Facebook Twitter

საქმე №ას-1378-2021 5 აპრილი, 2022 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლ.მ–ბერიძე, გიორგი მიქაუტაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ცენტრი

მოწინააღმდეგე მხარე - ლ.ხ–ვა

არასრულწლოვანი - ლ.მ–ვა

დავის საგანი - არასრულწლოვნის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების განკარგვაზე აღსრულების მონიტორინგის დავალება

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 3 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

I აღწერილობითი ნაწილი:

1. ლ.ხ–ვამ 2020 წლის 27 ოქტომბერს განცხადებით მიმართა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს, არასრულწლოვანი შვილის - ლ.მ–ვას უძრავი ქონების გასხვისების მიზნით თანხმობის მისაღებად.

2. განმცხადებელმა აღნიშნა, რომ შვილებთან ერთად ცხოვრობს ზუგდიდში; ამავე ქალაქში დედამ აჩუქა მიწის ნაკვეთი, სადაც აშენებს საცხოვრებელ სახლს, რომლის გასარემონტებლადაც სჭირდება თანხა და სურს შვილის სახელზე აღრიცხული, წალენჯიხაში მდებარე უძრავი ქონების გასხვისება. განმცხადებელმა მიუთითა, რომ საცხოვრებელი სახლის მშენებლობის დასრულების შემდეგ ნივთს ლ.მ–ვას თანასაკუთრებად დაარეგისტრირებს.

3. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 6 ნოემბრის განჩინებით საქმეში ჩაბმულ იქნა სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ცენტრი, რომლის წარმომადგენელმაც აღნიშნა, რომ ლ.ხ–ვას მოთხოვნის დაკმაყოფილება ხელს შეუწყობს არასრულწლოვნისა და მისი ოჯახის კეთილდღეობას.

4. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 6 ნოემბრის განჩინებით საქმეში, ასევე, ჩაბმულ იქნა არასრულწლოვანი - ლ.მ–ვა, რომელსაც დაენიშნა ადვოკატი იურიდიული დახმარების სამსახურიდან. არასრულწლოვნის ადვოკატი დაეთანხმა ლ.ხ–ვას მოთხოვნას. მისი განმარტებით, უძრავი ქონების გასხვისება შეესაბამებოდა არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესებს.

5. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილებით განმცხადებელს მიეცა თანხმობა არასრულწლოვნის ქონების განკარგვაზე ნასყიდობის დადების გზით; განმცხადებელს დაევალა სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ცენტრისთვის ინფორმაციის წარდგენა არასრულწლოვნის ქონების გასხვისების შემდეგ მიღებული თანხის მიზნობრიობის შესახებ, ბავშვის საუკეთესო ინტერესების შესაბამისად გამოყენების თაობაზე; განმცხადებელს ინფორმაციის მიწოდების ვადად განესაზღვრა 2 წელი; დადგინდა, რომ ინფორმაცია ყოველ 6 თვეში ერთხელ უნდა წარდგენილიყო.

6. სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

6.1. ლ.მ–ვა დაიბადა 2008 წლის 11 ნოემბერს;

6.2. მისი მშობლები არიან მ.მ–ვა (გარდაიცვალა 2011 წლის 16 თებერვალს) და ლ.ხ–ვა;

6.3. წალენჯიხაში, ……. მდებარე უძრავი ქონება (ს/კ …..) თანასაკუთრების უფლებით რეგისტრირებულია ლ.ხ–ვას, მ.მ–ვასა და ლ.მ–ვას სახელზე;

6.4. ზუგდიდში, ….. მდებარე უძრავი ქონება (ს/კ …..) რეგისტრირებულია ლ.ხ–ვას სახელზე, რომელსაც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის 2021 წლის 2 მარტის ბრძანებით მიეცა მშენებლობის ნებართვა;

6.5. ლ.მ–ვა სწავლობს ზუგდიდის №4 საჯარო სკოლაში.

7. სასამართლომ, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებისას, სოციალური მუშაკის დასკვნის, სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ცენტრის წარმომადგენლისა და ლ.მ–ვას ადვოკატის განმარტებების გათვალისწინებით, აღნიშნა, რომ მოთხოვნის დაკმაყოფილებით არ წარმოიშობა ბავშვის საცხოვრებლის გარეშე დარჩენის რისკი, მიღებული სარგებელი მოხმარდება მის სამომავლო კეთილდღეობას და განვითარებას, რათა გაიზარდოს უსაფრთხო, დაცულ, ბედნიერ და მზრუნველ გარემოში. ამასთან, ბავშვის საუკეთესო ინტერესების უზრუნველსაყოფად, სასამართლომ დაადგინა ლ.ხ–ვას ვალდებულება სააგენტოსთვის ქონების გასხვისების შედეგად მიღებული თანხის გამოყენების შესახებ ინფორმაციის წარდგენის თაობაზე.

8. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილება, ინფორმაციის წარდგენის დავალების ნაწილში, სააგენტომ სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა. შესაბამისად, არასრულწლოვნის ქონების გასხვისების შესახებ თანხმობის გაცემის ნაწილში გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში.

9. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 3 ნოემბრის განჩინებით სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ცენტრის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილება.

10. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ „ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენცია და ბავშვის უფლებათა შესახებ კოდექსი განამტკიცებენ ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით მოქმედების ვალდებულებას, რის გამოც სახელმწიფომ უნდა განახორციელოს აქტიური მოქმედებები და შეიმუშაოს არასრულწლოვნის უფლებებისა და კანონიერი ინტერესის დასაცავად საკანონმდებლო რეგულაციები. ამდენად, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, ბავშვის საუკეთესო ინტერესის სრულფასოვნად დასაცავად, საქალაქო სასამართლომ სწორად დაადგინა ლ.ხ–ვას მიერ ინფორმაციის წარდგენის ვალდებულება, რათა სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონულმა ცენტრმა განახორციელოს არასრულწლოვნის უძრავი ქონების გასხვისების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების შესრულებაზე კონტროლი (მონიტორინგი).

11. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 3 ნოემბრის განჩინება სააგენტომ საკასაციო წესით გაასაჩივრა.

12. კასატორი აღნიშნავს, რომ სააგენტოსთვის კონტროლის დავალების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რადგან კანონმდებლობით არ რეგულირდება სააგენტოს, როგორც მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მიერ არასრულწლოვნის კუთვნილი უძრავი ქონების რეალიზაციის გზით მიღებული სარგებლის მიზნობრივ განკარგვაზე მონიტორინგის/კონტროლის წესი, პირობები და რეაგირების მექანიზმები. ამასთან, სააგენტოს არც შესაბამისი რესურსი გააჩნია. ამდენად, სასამართლოს დავალების აღსრულება ობიექტურად შეუძლებელი იქნება.

13. კასატორი დამატებით მიუთითებს, რომ არასრულწლოვნის ქონების განკარგვაზე თანხმობის გაცემამდე სასამართლო იკვლევს ქონების გასხვისების მიზანს, არსებულ ვითარებას, ბავშვის მდგომარეობაზე ქონების გასხვისებით გამოწვეულ შედეგებს, მოისმენს სააგენტოს პოზიციასაც. ამრიგად, ქონების გასხვისებაზე თანხმობის მიღების პროცედურა უზრუნველყოფს ბავშვის დაცვას.

14. კასატორმა, ასევე, იშუამდგომლა საქმის მხარეთა დასწრებით განხილვის თაობაზე.

15. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 28 დეკემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, ხოლო 2022 წლის 24 თებერვლის განჩინებით - საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და დადგინდა მისი მხარეთა დასწრების გარეშე განხილვა.

16. კასატორმა 2022 წლის 18 მარტს საქართველოს უზენაეს სასამართლოს განცხადებით მომართა და საქმის მხარეთა დასწრებით განხილვის თაობაზე იშუამდგომლა.

II სამოტივაციო ნაწილი:

17. საკასაციო სასამართლო, საქმის მასალებისა და საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლის შედეგად, მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ცენტრის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს.

18. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს არასრულწლოვნის ქონების განკარგვაზე თანხმობის გაცემის შესახებ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების სათანადოდ აღსრულებაზე სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოსთვის მონიტორინგის დავალების კანონიერება.

19. საკასაციო პალატა, სადავო საკითხის მართებულად შეფასებისთვის, მიზანშეწონილად მიიჩნევს, ყურადღება გაამახვილოს ბავშვის უფლებების მარეგულირებელ კანონმდებლობაზე.

20. საკასაციო სასამართლო მიუთითებს „ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციაზე, რომლის მონაწილე სახელმწიფოებიც აღიარებენ, რომ ბავშვებს აქვთ განსაკუთრებული ზრუნვისა და დახმარების უფლება. კონვენციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ბავშვების მიმართ ყველა მოქმედებაში იმის მიუხედავად, მიმართავენ მას სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები, უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის საუკეთესო ინტერესების უზრუნველყოფას. იმავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი, მონაწილე სახელმწიფოები ვალდებულებას კისრულობენ, უზრუნველყონ ბავშვი ისეთი დაცვითა და ზრუნვით, როგორიც საჭიროა მისი კეთილდღეობისათვის, ამასთან, ითვალისწინებენ მისი მშობლების, მეურვეების ან კანონით მისთვის პასუხისმგებელი სხვა პირების უფლებებსა და მოვალეობებს და ამ მიზნით მიმართავენ ყველა შესაბამის საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ ზომას.

21. „ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციით აღიარებული ბავშვის უფლებების სრულფასოვნად რეალიზაციისათვის, 2020 წლის 1 სექტემბრიდან საქართველოში ამოქმედდა ბავშვის უფლებათა კოდექსი, რომელიც, კანონის განმარტებითი ბარათის თანახმად, მიზნად ისახავდა ბავშვის კეთილდღეობის მისაღწევად საქართველოში ერთიანი სახელმწიფოებრივი ხედვისა და სისტემური მიდგომის ჩამოყალიბებას. კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ბავშვს უფლება აქვს, მასთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას უპირატესობა მიენიჭოს მის საუკეთესო ინტერესებს, რომლებიც ბავშვისთვის ინდივიდუალურად, ამ კოდექსის, საქართველოს კონსტიტუციის, ბავშვის უფლებათა კონვენციის, მისი დამატებითი ოქმებისა და საქართველოს სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად განისაზღვრება. ამავე კოდექსის მე-19 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ბავშვს აქვს საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება, ხოლო მე-4 ნაწილის თანახმად, ბავშვის ქონების განკარგვა დასაშვებია ბავშვის საუკეთესო ინტერესების შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

22. ნიშანდობლივია, რომ ბავშვის უფლებათა კოდექსის ამოქმედებამ არაერთ საკანონმდებლო აქტში გამოიწვია ცვლილების შეტანა, მათ შორის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსში შესული ცვლილებით დაწესდა სავალდებულო სასამართლო კონტროლი არასრულწლოვნის უძრავი ქონების გასხვისების პროცედურებზე. კერძოდ, 183-ე მუხლს დაემატა მე-2 ნაწილი, რომლის შესაბამისადაც, ბავშვის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის მისი მშობლის ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის მიერ განკარგვა დასაშვებია ბავშვის საუკეთესო ინტერესების შესაბამისად, სასამართლოს თანხმობის საფუძველზე. საგულისხმოა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსსაც დაემატა ახალი ნორმა - 2511 მუხლი, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ არასრულწლოვნის უფლებებთან დაკავშირებულ საქმეზე გადაწყვეტილების მიღებისას და დასაბუთებისას სასამართლო უპირატესობას ანიჭებს არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესებს.

23. ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ბავშვის ქონების გასხვისებისას სასამართლოს თანხმობის მოპოვების აუცილებლობის შემოღება ბავშვის უფლებების სათანადო დაცვის, მისი საუკეთესო ინტერესების გათვალისწინების, საკუთრების გარეშე დარჩენის რისკების გამორიცხვისა და მისი კეთილდღეობის მიღწევის მიზნებით არის განპირობებული. მსგავსი სახის დავა სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს ბავშვის საუკეთესო ინტერესების შესაბამისად, რაც საჭიროებს ქონების გასხვისების მიზეზის, მიზნებისა და სავარაუდო შედეგების შესწავლასა და ბავშვის მდგომარეობაზე გავლენის შეფასებას. ამასთან, ბავშვის საუკეთესო ინტერესების დადგენას ემსახურება კანონმდებლობით მსგავსი ტიპის დავებში არასრულწლოვნის, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოსა და ადვოკატის ჩაბმა. დასახელებულ პირთა პოზიციების გათვალისწინება საკითხის სწორად გადაწყვეტისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

24. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ვინაიდან სადავო შემთხვევაში არასრულწლოვნის ქონების განკარგვაზე სასამართლოს მიერ თანხმობის გაცემა არ გასაჩივრებულა, საკასაციო სასამართლო ვერ შეაფასებს თანხმობის გაცემის წინაპირობების არსებობას, თუმცა ხაზგასასმელია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ საკითხი გადაწყვიტა როგორც განცხადების დეტალურად შესწავლისა და განმცხადებლის პოზიციის მოსმენის, ისე სოციალური მუშაკის დასკვნის, სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ცენტრის წარმომადგენლისა და ლ.მ–ვას ადვოკატის განმარტებების გათვალისწინებით. ამრიგად, განსახილველ საქმეზე ქონების განკარგვით არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების დაცვის უზრუნველყოფის ფაქტი დადგენილია და სასამართლო კონტროლი ბავშვის უფლებების დარღვევის გამოსარიცხად განხორციელებულია.

25. რაც შეეხება სასამართლოს გადაწყვეტილების სათანადოდ აღსრულების კონტროლსა და სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოსთვის მონიტორინგის დავალებას, საკასაციო პალატა, საქართველოს კონსტიტუციის 62-ე მუხლის პირველ პუნქტზე, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-4 მუხლის პირველ პუნქტსა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლზე მითითებით, აღნიშნავს, რომ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული აქტები (გადაწყვეტილებები, განჩინებები, დადგენილებები) შესასრულებლად სავალდებულო ძალას ატარებს. სწორედ ამიტომ, ნებისმიერი პირი, ვის მიმართაც არის გამოტანილი გადაწყვეტილება, ვალდებულია, შეასრულოს ის. ამასთან, გადაწყვეტილების შესრულება გამოიხატება გადაწყვეტილებაში მითითებული ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლების ზუსტად, ჯეროვნად, სათანადოდ გათვალისწინებასა და შესრულებაში. საყურადღებოა, რომ გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შეუსრულებლობისას, მოქმედი კანონმდებლობა ითვალისწინებს გადაწყვეტილების იძულებით აღსრულების მექანიზმებს, რადგან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულება სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლების ერთ-ერთ კომპონენტს წარმოადგენს და მისმა აღუსრულებლობამ შეიძლება სასამართლოსადმი მიმართვის უფლება დეკლარაციულ უფლებად აქციოს.

26. განსახილველი საქმის სპეციფიკიდან გამომდინარე, რადგან საკითხი არ შეეხება მოდავე მხარეებს შორის წარმოშობილი კონფლიქტის მოწესრიგებას, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის მიხედვით გადაწყვეტილების იძულებით აღსრულების საკითხი არ წამოიჭრება - მიუხედავად სასამართლოს მიერ თანხმობის გაცემისა, ქონების განკარგვაზე განმცხადებლის იძულება ვერ მოხდება. ამასთანავე, სწორედ დავის თავისებურების გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია, რომ განმცხადებელმა გადაწყვეტილება სათანადოდ შეასრულოს, რაც გამოიხატება უძრავი ქონების გასხვისების შემთხვევაში მიღებული სარგებლის მიზნობრივად - სასამართლოს მიერ გამოკვლეული და ბავშვის საუკეთესო ინტერესების უზრუნველმყოფი დანიშნულებით გამოყენებაში. ამასთან, მიღებული გადაწყვეტილების შესრულების - სარგებლის სათანადოდ გამოყენების კონტროლის სპეციალური მექანიზმი მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული არ არის. მიუხედავად ამისა, ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არასრულწლოვნის დედას დაუწესეს სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოში ინფორმაციის წარდგენის ვალდებულება, რათა სააგენტომ განახორციელოს გადაწყვეტილების აღსრულებაზე მონიტორინგი.

27. საკასაციო სასამართლო, მართალია, იაზრებს ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მიერ საკითხის ამგვარი მოწესრიგებით ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვის მიზნის მიღწევის სურვილის არსებობას, თუმცა მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, იზიარებს კასატორის არგუმენტებს გასაჩივრებულ ნაწილში სასამართლოს განჩინების გაუქმების წინაპირობების არსებობის თაობაზე.

28. საკასაციო პალატა, სააგენტოსთვის მსგავსი ვალდებულების დაკისრების კანონიერების შესწავლისას, ყურადღებას გაამახვილებს ბავშვის უფლებათა კოდექსის განმარტებით ბარათზე, რომლის მიხედვითაც, აუცილებელია აღსრულების კონკრეტული მექანიზმებით კოდექსის აღჭურვა, რაც მის სრულფასოვან იმპლემენტაციას უზრუნველყოფს. ასეთ მექანიზმებად დასახელებულია: კონკრეტული, კრიტერიუმებზე დაფუძნებული პროგრამების, მათი დამტკიცებისა და ამოქმედების ვალდებულების გაწერა კანონში კონკრეტულ ვადებში; საპარლამენტო ზედამხედველობის გაძლიერება ბავშვის უფლებების დაცვის კუთხით, მათ შორის, სპეციალური საბჭოს შექმნა, რომელიც ბავშვის კეთილდღეობაზე იქნება ორიენტირებული; კოდექსის საიმპლემენტაციო გეგმის შექმნა და დამტკიცება, რაც ასევე კოდექსითაა გათვალისწინებული; სახალხო დამცველის როლის გაძლიერება; იურიდიული დახმარების სამსახურის უფლებამოსილებების გაფართოება; სასამართლოს გაძლიერება, რომელიც იქნება თითოეული ბავშვის უფლების დაცვის ეფექტიანი კონკრეტული მექანიზმი. ამრიგად, კოდექსის შემოღებისას კანონმდებელმა ბავშვის უფლებების დაცვის გასაძლიერებლად აღსრულების მექანიზმების საჭიროებასა და მნიშვნელობაზე იმსჯელა და სწორედ ხსენებული სპეციალური მექანიზმის ერთ-ერთ გამოვლინებას წარმოადგენს სასამართლოს კონტროლის შემოღება ბავშვის ქონების გასხვისებისას, თუმცა უკვე მიღებული გადაწყვეტილების შესრულებაზე მონიტორინგის საკითხი კანონმდებელს არ განუსაზღვრავს (რაც შესაძლებელია, კანონმდებლის კვალიფიციურ დუმილსაც კი წარმოადგენდეს). შესაბამისად, დღეის მდგომარეობით, მშობლისთვის ინფორმაციის წარდგენისა და სააგენტოსთვის მონიტორინგის დავალების საკანონმდებლო საფუძველი არ არსებობს, რის გამოც ასეთი დავალების პირობებშიც კი - სააგენტო მოკლებული იქნება საკითხზე რეალური და შედეგიანი რეაგირების როგორც სამართლებრივ, ისე ფაქტობრივ შესაძლებლობას.

29. საკასაციო პალატა დამატებით ითვალისწინებს, რომ რადგან ქონების გასხვისებაზე სასამართლოს მიერ თანხმობის გაცემა ჯერ კიდევ ახალი სამართალურთიერთობაა, მისი პრაქტიკაში დანერგვისა და აღსრულების პროცესში შესაძლებელია, წამოიჭრას ახალი გამოწვევები და ახალი საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების საჭიროების - გადაწყვეტილების შესრულების მონიტორინგის შემოღების აუცილებლობის საკითხიც კი დადგეს. თუმცა, საკითხის სენსიტიურობიდან და სირთულიდან გამომდინარე, ის გადაწყვეტილ უნდა იქნეს დარგით დაინტერესებული ინსტიტუციებისა და პირების ჩართულობით, პრობლემის სიღრმისეული და მასშტაბური შესწავლის შედეგად, რათა შემოღებული მოწესრიგებით ბავშვის უფლებების ეფექტიანი, სწრაფი და დროული დაცვა იყოს შესაძლებელი. სწორედ ამიტომ, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინების ძალაში დატოვებამ, კანონმდებლობის არარსებობისა და სააგენტოს მიერ შესაბამისი რესურსის არქონის პირობებში, შესაძლებელია, ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვის უზრუნველყოფის ნაცვლად, ურთიერთობის მოწესრიგების ხელოვნურად გაჭიანურება და გართულება გამოიწვიოს. ამასთან, საკასაციო სასამართლო ხაზგასმით მიუთითებს და აღნიშნავს, რომ სააგენტოსთვის მონიტორინგის დავალების გაუქმება არ ნიშნავს და არ გულისხმობს სასამართლოს გადაწყვეტილების განმცხადებლის მიერ ბავშვის ინტერესების დარღვევით შესრულებას. თუკი ქონების განკარგვის შემდგომ ადგილი ექნება ბავშვის უფლებების დარღვევას და მიღებული სარგებლის არამიზნობრივ გამოყენებას, ასეთ ფაქტზე რეაგირება კანონმდებლობით გათვალისწინებული საერთო საფუძვლებით შეიძლება მოხდეს.

30. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის, 409-ე, 411-ე მუხლების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება არ შეესაბამება კანონმდებლობას და უნდა გაუქმდეს. რაც შეეხება საპროცესო ხარჯების განაწილებას, მხარეები სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლებულნი არიან.

31. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საქმის მხარეთა დასწრებით განხილვის თაობაზე კასატორის შუამდგომლობასთან დაკავშირებით კი, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის მიხედვითაც, საკასაციო სასამართლოს შეუძლია გადაწყვეტილება გამოიტანოს საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე. სასამართლომ საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის შესახებ წინასწარ უნდა აცნობოს მხარეებს. განსახილველ შემთხვევაში კი, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 24 თებერვლის განჩინებით უკვე დადგინდა საკასაციო საჩივრის მხარეთა დასწრების გარეშე გადაწყვეტა, რის თაობაზეც ეცნობათ მხარეებს. ამდენად, საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის თაობაზე შუამდგომლობის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.

III სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე, 409-ე, 411-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ცენტრის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. კასატორის შუამდგომლობა საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;

3. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 3 ნოემბრის განჩინება განმცხადებლისთვის სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ცენტრისთვის ინფორმაციის წარდგენისა და სააგენტოსთვის მონიტორინგის დავალების ნაწილში;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ა. წულაძე

მოსამართლეები: ლ. მიქაბერიძე

გ. მიქაუტაძე