საქმე №ას-1374-2021 15 აპრილი, 2022წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მირანდა ერემაძე, ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „ს.ს - ს.ს.დ–ა“
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „დ–ა ?“
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 5 ივლისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის უარყოფა
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. შპს „დ–ა ?“ - მა (შემდეგში - მოსარჩელე, პირველი კომპანია ან მოწინააღმდეგე მხარე) 2019 წლის 23 ოქტომბერს სარჩელი აღძრა შპს „ს.ს - ს.ს.დ–ის“ წინააღმდეგ (შემდეგში - მოპასუხე, აპელანტი ან კასატორი ან მეორე კომპანია) და მოითხოვა 354 163,48 ლარის გადახდის დაკისრება.
2. მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნები დააფუძნა შემდეგ გარემოებებს:
3. მოპასუხე წარმოადგენს უცხოური საწარმოს ფილიალ ,,ი.ს–ოს" დამფუძნებელ სუბიექტს. უცხოური საწარმოს ფილიალ ,,ი.ს–ოსა" და მოსარჩელეს შორის 2015 წლის 05 მაისს დაიდო N005/02 ხელშეკრულება, რომლის საგანს წარმოადგენდა სოფელ ......... ზღვის სანაპირო ზოლში 1 კმ სიგრძის მონაკვეთზე ნაპირდაცვისა და ნაპირაღდგენითი დროებითი პრევენციული ღონისძიებების სამუშაოების შესრულება. ხელშეკრულების ჯამური ღირებულება დამატებული ღირებულების გადასახადის გათვალისწინებით შეადგენდა - 1 316 372 ლარს. აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში მოსარჩელის მიერ გაწეულმა მომსახურეობამ შეადგინა - 1 216 684,85 ლარი. აქედან, ,,ი.ს–ოს" პირველი კომპანიისათვის ანაზღაურებული აქვს - 862 521, 37 ლარი, ხოლო დარჩენილი დავალიანება შეადგენს - 354 163.48 ლარს.
4. მოპასუხემ წარმოადგინა, როგორც მოთხოვნის გამომრიცხავი, ასევე, მოთხოვნის განხორციელების შემაფერხებელი (ხანდაზმულობა) შესაგებელი და განმარტა, რომ მის მიერ ვალდებულება შესრულდა ჯეროვნად. 2015 წლის 05 მაისის N005/02 ხელშეკრულების ფარგლებში გაწეული მომსახურების საფასურმა შეადგინა არა - 1 216 684,85 ლარი, არამედ - 862 521.37 ლარი, რომელიც მოპასუხემ სრულად გადაიხადა. რაც შეეხება, ხანდაზმულობაზე შედავებას, 2020 წლის 17 თებერვლის სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენელმა დააზუსტა პოზიცია მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით და მიიჩნია, რომ მოთხოვნა ხანდაზმული არ არის.
5. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 2 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. მეორე კომპანიას პირველი კომპანიის სასარგებლოდ დაეკისრა 382 378.48 ლარის გადახდა, ხოლო ამავე სასამართლოს 2020 წლის 2 ოქტომბრის განჩინებით გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში დაშვებული უსწორობა გასწორდა და გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 1.1 პუნქტით, მეორე კომპანიას პირველი კომპანიის სასარგებლოდ დაეკისრა 354 163,48 ლარის გადახდა.
6. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის უარყოფა.
7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 5 ივლისის განჩინებით, აპელანტის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. უცვლელი დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
8. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
9. აპელანტი წარმოადგენს უცხოური საწარმოს ფილიალის - „ი.ს–ო i. G ”-ს დამფუძნებელს (იხ., სააპელაციო სასამართლოს განჩინება პ. 4.1.1.).
10. 2015 წლის 4 მაისს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სსდ - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტსა და უცხოური საწარმოს ფილიალს - „ი.ს–ო “i. G ”-ს შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება - ე.ტ. N53-15, რომლის საგანს წარმოადგენდა მიმწოდებლის - უსფ „ი.ს–ო i.G”-ს მიერ სოფელ ........., ზღვის სანაპირო ზოლში, 1 კმ სიგრძის მონაკვეთზე ნაპირდაცვისა და ნაპირაღდგენითი დროებითი პრევენციული ღონისძიებების სამუშაოების განხორციელება (იხ., სააპელაციო სასამართლოს განჩინება პ. 4.1.2.).
11. უდავო გარემოებად შეფასდა, რომ „სახელმწიფო შესყიდვის შესახებ“ 04.05.2014 წლის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების მიზნით, უცხოური საწარმოს ფილიალმა ,,ი.ს–ომ", 2015 წლის 5 მაისს, მოსარჩელესთან გააფორმა N005/02 ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მოსარჩელემ უცხოური საწარმოს ფილიალ,,ი.ს–ოს“ შეკვეთით, იკისრა ვალდებულება სოფელ ........., ზღვის სანაპირო ზოლში, 1 კმ სიგრძის მონაკვეთზე, შეესრულებინა ნაპირდაცვისა და ნაპირაღდგენითი დროებითი პრევენციული ღონისძიებების სამუშაოები (იხ. მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულება ტ.1 ს.ფ 18 – 25).
12. მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების 2.2. პუნქტის მიხედვით, ხელშეკრულების ჯამური ღირებულება განისაზღვრა 1 316 372.00 ლარით, დღგ-ის გათვალისწინებით. ამავე ხელშეკრულების 2.5 პუნქტით, მხარეები შეთანხმდნენ ანგარიშსწორების წესზე, რომლის მიხედვით ანგარიშწორება უნდა მომხდარიყო ყოველთვიურად, ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების და დადასტურებული მოცულობების მიხედვით, მიღება- ჩაბარების აქტისა და დღგ-ის ანგარიშ-ფაქტურის გაფორმების საფუძველზე, მიღება- ჩაბარების აქტისა და დღგ-ის ანგარიშ-ფაქტურის წარდგენიდან 15 საბანკო დღის განმავლობაში.
13. ხელშეკრულების 4.3 პუნქტის საფუძველზე, მოსარჩელის მიერ შესრულებული სამუშაოები ყოველთვიურად მიღებულად ჩაითვლებოდა მიღება-ჩაბარების აქტისა (ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების მოცულობების მიღების აქტის) და დღგ-ის ანგარიშ-ფაქტურის გაფორმების შემდეგ.
14. მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების 15.1 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2014 წლის 31 მაისამდე.
15. სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ 2015 წლის 14 ოქტომბერს, მხარეთა შორის გაფორმდა შეთანხმება N1, 2015 წლის 5 მაისს დადებულ N005/02 ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ, რომლითაც:
16. ხელშეკრულების მე-2 მუხლის 2.5 პუნქტში განხორციელდა ცვლილება და სიტყვებს - ,,15 საბანკო დღის განმავლობაში'' დაემატა შემდეგი წინადადება -,,საბოლოო ანგარიშსწორება განხორციელდეს ბოლო ანგარიშ-ფაქტურის გადაგზავნიდან 1 წლის გასვლის შემდეგ'' - ხელშეკრულების 15.1. პუნქტში სიტყვები - ,,2014 წლის 31 მაისამდე'' შეიცვალა სიტყვებით - ,,2016 წლის 31 დეკემბრამდე'', ამდენად, ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2016 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდით. (ტ.1 ს.ფ 27; 299).
17. დადგენილია, რომ „სახელმწიფო შესყიდვის შესახებ“ 04.05.2014 წლის ხელშეკრულებითა და მხარეებს შორის 2015 წლის 5 მაისს გაფორმებული N005/02 ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო - სოფელ ........., ზღვის სანაპირო ზოლში, 1კმ. სიგრძის მონაკვეთზე, ნაპირსამაგრი და ნაპირდაცვითი სამუშაოები, შესრულებულია ჯეროვნად.
18. მოსარჩელის განმარტებით, სამუშაოები სრული მოცულობით შესრულებულია სწორედ მის მიერ, ხოლო მოპასუხე კომპანიის განმარტებით, მოსარჩელემ სამუშაოები შეასრულა ნაწილობრივ, რის გამოც. სამუშაოთა დასრულება უზრუნველყო თავად უსფ ,,ი.ს–ომ“. ამ გარემოებასთან მიმართებით, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა სოფელ ........., ნაპირსამაგრი და ნაპირდაცვითი სამუშაოების უშუალოდ უსფ „ი.ს–ო i.G”-ს მიერ შესრულების ფაქტს, საქმეში წარმოდგენილი არ არის.
19. დადგენილია, რომ მოსარჩელემ 2015 წლის 17 ივლისიდან 2016 წლის 15 იანვრის ჩათვლით პერიოდში, გამოწერა ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ- ფაქტურები, რომელთა მიხედვით უსფ „ი.ს–ოსათვის“ მიწოდებულმა მომსახურებამ - სოფელ ........., ზღვის სანაპირო ზოლში ნაპირსამაგრი სამუშაოების სახით, ჯამურად შეადგინა 1 244 899.85 ლარი. საგადასახადო ანგარიშ- ფაქტურები, (ჯამში 1 244 899.85 ლარის მომსახურების შესრულებაზე), მოპასუხემ დაადასტურა (მიიღო) კანონით დადგენილი წესით. ნიშანდობლივია, რომ უსფ „ი.ს–ო i.G”-ს არცერთი ანგარიშ-ფაქტურა მიღებისას სადავოდ არ გაუხდია (საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები - ტომი 1-ლი, ს. ფ. 49-57).
20. დადგენილია და მხარეთა შორის დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ უცხოური საწარმოს ფილიალმა „ი.ს–ო i.G”-მ ხელშეკრულებით გათვალისწინებული - ნაპირდაცვისა და ნაპირაღდგენითი სამუშაოების შესრულებისათვის, პირველ კომპანიას 2015 წლის 13 მაისიდან 2016 წლის 18 თებერვლის ჩათვლით პერიოდში, საერთო ჯამში გადაუხადა 862 521.37 ლარი, საიდანაც, 591 699,71 ლარი გადახდილი იქნა უნაღდო ანგარიშსწორების გზით, კომპანიის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვით, ხოლო 270 821.66 ლარი გადახდილი იქნა ნაღდი ანგარიშსწორების წესით. (ტ.1 ს.ფ 28-48, ასევე ს.ფ-ები 56 და 59.).
21. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, აპელანტს სადავოდ არ გაუხდია მოსარჩელის მიერ 862 521.37 ლარის ღირებულების სამუშაოს შესრულების ფაქტი და მას ეს თანხა ანაზღაურებულიც აქვს სრულად. თუმცა საყურადღებოა, რომ შესრულებულ სამუშაოთა ანაზღაურება არცერთ შემთხვევაში არ მომხდარა ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესით, მიღება-ჩაბარების აქტის (ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების მოცულობების მიღების აქტის) საფუძველზე. აღნიშნულის საფუძველზე, სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ მიღება-ჩაბარების აქტის გარეშე, სამუშაოს მიღება და ანგარიშსწორება მხარეთა შორის არსებულ საქმიან ურთიერთობაში ჩვეულებრივად დამკვიდრებულ პრაქტიკას წარმოადგენდა.
22. აპელანტმა სადავოდ გახადა მოსარჩელის მიერ, ჯამში 354 163.48 ლარის ღირებულების სამუშაოს შესრულების ფაქტი და ამ სამუშაოს შესრულების დასადასტურებლად მის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები არასაკმარისად და არასათანადოდ მიიჩნია. აპელანტი მიუთითებდა, რომ მტკიცებულების სახით წარმოდგენილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები არ ადასტურებს მოსარჩელის მიერ ვალდებულების სრულად შესრულების ფაქტს, ვინაიდან, მხარეთა შეთანხმების მიხედვით, მოსარჩელე ვალდებული იყო სამუშაოს შესრულების დასადასტურებლად საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურასთან ერთად წარედგინა მიღება-ჩაბარების აქტებიც, რაც საქმეში წარმოდგენილი არ არის.
23. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობა გამომდინარეობს ნარდობის ხელშეკრულებიდან. წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის ფარგლებში კი, პალატის მსჯელობის საგანს წარმოადგენდა ნარდობის სახელშეკრულებო ურთიერთობის საფუძველზე, მენარდის მიერ შესრულებული სამუშაოს აუნაზღაურებელი ღირებულების შემკვეთისათვის დაკისრების მართებულობა. ამასთან, აპელანტის ძირითადი პრეტენზია შეეხებოდა იმას, რომ მენარდის მიერ, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებთან ერთად, საქმეში წარდგენილი არ არის მხარეთა შორის გაფორმებული, ხელშეკრულებით განსაზღვრული მიღება-ჩაბარების აქტები. მხოლოდ ანგარიშ-ფაქტურები კი, ვალდებულების შესრულების დამადასტურებელ მტკიცებულებად ვერ გამოდგება, ვინაიდან ისინი გამოიყენება მხოლოდ საგადასახადო მიზნებისათვის და არა სამოქალაქოსამართლებრივ ურთიერთობებში ვალდებულების ჯეროვნად შესრულების ფაქტის დასადასტურებლად.
24. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაზე აპელანტის იმ პრეტენზიასთან დაკავშირებით, რომელიც შეეხებოდა სამუშაოს შესრულების ფაქტის დამადასტურებელ მტკიცებულებას, განმარტა, რომ ნარდობის ხელშეკრულების მარეგულირებელი ნორმების (სამოქალაქო კოდექსის 629-656-ე მუხლები) არცერთი დანაწესით კანონმდებელი იმპერატიულად არ აწესებს ვალდებულების შესრულებულად მიჩნევის შესაძლებლობას მხოლოდ მიღება-ჩაბარების აქტის შედგენის გზით. მართალია, ხელშეკრულების მხარეები შეთანხმდნენ შესრულებული სამუშაოს მიღება-ჩაბარების ფორმაზე, მაგრამ მიღება-ჩაბარების აქტის შეუდგენლობა, იმ შემთხვევაში, თუ სხვა მტკიცებულებით უტყუარად დადასტურდება ვალდებულების შესრულების ფაქტი, არ შეიძლება გახდეს სარჩელზე უარის თქმის საფუძველი (იხ. სუსგ საქმე №ას-746-714- 2016, 08.05.2017 წელი; №ას-770-737-2014, 16.06.2015 წელი; საქმე №ას-323-307-2011, 01.12.2011 წელი).
25. აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ შესრულებულ სამუშაოსთან დაკავშირებით მიღება-ჩაბარების აქტების წარუდგენლობა, არ გამორიცხავს მისი მხრიდან სახელშეკრულებო ვალდებულების ჯეროვნად შესრულების ფაქტს, მით უფრო ისეთ ვითარებაში, როცა დადგენილია, რომ 862 521.37 ლარის ღირებულების შესრულებული სამუშაოები მოპასუხეს მოსარჩელისათვის, ყველა შემთხვევაში ანაზღაურებული აქვს მიღება-ჩაბარების აქტების გარეშე.
26. სააპელაციო სასამართლომ ანგარიშ-ფაქტურებისათვის მტკიცებულებითი ძალის მინიჭებასთან დაკავშირებით მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ერთ-ერთ განმარტებაზე, რომლის თანახმად - „საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურითა და სასაქონლო ზედნადებებით მიწოდებული საქონლის მყიდველის მიერ მიღების ფაქტი არ დგინდება, რამდენადაც ეს დოკუმენტები საჯარო სამართლის სფეროს მიკუთვნებული სპეციალური მტკიცებულებებია და სამოქალაქო დავის განხილვისას მათ რაიმე უპირატესი იურიდიული ძალა არ გააჩნიათ. საკასაციო პალატამ არაერთ დავაში აღნიშნა, რომ სასაქონლო ზედნადები და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა საქონლის მიწოდების ერთ-ერთი და არა ერთადერთი მტკიცებულება შეიძლება იყოს, რომელიც სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაშ უნდა შეფასდეს და საქონლის მოწოდების თაობაზე სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა დაედოს საფუძვლად“. (სუსგ ას-1013-2019, 17.07.2020 წ.).
27. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაო შესრულებულია ჯეროვნად. ამასთან, საგადასახადო ანგარიშფაქტურები 1 216 684.85 ლარის ღირებულებისშესრულებულ სამუშაოზე, რომელიც გამოწერა მოსარჩელემ და ყოველგვარი პრეტენზიის გარეშე, მიიღო მოპასუხემ, ადასტურებენ, რომ სადავოდ მიჩნეული სამუშაოები შესრულებულია სწორედ მოსარჩელის მიერ.
28. სააპელაციო სასამართლომ იმსჯელა მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილებაზე და აღნიშნა, რომ მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას (კერძოდ, სახელშეკრულებო ვალდებულების მის მიერ შესრულების ფაქტი, ასევე მოთხოვნილი თანხის მართლზომიერება), ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებელი ეფუძნება.
29. მოცემულ შემთხვევაში, გამომდინარე იქიდან, რომ მოპასუხე (აპელანტი) სადავოდ ხდიდა ხელშეკრულებით განსაზღვრულ სამუშაოთა (ნაპირდაცვითი და ნაპირსამაგრი სამუშაოების) მოსარჩელის მიერ შესრულების ფაქტს და მიუთითებდა აღნიშნული სამუშაოების გარკვეული ნაწილის (354 163.48 ლარის ღირებულების სამუშაოს) მის მიერ შესრულებაზე, იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ სამუშაო ნაცვლად მოსარჩელისა, შეასრულა მოპასუხემ, ეკისრებოდა მოპასუხეს, რაც მან ვერ დაადასტურა. რაიმე მტკიცებულება, გარდა სიტყვიერი განმარტებისა, რაც დაადასტურებდა ნაპირსამაგრი და ნაპირდაცვითი სამუშაოების უსფ „ი.ს–ოს“ მიერ შესრულების ფაქტს, სასამართლოსათვის წარმოდგენილი არ ყოფილა. ასეთ ვითარებაში კი, გაზიარებული იქნა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, რომ მოსარჩელემ სრულად შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და მოპასუხეს მიაწოდა ჯამში 1 216 684.85 ლარის ღირებულების სამუშაო, საიდანაც მოპასუხემ მენარდეს აუნაზღაურა მხოლოდ 862 521.37 ლარი. შესაბამისად, შესრულებული სამუშაოს აუნაზღაურებელი ღირებულება შეადგენს 354 163.48 ლარს.
30. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაოს მენარდის (მოსარჩელის) მიერ შესრულებისა და შემკვეთის (მოპასუხის) მიერ აღნიშნული სამუშაოს მიღების ფაქტი. შესაბამისად, სახეზეა შესრულებული სამუშაოს საზღაურის სრულად გადახდის წინაპირობაც.
31. დადგენილია, რომ მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულების ფარგლებში დაკვეთილი სამუშაოები მოსარჩელემ შეასრულა სრულად და ჯეროვნად, რაც იმას ნიშნავს, რომ რეალურად დადგა ნარდობის ხელშეკრულებისათვის დამახასიათებელი სამართლებრივი შედეგი, კერძოდ, მენარდემ (პირველმა კომპანიამ) შეასრულა ნაკისრი ვალდებულება - ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს პირველ კომპანიას შეთანხმებული საზღაური შესრულებული სამუშაოს ღირებულების ფარგლებში სრულად. დადგენილია, რომ პირველი კომპანიის მიერ შესრულდა 1 216 684.85 ლარის ღირებულების სამუშაო, საიდანაც მოპასუხემ აანაზღაურა მხოლოდ 862 521.37 ლარი. შესაბამისად, შესრულებული სამუშაოს აუნაზღაურებელი ღირებულება შეადგენს 354 163.48 ლარს, რომლის ანაზღაურება მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხეს მართებულად დაეკისრა პირველი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით.
32. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მეორე კომპანიამ (მოპასუხე, აპელანტი), რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის უარყოფა.
33. კასატორი აღნიშნავს, როგორც პირველი, ისე მეორე ინსტანციის სასამართლოებმა დავის გადაწყვეტისას გამოიყენეს ნორმა, რაც უნდა გამოეყენებინათ, თუმცა არასწორად განმარტეს იგი. სასამართლომ მიუთითა, რომ მხარეთა შორის არსებული ურთიერთობა უნდა მოწესრიგდეს ნარდობის ნორმებით, კერძოდ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-656 მუხლებით, თუმცა, აღნიშნული მუხლები არ აწესებენ ვალდებულების შესრულებულად მიჩნევისთვის მარტოოდენ მიღება-ჩაბარების აქტის შედგენას. კასატორმა მიიჩნია, რომ სასამართლოს აღნიშნული მსჯელობა უგულებელჰყოფს სახელშეკრულებო თავისუფლების პრინციპს და იმ გარემოებას, რომ მხარეები შეთანხმებულნი იყვნენ ხელშეკრულების შესრულების კონკრეტულ წესზე. კასატორი აღნიშნავს, რომ როგორც პირველი, ისე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებმა არასწორად დაადგინეს ის გარემოება, რომ 2015 წლის 5 მაისს, N005/02 ხელშეკრულების საფუძველზე, მოწინააღმდეგე მხარის მიერ ........., ზღვის სანაპირო ნაპირსამაგრი სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა ჯამში 1 216 684,85 ლარი. აღნიშნული გარემოების დადგენის მიზნით სასამართლო უთითებს მოსარჩელის მიერ წარდგენილ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებზე, რომელთა საერთო ჯამი წარმოადგენს სწორედ მითითებულ თანხას. კასატორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატას ყურადღება უნდა გაემახვილებინა მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების (2015 წლის 5 მაისის N005/02 ხელშეკრულება) 4.3 პუნქტზე, რომლის შესაბამისადაც - „მიმწოდებლის მიერ შესრულებული სამუშაოები მიღებულად ჩაითვლება მხოლოდ მიღება-ჩაბარების აქტის (ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების მოცულობის მიღების აქტი) და დამატებითი ღირებულების გადასახადის ანგარიშ-ფაქტურების გაფორმების შემდეგ“ (აღნიშნული გარემოება, როგორც უდავო სასამართლომ ასახა გადაწყვეტილების 3.1.4 პუნქტში). კასატორი აღნიშნავს, რომ მხარეები სახელშეკრულებო თავისუფლების ფარგლებში შეთანხმდნენ იმ დოკუმენტებზე, რომელთა შედგენის შემდეგაც შესრულებული სამუშაოები ჩაითვლებოდა ჩაბარებულად. ამდენად, აუცილებელი იყო ერთდროულად ორი დოკუმენტის არსებობა ესენია: მიღება-ჩაბარების აქტი და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა. შესაბამისად, კასატორი სადაოდ ხდის 354 163.48 ლარის ღირებულების სამუშაოების შესრულებას მოსარჩელის მიერ, რადგან მოსარჩელემ წარადგინა მხოლოდ ანგარიშ-ფაქტურები. რაც შეეხება მიღება-ჩაბარების აქტებს, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი არ არის.
34. კასატორისათვის ბუნდოვანია პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოთა მითითება დამოუკიდებელი აუდიტის დასკვნაზე. კასატორს მიაჩნია, რომ აღნიშნული ვერანაირად ვერ გამოდგება მოწინააღმდეგე მხარის მიერ ვალდებულების ჯეროვნად შესრულების დამადასტურებელ დოკუმენტად. ხსენებული დასკვნა შეიცავს არითმეტიკულ დაანგარიშებას და მითითებულია, რომ წარმოდგენილი ანგარიშ-ფაქტურების საერთო ღირებულება არის 1 216 684.85 ლარი, საბანკო გადარიცხვებით კი დასტურდება კონკრეტული თანხის (862 521,37 ლარის) გადახდა, ხოლო ვინაიდან აღნიშნულ თანხათა შორის სხვაობა შეადგენს 354 164.48 ლარს, აუდიტორი ასკვნის, რომ კასატორს სწორედ ამ რაოდენობის ვალდებულება აქვს შესასრულებელი მოწინააღმდეგე მხარის წინაშე. ამასთან, აუდიტის დასკვნა არ შეიცავს მითითებას და კვლევას იმაზე, თუ რა საფასურის სამუშაოები შესრულდა რეალურად.
35. კასატორი მიუთითებს, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე მთლიანი სამუშაოების ღირებულებას წარმოადგენს 1 216 684.85 ლარი, მოსარჩელის მიერ შესრულებულ იქნა 862 521,37 ლარის სამუშაო, რაც ანაზღაურებულ იქნა, ხოლო დარჩენილი 354 163,48 ლარის ღირებულების სამუშაო მოსარჩელის მიერ არ შესრულდა, რაც გამორიცხავდა კასატორის ვალდებულებას ანაზღაურებაზე. რაც შეეხება მოსარჩელის წარმოდგენილ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებს, ისინი ვერ იქნება სამუშაოთა შესრულების დამადასტურებელი საკამარისი დოკუმენტი იმ მიზეზით, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულება ითვალისწინებდა სამუშაოების ჩაბარების კონკრეტულ წესს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
36. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 26 იანვრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
37. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
38. განსახილველი დავის ფარგლებში საკასაციო სასამართლოს მიერ შეფასების საგანს წარმოადგენს მოსარჩელისათვს გასამრჯელოს მოთხოვნის წინაპირობების არსებობა. ამ ტიპის სარჩელის წარმატებულობა, ბუნებრივია, უნდა შემოწმდეს მისი დამფუძნებელი ნორმის/ნორმების წინაპირობებთან მიმართებაში, რაც იმას ნიშნავს, რომ უპირველესად, სასამართლომ სწორად უნდა განსაზღვროს მოთხოვნის მარეგულირებელი სამართლებრივი საფუძველი - კანონის ნორმა, გამოარკვიოს სარჩელში მითითებული ფაქტების შესაბამისობა დამფუძნებელი ნორმის აბსტრაქტულ კომპონენტებთან (ფორმალური გამართულობა), დადებითი პასუხის შემთხვევაში, სარჩელსა და შესაგებელში გამოთქმული პოზიციების ურთიერთშეჯერებით გამოარკვიოს სადავო და უდავო ფაქტობრივი გარემოებები (მტკიცების საგანი) და გაანაწილოს მხარეთა შორის მტკიცების საგანში შემავალი ფაქტების დადასტურების ტვირთი (მტკიცების ტვირთი).
39. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს ვალდებულებაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა, რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია, დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას.
40. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმის განმხილველი სასამართლო შეზღუდულია მხოლოდ მხარის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით, რაც შეეხება სამართლის ნორმების გამოყენებას, სასამართლო, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, ადგენს თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეთა შორის და ამ ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს სარჩელს. მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის შეფასება შედის სასამართლოს კომპეტენციაში, თუმცა საქმეზე გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნეს შეჯიბრებითობის პრინციპის სრულად რეალიზაციის პირობებში.
41. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოთხოვნის საფუძველი სამოქალაქო სამართალში, ზოგადად არის სამართლის ის ნორმა, რომელიც დამოუკიდებლად ან სხვა მოთხოვნის საფუძვლებთან ერთობლიობაში აფუძნებს ამა თუ იმ მოთხოვნას ანუ სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეთა კონკრეტულ უფლება-მოვალეობებს (იხ. ჰ.ბოელინგი, ლ.ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე სასამართლო გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, მეორე გამოცემა, თბ., 2004, 38.) კერძოსამართლებრივი ურთიერთობის მომწესრიგებელი მატერიალურ-სამართლებრივი ნორმების დანიშნულებაა ურთიერთობაში მონაწილე სუბიექტების უფლებების განსაზღვრა და მათი განხორციელების უზრუნველყოფა. მოთხოვნა უფლების რეალიზაციის კანონით გათვალისწინებული შესაძლებლობაა. მოთხოვნა და მოთხოვნის საფუძველი სხვადასხვა ცნებებია და სასურველია მათი აღრევა თავიდან იქნეს აცილებული. ამ გამიჯვნას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმის გათვალისწინებით, რომ მოთხოვნათა შორის არჩევანის უფლება, მოსარჩელის უფლებამოსილებაა, ხოლო მოსარჩელის მიერ წარდგენილი მოთხოვნის დამფუძნებელი მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველთა შორის ერთ-ერთის მისადაგება სასამართლოს უფლებამოსილება და ვალდებულებაცაა (იხ. ჰ. ბოელინგი, ლ. ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე სასამართლო გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, მეორე გამოცემა, თბ., 2004, 42.).
42. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოთხოვნა პირის ნებას დაქვემდებარებული და სხვა პირზე მიმართული უფლებაა, რომელიც მისი პროცესუალური განხორციელებისაგან მკვეთრად იმიჯნება. მოთხოვნა ძირითადად მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობის მატარებელია. მოთხოვნა საპროცესო-სამართლებრივი გაგებით, ყოველთვის მიმართულია სასამართლო გადაწყვეტილების დადგომისაკენ. მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი არის სამართლის ნორმა, რომლის სამართლებრივი შედეგით გათვალისწინებულია სამართლებრივ ურთიერთობაში მონაწილე პირის მიერ რაიმე მოქმედების განხორციელებისა თუ მოქმედების შესრულებისაგან თავის შეკავების ვალდებულება. თითოეული მოთხოვნის დამფუძნებელი სამართლის ნორმა განსაზღვრავს მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს, თუმცა მისი განმარტება და ფაქტობრივ გარემოებებზე მისადაგება სასამართლოს უფლებამოსილებაა. მოთხოვნის საფუძველი ორი ნაწილისაგან შედგება: ა) ნორმის შემადგენლობა, რომელიც მოიცავს ცალკეულ წინაპირობას და ბ) სამართლებრივი შედეგი, რომელიც კანონის საფუძველზე დადგება იმ შემთხვევაში, თუ სახეზეა ნორმის შემადგენლობით განსაზღვრული ყველა წინაპირობა.
43. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსის განმსაზღვრელია სარჩელში მითითებული ფაქტები და გარემოებები. სარჩელის ინდივიდუალიზაცია სარჩელის ელემენტების მეშვეობითაა შესაძლებელი. სსსკ-ის მე-3, მე-4, 83-ე და 178-ე მუხლების ანალიზით შესაძლებელია, დავასკვნათ, რომ სარჩელი შედგება ორი ელემენტისგან: სარჩელის საგნისა და სარჩელის საფუძვლისგან. სარჩელის საგანია მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისადმი (სსსკ-ის 178.1 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი), ხოლო სარჩელის საფუძველი - კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას (სსსკ-ის 178.1 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი). საქმის გარემოებათა ანალიზის საფუძველზე მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსის დადგენა და მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის მოძიება კი, სასამართლოს ვალდებულებაა. სადავო ურთიერთობის შეფასებისას, ზემდგომი ინსტანციის სასამართლო არაა შებოჭილი ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივი შეფასებებით, შესაბამისად, თუ ზემდგომი ინსტანციის სასამართლო გამოარკვევს, რომ ქვემდგომი სასამართლოს სამართლებრივი შეფასება არ გამომდინარეობს საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან, იგი ვალდებულია, ეს გარემოებები თავად შეაფასოს სამართლებრივად სწორად და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.
44. მოთხოვნის საფუძვლის (საფუძვლების) ძიებისას, სასამართლოსათვის ამოსავალია ის კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას. სწორედ მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები და გარემოებები განსაზღვრავენ სარჩელის მოთხოვნის შინაარსს. სასამართლომ, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, უნდა გაარკვიოს, თუ საიდან გამომდინარეობს მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი, კერძოდ, სახელშეკრულებო შეთანხმებებიდან, ზიანის მიყენებიდან (დელიქტი), უსაფუძვლო გამდიდრებიდან თუ კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლიდან.
45. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს ამ განჩინების პ.1-3 სარჩელში მითითებულ გარემოებებზე და მიაჩნია, რომ მოპასუხის მიმართ მოსარჩელის მოთხოვნის ფაქტობრივი შემადგენლობა (აღწერილობა) განაპირობებს მის სამართლებრივ მოწესრიგებას სსკ-ის 629. I, 648-ე და 649-ე მუხლების საფუძველზე.
46. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ნარდობა ორმხრივი და სასყიდლიანი ხელშეკრულებაა (სსკ-ის 629-ე მუხლი), რომლის ორივე ხელშემკვრელმა მხარემ, სსკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, ნაკისრი ვალდებულება უნდა შეასრულოს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას (სუსგ-ები №ას-1315-2020, 9 სექტემბერი, 2021 წელი; №ას-764-2019, 2 აგვისტო,2019წ.). ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. ნარდობა დაკავშირებულია მენარდის ვალდებულებასთან – შეასრულოს ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაო და გადასცეს შემკვეთს შეთანხმებული საზღაურის მიღების პირობით შესრულებული სამუშაოს შედეგი. შემკვეთი მოვალეა გადაუხადოს მენარდეს საზღაური როგორც წესი, სამუშაოს შესრულების შემდეგ (იხ., ზ.ძლიერიშვილი, „ნარდობის ხელშეკრულება“ (თეორია და პრაქტიკა), თბილისი, 2016, გვ.288).
47. მოპასუხემ (კასატორი) თავისი შედავება იმ გარემოებას დააფუძნა, რომ მენარდეს სრული მოცულობით არ შეუსრულებია ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები, კერძოდ, 2015 წლის 05 მაისის N005/02 ხელშეკრულების ფარგლებში გაწეული მომსახურების საფასურმა შეადგინა არა - 1 216 684,85 ლარი, არამედ - 862 521.37 ლარი, რომელიც მოპასუხემ ( კასატორი) სრულად გადაიხადა. წარმოდგენილ საკასაციო საჩივარში კასატორი იმეორებს იმავე პრეტენზიებს, რომელიც წარდგენილი ჰქონდა სააპელაციო საჩივარში და რომელსაც ამომწურავად გაეცა პასუხი საააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინებით. კასატორი აღნიშნავს, რომ ხელშეკრულების შესაბამისად „მიმწოდებლის მიერ შესრულებული სამუშაოები მიღებულად ჩაითვლება მხოლოდ მიღება-ჩაბარების აქტის (ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების მოცულობის მიღების აქტი) და დამატებითი ღირებულების გადასახადის ანგარიშ-ფაქტურების გაფორმების შემდეგ. მხარეები სახელშეკრულებო თავისუფლების ფარგლებში შეთანხმდნენ იმ დოკუმენტებზე რომელთა შედგენის შემდეგაც შესრულებული სამუშაოები ჩაითვლებოდა ჩაბარებულად. ამდენად, აუცილებელი იყო ერთდროულად ორი დოკუმენტის არსებობა ესენია: მიღება-ჩაბარების აქტი და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა. შესაბამისად, კასატორი სადავოდ ხდის 354 163.48 ლარის ღირებულების სამუშაოების შესრულებას მოსარჩელის მიერ, რადგან მოსარჩელემ წარადგინა მხოლოდ ანგარიშ-ფაქტურები. რაც შეეხება მიღება-ჩაბარების აქტებს, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი არ არის (იხ., საკასაციო საჩივარი).
48. კასატორის შედავებას საკასაციო პალატა არ იზიარებს და პირველ რიგში, განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს. სსკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნათა შეუსრულებლობა ვალდებულების დარღვევაა.
49. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში კასატორი უარს აცხადებს საზღაურის სადავო ნაწილის გადახდაზე იმ საფუძვლით, რომ მენარდეს სამუშაოს ნაწილი არ შეუსრულებია და მის ნაცვლად სამუშაო მოპასუხემ შეასრულა. თუმცა, გასაზიარებელია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა ( იხ. წინამდებარე განჩინების პ. 29.), რომ რაიმე მტკიცებულება, გარდა სიტყვიერი განმარტებისა, რაც დაადასტურებდა ნაპირსამაგრი და ნაპირდაცვითი სამუშაოების სადავო ნაწილის, მოპასუხის მიერ შესრულების ფაქტს, სასამართლოში მოპასუხის მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა.
50. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ყოველი კონკრეტული სამოქალაქო საქმის გადაწყვეტა სასამართლოში, დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოშობილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი, როგორც ეს ცნობილია, შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. სწორედ მტკიცების ტვირთსა და მის სწორ განაწილებაზეა დამოკიდებული დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება.
51. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვეციის 6-ე მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა შეჯერების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. ამიტომაც, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება მოდავე მხარეებს შორის.
52. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მიხედვით მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული შესაგებლენი, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
53. მტკიცების ტვირთზე მითითებას აკეთებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვითაც თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება.
54. მტკიცების ტვირთი - ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს.
55. მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე. ის ვინც ითხოვს ვალდებულების შესრულებას, უნდა დაამტკიცოს მოთხოვნის საფუძვლის არსებობა არა მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი ითხოვს თავისი მოთხოვნის შესრულებას, ან აღიარებას, არამედ მაშინაც, როდესაც იგი თავს იცავს მოწინააღმდეგე მხარის ნეგატიური აღიარებითი სარჩელისაგან (მოთხოვნისაგან).
56. ამასთან, საკმარისი არ არის, რომ მხარემ ზოგადად გამოთქვას მოსაზრება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებაზე, მაგალითად, განაცხადოს, რომ იგი მთლიანად უარყოფს მეორე მხარის მიერ მოხსენებულ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. მხარის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები კონკრეტულად და დეტალურად უნდა ჩამოყალიბდეს და ეხებოდეს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებას. მხარეთა მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებები უნდა იყოს დასაბუთებული და ეხებოდეს იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვს დავასთან.
57. სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი მხარეებს შორის მტკიცების ტვირთის განაწილება სამოქალაქო საპროცესო სამართლის ამოსავალი წერტილია და იგი დიდი გავლენას ახდენს, ყოველი პირისათვის გარანტირებულ სამართლიანი სასამართლოს პრინციპის განხორციელებაზე.
58. სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი. აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი განაწილებული უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომელთა მტკიცება მათთვის უფრო მარტივი და ობიექტურად შესაძლებელია.
59. განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან შემკვეთი უარს აცხადებს საზღაურის ნაწილის გადახდაზე იმ მოტივით, რომ მენარდეს სამუშაოს გარკვეული ნაწილი არ შეუსრულებია და სამუშაო ნაცვლად მოსარჩელისა, მოპასუხემ შეასრულა, მტკიცების ტვირთი ეკისრებოდა სწორედ მოპასუხეს, რომელსაც ნაპირსამაგრი და ნაპირდაცვითი სამუშაოების სადავო ნაწილის მის მიერ შესრულების ფაქტის დასადასტურებლად, სხვა რაიმე მტკიცებულება, გარდა სიტყვიერი განმარტებისა, სასამართლოში არ წარმოუდგენია.
60. კასატორის ერთ-ერთი პრეტენზიას წარმოადგენს, რომ როგორც პირველი, ისე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებმა არასწორად დაადგინეს ის გარემოება, რომ 2015 წლის 5 მაისს, N005/02 ხელშეკრულების საფუძველზე, მოწინააღმდეგე მხარის მიერ ........., ზღვის სანაპირო ნაპირსამაგრი სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა ჯამში 1 216 684,85 ლარი. აღნიშნული გარემოების დადგენის მიზნით სასამართლო უთითებს მოსარჩელის მიერ წარდგენილ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებზე, რომელთა საერთო ჯამი წარმოადგენს სწორედ მითითებულ თანხას. კასატორს მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატას ყურადღება უნდა გაემახვილებინა მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების (2015 წლის 5 მაისის N005/02 ხელშეკრულება) 4.3 პუნქტზე, რომლის შესაბამისადაც - „მიმწოდებლის მიერ შესრულებული სამუშაოები მიღებულად ჩაითვლება მხოლოდ მიღება-ჩაბარების აქტის (ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების მოცულობის მიღების აქტი) და დამატებითი ღირებულების გადასახადის ანგარიშ-ფაქტურების გაფორმების შემდეგ“ (აღნიშნული გარემოება, როგორც უდავო სასამართლომ ასახა გადაწყვეტილების 3.1.4 პუნქტში). კასატორი აღნიშნავს, რომ მხარეები სახელშეკრულებო თავისუფლების ფარგლებში შეთანხმდნენ იმ დოკუმენტებზე, რომელთა შედგენის შემდეგაც შესრულებული სამუშაოები ჩაითვლებოდა ჩაბარებულად. ამდენად, აუცილებელი იყო ერთდროულად ორი დოკუმენტის არსებობა ესენია: მიღება-ჩაბარების აქტი და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა. შესაბამისად, კასატორი სადაოდ ხდის 354 163.48 ლარის ღირებულების სამუშაოების შესრულებას მოსარჩელის მიერ, რადგან მოსარჩელემ წარადგინა მხოლოდ ანგარიშ-ფაქტურები. რაც შეეხება მიღება-ჩაბარების აქტებს, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი არ არის.( იხ. საკასაციო საჩივარი, წინამდებარე განჩინების პ.33)
61. კასატორის აღნიშნულ პრეტენზიასთან მიმართებით საკასაციო პალატა ყურადღებას გააამახვილებს წინამდებარე განჩინების პპ: 18-20, სადაც დადგენილია, რომ მოსარჩელემ 2015 წლის 17 ივლისიდან 2016 წლის 15 იანვრის ჩათვლით პერიოდში, გამოწერა ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რომელთა მიხედვით მიწოდებულმა მომსახურებამ - სოფელ ........., ზღვის სანაპირო ზოლში ნაპირსამაგრი სამუშაოების სახით, ჯამურად შეადგინა 1 244 899.85 ლარი. საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, (ჯამში 1 244 899.85 ლარის მომსახურების შესრულებაზე), მოპასუხემ დაადასტურა (მიიღო) კანონით დადგენილი წესით. უსფ „ი.ს–ო i.G”-ს არცერთი ანგარიშ-ფაქტურა მიღებისას სადავოდ არ გაუხდია (საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები - ტომი 1-ლი, ს. ფ. 49-57). უდავო გარემოებად შეფასდა, რომ უცხოური საწარმოს ფილიალმა „ი.ს–ო i.G”-მ ხელშეკრულებით გათვალისწინებული - ნაპირდაცვისა და ნაპირაღდგენითი სამუშაოების შესრულებისათვის, პირველ კომპანიას 2015 წლის 13 მაისიდან 2016 წლის 18 თებერვლის ჩათვლით პერიოდში, ჯამში გადაუხადა 862 521.37 ლარი, საიდანაც, 591 699,71 ლარი გადახდილი იქნა უნაღდო ანგარიშსწორების გზით, კომპანიის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვით, ხოლო 270 821.66 ლარი გადახდილი იქნა ნაღდი ანგარიშსწორების წესით. (ტ.1 ს.ფ 28-48, ასევე ს.ფ-ები 56 და 59.).
62. მოპასუხეს მოსარჩელის მიერ 862 521.37 ლარის ღირებულების სამუშაოს შესრულების ფაქტი სადავოდ არ გაუხდია. მოპასუხეს ეს თანხა ანაზღაურებულიც აქვს სრულად. საქმეზე უდავოდ დადგენილია, რომ შესრულებულ სამუშაოთა ანაზღაურება არცერთ შემთხვევაში არ მომხდარა ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესით, მიღება-ჩაბარების აქტის (ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების მოცულობების მიღების აქტის) საფუძველზე. აღნიშნულის გათვალისწინებით, გასაზიარებელია სააპელაციო პალატის დასკვნა, რომ მიღება-ჩაბარების აქტის გარეშე, სამუშაოს მიღება და ანგარიშსწორება მხარეთა შორის არსებულ საქმიან ურთიერთობაში ჩვეულებრივად დამკვიდრებულ პრაქტიკას წარმოადგენდა.( იხ. წინამდებარე განჩინების პ. 21.).
63. საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაზე, კასატორის იმ პრეტენზიასთან დაკავშირებით, რომელიც შეეხება სამუშაოს შესრულების ფაქტის დამადასტურებელ მტკიცებულებას. საკასაციო სასაამრთლომ არაერთ საქმეზე განმარტა, რომ ნარდობის ხელშეკრულების მარეგულირებელი ნორმების (სამოქალაქო კოდექსის 629-656-ე მუხლები) არცერთი დანაწესით კანონმდებელი იმპერატიულად არ აწესებს ვალდებულების შესრულებულად მიჩნევის შესაძლებლობას მხოლოდ მიღება-ჩაბარების აქტის შედგენის გზით. მართალია, ხელშეკრულების მხარეები შეთანხმდნენ შესრულებული სამუშაოს მიღება-ჩაბარების ფორმაზე, მაგრამ მიღება-ჩაბარების აქტის შეუდგენლობა, იმ შემთხვევაში, თუ სხვა მტკიცებულებით უტყუარად დადასტურდება ვალდებულების შესრულების ფაქტი, არ შეიძლება გახდეს სარჩელზე უარის თქმის საფუძველი (იხ. სუსგ საქმე №ას-746-714- 2016, 08.05.2017 წელი; №ას-770-737-2014, 16.06.2015 წელი; საქმე №ას-323-307-2011, 01.12.2011 წელი).
64. ერთ-ერთ საქმეზე საკასაციო პალატამ აღნიშნა, რომ „ნარდობის ხელშეკრულების მარეგულირებელ ნორმებსა და საკასაციო სასამართლოს პრაქტიკაზე დაყრდნობით, კანონის რომელიმე დანაწესი ვალდებულების შესრულებულად მიჩნევას იმპერატიულად მხოლოდ მიღება - ჩაბარების აქტის შედგენას არ უკავშირებს. მართალია, ხელშეკრულების მხარეები შეთანხმდნენ შესრულებული სამუშაოს მიღება-ჩაბარების ფორმაზე, მაგრამ იმ პირობებში, როდესაც სხვა მტკიცებულებით უტყუარად დასტურდება ვალდებულების შესრულების ფაქტი, მიღება-ჩაბარების აქტის შეუდგენლობა მოსარჩელის მოთხოვნის უარყოფის საფუძველი ვერ გახდება. (იხ., სუსგ №ას-1252-2020, 29.09.2021).
65. შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ შესრულებულ სამუშაოსთან დაკავშირებით მიღება-ჩაბარების აქტების წარუდგენლობა, არ გამორიცხავს მისი მხრიდან სახელშეკრულებო ვალდებულების ჯეროვნად შესრულების ფაქტს. მართალია, მხარეთა შორის ხელშეკრულებით განისაზღვრა შესრულებულ სამუშაოსთან დაკავშირებით მიღება-ჩაბარების აქტების წარდგენა, თუმცა, ისეთ ვითარებაში, როცა საპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ 862 521.37 ლარის ღირებულების შესრულებული სამუშაოები მოპასუხეს მოსარჩელისათვის ანაზღაურებული აქვს მიღება-ჩაბარების აქტების გარეშე (იხ., სააპელაციო სასამართლოს განჩინების პ. 4.5.- ს.ფ. 137 - ტ.2.), არ შეიძლება გახდეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი.
66. საკასაციო პალატა ასევე იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობებს ანგარიშ-ფაქტურებისათვის მტკიცებულებითი ძალის მინიჭებასთან დაკავშირებით. სამოქალაქო დავის განხილვისას, მათ რაიმე უპირატესი იურიდიული ძალა არ გააჩნიათ. საკასაციო პალატამ არაერთ საქმეში აღნიშნა, რომ სასაქონლო ზედნადები და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა საქონლის მიწოდების ერთ-ერთი და არა ერთადერთი მტკიცებულება შეიძლება იყოს, რომელიც სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში უნდა შეფასდეს და საქონლის მოწოდების თაობაზე სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა დაედოს საფუძვლად“. (სუსგ ას-1013-2019, 17.07.2020წ),
67. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია და ამის საწინაააღმდეგოდ კასატორს არ წარმოუდგენია დასაბუთებული და დასაშვები საკასაციო პრეტენზია, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაო შესრულებულია ჯეროვნად. ამასთან, საგადასახადო ანგარიშფაქტურები 1 216 684.85 ლარის ღირებულების შესრულებულ სამუშაოზე, რომელიც გამოწერა მოსარჩელემ და ყოველგვარი პრეტენზიის გარეშე მიიღო მოპასუხემ, ადასტურებენ, რომ სადავოდ მიჩნეული სამუშაოები შესრულებულია სწორედ მოსარჩელის მიერ. ამდენად, დადგენილია, რომ მოსარჩელემ მოპასუხეს მიაწოდა ხელშეკრულებით ნაკისრი, ჯამში 1 216 684.85 ლარის ღირებულების სამუშაო, საიდანაც მოპასუხემ მენარდეს აუნაზღაურა მხოლოდ 862 521.37 ლარი. შესაბამისად, შესრულებული სამუშაოს აუნაზღაურებელი ღირებულება შეადგენს 354 163.48 ლარს.
68. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ნარდობა დაკავშირებულია მენარდის ვალდებულებასთან - შეასრულოს ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაო და გადასცეს შემკვეთს შეთანხმებული საზღაურის მიღების პირობით შესრულებული სამუშაოს შედეგი. შემკვეთი მოვალეა გადაუხადოს მენარდეს საზღაური სამუშაოს შესრულების შემდეგ. (სსკ-ის 648-ე მუხლის თანახმად, შემკვეთი მოვალეა, მენარდეს გადაუხადოს საზღაური სამუშაოს შესრულების შემდეგ, თუ ხელშეკრულება არ ითვალისწინებს ნაწილ-ნაწილ გადახდას;) (შდრ: სუსგ-ები №ას-968-2021, 17 დეკემბერი, 2021, პ.32; №ას-1768-2019, 29 მაისი, 2020, 18; Nას-1194-2020, 05.03.2021, პპ:34, 35).
69. როგორც წესი, ნარდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შედეგი შემკვეთს უნდა გადაეცეს მთლიანად და ამის შემდეგ არის შემკვეთი მოვალე, გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. თუმცა ეს არ გამორიცხავს იმის შესაძლებლობას, რომ ნარდობის ხელშეკრულების მხარეები შეთანხმდნენ, რომ სამუშაო მიღებული იქნება ნაწილ-ნაწილ და საზღაურის გადახდაც მოხდება ნაწილ-ნაწილ. როდესაც სამუშაოს შესრულება ხდება ნაწილ-ნაწილ, მოქმედებს პრეზუმფცია, რომ შესრულებული სამუშაოს ხარისხი შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს, თუკი შემკვეთი უხდის მენარდეს საზღაურს შესრულებული სამუშაოს პროპორციულად. ( იხ. ზ. ძლიერიშვილი, ნარდობის ხელშეკრულება - თეორია და პრაქტიკა, 2016, გვ. 290).
70. სსკ-ის 649-ე მუხლის თანახმად, თუ ხელშეკრულების ან შესასრულებელ სამუშაოს ხასიათიდან გამომდინარე, საჭიროა მისი გადაცემა, მაშინ შემკვეთი მოვალეა მიიღოს შესრულებული სამუშაო. მიღებისთანავე შემკვეთი ვალდებულია გადაიხადოს საზღაური.
71. შესრულებული სამუშაოს მიღებაში ერთმანეთისაგან არის გამიჯნული ორი ეტაპი: მენარდის მიერ სამუშაოს გადაცემა და შემკვეთის მიერ შესრულებული სამუშაოს მიღება. სამუშაოს გადაცემა, ერთის მხრივ წარმოშობს შემკვეთის ვალდებულებას, მიიღოს მენარდის მიერ შესრულებული სამუშაოს შედეგი, ხოლო მეორეს მხრივ - მენარდის უფლებას, მოითხოვოს შემკვეთისაგან შეთანხმებული საზღაური. სამუშაოს მიღების ვალდებულება იმაშიც გამოიხატება, რომ შემკვეთმა უნდა შეამოწმოს შესრულებული სამუშაოს შედეგის ხარისხი.
72. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ შესრულებული სამუშაოს მიღება წარმოშობს შემდეგ სამართლებრივ შედეგებს: ა) იწყება შესრულების ნაკლის გამო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა; ბ) შემკვეთმა უნდა გადაუხადის მენარდეს საზღაური; გ) თუ შემკვეთი გადააცილებს საზღაურის გადახდის ვადას, მას შეიძლება დაეკისროს დამატებითი პასუხისმგებლობა (ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო და ა.შ.); დ) შემკვეთზე გადადის შესრულებული სამუშაოს შემთხვევითი დაღუპვის ან დაზიანების რისკი; ე) თუ შემკვეთი დროულად არ მიიღებს შესრულებულ სამუშაოს, მენარდეს წარმოეშვება სსკ-ის 633-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება. ვ) თუ შემკვეთი დროულად არ მიიღებს შესრულებულ სამუშაოს, მენარდეს წარმოეშვება სსკ-ის 634-ე მუხლით გათვალისწინებული გირავნობის უფლება. ( იხ. ზ. ძლიერიშვილი, ნარდობის ხელშეკრულება - თეორია და პრაქტიკა, 2016, გვ. 308).
73. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ „სახელმწიფო შესყიდვის შესახებ“ 04.05.2014 წლის ხელშეკრულებითა და მხარეებს შორის 2015 წლის 5 მაისს გაფორმებული N005/02 ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო - სოფელ ........., ზღვის სანაპირო ზოლში, 1კმ. სიგრძის მონაკვეთზე, ნაპირსამაგრი და ნაპირდაცვითი სამუშაოები, მენარდის მიერ შესრულებულია ჯეროვნად ( იხ. წინამდებარე განჩინების პ. 17), შესაბამისად, საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ სსკ-ის 648-ე და 649-ე მუხლების საფუძველზე, მენარდის მოთხოვნის უფლება შემკვეთის მიმართ სადავო თანხის ანაზღაურების შესახებ წარმოშობილია, ნამდვილია და განხორციელებადია.
74. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ იკვეთება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა, ვინაიდან ნორმის დანაწესით საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციათან ანდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.
75. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისითაც. მსგავს საკითხებზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელსაც არ ეწინააღმდეგება წინამდებარე განჩინება.
76. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც, მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
77. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „ს.ს - ს.ს.დ–ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. შპს „ს.ს - ს.ს.დ–ას“ (ს.კ:.....) უკან დაუბრუნდეს ხ.ზ-ბ–ას მიერ 24.01.2022-ში საგადასახადო დავალება N1 გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (8000 ლარის) 70% – 5600 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზურაბ ძლიერიშვილი
მოსამართლეები: მირანდა ერემაძე
ეკატერინეგასიტაშვილი