საქმე № ას-972-2021 26 იანვარი, 2022 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე,
ლევან მიქაბერიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – პ.კ–ა
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 28 აპრილის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. პ.კ–ამ სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა ჟ.ბ–ას და ნ.ფ–ას გამოსახლება ქ. თბილისში, ........ მდებარე ბინიდან.
2. თბილისის მთაწმინდა-კრწანისის სასამართლოს 05.03.2003წ. გადაწყვეტილებით პ.კ–ას სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხეები გამოსახლებულ იქნენ მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ ბინიდან. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ჟ.ბ–ამ და ნ.ფ–ამ.
3. თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 22.12.2003წ. გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ჯ. ბ–ას და ნ. ფ–ას სააპელაციო საჩივარი, გაუქმდა მთაწმინდა-კრწანისის რაიონული სასამართლოს 05.03.2003წ. გადაწყვეტილება და პ.კ–ას სარჩელს უარი ეთქვა დაკმაყოფილებაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება პ.კ–ამ გაასაჩივრა საკასაციო წესით.
4. საქართველოს უზენაეს სასამართლოს 14.11.2005წ. განჩინებით პ.კ–იას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 22.12.2003წ. გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში.
5. საქართველოს უზენაეს სასამართლოს 20.02.2006წ. განჩინებით საქართველოს სახალხო დამცველის ს. ს–ის რეკომენდაცია, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 14.11.2005წ. კანონიერ ძალაში შესული განჩინების კანონიერების შემოწმების თაობაზე, დარჩა განუხილველი დაუშვებლობის გამო.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 10.05.2007წ. განჩინებით პ.კ–ას განცხადება, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო თბილისის საოლქო სასამართლოს, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 22.12.2003წ. გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ არ დაკმაყოფილდა.
7. საქართველოს უზენაეს სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 20.11.2007წ. განჩინებით პ.კ–ას საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 10.05.2007წ. განჩინების გაუქმების და საქმის წარმოების განახლების შესახებ დაუშვებლად იქნა მიჩნეული.
8. საქართველოს უზენაეს სასამართლოს 10.04.2012წ. განჩინებით პ.კ–ას განცხადება თბილისის საოლქო სასამართლოს, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 22.12.2003წ. გადაწყვეტილების და თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 05.03.2003წ. გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ დარჩა განუხილველი დაუშვებლობის გამო.
9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 28.06.2012წ. განჩინებით პ.კ–ას განცხადება თბილისის საოლქო სასამართლოს, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 22.12.2003წ. გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე, დაუშვებლობის გამო დარჩა განუხილველი.
10. საქართველოს უზენაეს სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 10.09.2012წ. განჩინებით პ.კ–ას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 28.06.2012წ. განჩინება დარჩა უცვლელი.
11. პ.კ–ამ 2020 წლის 11 ნოემბერსა და 2021 წლის 10 თებერვალს განცხადებებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა თბილისის საოლქო სასამართლოს, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 22.12.2003წ. სხდომის ოქმის გაუქმება და ამავე სასამართლოს 22.12.2003წ. გადაწვეტილების გაუქმება.
12. მოსამართლის თანაშემწემ, 2021 წლის 16 თებერვალს, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის არქივიდან განცხადებების განხილვის მიზნით გამოითხოვა სამოქალაქო საქმე 2ბ/210-03, რომელიც თბილისის სააპელაციო სასამართლოს გამოეგზავნა 23.02.2021წ.
13. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 28 აპრილის განჩინებით პ.კ–ას განცხადებები თბილისის საოლქო სასამართლოს სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003 წლის 22 დეკემბრის სხდომის ოქმისა და ამავე სასამართლოს 2003 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე დარჩა განუხილველი.
14. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 22.12.2003წ. გადაწყვეტილება, რომლის გაუქმებასაც ითხოვდა განმცხადებელი შესული იყო კანონიერ ძალაში საქართველოს უზენაეს სასამართლოს 14.11.2005წ. განჩინებით, რაც გამორიცხავდა აღნიშნული გადაწყვეტილების კვლავ გასაჩივრების პროცესუალურ შესაძლებლობას, ხოლო, თუ განმცხადებელი გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნაში გულისხმობდა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობას, აღნიშნული ასევე დაუშვებელია სსკ-ის 426-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, რომლის შესაბამისადაც გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანა დაუშვებელია გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 წლის გასვლის შემდეგ.
15. სხდომის ოქმის გაუქმების შესახებ განმცხადებლის პრეტენზიის პასუხად, სასამართლომ განმარტა, რომ აღნიშნული იმავე წარმოების ფარგლებში შეიძლებოდა გასაჩივრებულიყო, შესაბამის ვადებში, რის გამოც განუხილველად უნდა დარჩეს.
16. აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარმოადგინა სასამართლოში პ.კ–ამ, საქმისწარმოების განახლების მოთხოვნით.
17. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 1 ნოემბრის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულია განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
18. სსსკ-ის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი ან სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.
19. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ კერძო საჩივრის ავტორი სააპელაციო სასამართლოში ასაჩივრებდა ისეთ განჩინებებს გადაწყვეტილებებსა და სხდომის ოქმებს, რომლებიც სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული წესით საჩივრდება შესაბამისი ფორმითა და დროში.
20. საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მსჯელობასა და დასკვნებს და განმარტავს, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2005 წლის 14 ნოემბრის განჩინების საფუძველზე. კანონიერ ძალაში შესული განჩინებისა თუ გადაწყვეტილების გაუქმების ერთადერთი გზა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის გათვალისწინებით საქმის წარმოების განახლების შედეგად, აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება ან ბათილად ცნობაა, თუმცა, ამ შემთხვევაშიც, მხარე ვალდებულია სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი იმპერატიული ნორმების გათვალისწინებით წარადგინოს, განცხადებები, საჩივრები თუ მტკიცებულებები, ხოლო, ასეთი საჩივრისა თუ მტკიცებულებათა კანონით დადგენილი ვადის გასვლისას წარდგენისას, განცხადება განუხილველად დარჩება. ამასთანავე, კონკრეტული საქმის წარმოებისას მიღებული საოქმო განჩინება, რომელიც ცალკე არ საჩივრდება, უნდა გასაჩივრდეს საერთო წესით, სადავოდ გამხდარ სადავო გადაწყვეტილებასთან ერთად, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია, ამდენად, სადავო საოქმო განჩინებაზე წარდგენილი პრეტენზიაც განუხილველად უნდა დარჩეს.
21. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 28 აპრილის განჩინება კანონიერია, ხოლო კერძო საჩივარი - დაუსაბუთებელი, რის გამოც არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 263-ე, 284-ე, 285-ე, 401-ე, 420-ე, 419-ე, 412-ე მუხლებით, და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. პ.კ–ას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 28 აპრილის განჩინება;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლე: მ. ერემაძე
მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე
ლ. მიქაბერიძე