Facebook Twitter

საქმე Nას-336-2022

4 აპრილი 2022 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე - თეა ძიმისტარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – შპს ,,ს-დ. კ.ა–ი“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შ.ხ–ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 14 ოქტომბრის განჩინება

კერძო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – უძრავი ნივთის მესაკუთრედ ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

შ.ხ–მა სარჩელი აღძრა შპს ,,ს-დ. კ.ა–ის“ მიმართ და მოითხოვა უძრავი ნივთის მესაკუთრედ ცნობა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგის 2021 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილებით, შ.ხ–ის სარჩელი, მოპასუხე შპს „ს დ. კ.ა–ის“ მიმართ, მესაკურედ ცნობის თაობაზე დაკმაყოფილდა: მოსარჩელე შ.ხ–ი ცნობილ იქნა მესაკუთრედ მოპასუხე შპს „ს-დ. კ.ა–ის“ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (საკადასტრო კოდი: .....) კონკრეტული გამიჯნული წილის - მშენებარე კორპუსის მე-2 სართულზე, 35.5 კვ.მ. საცხოვრებელი ფართისა, მდებარე ქ. თბილისში, .......

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 14 ოქტომბრის განჩინებით შპს ,,ს-დ. კ.ა–ის“ სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.

სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 14 ოქტომბრის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა შპს ,,ს-დ. კ.ა–ის“ წარმომადგენელმა დ.ტ–ძემ, რომლითაც მოითხოვა აღნიშნული განჩინების გაუქმება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ შპს ,,ს-დ. კ.ა–ის“ კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

ამავე კოდექსის 399-ე მუხლით, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. ხოლო, სსსკ-ის 372-ე მუხლის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვა იმ წესების დაცვით წარმოებს, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის. ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის საფუძველზე, თუ საკასაციო საჩივარი (კერძო საჩივარი) არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი (კერძო საჩივარი) განუხილველი დარჩება.

ზემოაღნიშნულ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებისას სხვა წინაპირობებთან ერთად არკვევს, შეტანილია თუ არა კერძო საჩივარი კანონით დადგენილ ვადაში.

სსსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლო გადაწყვეტილებებისა და განჩინებების გასაჩივრების კანონით განსაზღვრული ვადების გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია.

ამავე კოდექსის 416-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, განჩინების გასაჩივრებისათვის კანონი ადგენს 12-დღიან ვადას, რომლის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია და მხარეს უფლება ეძლევა კერძო საჩივარი შეიტანოს განჩინების კანონით დადგენილი წესის შესაბამისად ჩაბარების ან მისი გამოცხადების მომენტიდან, თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი. ამდენად, აღნიშნული ნორმა, რომელიც ადგენს სასამართლოს მიერ გამოტანილი განჩინებების გასაჩივრების ვადას, იმპერატიული ხასიათისაა და ამ ვადის შეცვლა არ დაიშვება (იხ. სუსგ საქმეზე № ას-692-2019, 11 ივნისი, 2019 წელი)

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 14 ოქტომბრის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის ბოლო პუნქტით განიმარტა, რომ აღნიშნული განჩინების გასაჩივრება შესაძლებელი იყო კერძო საჩივრის წარდგენის გზით, საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების ასლის მხარისთვის გადაცემიდან 12 დღის ვადაში.

განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 14 ოქტომბრის განჩინება, კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენელს, დ.ტ–ძეს, გაეგზავნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების შესაბამისად, სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე. გზავნილი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ჩაბარდა კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენლის მეუღლეს, 2022 წლის 21 თებერვალს (იხ. ტ.1 ს.ფ. 235).

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, ხოლო მე-60 მუხლის მე-2 ნაწილისა და 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.

ზემოაღნიშნული ნორმიდან გამომდინარე კერძო საჩივრის ავტორისათვის განჩინების გასაჩივრების 12 დღიანი ვადის დენა დაიწყო 2022 წლის 22 თებერვალს და ამოიწურა 2022 წლის 5 მარტს, მაგრამ ვინაიდან 5 მარტი იყო შაბათი, არასამუშაო დღე, კერძო საჩივრის წარდგენის 12 დღიანი ვადა ამოწურულად ჩაითვლება მომდევნო სამუშაო დღეს, ანუ 2022 წლის 7 მარტს, ორშაბათს. შპს ,,ს-დ. კ.ა–ის“ წარმომადგენელმა დ.ტ–ძემ კერძო საჩივარი წარადგინა თბილისის სააპელაციო სასამართლოში 2022 წლის 10 მარტს, სსსკ-ის 416-ე მუხლით დადგენილი გასაჩივრების 12-დღიანი საპროცესო ვადის დარღვევით.

სსსკ-ის 63-ე მუხლით, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას (იხ. №ას-1424-2019, 15 ოქტომბერი, 2019 წელი; №ას-1086-2019, 25 ივლისი, 2019 წელი, №ას-2-2020, 13 იანვარი, 2020 წელი).

ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველი კერძო საჩივარი შეტანილია კანონით დადგენილი გასაჩივრების ვადის დარღვევით, რის გამოც ის განუხილველად უნდა დარჩეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 416-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს ,,ს-დ. კ.ა–ის“ კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველი;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე თეა ძიმისტარაშვილი