Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3გ-ად-12-გ-02 21 ივნისი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),

ნ. სხირტლაძე,

მ. ვაჩაძე

საქმის ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა ტ. ბ-შვილის სააპელაციო საჩივრის განსჯადობის საკითხი.

აღწერილობითი ნაწილი:

ი. დ-შვილმა სასარჩელო განცხადებით მიმართა ყვარლის რაიონულ სასამართლოს. მოსარჩელემ მიუთითა, რომ 1987 წელს ყვარლის ყოფილი მევენახეობის საბჭოთა მეურნეობის დირექტორთან შეთანხმებით და მისი ნებართვით, ამორტიზებულ ქათმის ფერმის შენობას საკუთარი სახსრებით გაუკეთა კაპიტალური რემონტი, ხოლო შემდეგ საქათმის გაფართოების მიზნით, შენობას მიაშენა ფერმა, რაზეც შედგენილია სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია, კაპიტალური რემონტისა და მიშენების გეგმა-ნახაზი. მოსარჩელემ განმარტა, რომ მის მიერ გარემონტებული და მიშენებული შენობა არ იმყოფებოდა არც ყვარლის ყოფილი საბჭოთა მეურნეობის და არც სოფ. ... კოლმეურნეობის ბალანსზე, რადგან ყველასათვის ცნობილი იყო, რომ შენობა მის მიერ იყო აღდგენილი და მასზე საკუთრების უფლება მხოლოდ მას ეკუთვნოდა.

მოსარჩელემ მიუთითა, რომ ყვარლის რაიონის გამგეობის 28.02.95წ. ¹39 გადაწყვეტილებით შეიქმნა სახაზინო საწარმო «გ-ი», რომელშიც გაერთიანდა სოფ. ... ყოფილი კოლმეურნეობის ბაზაზე შექმნილი სოფლის მოსახლეობის კოოპერატიული საწარმოები. სადავო საქათმეც თავისი მიშენებით აღირიცხა სახაზინო საწარმო «გ-ის» სახელზე. მოსარჩელემ განმარტა, რომ 12.12.98წ. ფირმა «გ-მა» მოსარჩელის მიერ გარემონტებულ და აღდგენილი საქათმის ნაწილი ვალში მიჰყიდა ტ. ბ-შვილს, რითაც დარღვეულ იქნა მისი უფლებები.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა საქათმის შენობის და მასზე მიშენებული ფერმის მის საკუთრებად ცნობა ყვარლის რაიონის საპროექტო ბიუროს მიერ შედგენილი ხარჯთაღრიცხვის და აზომვის გეგმის მიხედვით. მოსარჩელემ ასევე მოითხოვა საქართველოს სამოქალაქო კოდექსისა და პრივატიზების შესახებ კანონის საფუძველზე, 12.12.98წ. აღმსრულებლის აქტის და ლაგოდეხის ბიუროს ყვარლის აღმასრულებელსა და მოპასუხე ტ. ბ-შვილს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა.

ყვარელის რაიონული სასამართლოს 14.08.01წ. გადაწყვეტილებით ი. დ-შვილის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოსარჩელე ცნობილი იქნა სადავო საქათმის შენობაზე მიშენებული ნაწილის მესაკუთრედ, ხოლო სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.

ტ. ბ-შვილმა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა სააპელაციო წესით, მოითხოვა მისი იმ ნაწილში გაუქმება, რომლითაც ი. დ-შვილი ცნობილი იქნა სადავო ქონების ნაწილის მესაკუთრედ და მას დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის გადახდა.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 07.03.02წ. სასამართლო სხდომის საოქმო დადგენილებით საქმე განსჯადობით განსახილველად გადაუგზავნა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციულ სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატას იმ საფუძვლით, რომ გასაჩივრებულია ადმინისტრაციული აქტი, რომლითაც 1998 წლის დეკემბერში მოხდა სადავო ნაგებობის რეალიზაცია.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციულ სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 04.04.02წ. განჩინებით ტ. ბ-შვილის სააპელაციო საჩივარი საქმესთან ერთად განსჯადობის საკითხის გადასაწყვეტად გადაუგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობით მივიდა დასკვნამდე, რომ ტ. ბ-შვილის სააპელაციო საჩივარი განსჯადობით განსახილველად უნდა გადაეგზავნოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის I მუხლის მეორე ნაწილის თანახმად თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის I ნაწილის თანახმად სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით.

ტ. ბ-შვილმა სააპელაციო წესით გაასაჩივრა ყვარლის რაიონული სასამართლოს 14.08.01წ. გადაწყვეტილების ის ნაწილი, რომლითაც ი. დ-შვილი ცნობილი იქნა სადავო «საქათმის» შენობაზე მიშენებული ნაწილის მესაკუთრედ და სახელმწიფო ბაჟის დაკისრების ნაწილში. ამდენად, უმართებულოა სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის მითითება იმაზე, რომ დავის საგანს წარმოადგენს ადმინისტრაციული აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან, სააპელაციო სასამართლო ვერ გასცდება თავის უფლებამოსილებას და დავის საგანს ვერ გახდის იმას, რაც სააპელაციო საჩივრით არ იქნა გასაჩივრებული. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ საქმე ტ. ბ-შვილის სააპელაციო საჩივრის გამო, არ გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან და განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი წესით, ვინაიდან მოცემული დავა კერძო-სამართლებრივი ურთიერთობიდან წარმოშობილ დავათა კატეგორიას განეკუთვნება.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის I მუხლის მეორე ნაწილით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქმე ტ. ბ-შვილის სააპელაციო საჩივართან დაკავშირებით არის თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის განსჯადი.

2 მოცემული საქმე განსახილველად გადაეგზავნოს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატას.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.