Facebook Twitter

31 იანვარი 2022 წელი

საქმე №ას-1017-2021 ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორები _ ნ.შ–ა, ჯ. ს–ძე, ა. ს–ძე, ვ. ს–ძე

მოწინააღმდეგე მხარე _ ნ.გ–ძე

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილება

კასატორების მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება

დავის საგანი _ ზიანის ანაზღაურება (ნ.გ–ძის სარჩელში) უძრავი ქონების გაუმჯობესებაზე გაწეული ხარჯის ანაზღაურება (ს. ს–ძის სარჩელში)

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ხაშურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ა. ს–ძის სარჩელი ნ.გ–ძის მიმართ 59800 ლარის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. ნ.გ–ძის შეგებებული სარჩელი ჯ., ა., ვ. ს–ძეებისა და ნ.შ–ას მიმართ 12800 ლარის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდა. გაუქმდა ხაშურის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 25 აგვისტოს განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება - ნ.გ–ძისათვის ქ. თბილისში, ......... (ს/კ .....) მდებარე #18 ბინის გასხვისების და იპოთეკით დატვირთვის აკრძალვის შესახებ.

2. ხაშურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 01 ნოემბრის გადაწყვეტილებით ს. ს–ძის სარჩელი ნ.ს–ძის მიმართ 59800 ლარის დაკისრების და ზიანის სახით 6488.30 ლარის დაკისრების შესახებ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მოპასუხე ნ.გ–ძეს ს. ს–ძის სასარგებლოდ დაეკისრა ქ.თბილისში, ......, ბინა #18-ის (ს/კ .......) შიდა რემონტისათვის და კორპუსში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარებული სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულების - 59800 ლარის გადახდა. უძრავი ქონების გაუმჯობესების დროულად გადაუხდელობის გამო მიყენებული მატერიალური ზიანის (6488.30 ლარის) ანაზღაურების მიზნით თანხის დაკისრების ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 16 მაისის განჩინებით ზემოაღნიშნული ორი საქმე გაერთიანდა ერთ წარმოებად.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილებით ნ.შ–ას, ჯ., ა. და ვ. ს–ძეების სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა ხაშურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში. ნ.გ–ძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გასაჩივრებულ ნაწილში ხაშურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის პირველი ნოემბრის გადაწყვეტილების შეცვლით სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. ს. ს–ძის (უფლებამონაცვლე ნ.შ–ა) სარჩელი უძრავი ქონების გაუმჯობესებაზე გაწეული ხარჯის 59800 ლარის ანაზღაურების შესახებ არ დაკმაყოფილდა.

5. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ნ.შ–ამ, ჯ., ანა და ვ. ს–ძეებმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 11 ოქტომბრის განჩინებით კასატორების წარმომადგენლის გ.ფ–ის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. ჯ., ანა, ვ. ს–ძეებს და ნ.შ–ას დაევალათ, ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 (ათი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში საკასაციო საჩივარი გასაჩივრების საფუძვლების (კასაციის მიზეზების) მითითებით და სახელმწიფო ბაჟის _ 640 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედნის წარმოდგენა, ხოლო ნ.შ–ას, ასევე დამატებით უნდა წარმოედგინა სახელმწიფო ბაჟის _ 2990 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი. აღნიშნული განჩინება კასატორების წარმომადგენელს 2021 წლის 27 ოქტომბერს ჩაბარდა.

7. 2021 წლის წლის 08 ნოემბერს (ფოსტაში გზავნილის ჩაბარების თარიღი _ 2021 წლის 05 ნოემბერი) საქართველოს უზენაეს სასამართლოში შემოვიდა დაზუსტებული საკასაციო საჩივარი, რომელშიც კასატორების წარმომადგენელი შუამდგომლობდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადებას იმ საფუძვლით, რომ ჯ. ს–ძე, ა. ს–ძე და ვ. ს–ძე იმყოფებიან საზღვარგარეთ და მათ შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე აღარ აქვთ სტაბილური სამსახური და შემოსავალი, ხოლო რაც შეეხება ნ.შ–ას, შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული ცნობით დასტურდება, რომ შემოსავლების სამსახურში არსებული მონაცემებით (2021 წლის 05 ნოემბრის მდგომარეობით) ი/მ ნ.შ–ას მიერ 01.01.2020 წლიდან 30.09.2021 წლის ჩათვლით მიღებული დასაბეგრი შემოსავლის შესახებ ინფორმაცია არ ფიქსირდება.

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 22 ნოემბრის განჩინებით კასატორების წარმომადგენლის გ.ფ–ის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე კვლავ არ დაკმაყოფილდა და კასატორებს გაუგრძელდათ ხარვეზის შესავსები საპროცესო ვადა 7 დღით ხარვეზის სრულად აღმოსაფხვრელად. აღნიშნული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი კასატორების წარმომადგენელს სატელეფონო შეტყობინებით ეცნობა 2021 წლის 01 დეკემბერს.

9. 2021 წლის 10 დეკემბერს (ფოსტით გამოგზავნის თარიღი 08 დეკემბერი) საქართველოს უზენაეს სასამართლოში შემოვიდა კასატორების წარმომადგენლების გ.ფ–ისა და ნ.გ–ის განცხადება, რომელსაც თან ერთვის ნ.შ–ას საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით _ 300 ლარის გადახდის ქვითარი, დარჩენილ ნაწილში კასატორების წარმომადგენლები კვლავ შუამდგომლობენ სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადებას იმ საფუძვლით, რომ მსოფლიოში კორონა ვირუსის ეპიდემიის გავრცელების გამო ადამიანების მატერიალური მდგომარეობა მნიშვნელოვნად არის გაუარესებული და ამჟამად მიმდინარეობს კასატორებისთვის სოციალურად დაუცველის სტატუსის მინიჭების პროცედურა, ხოლო ნ.შ–ა ნამდვილად შემოსავლის არმქონეა. ამასთან, მათ აღნიშნული შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შემთხვევაში, საპროცესო ვადის 10 დღით გაგრძელება იშუამდგომლეს.

10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 15 დეკემბრის განჩინებით კასატორების წარმომადგენლების გ.ფ–ისა და ნ.გ–ის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. მათი შუამდგომლობა საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და კასატორებს გაუგრძელდათ ხარვეზის შესავსები საპროცესო ვადა 5 დღით ხარვეზის სრულად აღმოსაფხვრელად. აღნიშნული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი კასატორების წარმომადგენელს სატელეფონო შეტყობინებით ეცნობა 2021 წლის 22 დეკემბერს.

11. 2021 წლის 29 დეკემბერს (ფოსტით გამოგზავნის თარიღი 27 დეკემბერი) საქართველოს უზენაეს სასამართლოში შემოვიდა კასატორების წარმომადგენლის გ.ფ–ის შუამდგომლობა ხარვეზის შესავსები საპროცესო ვადის 5 დღით გაგრძელების შესახებ იმ მიზეზით, რომ ნ.შ–ასთვის მიმდინარეობს სოციალურად დაუცველის სტატუსის მინიჭების პროცედურა, რის საფუძველზეც ის გათავისუფლდება სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 10 იანვრის განჩინებით კასატორების წარმომადგენლის გ.ფ–ის შუამდგომლობა საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ დაკმაყოფილდა. კასატორებს გაუგრძელდათ ხარვეზის შესავსები საპროცესო ვადა 5 დღით ხარვეზის სრულად აღმოსაფხვრელად. ამავე განჩინებით კასატორებს განემარტათ, რომ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი განუხილველად დარჩებოდა. აღნიშნული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი კასატორების წარმომადგენელს სატელეფონო შეტყობინებით ეცნობა 2022 წლის 14 იანვარს.

13. 2022 წლის 21 იანვარს (ფოსტით გამოგზავნის თარიღი 20 იანვარი) საქართველოს უზენაეს სასამართლოში შემოვიდა კასატორების წარმომადგენლის გ.ფ–ის განცხადება, რომლითაც მან კასატორებისთვის სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება იშუამდგომლა. ამასთან, მან განცხადებას დაურთო საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული დოკუმენტი, რომლითაც ირკვევა, რომ ვ. ს–ძის საკუთრების უფლება უძრავ ნივთებზე რეგისტრირებული არ არის და ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ ნ.შ–ა დარეგისტრირებულია ზემოაღნიშნულ ბაზაში და 2022 წლის 17 იანვრის მდგომარეობით, მისი მოქმედი სარეიტინგო ქულაა - 107530. 2022 წლის 21 იანვარს საქართველოს უზენაეს სასამართლოში შემოვიდა კასატორ ნ.შ–ას წარმომადგენლის ე.ქ–ას განცხადება, რომლითაც მან ნ.შ–ასათვის სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შუმდგომლობის დასაკმაყოფილებლად დამატებითი დოკუმენტები - მისი საცხოვრებლის ფოტოსურათები წარმოადგინა და აღნიშნა, რომ სოციალური დახმარების სააგენტომ სრულიად უკანონოდ მოუხსნა ოჯახს ფულადი დახმარება, რასაც არ ეთანხმებიან, ასაჩივრებენ და სოციალური დახმარების სამსახურისათვის ხელახლა მიმართვას გეგმავენ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო საკასაციო საჩივარს და საქმეში არსებულ მასალებს, მიაჩნია, რომ ჯ. ს–ძის, ანა ს–ძისა და ვ. ს–ძის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად ხოლო ნ.შ–ას საკასაციო საჩივარი მიღებულ უნდა იქნეს განსახილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

14. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

15. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 10 იანვრის განჩინებით კასატორების წარმომადგენლის გ.ფ–ის შუამდგომლობა საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ დაკმაყოფილდა. კასატორებს გაუგრძელდათ ხარვეზის შესავსები საპროცესო ვადა 5 დღით ხარვეზის სრულად აღმოსაფხვრელად. ამავე განჩინებით კასატორებს განემარტათ, რომ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი განუხილველად დარჩებოდა.

16. აღნიშნული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი კასატორების წარმომადგენელს - გ.ფ–ს (იხ. მინდობილობები, ტ.8, ს.ფ. 93-94, 109-117) საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით სატელეფონო შეტყობინებით ეცნობა 2022 წლის 14 იანვარს (იხ. სატელეფონო შეტყობინების აქტი).

17. საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებზე, რომლებიც განსაზღვრავს სასამართლო უწყების მხარისათვის ჩაბარების წესს. კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ხოლო ჩაბარების განსხვავებულ, გონივრულ წესზე მხარეთა შეთანხმების არსებობის შემთხვევაში − ამ შეთანხმებით გათვალისწინებული წესით.

18. 2022 წლის 21 იანვრის განცხადებაში კასატორების წარმომადგენელი ადასტურებს, რომ მისთვის ცნობილი იყო 2022 წლის 14 იანვრის განჩინების შინაარსი. აღნიშნულის საფუძველზე, წარმოადგენს განცხადებაში მითითებულ დოკუმენტებს (იხ. განჩინების მე-13 პუნქტი) და შუამდგომლობს კასატორებისთვის სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადებაზე.

19. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია ერთ ან ორივე მხარეს გადაუვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა ანდა შეამციროს მათი ოდენობა, თუ მხარე სასამართლოს უტყუარ მტკიცებულებებს წარუდგენს. ამდენად, სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესაძლებლობა არსებობს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მხარე წარმოდგენილი მტკიცებულებებით სასამართლოს შეუქმნის შინაგან რწმენას, რომ მხარეს ამ ეტაპზე არ შეუძლია სასამართლო ხარჯების გადახდა. ზემოაღნიშნული ნორმის შესაბამისად, სასამართლო მხარისათვის სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების საკითხის გადაწყვეტისას ხელმძღვანელობს მის მიერვე წარმოდგენილი მტკიცებულებებით. ამდენად, აღნიშნული გარემოების მტკიცების ტვირთი ეკისრება მხარეს, რომელიც ითხოვს სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადებას. აღნიშნული ნორმა უზრუნველყოფს როგორც სასამართლოს ხელმისაწვდომობას, ისე მართლმსაჯულების სამართლიან განხორციელებას. პირის უფლების შეზღუდვა დასაშვებია ამ უფლებასა და სახელმწიფო ინტერესებს შორის სამართლიანი ბალანსის შემთხვევაში. ამგვარი ბალანსი საქართველოს კანონმდებლობით დაცულია, კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით, ერთი მხრივ დაშვებულია კონკრეტული შეზღუდვა სამოქალაქო სამართლებრივი უფლებების სასამართლო წესით დაცვისას (სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება), ხოლო მეორე მხრივ, გათვალისწინებულია სამართლებრივი მექანიზმები ყველა კატეგორიის პირებისათვის სასამართლოსადმი მიმართვის უფლების უზრუნველსაყოფად (სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლება, მისი ოდენობის შემცირება ან გადახდის გადავადება). ყოველივე ზემოაღნიშნული კი დასაშვებია მხოლოდ ქონებრივი მდგომარეობის უტყუარად დადასტურების შემთხვევაში. კასატორებს არაერთხელ განემარტათ, რომ მათ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები ვერ მიიჩნეოდა საკმარის მტკიცებულებებად და სასამართლოს ვერ შეუქმნიდა მყარ შინაგან რწმენას კასატორების მძიმე ქონებრივ მდგომარეობასა და გადახდისუუნარობაზე, რაც გახდებოდა მათი შუამდგომლობის დაკმაყოფილების საფუძველი.

20. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორებმა ჯ. ს–ძემ, ანა ს–ძემ და ვ. ს–ძემ კანონის შესაბამისად, ვერ წარმოადგინეს საკმარისი მტკიცებულებები იმის თაობაზე, რომ სახელმწიფო ბაჟის გადახდის შესაძლებლობა ობიექტურად არ გააჩნიათ. კასატორების წარმომადგენელი ჯ., ა. და ვ. ს–ძეების ნაწილში მტკიცებულების გარეშე მიუთითებდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის შეუძლებლობას და აღნიშნავდა, რომ კასატორები იმყოფებიან საზღვარგარეთ და საყოველთაოდ ცნობილი პანდემიის გამო სტაბილური სამსახური და შემოსავალი არ აქვთ.

21. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ კასატორთა წარმომადგენლის მიერ მითითებული ის გარემოება, რომ ერთ-ერთ კასატორს _ ვ. ს–ძეს უძრავი ქონება არ გააჩნია საკუთრებაში, არ ქმნის სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების საფუძველს.

22. საკასაციო პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით დაცულია სამართლიანი სასამართლოს უფლება. ის განამტკიცებს კანონის უზენაესობის პრინციპს, რომელსაც ემყარება დემოკრატიული საზოგადოება და სასამართლოების უზენაესი როლი, განახორციელონ მართლმსაჯულება. კონვენციის მე-6 მუხლი უზრუნველყოფს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან უფლებას - უფლებას სასამართლოს ხელმისაწვდომობაზე. ამასთან, აღსანიშნავია, რომ სამართალწარმოების განხორციელების დროს სახელმწიფო ბაჟთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ შეიმუშავა ზოგადი ხასიათის სახელმძღვანელო პრინციპები და განმარტა შემდეგი: „უფლება სასამართლოზე“ არ არის აბსოლუტური უფლება, იგი შეიძლება სახელმწიფოს მიერ შეიზღუდოს.

23. საკასაციო სასამართლო ზემოაღნიშნულ პრინციპებზე დაყრდნობით განმარტავს, რომ სასამართლო ხელმისაწვდომობაზე ბაჟის სახით გონივრული შეზღუდვის დაწესება სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლებაა, რა დროსაც, დაცული უნდა იყოს ბალანსი კერძო და საჯარო ინტერესს შორის. კერძო ინტერესის დაცვას ემსახურება ქართულ კანონმდებლობაში სახელმწიფო ბაჟთან დაკავშირებით დაწესებული ზედა ზღვარი, ასევე საკანონმდებლო დონეზე რეგლამენტირებული უფლება, რომ სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების, მისი გადახდისაგან გათავისუფლების ან ბაჟის ოდენობის შემცირების საკითხი გადაწყდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ინდივიდუალური საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, რა დროსაც, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული მხარის ქონებრივი მდგომარეობა, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რასაც მხარე თავად წარმოადგენს. ამდენად, მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოს მხრიდან დაწესებულია სასამართლო ხელმისაწვდომობის შეზღუდვის გარკვეული სტანდარტი, კანონმდებლობა შეზღუდვიდან გამონაკლისს უშვებს, ხოლო გამონაკლისით სარგებლობის უფლება მხარის განსაკუთრებული უფლებაა, რომლის გამოყენება მას მის მიერვე წარმოდგენილ მტკიცებულებებზე დაყრდნობით შეუძლია.

24. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ყოველი უფლება, მათ შორის, საპროცესო სამართლებრივი, გამოყენებული უნდა იქნეს მართლზომიერად და კეთილსინდისიერად, რაც იმას ნიშნავს, რომ კანონით გათვალისწინებული უფლების გამოყენებით არ უნდა დაირღვეს მეორე მხარის უფლება. მართალია, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ითვალისწინებს სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გაგრძელებას, მაგრამ აღნიშნული ნორმა არ მოიაზრებს საპროცესო ვადის დაუსრულებლად გაგრძელებას. იმ პირობებში, როდესაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-6 ნაწილით საკასაციო სამართალწარმოების ვადა 6 თვითაა განსაზღვრული, ხოლო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი, კასატორების შუამდგომლობების საფუძველზე, 3 თვეზე მეტხანს გრძელდება, მოწინააღმდეგე მხარის ინტერესების შეზღუდვა დაუსაბუთებელია და არღვევს მხარეთა თანასწორობის სამართლიან ბალანსს.

25. ვინაიდან, საქმეში არსებული მასალებით დასტურდება განჩინების შინაარსის მხარისათვის 2022 წლის 14 იანვარს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით ჩაბარება, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ხარვეზის შესავსებად სასამართლოს განჩინებით განსაზღვრული 5 დღიანი ვადის დენა დაიწყო მოვლენის დადგომის მომდევნო დღეს - 2022 წლის 15 იანვარს და ამოიწურა 2022 წლის 20 იანვარს (ვადის უკანასკნელი დღე - 19 იანვარი დაემთხვა უქმე დღეს). ამ დროის განმავლობაში კასატორებს _ ჯ. ს–ძეს, ანა ს–ძესა და ვ. ს–ძეს სასამართლოს მიერ საპროცესო ვადის არაერთხელ გაგრძელების მიუხედავად სრულყოფილად არ გამოუსწორებიათ ხარვეზი, მათ მიერ საკასაციო საჩივარზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის გადავადების საფუძველი არ არსებობს.

26. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.

27. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან კასატორებმა _ ჯ. ს–ძემ, ანა ს–ძემ და ვ. ს–ძემ სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არ შეავსეს დადგენილი ხარვეზი, მათი საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.

28. რაც შეეხება კასატორ ნ.შ–ას საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხს, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ კასატორი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში (სარეიტინგო ქულით - 107530 და არ იღებს საარსებო შემწეობას, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ვ" ქვეპუნქტიდან გამომდინარე არ ათავისუფლებს სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან), ასევე მას გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟის ნაწილი _ 300 ლარი, პალატას მიაჩნია, რომ არსებობს სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები. შესაბამისად, შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე დასაბუთებულია და უნდა დაკმაყოფილდეს. საკასაციო საჩივარზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს 3630 ლარს (640+2990=3630), კასატორს გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი _ 300 ლარი, შესაბამისად გადასახდელი სახელმწიფო ბაჟი შეადგენს 3330 ლარს (3630-300=3330), რომლის გადახდა უნდა გადაუვადდეს კასატორ ნ.შ–ას საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

29. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი კასატორ ნ.შ–ას ნაწილში აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც, საკასაციო საჩივარი წარმოებაში უნდა იქნას მიღებული ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

30. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, განსახილველად მიღების შემდეგ საკასაციო საჩივრისა და თანდართული მასალების ასლები უნდა გადაეგზავნოს მეორე მხარეს, რომელსაც საკასაციო სასამართლო დაუნიშნავს ვადას საჩივარზე წერილობითი პასუხის გასაცემად.

31. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ნ.გ–ძეს საკასაციო პასუხის წარმოდგენის ვადა უნდა განესაზღვროს 7 დღით.

32. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად, ამ კოდექსის 391-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნათა შესაბამისად, საკასაციო საჩივრის დასაშვებობას ამოწმებს სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობა. კოლეგია უფლებამოსილია აღნიშნული საკითხი ზეპირი განხილვის გარეშე გადაწყვიტოს. საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 3 თვის ვადაში, საკასაციო სასამართლომ უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ კოდექსის 391-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნათა შესაბამისად. თუ საკასაციო საჩივარი აკმაყოფილებს აღნიშნულ მოთხოვნებს, იგი დასაშვებად უნდა იქნეს ცნობილი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე, მე-400, 401-ე, 63-ე, 48-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით, და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ჯ. ს–ძის, ა. ს–ძისა და ვ. ს–ძის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.

2. ნ.შ–ას შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე დაკმაყოფილდეს.

3. ნ.შ–ას საკასაციო საჩივარი მიღებული იქნას წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

4. მოწინააღმდეგე მხარეს გაეგზავნოს საკასაციო საჩივრის ასლი და განემარტოს, რომ მას უფლება აქვს, მოცემული განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში წარმოადგინოს წერილობითი პასუხი.

5. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხს სამოქალაქო საქმეთა პალატა განიხილავს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილით დადგენილ ვადაში მხარეთა დასწრების გარეშე, რის თაობაზეც ეცნობოთ მხარეებს.

6. ნ.შ–ას გადაუვადდეს სახელმწიფო ბაჟის _ 3330 ლარის გადახდა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

7. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილი