Facebook Twitter

საქმე №ას-1032-2020 24 მარტი, 2022 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – შპს ,,ა.ა.ს.კ–კა“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე –მ.ქ–ი (მოსარჩელე)

შეგებებული საკასაციო საჩივრის ავტორი -მ.ქ–ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს ,,ა.ა.ს.კ–კა“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება/განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 19 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2020 წლის 9 ივნისის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად

შეგებებული საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - კომპენსაციის განსაზღვრის ნაწილში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, შეგებებული სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილება

დავის საგანი – შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, სახელფასო დავალიანებისა და ანგარიშსწორების ყოველი დაყოვნებული დღისთვის 0.07%-ის დაკისრება, გამოუყენებელი საშვებულებო თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. მ.ქ–მა (შემდგომ – მოსარჩელე, დასაქმებული, შეგებებული სააპელაციო საჩივრისა და შეგებებული საკასაციო საჩივრის ავტორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს ,,ა.ა.ს.კ–კის“ (შემდგომ - მოპასუხე, დამსაქმებელი, კომპანია, აპელანტი, საჩივრის ავტორი, კასატორი) მიმართ და მოითხოვა შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, სახელფასო დავალიანებისა და ანგარიშსწორების ყოველი დაყოვნებული დღისთვის სახელფასო დავალიანების 0.07%-ის მოპასუხისათვის დაკისრება, ასევე - საშვებულებო თანხის მოპასუხისათვის დაკისრება.

მოპასუხეების პოზიცია:

2. მოპასუხემ წერილობით წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილებით, მოსარჩელის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ კომპანიის დირექტორის ბრძანება; დამსაქმებელს კომპენსაციის - 3000 ლარის (საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების გარეშე) გადახდა დასაქმებულის სასარგებლოდ დაეკისრა, ასევე - 2017 წლის ივლისის ხელფასის - 500 ლარის ანაზღაურება და ამ თანხის ყოველდღიურად 0.07%-ის, 0.35 ლარის გადახდა 2017 წლის 1 აგვისტოდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე; მოპასუხეს 2018 წლის თებერვლის ხელფასის - 80 ლარის ანაზღაურებაც დაეკისრა და ამ თანხის ყოველდღიურად 0.07%-ის, 0.05 ლარის გადახდა 2018 წლის 1 მარტიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე; ასევე - გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურება 500 ლარი და იურიდიული მომსახურების საფასური - 200 ლარი.

4. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა, გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა. შეგებებული სააპელაციო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემაც, რომელმაც გასაჩივრებული განჩინება კომპენსაციისა და იურიდიული მომსახურების ხარჯის ნაწილში გაასაჩივრა და მისი სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილება მოითხოვა.

სააპელაციო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება:

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 19 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, აპელანტის სააპელაციო საჩივარი, ამ უკანასკნელის სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო, არ დაკმაყოფილდა; შეგებებული სააპელაციო საჩივრის ავტორის სააპელაციო საჩივარი - ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილების მე-3 პუნქტი (რომლითაც დამსაქმებელს დასაქმებულის სასარგებლოდ კომპენსაცია 3000 ლარი დაეკისრა) და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ კომპენსაცია - 9 000 ლარი (საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების გარეშე) დაეკისრა, გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების მე-7 პუნქტიც (იურიდიული მომსახურების ხარჯის - 200 ლარის დამსაქმებლისათვის დაკისრების შესახებ) და მოპასუხეს წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯი - 1000 ლარი მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა.

6. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, სააპელაციო სასამართლოში საქმის ზეპირი განხილვისას, რომელიც დანიშნული იყო 2020 წლის 19 თებერვალს, 14:00 საათზე არ გამოცხადდა კომპანიის წარმომადგენელი, რომელსაც სხდომის დღე ეცნობა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

7. სააპელაციო სასამართლომ იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ აპელანტის გამოუცხადებლობის რაიმე საპატიო მიზეზი უცნობი იყო, სსსკ-ის 387-ე მუხლზე მითითებით დასაქმებულის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და დაუსწრებელი გადაწყვეტილება მიიღო, რის საფუძველზეც სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

8. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, შეგებებულ სააპელაციო საჩივარში და შეგებებული სააპელაციო საჩივრის ავტორის ახსნა-განმარტებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის გამო ჩაითვალა დამტკიცებულად, საქართველოს შრომის კოდექსის (შემდგომ - სშკ) 38-ე მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, იურიდიულად ამართლებს შეგებებული სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, რის გამოც დასაქმებულის შეგებებული სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.

9. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, სშკ-ის 38-ე მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, კომპენსაციის ოდენობა უნდა განსაზღვროს სასამართლომ გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით, რომელიც დარღვეული უფლების შესაბამისი იქნება. როგორც წესი, ამგვარი კომპენსაციის გამოთვლისას ძირითადი ყურადღება ექცევა შრომის ანაზღაურების ოდენობას, რასაც დასაქმებული მიიღებდა, ხელშეკრულება არაკანონიერად რომ არ შეწყვეტილიყო. ამასთან, სასამართლო უფლებამოსილია, გაზარდოს კომპენსაციის ოდენობა სხვადასხვა ობიექტური ფაქტორის გათვალისწინებით, ასევე - გარკვეულწილად უნდა კომპენსირდეს სასამართლო დავის წარმოების პერიოდიც.

10. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ სამართლიან და გონივრული კომპენსაციის ოდენობად 9 000 ლარი მიიჩნია.

11. სააპელაციო სასამართლომ სსსკ-ის 53-ე-54-ე მუხლებზე მითითებით ასევე განმარტა, რომ ვლინდებოდა დამსაქმებლისთვის, როგორც წაგებული მხარისთვის დამსაქმებლის სასარგებლოდ ამ უკანასკნელის მიერ წარმომადგენლის დახმარებისთვის გასაწევი ხარჯის - 1000 ლარის დაკისრების ფაქტობრივსამართლებრივი საფუძველიც.

12. ზემოაღნიშნული დაუსწრებელი გადაწყვეტილება აპელანტმა კომპანიამ საჩივრით გაასაჩივრა, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის არსებითი განხილვა მოითხოვა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები:

13. სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 9 ივნისის განჩინებით, მოპასუხის საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა შემდეგ გარემოებათა გამო:

14. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 387-ე და 229-ე, 241-ე მუხლებით და განმარტა, რომ საჩივრის ავტორის წარმომადგენელი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის გაუქმებას იმ გარემოების გათვალისწინებით ითხოვდა, რომ ბავშობიდან აქვს თანდაყოლილი ასთმა და ყოველი გრიპის ვირუსი განსაკუთრებით მოქმედებს მის ჯანმრთელობაზე, რადგან უვითარდება მწვავე ან ქრონიკული ბრონქიტი, აქედან გამომდინარე, ახალი ტიპის კოროდვირუსს მისთვის შესაძლოა, გამოეწვია საბედისწერო (ფატალური) შედეგი.

15. სააპელაციო სასამართლომ სსსკ-ის 215-ე მუხლის მესამე ნაწილსა და იმავე კოდექსის 102-ე მუხლზე მითითებით განმარტა, რომ საპატიო მიზეზის მტკიცების ტვირთი საჩივრის ავტორს ეკისრებოდა, თუმცა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ რაიმე მტკიცებულება არ წარდგენილა. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მონაცემების თანახმად, საქართველოში COVID-19 პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

16. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ უსაფუძვლოა დამსაქმებლის მოთხოვნა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებასთან დაკავშირებით, ვინაიდან სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი არ დასტურდება.

საკასაციო საჩივრისა და შეგებებული საკასაციო საჩივრის საფუძვლები:

17. აპელანტმა (მოპასუხემ) საკასაციო წესით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს განჩინება, დაუსწრებელ გადაწყვეტილებასთან ერთად და საქმის ხელახლა სააპელაციო სასამართლოსთვის დაბრუნება მოითხოვა.

18. კასატორი წინამდებარე განჩინების მე-14 პუნქტში მითითებულ გარემოებებზე მიუთითებს და განმარტავს, რომ სასამართლოს მიერ დანიშნულ დღეს შეგნებულად ვერ გამოცხადდა სასამართლოში, რათა თავი აერიდებინა დაინფიცირებისათვის, რაც საპატიო მიზეზია.

19. კასატორის მტკიცებით, სასამართლომ არასწორად დაადგინა სახელფასო დავალიანების ფაქტიც და კომპენსაციის გადახდის საკითხიც, ისევე როგორც - ბრძანების გამოცემის ფაქტობრივი საფუძველი.

20. შეგებებული საკასაციო საჩივრის ავტორმა დაუსწრებელი გადაწყვეტილება გაასაჩივრა კომპენსაციის ოდენობის ნაწილში და მისი სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილება მოითხოვა.

21. შეგებებული საკასაციო საჩივრის ავტორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ კომპენსაციის განსაზღვრის დროს მხედველობაში არ მიიღო დასაქმებულის მუშაობის უვადო ხასიათი, ასევე ის გარემოება, რომ მოსარჩელე დღემდე უმუშევარია და მისი ოჯახი დარჩენილია შემოსავლის გარეშე. სასამართლომ არ გაითვალისწინა სამუშაოს სპეციფიკა და მოსარჩელის დასაქმების პერსპექტივაც. ამასთან, მისი გათავისუფლებიდან გასულია თითქმის 30 თვე, შესაბამისად, კომპენსაცია უნდა ფარავდეს საქმის განხილვის მთელ პერიოდს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

22. საკასაციო პალატამ შეისწავლა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრისა და შეგებებული საკასაციო საჩივრის საფუძვლები, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთება და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად, გასაჩივრებული განჩინება/დაუსწრებელი გადაწყვეტილება უცვლელად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

23. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

24. საკასაციო პალატა კასატორისა და შეგებებული საკასაციო საჩივრის ავტორის არგუმენტების გაცნობის შემდეგ მიიჩნევს, რომ ამ კუთხით მათ დასაბუთებული საკასაციო შედავება არ წარუდგენიათ.

25. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება, რომ აპელანტის სააპელაციო საჩივარს განხილვა 2020 წლის 18 თებერვლის სხდომაზე სხვა დროისათვის, კერძოდ, იმავე წლის 19 თებერვალს, 14:00 საათზე გადაიდო. სასამართლო უწყება იმავე დღეს კანონით დადგენილი წესით ჩაჰბარდა აპელანტის წარმომადგენელ - დ.ა–ძეს.

26. სასამართლო პროცესზე არ გამოცხადდა მოპასუხე (აპელანტი) მხარე. მოწინააღმდეგე მხარემ (შეგებებული სააპელაციო საჩივრის ავტორმა) იშუამდგომლა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე. სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა გამოცხადებული მხარის შუამდგომლობა და აპელანტის წინააღმდეგ გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც ამ უკანასკნელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ შეგებებულ სააპელაციო საჩივარში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც მოწინააღმდეგე მხარის (მოპასუხის) გამოუცხადებლობის გამო ჩაითვალა დამტკიცებულად, სშკ-ის 38-ე მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, იურიდიულად ამართლებდა (ნაწილობრივ) შეგებებული სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, დასაქმებულის შეგებებული სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.

27. საკასაციო პალატა კასატორის საკასაციო პრეტენზიებთან დაკავშირებით განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას, დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების წესსა და წინაპირობებს სსსკ-ის 387-ე მუხლი განსაზღვრავს. აღნიშნული ნორმით გაუთვალისწინებელ შემთხვევებში კი, გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ. სსსკ-ის 387-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ნორმის ანალიზიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია, მიიღოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება, თუ აპელანტი, რომელსაც საქმის განხილვის დრო კანონით დადგენილი წესით ეცნობა, არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა სხდომაზე და არც გამოცხადების შეუძლებლობის თაობაზე არ აცნობა სასამართლოს. ასეთ შემთხვევაში სასამართლო, მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, დაუსწრებელი გადაწყვეტილებით არ დააკმაყოფილებს სააპელაციო საჩივარს. ამავდროულად, ზემოაღნიშნული საპროცესო ღონისძიება ერთგვარი სანქციაა ისეთი მხარისათვის, რომელიც არასაპატიოდ არ ცხადდება საქმის განხილვაზე. ამდენად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისათვის უნდა არსებობდეს 387-ე მუხლის პირველი ნაწილის შემადგენლობის ყველა ელემენტი: ა) აპელანტის გამოუცხადებლობა; ბ) გამოუცხადებლობის არასაპატიო მიზეზი; გ) მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ.

28. სსსკ-ის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები ან, თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო, თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის. გამოუცხადებელ მხარეს, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია დაუსწრებელი გადაწყვეტილება, შეუძლია, მიუთითოს სხვა გარემოებებზეც, რაც სასამართლო სხდომაზე მისი გამოუცხადებლობის მიზეზი გახდა და რომლის შესახებაც მას არ შეეძლო, დროულად ეცნობებინა სასამართლოსათვის. ამასთან, კანონმდებელი ავალდებულებს მხარეს, წინასწარ აცნობოს სასამართლოს სხდომაზე მისი გამოცხადების შეუძლებლობისა და მიზეზის შესახებ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ასეთი შეტყობინების გაგზავნა სხდომამდე შეუძლებელია. იმ გარემოებათა დამტკიცების ტვირთი, რომლებზეც მიუთითებს მხარე თავის საჩივარში, როგორც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზზე, ეკისრება მომჩივანს, ხოლო ამ გარემოებათა შეფასება იმ თვალსაზრისით, თუ რამდენად საპატიოა მხარის გამოუცხადებლობა – სასამართლოს უფლებამოსილებაა.

29. სსსკ-ის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის საპატიოდ მიჩნევის წანამძღვრებს და ასეთად მიიჩნევს ავადმყოფობას, ახლო ნათესავის გარდაცვალებას ან სხვა განსაკუთრებულ ობიექტურ გარემოებას, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის საპროცესო მოქმედების შესრულებას.

30. კასატორი მიუთითებს, იმ გარემოებაზე, რომ სასამართლო სხდომაზე მისი გამოუცხდებლობა განაპირობა კოვიდ ვირუსის გავრცელებამ, ვინაიდან ყოველი გრიპის ვირუსი განსაკუთრებით მოქმედებს მის ჯანმრთელობაზე, უვითარდება მწვავე ან ქრონიკული ბრონქიტი, აქედან გამომდინარე, სასამართლო სხდომაზე გამოცხადებით, ახალი ტიპის კოვოდვირუსს მისთვის შესაძლოა, გამოეწვია საბედისწერო (ფატალური) შედეგი, რაც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზია.

31. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება მხარეთა შეჯიბრებითობაზეა დამყარებული და სსსკ-ის 102-ე მუხლი თითოეულ მხარეს უდგენს ვალდებულებას, სათანადო მტკიცებულებით დაასაბუთოს მოთხოვნა. სსსკ-ის მე-4 მუხლით კი განსაზღვრულია მხარის აბსოლუტური შესაძლებლობა, თავადვე განსაზღვროს სადავო გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები და წარუდგინოს ისინი სასამართლოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც დამტკიცებას საჭიროებს, მხოლოდ მხარის განმარტებით ვერ დადგინდება. ამდენად, სათანადო მტკიცებულებით დადასტურებას საჭიროებს საპროცესო ვალდებულების შეუსრულებლობის მიზეზად დასახელებული ნებისმიერი გარემოება, რომელზეც მხარე აპელირებს.

32. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს კასატორის პრეტენზიებზე სადავო საკითხთან მიმართებით და განმარტავს, რომ საქმეში წარდგენილი მტკიცებულებების შედეგად არ დასტურდება საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების წინაპირობები, ვინაიდან, მტკიცებულებები, რომლებიც, გამოუცხადებელი მხარის ჯანმრთელობის მდგომარეობას დაადასტურებდა საქმეში წარმოდგენილი არ არის. ნიშანდობლივია, რომ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მონაცემების თანახმად, საქართველოში COVID-19-ის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა, შესაბამისად, კასატორის წარმომადგენლის მიერ მითითებული გარემოებები ვერ იქნება მიჩნეული 2020 წლის 19 თებერვლის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიოობის დასადასტურებლად. ამასთან, კასატორს არ დაუდასტურებია ის ფაქტიც, რომ მას არ შეეძლო გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის შესახებ წინასწარ ეცნობებინა სასამართლოსთვის, კერძოდ, მოცემულ შემთხვევაში, არათუ კასატორის მიერ არ ყოფილა წარდგენილი რაიმე სახის მტკიცებულება იმ ფაქტის დასადასტურებლად, რომ მან სხდომამდე წინასწარ აცნობა სასამართლოს გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის თაობაზე, არამედ, მას არც სააპელაციო სასამართლოში წარდგენილ საჩივარში და არც საკასაციო საჩივარში არც კი მიუთითებია იმ გარემოებებზე, რომ მისთვის ობიექტურად შეუძლებელი იყო გამოუცხადებლობის მიზეზის შესახებ სასამართლოს დროული ინფორმირება.

33. საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ მოპასუხე (კასატორი) იურიდიული პირია, რომელსაც მისი სტატუსიდან გამომდინარე, ფიზიკური პირისგან განსხვავებული პასუხისმგებლობითა და სტანდარტით მოეთხოვება იმ რისკების მაქსიმალურ დონემდე შემცირება, რომლის გაუთვალისწინებლობამაც შესაძლოა, გარკვეული პრობლემების წინაშე დააყენოს კომპანია. პალატის განმარტებით, იმ შემთხვევაში, თუ გამოვლენილი იყო ის გარემოებები, რომელსაც შეეძლო, ხელი შეეშალა წარმომადგენლის სასამართლო სხდომაზე გამოცხადებაში, კომპანია ვალდებული იყო, სათანადოდ უზრუნველეყო პროცესში საკუთარი მონაწილეობა, შესაბამისად, მოპასუხეს გონივრული წინდახედულობის ფარგლებში არახელსაყრელი შედეგის თავიდან ასაცილებლად, შეეძლო სასამართლოში საქმე სხვა წარმომადგენლის მეშვეობითაც ეწარმოებინა, მით უფრო, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ დასაქმებულის მიერ 2017 წლის 28 დეკემბერს გაცემულია მინდობილობა ორ წარმომადგენელზე დ.ა–ძეზე და ს.ჯ–აძე, უვადოდ, მის გაუქმებამდე, შესაბამისად, წარმომადგენლის სასამართლო პროცესზე გამოუცხადებლობა, იურიდიული პირისათვის სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად ვერ ჩაითვლება (შდრ. საქმე №ას-780-780-2018, 2019 წლის 22 ოქტომბრის განჩინება).

34. საკასაციო პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ იურიდიული პირის წარმომადგენლის საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის დროსაც დაუსწრებელი გადაწყვეტილების ყველა შემთხვევაში გაუქმება დაუშვებელია. სათანადო მენეჯმენტის არქონა, საკასაციო პალატის მოსაზრებით, განსაკუთრებულ ობიექტურ გარემოებად ვერ მიიჩნევა და, ცხადია, არ ათავისუფლებს იურიდიულ პირს კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი საპროცესო მოქმედების შესრულების ვალდებულებისგან (იხ. საქმე №ას-152-148-2016, 2016 წლის 3 ივნისის განჩინება; საქმე №ას-345-330-2016, 2016 წლის 6 ივნისის განჩინება).

35. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და საქმეში წარდგენილი მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზის შედეგად ჩამოყალიბებულ დასკვნას, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების წინაპირობები.

36. სამოქალაქო საპროცესო სამართალწარმოებაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტი უზრუნველყოფს მხარეთა მიერ საპროცესო ვალდებულებების შესრულებისადმი პატივისცემისა და მათი პასუხისმგებლობის დონის ამაღლებას. ის ემსახურება საპროცესო დისციპლინის განმტკიცებას და პროცესის გამარტივებას. აქედან გამომდინარე, ეს ინსტიტუტი სსსკ-ის მე-3 და მე-4 მუხლებით განმტკიცებული სამართალწარმოების ფუნდამენტური პრინციპების რეალიზაციაა. თუ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისას კანონით გათვალისწინებული წინაპირობები დაცულია, მისი გაუქმება სათანადო დასაბუთების გარეშე დაუშვებელია.

37. საკასაციო პალატა დაუსაბუთებლობის მოტივით არ იზიარებს კასატორის წინამდებარე განჩინების მე-19 პუნქტში მითითებულ საკასაციო პრეტენზიას და მიუთითებს, რომ საკასაციო საჩივრის ფარგლებში სასამართლოს მსჯელობის საგანია დაუსწრებელ გადაწყვეტილებისა და მისი ძალაში დატოვების შესახებ განჩინების კანონიერების შემოწმება და სასამართლოს განხილვის ფარგლები დადგენილ პროცესუალურ ჩარჩოს ვერ გასცდება, შესაბამისად, კასატორის მიერ სადავოდ გახდილი გარემოებები სცდება ამ ეტაპზე შესაფასებელ საკითხთა წრეს, რაზეც საკასაციო პალატა ვერ იმსჯელებს.

38. რაც შეეხება შეგებებულ საკასაციო საჩივარს, ამ ნაწილშიც საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ უცვლელად უნდა დარჩეს გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:

39. შეგებებული საკასაციო საჩივრის ფარგლებში (სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში), საკასაციო პალატის მსჯელობის საგანია, დამსაქმებლისათვის დასაქმებულის სასარგებლოდ დაკისრებული კომპენსაციის ოდენობა, რომელიც ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ 9000 ლარით განსაზღვრა (როგორც უკვე აღინიშნა, ამ ნაწილში სსსკ-ის 372-ე, 230.1-ე, 387.2-ე მუხლების გათვალისწინებით, კანონის ძალით დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები ნაწილობრივ ამართლებდა იურიდიული თვალსაზრისით მოთხოვნას, რისი გათვალისწინებითაც მიღებულია გადაწყვეტილება, რომლითაც შეგებებული სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა).

40. მოცემული კუთხით, შეგებებული საკასაციო საჩივრის ავტორის პრეტენზიის შეფასებისას საყურადღებოა მის მიერ მითითებული გარემოებების ძირითადი შინაარსი, კერძოდ, ეს უკანასკნელი მიუთითებს, დასაქმებულის მუშაობის უვადო ხასიათზე, ასევე ის გარემოება, რომ მოსარჩელე დღემდე უმუშევარია და მისი ოჯახი დარჩენილია შემოსავლის გარეშე. ამასთან, მისი გათავისუფლებიდან გასულია თითქმის 30 თვე, შესაბამისად, კომპენსაცია უნდა ფარავდეს საქმის განხილვის მთელ პერიოდს.

41. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ამ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება სრულად შეესაბამება დადგენილ სასამართლო პრაქტიკას (სუსგ-ები №ას-1334-2021, 2022 წლის 2 მარტის განჩინება; საქმე №ას-143-2019წ, 2019 წლის 5 ივლისის განჩინება; საქმე №ას-995-2019, 2020 წლის 24 იანვრის განჩინება) და სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული კომპენსაცია შეესატყვისება კომპენსაციის გონივრულობის სტანდარტს, რისი გათვალისწინებითაც მისი გაზრდის თაობაზე მოთხოვნა დაუსაბუთებელია.

42. საკასაციო პალატამ არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ სშკ-ი არ განსაზღვრავს კომპენსაციის გამოანგარიშების წესსა და კრიტერიუმებს. კომპენსაციის, როგორც დასაქმებულის უფლებრივი რესტიტუციის საშუალების დადგენა და მისი ოდენობის განსაზღვრა სასამართლოს დისკრეციაა, რა დროსაც, გათვალისწინებულ უნდა იქნეს, რომ კომპენსაცია შეძლებისდაგვარად უნდა უზრუნველყოფდეს იმ ზიანის ანაზღაურებას, რომელიც გათავისუფლების შესახებ ბათილი ბრძანების შედეგად წარმოეშვა დასაქმებულს, ამავდროულად, მისი ოდენობა უნდა იყოს გონივრული და არ უნდა ქმნიდეს არცერთი მხარისათვის უსაფუძვლო გამდიდრების ობიექტურ წინაპირობებს (სსკ-ის 976-991-ე მუხლები) (სუსგ №ას-787-736-2017, 10.11.2017წ.; №ას-632-2019, 21.06.2019წ.). გამომდინარე იქიდან, რომ შრომის კოდექსი არ განსაზღვრავს კომპენსაციის ოდენობას, მისი დადგენა ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით ხორციელდება (იხ. სუსგ საქმე №ას-267-2021, 2021 წელი 11 ივნისის განჩინება).

43. კომპენსაციის გონივრულობის სტანდარტის შეფასებისას, საკასაციო პალატა ითვალისწინებს დასაქმებულის ასაკს, ასევე კომპენსაციის მიზანს, რომ მან უნდა დაფაროს დროის ის მინიმალური მონაკვეთი, რაც საჭიროა ახალი სამსახურის მოსაძებნად და მიიჩნევს, რომ საქმეში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების საფუძველზე, მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ დაკისრებული კომპენსაცია (18 თვის შრომის ანაზღაურება) სწორად იქნა განსაზღვრული და აღნიშნულის საწინააღმდეგო დასაბუთებული საკასაციო შედავება შეგებებული საკასაციო საჩივრის ავტორს არ წარმოუდგენია, შესაბამისად, არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ დამსაქმებლისათვის დაკისრებული კომპენსაციის გადახედვის სამართლებრივი მოცემულობა.

44. სსსკ-ის 410-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არ აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

45. ამრიგად, სააპელაციო სასამართლო გასაჩივრებული დაუსწრებელ გადაწყვეტილებისა და ამ გადაწყვეტილების ძალაში დატოვების განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა, შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 19 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2020 წლის 9 ივნისის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ, უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

46. სსსკ-ის 55-ე მუხლის მე-2 მუხლის პირველი წინადადების თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს ,,ა.ა.ს.კ–კის“ საკასაციო საჩივარი დამ.ქ–ის შეგებებული საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 19 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2020 წლის 9 ივნისის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ;

3. კასატორის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;

4. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე

ვლადიმერ კაკაბაძე