Facebook Twitter

საქმე №ას-1053-2021 5 აპრილი, 2022 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე, გიორგი მიქაუტაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები - რ.მ–ი, რ.მ–ი

მოწინააღმდეგე მხარეები - ბმა „კ–ა ?“, ლ.დ–ძე, ი.ზ–კო, ვ.მ–ო

დავის საგანი - კრების ოქმის ბათილად ცნობა, მესაკუთრედ აღიარება, უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა, ხელშეშლის აღკვეთა

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 13 აპრილის განჩინება

კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

აღწერილობითი ნაწილი:

რ.მ–მა და რ.მ–მა სარჩელით მიმართეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - ბმა „კ–ა ?-ის“, ლ.დ–ძის, ი.ზ–კოსა და ვ.მ–ოს მიმართ და მოითხოვეს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კრების ოქმის ნაწილობრივ ბათილად ცნობა და უძრავ ნივთზე მესაკუთრედ აღიარება.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა ლ.დ–ძემაც, მოპასუხეების - რ.მ–ისა და რ.მ–ის მიმართ და მოითხოვა უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის ნაწილის გამოთხოვა და ხელშეშლის აღკვეთა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 26 თებერვლის განჩინებით ზემოაღნიშნული სარჩელები ერთ წარმოებად გაერთიანდა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 6 ნოემბრის გადაწყვეტილებით რ.მ–ისა და რ.მ–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა; ამასთან, რ.მ–ისა და რ.მ–ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა ბათუმში, ..... მდებარე 127.46 მ2 სარდაფის (ს/კ ......; ტექნიკური აღრიცხვის ბიუროს მასალებით - ლიტ. „ა“-ს სარდაფი) მოპასუხეთა მიერ დაკავებული ნაწილი - 12.95 მ2 ფართი; რ.მ–სა და რ.მ–ს დაევალათ აღნიშნულ სარდაფში თაღოვანი ღიობების ადგილას ამოშენებული კედლების მოშლა და ამოჭრილი ჭერის ამოქოლვა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 12 ნოემბრის დამატებითი გადაწყვეტილებით რ.მ–სა და რ.მ–ს ლ.დ–ძის სასარგებლოდ დაეკისრათ ადვოკატის მომსახურებისათვის გაღებული ხარჯის - 3000 ლარის ანაზღაურება.

ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებები რ.მ–მა და რ.მ–მა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 13 აპრილის განჩინებით რ.მ–ისა და რ.მ–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 6 ნოემბრის გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2019 წლის 12 ნოემბრის დამატებითი გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს რ.მ–მა და რ.მ–მა, რომელთაც ახალი გადაწყვეტილების მიღებით - მათი სარჩელის დაკმაყოფილება, ხოლო ლ.დ–ძის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

კასატორები, „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონზე მითითებით, აღნიშნავენ, რომ სადავო ფართი ლ.დ–ძეს უკანონოდ გადაეცა, რადგან უძრავ ნივთს კასატორთა ოჯახი 1990-იანი წლებიდან ფლობს და სარდაფში ჩასასვლელიც მათი საცხოვრებელი სახლიდან არის მოწყობილი. ამრიგად, ნივთი რ.მ–ისა და რ.მ–ის ინდივიდუალურ საკუთრებას წარმოადგენს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 29 ნოემბრის განჩინებით რ.მ–ისა და რ.მ–ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო, საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ რ.მ–ისა და რ.მ–ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კრების ოქმის კანონიერების შეფასება და კასატორთა უძრავი ნივთის მესაკუთრეებად აღიარების წინაპირობების არსებობა.

საკასაციო პალატა მიუთითებს „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველ და მე-2 მუხლებზე, რომელთა მიხედვითაც, ეს კანონი არეგულირებს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების მართვასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს. იმავე კანონის მე-3 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებას მიეკუთვნება მიწის ნაკვეთი, ამავე ნაკვეთზე განთავსებული მრავალბინიანი სახლი, მასთან დაკავშირებული მომსახურე საინჟინრო ქსელების, მოწყობილობა-დანადგარების, შენობა-ნაგებობებისა და კეთილმოწყობის ობიექტების ერთობლიობა, რომელიც არ იმყოფება ინდივიდუალურ საკუთრებაში; ხოლო იმავე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური საკუთრება არის ბინის ან/და არასაცხოვრებელი ფართობის საკუთრება, აგრეთვე ამ ფართობის შემადგენელი ის ნაწილები, რომლებიც შეიძლება გადაკეთდეს, მოსცილდეს ანდა დაემატოს ისე, რომ ამით გაუმართლებლად არ შეილახოს საერთო საკუთრება ან ინდივიდუალურ საკუთრებაზე დაფუძნებული სხვა რომელიმე ბინის მესაკუთრის უფლება, ასევე, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრის მფლობელობაში არსებული მრავალბინიანი სახლის სამეურნეო სათავსები (სარდაფები, სხვენები და ა. შ.).

დასახელებული კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად კი, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრები კრებაზე აფიქსირებენ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა მიერ მრავალბინიანი სახლის სამეურნეო სათავსების (სარდაფები, სხვენები და ა. შ.) მფლობელობის ამ კანონის ძალაში შესვლის დროს არსებულ ფაქტობრივ მდგომარეობას და ხმათა 2/3-ით იღებენ გადაწყვეტილებას, რომლის თაობაზედაც დგება შესაბამისი ოქმი, თუ წესდებით არ განისაზღვრება განსხვავებული კვორუმი. მრავალბინიანი სახლის სამეურნეო სათავსებზე (სარდაფები, სხვენები და ა. შ.) საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში დასარეგისტრირებლად ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრმა უნდა წარმოადგინოს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა კრების მიერ შედგენილი ოქმი და ნახაზი, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია სამეურნეო სათავსის ადგილმდებარეობის დადგენა.

საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს სადავო სამართალურთიერთობის დროს მოქმედი, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის“ (ძალადაკარგულია 2020 წლის პირველი იანვრიდან) მე-15 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის მიხედვითაც, „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლით განსაზღვრულ, საკუთრების უფლებადაურეგისტრირებელ საგანზე ამხანაგობის წევრის ინდივიდუალური საკუთრების უფლების რეგისტრაცია წარმოებს ამხანაგობის წევრების ხმათა 2/3-ით მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, რომლითაც დასტურდება ამხანაგობის შესაბამისი წევრის მიერ „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე სამეურნეო სათავსის ინდივიდუალურ მფლობელობაში არსებობის ფაქტი.

ზემოაღნიშნულ ნორმათა საფუძველზე, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ამხანაგობის შესაბამისი წევრის მიერ „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე სამეურნეო სათავსის ფლობის ფაქტის ამხანაგობის მიერ დადასტურება და შედეგად, პირის საკუთრების უფლების რეგისტრაცია მხოლოდ იმ შემთხვევაშია დასაშვები, თუ იგივე ფართი უკვე სხვა პირის საკუთრებას არ წარმოადგენს.

განსახილველ შემთხვევაში, კასატორები ითხოვენ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კრების ოქმის ბათილად ცნობას, რადგან მიიჩნევენ, რომ კრებამ განკარგა მათ ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული ფართი და შედეგად, საკუთრების უფლება ლ.დ–ძემ უკანონოდ დაირეგისტრირა. ამრიგად, წარმოდგენილია აღიარებითი სარჩელი, რომელიც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლის მიხედვით, შეიძლება აღიძრას, თუ მოსარჩელეს აქვს იმის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს. საგულისხმოა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ არაერთ საქმეზე გაკეთებული განმარტება, რომ იურიდიული ინტერესის არსებობის დადგენისათვის უპირატესად უნდა გაირკვეს, გაუმჯობესდება თუ არა მოსარჩელის სამართლებრივი მდგომარეობა მისი აღიარებითი მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში, კერძოდ, გადაწყვეტილების შედეგად მხარე უნდა იღებდეს გარკვეულ შედეგს - აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილება უნდა ქმნიდეს იმ უფლებისა თუ ურთიერთობის განსაზღვრულობას, რაც მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის წარმოშობილი დავის გამო ირღვევა (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 8 აპრილის №ას-118-2021 და 2015 წლის 1 ივლისის №ას-17-14-2015 განჩინებები). ამრიგად, კასატორთა ინტერესის, წარმოდგენილი სარჩელის მიზნისა და „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის დანაწესების გათვალისწინებით, სადავო შემთხვევაში კრების ოქმის ბათილად ცნობის მოთხოვნის განხილვისა და გადაწყვეტის მიმართ კასატორთა იურიდიული ინტერესი იარსებებს, თუკი დადასტურდება, რომ ლ.დ–ძემ კრების ოქმის საფუძველზე მიისაკუთრა ქონება, რომლის მიმართაც კასატორებს საკუთრების უფლების წარმომშობი რეალური, დასაბუთებული პრეტენზია გააჩნიათ.

ლ.დ–ძის უფლების არსებობის საკითხის შეფასებისას კი, საკასაციო პალატა განსაკუთრებულ ყურადღებას გაამახვილებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლებიც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მეორე ნაწილიდან გამომდინარე, სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, რადგან საკასაციო საჩივრის ავტორებს დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) წარმოდგენილი არ აქვთ. კერძოდ, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა, არაერთი წერილობითი მტკიცებულების (მათ შორის, ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს მონაცემებისა და სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის) საფუძველზე, დაადგინეს, რომ ბათუმში, ...... მდებარე სახლი (შედგებოდა 11 ოთახისა და სარდაფისგან) ირიცხებოდა ნ.ს–ას საკუთრებად, რომელმაც სახლის ნაწილი მიჰყიდა კასატორების მამკვიდრებელს - ა.მ–ს, ხოლო სახლის ½ ნაწილი 1994 წლის 30 სექტემბერს შეიძინა ლ.დ–ძემ. ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროში დაცული ნახაზების მიხედვით, ა.მ–ის მიერ შეძენილი ქონება არ მოიცავდა სადავო სარდაფს მაშინ, როდესაც 1994 წლის ტექნიკური პასპორტის მიხედვით, ლ.დ–ძის სახელზე ირიცხებოდა სადავო, ლიტერ „ა“-ში მდებარე 106,05 მ2 სარდაფი. ამრიგად, სადავო ფართი ლ.დ–ძის საკუთრებას წარმოადგენდა და მის სახელზე ირიცხებოდა 1994 წლიდან. რაც შეეხება ამხანაგობის 2016 წლის 5 მარტის კრების ოქმს, დადგენილია, რომ ლ.დ–ძემ 2016 წელს მიმართა ბმა „კ–ა ?-ს“ და აღნიშნა, რომ საკუთრების ხელახლა აზომვა მოახდინა და ბინისა და სარდაფის განცალკევებით რეგისტრაცია სურს. ამხანაგობის კრების ოქმით კი მას მიეცა უფლების დარეგისტრირებაზე თანხმობა. საგულისხმოა, რომ საქმეზე დადასტურებულია ტექნიკურ პასპორტში დაფიქსირებული და 2016 წლის აზომვით ნახაზზე ასახული სარდაფის კონფიგურაციის იდენტურობა. შესაბამისად, მართებულია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა, რომ 2016 წლის 5 მარტის ამხანაგობის კრების ოქმით მხოლოდ დაზუსტდა სარდაფის ფართი და დარეგისტრირდა დამოუკიდებელი უფლების ობიექტად. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ვინაიდან სადავო უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტი 1994 წლის ნასყიდობის ხელშეკრულებაა, რ.მ–ი და რ.მ–ი ფაქტობრივი ფლობით საკუთრებას სხვის კუთვნილ უძრავ ნივთზე ვერ მოიპოვებდნენ და კრების ოქმის ბათილად ცნობა მათ უფლებებზე გავლენას ვერ მოახდენს - ვერ გამოიწვევს ლ.დ–ძის საკუთრების უფლების გაუქმებასა და კასატორთა საკუთრების უფლების აღრიცხვის წინაპირობების წარმოშობას.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ რ.მ–სა და რ.მ–ს მართებულად ეთქვათ უარი სარჩელის დაკმაყოფილებაზე. ამასთან, ვინაიდან საქმეზე დადასტურებულია, რომ სადავო ფართი ლ.დ–ძის საკუთრებას წარმოადგენს, ხოლო კასატორები ფართს, მართლზომიერების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე, ფლობენ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის საფუძველზე, ლ.დ–ძის სარჩელი უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვისა და ხელშეშლის აღკვეთის თაობაზე საფუძვლიანი იყო და მართებულად დაკმაყოფილდა (საყურადღებოა, რომ ლ.დ–ძის სარჩელის დაკმაყოფილების გამომრიცხველ გარემოებებზე დეტალურ მსჯელობას არც საკასაციო საჩივარი შეიცავს, კასატორთა პრეტენზია მხოლოდ ლ.დ–ძის საკუთრების უფლებების არარსებობაზე აპელირებას ემყარება). სარჩელის დაკმაყოფილებიდან გამომდინარე კი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მიხედვით, კასატორებს, ასევე, სწორად დაეკისრათ ლ.დ–ძის სასარგებლოდ ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება. ამრიგად, მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი და წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრულ, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, ვინაიდან: საქმე არ მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; სააპელაციო სასამართლოს განჩინება არ განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ასევე, არ ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი; სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრული, საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა.

რაც შეეხება სახელმწიფო ბაჟის საკითხს, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის გამო, კასატორებს უნდა დაუბრუნდეთ მათ მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. რ.მ–ისა და რ.მ–ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 13 აპრილის განჩინება;

3. რ.მ–ს (პ/ნ ........) და რ.მ–ს (რუსეთის ფედერაციის მოქალაქის პასპორტის №4......) დაუბრუნდეთ რ.მ–ის (პ/ნ .........) მიერ საკასაციო საჩივარზე 2021 წლის 15 ნოემბრის №1 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 600 ლარის 70% - 420 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ა. წულაძე

მოსამართლეები: ლ. მიქაბერიძე

გ. მიქაუტაძე