საქმე №ას-302-2022 28 მარტი, 2022 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - პ.ნ–ძე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - თ.ჭ–ა (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 14 თებერვლის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. პ.ნ–ძემ (შემდგომ - მოსარჩელე, აპელანტი, განმცხადებელი, კერძო საჩივრის ავტორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში თ.ჭ–ას (შემდგომ - მოპასუხე, დირექტორი, კასატორი, მოწინააღმდეგე მხარე) მიმართ და მოითხოვა მისთვის შპს „ი–ის“ (შემდგომ - კომპანია ან საზოგადოება) სასარგებლოდ, მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით, 52 303 ლარის დაკისრება.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 20 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
3. მოსარჩელემ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა, გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 6 იანვრის გადაწყვეტილებით, სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 20 იანვრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხეს 52 303 ლარის გადახდა კომპანიის სასარგებლოდ დაეკისრა, რაც მოპასუხემ საკასაციო წესით გაასაჩივრა.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 18 აპრილის განჩინებით, კასატორის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 6 იანვრის გადაწყვეტილება.
6. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით სააპელაციო სასამართლომ 2019 წლის 27 ივნისს სააღსრულებო ფურცელი გასცა, სადაც კრედიტორად მითითებულ იქნა კომპანია, ხოლო სააღსრულებო ფურცლის აღებასა და გადახდევინებაზე პასუხისმგებელ პირად - მოსარჩელე.
7. მოსარჩელემ განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას და 2019 წლის 27 ივნისს №2ბ/1277-16 საქმეზე გაცემული სააღსრულებო ფურცლის განმარტება მოითხოვა, კერძოდ, განიმარტოს, რომ კრედიტორის სახელით სადავო თანხის მოვალესთან (მოპასუხესთან) ურთიერთგაქვითვის გარიგებაზე წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით სარგებლობს ,,გადახდევინებაზე უფლებამოსილი პირი - მოსარჩელე“.
8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 14 თებერვლის განჩინებით, განმარტების თაობაზე განცხადება არ დაკმაყოფილდა.
9. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ განმცხადებელი თავის განცხადებაში არ უთითებდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 6 იანვრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსის ბუნდოვანებაზე.
10. სასამართლოს მითითებით, განცხადების თანახმად, სააღსრულებო ფურცელი აღსასრულებლად წარდგენილ იქნა კერძო აღმასრულებელთან, რის საფუძველზეც სააღსრულებო წარმოება დაიწყო. მოპასუხემ გადაწყვიტა რა თავიდან აერიდებინა ვალდებულების შესრულებისათვის, ისარგებლა იმ ფაქტით, რომ იკავებდა კომპანიის დირექტორის თანამდებობას, ,,ვალდებულებების გაქვითვით ურთიერთვალდებულებათა შესრულების შესახებ შეთანხმება“ შეადგინა. ამ აქტის შინაარსის თანახმად, ვითომდა მოპასუხის, როგორც კომპანიის დირექტორის მიმართ არსებობს სახელფასო დავალიანება - 135 068 ლარი, თავის მხრივ კი, მას სააღსრულებო ფურცლით კომპანიის სასარგებლოდ დაკისრებული აქვს 52 303 ლარი და აღსრულების წინასწარი საფასური 1046.06 ლარი, რაც მთლიანად შეადგენდა 53349.06 ლარს. აქედან გამომდინარე, მოპასუხემ გაქვითა ურთიერთმოთხოვნები, კერძოდ, სადავო სააღსრულებო ფურცლით დაკისრებული 52 303 ლარი და აღსრულების წინასწარი საფასური - 1046.06 ლარი, ვითომდა კომპანიის წინაშე მისი მოთხოვნიდან. ამ საფუძველზე, მოპასუხემ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიას მიმართა და ამ საქმეზე კერძო აღმასრულებლის წარმოებაში არსებული სააღსრულებო საქმის შეწყვეტა ითხოვა. სასამართლოს 2019 წლის 29 აგვისტოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ განჩინებით, კერძო აღმასრულებელს დავის საბოლოოდ დასრულებამდე სააღსრულებო საქმის №A19124652-005/002 (მოვალე მოპასუხე, კრედიტორი კომპანია) ნებისმიერი სახის შემდგომი წარმოება აეკრძალა, მათ შორის იძულებითი აქციონის დანიშვნა ან აუქციონის დანიშვნის მოთხოვნა. ამ განჩინების საფუძველზე, კერძო აღმასრულებელმა შეაჩერა სააღსრულებო მოქმედებები და ამჟამად, სააღსრულებო საქმისწარმოება შეჩერებულია.
11. განმცხადებლის განმარტებით, მოცემული ფაქტობრივი გარემოებების არსებობისას დადგა საკითხი იმის შესახებ, თუ ვინ უნდა იყოს ის პირი, რომელიც წარმოადგენს კომპანიას და მისი სახელით სადავო თანხის მოვალისათვის გაქვითვის ხელშეკრულებას ხელს მოაწერს. ამ შემთხვევაში, სააღსრულებო ფურცელში არსებული ტერმინი - ,,გადახდევინებაზე უფლებამოსილი პირი“ არის ბუნდოვანი და იგი უნდა განიმარტოს იმგვარად, რომ გადახდევინებაზე უფლებამოსილი პირი გულისხმობს პირს, რომელიც უზრუნველყოფს სააღსრულებო ფურცლით დაკისრებული თანხის იძულებით გადახდევინებას და, შესაბამისად, იგი იყოს უფლებამოსილი, ამ თანხის ნაწილში წარმოადგინოს კრედიტორი მოვალესთან ურთიერთობაში ვალდებულების ურთიერთგაქვითვის თაობაზე.
12. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 6 იანვრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი მკაფიოდ მიუთითებს საქმის შედეგებზე. მისი მეშვეობით, სასამართლოს იმგვარი განკარგულება არ დაუდგენია, რაც აღსრულების პროცესში რაიმე ბუნდოვანებას წარმოშობდა. ამასთან, თავად განმცხადებელი, როგორც უკვე აღინიშნა, მითითებული გადაწყვეტილების ბუნდოვანებაზე კი არ მიუთითებს, არამედ მას რეალურად სურს მოთხოვნილი განმარტების საფუძველზე სხვა - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული კოლეგიის მიერ განსახილველი დავის გადაწყვეტა და ამით თავისი იურიდიული ინტერესის მიღწევა. ყოველივე ზემოაღნიშნული კი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) 262-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სასამართლო გადაწყვეტილების განმარტების ფარგლებს სცილდება.
13. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება მოსარჩელემ კერძო საჩივრით გაასაჩივრა და განჩინების გაუქმება მოითხოვა შემდეგი საფუძვლებით:
14. კერძო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ სააღსრულებო ფურცელში აღნიშნული თანხის გადახდევინებაზე უფლებამოსილი პირია. სწორედ მას შეუძლია მოითხოვოს დაკისრებული თანხის იძულებითი გადახდევინება, პატიება და გაქვითვა კომპენიის სახელითა და მის სასარგებლოდ. აღნიშნული საკითხი კი სადავოდ გახადა მოვალემ და შეაჩერა აღსრულება სწორედ იმის გამო, რომ ბუნდოვანია, განსაზღვრული გადახდევინებაზე უფლებამოსილი პირი რას ნიშნავს, რაც, მოცემულ შემთხვევაში, საჭიროებს განმარტებას.
15. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 18 მარტის განჩინებით, კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
16. საკასაციო პალატა კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
17. სასამართლოს მხრიდან მიღებული გადაწყვეტილების განმარტების შესაძლებლობას ადგენს სსსკ-ის 262-ე მუხლი, რომლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს, მხარეთა ან აღმასრულებლის განცხადებით, გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით განმარტოს გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია.
18. დასახელებული საკანონმდებლო დათქმიდან გამომდინარე, ამ საპროცესო ინსტიტუტის გამოყენება ემსახურება სასამართლოს გადაწყვეტილებით/განჩინებით დადასტურებული პირის უფლების ზუსტ რეალიზაციას. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლი ამკვიდრებს რა სამართლიანი სასამართლოს პრინციპს, იგი არა მხოლოდ საქმის სამართლიანი განხილვის, არამედ ამ განხილვის შედეგად მოპოვებული უფლების რეალიზაციასაც მოიცავს. ამასთანავე, უმთავრესი პირობა ისაა, რომ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი ერთმნიშვნელოვან დასკვნას არ უნდა იძლეოდეს აღსასრულებლად მიქცეული უფლების თაობაზე (იხ. სუსგ №ას-684-638-2017, 7 ივლისი, 2017 წელი), შესაბამისად, გადაწყვეტილების განმარტების საჭიროება არსებობს მხოლოდ მაშინ, როდესაც მისი სარეზოლუციო ნაწილის ესა თუ ის დებულება ორაზროვანი, გაუგებარია და არსებული სახით გადაწყვეტილების აღსრულებას დაბრკოლება ექმნება.
19. განსახილველ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ავტორი (განმცხადებელი) მოითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ 2019 წლის 27 ივნისს №2ბ/1277-16 საქმეზე გაცემული სააღსრულებო ფურცელში მითითებული ჩანაწერის ,,სააღსრულებო ფურცლის აღებასა და გადახდევინებაზე უფლებამოსილი პირი - მოსარჩელე“ განმარტებას იმგავარად, რომ კრედიტორის სახელით სადავო თანხის მოვალესთან (მოპასუხესთან) ურთიერთგაქვითვის გარიგებაზე (იხ. წინამდებარე განჩინების მე-10 პუნქტი) წარმომადგებლობითი უფლებამოსილება მას მიენიჭოს. მოსარჩელის მოთხოვნის ძირითად მიზანსა და არგუმენტს წარმოადგენს ის გარემოება, რომ სწორედ მას შეუძლია, მოითხოვოს დაკისრებული თანხის მოპასუხისათვის იძულებითი გადახდევინება, პატიება და გაქვითვა კომპანიის სახელითა და მის სასარგებლოდ. მისივე მითითებით, საკითხი სადავოდ გახადა მოვალემ (მოპასუხემ) და ამ გადაწყვეტილების აღსრულება შეაჩერა სწორედ იმის გამო, რომ ბუნდოვანი და განსამარტია რას ნიშნავს ,,სააღსრულებო ფურცლის აღებასა და გადახდევინებაზე უფლებამოსილი პირი - მოსარჩელე“.
20. საკასაციო პალატა კერძო საჩივრის ავტორის ყურადღებას მის მიერ გამოთქმულ პრეტენზიასთან კონტექსტით იმ გარემოებებზე მიაქცევს, რომ ეს უკანასკნელი სადავოდ არ ხდის იმას, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი არ შეიცავს ბუნდოვან და/ან ორაზროვან დებულებებს და ნათელია, რომ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი მკაფიოდ მიუთითებს, თუ რა შედეგი დადგა საქმეზე. ამასთან, 2017 წლის 6 იანვრის გადაწყვეტილების საფუძველზე გაცემულ სააღსრულებო ფურცელში ასახულია მოვალის ის ვალდებულება, რაც მას კომპანიის სასარგებლოდ სასამართლო გადაწყვეტილებით ეკისრება და - რომ სააღსრულებო ფურცლის აღებასა და გადახდევინებაზე უფლებამოსილი პირი მოსარჩელეა, აღსრულების პროცესში რაიმე ბუნდოვანებას არ წარმოშობს (დავის საგანს წარმოადგენდა დირექტორის პასუხისმგებლობა კომპანიის მიმართ ფიდუციური მოვალეობის დარღვევისათვის და მოსარჩელემ, როგორც კომპანიის წილის 49% მფლობელმა პარტნიორმა, დერივაციული სარჩელი აღძრა კომპანიის ნაცვლად და მის სასარგებლოდ, საკუთარი სახელით).
21. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა, ,,სააღსრულებო ფურცელის აღებასა და გადახდევინებაზე უფლებამოსილი პირის“ განმარტების შესახებ, რომლითაც ამ უკანსკნელს სურს, კომპანიასა და მოპასუხეს შორის არსებული ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვისას წარმოადგენდეს კომპანიის ინტერესებს, იმ თანხის ნაწილში, რომელიც წინამდებარე საქმის სააღსრულებო ფურცლითაა მოპასუხის მიერ გადასახდელი, სცდება გადაწყვეტილების განმარტების საპროცესო-სამართლებრივ ფარგლებს და ეწინააღმდეგება სსსკ-ის 262-ე მუხლის მიზნებს. პალატა კიდევ ერთხელ, განმარტავს, რომ ამ უკანასკნელი სამართლებრივი დანაწესიდან გამომდინარე, სასამართლო უფლებამოსილია, მხარეებსა და აღმასრულებელს, მათი მოთხოვნისამებრ, განუმარტოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის ბუნდოვანი დებულებები, რაც მიმართული უნდა იყოს გადაწყვეტილების აღსრულების გამარტივებისაკენ, უნდა ემსახურებოდეს გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლოს მიერ გათვალისწინებული დავის სამართლებრივი შედეგის ზუსტად და ზედმიწევნით შესრულებას, რაც მოცემულ შემთხვევაში, როგორც უკვე აღინიშნა, არ ვლინდება.
22. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ავტორმა აღსასრულებელი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის რაიმე გაუგებარ და ორაზროვან დებულებაზე ვერ მიუთითა, მეტიც, განმცხადებლის მიერ თავდაპირველად წარმოდგენილი განცხადებითაც და განსახილველი კერძო საჩივრითაც ირკვევა, რომ მას სურს მოთხოვნილი განმარტების საფუძველზე სხვა - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული კოლეგიის მიერ განსახილველი დავის გადაწყვეტა და ამით თავისი იურიდიული ინტერესის მიღწევა, რაც სცდება გადაწყვეტილების განმარტების საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულ მიზანს - გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობას (სსსკ-ის 262.1 მუხლი). პალატა დამატებით მიუთითებს, რომ ამ საქმეზე დადგენილია შედეგი, განსაზღვრულია მოვალის მიერ გადასახდელი თანხა და მოვალესა და კომპანიას შორის არსებული ურთიერთომოთხოვნათა გაქვითვის კანონიერება და აქედან წარმოშობილი სამართლებრივი დავები კერძო საჩივრის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი ვერ გახდება, მით უფრო, საკასაციო პალატის ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, რისი გათვალისწინებითაც, არ არსებობს კერძო საჩივრის დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.
24. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
25. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. პ.ნ–ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 14 თებერვლის განჩინება დარჩეს უცვლელად;
3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;
4. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე
ვლადიმერ კაკაბაძე