Facebook Twitter

№ა-1200-შ-39-2022

12 აპრილი, 2022 წ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),

რევაზ ნადარაია (მომხსენებელი), თამარ ზამბახიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – მ.ტ–კო

განხილვის საგანი – ამერიკის შეერთებული შტატების, ნიუ იორკის ქორწინების/IAS ნაწილში უზენაესი სასამართლოს მართლმსაჯულების სახლის, ვესტჩესტერის ოლქის 2020 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ამერიკის შეერთებული შტატების, ნიუ იორკის ქორწინების/IAS ნაწილში უზენაესი სასამართლოს მართლმსაჯულების სახლის, ვესტჩესტერის ოლქის 2020 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილებით შეწყდა ა.გ–სა და მ.ტ–კოს შორის რეგისტრირებული ქორწინება.

2022 წლის 17 მარტს მ.ტ–კომ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა დასახელებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 17 მარტის განჩინებით შუამდგომლობა წარმოებაში იქნა მიღებული.

სამოტივაციო ნაწილი

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

მ.ტ–კომ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა დასახელებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი აპოსტილით დამოწმებული ამერიკის შეერთებული შტატების, ნიუ იორკის ქორწინების/IAS ნაწილში უზენაესი სასამართლოს მართლმსაჯულების სახლის, ვესტჩესტერის ოლქის 2020 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილების შესწავლით ირკვევა, რომ შეწყდა ა.გ–სა და მ.ტ–კოს შორის რეგისტრირებული ქორწინება. სასამართლოს გადაწყვეტილებიდან ირკვევა, რომ გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული 2021 წლის 13 იანვარს. შუამდგომლობის ავტორი წარმოადგენდა მოპასუხე მხარეს განქორწინების შესახებ საქმისწარმოების მიმდინარეობისას.

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ქორწინებასთან დაკავშირებულ საქმეებზე საქართველოს სასამართლოებს საერთაშორისო კომპეტენცია აქვთ, თუ ერთ-ერთი მეუღლე საქართველოს მოქალაქეა ან ქორწინებისას საქართველოს მოქალაქე იყო. შუამდგომლობაზე თანდართული საქართველოს პრეზიდენტის 2022 წლის 12 იანვრის N9 ბძრანებულებით ირკვევა, რომ შუამდგომლობის ავტორს შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა. მართალია მ.ტ–კო შუამდგომლობის განხილვის დროისათვის აღარ არის საქართველოს მოქალაქე, მაგრამ აღნიშნულ დრომდე (ქორწინების პერიოდისათვის) იგი საქართველოს მოქალაქე იყო. საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს, „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, ქორწინებასთან დაკავშირებულ საქმეებზე საქართველოს სასამართლოებს საერთაშორისო კომპეტენცია აქვთ, თუ მეუღლეს, რომლის წინააღმდეგაც აღძრულია საქმე, ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი საქართველოში აქვს. მოცემულ შემთხვევაში, წარმოდგენილი შუამდგომლობიდან დგინდება, რომ კერძო საჩივრის ავტორის ადგილსამყოფელია ქ. თბილისი.

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი პუნქტით, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება, თუ: ა) საქმე საქართველოს განსაკუთრებულ კომპეტენციას განეკუთვნება; ბ) გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე ან მოხდა სხვა საპროცესო დარღვევები; გ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე სამართლებრივ დავაზე არსებობს საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან მესამე ქვეყნის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც ცნობილ იქნა საქართველოში; დ) უცხო ქვეყნის სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად კომპეტენტურად არ ითვლება; ე) უცხო ქვეყანა არ ცნობს საქართველოს სასამართლო გადაწყვეტილებებს; ვ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე საკითხზე და ერთი და იმავე საფუძვლით საქართველოში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი; ზ) გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოთ დასახელებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს. შესაბამისად, ამერიკის შეერთებული შტატების, ნიუ იორკის ქორწინების/IAS ნაწილში უზენაესი სასამართლოს მართლმსაჯულების სახლის, ვესტჩესტერის ოლქის 2020 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილება ა.გ–სა და მ.ტ–კოს შორის შორის ქორწინების შეწყვეტის შესახებ ცნობილ უნდა იქნეს საქართველოს ტერიტორიაზე.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მულებით და

დაადგინა:

1. მ.ტ–კოს შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას ამერიკის შეერთებული შტატების, ნიუ იორკის ქორწინების/IAS ნაწილში უზენაესი სასამართლოს მართლმსაჯულების სახლის, ვესტჩესტერის ოლქის 2020 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილება ა.გ–სა და მ.ტ–კოს შორის შორის ქორწინების შეწყვეტის შესახებ.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძე

მოსამართლეები: რევაზ ნადარაია

თამარ ზამბახიძე