Facebook Twitter

საქმე №ას-739-2021 28 თებერვალი, 2022 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - ა.ბ–ძე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 20 აპრილის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი - გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ა.ბ–ძე (შემდგომ - მოსარჩელე, დასაქმებული, მოწინააღმდეგე მხარე) 2010 წლის 2 აგვისტოდან 2018 წლის 1 მაისამდე დასაქმებული იყო საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში (შემდგომ - მოპასუხე, დასაქმებელი, სამინისტრო, აპელანტი, კასატორი) სხვადასხვა თანამდებობებზე.

2. 2017 წლის 1 ივლისს, მხარეთა შორის გაფორმდა შრომითი ხელშეკრულება, რომლითაც მოსარჩელე სამინისტროში დამხმარე ამოცანათა შესასრულებლად 2017 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით დასაქმდა. დასაქმებულის თანამდებობრივი სარგო საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადის ჩათვლით თვეში 1350 ლარს შეადგენდა.

3. ხელშეკრულების 1.3. პუნქტით, მის სამსახურებრივ მოვალეობებში შედიოდა სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსთან შეთანხმებით, საჭიროების შემთხვევაში, სამინისტროს თანამშრომელთა ტრანსპორტირების უზრუნველყოფა; კურიერული მომსახურების გაწევა - სამინისტროდან გასული წერილების/დოკუმენტების ადრესატამდე მიტანა, მათი მიღება-ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტების სამინისტროში წარმოდგენა და სხვადასხვა დაწესებულებიდან სამინისტროს სახელზე მომზადებული დოკუმენტების მოტანა; უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, მასზე მიმაგრებული სამინისტროს სარგებლობაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკურ გამართულობაზე ზრუნვა და, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი პროფილაქტიკური ღონისძიებების უზრუნველყოფა; ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსის დავალებით, საჭიროებისას უცხოელი სტუმრების ტრანსპორტით მომსახურება (აეროპორტში დახვედრა/გაცილება, სასტუმროში დაბინავება, დადგენილი მარშრუტის მიხედვით, გადაადგილების უზრუნველყოფა); სამუშაო და სხვა ინვენტარის ტრანსპორტირება; მასზე მიმაგრებული სამინისტროს სარგებლობაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალების სისუფთავეზე ზრუნვა: სალონის დასუფთავება ყოველდღიურად, პერიოდულად ავტოსამრეცხაო სადგურში მიყვანა და სხვა; სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსის წერილობითი ან/და ზეპირი დავალებების შესრულება; მინისტრის ან კურატორი მინისტრის მოადგილის (არსებობის შემთხვევაში) მიერ, კომპეტენციის ფარგლებში, დაკისრებული და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.

4. 2017 წლის 29 დეკემბერს ცვლილება შევიდა მხარეთა შორის 2017 წლის 1 ივლისს გაფორმებულ შრომით ხელშეკრულებაში და ხელშეკრულების ხანგრძლივობა 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით განისაზღვრა.

5. მინისტრის 2018 წლის 30 აპრილის ბრძანებით, თანამშრომელთა ტრანსპორტირების უზრუნველყოფის საჭიროების შემცირების გათვალისწინებით, სამინისტროში დამატებითი მძღოლის დასაქმების საჭიროების არარსებობის გამო, მოსარჩელესთან 2018 წლის 1 მაისიდან შრომითი ხელშეკრულება შეწყდა და იგი დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა საქართველოს შრომის კოდექსის (შემდგომ - სშკ) 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ო“ ქვეპუნქტის შესაბამისად.

6. მოსარჩელე სამსახურში 2018 წლის 1 მაისიდან არ გამოცხადებულა. მას გათავისუფლების ბრძანება იმავე წლის 2 მაისს ფოსტის მეშვეობით საცხოვრებელი ადგილის მისამართზე გაეგზავნა, თუმცა ვერ ჩაჰბარდა. მოსარჩელემ 2018 წლის 25 მაისს პირადად ჩაიბარა გათავისუფლების ბრძანება.

7. მოსარჩელემ გათავისუფლების ბრძანების გასაჩივრებისთვის დადგენილ ვადაში ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნით სარჩელი აღძრა სასამართლოში, თუმცა მოგვიანებით უკან გამოიხმო.

8. მოსარჩელეს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის გამო, მიღებული აქვს კომპენსაციის სახით 2 თვის ხელფასი.

9. მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შემდეგ ერთ თვეში 2018 წლის 1 ივნისიდან, მინისტრის მოადგილის ტრანსპორტირების უზრუნველსაყოფად სამინისტროში მძღოლად სხვა პირი დასაქმდა.

სარჩელის საფუძვლები:

.

10. დასაქმებულმა სარჩელი აღძრა დამსაქმებლის წინააღმდეგ და მოითხოვა დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა და იძულებითი განაცდურის ყოველთვიურად დასაბეგრი 1350 ლარის დამსაქმებლისათვის დაკისრება 2018 წლის 1 მაისიდან სამსახურში აღდგენამდე.

მოპასუხის პოზიცია:

11. მოპასუხემ წერილობით წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ გათავისუფლების შესახებ სამინისტროს ბრძანება კანონიერია.

12. სამინისტროს განმარტებით, შრომითი ხელშეკრულებით ორი პირი სამინისტროში 2019 წლის განმავლობაში დასაქმდა. ამ პირების დასაქმება მოსარჩელის გათავისუფლებიდან 8 თვის შემდეგ არ გამორიცხავს იმ ფაქტს, რომ მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის დროს სამინისტროს დამატებითი მძღოლი თანამშრომელთა ტრანსპორტირებისათვის არ ესაჭიროებოდა, ხოლო 2019 წლის განმავლობაში ასეთი საჭიროების წარმოშობის გამო ორი პირი დასაქმდა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

13. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებით, მოსარჩელის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სამინისტროს მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ 2018 წლის 30 აპრილის ბრძანება; დამსაქმებელს დასაბეგრი 8100 ლარი დასაქმებულის სასარგებლოდ დაეკისრა; დასაქმებულის სარჩელი სხვა ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

14. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება:

15. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 20 აპრილის განჩინებით, აპელანტის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

16. სააპელაციო სასამართლომ შრომითსამართლებრივ დავებზე მტკიცების ტვირთის განაწილების თავისებურებაზე მიუთითა და განმარტა, რომ მოპასუხემ ვერ წარადგინა მტკიცებულება, რომელიც მის მიერ მოსარჩელესთან დადებული შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის მართლზომიერებას დადასტურდებოდა, მით უფრო, იმ პირობებში, როდესაც სამინისტრომ მოსარჩელის გათავისუფლებიდან 1 თვეში, შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე იმავე ფუნქციის მქონე სხვა თანამშრომელი აიყვანა მძღოლად.

17. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრისას, საქალაქო სასამართლომ მართებულად გაამახვილა ყურადღება მოსარჩელესთან დადებული შრომითი ხელშეკრულების ვადაზე, დასაქმებულის მიერ კომპენსაციის ორი თვის ხელფასის მიღებაზე, რისი გათვალისწინებითაც, სამართლიან და ადეკვატურ კომპენსაციად მიიჩნია 6 თვის სახელფასო ანაზღაურება (დარჩენილი ვადის განმავლობაში მისაღები 8 თვის ხელფასს გამოკლებული შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის დროს მიღებული 2 თვის კომპენსაცია). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ იძულებითი განაცდურის სახით სწორად დაეკისრა ჯამურად 8100 ლარის გადახდა (1350x6).

კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

18. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე სამინისტრომ (მოპასუხემ) საკასაციო საჩივარი წარადგინა და გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

19. კასატორის განმარტებით, მოსარჩელის გათავისუფლებიდან ერთი თვის შემდეგ, კერძოდ, 2018 წლის 1 ივნისს შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე დასაქმებული პირის უფლებამოსილებაში შედიოდა მხოლოდ მინისტრის მოადგილის ტრანსპორტირების უზრუნველყოფა, რაც სამინისტროს მუშაობის მთელი პერიოდის მანძილზე არასდროს შედიოდა მოსარჩელის ფუნქციებში, შესაბამისად, მინისტრის მოადგილის ტრანსპორტირების უზრუნველსაყოფად სამინისტროს მიერ მძღოლის დასაქმება, არ გამორიცხავს იმ ფაქტს, რომ მოსარჩელისათვის შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის დროს სამინისტროს არ ესაჭიროებოდა დამატებითი მძღოლი თანამშრომელთა ტრანსპორტირებისათვის, ანუ იმ ფუნქციის შესასრულებლად, რომელიც გათვალისწინებული იყო მოსარჩელესთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულებით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

20. საკასაციო სასამართლომ, სსსკ-ის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

21. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

22. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, კერძოდ:

23. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

24. სამუშაოდან გათავისუფლების თაობაზე შრომითი დავის განხილვისას, პირველ რიგში, სასამართლო ამოწმებს, რამდენად მართლზომიერად მოქმედებდა დამსაქმებელი დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლებისას. ამ საკითხის გამორკვევა კი, შესაძლებელია მხოლოდ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებაში მითითებული გათავისუფლების საფუძვლის კვლევის შედეგად (შდრ. სუსგ №ას-235-2021, 2021 წლის 18 ივნისის განჩინება; №ას-151-147-2016, 2016 წლის 19 აპრილის განჩინება). მოცემულ შემთხვევაში, კასატორი საკასაციო შედავებას აფუძნებს შრომითი ხელშეკრულების მართლზომიერი შეწყვეტის საფუძველს - სშკ-ის 37-ე მუხლის (მოქმედი რედაქციის 47-ე მუხლის) პირველი ნაწილის ,,ო“ ქვეპუნქტს (მოქმედი სშკ-ის რედაქციით 47-ე მუხლი), რომლის თანახმად, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია სხვა ობიექტური გარემოება, რომელიც შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას ამართლებს. ამ დანაწესის ფაქტობრივ საფუძვლად კი, დამსაქმებელი წინამდებარე განჩინების მე-12 პუნქტებში მითითებულ გარემოებაზე მიუთითებს.

26. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ზემოაღნიშნული ნორმით გათვალისწინებული საფუძვლით შრომითი ხელშეკრულების მოშლისთვის აუცილებელია: ა) შრომითი ხელშეკრულების მოშლის საფუძველი იყოს განსხვავებული იმავე მუხლში მითითებული სხვა საფუძვლისაგან; ბ) იგი არ იყოს დამოკიდებული დამსაქმებლის სუბიექტურ ნებაზე; გ) იყოს ფაქტობრივი, ე.ი. იმგვარი, რომლის დამტკიცება და უარყოფა შესაძლებელია; დ) გარეშე, ნეიტრალური დამკვირვებლის თვალში წარმოადგენდეს საკმარის მიზეზს შრომითი ხელშეკრულების მოშლისათვის. ამასთან, ნების გამოხატვის საფუძვლად არსებულ ქმედებასა და ნების გამოვლენას შორის უნდა არსებობდეს შედეგობრივი კავშირი და ე) ხელშეკრულების მოშლით დამდგარ ფაქტობრივ შედეგს ხელშეკრულების შენარჩუნებით დამდგარ ფაქტობრივ შედეგთან უპირატესობა ჰქონდეს (იხ. საქმე №ას-113-2021, 2021 წლის 27 აპრილის განჩინება). შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა არის უკიდურესი ღონისძიება, რომელიც გამოყენებული უნდა იქნეს გამონაკლის და მხოლოდ კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში, მყარი საფუძვლის არსებობის პირობებში. შრომის სამართალი დაკავშირებულია ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასთან და თითოეული დასაქმებულის საქმის ინდივიდუალური შეფასებისას გამოყენებული უნდა იქნეს ე.წ. „favor prestatoris“ პრინციპი, რაც დასაქმებულთათვის სასარგებლო წესთა უპირატესობას ნიშნავს. აღნიშნული პრინციპის გამოყენებისას, საჭიროა დამსაქმებლისა და დასაქმებულის მოთხოვნებისა და ინტერესების წონასწორობის დაცვა სამართლიანობის, კანონიერებისა და თითოეული მათგანის ქმედების კეთილსინდისიერების კონტექსტით (იხ. საქმე №ას-941-891-2015, 2016 წლის 29 იანვრის განჩინება).

27. სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობაში მოქმედებს მტკიცების ტვირთის განაწილების ზოგადი წესი, რომლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს (სსსკ-ის 102-ე მუხლი). შრომითსამართლებრივ დავებში კი მტკიცების ტვირთის განაწილების წესი განსხვავებული და თავისებურია. ამ წესის თანახმად, დამსაქმებელი ვალდებულია, ადასტუროს დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების კანონიერი და საკმარისი საფუძვლის არსებობა. ეს იმითაა გამოწვეული, რომ მტკიცებულებების წარმოდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებელსა და დასაქმებულს არათანაბარი შესაძლებლობები გააჩნიათ, დამსაქმებელს მტკიცებითი უპირატესობა აქვს, სასამართლოს მისთვის ხელსაყრელი მტკიცებულებები წარუდგინოს. ამდენად, მოსარჩელის მითითება, რომ იგი სამსახურიდან უკანონოდ გაათავისუფლეს, მტკიცების ტვირთს დამსაქმებლის მხარეს აბრუნებს, რომელსაც აკისრებს დასაქმებულის სამსახურიდან მართლზომიერად გათავისუფლების მტკიცების ვალდებულებას (იხ. სუსგ: №ას-151-147-2016, 2016 წლის 19 აპრილის განჩინება; №ას-483-457-2015, 2015 წლის 7 ოქტომბრის განჩინება). საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ როდესაც კანონმდებელმა აირჩია შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის ესოდენ ზოგადი ფორმულირება, სასამართლომ დიდი პასუხისმგებლობით უნდა შეაფასოს და გადაწყვიტოს ამ საფუძვლით გათავისუფლების შემთხვევა. მოცემული საფუძვლით შრომითი ხელშეკრულება უნდა შეწყდეს მართლზომიერი საშუალებითა და ობიექტურად გამართლებული გარემოებით. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მტკიცებას, რომ დამსაქმებელს, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის ობიექტური, ხელშეკრულების მოშლისათვის საკმარისი საფუძველი ჰქონდა. დასაქმებულის იმ საფუძვლით გათავისუფლება, რომ მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის დროს სამინისტროს დამატებითი მძღოლი თანამშრომელთა ტრანსპორტირებისათვის არ ესაჭიროებოდა, ვერ შეფასდება დამსაქმებლის მართლზომიერ მოქმედებად, ვინაიდან სამინისტროში მოსარჩელის გათავისუფლებიდან ერთ თვეში - 2018 წლის 1 ივნისიდან მინისტრის მოადგილის ტრანსპორტირების უზრუნველსაყოფად სხვა პირი დასაქმდა, ორი პირი დასაქმდა 2019 წლის 3 იანვრიდან თანამშრომელთა ტრანსპორტირების უზრუნველსაყოფადაც.

28. კასატორის საკასაციო პრეტენზიას, რომლის თანახმად, 2018 წლის 1 ივნისს შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე დასაქმებული პირის უფლებამოსილებაში შედიოდა მხოლოდ მინისტრის მოადგილის ტრანსპორტირების უზრუნველყოფა, რაც არასდროს ევალებოდა მოსარჩელეს საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს და განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, დამსაქმებელი, რომელიც ცდილობს ყოფილი თანამშრომლის გათავისუფლების მართლზომიერების დამტკიცებას, თვითონვეა ვალდებული, წარადგინოს მტკიცებულებები, რომელთა სამართლებრივი წონადობა და ვარგისიანობა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოს კვლევისა და შეფასების საგანი გახდება. მოცემულ შემთხვევაში, კასატორს არ წარუდგენია მტკიცებულებები, რომელიც დაადასტურებდა, რატომ გახდა სამინისტროში სხვა პირის დასაქმება და მოსარჩელის გათავისუფლება აუცილებელი და რატომ ვერ შეძლებდა ვალდებულების ჯეროვან შესრულებას ეს უკანასკნელი, მაშინ როდესაც 2013 წლიდან სამინისტროში მძღოლად იყო დასაქმებული და ჯეროვნად არსულებდა საკუთარ მოვალეობებს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ დამსაქმებელს არ გააჩნდა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის, ხელშეკრულების მოშლისათვის საკმარისი საფუძველი, რის გამოც მინისტრის 2018 წლის 30 აპრილის ბრძანება (მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ) ბათილია.

29. საქართველოში განხორციელებული შრომის კანონმდებლობის რეფორმის ერთ-ერთი მიზანი სწორედ დასაქმებულის უფლებების დაცვა იყო; ცვლილება შეეხო შრომითი ხელშეკრულების ხანგრძლივობის საკანონმდებლო მოწესრიგებასაც. კონსტიტუციით გარანტირებული თავისუფალი შრომის უფლების შემადგენელი ნაწილია შრომითი ურთიერთობის სტაბილურობა. მოცემულ საქმეშიც, სადავო ბრძანების კანონიერების შემოწმების ქვაკუთხედი იმაში მდგომარეობდა, რომ გარკვეულიყო - რა ღონისძიებები გაატარა დამსაქმებელმა, რათა უზრუნველეყო დასაქმებულისათვის დაკავებული პოზიციის შენარჩუნება. ამ თვალსაზრისით კი, დამსაქმებელმა ვერ წარმოადგინა წონადი არგუმენტი, რაც მისი მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა. მართალია, კასატორი აღნიშნავს, რომ მაუწყებლის ამგვარი დავალდებულება სასამართლოს მხრიდან სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევაა, თუმცა, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კასატორის მითითება დაუშვებელი და დაუსაბუთებელია (იხ. საქმე №ას-45-2019, 2019 წლის 5 აპრილის განჩინება). საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, დამსაქმებელს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის ობიექტური, ხელშეკრულების მოშლისათვის საკმარისი საფუძველი არ გააჩნდა და მისი სადავოდ გამხდარი ქმედება ეწინააღმდეგება მხარეთა მიერ უფლება-მოვალეობათა კეთილსინდისიერად განხორციელების პრინციპს.

30. საკასაციო პალატის მითითებით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის თანახმად, განსაზღვრული ვადით დასაქმებული პირის შემთხვევაში, თუკი ბათილად იქნება ცნობილი პირის სამუშაოდან გათავისუფლების თაობაზე დამსაქმებლის ბრძანება, ამასთან, შეუძლებელია დასაქმებულის აღდგენა პირვანდელ ან ტოლფას სამუშაობაზე, მაშინ კომპენსაცია განისაზღვრება დარჩენილი პერიოდის მიხედვით, რაც მოცემულ შემთხვევაში, დასაქმებულის მიერ მიღებული კომპენსაციის გათვალისწინებით კანონიერად განისაზღვრა.

31. ზემოაღნიშნულის მსჯელობის გათვალისწინებით, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის დაუსაბუთებლობა ყოველმხრივ და ობიექტურად გამოიკვლია, შესაბამისად, განჩინება შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის ნაწილში მიიღო მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებების ფარგლებში და შრომითსამართლებრივ დავებზე დადგენილი მტკიცების ტვირთის განაწილების საფუძველზე, რაც ამ ნაწილში გასაჩივრებული განჩინების კანონიერებაზე მიუთითებს.

32. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ განსახილველ საქმეზე სწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები და, შესაბამისად, სამართლებრივად სწორად შეაფასა და არ არსებობს საკასაციო საჩივრის ფარგლებში წარდგენილი საკასაციო პრეტენზიის გაზიარების წინაპირობები, რის გამოც დაუსაბუთებელ შედავებად უნდა იქნეს მიჩნეული.

33. პალატა მიიჩნევს, რომ კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება.

34. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი ვერ მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

35. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს ეწინააღმდეგება.

36. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია, შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

37. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგები: №ას-188-2021, 2021 წლის 8 აპრილის განჩინება; №ას-1745-2018, 2019 წლის 12 აპრილის განჩინება; №ას-560-2019, 2021 წლის 27 ოქტომბრის განჩინება; №ას-346-2021, 2021 წლის 14 ივლისის განჩინება, №ას-559-2019, 2019 წლის 4 დეკემბრის განჩინება; საქმე №1060-2019, 2019 წლის 20 დეკემბრის განჩინება).

38. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

39. ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1 მუხლის ,,უ“ ქვეპუნქტის თანახმად, კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;

2. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან;

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე

ვლადიმერ კაკაბაძე