Facebook Twitter

ას-16-2022

04 მარტი, 2022 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

რევაზ ნადარაია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლაშა ქოჩიაშვილი, ამირან ძაბუნიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ნ.გ–ა (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – თ.ს–ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 25 ნოემბრის განჩინება

კერძო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. 2018 წლის 05 ოქტომბერს თ.ს–მა (შემდეგში მოსარჩელემ) სარჩელი აღძრა ნ.გ–ას (შემდეგში მოპასუხის) მიმართ, თანხის დაკისრების მოთხოვნით.

1.1. სარჩელი დაეფუძნა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: თ.ს–ი არის 1988 წლის 7 იანვარს გარდაცვლილი ა.ს–ის შვილი და შესაბამისად, პირველი რიგის მემკვიდრე. ა.ს–ის სამკვიდრო ქონება მიიღო შვილმა - დ.ს–მა, რომელიც გარდაიცვალა 2009 წლის 3 დეკემბერს და 2010 წლის 14 ივნისს გაცემული სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე, ქონების მესაკუთრე გახდა დ.ს–ის მეუღლე, ნ.გ–ა. 2015 წლის 06 ოქტომბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილებით, თ.ს–ი ცნობილ იქნა გარდაცვლილი მამის, ა.ს–ის დანაშთი ქონების 1/2 ნაწილის (იმჟამინდელი მესაკუთრე ნ.გ–ა) 1/3 ნაწილის მემკვიდრედ.

1.2. 2014 წლის 18 თებერვალს მოპასუხესა და შპს „ჩ–ს“ შორის დაიდო აღნაგობის და უძრავი ქონების გაცვლის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, შპს „ჩ–ი“ იღებდა ვალდებულებას, ხელშეკრულების ხელმოწერამდე მოპასუხისათვის ბეს სახით გადაეცა 10 000 აშშ დოლარი. ხელშეკრულების თანახმად, ზემოაღნიშნულ თანხასთან ერთად ნ.გ–ას გადაეცა ავტოსადგომი. ხელშეკრულებით განისაზღვრა საცხოვრებელი ფართის დასაქირავებლად საჭირო თანხის - 400 ლარის გადახდის ვალდებულება. მოსარჩელემ მამის - ა.ს–ის გარდაცვალების შემდეგ, მისივე ვალდებულების შესრულების მიზნით 1988 წლის 05 მაისს ნ.თ–ძეს გადაუხადა 20 000 მანეთი (32 786.89 აშშ დოლარი). შპს „ჩ–ის“ მიერ მოპასუხისათვის გადაცემული ავტოსადგომის საბაზრო ღირებულება შეადგენდა 9000 აშშ დოლარს (23490 ლარი).

1.3. მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხისათვის ბეს სახით მიღებული თანხის 1/3 ნაწილის - 3333 აშშ დოლარის, ქირის სახით მიღებული თანხის 22000 ლარის 1/3 ნაწილის - 7333 ლარის, ავტოსადგომის ღირებულების 23490 ლარის 1/3 ნაწილის - 7830 ლარისა და 32786.89 აშშ დოლარის 1/3 ნაწილის - 10929 აშშ დოლარის დაკისრება.

1.4. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მას არც ავტოსადგომი მიუღია და არც თანხა. ასევე გაურკვეველი იყო საიდან გამომდინარეობდა მოსარჩელის მიერ მითითებული თანხების ოდენობა.

1.5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 23 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით თ.ს–ის სარჩელი დაკმაყოფილდა: მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2014 წლის 18 თებერვლის ხელშეკრულების საფუძველზე მიღებული ბეს 1/3 ნაწილის 3 333 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა; 2014 წლის 18 თებერვლის ხელშეკრულების საფუძველზე 2018 წლის 18 თებერვლიდან სარჩელის აღძვრამდე მიღებული ქირის თანხის 1/3 ნაწილის 7 333 ლარის ანაზღაურება; 2018 წლის 18 თებერვლის ხელშეკრულების საფუძველზე გადაცემული ავტოსადგომის ღირებულების 1/3 ნაწილის 7 830 ლარის გადახდა; მოსარჩელის მიერ გადახდილი მამკვიდრებლის ვალის 1/3 ნაწილის 10922 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ანაზღაურება.

1.6. დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი შეიტანა მოპასუხემ და მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.

1.7. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 08 ოქტომბრის განჩინებით საჩივარი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

2. საქალაქო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განჩინება მისი ძალაში დატოვების შესახებ სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და განჩინების გაუქმება.

2.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 25 ნოემბრის განჩინებით ნ.გ–ას სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 23 ივნისის დაუსწრებელ გადაწყვეტილებასა და ამავე სასამართლოს 2021 წლის 08 ოქტომბრის განჩინებაზე დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ, დარჩა განუხილველი.

2.2. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ 2021 წლის 08 ოქტომბრის განჩინება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ მოპასუხეს ჩაბარდა პირადად, მის მიერ საჩივარში მითითებულ მისამართზე 2021 წლის 27 ოქტომბერს. სააპელაციო საჩივრის შეტანის 14 დღიანი ვადის ათლა დაიწყო 2021 წლის 28 ოქტომბერს და ამოიწურა 2021 წლის 10 ნოემბერს. ნ.გ–ამ სააპელაციო საჩივარი შეიტანა 2021 წლის 19 ნოემბერს, გასაჩივრების 14 დღიანი ვადის გასვლის შემდეგ.

3. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა მოპასუხემ და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლით:

3.1. კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 08 ოქტომბრის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით განესაზღვრა გასაჩივრების კანონით დადგენილი 14 დღიანი ვადა. იმავე განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტის თანახმად, კი საჩივრის წარდგენის ვადის ათვლა უნდა დაწყებულიყო 2021 წლის 8 ოქტომბრიდან 30 დღის გასვლის შემდგომ. შესაბამისად, მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი შეტანილია კანონით დადგენილი ვადის დაცვით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

4. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

5. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მიერ ნ.გ–ას სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერების საკითხი.

6. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

7. მოცემულ შემთხვევაში კერძო საჩივრის ავტორი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინებას სადავოდ ხდის იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად აითვალა 14-დღიანი გასაჩივრების ვადა მის მიერ განჩინების ჩაბარებიდან.

8. საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 240-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის მიხედვით, სასამართლოს განჩინება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების თაობაზე დაუსწრებელ გადაწყვეტილებასთან ერთად გასაჩივრდება სააპელაციო წესით. იმავე კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.

9. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

10. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის დენა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიწყება, თუ მხარე, რომელიც ესწრებოდა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას, ან მისთვის კანონით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ამავე მუხლით განსაზღვრულ ვადაში სასამართლოში არ გამოცხადდება და გადაწყვეტილებას არ ჩაიბარებს.

11. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ზემოთ აღნიშნული მუხლი, ერთის მხრივ, ადგენს მხარის ვალდებულებას, მითითებულ ვადაში სასამართლოში გამოცხადდეს გადაწყვეტილების მისაღებად (გარდა იმავე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული გამონაკლისებისა), ხოლო, მეორე მხრივ, ითვალისწინებს სასამართლოს ვალდებულებას, იმავე ვადაში მზად ჰქონდეს დასაბუთებული გადაწყვეტილება მხარისათვის გადასაცემად. იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო ვერ უზრუნველყოფს დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებას ამ ვადაში, ეს გარემოება მხარის პასუხისმგებლობის საფუძველი ვერ გახდება და ვადის ათვლა გადაწყვეტილების ჩაბარებიდან დაიწყება.

12. საქმის მასალებით დადგენილია და კერძო საჩივრის ავტორიც არ ხდის სადავოდ იმ გარემოებას, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 08 ოქტომბრის განჩინების ასლი კერძო საჩივრის ავტორს გაეგზავნა 2021 წლის 25 ოქტომბერს და ჩაბარდა პირადად, ამავე წლის 27 ოქტომბერს (ს.ფ. 247).

13. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის ავტორის შედავებას იმის შესახებ, რომ ვინაიდან, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის თანახმად, საჩივრის წარდგენის ვადის ათვლა უნდა დაწყებულიყო 2021 წლის 8 ოქტომბრიდან 30 დღის გასვლის შემდგომ, რის გამოც სააპელაციო საჩივარი კანონით დადგენილ ვადაში შეტანილად უნდა ჩაითვალოს, ვერ გაიზიარებს. პალატა პირველ რიგში აღნიშნავს, რომ სსსკ-ის 369-ე მუხლიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლა დაკავშირებულია მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემასთან, ხოლო გადაცემად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების სსსკ-ის 70-78-ე და 2591 მუხლებით დადგენილი წესით მხარისათვის ჩაბარება. მოცემულ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ავტორს განჩინება ჩაბარდა 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, რაც ვერ ჩაითვლება კანონის დარღვევად და ასეთ შემთხვევაში არ არსებობს საფუძველი იმისა, რომ განჩინების ჩაბარება დაუკავშირდეს 2591 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ვადის გასვლას.

14. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, ეფექტური სასამართლო დაცვის უფლება გულისხმობს, სამოქალაქო სამართალწარმოების მხარეების შესაძლებლობას გამოიყენონ გასაჩივრების უფლება იმ მომენტიდან, როცა მათ შეუძლიათ ეფექტურად შეაფასონ სასამართლოს გადაწყვეტილებები, რომლებმაც შეიძლება დაარღვიოს მათი უფლებები და კანონიერი ინტერესები. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში „მირაგალ ესკოლანო და სხვები ესპანეთის წინააღმდეგ“ დაადგინა, რომ მხარეებს უნდა შეეძლოთ გასაჩივრების უფლების გამოყენება იმ მომენტიდან, როცა მათ ძალუძთ ეფექტურად შეასრულონ ის ტვირთი, რომელსაც აკისრებს სასამართლო გადაწყვეტილება.

15. მოცემულ შემთხვევაში, ნ.გ–ას 2021 წლის 08 ოქტომბრის დასაბუთებული განჩინება გაეგზავნა და ჩაბარდა მის მიერ მითითებულ მისამართზე 2021 წლის 27 ოქტომბერს. აღნიშნული განჩინების ჩაბარებას იგი სადავოდ არ ხდის. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კერძო საჩივრის ავტორს, სწორედ აღნიშნული დროიდან მიეცა შესაძლებლობა შეეფასებინა სასამართლოს გადაწყვეტილება და სურვილის შემთხვევაში გამოეყენებინა მისი უფლება სააპელაციო საჩივრის შეტანაზე, სსსკ-ის 369-ე მუხლით გათვალისწინებული წესით (სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება). კერძო საჩივრის ავტორისათვის გადაწყვეტილების გასაჩივრების კანონით დადგენილი 14-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო დასაბუთებული განჩინების ჩაბარების მომდევნო დღეს 2021 წლის 28 ოქტომბერს და ამოიწურა 2021 წლის 10 ნოემბერს. სააპელაციო საჩივარი კი შეტანილია 2021 წლის 19 ნოემბერს (ს.ფ. 248-261), გასაჩივრების 14-დღიანი ვადის დარღვევით.

16. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილით უზრუნველყოფილი სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება არ არის აბსოლუტური და იგი შეიძლება გარკვეულ ლეგიტიმურ შეზღუდვებს ექვემდებარებოდეს. ამავე ნორმის მე-2 ნაწილის თანახმად, განცხადების მიღებასა და საქმის განხილვაზე უარის თქმა სასამართლოს შეუძლია მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლებითა და წესით. მითითებული ნორმა თანაბრად ვრცელდება როგორც პირველი ინსტანციის, ისე სააპელაციო ინსტანციის გადაწყვეტილების ზემდგომი წესით გასაჩივრების უფლებაზე. სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლების შეზღუდვის ერთ-ერთ მაგალითს საპროცესო ვადა წარმოადგენს, კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილების თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში. სასამართლო გადაწყვეტილებებისა და განჩინებების გასაჩივრების კანონით განსაზღვრული ვადების გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია. სააპელაციო გასაჩივრების უფლების რეალიზაციისათვის სპეციალურ დანაწესს გვთავაზობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლი, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. აღნიშნული ვადის დარღვევის შემთხვევაში მხარე ვეღარ დაეყრდნობა სამართლიანი სასამართლოს უფლებას და ვერ მოითხოვს მისი საქმის განხილვას, ვინაიდან მის მიმართ დადგება ის უარყოფითი საპროცესო შედეგი, რასაც ითვალისწინებს საპროცესო კანონმდებლობა კანონით დადგენილი ვალდებულებებისა თუ სასამართლოს მითითებების შეუსრულებლობისათვის.

17. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად დატოვა განუხილველად მოპასუხის სააპელაციო საჩივარი გასაჩივრების ვადიs დარღვევის გამო და არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ.გ–ას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 08 ოქტომბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე რევაზ ნადარაია

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე