Facebook Twitter

3გ-ად-12-გ-03 24 აპრილი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),

ნ. ქადაგიძე,

გ. ქაჯაია

საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატასა და ამავე სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატას შორის განსჯადობის შესახებ დავა მოქ. კ. ბ-ის სააპელაციო საჩივართან დაკავშირებით ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2002წ. 12 ივნისის გადაწყვეტილებაზე.

აღწერილობითი ნაწილი:

2001წ. 04 დეკემბერს ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველომ მოპასუხე კ. ბ-ის მიმართ და მოითხოვა ამ უკანასკნელის ქ. თბილისში, .... მდებარე 23,89 კვ/მ არასაცხოვრებელი ფართიდან გამოსახლება.

თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2002წ. 12 ივნისის გადაწყვეტილებით, ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს სარჩელი კ. ბ-ის მიმართ დაკმაყოფილდა. ამავე გადაწყვეტილებით კ. ბ-ს დაევალა ქ. თბილისში, ..... მდებარე ფართის გამოთავისუფლება.

არ დაეთანხმა რა მითითებულ გადაწყვეტილებას, კ. ბ-ის მიერ თბილისის საოლქო სასამართლოში წარდგენილი იქნა სააპელაციო საჩივარი რომლის საფუძველზეც აპელანტმა მოითხოვა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2002წ. 12 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმება.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 6 თებერვლის განჩინებით, იმ მოტივით, რომ საქმეში მოსარჩელეს წარმოადგენდა სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველო და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის თანახმად, საქმის განხილვა და გადაწყვეტა უნდა მომხდარიყო ადმინისტრაციული საქმეების განხილვისა და გადაწყვეტის საპროცესო წესების შესაბამისად, საქმე განსჯადობის წესით განსახილველად გადაეცა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატას.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატა არ დაეთანხა რა ზემოაღნიშნულ განჩინებას, სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავის გადასაწყვეტად, საქმე გადმოაგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო რა საქმის მასალებსა და შეისწავლა თბილისის საოლქო სასამართლოს განჩინებების საფუძვლიანობა, მიიჩნია, რომ კ. ბ-ის საკასაციო საჩივარი ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2002წ. 12 ივნისის გადაწყვეტილებაზე განსახილველად უნდა დაექვემდებაროს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის შესაბამისად, იმისათვის, რომ დავა მიჩნეულ იქნას ადმინისტრაციული კატეგორიის დავად, აუცილებელია ორი ძირითადი პირობის არსებობა:

ა) სადავო სამართლებრივი ურთიერთობა უნდა გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან ან ადმინისტრაციული დავის საგანს უნდა წარმოადგენდეს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევა;

ბ) სადავო სამართალურთიერთობაში მონაწილე ერთ-ერთ მხარეს უნდა წარმოადგენდეს ადმინისტრაციული ორგანო.

განსახილველ შემთხვევაში სახეზეა მე-2 პირობა, კერძოდ მოსარჩელე მხარეს წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანო, მაგრამ საქმეში მარტოოდენ ამ უკანასკნელის მონაწილეობა, თავისთავად არ ქმნის დავის ადმინისტრაციული სამართალწარმოების ჩარჩოებში მოქცევის საფუძველს.

იმისათვის, რომ დავა გახდეს ადმინისტრაციული სასამართლოს განსჯადი, აუცილებელია, იმავდროულად მეორე პირობის არსებობაც. კერძოდ, როგორც აღვნიშნეთ, დავა უნდა გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან (რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არა აქვს) ან ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილიდან.

საქმეში წარმოდგენილი მასალების შესაბამისად, სახეზეა ვინდიკაციური სარჩელის ტიპიური მაგალითი, რომლის შესაბამისადაც, ადმინისტრაციული ორგანოს მოთხოვნა მიმართულია ფიზიკური პირის წინააღმდეგ. ამ უკანასკნელის მხრიდან ადმინისტრაციული ორგანოს მიმართ მოთხოვნას ადგილი არა აქვს.

შესაბამისად, ადგილი არა აქვს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ არცერთ პირობას, რის გამოც, განსახილველი დავა ექვემდებარება საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატას.

სარეზოლუციო ნაწილი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სსკ-ს 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მოქ. კ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2002წ. 12 ივნისის გადაწყვეტილებაზე განსახილველად დაექვემდებაროს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატას.

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.