Facebook Twitter

ას-1345-2021

23 თებერვალი, 2021 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

რევაზ ნადარაია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

თამარ ზამბახიძე, ლაშა ქოჩიაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ნ.ა–ძე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარეები – თ.გ–ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 13 სექტემბრის განჩინება

კერძო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 5 აპრილის გადაწყვეტილებით თ.გ–ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: ნ.ა–ძეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 60 000 აშშ დოლარის გადახდა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ და მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 13 სექტემბრის განჩინებით ნ.ა–ძის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.

აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა მოპასუხემ და მოითხოვა მისი გაუქმება. საქართველოს უზენაეს სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 24 დეკემბრის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

2022 წლის 21 თებერვალს საკასაციო პალატას მომართა კერძო საჩივრის წარმომადგენელმა და მიუთითა, რომ უარს ამბობს კერძო საჩივარზე და სურს მისი გამოხმობა. ამავე წლის 22 თებერვალს კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენელმა განმეორებით მომართა საკასაციო პალატას, დააზუსტა მისი 2021 წლის 21 თებერვლის განცხადება და მიუთითა, რომ კერძო საჩივრის ავტორს არ გააჩნია კერძო საჩივრის განხილვის სამართლებრივი ინტერესი, შესაბამისად უარს ამბობს მასზე და ითხოვს საქმისწარმოების შეწყვეტას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ განიხილა განცხადება და მიიჩნევს, რომ იგი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

სსსკ-ის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლი განამტკიცებს დისპოზიციურობის პრინციპს და ადგენს მოსარჩელის უფლებას, უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხემ ცნოს მის მიმართ წარდგენილი მოთხოვნა, ანალოგიური უფლებით აღჭურავს მხარეს ამავე კოდექსის 83-ე მუხლი. უფრო მეტიც, სსსკ-ის 378-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (სსსკ-ის 399-ე მუხლის დისპოზიციიდან გამომდინარე, ამ ნორმის გამოყენება დასაშვებია საკასაციო სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივრის განხილვისას) სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა დასაშვებია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შემთხვევაში სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას, რის შედეგადაც მხარეს ერთმევა უფლება, კვლავ გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით.

მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ნ.ა–ძის შუამდგომლობა კერძო საჩივარზე უარის თქმის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს და თანახმად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტისა და 378-ე მუხლის მე-2 ნაწილისა, მის კერძო საჩივარზე უნდა შეწყდეს წარმოება, იმგვარად, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ძალაში იქნას დატოვებული. ამასთან, მხარეს უნდა განემარტოს, რომ სსსკ-ის 378-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და სსსკ-ის 273-ე მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესიდან გამომდინარე, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 13 სექტემბრის განჩინების კერძო საჩივრით კვლავ გასაჩივრება იქნება დაუშვებელი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მთლიანად გათავისუფლება ან სახელმწიფო ბაჟის ოდენობის განახევრება ხდება ამ მუხლით დადგენილი წესით, მხოლოდ ამ ინსტანციებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟის ოდენობის ფარგლებში. ზემოაღნიშნული მუხლებიდან გამომდინარე, კერძო საჩივრის ავტორს სახელმწიფო ბიუიჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს ჟ.ჩ–ის მიერ 19.11.2021წ. N12018504472 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 50 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 49-ე (2), 272-ე, 372-ე, 378-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ.ა–ძის შუამდგომლობა კერძო საჩივარზე საქმისწარმოების შეწყვეტის შესახებ დაკმაყოფილდეს.

2. შეწყდეს საქმისწარმოება ნ.ა–ძის კერძო საჩივარზე თ.გ–ის მიმართ, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 13 სექტემბრის განჩინებაზე.

3. განემარტოთ მხარეებს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 13 სექტემბრის განჩინების კერძო საჩივრით კვლავ გასაჩივრება დაუშვებელია.

4. ძალაში დარჩეს ქვემდგომი სასამართლოების მიერ მოცემულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებები.

5. კერძო საჩივრის ავტორს ნ.ა–ძეს (.....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს ჟ.ჩ–ის მიერ 19.11.2021წელს, N12018504472 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 50 ლარი.

6. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე რევაზ ნადარაია

მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე

ლაშა ქოჩიაშვილი