№ას-46-2021 5 აპრილი, 2022 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
შემადგენლობა:
მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე,
ლევან მიქაბერიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – სს „ს.ბ–ი“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარეები – ლ.ც–ძე, გ.ჯ–ნი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 28 სექტემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის უარყოფა
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 10 მარტის გადაწყვეტილებით ლ.ც–ძის (შემდეგში: მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სს „ს.ბ–სა“ (შემდეგში: მოპასუხე, აპელანტი, ბ–ი ან კასატორი) და მოსარჩელეს შორის დადებული 2015 წლის 11 სექტემბრის კრედიტის ხელშეკრულების ფარგლებში არსებული დავალიანების 879 აშშ დოლარის და მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანის 1 200 აშშ დოლარის ურთიერთგაქვითვის შედეგად მოპასუხეს დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ სხვაობა - 321 აშშ დოლარის შესაბამისი ეკვივალენტი ლარში გადახდა; მოსარჩელის სარჩელი მიუღებელი შემოსავლის სახით 995 ლარის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა; გ.ჯ–ნის (შემდეგში: მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი მის მიერ გადახდილი 400 ლარის მოპასუხისათვის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა; მოსარჩელეების მოთხოვნა მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
2. აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე, ბ–ის მიერ წარდგენილი სააპელაციო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 28 სექტემბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 10 მარტის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
3. სააპელაციო სასამართლოს დასახელებულ განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა ბ–მა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოთხოვნით.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 8 თებერვლის განჩინებით ბ–ის საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.
5. ბ–მა, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 4 ივნისის განჩინებით განცხადება მიღებულია განსახილველად, ხოლო, 2021 წლის 1 დეკემბერს გაიმართა საქმის ზეპირი ფორმით განხილვა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 10 დეკემბრის განჩინებით საქმის წარმოება განახლების შედეგად წარმოებაშია მიღებული ბ–ის საკასაციო საჩივარი.
7. ბ–ის წარმომადგენელმა, 2022 წლის 28 მარტს მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, წარმოადგინა მხარეთა მიერ ხელმოწერილი და ნოტარიულად დამოწმებული მორიგების აქტი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო მხარეთა მიერ წარმოდგენილ მორიგების აქტს, მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა მორიგების დამტკიცების თაობაზე კანონიერია და უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს ამ საქმეზე სასამართლოს მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება, ხოლო მოცემული საქმის წარმოება შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
8. მხარეთა შორის გაფორმებული მორიგების აქტის პირობების მიხედვით:
8.1. „ბ–ი“ „მოწინააღმდეგე მხარეებს“ აუნაზღაურებს 965 ლარს;
8.2. „მოწინააღმდეგე მხარეები“ უარს აცხადებენ მოთხოვნაზე დარჩენილ ნაწილში;
8.3. „მოწინააღმდეგე მხარეები“ „ბ–ს“ აუნაზღაურებენ სასამართლოში საქმის წარმოებისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილს - 100 ლარის ოდენობით;
8.4. „მხარეები თანხმდებიან“, რომ „მორიგების აქტის“ 1.1, და 1.3. ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მოთხოვნათა ურთიერთგაქვითვის შედეგად, „ბ–ი“ „მორიგების აქტის“ დამტკიცების თაობაზე სასამართლოს განჩინების კანონიერ ძალაში შესვლიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში, „მოწინააღმდეგე მხარეებს“ გადაუხდის 865 ლარს.
8.5. „მხარეები“ თანხმდებიან, რომ „ბ–ის“ მიერ 1.4 ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების შედეგად, „მხარეთა“ ვალდებულება შესრულებულად ჩაითვლება და ერთმანეთის მიმართ მოთხოვნები აღარ ექნებათ.
8.6. „ბ–ი“ „მორიგების აქტის“ 1.4 ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ვალდებულებას შეასრულებს, „მორიგების აქტის“ დამტკიცების თაობაზე სასამართლოს განჩინების კანონიერ ძალაში შესვლიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში, შემდეგ საბ–ო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის გზით:
ბ–ის დასახელება: სს „თ.ბ–ი“
დანიშნულება: საქართველოს უზენაეს სასამართლოში არსებული საქმე №ას-46-2021-ის მორიგებით დასრულება
ანგარიშის ნომერი: GE10TB7916445064300018/GEL
(ანგარიშის მფლობელი: ნ.მ–ძე; პ/ნ: ......)
8.7. საქართველოს უზენაეს სასამართლოში მიმდინარე №ას-46-2021 დავა წყდება ურთიერთშეთანხმებით.
8.8. „მორიგების აქტის“ მორიგების პირობების შესრულების შემდგომ, წინამდებარე დავაში არსებულ და მისგან გამომდინარე მოთხოვნებთან დაკავშირებით, „მხარეებს“ ერთმანეთის მიმართ, პრეტენზიები აღარ ექნებათ.
9. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსსკ-ის 218-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლომ ყოველნაირად უნდა შეუწყოს ხელი და უნდა მიიღოს კანონით გათვალისწინებული ყველა ზომა, რათა მხარეებმა საქმე მორიგებით დაამთავრონ. საქმის მორიგებით დამთავრების მიზნით, მოსამართლე უფლებამოსილია, თავისი ინიციატივით ან მხარის შუამდგომლობით გამოაცხადოს შესვენება სასამართლო სხდომის მიმდინარეობისას და სხვა პირთა დასწრების გარეშე მოუსმინოს მხოლოდ მხარეებს ან მხოლოდ მათ წარმომადგენლებს. ამავე კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილითა და 83-ე მუხლის პირველი ნაწილით გარანტირებულია მხარეების უფლება საქმის წარმოების ნებისმიერ ეტაპზე დავა მორიგებით დაამთავრონ. მითითებული ნორმებით აღიარებულია მოდავე მხარეთა შესაძლებლობა, გარკვეული შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, თავად გადაწყვიტონ სარჩელის ბედი.
10. მხარეებს განემარტათ, რომ სსსკ-ის 272-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მხარეთა მორიგების შედეგად მოცემულ დავაზე სამოქალაქო საქმის წარმოება უნდა შეწყდეს, ხოლო, ამავე კოდექსის 273-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.
11. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეთა მიერ შეთანხმებული მორიგების პირობები არ ეწინააღმდეგება კანონს და არ ლახავს მესამე პირთა ინტერესებს, შესაბამისად, წარმოდგენილი მორიგების აქტი უნდა დამტკიცდეს და საქმის წარმოება უნდა შეწყდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 218-ე მუხლებით, 420-ე, 399-ე, 272-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით, 264-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 266-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სს „ს.ბ–ს“, ლ.ც–ძესა და გ.ჯ–ნს შორის გაფორმებული მორიგების აქტი დამტკიცდეს შემდეგი პირობებით:
1.1. „ბ–ი“ „მოწინააღმდეგე მხარეებს“ აუნაზღაურებს 965 ლარს;
1.2. „მოწინააღმდეგე მხარეები“ უარს აცხადებენ მოთხოვნაზე დარჩენილ ნაწილში;
1.3. „მოწინააღმდეგე მხარეები“ „ბ–ს“ აუნაზღაურებენ სასამართლოში საქმის წარმოებისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილს - 100 ლარის ოდენობით;
1.4. „მხარეები თანხმდებიან“, რომ „მორიგების აქტის“ 1.1, და 1.3. ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მოთხოვნათა ურთიერთგაქვითვის შედეგად, „ბ–ი“ „მორიგების აქტის“ დამტკიცების თაობაზე სასამართლოს განჩინების კანონიერ ძალაში შესვლიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში, „მოწინააღმდეგე მხარეებს“ გადაუხდის 865 ლარს;
1.5.„მხარეები“ თანხმდებიან, რომ „ბ–ის“ მიერ 1.4 ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების შედეგად, „მხარეთა“ ვალდებულება შესრულებულად ჩაითვლება და ერთმანეთის მიმართ მოთხოვნები აღარ ექნებათ;
1.6. „ბ–ი“ „მორიგების აქტის“ 1.4 ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ვალდებულებას შეასრულებს, „მორიგების აქტის“ დამტკიცების თაობაზე სასამართლოს განჩინების კანონიერ ძალაში შესვლიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში, შემდეგ საბ–ო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის გზით:
ბ–ის დასახელება: სს „თ.ბ–ი“
დანიშნულება: საქართველოს უზენაეს სასამართლოში არსებული საქმე №ას-46-2021-ის მორიგებით დასრულება
ანგარიშის ნომერი: GE10TB7916445064300018/GEL
(ანგარიშის მფლობელი: ნ.მ–ძე; პ/ნ: ......)
1.7. „მორიგების აქტის“ მორიგების პირობების შესრულების შემდგომ, წინამდებარე დავაში არსებულ და მისგან გამომდინარე მოთხოვნებთან დაკავშირებით, „მხარეებს“ ერთმანეთის მიმართ, პრეტენზიები აღარ ექნებათ.
2. შეწყდეს წინამდებარე საქმის წარმოება, გაუქმდეს საქმეზე სასამართლოს მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება/განჩინება.
3. განემარტოთ მხარეებს, რომ საქმის წარმოების შეწყვეტისას დაუშვებელია სასამართლოსთვის ხელმეორედ მიმართვა იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლებით;
4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: მ. ერემაძე
მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე
ლ. მიქაბერიძე