Facebook Twitter

საქმე №ას-238-2021 9 დეკემბერი, 2021 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლაშა ქოჩიაშვილი,

რევაზ ნადარაია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ადიგენის მუნიციპალიტეტის მერია (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „მ–ი“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 19.11.2020წ. განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი – პირგასამტეხლოს დაკისრება

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიამ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“, „კასატორი“ ან „მეიჯარე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „მ–ის“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“ ან „მოიჯარე“) მიმართ პირგასამტეხლოს - 10 124,62 ლარის დაკისრების მოთხოვნით.

მოპასუხის პოზიცია:

2. მოპასუხემ მის მიერ წარდგენილი წერილობითი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძვლები:

3. ახალციხის რაიონული სასამართლოს 06.07.2020 წლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. შეწყდა მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის 10.01.2013 წელს დადებული იჯარის ხელშეკრულება. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლო - 500 ლარი. გადაწყვეტილება ეფუძნება შემდეგს:

3.1. 10.01.2013 წელს მოსარჩელეს და მოპასუხეს შორის ოცი წლის ვადით გაფორმდა იჯარის ხელშეკრულება, რომლითაც მოიჯარეს დროებით სარგებლობაში გადაეცა მეიჯარის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე დაბა ადიგენი, ...... (საკადასტრო კოდი: .....); საიჯარო ქირა შეადგენდა წელიწადში 60 ლარს (ყოველთვიურად 5 ლარი). მხარეები შეთანხმდნენ, რომ დადგენილ ვადაში საიჯარო ქირის გადაუხდელობის შემთხვევაში მოიჯარეს უნდა გადაეხადა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელი თანხის 2%-ის ოდენობით.

3.2. მეიჯარემ შეასრულა ქონების დროებით სარგებლობაში გადაცემის ვალდებულება, ხოლო მოიჯარემ საიჯარო ქირის გადახდის ვალდებულება დაარღვია. 10.01.2013 წლიდან 07.08.2019 წლის ჩათვლით მოპასუხის მიერ გადასახდელი ძირითადი თანხა შეადგენდა 418,55 ლარს, ხოლო პირგასამტეხლო - 10 124,62 ლარს. მოიჯარემ საიჯარო ქირა - 418,55 ლარი გადაიხადა მას შემდეგ, რაც 20.01.2020 წელს გაეგზავნა წერილობითი მოთხოვნა ვალდებულების შესრულების შესახებ.

3.3. ხელშეკრულებით განსაზღვრული იყო იჯარის ვადის გასვლამდე ხელშეკრულების მოშლის პირობა, კერძოდ, თუ მოიჯარე არ გადაიხდიდა ქირას ხელშეკრულებით დადგენილი ვადის გასვლიდან 3 თვის განმავლობაში. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ) 581-ე, 531-ე, 553-ე, 359-ე მუხლებზე და სასამართლოს გადაწყვეტილებით შეწყდა 10.01.2013 წლის იჯარის ხელშეკრულება.

3.4. სასამართლომ მიუთითა სსკ-ის 417-ე, 418-ე მუხლებზე და განმარტა, რომ პირგასამტეხლოს ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს. ამასთან, მისი ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაა. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად. შესაბამისად, სასამართლომ პირგასამტეხლოს მოთხოვნა მიიჩნია კანონიერად. ამასთან, სასამართლომ მიუთითა, რომ იგი, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება, მიზნად ისახავს კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენას და არა მის უსაფუძვლო გამდიდრებას. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო - 10 124,62 ლარი, ძირ თანხასთან - 418,55 ლართან მიმართებაში იყო შეუსაბამოდ მაღალი და, სსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, უნდა შემცირებულიყო გონივრულ ოდენობამდე - 500 ლარამდე.

4. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 19.11.2021 წლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. მოსარჩელეს მოპასუხის სასარგებლოდ დაეკისრა ადვოკატის მომსახურებისთვის გაწეული ხარჯის ნაწილის, 200 ლარის ანაზღაურება.

5.1. სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, მათ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნია, რომ არსებობდა მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირების საფუძველი.

5.2. რაც შეეხება ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეულ ხარჯს, სასამართლომ მიიჩნია, რომ დავის კატეგორიის, ასევე იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ მოპასუხის წარმომადგენელი მონაწილეობდა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვაში და მისი შედგენილი იყო სააპელაციო შესაგებელი, მოსარჩელეს მოპასუხის სასარგებლოდ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 53-ე მუხლის საფუძველზე უნდა დაკისრებოდა ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯიდან 200 ლარის ანაზღაურება.

საკასაციო საჩივარი აგებულია შემდეგ მოსაზრებებსა და სავარაუდო დარღვევებზე:

6. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:

6.1. სასამართლომ პირგასამტეხლო შეამცირა არაგონივრულ ოდენობამდე. პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას, იგი ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ხოლო ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში ახდენს კრედიტორის დანაკარგის კომპენსირებას. სასამართლოს დისკრეცია, შეამციროს პირგასამტეხლოს ოდენობა, უზრუნველყოფს სამართლიან სამოქალაქო ბრუნვას. შესაბამისად, დაცული უნდა იყოს ორივე მხარის ინტერესი.

6.2. მოსარჩელეს არ უნდა დაეკისროს ხელშეკრულების დამრღვევი მხარის სასარგებლოდ წარმომადგენლის ხარჯების გადახდა. ამასთან, მოპასუხეს პირველი ინსტანციის სასამართლოში არ მოუთხოვია ხარჯის ანაზღაურება.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

8. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

9. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

10. განსახილველ შემთხვევაში, კასატორის პრეტენზია ეფუძნება იმ გარემოებას, რომ სასამართლომ უსაფუძვლოდ შეამცირა პირგასამტეხლოს ოდენობა.

11. სსკ-ის 417-ე მუხლით, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. პირგასამტეხლო პირობით ვალდებულებას წარმოადგენს. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლების განხორციელება დამოკიდებულია გარკვეული პირობის დადგომაზე - მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევაზე (იხ: ირაკლი რობაქიძე, სახელშეკრულებო სამართალი /ზურაბ ძლიერიშვილი, გიორგი ცერცვაძე, ირაკლი რობაქიძე, გიორგი სვანაძე, ლაშა ცერცვაძე, ლევან ჯანაშია/ გამომცემლობა „მერიდიანი“, 2014წ., გვ. 590). პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს ერთ-ერთი ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (იხ: სუსგ №ას-1053-993-2015, 08.04.2016წ.; სუსგ №ას-1158-1104-2014, 06.05.2015წ.). აღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობას წარმოადგენს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევა.

12. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ პირგასამტეხლო, უპირველესად, კრედიტორის ინტერესების უზრუნველმყოფი საკანონმდებლო მექანიზმია, რომელიც კრედიტორის სახელშეკრულებო რისკებს ამცირებს, თუმცა იმისთვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული კრედიტორის მხრიდან ამ ინსტიტუტის ფარგლებში უფლების ბოროტად გამოყენება, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შესაფასებელი და ამავდროულად დასაცავი ღირებულებაა სახელშეკრულებო წონასწორობა/ბალანსი, ერთი მხრივ, პირგასამტეხლოს, როგორც სახელშეკრულებო თავისუფლების გამოხატულებას და, მეორე მხრივ, მოვალის დაცვას, როგორც ამ თავისუფლების ლეგიტიმურ შეზღუდვას შორის. ამდენად, პირგასამტეხლოს იურიდიული ძალა მხოლოდ მაშინ აქვს, თუ ის ამავდროულად უზრუნველყოფს მოვალის გონივრული ფარგლებით დაცვას (სუსგ №ას-1928-2018, 31.10.2019წ.).

13. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა (სუსგ №ას-1511-2018, 26.03.2019წ.; №ას-848-814-2016, 28.12.2016წ.).

14. სასამართლოს, სსკ-ის 420-ე მუხლის საფუძველზე, უფლება აქვს, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რაც შეფასებითი კატეგორიაა და, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული, მაგალითად, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან; პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა (სუსგ №ას-1511-2018, 26.03.2019წ.; სუსგ №ას-535-2021, 29.10.2021წ.).

15. პირგასამტეხლოს შემცირება არ გულისხმობს მის გაუქმებას. პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველია, ერთი მხრივ, ის რომ კრედიტორი პირგასამტეხლოს მიღებით არ გამდიდრდეს და მოვალეს არ დააწვეს მძიმე ტვირთად პირგასამტეხლოს გადახდა (შესაბამისად, პირგასამტეხლო არ იქცეს ერთგვარ სადამსჯელო ღონისძიებად), ხოლო მეორე მხრივ კი – პირგასამტეხლო იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, საპირწონე და გონივრული. აღნიშნულში მოიაზრება სახელშეკრულებო თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპის დაცვით პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირება (სუსგ №ას-186-2021, 25.03.2021წ.; სუსგ №ას-535-2021, 29.10.2021წ).

16. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვალდებულების დარღვევის შინაარსის, გადაუხდელი საიჯარო ქირის ოდენობისა (საიჯარო ქირის დავალიანება შეადგენდა 418,55 ლარს, მისი გადახდის ვადის გადაცილებისათვის დარიცხული პირგასამტეხლო კი - 10 124,62 ლარს) და ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებით გამოწვეული სამართლებრივი შედეგების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული პირგასამტეხლოს ოდენობა ადეკვატური და გონივრულია.

17. რაც შეეხება კასატორის პრეტენზიას წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის დაკისრების ნაწილში, პალატა მიუთითებს, რომ სსსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის ბოლო წინადადება (იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა) იმგვარად არის ფორმულირებული, რომ არ ადგენს გაწეული ხარჯის სანაცვლო ანაზღაურების ერთმნიშვნელოვან ოდენობას, არამედ ამ ოდენობის გონივრულად განსაზღვრის უფლებას უტოვებს სასამართლოებს. ნორმის ამგვარი შინაარსის მიზანია პროცესის მონაწილე მეორე მხარის უფლებების დაუსაბუთებელი შეზღუდვის თავიდან აცილება. დავის საგნის ღირებულების 4% წარმოადგენს ზედა ზღვარს (კანონით დადგენილ მაქსიმალურ ოდენობას), რომლის ფარგლებშიც ხდება ხარჯების ოდენობის სასამართლოსმიერი განსაზღვრა და ამ თვალსაზრისით, მხედველობაში მიიღება კონკრეტულად რა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ქმედებები განახორციელა ადვოკატმა, რა სახის ადამიანური რესურსი დაიხარჯა, საქმის წარმოების რომელ ეტაპზე პროცესის მონაწილე რომელმა მხარემ გასწია იგი და სხვა (სუსგ Nას-1054-2019 ; 30.09.2019წ., სუსგ Nას-316-316-2018, 07.05.2018წ.). საპროცესო ხარჯების განაწილება მხარეთა შორის ხდება თითოეული ინსტანციის სასამართლოში ცალ-ცალკე და იმის მიხედვით, თუ როგორ შეცვლის ზემდგომი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილებას, ამას მოჰყვება პროცესის ხარჯების განაწილების ცვლილებაც. ამასთან, მხარეებს არ უნდა შეეზღუდოთ პროცესის ხარჯების მოთხოვნის უფლება საქმის მომზადების დასრულების შემდგომ, ან საქმის ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში განხილვის ეტაპზე, თუკი ხარჯების საკითხი სწორედ საქმის განხილვის ამ სტადიაზე წარმოიშვა და მანამდე მხარისათვის ამ ფაქტის შესახებ ობიექტურად ცნობილი ვერ იქნებოდა (სუსგ Nას-1054-2019, 30.09.2019წ.). საქმეში წარმოდგენილია მოპასუხეს და მის წარმომადგენელს შორის გაფორმებული შეთანხმება იურიდიული მომსახურების შესახებ, ასევე შეთანხმებული საადვოკატო ჰონორარის - 1000 ლარის ოდენობით გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (ტ.2, ს.ფ.25,26). პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ თანხა გადახდილია 16.10.2020წ., ანუ სააპელაციო ინსტანციაში საქმის განხილვის პერიოდში და შესაბამისად, უსაფუძვლოა საკასაციო პრეტენზია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში შესაბამისი შუამდგომლობის არარსებობს გამო მოპასუხეს არ უნდა აუნაზღაურდეს წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯი. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ შეაფასა რა დავის სირთულე, წარმომადგენლის მიერ შესრულებული იურიდიული მნიშვნელობის მქონე ქმედებები, მოსარჩელეს წარმომადგენლის ხარჯის ანაზღაურება დააკისრა კანონით განსაზღვრული ფარგლების გათვალისწინებით და გონივრული ოდენობით.

18. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

19. კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

20. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

2. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ზამბახიძე

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

რევაზ ნადარაია