2%

1.4. მოპასუხეს მიწოდებული საქონლის ღირებულება უნდა ჩაერიცხა 2019 წლის 30 დეკემბერს, თუმცა მოპასუხემ ვალდებულება შეასრულა 2020 წლის 10 იანვარს - 11 დღის დაგვიანებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ითხოვდა პირგასამტეხლოს სახით 2 025 ლარის დაკისრებას.

1.5. მოსარჩელის მითითებით, მოპასუხეს სრულად არ გადაუხდია მიწოდებული საქონლის ღირებულება. მოპასუხეს მოსარჩელისათვის დაკისრებული აქვს ჯარიმა 6 600 ლარის ოდენობით - ჯამში 33 ვადაგადაცილებულ დღეზე, დღეში 200 ლარის ოდენობით. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ ჯარიმის ოდენობა არის შეუსაბამოდ მაღალი და არასამართლიანი და უნდა შემცირდეს 600 ლარამდე.

მოპასუხის პოზიცია:

1.6. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მოპასუხის მხრიდან, ნამდვილად განხორციელდა ანგარიშსწორება 2020 წლის 10 იანვარს, თუმცა აღნიშნული განაპირობა 2020 წლის 10 იანვარს მხარეთა შორის გაფორმებულმა მიღება-ჩაბარების აქტმა N3101/06-22. ხელშეკრულების თანახმად, მოპასუხე ვალდებული იყო მიწოდებული პროდუქციის ღირებულება გადაეხადა მიღება - ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 5 დღის ვადაში, რაც შესრულდა კიდეც. შესაბამისად მოსარჩელის მოთხოვნა ამ ნაწილში უსაფუძვლოა.

1.7. მოპასუხის მითითებით, მის მიერ მართლაც განხორციელდა მოსარჩელისათვის 92 074,86 ლარის ჩარიცხვა ნაცვლად 98 674,86 ლარისა. თუმცა გასათვალისწინებელია, რომ 6 600 ლარს ოდენობით ჯარიმის დაქვითვა გამოიწვია მოსარჩელის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობამ. შესაბამისად ჯარიმის დაქვითვა განხორციელდა მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულების შესაბამისად.

1.8. მოპასუხე მიიჩნევდა, რომ მნიშვნელოვანია გათვალისწინებულ იქნას მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის სპეციფიკა და ხასიათი, ვინაიდან იგი ახორციელებს ქართული ჯარის კვებას. შესაბამისად, წინასწარ არის შეთანხმებული ყოველი დღის რაციონი, რომლის ცვლილებაც იწვევს გამოუსწორებელ ზიანს, როგორც მოპასუხისთვის ასევე სამხედრო ქვედანაყოფებისთვის.

1.9. მოსარჩელე ვალდებული იყო მოპასუხისათვის მიეწოდებინა ზუსტი რაოდენობისა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული სპეციფიკის მქონე პროდუქტი. სწორედ ამით იყო განპირობებული ხელშეკრულებაში მსგავსი პირგასამტეხლოს მითითება. ხელშეკრულების დარღვევას მოსარჩელის მხრიდან ჰქონდა სისტემური ხასიათი. შესაბამისად, მოპასუხის აზრით, აღნიშნული მოთხოვნაც იყო უსაფუძვლო და არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.

1.10. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილებით, მოსარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა დაკავებული ჯარიმის ნაწილის - 3 300 ლარის გადახდა. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

2.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 24 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2.2. 2019 წლის 31 იანვარს შპს „ს.კ.უ–სა“ და შპს „G.-ს“ შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N3101/06 ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი სამხედრო ობიექტების სასადილოების ბოსტნეულით მომარაგება ხორციელდებოდა.

2.3. მხარეები ანგარიშსწორების უნაღდო წესზე შეთანხმდნენ. ხელშეკრულების 7.2 მუხლში მითითებულია, რომ ყოველი თვის 15 და 30 რიცხვებში (თებერვლის თვეში 15 და 28) „შემსყიდველი“ გადაუხდის წინა (ბუღალტრული ურთიერთშედარებიდან შემდგომ ურთიერთშედარებამდე) პერიოდში მიწოდებული საქონლის ღირებულებას სრულად, აღნიშნულ თარიღებამდე 5 დღით ადრე მხარეთა შორის ურთიერთშედარების აქტის გაფორმების შემთხვევაში და მოცემულ აქტში მითითებული დავალიანების შესაბამისად.

2.4. ხელშეკრულების 10.2. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადების დარღვევის შემთხვევაში, თუ ვადის გადაცილება შეეხებოდა საქონლის მიუწოდებლობას, შემსყიდველი უფლებამოსილი იყო მიმწოდებლისათვის დაეკისრებინა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ვადაგადაცილებით მიწოდებული საქონლის 0.2%-ის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ დღეში 200 ლარისა. ამასთან, ხელშეკრულების 10.3 პუნქტი ადგენდა მიმწოდებლის უფლებას, დაეკისრებინა შემსყიდველს პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე მიმწოდებლისათვის ჩასარიცხი თანხის 0.2%-ის ოდენობით.

2.5. მხარეთა მიერ ხელმოწერილი, 2020 წლის 10 იანვრის მიღება-ჩაბარების აქტით დასტურდება, რომ 2019 წლის 31 იანვარს გაფორმებული N301/06 ხელშეკრულების საფუძველზე, 2019 წლის 11 დეკემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით მიწოდებული საქონლის ღირებულებამ შეადგინა 98 674.86 ლარი.

2.6. მოპასუხის მიერ მოსარჩელისათვის, 2019 წლის 11 დეკემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით საქონლის მიწოდებისთვის ჩარიცხული თანხის ოდენობამ შეადგინა 92 074.86 ლარი.

2.7. მოპასუხისათვის მოსარჩელის მიერ 2019 წლის 28 მაისის მდგომარეობით პროდუქციის მიწოდება ჯამში 25 დღის ვადაგადაცილებით, ხოლო 2019 წლის 11 სექტემბრის მდგომარეობით კი ჯამში 8 დღის გადაცილებით მოხდა, მთლიანობაში მოსარჩელის მიერ ზემოაღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში, პროდუქციის მიწოდება 33 დღის გადაცილებით განხორციელდა.

2.8. მოსარჩელის მითითებით, მოპასუხის მიერ 2019 წლის 31 იანვარს, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით დადგენილი წესების დაცვით განხორციელდა 2019 წლის 11-31 დეკემბერს მიწოდებული პროდუქციის ღირებულების ანაზღაურება.

2.9. სასამართლომ მხარეთა შორის სადავოს ქცეული გარემოების გამოკვლევის შედეგად დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხის მიერ არ დარღვეულა ანგარიშწორების ვადები. კერძოდ, მხარეთა შორის 2019 წლის 31 იანვარს გაფორმებული ხელშეკრულების 7.2 პუნქტში ნათლად არის მითითებული, რომ ანგარიშსწორება მხარეთა შორის უნდა განხორციელებულიყო ყოველი თვის 15 და 30 რიცხვებში (გარდა თებერვლის თვისა). ამასთან, ანგარიშსწორების წინაპირობას წარმოადგენდა მხარეთა შორის მიწოდებულ პროდუქციასთან დაკავშირებით შედგენილი მიღება-ჩაბარების აქტი. ამავე ხელშეკრულების 6.8. პუნქტის თანახმად, საქონლის მიღება წარმოებდა მიღება-ჩაბარების აქტის სახით. მიღება-ჩაბარების აქტის უნდა გაფორმებულიყო წერილობითი ფორმით, მხარეთა უფლებამოსილი წარმომადგენლების ხელმოწერით. ხელშეკრულების მითითებული დებულებებით დგინდება, რომ პროდუქციის მიღება ხორციელდებოდა მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე და სწორედ ამ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში ხორციელდებოდა ანგარიშსწორება. მხარეთა შორის სადავოს არ გამხდარა ის ფაქტი, რომ მიღება-ჩაბარების აქტი გაფორმდა 2020 წლის 10 იანვარს. ანგარიშსწორებაც მოპასუხის მიერ იმავე დღეს განხორციელდა. შესაბამისად, სასამართლომ მიაჩნია, რომ მოპასუხის მხრიდან არ დარღვეულა ხელშეკრულებით შეთანხმებული პირობა.

2.10. სააპელაციო პალატამ მიუთითა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ - სსკ-ის) 418-ე მუხლზე, რომლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. სააპელაციო პალატამ აღნიშნულ მუხლთან მიმართებით მიუთითა სსკ-ის 420-ე მუხლზე და განმარტა, რომ სამოქალაქო პროცესში მოქმედი შეჯიბრებითობის პრინციპისგან ერთ-ერთ გამონაკლისს, სწორედ მხარეთა მიერ შეთანხმებული პირგამსატეხლოს ოდენობის სასამართლოს ინიციატივით შემცირება წარმოადგენს. პირგასამტეხლო მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას წარმოადგენს, რომლის მიხედვითაც, მოვალე ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას იხდის. პირგასამტეხლოს არსებობისთვის აუცილებელია მხარეთა შორის წერილობითი შეთანხმება და მისი ფულადი თანხით გამოხატვა, რომელიც იდენტიფიცირებადი უნდა იყოს. აღნიშნული წინაპირობებიდან ორივე, განსახილველ შემთხვევაში სახეზეა. პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების, გამოყენების წინაპირობაა ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა. პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ „პრეზუმირებული მინიმალური ზიანის“ ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რაღა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ექვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება.

2.11. მოცემულ შემთხვევაში, ვალდებულების დარღვევის ფაქტი, წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით, სადავოდ არ ყოფილა გამხდარი. სასამართლოს მიერ შეფასების საგანს მხოლოდ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირება წარმოადგენდა. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ პირგასამტეხლოს გამოყენების ერთ-ერთი წინაპირობა - ვალდებულების დარღვევა - სახეზე იყო.

2.12. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობა, როგორც სახელშეკრულებო ურთიერთობაში ჩარევა, გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. შესაძლებელია „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლოს შემცირება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ. პირგასამტეხლოს „აშკარა შეუსაბამობის“ თაობაზე მტკიცებულებებს წარადგენს პირი, რომელიც მის შემცირებას ითხოვს. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი, რაც პირგასამტეხლოს პრაქტიკული შეფასების მიზნებს ემსახურება მდგომარეობს იმაში, რომ პირგასამტეხლოს შემცირებაზე უფლებამოსილი სუბიექტი - სასამართლო, პირგასამტეხლოს მართლზომიერებისა და ლეგიტიმურობის შეფასებას მხოლოდ მხარეთა მიერ შეჯიბრებითობის ფარგლებში პირგასამტეხლოს შემცირების მოთხოვნისა და შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის პირობებში იწყებს. პირგასამტეხლოს შემცირებაზე სასამართლო მსჯელობს მხარის მოთხოვნის შესაბამისად, მხარისვე მიერ მითითებულ ფარგლებში და მხოლოდ ამგვარი წინაპირობის არსებობისას. სააპელაციო პალატამ ასევე მიუთითა, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის განსასაზღვრად ყურადღება უნდა მიექცეს შემდეგ გარემოებებს: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებითი ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები: ბ) დარღვევის სიმძიმესა და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, რომელიც მოიცავს ზიანის ანაზღაურებას. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობაც გასათვალისწინებელია.

2.13. სააპელაციო სასამართლომ გამარტა, რომ კანონმდებლობით პირგასამტეხლო მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწეული შეთანხმებაა, იგი არ წარმოადგენს მხარეთა აბსოლუტურ უფლებას და კვალიფიციური შედავების პირობებში, სასამართლო უფლებამოსილია შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლოს თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით. სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის კანონისმიერ საფუძველს წარმოადგენს სასამართლოსათვის დაკისრებული ერთგვარი საჯარო წესრიგის უზრუნველმყოფელი ვალდებულება და რაც მთავარია, ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინება, სახელდობრ, ის სუბიექტური და ობიექტური ფაქტორები, როგორიცაა: მხარეთა ქონებრივი მდგომარეობა, ვალდებულების დარღვევის ხარისხი, კრედიტორის მოლოდინი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ და ა.შ. სააპელაციო პალატამ ასევე მიუთითა, საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკაზე, მეწარმე სუბიექტებისათვის პირგასამტეხლოს შემცირების გონივულობაზე მსჯელობის შესახებ და მიიჩნია, რომ შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს შემცირება ასევე მართებულია მეწარმე სუბიექტებისთვისაც.

2.14. განსახილველ შემთხვევაში, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის სპეციფიკიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნა, რომ მხარის მიერ ვალდებულების დარღვევა მაღალი პირგასამტეხლოს დარიცხვას არ იმსახურებდა, რადგან ამგვარი შესრულება თავისი არსით, დაგვიანების შემთხვევაშიც კი, არსებითი ზიანის მომტანი ვერ იქნებოდა. უდავო იყო, შპს „ს.კ.უ–ისათვის“ შპს „G.-ს“ მიერ 2019 წლის 28 მაისის მდგომარეობით პროდუქციის მიწოდება ჯამში 25 დღის გადაცილებით, ხოლო 2019 წლის 11 სექტემბრის მდგომარეობით კი, ჯამში 8 დღის გადაცილებით მოხდა. მთლიანობაში შპს „G.-ს“ მიერ 2019 წლის 31 იანვარს გაფორმებული N3101/06 ხელშეკრულების ფარგლებში პროდუქციის მიწოდება 33 დღის გადაცილებით განხორციელდა. ხელშეკრულებით გათვალისწინებული მისაწოდებელი პროდუქციიდან კიტრის მიწოდების ფასი შეადგენდა 0,50 თეთრს, სტაფილოსი - 0,70 თეთრს, ნიგვზის - 13 ლარს და ამ პროდუქტის 6 დღის დაგვიანებისთვს დაკისრებული ჯარიმა 100013 ლარს შეადგენდა, მაშინ როცა მისაწოდებელი პროდუქციის ღირებულება 100 ლარს არ აღემატებოდა.

2.15. სააპელაციო პალატამ მხედველობაში მიიღო წინამდებარე განჩინებაში მოყვანილი პირგასამტეხლოს დაკისრების მიზნები და დანიშნულება, გაითვალისწინა ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესრულების ღირებულება, ვალდებულების შეუსრულების დაგვიანების მცირე ვადა, ასევე გაითვალისწინა, რომ ძირითადი ვალდებულება შესრულებულია და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო პრეტენზიას, პირგასამტეხლოს შემცირების მიზანშეუწონლობის თაობაზე, სამართლებრივად ვარგისი საფუძველი არ გააჩნდა.

2.16. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ წინამდებარე დავა სტანდარტულ სასესხო ვალდებულებით გამოწვეული პირგასამტეხლოს დაკისრების შემთხვევისგან განსხვავებულია და ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების ფარგლებში დადებულ გარიგებას წარმოადგენს, პალატა ყურადღება მიაპყრობ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 2016 წლის 29 ივნისის რეკომენდაციაზე პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრის თაობაზე (სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 2016 წლის 29 ივნისის რეკომენდაცია პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრის თაობაზე http://www.procurement.gov.ge/News/recomendaciapirgasamtexlo.aspx). სადაც მითითებულია, რომ ცალკეულ შემთხვევებში, შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ სატენდერო დოკუმენტაციით ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის გარდა, მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება - პირგასამტეხლოა გათვალისწინებული, რომელიც მიმწოდებელს ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულებისთვის ან ვალდებულების შეუსრულებლობისთვის ეკისრება. სააგენტოს მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა რიგ შემთხვევებში არაპროპორციულად მაღალია. ვინაიდან ხელშეკრულების შესრულების გარანტია მოთხოვნის უზრუნველყოფის ერთ-ერთ საშუალებას წარმოადგენს, შემსყიდველმა ორგანიზაციებმა პროპორციულობის (თანაზომიერების) პრინციპი უნდა დაიცვან და სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებაში მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება, როგორიცაა პირგასამტეხლო, გაითვალისწინონ იმ შემთხვევებში, როდესაც ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება ობიექტურ რისკებთან არის დაკავშირებული. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ ასევე მიუთითა, რომ არაპროპორციულად მაღალი პირგასამტეხლოს ოდენობა, ცალკეულ შემთხვევებში, იწვევს სამართლიან უკმაყოფილებას მიმწოდებლების მხრიდან, რასაც, ხშირ შემთხვევაში, იზიარებს სასამართლო, კერძოდ, საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ არაპროპორციულად მაღალი პირგასამტეხლო გონივრულ ოდენობამდე მცირდება და აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მყარი სასამართლო პრაქტიკაა ჩამოყალიბებული. შედეგად, პირგასამტეხლოს ფუნქციის, ეროვნული და საერთაშორისო პრაქტიკის გამოკვლევის შედეგად, სააგენტომ რეკომენდაციის სახით მიუთითა, რომ შემსყიდველმა ორგანიზაციებმა ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობისათვის შესაძლებელია განსაზღვრონ პირგასამტეხლო ხელშეკრულების საერთო ღირებულების არაუმეტეს 20%-ის ოდენობით; ხელშეკრულების პირობების არაჯეროვანი შესრულებისათვის (მათ შორის, ვალდებულების შესრულების ვადაგადაცილების დროს) შემსყიდველმა ორგანიზაციებმა შესაძლებელია განსაზღვრონ პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შესასრულებელი ვალდებულების შესაბამისი ღირებულების არაუმეტეს 0.02%-ის ოდენობით; ხელშეკრულების ნაწილობრივ შესრულების შემთხვევაში, შემსყიდველმა ორგანიზაციებმა შესაძლებელია განსაზღვრონ პირგასამტეხლო შესასრულებელი (დარჩენილი) ვალდებულების შესაბამისი ღირებულების არაუმეტეს 10%-ის ოდენობით.

2.17. სააგენტოს რეკომენდაციასთან მიმართებით სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ დოკუმენტით განსაზღვრულია პირგასამტეხლოს მაქსიმალური ზღვრული ოდენობები, რაც სავალდებულო ხასიათის არაა, შესაბამისად, დოკუმენტში მითითებული ოდენობა, არ უნდა იქნეს განხილული, როგორც სტანდარტული პირგასამტეხლოს ოდენობა და მისი გამოთვლა, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ხელშეკრულების სპეციფიკიდან გამომდინარე უნდა მოხდეს. საქმეში წარმოდგენილი ხელშეკრულებით უდავოდ დასტურდებოდა, რომ შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ აღნიშნული რეკომენდაცია გათვალისწინებული არ იყო და იგი ვადაგადაცილებით მიწოდებული საქონლის 0,2%-ის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ დღეში 200 (ორასი) ლარის ოდენობითაა შეთანხმებული. შესაბამისად დაუსაბუთებელად მიიჩნია აპელანტის მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, რომ სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებაში მითითებული პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება გარკვეულწილად ცვლის ტენდერის პირობებს და სხვა პირებს შეუსაბამო მდგომარეობაში აყენებს, ვინაიდან სასამართლოს მიერ ამგვარი პირგასამტეხლოს შემცირება, სწორედ სატენდერო პირობების ხსენებული რეკომენდაციის ფარგლებში მოქცევას, ბიზნესის ოპერირების ხელშეწყობასა და იმ კანონიერი მიზნების მიღწევას ემსახურება.

კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

3. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლით:

3.1. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო პალატამ არასწორად დატოვა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში და შესაბამისად სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისგან.

3.2. მხარის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა სსკ 420-ე მუხლი. კერძოდ, პირგასამტეხლოს შემცირების კანონისმიერი შესაძლებლობა ემსახურება სახელშეკრულებო ურთიერთობებში იმ სუსტი მხარის ინტერესების დაცვას, რომელიც ხელშეკრულებაზე ხელმოწერისას ვერ აცნობიერებდა პირგასამტეხლოს შინაარსსა და მის თანმდევ სამართლებრივ თუ ეკონომიკურ შედეგებს. შესაბამისად, მნიშვნელოვანია იმ გარემოების გათვალისწინება, თუ რამდენად აცნობიერებდა მითითებულ პირობას მხარე ხელშეკრულებაზე ხელის მოწერისას. თუ მხარე წარმოდგენილია ადვოკატით ან სამეწარმეო ურთიერთობებში გამოცდილი სუბიექტია, ივარაუდება, რომ შეთანხმებული პირგასამტეხლო, თუნდაც შეუსაბამოდ მაღალი, შეესაბამება მხარეთა ნამდვილ ნებას და შემცირებას არ ექვემდებარება. კასატორი მიუთითებს, რომ ხელშეკრულების საერთო საორიენტაციო ღირებულება შეადგენს 1 793 489 ლარს, შესაბამისად 6 600 ლარის ოდენობით პირგასამტეხლოს დაკისრება იმ პირობებში, როდესაც ხელშეკრულების ღირებულება ორ მილიონ ლარს აღწევს, არ უნდა იქნას მიჩნეული აღნიშნული „შეუსაბამოდ მაღალ“ ოდენობად.

3.3. კასატორის განმარტებით, მხედველობაში უნდა იქნას მიღებული დარღვევის ხარისხი. მოცემულ შემთხვევაში აშკარაა, რომ მოსარჩელის მიერ ადგილი ჰქონდა ხელშეკრულებით მასზე დაკისრებული ვალდებულების მაღალი ხარისხით დარღვევას, მან ჯამში 33 დღის დაგვიანებით განახორციელა პროდუქციის მიწოდება. ასევე გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ დარღვევები გამოვლინდა სხვადასხვა ობიექტზე, შესაბამისად საფრთხის ქვეშ აღმოჩნდა არა კონკრეტულად ერთი ბატალიონი, არამედ მთელი სამხედრო შეიარაღებული ძალები. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ 2019 წლის 28 მაისის წერილით, მოსარჩელეს დაეკისრა 5000 ლარის ოდენობით პირგადამტეხლო და მან ისევ განაგრძო ვალდებულების დარღვევა. 2019 წლის 11 სექტემბრის წერილით მას კვლავ დაეკისრა პირგასამტეხლო 1 600 ლარის ოდენობით. ეს ყველაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ ვალდებულების დარღვევას ჰქონდა განგრძობითი ხასიათი.

3.4. მოპასუხის განმარტებით, ასევე გაუგებარია რატომ გაიზიარა სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის მჯელობა და რატომ დაითვლა თითოეული პროდუქტის ცალკეული ფასი და რატომ დაუკავშირა ის 1 კილოგრამი პროდუქტის მიუწოდებლობით მიყენებულ ზიანს - დაკისრებული ჯარიმის პროპორციულობას. ცხადია, რომ საქმე ეხებოდა რამდენიმე ასეული კილოგრამი სხვადასხვა პროდუქციის დაგვიანებით მიწოდებას სხვადასხვა ბატალიონზე.

3.5. მოპასუხის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა მისი ინტერესი და უზენასი სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი პრაქტიკის საწინააღმდეგოდ, კვალიფიციური შედავების არარსებობის პირობებში დატოვა ძალაში პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 13 ოქტომბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

5. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

6. საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

7. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

8. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია, სააპელაციო სასამართლოს მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების მართლზომიერება მოსარჩელისთვის დაკისრებული პირგასამტეხლოს შემცირების თაობაზე.

9. საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებაში არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). შესაბამისად, ეს ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის.

10. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს, ანუ პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს იძულებითი ხასიათის სანქცია ეკისრება. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (იხ. სუსგ №ას-428-428-2018, 13 ივლისი, 2018 წელი).

11. რაც შეეხება პირგასამტეხლოს ოდენობას, მისი განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ)დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება“ (იხ. სუსგ # ას-816-767-2015, 19.11.2015წ.).

12. სსკ-ის 420-ე მუხლის მიხედვით, პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. მართალია, პირგასამტეხლოს განსაზღვრა მხარეთა უფლებაა და აღნიშნული კუთხით მოქმედებს სახელშეკრულებო ურთიერთობებში დამკვიდრებული მხარეთა ნების ავტონომიის პრინციპი, თუმცა, აღნიშნული მუხლი შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, მხარის მოთხოვნის საფუძველზე იმსჯელოს და შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო მხარეთა მიერ გამოვლენილი ნების მიუხედავად.

13. საკასაციო სასამართლო კასატორის ყურადღებას მიაქცევს პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების წინაპირობაზე. საკასაციო სასამართლომ არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ „პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ „პრეზუმირებული მინიმალური ზიანის“ ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რაღა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ეკვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება“ (შეად.სუსგ N ას-1597-2019, 13.12.2019 წ.).

14. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს შემცირება არ გულისხმობს მის გაუქმებას. პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველია, ერთი მხრივ, ის, რომ კრედიტორი პირგასამტეხლოს მიღებით არ გამდიდრდეს და მოვალეს არ დააწვეს მძიმე ტვირთად პირგასამტეხლოს გადახდა, (შესაბამისად, პირგასამტეხლო არ იქცეს ერთგვარ სადამსჯელო ღონისძიებად), ხოლო მეორე მხრივ კი, – პირგასამტეხლო იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, საპირწონე და გონივრული. აღნიშნულში მოიაზრება სახელშეკრულებო თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპის დაცვით პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირება. აღსანიშნავია, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა სასამართლოს მიერ, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გარემოებათა ყოველმხრივი შეფასების შედეგად დგინდება და რაიმე განსხვავებული სტანდარტი, რომელიც განაზოგადებს პირგასამტეხლოს მათემატიკურ მაჩვენებელს სასამართლო პრაქტიკით არ არის დადგენილი. სასამართლომ უნდა დაიცვას ის სამართლიანი ბალანსი, რომელიც სამოქალაქო-სამართლებრივი ვალდებულების დარღვევას მოჰყვა. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის პრეტენზიას პირგასამტეხლოს შემცირების მიზანშეუწონლობის ნაწილში არ გააჩნია სამართლებრივად ვარგისი საფუძველი, შესაბამისად, ქვემდგომმა ინსტანციის სასამართლომ მართებულად იმსჯელა პირგასამტეხლოს შემცირებაზე სსკ-ის 420-ე მუხლით - სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო - მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში.

15. რაც შეეხება კასატორის მითითებას, დარღვევის ხარისხთან დაკავშირებით და მის პრეტენზიას, პროდუქტის მიუწოდებლობით მიყენებულ ზიანსა და დაკისრებული ჯარიმის პროპორციულობაზე, ასევე იმაზე, რომ მოსარჩელე მეწარმე სუბიექტია, რომელიც თავისუფალი ნების გამოვლენის საფუძველზე ხელშეკრულებაზე ხელმოწერით პირგასამტეხლოს ოდენობას დაეთანხმა და თუნდაც იყოს შეუსაბამოდ მაღალი, სასამართლოს არ უნდა შეემცირებინა მისი ოდენობა, საკასაციო სასამართლო, როგორც უკვე აღინიშნა, ითვალისწინებს საქმის კონკრეტულ გარემოებებს, დარღვევის სამძიმესა და მოცულობას, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობას, და მიიჩნევს, რომ საქალაქო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა პირგასამტეხლოს ოდენობა. კასატორის იურიდიული ინტერესი ისაა, რომ არ მოხდეს პირგასამტეხლოს შემცირება. ამ სამართლებრივი შედეგის მიღწევა მაშინ იქნებოდა შესაძლებელი, თუკი მოპასუხე (კასატორი) დაამტკიცებდა, რომ მის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა არსებითად შესაბამისია ვალდებულების დარღვევის ხარისხთან და ამით გამოწვეულ ზიანთან მიმართებით. მოცემულ შემთხვევაში ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, ადგილი ჰქონდა ვალდებულების შესრულების ჯამში 33 დღით ვადაგადაცილებას, ხოლო პირგასამტეხლოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ოდენობა შეადგენდა თითოეულ ვადაგადაცილებულ დღეზე 200 ლარს. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებითა და მხარეთა განმარტებით დგინდება, რომ მოპასუხე მხარეს (კასატორს) ვალდებულების ვადაში შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ წარმოუდგენია და არც მიუთითებია მათზე (2020 წლის 8 ოქტომბრის სხდომის ოქმი, 11.59.21). საკასაციო პალატის შეფასებით, მოსარჩელისათვის 6600 ლარის ოდენობით პირგასამტეხლოს დაწესება ასევე არაგონივრულია იმ თვალსაზრისით, რომ მოსარჩელემ, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ძირითადი ნაწილი ვადაში შეასრულა, კერძოდ მისაწოდებელი პროდუქციის ძირითადი ნაწილი ვადაში მიაწოდა მოპასუხეს. საკასაციო პალატა კვლავ მიუთითებს სსკ-ის 420-ე მუხლზე, რომლის საფუძველზე, სასამართლოს უფლება აქვს, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რაც შეფასებითი კატეგორიაა და, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. საკასაციო სასამართლომ პირგასამტეხლოს თაობაზე არაერთ საქმეზე განმარტა, რომ კანონმდებლობით პირგასამტეხლო მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწეული შეთანხმებაა, თუმცა იგი მხარეთა აბსოლუტურ უფლებას არ წარმოადგენს და კვალიფიციური შედავების პირობებში, სასამართლო უფლებამოსილია, შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლოს თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით. სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის კანონისმიერ საფუძველს სასამართლოსათვის დაკისრებული ერთგვარი საჯარო წესრიგის უზრუნველმყოფელი ვალდებულება წარმოადგენს (იხ. სუსგ-ები N ას-1292-2019, 24.12.2020წ.; N ას-386-2019, 02.04.2021წ.).

16. კასატორის მითითებით, მოსარჩელეს კვალიფიციური შედავება პირგასამტეხლოს შემცირებაზე არ განუხორციელებია, შესაბამისად, პირგასამტეხლოს ოდენობა არ უნდა შემცირებულიყო. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ კვალიფიციური შედავების გარეშე შეუძლებელია დადგინდეს რამდენად არაგონივრული, შეუსაბამოა პირგასამტეხლოს ოდენობა სახელშეკრულებო ინტერესის ხელყოფის მასშტაბთან. საკასაციო სასამართლომ არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ „საპროცესო კანონმდებლობით დადგენილია მოპასუხის მიერ კონკრეტული (კვალიფიციური) შესაგებლის წარდგენის ვალდებულება, კერძოდ, სსსკ-ის 201-ე მუხლის მე-4 ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, დგინდება, რომ მოპასუხე უნდა შეედავოს მოსარჩელის გამართულ, დასაბუთებულ მოთხოვნას ანუ დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები (და არა მისი სამართლებრივი შეხედულებები) დამტკიცებულად ითვლება“ (იხ. სუსგ საქმე №ას-201-2019, 8 მაისი, 2019 წელი). მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, რადგან მოსარჩელის მიერ წარდგენილ სარჩელში, მთელ რიგ გარემოებებზე დაყრდნობით მითითებულ იქნა შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოსა და მისი შემცირების შესახებ, შედავება კვალიფიციურად უნდა იქნეს მიჩნეული.

17. სადავო საკითხის სწორად შესაფასებლად, კიდევ ერთი გარემოებაა საყურადღებო. კასატორი მიუთითებს ხელშეკრულების საერთო საორიენტაციო ღირებულებაზე (1 793 489 ლარი) და მიიჩნევს, რომ მითითებული ღირებულების ხელშეკრულების პირობებში პირგასამტეხლო 6600 ლარი არ არის შეუსაბამოდ მაღალი. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული ერთგვაროვანი პრაქტიკა, კერძოდ, არაერთ განჩინებასა და გადაწყვეტილებაში განმარტებულია შემდეგი: ვალდებულების ნაწილის შესრულების ვადის გადაცილებისთვის პირგასამტეხლოს ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან დაანგარიშება ეწინააღმდეგება სამოქალაქო ბრუნვის უსაფრთხოებისა და კეთილსინდისიერების მინიმალურ სტანდარტს, რადგან პირგასამტეხლოს ასეთი ოდენობით დაკისრება, როგორც კრედიტორის დარღვეული უფლებების და ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ერთგვარი სანქცია, თავის ნორმატიულ დანიშნულებას ვერ შეასრულებს. პირგასამტეხლო უნდა დაანგარიშდეს არა ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან, არამედ მხარის მიერ ფაქტობრივად შეუსრულებელი ან არაჯეროვნად შესრულებული ვალდებულების ღირებულებიდან (იხ. სუსგ: Nას-971-2019, 28.10.2019; Nას-581-2019, 31.07.2019; Nას-164-160-2016, 28.07.2016).

18. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

19. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.

20. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

21. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.

22. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

23. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „ს.კ.უ–ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო.

2. შპს „ს.კ.უ–ს“ (......) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის (საგადახდო დავალება 1, გადახდის თარიღი 01.10.2021) 70% – 210 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე რევაზ ნადარაია

მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე

ლაშა ქოჩიაშვილი