№ა-4415-შ-131-2021
12 აპრილი, 2022 წ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),
რევაზ ნადარაია (მომხსენებელი), თამარ ზამბახიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – თ.გ.
განხილვის საგანი – თურქეთის, თ. რ. არჰავის პირველი ინსტანციის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 25 მარტის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა
დავის საგანი – განქორწინება, არასრულწლოვანი შვილის მეურვეობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თურქეთის, თ. რ. არჰავის პირველი ინსტანციის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 25 მარტის გადაწყვეტილებით თ.გ.სა და ლ.გ–ს შორის შეწყდა ქორწინება. მხარეთა საერთო შვილის, 2011 წლის 24 ოქტომბერს დაბადებული ე.გ–ის მეურვედ ცნობილ იქნა თ.გ–ი.
თ.გ–მა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა დასახელებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულება.
უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 27 სექტემბრის განჩინებით შუამდგომლობა წარმოებაში იქნა მიღებული.
სამოტივაციო ნაწილი
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
თ.გ–მა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა დასახელებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი აპოსტილით დამოწმებული თურქეთის, თ. რ. არჰავის პირველი ინსტანციის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 25 მარტის გადაწყვეტილების შესწავლით ირკვევა, რომ შეწყდა თ.გ.სა და ლ.გ–ს შორის რეგისტრირებული ქორწინება. ამავე გადაწყვეტილებით მხარეთა საერთო შვილის, 2011 წლის 24 ოქტომბერს დაბადებული ე.გ–ის მეურვედ ცნობილ იქნა თ.გ–ი. სასამართლოს გადაწყვეტილებიდან ირკვევა, რომ გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული 2015 წლის 26 მარტს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 27 სექტემბრის განჩინების ასლი, შუამდგომლობისა და თანდართული მასალების ასლები მოწინააღმდეგე მხარე ლ.გ–ს ჩაბარდა საქმეში მითითებულ მისამართზე 2022 წლის 11 მარტს, მაგრამ მას თავისი მოსაზრება არ წარმოუდგენია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს უზენაესი სასამართლოსათვის.
შუამდგომლობაზე თანდართული პასპორტის ასლით დასტურდება, რომ შუამდგომლობის ავტორი საქართველოს მოქალაქეა.
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი პუნქტით, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება, თუ: ა) საქმე საქართველოს განსაკუთრებულ კომპეტენციას განეკუთვნება; ბ) გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე ან მოხდა სხვა საპროცესო დარღვევები; გ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე სამართლებრივ დავაზე არსებობს საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან მესამე ქვეყნის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც ცნობილ იქნა საქართველოში; დ) უცხო ქვეყნის სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად კომპეტენტურად არ ითვლება; ე) უცხო ქვეყანა არ ცნობს საქართველოს სასამართლო გადაწყვეტილებებს; ვ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე საკითხზე და ერთი და იმავე საფუძვლით საქართველოში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი; ზ) გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოთ დასახელებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს. შესაბამისად, თურქეთის, თ. რ. არჰავის პირველი ინსტანციის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 25 მარტის გადაწყვეტილება თ.გ–სა და ლ.გ–ს შორის ქორწინების შეწყვეტის შესახებ, ასევე მხარეთა საერთო შვილის, 2011 წლის 24 ოქტომბერს დაბადებული ე.გ–ის მეურვეობის თ.გ–ისათვის მინიჭების შესახებ, ცნობილ უნდა იქნეს საქართველოს ტერიტორიაზე.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მულებით და
დაადგინა:
1. თ.გ–ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას თურქეთის, თ. რ. არჰავის პირველი ინსტანციის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 25 მარტის გადაწყვეტილება თ.გ–სა და ლ.გ–ს შორის ქორწინების შეწყვეტის შესახებ, ასევე მხარეთა საერთო შვილის, 2011 წლის 24 ოქტომბერს დაბადებული ე.გ–ის მეურვეობის თ.გ–ისათვის მინიჭების შესახებ.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძე
მოსამართლეები: რევაზ ნადარაია
თამარ ზამბახიძე