23 თებერვალი 2022 წელი
საქმე №ას-1094-2021 ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
თამარ ზამბახიძე
რევაზ ნადარაია
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - შ.პ.ს. ,,ჩ.რ. ?-ე ბ.ჯ–ი“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - ლ.კ–ძე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 22 ივნისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ლ.კ–ძემ სარჩელით მიმართა ხაშურის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე შ.პ.ს. „ჩ.რ. ?-ე ბ.ჯ–ის“ მიმართ ზიანის - 38689 ლარის და 67 თეთრის ანაზღაურების მოთხოვნით.
2. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.
3. ხაშურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 28000 (ოცდარვაათასი) ლარის გადახდა. გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაეცა მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ 15000 ლარის გადახდის დაკისრების ნაწილში.
4. ხაშურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 22 ივნისის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, შემდეგ ფაქტობრივ-სამართლებრივ საფუძვლებზე მითითებით:
5.1. ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ..... მდებარე უძრავი ნივთი - 1211.00 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა, ს/კ #......, მოსარჩელის საკუთრებად ირიცხება.
5.2. მოსარჩელის კუთვნილი სახლი დაზიანებულია მოპასუხის მიერ განხორციელებული აფეთქებითი სამუშაოების შედეგად.
5.3. ს.ს.ი.პ. „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2018 წლის 19 ოქტომბრის დასკვნის თანახმად, ხაშურის რაიონის სოფელ ..... მდებარე მოსარჩელის საკუთრებაში არსებული შენობის ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია, განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაშია შენობის ფასადის მხარეს მდებარე ნაწილი, ღია აივანი და კიბის უჯრედი. შენობის ამ ნაწილების შემდგომი ექსპლუატაცია დაუშვებელია. ექსპერტის შეფასებით, შენობაზე არსებული დაზიანებები ევროპის მიკროსეისმური სკალის (EMS-98) მიხედვით, მიეკუთვნება მე-3 ხარისხს. თუ გავითვალისწინებთ, რომ 2012-2015 წლებში საქართველოს ტერიტორიაზე არ მომხდარა ისეთი სიმძლავრის მიწისძვრები, რომლებიც გამოიწვევდა ხაშურის რაიონის სოფ. ..... არსებული შენობა-ნაგებობების მნიშვნელოვან დაზიანებებს და სოფელ ..... მდებარე მოსარჩელის საცხოვრებელ სახლზე არსებული დაზიანებების სპეციფიკურ ხასიათს, შეიძლება დავასკვნათ, რომ ხაშურის მუნიციპალიტეტის, სოფელ ..... მდებარე მოსარჩელის საცხოვრებელ სახლზე არსებული დაზიანებები გამოწვეულია №9 სარკინიგზო გვირაბის მშენებლობის პროცესში წარმოებული სამუშაოების შედეგად.
5.4. ზემოხსენებული დასკვნის კვლევით ნაწილში შეფასება მიეცა ასევე მოპასუხის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენილ სამთო-სამონტაჟო-აფეთქებითი საქმის საკონსულტაციო და საინჟინრო მომსახურების კომპანია „ე–ის“ 2017 წლის ივლისის დასკვნას „აფეთქებადი ვიბრაციის მონაცემების შეფასება სოფელ ..... მდებარე მე-9 გვირაბის აღმოსავლეთ პორტალის სამშენებლო ობიექტისთვის“, რომლითაც მოპასუხე მხარე ადასტურებდა, რომ მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება აფეთქებების ზემოქმედების არეალში არ მდებარეობს, შესაბამისად მოსარჩელის საცხოვრებელ სახლზე არსებული დაზიანებები აფეთქებების შედეგად ვერ წარმოიშობოდა.
2018 წლის 19 ოქტომბრის ექსპერტიზის დასკვნის კვლევით ნაწილში მითითებულია შემდეგი: ს.ს.ი.პ. ილიას სახელმწიფო უნივერისტეტის წერილის თანახმად, 2011-2016 წლებში საქართველოს ტერიტორიაზე მიწისძვრები დაფიქსირდა 2011 წლის 18 აგვისტოს (ამბროლაური - მაგნიტუდა 5,2) და 2016 წლის 12 ივლისს (დმანისი - მაგნიტუდა 5,0). სამთო-სამონტაჟო-აფეთქებითი საქმის საკონსულტაციო და საინჟინრო მომსახურების კომპანია „ე–ის“ 2017 წლის ივლისის დასკვნის - „აფეთქებადი ვიბრაციის მონაცემების შეფასება სოფელ ..... მდებარე მე-9 გვირაბის აღმოსავლეთ პორტალის სამშენებლო ობიექტისთვის“ მიხედვით, აფეთქებების შედეგად წარმოშობილი ვიბრაციების მონიტორინგის მიზნით სადამკვირვებლო სამუშაოები მიმდინარეობდა 09.10.2012 – 13.10.2012, 01.03.2013 -16.06.2013 და 29.07.2015 – 06.06.2016 პერიოდში.
ექსპერტის მითითებით, 01.03.2013 – 16.06.2013 პერიოდში არ მიმდინარეობდა უწყვეტი მონიტორინგი, გარდა ამისა, ორივე პერიოდში მრავალჯერ იყო 2, 3, 4 და 5 დღიანი გამოტოვებული შუალედები. ექსპერტიზის დასკვნაში ასევე მითითებულია, რომ კომპანია „ე–ის“ მიერ შესრულებულ დოკუმენტში წარმოდგენილ თეორიულ მიდგომაში (მათემატიკურ მოდელში), რომელიც გამოყენებულია აფეთქებებით გამოწვეული მანძილის დასადგენად, უგულებელყოფილია ისეთი მნიშვნელოვანი პარამეტრი, როგორიცაა რხევის სიხშირე (იხ. გვ. 25). ამ მათემატიკური მოდელის გამოყენებით დადგენილია, რომ რისკის ზონა შეადგენს 29 მეტრს. შენობები, რომლებიც განთავსებულია აფეთქების ადგილიდან ამ მანძილზე მეტი დაშორებით, ზიანის თვალსაზრისით მიიჩნევა დაბალი რისკის შემცველად (იხ. გვ. 25). ამ მიდგომით ზემოქმედების ზონაში მდებარეობს მხოლოდ 4 სახლი, ხოლო იმ სახლების რიცხვი, რომლებიც მდებარეობენ ზემოქმედების ზონიდან ახლო მანძილზე არის - 5 (იხ. გვ. 34). ზუსტი მოდელი, რომელიც უტყუარად შეაფასებს აფეთქებებით გამოწვეულ ზიანს მიმდებარედ არსებულ გარემოზე, არ არის შემუშავებული. ცნობილია შემთხვევები, როდესაც აფეთქების ზონასთან უფრო ახლოს მდებარე შენობები უფრო ნაკლებად არის დაზიანებული, ვიდრე უფრო შორს მდებარე შენობები. ასევე ცნობილია, რომ ხანგრძლივი დროის განმავლობაში და მრავალჯერადად განმეორებული ვიბრაციული დატვირთვების შედეგად ხდება თიხნარი გრუნტების გაფხვიერება, ხოლო ქვიშნარი გრუნტების ჯდენა, რაც შესაბამისად აისახება შენობა-ნაგებობების ტექნიკურ მდგომარეობაზე. გარდა ამისა მხოლოდ თეორიული მოდელი არ არის საკმარისი საბოლოო დასკვნების გამოსატანად, რადგან აფეთქებებით გამოწვეული ზონისა და სიმძლავრის დასადგენად აუცილებელია კომპლექსური მიდგომა, კერძოდ აუცილებელია გეოტექნიკური და საინჟინრო ანალიზის ჩატარება და სხვა ფაქტორების გათვალისწინება (რასაც არ ითვალისწინებს წარმოდგენილი დასკვნა იხ. გვ. 27).
ამდენად, თეორიული მიდგომა (მათემატიკური მოდელი), რომელიც წარმოდგენილია კომპანია „ე–ის“ მიერ შესრულებულ დოკუმენტში, არასრულყოფილია და ვერ ასახავს რეალურ მდგომარეობას სოფელ ..... მდებარე შენობების, აფეთქებითი სამუშაოების გავლენით, შესაძლო დაზიანებების შესახებ, რადგან ამ მიდგომით თეორიულად განსაზღვრული შენობების რაოდენობა შეადგენს არის - 9, ხოლო რეალურად დაზიანებულია ასზე მეტი შენობა-ნაგებობა. გარდა ამისა 2012 წლის ივლისიდან (...... ტერიტორიაზე №9 სარკინიგზო გვირაბის სამშენებლო სამუშაოების დასაწყისი) 2016 წლის 06 ივნისამდე აფეთქებების შედეგად წარმოშობილი ვიბრაციების მონიტორინგი მიმდინარეობდა მხოლოდ 09.10.2012 – 13.10.2012, 01.03.2013 -16.06.2013 და 29.07.2015 – 06.06.2016 პერიოდში გამოტოვებული 2, 3, 4 და 5 დღიანი შუალედებით. ანუ გამოტოვებულ პერიოდში თუ რა სიხშირისა და სიმძლავრის აფეთქებითი სამუშაოები მიმდინარეობდა მონაცემები არ არსებობს. ექსპერტიზის დასკვნაში ასევე მითითებულია, რომ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებით (იხ. VII თავი, მუხლი 35), ახალი მშენებლობის დაწყებამდე აუცილებელია მიმდებარედ არსებული შენობა-ნაგებობების ტექნიკური მდგომარეობის გამოკვლევა, არსებული დაზიანებების დაფიქსირება და მშენებლობის პროცესში ტექნიკური მდგომარეობის მონიტორინგი, რაც აღნიშნულ შემთხვევაში არ ჩატარებულა. ამდენად შენობის ტექნიკური მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია გვირაბის მშენებლობის დაწყებამდე არ არსებობს. მობინადრის განცხადებით, მათი საცხოვრებელი სახლის დაზიანებები გაჩნდა და პროგრესირება დაიწყო სოფ. ..... სარკინიგზო გვირაბის მოწყობის სამშენებლო სამუშაოების დაწყების შემდეგ, კერძოდ აფეთქებით გამოწვეული ვიბრაციული დატვირთვებით, რომელიც მიმდინარეობდა ხანგრძლივად და დიდი სიხშირით, რის გამოც როგორც მათ საცხოვრებელ სახლში, ასევე მეზობლად მდებარე შენობებში აღინიშნებოდა საკმაოდ ძლიერი მიწისძვრის მსგავსი ბიძგები.
5.5. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოპასუხის მიერ წარმოდგენილი კომპანია „ე–ის“ დასკვნა ვერ აქარწყლებდა სსიპ „ლევან სამხარაულის სასამართლოს ეროვნული ბიუროს“ მიერ მომზადებულ იმპერატიულ დასკვნას. კერძოდ, კომპანია „ე–ის“ მიერ გაცემული დასკვნა „აფეთქებადი ვიბრაციის მონაცემების შეფასება სოფელ ..... მდებარე მე-9 გვირაბის აღმოსავლეთ პორტალის სამშენებლო ობიექტისათვის“ (E. S.A.) ზოგადი ხასიათის იყო. აღნიშნული დასკვნით შეფასდა აფეთქებების ზემოქმედების ზონა და გვირაბის აფეთქებით გამოწვეული ზიანის რისკი შენობებისათვის. საყურადღებოა ის ფაქტი, რომ აღნიშნული დასკვნით არ მომხდარა კონკრეტული შენობა-ნაგებობების კვლევა, არ შესწავლილა მოსარჩელის კუთვნილი შენობა-ნაგებობის მდგომარეობა, არ განხორციელებულა მასზე ფაქტობრივი ზემოქმედების დაკვირვება, მისი ხანგრძლივობის შესწავლა და რაც მთავარია, შენობა-ნაგებობების მდგომარეობის, კერძოდ, მათი სეისმომედეგობის გათვალისწინებით, დამდგარ ზიანთან აფეთქებების მიზეზ-შედეგობრივი კავშირის დადგენა.
5.6. სააპელაციო პალატის დასკვნით, მოსარჩელის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლის დაზიანების გამომწვევი მიზეზის დადგენისთვის გასაზიარებელი იყო სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ დასკვნა, გამომდინარე იქიდან, რომ როგორც დადგინდა, მოპასუხის მიერ წარმოდგენილი, კომპანია „ე–ის“ დასკვნა ემყარებოდა არასრულ მონაცემებს, კერძოდ აფეთქებების შედეგების მონიტორინგის მონაცემებში ვხვდებით რამდენიმე დღიან შუალედებს, რომელთა მონაცემებიც არ არსებობს და ამასთან დაკვირვება ხორციელდებოდა სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობის მხოლოდ რამდენიმე პერიოდზე, კერძოდ დადგენილი იყო და მხარეთა შორის სადავო არ გამხდარა, რომ სამუშაობი მიმდინარეობდა 2012 წლიდან 2016 წლამდე, ხოლო აფეთქებების შედეგად წარმოშობილი ვიბრაციების მონიტორინგი მიმდინარეობდა მხოლოდ 09.10.2012 – 13.10.2012, 01.03.2013 -16.06.2013 და 29.07.2015 – 06.06.2016 პერიოდში გამოტოვებული 2, 3, 4 და 5 დღიანი შუალედებით. შესაბამისად, არ არსებობდა მონაცემთა სრულყოფილი ერთობლიობა, რაც უტყუარად დაადასტურებდა, რომ ყველა განხორციელებული აფეთქების სიმძლავრე იმდენად დაბალი იყო, რომ არ შეეძლო მოსარჩელის სახლის დაზიანება გამოეწვია.
სააპელაციო პალატამ ამ თვალსაზრისით არ გაიზიარა აპელანტის არგუმენტი, რომ აფეთქებები ყოველდღიურად არ მიმდინარეობდა და წარდგენილი მონაცემები სრულად ასახავდა განხორციელებულ აფეთქებებს, ვინაიდან აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება, კერძოდ, რომ აფეთქებები მხოლოდ იმ დროს ხორციელდებოდა, როდესაც მიმდინარეობდა მონიტორინგი, აპელანტს სასამართლოსთვის არ წარუდგენია.
5.7. მოპასუხის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნის უტყუარობას ის გარემოებაც ეწინააღმდეგებოდა, რომ დასკვნაში გამოყენებული თეორიული მოდელი არ იძლევა რისკების სრულად გათვლის შესაძლებლობას. ამასთან, დასკვნაშივეა მითითებული, რომ სახლები რომლებიც განთავსებულია აფეთქებითი სამუშაოებიდან 29 მეტრზე მეტი დაშორებით, მიიჩნევა დაბალი რისკის შემცველად, რაც ლოგიკურად ნიშნავს, რომ გარკვეული სახის რისკი მაინც არსებობს და გამორიცხული არაა, რომ აღნიშნულ სახლებსაც მიადგეთ გარკვეული სახის ზიანი. სწორედ ასეთი რისკების წინასწარ დადგენას ემსახურებოდა საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილება, რომელიც ავალდებულებდა მშენებლობის განმახორციელებელ პირებს ახალი მშენებლობის დაწყებამდე მიმდებარედ არსებული შენობა-ნაგებობების ტექნიკური მდგომარეობის გამოკვლევას, არსებული დაზიანებების დაფიქსირებასა და მშენებლობის პროცესში ტექნიკური მდგომარეობის მონიტორინგს. იგივე მოთხოვნაა დადგენილი მოპასუხის მიერ წარმოდგენილი კომპანია „ე–ის“ დასკვნის მე-8 პუნქტში, სადაც მითითებულია, რომ რეკომენდებულია, ზემოქმედების ზონაში მდებარე ყველა ზედაპირული შენობა-ნაგებობა შემოწმდეს და გულდასმით შეფასდეს აფეთქებითი ვიბრაციით გამოწვეული შესაძლო დაზიანებები, ისევე როგორც მოხდეს ახალი შემთხვევებისა და უკვე არსებული გაფართოებების გამოვლენა. აღსანიშნავი იყო, რომ ხსენებული ვალდებულება/რეკომენდაცია მოპასუხის მხრიდან არ შესრულებულა, შესაბამისად, უცნობი იყო, მოსარჩელის კუთვნილი საცხოვრებელი სახლის მდგომარეობა გვირაბის სამუშაობის დაწყებამდე, რაც მოპასუხის მტკიცების ტვირთზე ნეგატიურ გავლენას ახდენდა და წარმოდგენილი ზოგადი ხასიათის დასკვნით შევსებული ვერ იქნებოდა.
5.8. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება მიაქცია მოპასუხის მიერ წარმოდგენილ კომპანია „ე–ის“ მეორე, 2019 წლის 05 მარტის ექსპერტიზის დასკვნასაც, რომელიც ასევე ეყრდნობა იმავე კომპანიის მიერ 2017 წლის ივლისში მომზადებულ დასკვნას და მასში ასახულ მონიტორინგის მონაცემებს, შესაბამისად აღნიშნული დასკვნაც იმავე არასრულყოფილ ინფორმაციას ეფუძნებოდა, როგორც 2017 წლის ივლისის დასკვნა, ამასთან, მოსარჩელის საცხოვრებელი სახლის დაზიანებების შეფასება ისე განხორციელდა, რომ ექსპერტებს არ უნახავთ დაზიანებები და დასკვნა დაამყარეს იმ გარემოებას, რომ საცხოვრებელი სახლი ზემოქმედების ზონის გარეთ მდებარეობს, რაც უკვე შეფასებულ იქნა სსიპ ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ. ამასთან, კომპანიის დასკვნის თანახმად, მოსარჩელის სახლი მდებარეობს №9 გვირაბის აღმოსავლეთ პორტალის დასავლეთ მხარეს, დახრილი მანძილი გვირაბის ღერძის უახლოეს წერტილსა და საცხოვრებელ სახლს შორის არის 43 მ., ხოლო, ჰორიზონტალური მანძილი არის 95 მ. ზემოქმედების ზონის უახლოესი წერტილიდან სახლამდე, რაც ზემოქმედების არეალის უშუალო სიახლოვეზე მიუთითებს.
5.9. მოპასუხეს პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენილი ჰქონდა ასევე შ.პ.ს. „ა-ს-ც–ის“ 2019 წლის 04 მაისის დასკვნა, რომელშიც მითითებულია შემდეგი: მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე დაზიანებები შეიძლება გამოწვეული იყო მშენებლობის ნორმების დარღვევის, ბუნებრივი მოვლენების ზემოქმედების შედეგად, ტექნიკური მოუვლელობით, მეწყრული მოვლენებით, ექსპლუატაციის მანძილზე გადატანილი მიწისძვრებითა და ნაწილობრივ აფეთქების შედეგად წარმოქმნილი დინამიური დატვირთვებით, მაგრამ თუ რომელი მოვლენის შედეგად არის სახლი დაზიანებული და რა პროცენტულობით, ამის დადგენა იმჟამად შეუძლებელი იყო, იმდენად, რამდენადაც ნებისმიერ ამ მოვლენას შეეძლო მსგავსი დაზიანებების გამოწვევა.
ზემოაღნიშნულ დასკვნასთან მიმართებით სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ მასში მოცემული, საცხოვრებელ სახლზე წარმოქმნილი დაზიანებების გამომწვევი მიზეზებიდან რამდენიმე მიეკუთვნებოდა ისეთ კატეგორიას, რომელთა არსებობა-არარსებობის დადგენა შესაძლებელი იქნებოდა მოპასუხეს მისი ვალდებულება - სახლების მონიტორინგი, რომ განეხორციელებინა აფეთქებით სამუშაოების დაწყებამდე (მაგალითად, მშენებლობის ნორმების დარღვევა). დასკვნის დანარჩენ ნაწილთან დაკავშირებით სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა, რომ მოსარჩელის სახლზე არსებული დაზიანებების გამომწვევ მიზეზად ექსპერტი აფეთქებებსაც ასახელებდა, თუმცა კონკრეტულ პასუხს ვერ იძლეოდა, მაშინ როდესაც მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ ექსპერტიზის დასკვნაში ცალსახად გამორიცხული იყო ყველა ის სხვა ფაქტორი, რასაც შეიძლება მსგავსი დაზიანებები გამოეწვია.
5.10. სააპელაციო სასამართლომ დამატებით მიუთითა, რომ სწორედ მოპასუხის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა იმ ფაქტობრივი გარემოების დადასტურება, რომ მოსარჩელის საცხოვრებელ სახლზე არსებული დაზიანებები არ იყო გამოწვეული აფეთქებითი სამუშაოების შედეგად, არამედ სხვა რაიმე ისეთ მოვლენას ჰქონდა ადგილი, რასაც შეეძლო დაზიანებების გამოწვევა, ვინაიდან თავად ზიანის არსებობის ფაქტი სადავო არ იყო. იმ პირობებში, როდესაც მოპასუხეს არ განუხორციელებია საცხოვრებელი სახლის მდგომარეობის შეფასება აფეთქებების დაწყებამდე, მის მიერ წარმოდგენილი დასკვნებით არ არის გამორიცხული აფეთქებითი სამუშაოების ზემოქმედების არსებობა საცხოვრებელ სახლზე და სხვა რაიმე კონკრეტული და არა აბსტრაქტული, მიზეზი რასაც მსგავსი ზიანის გამოწვევა შეეძლო მითითებული არ არის.
5.11. ზიანის ოდენობის განსაზღვრის მიზნით სააპელაციო სასამართლომ შეადარა მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნაში აღწერილი დაზიანებები საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მიხედვით ჩასატარებელ სამუშაოებს და მიიჩნია, რომ საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მიხედვით, მოსარჩელის კუთვნილი სახლის დაზიანებების გამოსწორებისათვის საჭირო თანხა 28000 ლარს შეადგენდა.
5.12. სააპელაციო სასამართლომ სამოქალაქო კოდექსის 316-ე და 992-ე მუხლებზე მიუთითა და აღნიშნა, რომ განსახილველი დავა დელიქტური სამართლით მოსაწესრიგებელ საკითხთა წრეს მიეკუთვნებოდა. განსახილველ შემთხვევაში დადგენილი იყო: მოსარჩელის საცხოვრებელი სახლისთვის მიყენებული ზიანი, მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი დამდგარ შედეგსა და ქმედებას შორის. აღნიშნულიდან გამომდინარე, არსებობდა მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურების დაკისრების წინაპირობა.
5.13. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა იმ ნაწილშიც, რომ გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად უნდა გადაცემულიყო მოსარჩელის სასარგებლოდ 15 000 ლარის გადახდის დაკისრების ნაწილში.
6. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, შემდეგი საფუძვლებით:
6.1. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა არასწორად მიიჩნიეს დადგენილად მოსარჩელის საცხოვრებელი სახლის დაზიანებაში მოპასუხის ბრალეულობა და შესაბამისად, უსაფუძვლოდ დააკისრეს მოპასუხეს ზიანის ანაზღაურება, ვინაიდან სადავო საცხოვრებელი სახლის დაზიანება არ არის გამოწვეული მოპასუხის მიერ გვირაბში წარმოებული აფეთქებითი სამუშაოების შედეგად.
6.2. ს.ს.ი.პ. „ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ დასკვნაში უსაფუძვლოდ მიეთითა, რომ მოსარჩელის კუთვნილი ქონების დაზიანება განაპირობა სოფელ ..... №9 გვირაბის მშენებლობის პროცესში წარმოებულმა სამუშაოებმა. საყურადღებოა, რომ აღნიშნული დაზიანებები შესაძლოა ნაწილობრივ გამოეწვია სხვა სახის სეისმურ მოვლენებსაც. ამასთან, დასკვნაში მითითებულია, რომ საცხოვრებელი სახლის ეზოში ნიადაგზე აღინიშნება მეწყრული პროცესისათვის დამახასიათებელი ნაპრალები, რაც თავისთავად იმოქმედებდა შენობის ფიზიკურ მდგომარეობაზე.
6.3. სასამართლომ უგულებელყო მოპასუხის მიერ წარმოდგენილი კომპანია „ე–ის“დასკვნები, რომლებიც ადასტურებს, რომ მოსარჩელის კუთვნილი საცხოვრებელი სახლის დაზიანება მოპასუხის ბრალით არ არის განპირობებული. აღსანიშნავია, რომ გვირაბის მშენებლობა მხოლოდ აფეთქებებით არ მიმდინარეობდა და ქანების სიმკვრივის მიხედვით ხდებოდა მექანიკური ექსკავაცია. გარდა ამისა, 2016 წლისთვის მშენებლობა გაცდენილი იყო სოფელ ...... ტერიტორიას რამდენიმე კილომეტრით და მას რაიმე ზიანის მიყენება სადავო სახლისთვის არ შეეძლო.
6.4. საქართველოს რკინიგზის დაკვეთით კომპანია „ა-ე-ე“-მა აწარმოა სამუშაოების გავლენის შეფასება სოფელ ქვიშხეთზე, რათა განხორციელებულიყო აფეთქებითი სამუშაოების მონიტორინგი და გაკონტროლებულიყო აფეთქებითი სამუშაოების ტექნიკური მაჩვენებლები. ამ მიზნით, დადგმული იყო სეისმოგრაფები და ბზარის საზომი მოწყობილობები, რომელიც აღრიცხავდა ნებისმიერ აფეთქებას, მის სიმძლავრესა და ზემოქმედების რისკს გარემო სივრცესთან. სეისმოგრაფები ეყენა უშუალოდ აფეთქების ადგილზე, რითაც კონტროლდებოდა, რომ აფეთქების შედეგად გამოწვეული ბიძგები ყოფილიყო დასაშვებ ნორმებში. აღნიშნული კვლევის შედეგები ს.ს.ი.პ. „ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს“ საერთოდ არ გამოუყენებია, ხოლო სხვა რაიმე ალტერნატიული მონაცემები აფეთქების ირგვლივ მას არ გააჩნდა.
6.5. სადავო საცხოვრებელ სახლზე არსებული დაზიანებების აღდგენა-გაძლიერების მიზნით ჩასატარებელი სამუშაოების ღირებულება - 16 987.51 ლარს შეადგენს.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც საკასაციო საჩივარი დაუშვებელია:
8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
9. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
10. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
11. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურების დაკისრების წინაპირობების შემოწმება. კასატორის ძირითადი პრეტენზია მდგომარეობს იმაში, რომ მის მიერ განხორციელებულ აფეთქებით სამუშაოებს არ გამოუწვევია მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონების დაზიანება, ამდენად, კასატორი სადავოდ ხდის მიზეზობრივ კავშირს მის მიერ განხორციელებულ ქმედებასა და დამდგარ შედეგს - მოსარჩელის უძრავი ქონების დაზიანებას შორის.
12. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოპასუხის მიერ წარმოებული სამშენებლო სამუშაოების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება კანონისმიერი ვალდებულებითი სამართლის სფეროს მიეკუთვნება და სადავო ურთიერთობა დელიქტური სამართლის ნორმებით, კერძოდ კი, სამოქალაქო კოდექსის 992-ე (პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია, აუნაზღაუროს მას ეს ზიანი), 408.1 (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია, აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება) და 409-ე (თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება) მუხლებით მოწესრიგებას ექვემდებარება.
13. ამდენად, მოსარჩელისათვის კანონით მინიჭებული უფლების რეალიზაცია დამოკიდებულია ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოებების არსებობაზე, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლით გათვალისწინებულ შემადგენლობაზე. თავისთავად დელიქტური პასუხისმგებლობა, როგორც იურიდიული პასუხისმგებლობის ერთ-ერთი სახე, წარმოადგენს მართლსაწინააღმდეგო ქმედებით ზიანის მიყენების შედეგად წარმოშობილ ვალდებულებას, რომლის სტრუქტურულ ელემენტს წარმოადგენს მიზეზშედეგობრივი კავშირი და ბრალი. შესაბამისად, პასუხისმგებლობის დაკისრებისათვის აუცილებელია გათვალისწინებულ იქნეს მიზეზშედეგობრივი კავშირი მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და შედეგს შორის, ანუ მოვალის ქმედება უნდა იყოს არა მარტო ბრალეული და მართლსაწინააღმდეგო, არამედ ზიანი უნდა იყოს ამ ქმედებით გამოწვეული უშუალო შედეგი. ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უნდა შეესაბამებოდეს აღნიშნულ ნორმაში მითითებულ კონსტრუქციას. თუნდაც ერთ-ერთი ელემენტის არარსებობა გამორიცხავს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას (შდრ. სუსგ № ას-809-776-2016, 04.04.2017წ.).
14. დელიქტურ ვალდებულებასთან დაკავშირებით სარჩელის აღძვრისას მოსარჩელეს ევალება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით გათვალისწინებული მტკიცების სტანდარტის დაცვით, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტუროს ზემოაღნიშნული წინაპირობების არსებობა. მოსარჩელის მიერ თავისი პოზიციის დასადასტურებლად კონკრეტული მტკიცებულებების წარდგენის შემდეგ კი, საწინააღმდეგო გარემოებების მტკიცება მოპასუხის ვალდებულებას წარმოადგენს, რისი შეუსრულებლობაც მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურ-სამართლებრივ შედეგს გამოიწვევს (იხ. სუსგ საქმე №ას-1127-1047-2017, 18 ოქტომბერი, 2017 წელი; №ას-72-72-2018, 15 თებერვალი, 2018 წელი; №ას-189-189-2018, 23 მარტი, 2018 წელი; №ას-923-2018, 26 ოქტომბერი, 2018 წელი).
15. მიზეზობრივი კავშირის არსებობასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს საქმეში წარმოდგენილ ს.ს.ი.პ. „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2018 წლის 19 ოქტომბრის დასკვნაზე, რომლის თანახმად, ხაშურის რაიონის სოფელ ..... მდებარე მოსარჩელის საკუთრებაში არსებული შენობის ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია, განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაშია შენობის ფასადის მხარეს მდებარე ნაწილი, ღია აივანი და კიბის უჯრედი. შენობის ამ ნაწილების შემდგომი ექსპლუატაცია დაუშვებელია. ექსპერტის შეფასებით, შენობაზე არსებული დაზიანებები ევროპის მიკროსეისმური სკალის (EMS-98) მიხედვით, მიეკუთვნება მე-3 ხარისხს. თუ გავითვალისწინებთ, რომ 2012-2015 წლებში საქართველოს ტერიტორიაზე არ მომხდარა ისეთი სიმძლავრის მიწისძვრები, რომლებიც გამოიწვევდა ხაშურის რაიონის სოფ. ..... არსებული შენობა-ნაგებობების მნიშვნელოვან დაზიანებებს და სოფელ ..... მდებარე მოსარჩელის საცხოვრებელ სახლზე არსებული დაზიანებების სპეციფიკურ ხასიათს, შესაძლებელია იმგვარი დასკვნის გამოტანა, რომ ხაშურის მუნიციპალიტეტის, სოფელ ..... მდებარე მოსარჩელის საცხოვრებელ სახლზე არსებული დაზიანებები გამოწვეულია №9 სარკინიგზო გვირაბის მშენებლობის პროცესში წარმოებული სამუშაოების შედეგად. აღნიშნულის საწინააღმდეგო სათანადო მტკიცებულება, მოპასუხეს სასამართლოსთვის არ წარუდგენია. საქმეში არსებული კომპანია „ე–ის“ დასკვნები არის ზოგადი ხასიათის, კერძოდ კვლევა შეეხება ზოგადად გვირაბის მშენებლობისას აფეთქებითი სამუშაოების მონიტორინგს, სამუშაოების წარმოების კონსულტაციას და არ არის მიღებული კონკრეტული უძრავი ნივთების გამოკვლევის შედეგად.
16. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მტკიცების ტვირთის განაწილების ფარგლებში, ს.ს.ი.პ. „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ დასკვნაზე მითითებით, მოსარჩელემ წარმატებით უზრუნველყო თავისი მტკიცების საგანში შემავალი გარემოების, საცხოვრებელ სახლზე გვირაბის აფეთქების ზემოქმედების დადასტურება. იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულება ცხადყოფს მოპასუხის ბრალეულობას ზიანთან მიმართებაში, შეჯიბრებითობის პრინციპისა და მტკიცების ტვირთის განაწილების ფარგლებში სწორედ მოპასუხეს უნდა უზრუნველეყო იმგვარი მტკიცებულების წარმოდგენა, რომელიც დაადასტურებდა მოსარჩელის სახლის სხვა გარემოებების ზეგავლენით, თუნდაც მის მიერ მითითებული მეწყრული პროცესების ზემოქმედებით დაზიანებას, რასაც მოპასუხემ თავი სათანადოდ ვერ გაართვა.
17. საკასაციო პალატა, ექსპერტიზის დასკვნაზე და საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაზე დაყრდნობით იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ მოსარჩელეს საცხოვრებელი სახლის დაზიანებით მიადგა ზიანი 28000 ლარის ოდენობით.
18. რადგანაც სახეზეა მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო ქმედება, არამართლზომიერ ქმედებასა და ზიანს შორის მიზეზობრივი კავშირი და ზიანის მიმყენებლის ბრალი, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების დასკვნას და მიიჩნევს, რომ მართებულად დაეკისრა მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურება 28 000 ლარის ოდენობით.
19. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების ფარგლებში, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (სსსკ-ის 407-ე მუხლი), კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი ვერ მიუთითებს. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
20. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
21. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, ხოლო კასატორს გადახდილი აქვს საკასაციო სამართალწარმოებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟი - 1400 ლარი, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 1400 ლარის 70% – 980 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შ.პ.ს. ,,ჩ.რ. ?-ე ბიურო ჯგუფის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
2. შ.პ.ს. ,,ჩ.რ. ?-ე ბ.ჯ–ს“ დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 1400 ლარის (საგადასახადო დავალება №577, გადახდის თარიღი: 03.11.2021წ. გადამხდელის ს/კ:......) 70% – 980 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
თამარ ზამბახიძე
რევაზ ნადარაია