Facebook Twitter

საქმე № ას-1025-2021 20 იანვარი, 2022 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე,

ლევან მიქაბერიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორები – ა.კ–ნი, წ.ჩ–ნი

მოწინააღმდეგე მხარე – თ.ა–ი, თ.ც–ი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 24 ივნისის განჩინება

კერძო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი - აღსრულების სტადიაზე მოვალის უფლებამონაცვლის დადგენა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილებით ნ.ა–ისა და თ.ა–ის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ნ.ა–ისა და/ან თ.ა–ის მიერ ე.ჩ–ნის სასარგებლოდ 50 250 ლარის გადახდის შემთხვევაში, ვალდებულების შესრულების დოკუმენტის ან ამ ვალდებულების სხვაგვარად შეწყვეტის დოკუმენტის წარდგენის შემდეგ, ე.ჩ–ნს შეუწყდა მფლობელობა მის მიერ დაკავებულ 108.34 კვ.მ. საცხოვრებელ სადგომზე მდებარე - ქ. თბილისში, ...... და ეს უძრავი ქონება თავისუფალ მდგომარეობაში გადაეცა მესაკუთრეებს - ნ.ა–სა და თ.ა–ს.

2. დასახელებული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, 2013 წლის 11 სექტემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ კრედიტორ ე.ჩ–ნის მოთხოვნით გაიცა სააღსრულებო ფურცელი, რომლის საფუძველზე დაწყებულ სააღსრულებო წარმოებაში მხარეები არიან, კრედიტორ ე.ჩ–ნის უფლებამონაცვლეები - ა.კ–ნი და წ.ჩ–ნი, მოვალე - თ.ა–ი, რომელიც წარმოადგენს ნ.ა–ის უფლებამონაცვლეს.

3. მხარეთა შორის მიმდინარე დავის პერიოდში, ა–ის კუთვნილი ქონება იპოთეკით იყო დატვირთული, რის გამოც იპოთეკარის მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით სააღსრულებო ბიუროს განკარგულებით აუქციონზე გაიყიდა და აღნიშნული ქონების მესაკუთრე გახდა - თ.ც–ი.

4. კრედიტორის უფლებამონაცვლეებმა, თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარადგინეს განცხადება, მოითხოვეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ, 2013 წლის 11 სექტემბერს გაცემულ სააღსრულებო ფურცელში მოვალედ თ.ც–ის მითითება.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 24 ივნისის განჩინებით განმცხადებლებს უარი ეთქვათ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

6. აღნიშნულ განჩინებაზე, საქართველოს უზენაეს სასამართლოში კერძო საჩივარი წარმოადგინეს განმცხადებლებმა, მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და განცხადების დაკმაყოფილება, რომლითაც თ.ა–ის უფლებამონაცვლედ დადგინდებოდა თ.ც–ი.

7. კერძო საჩივრის ავტორების განმარტებით, მათ მიერ წარდგენილი მტკიცებულებების, მათ შორის მოწმეთა ჩვენებების საფუძველზე დასტურდებოდა, რომ იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის შემდეგ ამ ქონების ახალმა მესაკუთრემ, იცოდა ქონებასთან დაკავშირებული დავის შესახებ, იცოდა, რომ ე.წ „ატსტუპნიკების“ მფლობელობაში არსებულ ფართს იძენდა.

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 8 ნოემბრის განჩინებით კერძო საჩივარი წარმოებაშია მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

9. სსსკ-ის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი ან სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.

10. კერძო საჩივრის ფარგლებში სასამართლოს განხილვის საგანია სააპელაციო სასამართლოს იმ განჩინების კანონიერების შემოწმება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა კერძო საჩივრის ავტორების განცხადება თ.ც–ის, მოვალეების უფლებამონაცვლედ ჩართვის თაობაზე, აღსრულების ეტაპზე.

11. საპროცესო უფლებამონაცვლეობის საფუძვლებს განსაზღვრავს სსსკ-ის 92-ე მუხლი, რომლის თანახმად, სადავო ან სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი ურთიერთობიდან ერთ-ერთი მხარის გასვლის შემთხვევაში (მოქალაქის გარდაცვალება, იურიდიული პირის რეორგანიზაცია, მოთხოვნის დათმობა, ვალის გადაცემა და სხვა), სასამართლო დაუშვებს ამ მხარის შეცვლას მისი უფლებამონაცვლით. უფლებამონაცვლეობა შესაძლებელია პროცესის ყოველ სტადიაზე. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საპროცესო უფლებამონაცვლეობის საფუძველია უფლებამონაცვლეობა მატერიალურ სამართალში, როდესაც მატერიალური სამართლის ნორმების მიხედვით, დასაშვებია სამართლებრივ ურთიერთობაში უფლებებისა და მოვალეობების სუბიექტების შეცვლა, როდესაც ახალი სუბიექტი მთლიანად ან ნაწილობრივ თავის თავზე იღებს თავისი წინამორბედის უფლებებს ან მოვალეობებს. შესაბამისად, თუ უფლებამონაცვლეობა მატერიალური სამართლის მიხედვით დასაშვებია, მაშინ დასაშვებია საპროცესო უფლებამონაცვლეობაც.

12. დადგენილია, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით მოვალეთა შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ხოლო ამავე გადაწყვეტილების საფუძველზე კრედიტორის სახელზე გაიცა სააღსრულებო წარმოება, რომლის ფარგლებშიც უფლებამონაცვლეობის საფუძველზე ამჟამინდელ კრედიტორებს კერძო საჩივრის ავტორები წარმოადგენენ. დადგენილია აგრეთვე, რომ სადავო უძრავი ქონება, რომელიც წინამდებარე დავის ფარგლებში მხარეთა შორის პრეტენზიის საგანს წარმოადგენდა, გაიყიდა იპოთეკარის მოთხოვნის საფუძველზე, რომელიც აუქციონის შედეგად შეიძინა თ.ც–მა. უდავოა, რომ რეალიზაციამდე, სხვა სახის შეზღუდვა არ ჰქონდა უძრავ ქონებას, ხოლო, აუქციონზე გაყიდვის შემდეგ თავისუფალ მდგომარეობაში, ყოველგვარი სანივთო ან ვალდებულებითსამართლებრივი შეზღუდვის გარეშე, გადაეცა ახალ მყიდველსა და მესაკუთრეს.

13. როგორც წესი, ნივთის საჯარო აუქციონზე რეალიზაციისას, მასზე არსებული ყველა სხვა უფლება ქარწყლდება, შესაბამისად, კერძო საჩივრის ავტორების მიერ დასახელებული პირი, ამჟამინდელი მესაკუთრე მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაენაცვლოს მოვალეს, თუ მისთვის ცნობილი იყო შეზღუდვის შესახებ, აღნიშნული კი ვერ დაადასტურეს სათანადო მტკიცებულებებით კერძო საჩივრის ავტორებმა.

14. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 75.5 მუხლის სააღსრულებო წარმოებისას გაყიდული ქონების ახალი მესაკუთრე იკავებს ძველი მესაკუთრის ადგილს და ხდება საკუთრების გადასვლის მომენტში ამ ქონების ფლობასთან ან/და ამ ქონებით სარგებლობასთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე დანაწესის გამოყენება ზემოაღნიშნული გარემოების დადგენის გარეშე წინააღმდეგობაში მოდის საჯარო რეესტრის უტყუარობის პრეზუმფციასთან, რომლის გაქარწყლებაც არ მომხდარა. წინამდებარე შემთხვევაში დადგენილია, რომ ამჟამინდელ მესაკუთრეს არ შეიძლება სცოდნოდა და არც იცოდა ქონების შესახებ მიმდინარე სადავო საკითხების შესახებ. უდავოა, რომ ქონებაზე იპოთეკის გარდა, რომლის გამოც მოხდა აუქციონზე ქონების გაყიდვა, სხვა შეზღუდვა არ ჰქონდა, ამდენად, ამჟამინდელი მესაკუთრე ვერ იქნება მოვალის უფლებამონაცვლე.

15. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 24 ივნისის განჩინება კანონიერია, ხოლო კერძო საჩივარი - დაუსაბუთებელი, რის გამოც არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 263-ე, 284-ე, 285-ე, 401-ე, 420-ე, 419-ე, 412-ე მუხლებით, და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ა.კ–ნისა და წ.ჩ–ნის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 24 ივნისის განჩინება;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: მ. ერემაძე

მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე

ლ. მიქაბერიძე