საქმე №ას-136-2022 15 აპრილი, 2022 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ეკატერინე გასიტაშვილი, მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - გ.დ–ი
მოწინააღმდეგე მხარე – სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო
თავდაპირველი განმცხადებელი, აპელანტი - ბ.დ–ი
თავდაპირველი განმცხადებელი, მოწინააღმდეგე მხარე - ნ.დ–ი
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 26 ნოემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი – პირის მხარდამჭერის მიმღებად ცნობა და მხარდამჭერის დანიშვნა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ბ.დ–მა (შემდეგში: პირველი განმცხადებელი ან მხარდაჭერის მიმღებ პირად საცნობი პირის შვილი) განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს, რომლითაც მოითხოვა მისი მამა - გ.დ–ი ((შემდგომში - კასატორი ან მხარდამჭერის მიმღებად ცნობილი პირი) ცნობილი იქნეს მხარდაჭერის მიმღებ პირად, შემდეგ სფეროებში: 1.1. მკურნალობაზე/რეაბილიტაციაზე თანხმობის გამოხატვა; 1.2. სამეწარმეო საქმიანობის განხორციელება, წვრილმანი გარიგებების დადება; 1.3. გ.დ–ისთვის ზიანის მიყენების თავიდან აცილების მიზნით წარმომადგენლობის განხორციელება როგორც სახელმწიფო დაწესებულებებში, ასევე არასახელმწიფო დაწესებულებაში, მათ შორის, ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოში წარმომადგენლობა; 1.4. სამოქალაქო ან/და ადმინისტრაციულ დარგის ყველა ინსტანციის საერთო სასამართლოებში საქმის წარმოებისათვის წარმომადგენლობის, მათ შორის,საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 98-ე მუხლით გათვალიწინებული უფლებამოსილების განხორცილება.
2. განცხადება ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: პირველი განმცხადებელი წარმოადგენს გ.დ–ის შვილს. გ.დ–ი 2002 წლიდან შშმ სტატუსის მქონე პირია (პარანოიდული შიზოფრენია) და არის მეორე ჯგუფის ინვალიდი. განმცხადებელი პროფესიით მეზღვაურია და ხშირად არ იმყოფებოდა საქართველოში, თუმცა პანდემიით განპირობებული მდგომარეობის გამო, ჩამოვიდა საქართველოში, დაიწყო მუშაობა და აღარ აპირებს საქართველოდან წასვლას. 2020 წლის ივლისში, როდესაც განმცხადებელი დაბრუნდა საქართველოში, გ.დ–მა მას უთხრა, რომ მის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლი, მდებარე: თბილისი, ........., გადაუფორმებია მის დისშვილს დ.მ–ს. განმცხადებელმა იცოდა მამამისის ავადმყოფობის ამბავი და ფიქრობდა, რომ ნათქვამი არ შეესაბამებოდა რეალობას, თუმცა, შემდეგ საჯარო რეესტრში გადამოწმებისას აღმოჩნდა, რომ 2016 წლის 06 აპრილს დ.მ–ს მართლაც გაუფორმა გ.დ–ის საცხოვრებელი სახლი. ნასყიდობის ხელშეკრულებაში მითითებულია ნასყიდობის საფასური 80000 ლარი, რაც, რათქმაუნდა, არ გადაუხდია გ.დ–ისთვის. ამ ფაქტს ადასტურებს გ.დ–ის ანგარიშის ამონაწერი სს „ლ.ბ–დან“. დ.მ–ი არის ნათესავი, რომელმაც იცოდა გ.დ–ის ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობა. განცხადებაში მითითებულია, რომ გ.დ–ის უფლებების დასაცავად აუცილებელია პირველი განმცხადებლის დანიშვნა მხარდამჭერ პირად.
3. იმავდროულოად, პირველმა განმცხადებელმა იშუამდგომლა მისი დანიშვნა გ.დ–ის დროებით მხარდამჭერპირად, სასამართლოში საქმის წარმოების დასრულებამდე.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 11 აგვისტოს განჩინებით გ.დ–ი აღიარებული იქნა მხარდაჭერის მიმღებ პირად შემდეგ სფეროებში:საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის სფეროში; მკურნალობაზე თანხმობის გამოხატვის სფეროში; გ.დ–ისთვის ზიანის მიყენების თავიდან აცილების მიზნით ყველა ინსტანციის სასამართლოში, მათ შორის,საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 98-ე მუხლით გათვალისწინებული უფლებებით, სრულად და ადმინისტრაციულ ორგანოებთან (მათ შორის, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში) წარმომადგენლობის განხორციელების სფეროში. ამავე განჩინებით პირველი განმცხადებელი დაინიშნა გ.დ–ის (მამის) დროებით მხარდამჭერად ზემოთაღნიშნულ სფეროებში და მიენიჭა უფლებამოსილება თვითონ, დამოუკიდებლად განეხორციელებინა მისთვის, როგორც დროებითი მხარდამჭერისთვის მინიჭებული უფლებები მხარდაჭერის მიმღების სახელითა და ინტერესების შესაბამისად.
5. სასამართლოს განცხადებით მიმართა აგრეთვე ნ.დ–მა (შემდეგში: მეორე განმცხადებელი ან მხარდაჭერის მიმღებ პირად საცნობი პირის და), რომელმაც მოითხოვა გ.დ–ის მხარდაჭერის მიმღებ პირად ცნობა შემდეგ სფეროებში: 2.1. საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა; 2.2. მკურნალობაზე/რეაბილიტაციაზე თანხმობის გამოხატვა; 2.3. გ.დ–ისთვის ზიანის მიყენების თავიდან აცილების მიზნით წარმომადგენლობის განხორციელება როგორც სახელმწიფო დაწესებულებებში, ასევე არასახელმწიფო დაწესებულებაში, მათ შორის ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოში წარმომადგენლობა; 2.4. სამოქალაქო ან/და ადმინისტრაციულ დარგის ყველა ინსტანციის საერთო სასამართლოებში საქმის წარმოებისათვის წარმომადგენლობის მათ შორის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 98-ე მუხლით გათვალიწინებული უფლებამოსილების განხორცილება.
6. მეორე განმცხადებელმა განმარტა, რომ არის გ.დ–ის და, რომელთანაც ცხოვრობს გ.დ–ი. მეორე განმცხადებელი წლების განმავლობაში ზრუნავს და უვლის ძმას.მეორე განმცხადებელმა განმარტა, რომ არეთანხმებოდა პირველი განმცხადებლის დანიშვნას მხარდამჭერად, ვინაიდან შვილს წლების განმავლობაში არ ჰქონია მამასთან ურთიერთობა. ბ.დ–ი იზრდებოდა მამისგან მოშორებით, იცოდა მამის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, თუმცა არასდროს გასჩენია მასზე ზრუნვის სურვილი. მისი ინტერესი იყო სასამართლოსთვის მომართვა და გ.დ–ის მიერ გასხვისებული ბინის დაბრუნება. მეორე განმცხადებელმა განმარტა, რომ გ.დ–ს ნამდვილად ესაჭიროება მხარდამჭერი შემდეგ სფეროებში: წვრილმანი გარიგების დადება, საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა, მკურნალობაზე თანხმობის გამოხატვა, მისთვის ზიანის აცილების მიზნით და სხვა უფლება-მოვალეობების განსახორციელებლად, მათ შორის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 98-ე მუხლით გათვალისწინებული უფლებებით ყველა ინსტანციის სასამართლოში და ადმინისტრაციულ ორგანოებთან (მათ შორის სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში) წარმომადგენლეობის განხორციელების სფეროში.
7. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 01 ივნისის გადაწყვეტილებით პირველი და მეორე განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და გ.დ–ი ცნობილ იქნა მხარდაჭერის მიმღებად შემდეგ სფეროებში:
8. 1.1. მკურნალობაზე/რეაბილიტაციაზე თანხმობის გამოხატვის სფეროში;
9. 1.2. გ.დ–ისთვის ზიანის მიყენების თავიდან აცილების მიზნით წარმომადგენლობის განხორციელება როგორც სახელმწიფო დაწესებულებებში, ასევე, არასახელმწიფო დაწესებულებაში, მათ შორის ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოში წარმომადგენლობა;
10. 1.3. სამოქალაქო ან/და ადმინისტრაციულ დარგის ყველა ინსტანციის საერთო სასამართლოებში საქმის წარმოებისათვის წარმომადგენლობის მათ შორის, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 98-ე მუხლით გათვალიწინებული უფლებამოსილების განხორცილების სფეროში, გარდა სარჩელის ცნობის, სარჩელზე უარის თქმის და მორიგების უფლებამოსილებისა.
11. 2. გ.დ–ს დაენიშნა ნ.დ–ი (და) მხარდამჭერად ამ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 1.1. და 1.2. პუნქტებში მითითებულ სფეროებში სრული მოცულობით, მხარდასაჭერთან ერთად ერთობლივად მხადაჭერის განსახორციელებლად;
12. 2.1 გ.დ–ს დაენიშნა მხარდაჭერის მიმღები პირის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, არსებული სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს შესაბამისი რაიონული ცენტრის ხელმძღვანელის მიერ განსაზღვრული სპეციალისტი, ამ გადაწყვეტილების 1.3. პუნქტით განსაზღვრულ სფეროში- სამოქალაქო ან/და ადმინისტრაციულ დარგის ყველა ინსტანციის საერთო სასამართლოებში საქმის წარმოებისათვის წარმომადგენლობის მათ შორის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 98-ე მუხლით გათვალიწინებული უფლებამოსილების განხორცილების სფეროში გარდა სარჩელის ცნობის, სარჩელზე უარის თქმის და მორიგების უფლებამოსილებისა; აღნიშნულ სფეროში მხარდამჭერმა უფლებამოსილება განახორციელოს დამოუკიდებლად, მხარდასაჭერი პირის მონაწილეობის გარეშე;
13. 2.3. დანარჩენ ნაწილში განმცხადებელთა მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა;
14. 3 მხარდამჭერებს განესაზღვრათ და განემარტათ მათი უფლება-მოვალეობანი:
15. 3.1.მხარდამჭერები ვალდებულნი არიან თვალყური ადევნონ მხარდაჭერის მიმღების მუდმივ სამედიცინო მომსახურებას, დაადგინოს მისი სურვილები/არჩევანი და დაეხმარონ მას შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებაში, რაც გამოიხატება გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელი ინფორმაციის მხარდაჭერის მიმღებისათვის გასაგები საკომუნიკაციო ფორმით მიწოდებაში. მხარდამჭერები აგრეთვე ვალდებულნი არიან მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მიერ დადგენილ ვადაში, რომელიც 6 თვეს არ უნდა აღემატებოდეს, აღნიშნულ ორგანოს მიაწოდონ სასამართლოს გადაწყვეტილებით მათთვის განსაზღვრული მოვალეობების შესრულების შესახებ ინფორმაცია. ამ ინფორმაციაში მხარდამჭერები მიუთითებენ მათ მიერ მხარდაჭერის გაწევასთან დაკავშირებულ თავისებურებებს.
16. 3.2. მხარდამჭერები ვალდებულნი არიან სასამართლოს დაუყოვნებლივ მიმართონ შუამდგომლობით მხარდაჭერის ფარგლების შეცვლის/მხარდაჭერის გაუქმების შესახებ, თუ აღარ არსებობს ან შეიცვალა ის საფუძველი, რომლის გამოც, მხარდაჭერის მიმღებს მხარდაჭერა დაუწესდა, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მხარდაჭერის მიმღებმა ან მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანომ უკვე მიმართა სასამართლოს.
17. 4. მხარდაჭერის გადასინჯვის პერიოდულობა განისაზღვრა 5 წლით. მხარდაჭერის გადასინჯვა მოხდება 5 წელიწადში.
18. 5.გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 11.08.2020 წლის N2/15339-20 განჩინება დროებითი მხარდამჭერის დანიშვნის შესახებ.
19. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა გ.დ–მა (მხარდაჭერის მიმღებ პირად ცნობილი პირი), რომელმაც მოითხოვა გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება.
20. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ბ.დ–მა (პირველი განმცხადებელი), რომელმაც მოითხოვა პირველი განცხადების სრულად დაკმაყოფილება - პირველი განმცხადებლის დანიშვნა გ.დ–ის მხარდამჭერად.
21. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 26 ნოემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილება.
22. მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია შემდეგი გარემოებები:
23. გ.დ–ი მნიშვნელოვნად გამოხატული შშ სტატუსის მქონე პირია და ცნობა გაცემულია უვადოდ. ანამნეზის თანახმად, მემკვიდრეობა ფსიქოპათოლოგიური დატვირთვის გარეშეა. არის გულჩათხრობილი, განმარტოვების მოყვარული. დაავადების ნიშნები გამოუვლინდა თანდათანობით, შემპარავად, დაახლოებით 1990 წლიდან დაერღვა ძილი, იყო უმოტივაციოდ, დაძაბული, აფორიაქებული, გახდა იოლად აღგზნებადი, აგრესიული, დაკარგა ჩვეული ინტერესები, ჩაიკეტა, ჰქონდა შიშის განცდა, გამოთქვამდა დამოკიდებულების, დევნის ბოდვით აზრებს, ესმოდა ხმები. წლების განმავლობაში მკურნალობდნენ კერძო ფსიქიატრის მეთვალყურეობის ქვეშ, თუმცა, მდგომარეობის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება არ მომხდარა. დაავადებამ მიიღო უწყვეტი მიმდინარეობა. ამბულატორიულ აღრიცხვაზეა 2002 წლიდან. შშ სტატუსის მქონე პირია 2003 წლიდან. ფსიქიატრიული მკურნალობა ჩატარებული აქვს ორჯერ - 2014 წელს, ხოლო 2015 წელს - არანებაყოფლობით. იმყოფება უწყვეტ ანტისფიქოზურ მედიკამენტურ დამჭერ მკურნალობაზე. ავადმყოფობის მიმდინარეობა - ქრონიკული. გ.დ–ის დიაგნოზია პარანოიდული შიზოფრენია F20.0.
24. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 12 აგვისტოს განჩინებით საქმეზე დაინიშნა ექსპერტიზა ფსიქოსოციალური საჭიროებიდან გამომდინარე. ექსპერტიზის ჩატარება დაევალა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს. ექსპერტს დაევალა პასუხების გაცემა შემდეგ კითხვებზე: - რა ხარისხით აქვს დარღვეული გ.დ–ს ფსიქიკური, გონებრივი/ინტელექტუალური შესაძლებლობები; - როგორია გ.დ–ის გარემოსთან ურთიერთქმედების შეფასება; - როგორია გ.დ–ის სოციალური ადაპტაციის ხარისხი; - არის თუ არა შესაძლებელი გ.დ–ის მდგომარეობის გაუმჯობესება/გაუარესება მომავალში და რა ხარისხით; - რამდენად არის აუცილებელი გ.დ–ის მხარდაჭერა მითითებულ სფეროებში: შრომითი საქმიანობის განხორციელების სფეროში; წვრილმანი გარიგების დადების სფეროში; სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების სფეროში; უძრავი ქონების მართვის/განკარგვის სფეროში; საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის სფეროში; მკურნალობაზე თანხმობის გამოხატვის სფეროში; მხარდასაჭერი პირისთვის ზიანის მიყენების თავიდან აცილების მიზნით, ყველა ინსტანციის სასამართლოში, მათ შორის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 98-ე მუხლით გათვალისწინებული უფლებებით, სრულად და ადმინისტრაციულ ორგანოებთან (მათ შორის სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში) წარმომადგენლობის განხორციელების სფეროში; - აუცილებელია თუ არა გ.დ–ის მხარდაჭერა სხვა სფეროში, გარდა ზემოთ ჩამოთვლილისა. დადებითი პასუხის შემთხვევაში მიეთითოს შესაბამისი სფერო; - შესაძლებელია თუ არა გ.დ–მა განახორციელოს სხვადასხვა უფლებები და გამოხატოს შესაბამისი ნება მხარდამჭერის დახმარებით თვითონ, თუ აუცილებელია შესაძლო მხარდამჭერმა განახორციელოს აღნიშნული უფლებანი უშუალოდ მხარდაჭერის მიმღები პირის მონაწილეობის გარეშე; - შესაძლებელია თუ არა გ.დ–ის მიერ გონივრული ნების გამოვლენა მისთვის მხარდაჭერის დანიშვნასთან დაკავშირებული საკითხის დადებითად, ან უარყოფითად შეფასების შესახებ (შესაძლებელია თუ არა ასეთი გონივრული ნების ფორმირება საერთოდ მხარდამჭერის მონაწილეობის გარეშე).
25. 2020 წლის 23 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ და წარადგინა ექსპერტიზის დასკვნა N005392320. დასკვნის თანახმად, გ.დ–ს აქვს მყარი ფსიქიკური (გონებრივი/ინტელექტუალური) დარღვევები, რომელთა სხვადასხვა დაბრკოლებასთან ურთიერთქმედებამ შესაძლოა ხელი შეუშალოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში მის სრულ და ეფექტიან მონაწილეობას სხვებთან თანაბარ პირობებში. მისი ფსიქიკური დარღვევების ხარისხი მნიშვნელოვნადაა გამოხატული. მისი მოქმედებები და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობა შეზღუდულია მნიშვნელოვნად. მისი გარემოსთან ურთიერთქმედება შეზღუდულია მნიშვნელოვნად. მისი სოციალური ადაპტაციის ხარისხი მნიშვნელოვნად არის დაქვეითებული. მისი მდგომარეობის გაუმჯობესება/გაუარესების შესაძლებლობა მინიმალურია, პრაქტიკულად არ არსებობს. მას ესაჭიროება მხარდამჭერი: შრომითი საქმიანობის, წვრილმანი გარიგების დადების, სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების, უძრავი ქონების მართვა/განკარგვის, საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის, მკურნალობაზე თანხმობის გამოხატვის და ყველა ინსტანციის სასამართლოში, მათ შორის, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 98-ე მუხლით გათვალისწინებული უფლებებით, სრულად და ადმინისტრაციულ ორგანოებთან (მათ შორის სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში) წარმომადგენლობის განხორციელების სფეროში; უფლებებისა და მოვალეობების განხორციელების სხვა სფეროებში, რომლებსაც განსაზღვრავს სასამართლო. მას არ შეუძლია აღიქვას და სათანადოდ შეაფასოს მისი საკითხის გადაწყვეტისათვის ჩატარებული სასამართლო სხდომის დანიშნულება და მონაწილეობა მიიღოს მათში. მას შეუძლია განახორციელოს სხვადასხვა უფლებები და გამოხატოს შესაბამისი ნება მხარდამჭერის დახმარებით. მისი გონივრული ნების გამოვლენა (ზოგადად ამგვარი ნების ფორმირება) მისთვის მხარდაჭერის დანიშვნასთან დაკავშირებული საკითხის დადებითად ან უარყოფითად შეფასების თვალსაზრისით შეუძლებელია. მხარდაჭერის გადასინჯვის ვადა რეკომენდებულია განისაზღვროს ხუთი წლით.
26. ექსპერტიზის დასკვნას თან ერთვის 2020 წლის 02 სექტემბერს თბილისის ვაკე- საბურთალოს რაიონული ცენტრის სოციალური მუშაკის მიერ შედგენილი N07-13/1554 დასკვნა, რომლის თანახმად, გ.დ–ი მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირია (დადგენილია უვადოდ) დიაგნოზით: პარანოიდული შიზოფრენია F20.0. ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობის გათვალისწინებით, გ.დ–ი ახერხებს კომუნიკაციას, გადმოსცემს საკუთარ აზრს, სურვილებს, აფიქსირებს საკუთარ პოზიციას. დამოუკიდებლად შეუძლია აუცილებელი ფიზიოლოგიური მოთხოვნილებების დაკმაყოფილება. შეუძლია დამოუკიდებლად გადაადგილება ახლო მანძილზე, თავად ყიდულობს საკვებ პროდუქტებს, თუმცა იმყოფება მუდმივი მედიკამენტოზული მკურნალობის ქვეშ და საჭიროებს მეთვალყურეობას.
27. გ.დ–ი სარგებლობს კუთვნილი სოციალური პაკეტით გათვალისწინებული თანხით, შვილის - ბ.დ–ის მხრიდან განსაკუთრებული ყურადღებაა გამოვლენილი მამის მიმართ, ეხმარება როგორც ფინანსურად, ასევე სახლის მოწესრიგებაში, პროდუქტებისა და მედიკამენტების მომარაგებაში. გამოხატავს მის მიმართ სიყვარულსა და მზრუნველობას. გ.დ–მა ცალკე საუბრისას დააფიქსირა თანხმობა და სურვილი, რომ ბ.დ–ი დაინიშნოს მის მხარდამჭერად.
28. სოციალური მუშაკმა მიზანშეწონილად მიიჩნია, რომ ბ.დ–ი დაინიშნოს გ.დ–ის მხარდამჭერად შემდეგ სფეროებში: შრომითი საქმიანობის განხორციელება, წვრილმანი გარიგების დადება, სამეწარმეო საქმიანობის განხორციელება, უძრავი ქონების მართვა-განკარგვა, საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა, მკურნალობაზე თანხმობის გამოხატვა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 98-ე მუხლით გათვალისწინებული უფლებებით, სრულად და ადმინისტრაციულ ორგანოებთან (მათ შორის, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში) წარმომადგენლობა.
29. სოციალურმა მუშაკმა საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით 2021 წლის 14 მაისს დამატებით განახორციელა ვიზიტი გ.დ–თან. მისამართზე მას დახვდნენ გ.დ–ი და მისი და - ნ.დ–ი. სოციალურმა მუშაკმა დაათვალიერა გ.დ–ის საცხოვრებელი ადგილი, მისი ოთახი, გაესაუბრა მხარდაჭერის მიმღებ პირს, დაუსვა კითხვები მისი საცხოვრებელი პირობების, ცხოვრების რეჟიმის, ინტერესების შესახებ. გ.დ–მა განაცხადა, რომ მის კვებაზე, ჰიგიენაზე, მკურნალობის კურსის ჩატარებაზე ზრუნავს ნ.დ–ი.
30. მხარდაჭერის მიმღები პირის გ.დ–ის ადვოკატმა - ს.მ–მა სადავოდ გახადა მხარდაჭერის დაწესება სამეწარმეო საქმიანობის, წვრილმანი გარიგებების დადების, სასამართლოში წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელების სფეროში.
31. სასამართლოში წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელების სფეროში, ნ.დ–ის ან/და ბ.დ–ის მხარდამჭერ პირად დანიშვნას, ასევე, არ ეთანხმება სოციალური მუშაკი, ხოლო სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს წარმომადგენელმა განმარტა, რომ სასამართლოში წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელების სფეროში მხარდამჭერ პირად ბ.დ–ის დანიშვნის შემთხვევებში, ის დაიცავს მამის - გ.დ–ის ქონებრივ უფლებებსა და ინტერესებს.
32. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საერთაშორისო სამართლის რიგი უმნიშვნელოვანესი წყაროები (შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების კონვენცია, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, ასევე, რეგიონალური მნიშვნელობის, კერძოდ, ევროპის საბჭოს ფარგლებში მოქმედი უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი - ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენცია), განსაზღვრავენ ადამიანის ძირითად უფლებებს და ადგენენ მათი დაცვის გარანტიებსა და ასეთი დაცვის განხორციელების საზედამხედველო მექანიზმებს. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების კონვენცია აწესებს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მიერ ადამიანის უფლებების და ძირითადი თავისუფლებების სრული რეალიზებისათვის ხელშეწყობას, კანონის ძალით და კანონის წინაშე ყოველი პიროვნების თანასწორობას, უფლებაუნარიანობას სხვებთან თანასწორად ცხოვრების სფეროში, უზრუნველყოფას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი საკუთრებით ფლობდეს ნივთს, მიიღოს მემკვიდრეობა და არ მოხდეს ამ პირის საკუთრების თვითნებურად ჩამორთმევა. საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის და თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობას. სოციალური დახმარების, მკურნალობის და ჯანმრთელობის დაცვის ხელმისაწვდომი უმაღლესი სტანდარტებით სარგებლობის უფლებას.
33. ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციაში და ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციაში დადასტურებულია ყველა ადამიანის უფლება ისარგებლოს ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე ყველა უფლებით და თავისუფლებით და განსაზღვრულია ადამიანის ძირითადი უფლებების დაცვის გარანტიები. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების და ძირითად თავისუფლებათა დაცვასა და სრული რეალიზებისათვის ხელშეწყობას გარდა მითითებული საერთაშორისო აქტებისა, ახორციელებს ასევე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების კონვენცია, რომელიც აწესებს უფლებაუნარიანობას სხვებთან თანასწორად ცხოვრების სფეროში, ასევე უზრუნველყოფს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებას ფლობდეს ნივთს, მიიღოს მემკვიდრეობა და არ მოხდეს ამ პირის საკუთრების თვითნებურად ჩამორთმევა. აღნიშნული კონვენცია ასევე აწესებს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრისა და თავისუფლად გადაადგილების უფლებას, სოციალური დახმარების, მკურნალობის და ჯანმრთელობის დაცვის ხელმისაწვდომი უმაღლესი სტანდარტებით სარგებლობის უფლებას და აღიარებს, რომ ნებისმიერი ადამიანის დისკრიმინაცია შესაძლებლობის შეზღუდვის ნიშნით შეურაცხყოფს ადამიანის თანდაყოლილ ღირსებასა და ღირებულებას.
34. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 36314 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის შესახებ განცხადება სასამართლოში შეიძლება შეიტანოს ამ პირმა, მისი ოჯახის წევრმა, მისმა კანონიერმა წარმომადგენელმა, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანომ, ფსიქიატრიულმა ან სპეციალიზებულმა დაწესებულებამ. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, პირს მხარდაჭერა შეიძლება დაენიშნოს შრომითი საქმიანობის, წვრილმანი გარიგების დადების, სამეწარმეო საქმიანობის, უძრავი ქონების მართვის/განკარგვის, საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის, მკურნალობაზე თანხმობის გამოხატვის, მისთვის ზიანის მიყენების თავიდან აცილების მიზნით და სხვა უფლებებისა და მოვალეობების განსახორციელებლად, რომლებსაც სასამართლო ინდივიდუალური შეფასების საფუძველზე განსაზღვრავს.
35. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 36318 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის შესახებ საქმეს სასამართლო განიხილავს ამ პირის და მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენლის სავალდებულო მონაწილეობით. ამავე კოდექსის 36320 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის 36316 მუხლის შესაბამისად განცხადების წარმოებაში მიღებისთანავე სასამართლო ნიშნავს ექსპერტიზას „ფსიქოსოციალური საჭიროებიდან გამომდინარე ექსპერტიზის ჩატარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
36. განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილია მხარდამჭერის მიმღები პირი გ.დ–ის სამედიცინო ისტორია, ცნობები ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, სადაც მითითებულია, რომ გ.დ–ის დიაგნოზია პარანოიდული შიზოფრენია F20.0. გ.დ–ი ამბულატორიულ აღრიცხვაზეა 2002 წლიდან. შშ სტატუსის მქონე პირია 2003 წლიდან (უვადო). მას ორჯერ აქვს ჩატარებული სტაციონარული ფსიქიატრიული მკურნალობა და იმყოფება უწყვეტ ანტიფსიქოზურ მედიკამენტურ დამჭერ მკურნალობაზე. სასამართლოს 2020 წლის 12 აგვისტოს განჩინებით ფსიქოსოციალური საჭიროებიდან გამომდინარე საქმეზე დაინიშნა ექსპერტიზა და შეჩერდა საქმის წარმოება. 2020 წლის 23 სექტემბერს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ მიერ საქალაქო სასამართლოში წარდგენილ იქნა N005392320 ექსპერტიზის დასკვნა. დასკვნის თანახმად, გ.დ–ს აქვს მყარი ფსიქიკური (გონებრივი/ინტელექტუალური) დარღვევები, რომელთა სხვადასხვა დაბრკოლებასთან ურთიერთქმედებამ შესაძლოა ხელი შეუშალოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში მის სრულ და ეფექტიან მონაწილებას სხვებთან თანაბარ პირობებში. მისი ფსიქიკური დარღვევების ხარისხი მნიშვნელოვნადაა გამოხატული. მისი მოქმედებები და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობა შეზღუდულია მნიშვნელოვნად. მისი გარემოსთან ურთიერთქმედება შეზღუდულია მნიშვნელოვნად. მისი სოციალური ადაპტაციის ხარისხი მნიშვნელოვნად არის დაქვეითებული. მისი მდგომარეობის გაუმჯობესება/გაუარესების შესაძლებლობა მინიმალურია, პრაქტიკულად არ არსებობს. მას ესაჭიროება მხარდამჭერი: შრომითი საქმიანობის, წვრილმანი გარიგების დადების, სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების, უძრავი ქონების მართვა/განკარგვის, საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის, მკურნალობაზე თანხმობის გამოხატვის და ყველა ინსტანციის სასამართლოში, მათ შორის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 98- ე მუხლით გათვალისწინებული უფლებებით, სრულად და ადმინისტრაციულ ორგანოებთან (მათ შორის, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში) წარმომადგენლობის განხორციელების სფეროში; უფლებებისა და მოვალეობების განხორციელების სხვა სფეროებში, რომლებსაც განსაზღვრავს სასამართლო. მას არ შეუძლია აღიქვას და სათანადოდ შეაფასოს მისი საკითხის გადაწყვეტისათვის ჩატარებული სასამართლო სხდომის დანიშნულება და მონაწილეობა მიიღოს მათში. მას შეუძლია განახორციელოს სხვადასხვა უფლებები და გამოხატოს შესაბამისი ნება მხარდამჭერის დახმარებით. მისი გონივრული ნების გამოვლენა (ზოგადად ამგვარი ნების ფორმირება) მისთვის მხარდაჭერის დანიშვნასთან დაკავშირებული საკითხის დადებითად ან უარყოფითად შეფასების თვალსაზრისით შეუძლებელია. მხარდაჭერის გადასინჯვის ვადა რეკომენდებულია განისაზღვროს ხუთი წლით. დასკვნაში მითითებულია, რომ გ.დ–ს აღენიშნება პარანოიდული შიზოფრენია. ამას მიუთითებს ანამნეზური მონაცემები: დაავადების დაწყება ახალგაზრდა ასაკიდან, არაადეკვატური აგრესული ქცევით, სმენითი ჰალუცინაციებით, შემდგომში ინტერპერსონალური ურთიერთობების შეზღუდვით, შრომითი და სოციალური დეზადეპტაციით, რამაც გამოიწვია მისი მრავალჯერადი სტაციონარული ფსიქიატრიული მკურნალობა პარანოიდული შიზოფრენიის დიაგნოზით და მნიშვნელოვნად შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი მქონე უვადოდ, რაც დასტურდება შესაბამისი სამედიცინო დოკუმენტაციით. ამას აგრეთვე ადასტურებს ამჟამინდელი საექსპერტო გამოკვლევისას გამოვლენილი: ფორმალობა, ნაკლებპროდუქტიულობა, არათანმიმდევრული ასოციაციები, პარალოგიკურობა, რეზონიორობა, დეტალიზებული აზროვნება, ემოციური არაადეკვატურობა, გაზერელება და კრიტიკის არქონა.
37. განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა ახსნა-განმარტებების, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების, ექსპერტიზის დასკვნის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა საქალაქო სასამართლოს დასკვნას, რომ გ.დ–ი ცნობილ უნდა იქნეს მხარდამჭერის მიმღებ პირად. ამასთან, უნდა განისაზღვროს, თუ ვინ იქნა მხარდამჭერი პირი და რა სფეროებში.
38. მხარდამჭერი პირის დანიშვნასთან, ასევე, მხარდაჭერის სფეროებთან და ფარგლებთან დაკავშირებით, საქალაქო სასამართლომ ყურადღება სწორად გაამახვილა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებზე და მხარეთა ახსნა-განმარტებაზე, ასევე სოციალური მუშაკის პოზიციაზე და საქმეში დაინტერესებულ პირად მოწვეულ სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს პოზიციაზე.
39. 2021 წლის 28 მაისის სასამართლო სხდომაზე მეორე განმცხადებელმა განმარტა, რომ მხარდაჭერის დაწესების დროს დაცული უნდა იყოს გ.დ–ის ინტერესები. ის მუდმივად საჭიროებს მკურნალობას და მეთვალყურეობას. გ.დ–ი ცხოვრობს მასთან და წლების განმავლობაში ზრუნავს ძმაზე. პირველი განმცხადებელი ვერ უზრუნველყოფს მამის მოვლას და მასზე ზრუნვას, ვინაიდან მამა-შვილს წლების განმავლობაში არ ჰქონიათ ურთიერთობა. შესაბამისად, არ იცნობს მის ბუნებას და ინტერესებს. აღნიშნულის საპირისპიროდ, პირველმა განმცხადებელმა განმარტა, რომ მისი უპირატესი მიზანია გ.დ–ის უფლებების და ინტერესების დაცვა.
40. სასამართლო სხდომაზე მონაწილეობდნენ გ.დ–ის ადვოკატები. ადვოკატებმა განმარტეს, რომ სასამართლო გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნეს გ.დ–ის სურვილის გათვალისწინებით. ადვოკატი მიიჩნევს, რომ გ.დ–ს ესაჭიროება მხარდაჭერა, განსაკუთრებით მკურნალობის სფეროში. შესაბამისად, აღნიშნულ მოვალეობას ამჟამადაც ასრულებს ნ.დ–ი. და-ძმა ცხოვრობს ერთად, რაც შეესაბამება გ.დ–ს ინტერესებს. მხარდაჭერის სფეროებთან დაკავშირებით წარმომადგენელმა განმარტა, რომ არ არსებობს მხარდაჭერის დაწესების აუცილებლობა წვრილმანი გარიგებების დადების, ასევე სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების სფეროში, ვინაიდან სამეწარმეო საქმიანობას პირი არ ახორციელებს, ხოლო წვრილმანი გარიგებების დადება თავადაც შეუძლია.
41. რაც შეეხება სასამართლოში წარმომადგენლობით უფლებამოსილებას და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 98-ე მუხლით გათვალისწინებული უფლებების განხორციელებას, მხარდამჭერად ნ.დ–ის ან ბ.დ–ის დანიშვნა არ იქნა მიზანშეწონილად მინეული, ვინაიდან სასამართლოს წარმოებაშია დავა ბ.დ–სა და ნ.დ–ის შვილს - დ.მ–ს შორის. შესაბამისად, აღნიშნულ სფეროში წარმომადგენლობა წარმოშობს ინტერესთა კონფლიქტს. ამგვარი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში დაცული ვერ იქნება გ.დ–ის ინტერესები, ვინაიდან მხარეები არ გაითვალისწინებენ გ.დ–ის სურვილს.
42. საქალაქო სასამართლოში გ.დ–ის ადვოკატმა თეა ყაულაშვილმა განმარტა, რომ გ.დ–ს უნდა დაენიშნოს მხარდამჭერი პირი, რომელიც მისი თანამონაწილეობით განახორციელებს უფლება-მოვალეობებს. მხარდამჭერი პირის საქმიანობას კი გააკონტროლებს სახელმწიფო.
43. საქალაქო სასამართლოში სხდომაზე პოზიცია დააფიქსირა სოციალურმა მუშაკმა და განმარტა, რომ მან 2021 წლის 14 მაისს განახორციელა ვიზიტი გ.დ–თან, რომელსაც გაესაუბრა და გამოიკითხა მისი ცხოვრების წესი, ინტერესები, ასევე შეიტყო, რომ მასზე ზრუნავს ნ.დ–ი, ხოლო ბ.დ–ი არ მიდის ხშირად. სოციალური მუშაკის პოზიციით, ბ.დ–ი ვერ ასრულებს მასზე ნაკისრ ვალდებულებას. შესაბამისად, მიზანშეწონილად მიიჩნია გ.დ–ის მხარდამჭერ პირად დაინიშნოს ნ.დ–ი. სასამართლოში წარმომადგენლობითი უფლებამოსილების, სსსკ-ის 98-ე მუხლით გათვალისწინებული უფლებების განხორციელებაში მხარდამჭერ პირად ბ.დ–ის ან/და ნ.დ–ის დანიშვნას სოციალური მუშაკი არ დაეთანხმა.
44. სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს წარმომადგენელმა განმარტა, რომ გ.დ–ს უნდა დაენიშნოს მხარდამჭერი პირი, რომელიც მისი უშუალო მონაწილეობით მიიღებს გადაწყვეტილებას. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 98-ე მუხლით გათვალისწინებული უფლებების სფეროში მხარდაჭერის დაწესებასთან დაკავშირებით წარმომადგენელმა განმარტა, რომ ბ.დ–ი უზრუნველყოფს მამის უფლებების დაცვას.
45. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1289-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარდამჭერი ვალდებულია თვალყური ადევნოს მხარდაჭერის მიმღების მუდმივ სამედიცინო მომსახურებას, დაადგინოს მისი სურვილები/არჩევანი და დაეხმაროს მას შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებაში, რაც გამოიხატება გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელი ინფორმაციის მხარდაჭერის მიმღებისათვის გასაგები საკომუნიკაციო ფორმით მიწოდებაში. მხარდამჭერი აგრეთვე ვალდებულია მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მიერ დადგენილ ვადაში, რომელიც 6 თვეს არ უნდა აღემატებოდეს, აღნიშნულ ორგანოს მიაწოდოს სასამართლოს გადაწყვეტილებით მისთვის განსაზღვრული მოვალეობების შესრულების შესახებ ინფორმაცია. ამ ინფორმაციაში მხარდამჭერი მიუთითებს მის მიერ მხარდაჭერის გაწევასთან დაკავშირებულ თავისებურებებს.
46. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1280-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მხარდამჭერად შეიძლება დაინიშნოს პირის ოჯახის წევრი, ნათესავი, ახლობელი ან სპეციალისტი, რომელიც აკმაყოფილებს ამ კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს. მესამე ნაწილის მიხედვით, მხარდამჭერის არჩევისას სასამართლო ითვალისწინებს მის პიროვნულ თვისებებს, მხარდამჭერის მიერ მისთვის დაკისრებული მოვალეობის შესრულების უნარს, მხარდამჭერისა და მხარდაჭერის მიმღების ურთიერთდამოკიდებულებას, მხარდაჭერის მიმღების ინტერესებს და ნებას, ხოლო მხარდაჭერის მიმღების არასრულწლოვანების შემთხვევაში, აგრეთვე, მისი მშობლის მითითებას. მე-4 ნაწილის მიხედვით, პირი მხარდამჭერად შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მისი თანხმობით.
47. სააპელაციო პალატამ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს განმარტებას მასზედ, რომ პირის მხარდამჭერის მიმღებად ცნობისა და მხარდაჭერის სფეროების განსაზღვრისას, წარმოდგენილი მტკიცებულებების და შინაგანი რწმენის საფუძველზე სასამართლომ უნდა შეაფასოს პირის მდგომარეობა, საჭიროება, მისი მიზნები და ინტერესები. სასამართლომ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს მხარდაჭერის მიმღები პირის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე და მხოლოდ იმ ფარგლებში, რა საჭიროებაც რეალურად არსებობს. შესაბამისად, შესაძლებლობის ფარგლებში, სასამართლომ უნდა უზრუნველყოს პირის დამოუკიდებლობის დაცვა, რათა არათანაბარზომიერად არ შეუზღუდოს გადაწყვეტილებების მიღების ფარგლები და პატივი სცეს ნების ავტონომიას. ამავდროულად, მხარდაჭერის მიმღები პირის მხარდამჭერად უნდა დაინიშნოს ის პირი, რომელიც ორიენტირებულია პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის სტაბილურობის შენარჩუნებაზე, იცნობს მისი ცხოვრების წესს, საჭიროებებს, არ ახდენს პირის ფსიქიკური დარღვევების პროვოცირებას და საჭიროების არსებობის შემთხვევაში და ფარგლებში ყოველგვარი ფარული ინტერესის გარეშე, ეხმარება მას გარემო პირობებთან ადაპტაციაში.
48. განსახილველ შემთხვევაში, როგორც საქალაქო, ასევე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებში საქმის ზეპირ მოსმენებს ესწრებოდა მხარდაჭერის მიმღები პირი გ.დ–ი, რომელიც მიუხედავად დაპირისპირებული მხარეების და შექმნილი სტრესული სიტუციისა, ინარჩუნებდა სიმშვიდეს, ადეკვატურად იღებდა მოსამართლის შეკითხვებს და სცემდა პასუხებს. საქმის განხილვისას სასამართლო შეეცადა გ.დ–ის საუკეთესო ინტერესების დადგენას, დაუსვა მას შეკითხვები. გ.დ–მა განმარტა, რომ მასზე წლების განმავლობაში ზრუნავს მისი და ნ.დ–ი. ნ.დ–ი ეხმარება მას ყოველდღიურ ცხოვრებაში და თავად სურს მხარდამჭერ პირად დაინიშნოს ნ.დ–ი (იხ., სააპელაციო სასამართლოს განჩინების პ. 4.31 - ს.ფ. 235).
49. თავად მხარდამჭერი პირის სურვილის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მხარდამჭერ პირად ნ.დ–ის დანიშვნა უზრუნველყოფს გ.დ–ის სიმშვიდეს და არ გამოიწვევს მისი თანმხლები დაავადების გართულების პროვოცირებას. ამგვარი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, გ.დ–ი შეინარჩუნებს ცხოვრების შეჩვეულ წესს, რომლითაც იგი კმაყოფილია. შესაბამისად, გ.დ–ის მხარდამჭერ პირად უნდა დაინიშნოს ნ.დ–ი (იხ., სააპელაციო სასამართლოს განჩინების პ. 4.32 - ს.ფ. 235).
50. განცხადებით მოთხოვნილ მხარდაჭერის სფეროებთან მიმართებით სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში, წარმოდგენილი ახსნა-განმარტებების, მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების, ექსპერტიზის დასკვნის, გ.დ–ის ჯანმრთელობის მდგომარეობის ცნობების გათვალისწინებით, გ.დ–ი ცნობილი უნდა იქნას მხარდაჭერის მიმღებ პირად შემდეგ სფეროებში: 1) მკურნალობაზე/რეაბილიტაციაზე თანხმობის გამოხატვა; 2) გ.დ–ისთვის ზიანის მიყენების თავიდან აცილების მიზნით წარმომადგენლობის განხორციელება, როგორც სახელმწიფო დაწესებულებებში, ასევე არასახელმწიფო დაწესებულებაში, მათ შორის ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოში წარმომადგენლობა; 3) სამოქალაქო ან/და ადმინისტრაციულ დარგის ყველა ინსტანციის საერთო სასამართლოებში საქმისწარმოებისათვის წარმომადგენლობის მათ შორის, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 98-ე მუხლით გათვალიწინებული უფლებამოსილების განხორცილების სფეროში, გარდა სარჩელის ცნობის, სარჩელზე უარის თქმის და მორიგების უფლებამოსილებისა. პალატის შეფასებითაც, მოცემულ შემთხვევაში არ არსებობდა საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის, წვრილმანი გარიგებების დადებისა და სამეწარმეო საქმიანობის სფეროში მხარდაჭერის დაწესების აუცილებლობა.
51. დადგენილი იქნა, რომ გ.დ–ი ცხოვრობს დასთან ნ.დ–თან ერთად, თბილისში, ...... ნ.დ–მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ გ.დ–ი იცხოვრებს სულ მასთან, აღნიშნულ ბინაში. წვრილმანი გარიგებების დადებისა და სამეწარმეო საქმიანობასთან დაკავშირებით, ყურადღება მიექცა საქალაქო სასამართლოს სხდომაზე გ.დ–ის განმარტებებს. მისი საუბარი და კითხვებზე გაცემული პასუხი არის ადეკვატური. გ.დ–ი მიუთითებს, რომ დამოუკიდებლად გადაადგილდება, თავად იღებს პენსიას ბანკომატიდან. აქვს საკუთარი ფული, რომელსაც განკარგავს დამოუკიდებლად, ყიდულობს საკვებს. ამასთან, ხატავს და ამზადებს ფიგურებს პლასტელინისგან. გაკეთებულ ფიგურებს და ნახატებს არ ჰყიდის, არამედ გააჩუქებს მსურველებზე. ხატვა და ფიგურების გაკეთება თავისი სურვილია. სასამართლო სხდომაზე გ.დ–ის წარმომადგენელმა ს.მ–მა ასევე განმარტა, რომ გ.დ–ი მუშაობს მაღაზიაში, აქვს დღიური ხელფასი. დამოუკიდებლად განკარგავს თავის ფინანსებს. ამასთან, ხატვის და პლასტელინისგან ფიგურების შექმნის მიზანი არ არის კომერციული.
52. ასევე, საყურადღებოდ იქნა მიჩნეული სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს N005392320 დასკვნა, სადაც ექსპერტები აღნიშნავენ შემდეგს: კონტაქტში შემოდის, მარტივ და რთულ დავალებებს ასრულებს, თავის ტვინის ნერვების ფუნქცია შენახული, რეფლექსების საერთო ფონი ცოცხალი. პათოლოგიური რეფლექსები არ იწვევა. სტატიკა-კოორდინაცია დამაკმაყოფილებელი. დასკვნაში ასევე მითითებულია, რომ გამოსაკვლევი პირი მეტ-ნაკლებად მოწესრიგებულია, აცვია ამინდის და სეზონის შესაბამისად, კაბინეტში შემოყვანილი გასაუბრებისთვის მოძრაობს თავისუფლად, იკავებს მითითებულ ადგილს... კონტაქტში ერთვის ფორმალურად, კითხვებზე პასუხობს ვრცლად, მეტ-ნაკლებად თანმიმდევრულად, ანამნეზურ მონაცემებს გადმოსცემს, არ უჭირს ცხოვრებისეული მოვლენების გადმოცემა. გამოკითხვით ირკვევა, რომ ორიენტირებულია სწორად დროში, ადგილში, გარემოსა და საკუთარ ვინაობაში. ოკუპაციური გამოკვლევის შედეგებში აღნიშნულია, რომ გ.დ–ი ერთვება საოჯახო საქმეებსა და ყოფით ყიდვა-გაყიდვის აქტივობებში.
53. აღნიშნულიდან გამომდინარე, დადგენილი იქნა, რომ დ–ი მოცემული ეტაპისთვის დამოუკიდებლად გადაადგილდება, შეუძლია პენსიის აღება ბანკომატიდან, აქვს საკუთარი შემოსავალი, განკარგავს თავის ფინანსებს, შეუძლია საკვების შეძენა. ხატავს და აკეთებს ფიგურებს, რომელსაც გასცემს უსასყიდლოდ. შესაბამისად, მისი მიზანი არ არის სამეწარმეო საქმიანობა. წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და ახსნა-განმარტებების შეფასების შედეგად, სააპელაციო პალატამ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს შეფასება მასზედ, რომ წვრილმანი გარიგებების და სამეწარმეო საქმიანობის სფეროში მხარდამჭერი პირის დანიშვნის საჭიროება არ არსებობს, ვინაიდან პირი არ ეწევა კომერციულ საქმიანობას, ხოლო წვრილმანი გარიგებების დადება შეუძლია დამოუკიდებლად.
54. რაც შეეხება სასამართლოში წარმომადგენლობასა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 98-ე მუხლით გათვალისწინებული უფლებების განხორციელებაში მხარდამჭერი პირის დანიშვნას, ყურადღება გამახვილდა შემდეგ გარემოებებზე: განსახილველ შემთხვევაში, დადგენილი იქნა, რომ გ.დ–ის მხარდამჭერ პირად ცნობისა და მხარდამჭერის დანიშვნის შესახებ განცხადებით მიმართა როგორც გ.დ–ის შვილმა - ბ.დ–მა, ასევე გ.დ–ის დამ - ნ.დ–მა. წარმოდგენილ განცხადებებიდან, ასევე მტკიცებულებებით და მხარეთა ახსნა- განმარტებებით ირკვევა, რომ 2016 წლის 06 აპრილს გ.დ–სა და მის დისშვილს (ნ.დ–ის შვილს) დ.მ–ს შორის გაფორმდა უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე გ.დ–მა დ.მ–ს საკუთრებაში გადასცა უძრავი ქონება, მდებარე: თბილისი, ........ ბ.დ–ი მიიჩნევს, რომ აღნიშნული ნასყიდობის ხელშეკრულება ბათილია, ვინაიდან რეალურად მხარეებს შორის არანაირი შეთანხმება არ არსებობდა. წარმოდგენილ განცხადებაში აღნიშნავდა, რომ გ.დ–ი მოატყუეს, მიიყვანეს ლ.ბ–ში პენსიის ასაღებად და ხელი მოაწერინეს ნასყიდობის ხელშეკრულებაზე. სასამართლოს მიერ დროებით მხარდამჭერად ბ.დ–ის შემდეგ მან გ.დ–ის სახელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა. N005392320 ექსპერტიზის დასკვნაში მითითებულია, რომ გამოსაკვლევი პირი იხსენებდა როგორ წაიყვანეს დამ (ნ.დ–მა) და დისშვილმა (დ.მ–მა) ლ.ბ–ში და ხელი მოაწერინეს ხელშეკრულებაზე, მას ეგონა, რომ პენსიას იღებდა და საბუთი არც წაუკითხავს. დროებითი მხარდამჭერის დანიშვნის თაობაზე გამართულ სასამართლო სხდომაზე გ.დ–მა მიუთითა, რომ სურდა ბ.დ–ი მისი მხარდამჭერი ყოფილიყო. ექსპერტიზის დასკვნას ასევე თან ერთვის სოციალური მუშაკის დასკვნა, სადაც მითითებულია, რომ გ.დ–ის განმარტებით, შვილი აქცევს მას ყურადღებას და ეხმარება ფინანსურადაც. დასკვნაში მითითებულია, რომ შვილი მამის მიმართ გამოხატავს სიყვარულსა და მზრუნველობას. გ.დ–მა სოციალურ მუშაკთან ცალკე საუბრისას დააფიქსირა თანხმობა და სურვილი, რომ ბ.დ–ი მის მხარდამჭერად დანიშნულიყო.
55. მოგვიანებით, გ.დ–მა შეცვლა პოზიცია და როგორც სოციალურ მუშაკთან შეხვედრისას 2021 წლის 14 მაისს, ასევე სასამართლოს სხდომებზე განმარტა, რომ ბ.დ–თან ახლოს ყოფნა მას ანერვიულებდა, რადგან მიჩვეული არ იყო შვილთან ყოფნას, ის წლების განმავლობაში იზრდებოდა მამისგან მოშორებით. მხარდამჭერის მიმღებმა პირმა განმარტა, რომ ბ.დ–ისგან იყო ზეწოლის ქვეშ, ამიტომ იძულებით განაცხადა თანხმობა დროებით მხარდამჭერად მის დანიშვნაზე. სასამართლოში მტკიცებულების სახით წარმოდგენილია გ.დ–ის ხელწერილები, სადაც მხარე აღნიშნავს, რომ შვილისგან იმყოფებოდა ზეწოლის ქვეშ, ამიტომ გამოთქვა თანხმობა მხარდამჭერ პირად მის დანიშვნაზე. დაახლოებით იგივე გაიმეორა გ.დ–მა სააპელაციო სასამართლოში გამართულ სხდომაზეც.
56. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მხარეთა განსაკუთრებულ ინტერესს წარმოადგენს მხარდამჭერის დანიშვნა სასამართლოში წარმომადგენლობის სფეროში. აღნიშნულ გარემოებაზე, უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების დადებასა და მამისა და შვილის, ასევე და-ძმის გულთბილი დამოკიდებულების დასადასტურებლად მათი მხრიდან წარმოდგენილი იყო არაერთი მტკიცებულება, მათ შორის, მხარეები შუამდგომლობდნენ მოწმეების დაკითხვას. მხარეები აპელირებდნენ სასამართლოს წარმოებაში არსებულ ქონებრივ დავაზე, რომელიც ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით მიმდინარეობს. სასამართლო სხდომებზე მხარეები განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდნენ ქონებრივ საკითხებს. აღნიშნული საკითხები სცდებოდა განსახილველი საქმის წარმოების ფარგლებს. სასამართლო სხდომებს ესწრებოდა გ.დ–ი, რომელიც, სასამართლოს მიერ დასმული შეკითხვის შემდეგ პასუხობდა, რომ მისი ინტერესი საერთოდ არ იყო სასამართლოში სიარული. გ.დ–ის ადვოკატმა ს.მ–მა კი, განმარტა, რომ ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ სარჩელის აღძვრისას ბ.დ–ი დამოუკიდებლად იღებდა გადაწყვეტილებებს და გ.დ–ის აზრი და ინტერესები გათვალისწინებული არ ყოფილა. სოციალური მუშაკი ს.გ–ია ასევე მიიჩნევს, რომ რომელიმე მხარისთვის სასამართლოში წარმომადგენლობის სფეროში მხარდამჭერის უფლებების მინიჭება გამოიწვევს ინტერესთა კონფლიქტს.
57. ზემოაღნიშნული მსჯელობების და მხარეთა პოზიციების გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სასამართლოში წარმომადგენლობის სფეროში მხარდამჭერ პირად ბ.დ–ის ან ნ.დ–ის დანიშვნა არ იქნება მიზანშეწონილი. ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ სასამართლო დავა უკვე მიმდინარეობს. გ.დ–ის საპროცესო უფლებების განხორციელება უნდა განახორციელოს იმ პირმა, რომელსაც საქმესთან დაკავშირებით არ ექნება არანაირი პირადი ქონებრივი ინტერესი. შესაბამისად, გ.დ–ის უფლებები სასამართლოში უნდა წარმოადგინოს დამოუკიდებელმა პირმა.
58. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1280.5 მუხლის მიხედვით, თუ მხარდამჭერის ამ მუხლის მე-2 ნაწილში აღნიშნული პირებისაგან არჩევა ვერ მოხერხდა, სასამართლო მხარდამჭერად ნიშნავს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს უფლებამოსილ პირს, ხოლო თუ მხარდაჭერის მიმღები სპეციალიზებულ დაწესებულებაშია მოთავსებული – ამ დაწესებულების წარმომადგენელს. დასახელებული ნორმის თანახმად, სასამართლო უფლებამოსილია მხარდამჭერ პირად დანიშნოს სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს უფლებამოსილი პირი, რომელიც ობიექტურად, ყოველგვარი პირადი ინტერესისგან დამოუკიდებლად დაიცავს გ.დ–ის ინტერესებს. მხარდამჭერ პირს უნდა მიენიჭოს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 98-ე მუხლით გათვალისწინებული სპეციალური უფლებამოსილებაც, გარდა სარჩელის ცნობის, სარჩელზე უარის თქმის და მორიგების უფლებამოსილებისა. აღნიშნული უფლებამოსილება წარმოადგენს ისეთ საპროცესო უფლებებს, რომელიც იწვევს შეუქცევად სამართლებრივ შედეგებს. შესაბამისად, დამოუკიდებლად მათი განხორციელება სცდება გ.დ–ის ინტერესების დაცვის ფარგლებს.
59. აღნიშნულ სფეროში მხარდამჭერმა უფლებამოსილება უნდა განახორციელოს დამოუკიდებლად, მხარდასაჭერი პირის მონაწილეობის გარეშე. სასამართლომ განმარტა, რომ სასამართლოში საქმის წარმოება დაკავშირებულია სპეციალურ ცოდნასთან. სამართალწარმოების საკითხები გაურკვეველი იყოს ნებისმიერ პირისთვის, რომელსაც არ გააჩნია იურიდიული განათლება. ამასთან, მოცემულ შემთხვევაში გასათვალისწინებელია მხარდამჭერის მიმღები პირის სამედიცინო ანამნეზი და დასმული დიაგნოზი, ასევე მასზე ოჯახის წევრების მხრიდან შესაძლო ზემოქმედების საფრთხე.
60. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 36321 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილება მისთვის მხარდამჭერის (მხარდამჭერების) დანიშვნის საფუძველია. ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სასამართლო გადაწყვეტილებაში უნდა მიეთითოს: ა) უფლება, რომლით სარგებლობისთვისაც უწესდება პირს მხარდაჭერა, აგრეთვე მხარდაჭერის ფარგლები; ბ) მხარდამჭერის (მხარდამჭერების) უფლებები და მოვალეობები; გ) მხარდამჭერის (მხარდამჭერების) მიერ მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოსათვის ანგარიშის წარდგენის პერიოდულობა, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 6 თვეს; დ) მხარდაჭერის ვადა და მისი გადასინჯვის პერიოდულობა, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 5 წელს; ე) პირის მხარდაჭერისათვის აუცილებელი სხვა გარემოებები. ექსპერტიზის დასკვნის გათვალისწინებით მხარდაჭერის გადასინჯვის პერიოდულობა უნდა განისაზღვროს 5 წლით.
61. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1305-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მხარდამჭერის საქმიანობაზე ზედამხედველობას ახორციელებს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო მხარდაჭერის მიმღების საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. ზედამხედველობის მიზანია მხარდამჭერის მიერ სასამართლოს გადაწყვეტილებითა და საქართველოს კანონმდებლობით მისთვის განსაზღვრული მოვალეობების შესრულების კონტროლი, მხარდაჭერის მიმღების უნარების განვითარების შეფასება და შესაბამისი რეაგირება.
62. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ვალდებულია დაიცვას და გააძლიეროს მხარდაჭერის მიმღებები და დაეხმაროს მხარდამჭერებს თავიანთი მოვალეობების შესრულებაში, რათა მათ ხელი შეუწყონ მხარდაჭერის მიმღებებს არჩევანის გაკეთებასა და გადაწყვეტილების მიღებაში.
63. სააპელაციო სასამართლოს განჩინება გ.დ–მა (მხარდაჭერის მიმღებ პირად ცნობილი პირი) გაასაჩივრა საკასაციო საჩივრით. კასატორი მოითხოვს გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების მიღებას, რომლითაც ნ.დ–ი დაინიშნება სრული მოცულობით მხარდასაჭერთან ერთად, ერთობლივად მხარდაჭერის განსახორცილებლად ან/და თუ სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს გ.დ–ის მხარდამჭერად სააგენტს სპეციალისტის დანიშვნას, აგრეთვე სრული მოცულობით, მხადასაჭერთან ერთად ერთობლივად, მხადაჭერის განსახორცილებლად (იხ. ს.ფ. 254).
64. კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლომ დაუსაბუთებლად გამოიყენა სსკ-ის 1293-ე მუხლით მე-4 ნაწილით გათვალისწინებული საგამონაკლისო შემთხვევის მარეგულირებელი დებულება, რამდენადაც მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობდა ჩანაცვლებითი მხადაჭერის დაწესების საფუძველი და კასატორს გასაჩივრებულ განჩინებაში მითითებულ არცერთ სფეროში არ ესაჭიროება ნების ჩამნაცვლებელი.
65. კასატორს მიაჩნია, რომ სასამართლომ არასწორად განმარტა სსკ-ის 1280-ე მუხლის მეოთხე ნაწილი. განსახილველ შემთხვევაში, კასატორის ნება იყო მას მხარდამჭერად დანიშვნოდა ნ.დ–ი - მისი და გ.დ–თან (მხარდასაჭერთნ) ერთად ერთობლივად, მარდაჭერის გასახორციელებლად, რაც არ იქნა გთვალისწინებული და მას მას მხარდამჭერად განესაზღვრა სააგენტოს სპეციალისტი.
66. კასატორი აღნიშნავს, რომ პრეტენზია არ აქვს მხარდაჭრის სფეროებზე, თუმცა, სასამართლომ არ გაითვალისწინა 2020 წლის 22 დეკემბერს სასამართლო სხდომაზე დისტანციურად ჩართული ექსპერტის ჩვენება. მოსამართლის შეკითხვაზე ექსპერტმა უპასუხა, რომ მხადასაჭერ პირს მხადამჭერთან ერთად შეუძლია მიიღოს ყველა სადავო საქმეში მონაწილეობა ნების არასრული ჩანაცვლებით.
67. მოცემულ შემთხვევაში კი, განხორციელდა სრული ჩანაცვლება, რაც არღვევს შშმ პირის უფლებას. კასატორი მიუთითებს, რომ როდესაც პირს შენარჩულებული აქვს გადაწყვეტილების მიღების უნარი, მის მიმართ უნდა გამოიყენებოდეს უფლების ნაკლები ინტენსივობით შეზღუდვა. მოცემულ შემთხვევაში კი, ნ.დ–ი დაინიშნა მკურნალობაზე თახმობის გამოხატვის სფეროში ისე, რომ კასატორს სრულად არ შეეზღუდა გადაწყვეტილების მიღების უფლება, რატომ არ შეიძლებოდა იგივე მომხდარიყო სსსკ-ის 98-ე მუხლით გავალისწინებული უფლებების განხოციელებაში მხარდამჭრად სააგენტოს დანიშვნის შემთხვევაში. კასატორს მიაჩნია, რომ დაუსაბუთებელია მხარდაჭერის ასეთი ფორმა.
68. კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო საჩივრით მოთხოვნილი იყო ნ.დ–ის დანიშვნა სრული მოცულობით, მხარდამჭერთან ერთად ერთობლივი მხარდაჭერის განსახორციელებლად, მაგრამ ამავდროულად, აპელანტმა განაცხადა, რომ თუ სასამართლო საჭიროდ მიიჩნევდა დანიშნულიყო გ.დ–ის მხარდამჭრად სააგენტოს სპეციალისტი სრული მოცულობით, მხადასაჭერთან ერთად ერთობლივი მხადაჭერის განსახორციელებლად, რაზედაც სასამართლოს არ უმსჯელია (იხ., საკასაციო საჩივარი).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
69. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 10 თებერვლის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
70. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
71. განსახილველ შემთხვევაში, კასატორი ასაჩივრებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 26 ნოემბრის განჩინებას იმ საფუძვლით, რომ არ არსებობდა სსკ-ის 1293.4 მუხლით გათვალისწინებული საგამონაკლისო შემთხვევის გამოყენების წინაპირობა - კასატორს გასაჩივრებულ განჩინებაში მითითებულ არცერთ სფეროში არ ესაჭიროება ნების ჩამნაცვლებელი. ასევე, არასწორადაა განმარტებული სსკ-ის 1280.3 მუხლი, რამეთუ კასატორის ნება იყო მას მხარდამჭერად დანიშვნოდა ნ.დ–ი - მისი და გ.დ–თან (მხარდასაჭერი) ერთად ერთობლივად, მარდაჭერის გასახორციელებლად, რაც არ იქნა გთვალისწინებული და მას მას მხარდამჭერად განესაზღვრა სააგენტოს სპეციალისტი. კასატორი აღნიშნავს, რომ პრეტენზია არ აქვს მხარდაჭერის სფეროებზე, თუმცა, გათვალისწინებული უნდა იქნას, რომ სასამართლომ არ გაითვალისწინა 2020 წლის 22 დეკემბერს სასამართლო სხდომაზე დისტანციურად ჩართული ექსპერტის ჩვენება. მოსამართლის შეკითხვაზე ექსპერტმა უპასუხა, რომ მხადასაჭერ პირს, მხადამჭერთან ერთად, შეუძლია მიიღოს ყველა სადავო საქმეში მონაწილეობა ნების არასრული ჩანაცვლებით. მოცემულ შემთხვევაში კი, განხორციელდა სრული ჩანაცვლება.
72. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის პრეტენზიებს დაუსაბუთებლობის გამო და აღნიშნავს:
73. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
74. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად დაადგინა სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა ფაქტობრივი წანამძღვარი და სამართლებრივად სწორად შეაფასა იგი.
75. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების კონვენციის (ძალაშია 2014 წლის 12 აპრილიდან)(შემდეგში „კონვენცია“) პრეამბულით კონვენციის მონაწილე სახელმწიფოები ითვალისწინებენ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდებაში ჩამოყალიბებულ პრინციპებს, რომლებიც ადამიანთა ოჯახის ყველა წევრისათვის დამახასიათებელ ღირსებასა და ფასეულობას, ასევე მათ თანასწორობასა და განუყოფელ უფლებებს აღიარებენ თავისუფლების, სამართლიანობისა და საყოველთაო მშვიდობის საფუძვლად; აღიარებენ, რომ გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციასა და ადამიანის უფლებათა შესახებ საერთაშორისო პაქტებში განაცხადა და დაადასტურა ყველა ადამიანის უფლება, ყოველგვარი განსხვავებულობის გარეშე ისარგებლოს აღნიშნული დოკუმენტებით გათვალისწინებული უფლებებითა და თავისუფლებებით. კონვენციის პრეამბულით აღიარებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა განსხვავებულობა და ადამიანის უფლებათა დაცვისა და ხელშეწყობის აუცილებლობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ყველა პირის, მათ შორის, ინტენსიური დახმარების საჭიროების მქონეთა მიმართ.
76. კონვენცია აწესებს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მიერ ადამიანის უფლებების და ძირითად თავისუფლებათა სრული რეალიზებისათვის ხელშეწყობას, ყოველი პიროვნების თანასწორობას კანონის წინაშე და კანონის ძალით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების უფლებაუნარიანობას სხვებთან თანასწორად, ცხოვრების ყველა სფეროში. კონვენციის მონაწილე სახელმწიფოები იღებენ ყველა შესაბამის და ეფექტურ ზომას, რათა უზრუნველყონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლება საკუთრების ფლობასა და მემკვიდრეობით მიღებაზე, საკუთარი ფინანსური საქმეების მართვაზე, საბანკო სესხების, საიპოთეკო, სხვა ფინანსური კრედიტების თანაბარ მისაწვდომობაზე და უზრუნველყოფენ, რომ არ მოხდეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის საკუთრების თვითნებურად ჩამორთმევა. ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირთა სოციალური ცხოვრების სისტემაში უფლებრივ ადგილზეა დამოკიდებული მათი სამართალსუბიექტობის ხარისხი. კონვენცია საგანგებოდ ავალდებულებს სახელმწიფოებს, აღნიშნულ პირთა უფლებების მოწესრიგება ისე მოახდინონ, რომ ამან ეჭვის ქვეშ არ დააყენოს მათი უფლებაუნარიანობა (შდრ: თსუ, სამართლის მიმოხილვა, 2016 (N1), გვ. 38; გვ. 113).
77. შშმ პირთა უფლებების კონვენცია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა „მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის“ პრინციპს განამტკიცებს, რომლითაც განისაზღვრა მხარდაჭერის მიმღებ პირთა აქტიური მონაწილეობა სამართალწარმოების პროცესში. აქტიური საპროცესო ქმედუნარიანობა რეფორმის შემდეგ მხარდაჭერის მიმღებ პირთა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი საპროცესო უფლებაა (იხ., ი. ხურციძე, ფიზიკური პირის ქმედუნარიანობის შეზღუდვის ფარგლები ქონებრივ ურთიერთობებში, 2021, გვ. 20).
78. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 36318 და 36320 მუხლებით დადგენილია სასამართლოს ვალდებულება, მხარდაჭერის საკითხი გადაწყვიტოს მხარდაჭერის მიმღების აუცილებელი მონაწილეობით, ამასთან, სასამართლოს შეფასებები და დასკვნები უნდა ემყარებოდეს სპეციალისტის კვალიფიციურ გამოკვლევას. აღნიშნული განპირობებულია, როგორც მხარდაჭერის მიმღები პირის (კანდიდატის) ინტერესების დაცვის აუცილებლობით, ისე - მწვავე სოციალური საჭიროებით, რათა პირმა, რომელიც შესაძლოა, საჭიროებდეს საკუთარი უფლებების განხორციელებაში გარკვეულ მხარდაჭერას, შეძლოს მათი სრულყოფილი რეალიზაცია, ამასთან, ამ უფლებათა განხორციელებას სხვა პირთა დაცული ინტერესების შეზღუდვა არ მოჰყვეს.
79. განსახილველ შემთხვევაში გასაჩივრებული სასამრთლო გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ კასატორი არის სსკ-ის მე-12 მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრულ ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირი და ესაჭიროება მხარდამჭერი. სსკ-ის 12771 მუხლის თანახმად, მხარდაჭერის მიმღებს ენიშნება მხარდამჭერი.
80. საკასაციო საჩივრის ფარგლებში სასამართლოს განხილვის საგანს წარმოადგენს მხოლოდ ის, თუ ვინ განახორციელებს უკეთესად მხარდაჭერას, ვისი დანიშვნა შეესაბამება მხარდაჭერის მიმღების ინტერესებს უფრო მეტად.
81. სსკ-ის 1280-ე მუხლი ადგენს ქცევის შემდეგ წესს: სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება პირის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის შესახებ, ვალდებულია იმავე გადაწყვეტილებით დანიშნოს მხარდამჭერი (მხარდამჭერები), განსაზღვროს მხარდაჭერის ფარგლები და მხარდამჭერის (მხარდამჭერების) უფლება-მოვალეობები. ეს გადაწყვეტილება მისი კანონიერ ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს 3 დღისა ეგზავნება მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მხარდაჭერის მიმღების საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. მხარდამჭერად შეიძლება დაინიშნოს პირის ოჯახის წევრი, ნათესავი, ახლობელი ან სპეციალისტი, რომელიც აკმაყოფილებს ამ კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს. მხარდამჭერის არჩევისას სასამართლო ითვალისწინებს მის პიროვნულ თვისებებს, მხარდამჭერის მიერ მისთვის დაკისრებული მოვალეობის შესრულების უნარს, მხარდამჭერისა და მხარდაჭერის მიმღების ურთიერთდამოკიდებულებას, მხარდაჭერის მიმღების ინტერესებს და ნებას, ხოლო მხარდაჭერის მიმღების არასრულწლოვანების შემთხვევაში – აგრეთვე მისი მშობლის მითითებას.
82. ამდენად, მხარდამჭერი პირის არჩევისას, სასამართლო ყურადღებას აქცევს ისეთ საკითხებს, როგორიცაა მხარდამჭერად დასანიშნი პირის პიროვნული თვისებები, მისთვის დაკისრებული მოვალეობების შესრულების უნარი, მხარდაჭერის მიმღების ინტერესები, ნება და ა.შ.
83. განსახილველ შემთხვევაში, ის ფაქტი, რომ მხარდაჭერის მიმღებს გარკვეულ სფეროებში სჭირდება მხარდაჭერა, გასაჩივრებული განჩინებით დადგენილია, კერძოდ, ამ განჩინების პპ: 31, 36, 39. 41, 43 დადგენილია, რომ მხარდამჭერის მიმღები პირის გ.დ–ის სამედიცინო ისტორიაში, ცნობებში ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მითითებულია, რომ გ.დ–ის დიაგნოზია პარანოიდული შიზოფრენია F20.0. გ.დ–ი ამბულატორიულ აღრიცხვაზეა 2002 წლიდან. შშ სტატუსის მქონე პირია 2003 წლიდან (უვადო). მას ორჯერ აქვს ჩატარებული სტაციონარული ფსიქიატრიული მკურნალობა და იმყოფება უწყვეტ ანტიფსიქოზურ მედიკამენტურ დამჭერ მკურნალობაზე.
84. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით (იხ.: საქმე №2/4/532,533, 08.10.2014წ. გადაწყვეტილება), ქმედუუნარობა ინდივიდუალიზებული პროცესია. შესაბამისად, კანონმდებლობის მიზანი უნდა იყოს ქმედუუნარო პირების დახმარება გადაწყვეტილების მიღების საკითხში და არა ყველა სფეროში მათი ნების სრული ჩანაცვლება. მეურვეების უფლებამოსილება მკაცრად უნდა შემოიფარგლებოდეს იმ საკითხებით, რომლებშიც ადამიანს არ გააჩნია ნების ფორმირების შესაძლებლობა, ხოლო ქმედუუნარო პირებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, მიიღონ გადაწყვეტილებები მათი შეუზღუდავი უნარების ფარგლებში, მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში, მეურვის თანხმობით.
85. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო და სამოქალაქო საპროცესო კოდექსში 2015 წლის 20 მარტს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირად მიჩნევა ხდება ინდივიდუალური შეფასების მიხედვით. პირის ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირად მიჩნევისათვის აუცილებელია სამი ელემენტის ერთობლივად არსებობა: ა) ფიზიკურ პირს აქვს მყარი ფსიქიკური, გონებრივი/ინტელექტუალური დარღვევები; ბ) ეს დარღვევები სხვადასხვა დაბრკოლებასთან ურთიერთქმედებაში ხელს უშლის საზოგადოებრივ ცხოვრებაში ამ პირის სრულ და ეფექტიან მომაწილეობას; გ) სათანადო რჩევისა და დახმარების გარეშე მოქმედების შეუძლებლობა. ( ბ. ზოიძე, თ. კორძაია, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი I , 2017, მუხლი 12, ველი 12-14.).
86. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კანონმდებელმა საკანონმდებლო ნოვაციით ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირთა ქმედუნარიანობა მიიჩნია მათი სამართალსუბიექტობის აუცილებელ ნიშნად. მხარდაჭერის ინსტიტუტის შემოღებით კანონმდებელმა შექმნა ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირის ნების გამოხატვისა და სწორად წარმართვის მექანიზმი, რომელიც როგორც ითქვა, ხელს უწყობს მის სამოქმედო მდგომარეობაში მოყვანას. სამოქალაქო კოდექსში შეტანილი ცვლილებებიდან ჩანს, რომ აღნიშნული ინსტიტუტის მიზანია არა ერთი ნების მეორე ნებით ჩანაცვლება, არამედ სამართლებრივად ჯანსაღი და შედეგუნარიანი ნების გამოვლენისათვის ხელის შეწყობა. „მხარდამჭერი ვალდებულია მხარდაჭერის მიმღების მიერ გარიგების დადებისას დაეხმაროს მას გარიგების პირობებისა და სამართლებრივი შედეგების სრულ აღქმაში“ (იხ., ბ.ზოიძე, „ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირის სამართალსუბიექტობა„ თსუ სამართლის მიმოხილვა, 2016 (N1) გვ. 40- 41).
87. სასამართლო გადაწყვეტილებას პირის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის შესახებ იღებს ექსპერტიზის საფუძველზე, რომელსაც ფსიქიატრის, სოციალური მუშაკისა და თერაპევტისგან შემდგარი მულტიდისციპლინური ჯგუფი ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ატარებს. მულტიდისციპლინურიჯგუფი აფასებს ადამიანის შესაძლებლობებს, იმას, თუ რისი გაკეთება შეუძლია მას დამოუკიდებლად, შემდეგ კი ეხმარება, მიიღოს გაცნობიერებული გადაწყვეტილება ამა თუ იმ საკითხის შესახებ.
88. 2020 წლის 23 სექტემბრის სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გ.დ–ს აქვს მყარი ფსიქიკური (გონებრივი/ინტელექტუალური) დარღვევები, რომელთა სხვადასხვა დაბრკოლებასთან ურთიერთქმედებამ შესაძლოა ხელი შეუშალოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში მის სრულ და ეფექტიან მონაწილებას სხვებთან თანაბარ პირობებში. მისი ფსიქიკური დარღვევების ხარისხი მნიშვნელოვნადაა გამოხატული. მისი მოქმედებები და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობა შეზღუდულია მნიშვნელოვნად. მისი გარემოსთან ურთიერთქმედება შეზღუდულია მნიშვნელოვნად. მისი სოციალური ადაპტაციის ხარისხი მნიშვნელოვნად არის დაქვეითებული. მისი მდგომარეობის გაუმჯობესება/გაუარესების შესაძლებლობა მინიმალურია, პრაქტიკულად არ არსებობს. მას ესაჭიროება მხარდამჭერი: შრომითი საქმიანობის, წვრილმანი გარიგების დადების, სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების, უძრავი ქონების მართვა/განკარგვის, საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის, მკურნალობაზე თანხმობის გამოხატვის და ყველა ინსტანციის სასამართლოში, მათ შორის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 98-ე მუხლით გათვალისწინებული უფლებებით, სრულად და ადმინისტრაციულ ორგანოებთან (მათ შორის, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში) წარმომადგენლობის განხორციელების სფეროში; უფლებებისა და მოვალეობების განხორციელების სხვა სფეროებში, რომლებსაც განსაზღვრავს სასამართლო. მას არ შეუძლია აღიქვას და სათანადოდ შეაფასოს მისი საკითხის გადაწყვეტისათვის ჩატარებული სასამართლო სხდომის დანიშნულება და მონაწილეობა მიიღოს მათში. მას შეუძლია განახორციელოს სხვადასხვა უფლებები და გამოხატოს შესაბამისი ნება მხარდამჭერის დახმარებით. მისი გონივრული ნების გამოვლენა (ზოგადად ამგვარი ნების ფორმირება) მისთვის მხარდაჭერის დანიშვნასთან დაკავშირებული საკითხის დადებითად ან უარყოფითად შეფასების თვალსაზრისით შეუძლებელია. მხარდაჭერის გადასინჯვის ვადა რეკომენდებულია განისაზღვროს ხუთი წლით. დასკვნაში მითითებულია, რომ გ.დ–ს აღენიშნება პარანოიდული შიზოფრენია. ამას მიუთითებს ანამნეზური მონაცემები: დაავადების დაწყება ახალგაზრდა ასაკიდან, არაადეკვატური აგრესული ქცევით, სმენითი ჰალუცინაციებით, შემდგომში ინტერპერსონალური ურთიერთობების შეზღუდვით, შრომითი და სოციალური დეზადეპტაციით, რამაც გამოიწვია მისი მრავალჯერადი სტაციონარული ფსიქიატრიული მკურნალობა პარანოიდული შიზოფრენიის დიაგნოზით და მნიშვნელოვნად შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი მქონე უვადოდ, რაც დასტურდება შესაბამისი სამედიცინო დოკუმენტაციით. ამას აგრეთვე ადასტურებს ამჟამინდელი საექსპერტო გამოკვლევისას გამოვლენილი: ფორმალობა, ნაკლებპროდუქტიულობა, არათანმიმდევრული ასოციაციები, პარალოგიკურობა, რეზონიორობა, დეტალიზებული აზროვნება, ემოციური არაადეკვატურობა, გაზერელება და კრიტიკის არქონა.
89. სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება პირის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის შესახებ, ვალდებულია, იმავე გადაწყვეტილებით დანიშნოს მხარდამჭერი, განსაზღვროს მისი უფლებამოსილების ფარგლები და უფლება-მოვალეობები. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ საქალაქო სასამართლოში სხდომაზე პოზიცია დააფიქსირა სოციალურმა მუშაკმა და განმარტა, რომ მან 2021 წლის 14 მაისს განახორციელა ვიზიტი გ.დ–თან, რომელსაც გაესაუბრა და გამოიკითხა მისი ცხოვრების წესი, ინტერესები, ასევე შეიტყო, რომ მასზე ზრუნავს ნ.დ–ი, ხოლო ბ.დ–ი არ მიდის ხშირად. სასამართლოში წარმომადგენლობითი უფლებამოსილების, სსსკ-ის 98-ე მუხლით გათვალისწინებული უფლებების განხორციელებაში მხარდამჭერ პირად ბ.დ–ის ან/და ნ.დ–ის დანიშვნას, სოციალური მუშაკი არ დაეთანხმა.
90. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ სასამართლოს წარმოებაშია დავა ბ.დ–სა და ნ.დ–ის შვილს - დ.მ–ს შორის, მხადამჭერის მიმღების მიერ საცხოვრებელი ბინის გასხვისების ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ, შესაბამისად, სასამრთლოში წარმომადგენლობისას სსსკ-ის 98-ე მუხლით გათვალისწინებული უფლებების განხორციელებაში მხარდამჭერ პირად ნ.დ–ის ან ბ.დ–ის დანიშვნა, წარმოშობს ინტერესთა კონფლიქტს. ამგვარი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, დაცული ვერ იქნება გ.დ–ის ინტერესები, ვინაიდან მხარეები არ გაითვალისწინებენ გ.დ–ის სურვილს. შესაბამისად, გ.დ–ის საპროცესო უფლებების განხორციელება უნდა განახორციელოს იმ პირმა, რომელსაც საქმესთან დაკავშირებით არ ექნება რაიმე პირადი ქონებრივი ინტერესი.
91. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს ამ განჩინებით დადგენილად ცნობილ შემდეგ გარემოებებზე, რომლის საწინააღმდეგოდ კასატორს დასაბუთებული საკასაციო შედავება წარმოდგენილი არ აქვს:
92. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ გ.დ–ის მხარდამჭერ პირად ცნობისა და მხარდამჭერის დანიშვნის შესახებ განცხადებით მიმართა როგორც გ.დ–ის შვილმა - ბ.დ–მა, ასევე გ.დ–ის დამ - ნ.დ–მა. წარმოდგენილ განცხადებებიდან, ასევე მტკიცებულებებით და მხარეთა ახსნა- განმარტებებით ირკვევა, რომ 2016 წლის 06 აპრილს გ.დ–სა და მის დისშვილს (ნ.დ–ის შვილს) დ.მ–ს შორის გაფორმდა უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე გ.დ–მა დ.მ–ს საკუთრებაში გადასცა უძრავი ქონება, მდებარე: თბილისი, ........ ბ.დ–ი მიიჩნევს, რომ აღნიშნული ნასყიდობის ხელშეკრულება ბათილია, ვინაიდან რეალურად მხარეებს შორის არანაირი შეთანხმება არ არსებობდა. წარმოდგენილ განცხადებაში აღნიშნავდა, რომ გ.დ–ი მოატყუეს, მიიყვანეს ლ.ბ–ში პენსიის ასაღებად და ხელი მოაწერინეს ნასყიდობის ხელშეკრულებაზე. სასამართლოს მიერ დროებით მხარდამჭერად ბ.დ–ის შემდეგ მან გ.დ–ის სახელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა. N005392320 ექსპერტიზის დასკვნაში მითითებულია, რომ გამოსაკვლევი პირი იხსენებდა როგორ წაიყვანეს დამ (ნ.დ–მა) და დისშვილმა (დ.მ–მა) ლ.ბ–ში და ხელი მოაწერინეს ხელშეკრულებაზე, მას ეგონა, რომ პენსიას იღებდა და საბუთი არც წაუკითხავს. დროებითი მხარდამჭერის დანიშვნის თაობაზე გამართულ სასამართლო სხდომაზე გ.დ–მა მიუთითა, რომ სურდა ბ.დ–ი მისი მხარდამჭერი ყოფილიყო. ექსპერტიზის დასკვნას ასევე თან ერთვის სოციალური მუშაკის დასკვნა, სადაც მითითებულია, რომ გ.დ–ის განმარტებით, შვილი აქცევს მას ყურადღებას და ეხმარება ფინანსურადაც. დასკვნაში მითითებულია, რომ შვილი მამის მიმართ გამოხატავს სიყვარულსა და მზრუნველობას. გ.დ–მა სოციალურ მუშაკთან ცალკე საუბრისას დააფიქსირა თანხმობა და სურვილი, რომ ბ.დ–ი მის მხარდამჭერად დანიშნულიყო. მოგვიანებით, გ.დ–მა შეცვლა პოზიცია და როგორც სოციალურ მუშაკთან შეხვედრისას 2021 წლის 14 მაისს, ასევე სასამართლოს სხდომებზე განმარტა, რომ ბ.დ–თან ახლოს ყოფნა მას ანერვიულებდა, რადგან მიჩვეული არ იყო შვილთან ყოფნას, ის წლების განმავლობაში იზრდებოდა მამისგან მოშორებით. მხარდამჭერის მიმღებმა პირმა განმარტა, რომ ბ.დ–ისგან იყო ზეწოლის ქვეშ, ამიტომ იძულებით განაცხადა თანხმობა დროებით მხარდამჭერად მის დანიშვნაზე. სასამართლოში მტკიცებულების სახით წარმოდგენილია გ.დ–ის ხელწერილები, სადაც მხარე აღნიშნავს, რომ შვილისგან იმყოფებოდა ზეწოლის ქვეშ, ამიტომ გამოთქვა თანხმობა მხარდამჭერ პირად მის დანიშვნაზე. დაახლოებით იგივე გაიმეორა გ.დ–მა სააპელაციო სასამართლოში გამართულ სხდომაზეც.
93. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა შესახებ“ კონვენციის მიხედვით, ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირები მიეკუთვნებიან ადამიანებს, რომელთა ხანგრძლივმა ფიზიკურმა, მენტალურმა, ინტელექტუალურმა და სენსორულმა დარღვევებმა დამატებით ბარიერებთან ურთიერთქმედებით შეიძლება, შეაფერხოს მათი საზოგადოებრივ ცხოვრებაში თანასწორი, სრულფასოვანი და ეფექტიანი მონაწილეობა.სახელმწიფოს მთავარი მიზანი ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის რეგულირებისას უნდა იყოს იმ დამატებითი ბარიერების მოხსნა ან მაქსიმალურად „შერბილება“, რომლებიც ხელს უშლის მათ მონაწილეობას საზოგადოებრივ ცხოვრებაში. მხარდამჭერის მთავარი ფუნქცია და როლი კი სწორედ ასეთი ბარიერების გადალახვაში დახმარების გაწევას გულისხმობს (იხ., კორკელია კ. (რედ.), ადამიანის უფლებათა დაცვა: მიღწევები და გამოწვევები, თბილისი, 2012, 94; Carnaby S., Designs for living: a comparative approach to normalisation for the new millenium, Aldershot, 1999, 187.).
94. განსახილველ შემთხვევაში, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვლისწინებით საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობებს, რომ მხარეთა განსაკუთრებულ ინტერესს წარმოადგენს მხარდამჭერის დანიშვნა სასამართლოში წარმომადგენლობის სფეროში. სააპელაციო სასამართლოს განჩინების პპ: 4.44; 4.45-ით დადგენილია, რომ სასამართლო სხდომებს ესწრებოდა გ.დ–ი, რომელიც, სასამართლოს მიერ დასმული შეკითხვის შემდეგ პასუხობდა, რომ მისი ინტერესი საერთოდ არ იყო სასამართლოში სიარული. გ.დ–ის ადვოკატმა ს.მ–მა კი, განმარტა, რომ ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ სარჩელის აღძვრისას, ბ.დ–ი დამოუკიდებლად იღებდა გადაწყვეტილებებს და გ.დ–ის აზრი და ინტერესები გათვალისწინებული არ ყოფილა. სოციალური მუშაკი ს.გ–ია ასევე მიიჩნევს, რომ რომელიმე მხარისთვის სასამართლოში წარმომადგენლობის სფეროში მხარდამჭერის უფლებების მინიჭება, გამოიწვევს ინტერესთა კონფლიქტს.
95. ამდენად, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1280.5 მუხლის მიხედვით, თუ მხარდამჭერის ამ მუხლის მე-2 ნაწილში აღნიშნული პირებისაგან არჩევა ვერ მოხერხდა, სასამართლო მხარდამჭერად ნიშნავს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს უფლებამოსილ პირს, ხოლო თუ მხარდაჭერის მიმღები სპეციალიზებულ დაწესებულებაშია მოთავსებული – ამ დაწესებულების წარმომადგენელს.
96. სასამართლო უფლებამოსილია მხარდამჭერ პირად დანიშნოს სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს უფლებამოსილი პირი, რომელიც ობიექტურად, ყოველგვარი პირადი ინტერესისგან დამოუკიდებლად დაიცავს გ.დ–ის ინტერესებს. მხარდამჭერ პირს უნდა მიენიჭოს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 98-ე მუხლით გათვალისწინებული სპეციალური უფლებამოსილებაც, გარდა სარჩელის ცნობის, სარჩელზე უარის თქმის და მორიგების უფლებამოსილებისა.
97. საკასაციო პალატის მიერ უსაფუძვლობის გამო, ვერ იქნება გაზიარებული კასატორის მითითება, რომ სასამართლომ არ გაითვალისწინა 2020 წლის 22 დეკემბერს სასამართლო სხდომაზე დისტანციურად ჩართული ექსპერტის ჩვენება, რომელმაც მოსამართლის შეკითხვაზე უპასუხა, რომ მხადასაჭერ პირს, მხადამჭერთან ერთად, შეუძლია მიიღოს ყველა სადავო საქმეში მონაწილეობა ნების არასრული ჩანაცვლებით.
98. სსსკ-ის 36313 მუხლის თანახმად, მართალია პირის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის საქმეების განხილვა რეგულირდება XLIV11 თავით დადგენილი წესით, თუმცა ექსპერტიზის დასკვნის შეფასებისას, სასამართლო ხელმღვანელობს ამავე კოდექსის 172-ე (105-ე) მუხლებით დადგენილი წესებით (იხ., სუსგ-ები №ას-982-914-2017,14 მაისი, 2018 წელი, პ:1.3.1; №ას-211-2020, 21 ივლისი, 2020).
99. განსახილველ შემთხვევაში, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეაფასეს საქმეში წარმოდგენილი ექსპერტთა დასკვნები, ასევე, გამოკვლეულ იქნა დასკვნის გამცემ ექსპერტთა პოზიციები (სსსკ-ის 36321 მუხლი) და ამ მხრივ, რაიმე დასაბუთებულ პრეტენზიას, საკასაციო საჩივარი არ შეიცავს. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, საქმე ეხება ისეთ საპროცესო უფლებებს, რომელიც იწვევს შეუქცევად სამართლებრივ შედეგებს. შესაბამისად, საპროცესო უფლებების დამოუკიდებლად განხორციელება სცდება გ.დ–ის ინტერესების დაცვის ფარგლებს. ამასთან, გასათვალისწინებელია მხარდამჭერის მიმღები პირის სამედიცინო ანამნეზი და დასმული დიაგნოზი, ასევე, მასზე ოჯახის წევრების მხრიდან შესაძლო ზემოქმედების საფრთხე. საკასაციო სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ მხარდამჭერის დანიშვნით მხარდაჭერის მიმღების ინტერესების დაცვის ამოწურვა არ ხდება, რადგანაც საკითხი, თავისი სოციალური არსითა და ქვეყანაში პირის უფლებების დაცვის ლეგიტიმური ინტერესებიდან გამომდინარე, საჭიროებს გარკვეულ ზედამხედველობასა და რეგულირებას. სასამართლო, ბუნებრივია, არ წარმოადგენს ამ პროცესის უშუალო მეთვალყურეს, თუმცა, მოვლენათა განვითარების შესწავლა-ზედამხედველობას კანონმდებელი ავალდებულებს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს. სსკ-ის 1289-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული მხარდამჭერის ძირითადი ვალდებულება (მხარდამჭერი ვალდებულია თვალყური ადევნოს მხარდაჭერის მიმღების მუდმივ სამედიცინო მომსახურებას, დაადგინოს მისი სურვილები/არჩევანი და დაეხმაროს მას შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებაში, რაც გამოიხატება გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელი ინფორმაციის მხარდაჭერის მიმღებისათვის გასაგები საკომუნიკაციო ფორმით მიწოდებაში), ასევე სსკ-ის 1293-ე მუხლით გათვალისწინებული დახმარება გარიგების დადებისას და სხვა, ექვემდებარება გადამოწმებას კანონით დადგენილი წესით (სსკ-ის 13051-13055 მუხლები), გარდა ამისა, კანონი ადგენს ქმედით მექანიზმს დაწესებული მხარდაჭერის შეწყვეტისათვის (სსკ-ის 13041 მუხლი), ისევე, როგორც ითვალისწინებს მხარდაჭერის მიმღების მოთხოვნის წარდგენას სასამართლოსათვის საკუთარი მოვალეობებისაგან მხარდამჭერის გათავისუფლების თაობაზე (სსკ-ის 1301-ე მუხლის მე-2 ნაწილი) (იხ.: სუსგ. №ას-982-914-2017, 14.05.2018წ.). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ იკვეთება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა, ვინაიდან ნორმის დანაწესით საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციათან ანდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.
100. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისითაც. მსგავს საკითხებზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელსაც გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება.
101. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც, მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
102.კასატორი სსსკ-ის 36318 მუხლის მე-4 ნაწილით გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ.დ–ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზურაბ ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ეკატერინე გასიტაშვილი
მირანდა ერემაძე