საქმე №ას-1141-2020 28 მარტი, 2022 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - ს.ბ–ძე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - სს ,,ლ.ბ–ი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 9 ივლისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება, საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილება
დავის საგანი - თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სს ,,ლ.ბ–სა“ (შემდგომ - მოსარჩელე, კრედიტორი, ბანკი, მოწინააღმდეგე მხარე) და ს.გ–ს (შემდგომ - პირველი მოპასუხე, მსესხებელი, პირველი აპელანტი) შორის, 2014 წლის 7 თებერვალს, გაფორმდა საბანკო კრედიტის №0002/2014/17879 ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მსესხებლის სახელზე კრედიტის თანხა - 92017 ლარი, 70 თვის ვადით გაიცა, წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 18%-ით. ამავე ხელშეკრულებით, ვალდებულების დარღვევისათვის დადგინდა პირგასამტეხლო, გადასახდელი ვადაგადაცილებული თანხის (კრედიტის ძირითადი თანხა და/ან მასზე დარიცხული პროცენტი) 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
2. ერთი მხრივ, ბანკსა და, მეორე მხრივ, ს.ბ–ძესა (შემდგომ - მეორე მოპასუხე, მეორე აპელანტი, თავდები, კასატორი) და ნატალია თოდრიას (შემდგომ - მესამე მოპასუხე) შორის, 2014 წლის 7 თებერვალს, გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულებები, რომლებითაც ამ უკანასკნელებმა მსესხებლის კრედიტის დაბრუნების ვალდებულება სოლიდარულად იკისრეს. თითოეულის პასუხისმგებლობის ზღვრული მოცულობა 14 582.19 ლარით განისაზღვრა.
სარჩელის საფუძვლები:
.
3. ბანკმა სარჩელი აღძრა მოპასუხეთა მიმართ და მოითხოვა მათთვის წინამდებარე განჩინების პირველ პუნქტში მითითებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის დაკისრება.
მოპასუხეთა პოზიცია:
4. პირველმა და მეორე მოპასუხეებმა წერილობით წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს და მიუთითეს, რომ დაუსაბუთებელია ბანკის მიერ დავალიანების გაანგარიშება. ბანკმა გადახდილი თანხებით არასწორად შეამცირა დავალიანება.
5. მესამე მოპასუხეს სარჩელზე შესაგებელი არ წარუდგენია.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
6. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 17 მაისის გადაწყვეტილებით, მოსარჩელის სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხეებს 7844.87 ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრათ.
7. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება პირველმა და მეორე მოპასუხეებმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილება მოითხოვეს.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება:
8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 9 ივლისის გადაწყვეტილებით, აპელანტების სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 17 მაისის გადაწყვეტილების 1.1 პუნქტი (რომლითაც მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ 7844.87 ლარის გადახდა დაეკისრათ) გაუქმდა; ბანკის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოპასუხეებს 6844.87 ლარის გადახდა ბანკის სასარგებლოდ, სოლიდარულად დაეკისრათ.
9. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სარჩელი სწორად დააკმაყოფილა და მოპასუხეებს სოლიდარულად 7844.87 ლარის გადახდის ვალდებულება მართებულად დაეკისრათ, თუმცა პირველმა აპელანტმა 2020 წლის 9 ივნისს, ძირითადი ვალდებულების დასაფარად 1000 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი წარადგინა, რაც სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 1.1 პუნქტში შესაბამისი ცვლილების შეტანის ფაქტობრივსამართლებრივ საფუძველს ქმნის.
10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ აპელანტებისთვის დაკისრებული თანხის 1000 ლარით შემცირების ფაქტობრივსამართლებრივი გარემოებები იკვეთება.
11. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტთა მითითება, სასამართლოს მიერ გადახდილი თანხების არასწორად დაანგარიშებასთან დაკავშირებით.
კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
12. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მეორე მოპასუხემ საკასაციო საჩივარი წარადგინა და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სესხის ძირითადი თანხის 3000 ლარით და სარგებლის - 1500 ლარით განსაზღვრა, დაკისრებული თანხის 12 თვეზე გადანაწილება.
13. კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არასრულად შეაფასა მოპასუხის მიერ გადასახდელი თანხები. ამასთან, აღსანიშნავია, რომ მოპასუხეებს საკასაციო სამართალწარმეობის ეტაპზე გადახდილი აქვთ დამატებით - 600 ლარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
14. საკასაციო სასამართლომ, სსსკ-ის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
15. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
16. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, კერძოდ:
17. მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხეთათვის სოლიდარულად სესხის, სარგებლისა და პირგასამტეხლოს დაკისრებაა. ამ მოთხოვნების საფუძველს წარმოადგენს სსკ-ის 867-ე (საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით), 623-ე (სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი), 625.1 (მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი. იპოთეკით უზრუნველყოფილი სესხის ხელშეკრულებაში უნდა მიეთითოს მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთი), 417-ე-418-ე (პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის; ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა; შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას), 463-ე (თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს) მუხლები.
18. მოცემულ შემთხვევაში, ზემოხსენებული ნორმებით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი წინაპირობები შესრულებულია, კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ ხელშეკრულებების ფარგლებში გაცემული თანხა მოპასუხეებს სრულად არ დაუბრუნებიათ და მათი დავალიანება განჩინების მე-6 პუნქტში მითითებულ თანხას შეადგენდა, თუმცა ვინაიდან, მოპასუხეებმა 1000 ლარი პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდგომ ბანკის სასარგებლოდ გადაიხადეს, სააპელაციო სასამართლოს განსჯით, აღნიშნული გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილით დადგენილი გადასახდელ თანხაში შესაბამისი ცვლილების შეტანის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველია.
19. წარმოდგენილ საკასაციო საჩივარში კასატორი სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად აპელირებს იმ გარემოებაზე, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანის შემდგომაც გადახდილია ბანკის მიმართ არსებული დავალიანების გარკვეული ნაწილი (600 ლარი), რაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია.
20. ზემოაღნიშნულ მსჯელობას საკასაციო პალატა არ იზიარებს და მიუთითებს, რომ საქართველოს ორგანული კანონი „საერთო სასამართლოების შესახებ“ განსაზღვრავს საქართველოს უზენაესი სასამართლოს როლს საერთო სასამართლოების სისტემაში და ადგენს, რომ უზენაესი სასამართლო დადგენილი საპროცესო ფორმით ზედამხედველობს მართლმსაჯულების განხორციელებას საქართველოს საერთო სასამართლოებში. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) 407-ე მუხლის მეორე ნაწილი (სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია) ადგენს უზენაესი სასამართლოს მხრიდან დავის ფაქტობრივი ნაწილის შეფასების ფარგლებს, კერძოდ, საკასაციო სასამართლო მსჯელობს საპროცესო წესების დაცვით მოპოვებული მტკიცებულებებისა და მხარეთა მიერ მიცემული ახსნა-განმარტებების შეფასების კანონიერებაზე იმგვარად, რომ თავად ვერც ახალ ფაქტებს დაადგენს და ვერც ახალ განმარტებებს ვერ მიიღებს მხარეებისგან.
21. საკასაციო პალატის განმარტებით, საკასაციო საჩივარში მითითებული ის გარემოება, რომ მოვალეთა მიერ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდგომ, ბანკის სასარგებლოდ გადახდილია გარკვეული თანხები, ქვემდგომი ინსტანციის გადაწყვეტილების კანონიერებაზე გავლენას ვერ მოახდენს, ვინაიდან, საკასაციო სასამართლო არ წარმოადგენს ფაქტების დამდგენ სასამართლოს, არამედ მისი მსჯელობის საგანი საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების სწორი სამართლებრივი შეფასებაა.
22. პალატა განმარტავს, რომ საკასაციო სასამართლო არის მესამე ინსტანციის სასამართლო, რომელიც ამოწმებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივ მხარეს, ე.ი. გადაწყვეტილების კანონიერებას, მის იურიდიულ მხარეს, კერძოდ, სსსკ-ის 393-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულია რომ საკასაციო საჩივარი შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ იმას, რომ გადაწყვეტილება კანონის დარღვევითაა გამოტანილი. კანონის აღნიშნული დანაწესი მოიცავს გასაჩივრებული გადაწყვეტილების შემოწმების როგორც მატერიალურსამართლებრივ, ასევე - პროცესუალურ-სამართლებრივ მხარესაც. უნდა აღინიშნოს, რომ განსახილველი ნორმა ჩამოყალიბებულია ნორმატიული მოთხოვნის კონსტრუქციის ფორმით, რაც გულისხმობს იმას, რომ საკასაციო საჩივრის საფუძველს შეიძლება წარმოადგენდეს მხოლოდ გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონის დარღვევით გამოტანაზე მითითება. აღნიშნული დანაწესი, უპირველეს ყოვლისა, განსაზღვრავს კასატორის უფლების შინაარსს, რაც განპირობებულია საკასაციო ინსტანციის იურისდიქციის თავისებურებით, მისი ინსტანციურობიდან გამომდინარე. სსსკ 393-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილები აზუსტებს, თუ რა იგულისხმება ,,კანონის დარღვევაში”. ამდენად, დეფინიციური ხასიათისაა, კერძოდ, აღნიშნული ნორმები უთითებენ, რომ კანონის დარღვევას წარმოადგენს კანონის (ნორმის) არასწორი გამოყენება და მისი არასწორად განმარტება. ამდენად, სსკ-ის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილი მოიცავს იმ დარღვევების ჩამონათვალს, რომელშიც შეიძლება გამოვლინდეს კანონის კონკრეტული დარღვევა. უნდა აღინიშნოს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების შემოწმების პროცესუალურსამართლებრივი მხარე არ შემოიფარგლება მხოლოდ სსსკ 393-ე მუხლის მე-3 ნაწილით, იგი მოიცავს, აგრეთვე, ისეთ დანაწესებს, რომლებიც მოცემულია ამავე კოდექსის 394-ე მუხლში. მითითებული მუხლი იმპერატიული ხასიათისაა და მოიცავს ემპირიულ ჩამონათვალს, რომლის არსებობის შემთხვევაში გადაწყვეტილება ყოველთვის ითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, რაც იწვევს მის უპირობოდ გაუქმებას.
23. საკასაციო პალატის განმარტებით, როგორც უკვე აღინიშნა, საკასაციო საჩივარი შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ იმას, რომ გადაწყვეტილება კანონის დარღვევითაა მიღებული. მოცემულ შემთხვევაში კი, ახალ გარემოებაზე - ბანკის სასარგებლოდ გარკვეულ გადახდებზე მითითება, არ შეიძლება საკასაციო ინსტანციის მსჯელობის საგანი გახდეს და აღნიშნულს საფუძველად დაედოს გადაწყვეტილების გაუქმებას. საკასაციო პალატის განმარტებით, ზემოაღნიშნულ გარემოებასთან დაკავშირებით საკითხი უნდა გადაწყდეს გადაწყვეტილების აღსრულების ეტაპზე, ვინაიდან, ზემოაღნიშნული აღსრულების ეტაპზე შესაბამისი მტკიცებულებათა წარდგენით აღსასრულებელი ვალდებულების შემცირების და არა გარკვეული დაკისრებული თანხის გადახდის გამო, ქვემდგომი ინსტანციის გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია. საკასაციო პალატის განმარტებით, შესაძლებელია, საკასაციო ინსტანციის მიერ გადაწყვეტილების გამოტანის შემდგომაც, სანამ მოხდება გადაწყვეტილების აღსასრულებლად წარდგენა, კასატორმა გარვეული გადახდები ისევ განახორციელოს კრედიტორის სასარგებლოდ, რაც ბუნებრივია, გავლენას მიღებულ გადაწყვეტილებაზე ვერ იქონიებს და აღსასრულებელი ვალდებულების ოდენობაც უკვე გადახდილი თანხების გამოკლებით უნდა დაანგარიშდეს.
24. რაც შეეხება ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ დავალიანების არასწორ დაანგარიშებას, ამ ნაწილშიც საკასაციო პალატა კასატორის პრეტენზიას არ იზიარებს და მიუთითებს, რომ კასატორს დასაბუთებული შედავება არ წარუდგენია, მით უფრო, როდესაც საქმისწარმოების არცერთ ეტაპზე მოპასუხეს გადასახდელი თანხის გაანგარიშების განსხვავებული ოდენობის თაობაზე მტკიცება არ წარმოუდგენია, ისევე - როგორც დამატებით გადახდილი თანხების გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულება.
25. კასატორი დავალიანების 12 თვეზე განწილვადებასაც ითხოვს, რასთან დაკავშირებითაც, საკასაციო პალატა მიუთითებს სსსკ-ის 263-ე მუხლის პირველი ნაწილის დისპოზიციაზე, რომლის თანახმად, სასამართლოს, რომელმაც გამოიტანა საქმეზე გადაწყვეტილება, უფლება აქვს, მხარეთა თხოვნით, მათი ქონებრივი მდგომარეობისა და სხვა გარემოებათა გათვალისწინებით, ერთჯერადად, 3 თვემდე ვადით გადადოს ან ერთ წლამდე ვადით გაანაწილვადოს გადაწყვეტილების აღსრულება, აგრეთვე შეცვალოს მისი აღსრულების საშუალება და წესი.
26. დასახელებული ნორმა უფლებამოსილებას ანიჭებს სასამართლოს, მხარის მოთხოვნის საფუძველზე გარკვეული დროის მანძილზე გააწილვადოს ან გადადოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება ისეთი ობიექტური მიზეზის არსებობისას, როგორიცაა, მოვალის მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა ან სხვა ყურადსაღები გარემოებები, რომელთა შეფასება და მხედველობაში მიღება სასამართლოს პრეროგატივას წარმოადგენს. ამდენად, გადაწყვეტილების აღსრულების განაწილვადება და აღსრულების გადადება წარმოადგენს კანონმდებლის მიერ დაწესებულ ერთგვარ შეღავათს, რომელიც შესაძლებლობას აძლევს მოვალეს, სასამართლოს მიერ დადგენილი ვადით გაახანგრძლივოს მის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების დაწყების პერიოდი რათა გამოუსწორებელი ზიანი არ მიადგეს სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად. აღნიშნული შეღავათის გავრცელებისას კანონმდებელი ითვალისწინებს ორივე მხარის ინტერესს. სწორედ ამით აიხსენება ზემოთ მითითებული ნორმის დისპოზიციაში საშეღავათო ზღვრული ვადის დაწესება, ხოლო სასამართლო, თავის მხრივ, ირჩევს ისეთ ვადასა და პირობებს, რომლებიც არც კრედიტორის უფლებების გაუმართლებელ შეზღუდვას არ გამოიწვევს (სუსგ საქმე №ას-1174-1094-2017, 2017 წლის 11 ოქტომბრის განჩინება).
27. საკასაციო პალატა კასატორის მოთხოვნას დავალიანების განწილვადების შესახებ დაუსაბუთებლობის მოტივით არ იზიარებს და მიუთითებს, რომ ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების აღსრულების გადადება ან მისი განაწილვადების საკითხის გადაწყვეტა შეუძლია გადაწყვეტილების მიმღებ სასამართლოს მხარის დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე, რისი გათვალისწინებითაც, საკასაციო პალატა უფლებამოსილი არ არის კასატორის ზემოაღნიშნულ მოთხოვნაზე იმსჯელოს. ამასთან, კასატორის მოთხოვნა არ არის დასაბუთებული, რისი გათვალისწინებითაც, აღნიშნული შუამდგომლობა კანონიერად არც პირველმა ინსტანციის სასამართლომ დააკმაყოფილა.
28. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება.
29. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი ვერ მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
30. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს ეწინააღმდეგება.
31. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
32. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგები: №ას-1202-2020, 2021 წლის 31 მარტის განჩინება; №ას-131-2021, 2021 წლის 2 ივლისის განჩინება, №ას-827-2021, 2021 წლის 3 დეკემბრის განჩინება).
33. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
34. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ს.ბ–ძის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;
2. ს.ბ–ძეს (პ/ნ .....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მ.გ–ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 (საგადახდო დავალება №10133797670 / გადახდის თარიღი 19.11.2020), 70% - 210 ლარი.
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე
ვლადიმერ კაკაბაძე