Facebook Twitter
23 თებერვალი 2022 წელი
საქმე №ას-1154-2021 თბილისი



სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
თამარ ზამბახიძე
რევაზ ნადარაია


საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები - ე.ლ–ძე, მ.ა–ვა (მოპასუხეები)

მოწინააღმდეგე მხარეები - მ.ნ–ძე, შ.მ–ი (მოსარჩელეები)

მოპასუხე - ნ.კ–ვა


გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 16 ივლისის განჩინება

კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი - უძრავი ნივთის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა


ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მ.ნ–ძემ და შ.მ–მა სარჩელით მიმართეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების - ე.ლ–ძის, მ.ა–ვასა და ნ.კ–ვას მიმართ, უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთების გამოთხოვის და თავისუფალ მდგომარეობაში მოსარჩელეებისათვის გადაცემის შესახებ.

2. მოპასუხეებს სარჩელზე შესაგებელი არ წარუდგენიათ და არც მისი წარუდგენლობის საპატიო მიზეზების შესახებ უცნობებიათ სასამართლოსთვის.

3. შესაგებლის წარუდგენლობის გამო ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ 2020 წლის 02 სექტემბერს მიიღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდა, კერძოდ: მოპასუხეების უკანონო მფლობელობიდან, მათი გამოსახლების გზით, გამოთხოვილ იქნა ქ. ბათუმში, ...... (ს/კ N ........) მდებარე უძრავი ქონება და ამავე მისამართზე (ს/კ N .......) მდებარე უძრავი ქონებიდან შენობა-ნაგებობა N1-ში, პირველ სართულზე 43,70 კვ.მ. და მესამე სართულზე 54,04 კვ.მ. არსებული საცხოვრებელი ფართები და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცა მესაკუთრეს - პირველ მოსარჩელეს. მოპასუხეების უკანონო მფლობელობიდან, მათი გამოსახლების გზით, გამოთხოვილი იქნა ქ. ბათუმში, ....... მდებარე (ს/კ N ..........) 300 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული 102,89 კვ.მ. შენობა-ნაგებობა, ასევე, ამავე მისამართზე (ს/კ ......) შენობა-ნაგებობა N1-ში პირველ, მეორე და მესამე სართულზე არსებული 569 კვ.მ. საცხოვრებელი ფართი და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცა მესაკუთრეს - მეორე მოსარჩელეს.

4. დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი წარადგინეს ე.ლ–ძემ და მ.ა–ვამ მოითხოვეს გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმისწარმოების განახლება.

5. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 19 მარტის განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ძალაში დარჩა ზემოაღნიშნული დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

6. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 19 მარტის განჩინება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ე.ლ–ძემ და მ.ა–ვამ, მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინებისა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 02 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმისწარმოების განახლება.

7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 16 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 02 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2021 წლის 19 მარტის განჩინება, დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ. განჩინება დაეფუძნა შემდეგს:

7.1. სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

7.1.1. მოსარჩელეებმა 2020 წლის 22 აპრილს სარჩელი აღძრეს სასამართლოში მოპასუხეების მიმართ, უკანონო მფლობელობიდან უძრავი ქონების გამოთხოვის მოთხოვნით.

7.1.2. 2020 წლის 27 აპრილს მოსარჩელეების წარმომადგენელს ეცნობა სარჩელის წარმოებაში მიღების შესახებ და განემარტა, რომ ვალდებული იყო, უზრუნველეყო მოპასუხეებისათვის სარჩელისა და თანდართული მასალების 2 თვის ვადაში ჩაბარება (ს.ფ. 48).

7.1.3. სარჩელი და თანდართული მასალები 2020 წლის 19 ივნისს ნ.კ–ვაზე გადასაცემად ადრესატის საცხოვრებელ მისამართზე ჩაბარდა შ.კ–ვას, მ.ა–ვაზე გადასაცემად ადრესატის საცხოვრებელ მისამართზე ჩაბარდა ა.ა–ვას, ხოლო ე.ლ–ძეს ჩაბარდა პირადად (ს.ფ. 56-57-58).

7.1.4. წერილობითი შესაგებელი მოპასუხეებს 10 დღის ვადაში - 2020 წლის 29 ივნისის ჩათვლით უნდა წარედგინათ (იხ. გზავნილი ს.ფ. 49), თუმცა მათ შესაგებელი არ წარუდგენიათ და არც მისი წარუდგენლობის საპატიო მიზეზების შესახებ უცნობებიათ სასამართლოსათვის.

7.2. თავად აპელანტებიც ადასტურებენ იმ გარემოებას, რომ მათ ჩაბარდათ სასამართლო გზავნილი (სარჩელი და თანდართული მასალები), თუმცა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, შესაგებლის წარდგენა ვერ უზრუნველყვეს.

7.3. სააპელაციო სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლზე მითითებით განმარტა, რომ შესაგებლის წარუდგენლობის საპატიო მიზეზის თაობაზე საჩივარში/სააპელაციო საჩივარში მითითებული ფაქტების მტკიცება ეკისრება მომჩივანს, ხოლო ამ გარემოებათა შეფასება იმ თვალსაზრისით, თუ რამდენად საპატიოა მხარის შესაგებლის წარუდგენლობა – სასამართლოს უფლებამოსილებაა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილია ის სავალდებულო წინაპირობები, როდესაც სასამართლო ვალდებულია, მხარის გამოუცხადებლობა/შესაგებლის წარუდგენლობა ჩათვალოს საპატიოდ.

7.4. აპელანტების მტკიცებით, შესაგებლის წარუდგენლობა გამოწვეული იყო ობიექტური გარემოებით, რის თაობაზეც მათ ვერ შეატყობინეს სასამართლოს, კერძოდ, 2020 წლის 21 ივნისს მათთვის ცნობილი გახდა, რომ პიროვნებას, რომელთანაც ჰქონდათ კონტაქტი სამი დღით ადრე, დაუდგინდა კორონავირუსი, შესაბამისად, ისინი იმყოფებოდნენ თვითიზოლაციაში 14 დღის განმავლობაში და არ ჰქონდათ შესაძლებლობა შესაგებელი წარედგინათ ბათუმის საქალაქო სასამართლოში. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ამ გარემოების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება აპელანტებს არ წარუდგენიათ, შესაბამისად, მან სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, რომ აპელანტებმა/საჩივრის ავტორებმა ვერ დაადასტურეს მათი მოთხოვნის წარმატების განმაპირობებელი გარემოების არსებობა, კერძოდ, ვერ დაადასტურეს, რომ შესაგებლის წარუდგენლობა მათი მხრიდან, გამოწვეული იყო ობიექტურად არსებული საპატიო მიზეზით.

7.5. სააპელაციო სასამართლომ დამატებით განმარტა, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ პალატა გაიზიარებდა აპელანტების მტკიცებას, კოვიდინფიცირებულ პირთან კონტაქტის გამო, მათი თვითიზოლაციაში ყოფნის შესახებ, არ არსებობდა შესაგებლის წარუდგენლობის საპატიოდ მიჩნევის საფუძველი, ვინაიდან მათ შეეძლოთ აღნიშნულის თაობაზე ეცნობებინათ სასამართლოსათვის, კომუნიკაციის სხვადასხვა საშუალების გამოყენებით. ნიშანდობლივია, რომ შესაგებლის წარდგენის დამაბრკოლებელი გარემოების არსებობის შესახებ ინფორმაციის სასამართლოსათვის მიწოდების შეუძლებლობის თაობაზე აპელანტებს არ მიუთითებიათ და ამგვარი გარემოების არსებობა საქმის მასალებითაც არ დასტურდება.

7.6. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, ვინაიდან, არ არსებობდა შესაგებლის წარუდგენლობის საპატიო მიზეზი, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად მიიჩნია დამტკიცებულად სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, რომელთა საფუძველზე, სასარჩელო მოთხოვნა იურიდიულად გამართლებული იყო.

8. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ე.ლ–ძემ და მ.ა–ვამ, მოითხოვეს მისი გაუქმება და საქმისწარმოების განახლება შემდეგი საფუძვლებით:

8.1. მოპასუხეების მხრიდან შესაგებლის წარუდგენლობა საპატიო მიზეზით იყო განპირობებული, კერძოდ, კოვიდინფიცირებულთან კონტაქტის გამო, ისინი იმყოფებოდნენ თვითიზოლაციაში და სწორედ ამ ობიექტური გარემოების გამო ვერ შეძლეს სასამართლოში შესაგებლის წარდგენა.

8.2. სარჩელში მითითებული გარემოებები არ ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას. ნ.კ–ვა და მ.ა–ვა ფლობენ მხოლოდ საჯარო რეესტრში მათ სახელზე რეგისტრირებულ უძრავ ქონებას და მოსარჩელეების მიერ მოთხოვნილ ფართებთან კავშირი არ აქვთ. ამასთან, მოსარჩელეებს არ წარმოუდგენიათ მტკიცებულებები, თუ რის საფუძველზე და როდიდან არის სადავო უძრავი ნივთები მათ საკუთრებაში.

9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორებს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენიათ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
12. განსახილველ დავაზე ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ მოპასუხეების მიერ შესაგებლის წარუდგენლობის გამო მიიღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რაც უცვლელი დარჩა როგორც იმავე, ასევე ზემდგომი სასამართლოს მიერ. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანი სწორედ მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ განჩინებების კანონიერებაა.
13. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო სამართალწარმოებაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტი უზრუნველყოფს მხარეთა მიერ საპროცესო ვალდებულებების შესრულებისადმი პატივისცემისა და მათი პასუხისმგებლობის დონის ამაღლებას. ის ემსახურება საპროცესო დისციპლინის განმტკიცებასა და პროცესის გამარტივებას. დაუსწრებელი გადაწყვეტილება წარმოადგენს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 და მე-4 მუხლებით განმტკიცებული სამართალწარმოების ფუნდამენტური პრინციპების გამოხატულებას და ამ გზით მიღებული გადაწყვეტილების გაუქმება, დასაშვებია მხოლოდ კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში (ს.უ.ს.გ. №ას-964-929-16, 06.03.2017).
14. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321 მუხლის (მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას; წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსამართლე ნიშნავს სხდომას, რის შესახებაც ეცნობებათ მხარეებს ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით. სხდომის ჩატარების შემთხვევაში მოპასუხისაგან მტკიცებულებათა მიღება არ ხდება და სასამართლო მოისმენს მოპასუხის მხოლოდ სამართლებრივ მოსაზრებებს სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით) საკანონმდებლო მიზნებიდან გამომდინარე, შესაგებლის შეუტანლობის მოტივით დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისათვის შემდეგი წინაპირობების არსებობის სავალდებულობაა დადგენილი: ა) მოპასუხეს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით უნდა ჩაბარდეს სარჩელი და თანდართული მასალები. მასვე უნდა განემარტოს სსსკ-ის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად დანიშნული საპროცესო ვადის (შესაგებლის წარდგენის ვადის) არასაპატიოდ დარღვევის ნეგატიური შედეგების თაობაზე; ბ) მოპასუხემ ბრალეულად უნდა დაარღვიოს შესაგებლის შეტანისათვის განსაზღვრული ვადა; გ) სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად უნდა ამართლებდეს მოთხოვნას.
15. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის მთავარი წინაპირობა ისაა, რომ მოპასუხე კანონით დადგენილი წესით იყოს ინფორმირებული მის წინააღმდეგ აღძრული სარჩელის თაობაზე (სუსგ №ას-ას-538-511-2014, 24 დეკემბერი, 2015 წელი). ამგვარი გადაწყვეტილება არ შეიძლება გარკვეული სანქცია იყოს მხარისათვის, რათა დაუსაბუთებლად, საქმის ვითარების გაურკვევლად არ დაეკისროს მოპასუხეს ის, რის წინააღმდეგაც კონსტიტუციით გარანტირებული შედავებისა თუ მტკიცებულების წარდგენის შესაძლებლობაც გააჩნია (სუსგ №ას-1453-1371-2012, 25 დეკემბერი, 2012 წელი).

16. დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების მარეგულირებელ ნორმას წარმოადგენს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლი, რომლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, მოპასუხის მიერ პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობის შემთხვევაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია ამ მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებში მითითებული ერთ-ერთი გარემოების არსებობისას (სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები).

17. კასატორები, მათ წინააღმდეგ მიღებულ დაუსწრებელ გადაწყვეტილებას და დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ განჩინებებს სადავოდ ხდიან იმ საფუძვლით, რომ შესაგებლის წარუდგენლობა განაპირობა საპატიო მიზეზმა, კერძოდ, კოვიდინფიცირებულთან კონტაქტის გამო, ისინი იმყოფებოდნენ თვითიზოლაციაში და მოკლებული იყვნენ შესაძლებლობას წარედგინათ შესაგებელი სასამართლოში. ამასთან, მათი მოსაზრებით, სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად არ ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას, რაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს ქმნიდა.
18. თავის მხრივ, იმას, თუ რა განიხილება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მიზნებისათვის საპატიო მიზეზად, განსაზღვრავს ამავე კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის თანახმად, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას.

19. მითითებული ნორმის დანაწესი ადგენს, რომ სასამართლო უფლებამოსილია მხარის მიერ კონკრეტული საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობა ჩათვალოს საპატიოდ, თუკი აღნიშნული მოქმედება მან ვერ შეასრულა ობიექტური გარემოების არსებობის გამო. ამ შემთხვევაში, ისევე, როგორც, ზოგადად, სამოქალაქო სამართალწარმოებისას, მხარეს ეკისრება სადავო გარემოების მტკიცების ტვირთი.

20. დადგენილია და არც საკასაციო საჩივრით არის შედავებული, რომ მოპასუხეებს სარჩელი, თანდართულ მასალებთან ერთად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით ჩაბარდათ. დადგენილია ასევე, რომ წერილობითი შესაგებლის წარმოსადგენად მოპასუხეებს განესაზღვრათ 10-დღიანი საპროცესო ვადა, თუმცა მათ შესაგებელი არ წარუდგენიათ და არც მისი წარუდგენლობის საპატიო მიზეზი უცნობებიათ სასამართლოსთვის.

21. განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება მოპასუხეთა მხრიდან შესაგებლის სასამართლოში წარუდგენლობის საპატიო მიზეზის არსებობა.

შესაგებლის წარუდგენლობა რომ განპირობებული იყო კოვიდ ინფიცირებულთან კონტაქტის გამო, მოპასუხეთა თვითიზოლაციაში ყოფნით, აღნიშნული განმარტების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება მოპასუხეებს სასამართლოსთვის არ წარუდგენიათ. მარტოოდენ კასატორთა ზეპირი განმარტება კი, სადავო ფაქტობრივი გარემოების სამტკიცებლად საკასაციო პალატას არასაკმარის მტკიცებულებად მიაჩნია. ამასთან, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმ ნაწილშიც, რომ მოპასუხეებს შეეძლოთ მათი თვითიზოლაციაში ყოფნის შემთხვევაშიც ეცნობებინათ სასამართლოსათვის კომუნიკაციის სხვადასხვა საშუალების გამოყენებით წერილობითი შესაგებლის წარუდგენლობის საპატიო მიზეზებთან დაკავშირებით და ასევე შეეძლოთ ეშუამდგომლებინათ სასამართლოს მიერ განსაზღვრული საპროცესო ვადის გაგრძელებასთან დაკავშირებით საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 64-ე მუხლის შესაბამისად. ნიშანდობლივია, რომ შესაგებლის წარდგენის დამაბრკოლებელი გარემოების არსებობის შესახებ ინფორმაციის სასამართლოსათვის მიწოდების შეუძლებლობის თაობაზე, მოპასუხეებს არ მიუთითებიათ და ამგვარი გარემოების არსებობა საქმის მასალებითაც არ დასტურდება.

22. დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა, რომ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებდნენ სასარჩელო მოთხოვნას. სარჩელში მითითებული გარემოებების დადასტურებულად მიჩნევა ნიშნავს მოსარჩელის მიერ სარჩელში აღნიშნული ფაქტების კანონის ძალით დადგენილად ცნობას. ამ თვალსაზრისით კი, მოსარჩელეებმა მიუთითეს სამოქალაქო კოდექსის 168-ე, 170-ე, 172-ე მუხლების შემადგენელი ყველა ელემენტი.

23. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 168-ე მუხლის მიხედვით, მესაკუთრის პრეტენზიის გამო ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას. ამავე კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. შესაბამისად, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.

24. განსახილველ შემთხვევაში, სარჩელის ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, მოსარჩელეები წარმოადგენენ სადავო უძრავი ნივთების მესაკუთრეებს, ხოლო მოპასუხეები - სადავო უძრავი ქონების არამართლზომიერ მფლობელებს. მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნა უძრავი ქონების ის ნაწილი, რაც საჯარო რეესტრის მონაცემებით აღრიცხულია მოსარჩელეთა ინდივიდუალურ საკუთრებად.

25. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტი მიზნად ისახავს სასამართლოს ეფექტურ საქმიანობას, სასამართლო დავების სწრაფად და გაჭიანურების გარეშე გადაწყვეტას, მხარეთა „იძულებას“, განახორციელონ საპროცესო კანონით მინიჭებული უფლებები - საქმის განხილვაში მიიღონ აქტიური მონაწილეობა და ხელი შეუწყონ სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანაში. დაუსწრებელი გადაწყვეტილება თავისი იურიდიული ბუნებით წარმოადგენს სანქციას იმ მხარისათვის, რომელიც არ ცხადდება საქმის განხილვაზე (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 229-ე, 230-ე, 231-ე, 232-ე მუხლები) ანდა არ ახორციელებს თავის საპროცესო უფლებებს (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321 მუხლი), რითაც ქმნის ვარაუდს, რომ მან დაკარგა ინტერესი შეეწინააღმდეგოს მის მიმართ აღძრულ სარჩელს. ასეთ შემთხვევაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XLVI თავში მოცემული წესით საქმის განხილვის დროს მტკიცებულებათა გამოკვლევა არ ხდება, არამედ, კანონის ძალით სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები უპირობოდ დადასტურებულად მიიჩნევა და თუ მათი ერთობლიობა, თეორიულად, სარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას იძლევა, საქმის განმხილველ მოსამართლეს გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება (საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 17.03.2016 წ. განჩინება საქმეზე N 121-117-2016).

26. განსახილველ შემთხვევაში, სარჩელზე წერილობითი შესაგებლის არასაპატიო მიზეზით წარუდგენლობის გამო, დამტკიცებულად ჩაითვალა სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, რომ მოსარჩელეების საკუთრებაშია სადავო უძრავი ნივთები, რომელთაც უსაფუძვლოდ ფლობენ მოპასუხეები. მოსარჩელეებმა მოითხოვეს მოპასუხეების უკანონო ფლობელობიდან მათი უძრავი ქონების გამოთხოვა. სარჩელში მითითებული და დამტკიცებულად ჩათვლილი ფაქტობრივი გარემოებები საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 168-ე, 170-ე, 172-ე მუხლების შესაბამისად იურიდიულად ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას, რის გამოც სარჩელი დაკმაყოფილდა.

27. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლით აღიარებულია უფლების სასამართლო წესით დაცვის საყოველთაო პრინციპი, თუმცა იგი არ არის აბსოლუტური და ექვემდებარება შეზღუდვას. თავის მხრივ, შეზღუდვა ლეგიტიმურია, თუ იგი კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ საფუძველს ემყარება. ამგვარ საფუძველს წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321 მუხლი (ს.უ.ს.გ. #ას-1569-2018. 13/05/2019)

28. საქმეზე „გახარია საქართველოს წინააღმდეგ“, რომელიც დაუსწრებელი გადაწყვეტილების კანონიერებას შეეხებოდა, ევროსასამართლომ განმარტა, რომ კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევასთან დაკავშირებით პირველ რიგში უნდა დადგენილიყო, სახელმწიფომ გამოიჩინა თუ არა საკმარისი გულისხმიერება ყველა შესაბამისი ნაბიჯის გადასადგმელად, რათა ეცნობებინა მომჩივნისათვის სამართალწარმოების დაწყების შესახებ და ამ კუთხით, უარი თქვა თუ არა განმცხადებელმა მის უფლებაზე – წარდგენილიყო პროცესზე და დაეცვა საკუთარი თავი; ამას გარდა, საჭიროა იმ გარემოების გამოკვლევა ეროვნული კანონმდებლობა უზრუნველყოფდა თუ არა განმცხადებელს სათანადო საშუალებებით შეჯიბრებითი სამართალწარმოების განსახორციელებლად, მას შემდეგ, რაც მისთვის ცნობილი გახდა დაუსწრებელი გადაწყვეტილებების შესახებ (საქმე „გახარია საქართველოს წინააღმდეგ“ (Gakharia v. Georgia), განაცხადი N30459/13, 17.01.2017წ).

29. მოცემულ შემთხვევაში, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შემდგომ მოპასუხეებისათვის უზრუნველყოფილი იყო შეჯიბრებითი სამართალწარმოების განსახორციელებლად ყველა საშუალება. კერძოდ, მათ ჰქონდათ გასაჩივრებისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისათვის საჭირო მტკიცებულებების წარდგენის შესაძლებლობა, თუმცა მოპასუხეებს არც რაიმე მტკიცებულება და არც კვალიფიციური შედავება არ წარუდგენიათ.

30. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მხარეებმა ვერ წარადგინეს დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების წინაპირობა გახდებოდა.

31. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების ფარგლებში, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლი), კასატორებმა ვერ შეძლეს დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლიეს გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლეს მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორები მიუთითებენ. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

32. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

33. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორებს უნდა დაუბრუნდეთ მათ მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 150-150 ლარის 70%, თითოეულს - 105 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ე.ლ–ძისა და მ.ა–ვას საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
2. ე.ლ–ძეს (პ/ნ .......) დაუბრუნდეს დ.ა–ის (პ/ნ ......) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 150 ლარის (საგადახდო დავალება №11996535143, გადახდის თარიღი 16.11.2021წ.) 70% – 105 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.
3. მ.ა–ვას (პ/ნ ........) დაუბრუნდეს დ.ა–ის (პ/ნ .........) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 150 ლარის (საგადახდო დავალება №11996565003, გადახდის თარიღი 16.11.2021 წ.) 70% – 105 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.



მოსამართლეები : ლაშა ქოჩიაშვილი





თამარ ზამბახიძე





რევაზ ნადარაია