№ას-152-2022 15 აპრილი, 2022 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: თამარ ზამბახიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – მ.ფ–ა (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ბ.ს.კ.ც–ი“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 29.11.2021 წლის გადაწყვეტილება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება, შრომითი ურთიერთობის შეჩერების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, კომპენსაციის დაკისრება
დავის საგანი – შრომითი ურთიერთობის შეჩერების ბრძანების ბათილად ცნობა, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, გათავისუფლებამდე არსებულ პოზიციაზე აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მ.ფ–ამ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“, „კასატორი“) წარადგინა სარჩელი შპს „ბ.ს.კ.ც–ის“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“) მიმართ და მოითხოვა:
- ბათილად იქნეს ცნობილი მოპასუხის 01.04.2020 წლის №20.04.003 ბრძანება მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეჩერების შესახებ;
- ბათილად იქნეს ცნობილი მოპასუხის 27.08.2020 წლის №20.08.010 ბრძანება მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ;
- მოსარჩელე აღდგენილ იქნეს გათავისუფლებამდე არსებულ მარაგების კონტროლის სპეციალისტის პოზიციაზე;
- მოპასუხეს დაეკისროს იძულებითი განაცდურის სახით 01.04.2020 წლიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე თვეში დარიცხული 753.84 ლარის გადახდა.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 05.04.2021 წლის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, ბათილად იქნა ცნობილი მოპასუხის 27.08.2020 წლის №20.08.010 ბრძანება მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ, მოსარჩელე აღდგენილ იქნა გათავისუფლებამდე არსებულ მარაგების კონტროლის სპეციალისტის პოზიციაზე, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა იძულებითი განაცდურის სახით 03.09.2020 წლიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე თვეში დასაბეგრი 753.84 ლარის გადახდა; მოთხოვნა მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეჩერების შესახებ 01.04.2020 წლის №20.04.003 ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა (იხ.: გადაწყვეტილება, ტ.1, ს.ფ.107-128). გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მხარეებმა.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 29.11.2021 წლის გადაწყვეტილებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო მოპასუხის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 05.04.2021 წლის გადაწყვეტილება მოსარჩელის სამსახურში აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება; სამსახურში აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების ნაცვლად, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა კომპენსაცია თვეში 753.84 ლარის (მოიცავს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს) ოდენობით, 03.09.2020 წლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე; დანარჩენ ნაწილში უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება (იხ.: გადაწყვეტილება, ტ.2, ს.ფ.110-131). სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა შრომითი ურთიერთობის შეჩერების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, კომპენსაციის დაკისრება 01.04.2020 წლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 14.02.2022 წლის განჩინებით საკასაციო საჩივარზე დადგენილ იქნა ხარვეზი და კასატორს განესაზღვრა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღე მის შესავსებად. ამავე სასამართლოს 28.03.2022 წლის განჩინებით კასატორს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 5 (ხუთი) დღით. განჩინებით კასატორს განემარტა, რომ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი განუხილველად დარჩებოდა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
5. სსსკ-ის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
6. დადგენილია, რომ ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 28.03.2022 წლის განჩინება ჩაჰბარდა კასატორის წარმომადგენელს - ც.ფ–ძეს (იხ.: მინდობილობა, ტ.1, ს.ფ.14) 30.03.2022წ. (იხ.: ჩაბარების დასტური, ტ.2, ს.ფ.173).
7. სსსკ-ის 70-ე მუხლის პირველი ნაწილით მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს.
8. სსსკ-ის 59-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, ხოლო მე-60 მუხლის მე-2 ნაწილისა და 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. მოცემულ შემთხვევაში, კასატორისთვის ხარვეზის შევსების 5 - დღიანი ვადის დენა დაიწყო 31.03.2022 წელს და ამოიწურა 04.04.2022 წელს. ამდენად, კასატორს ხარვეზი 04.04.2022 წლის ჩათვლით უნდა შეევსო. საქმის მასალებით ირკვევა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში კასატორს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსთვის.
9. სსსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს შესაბამისი საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას (იხ.: სუსგ საქმეზე №ას-1058-2021, 15.12.2021წ.; №ას-1246-2021, 15.12.2021წ.; №ას-903-2021, 13.12.2021წ.; №ას-1347-2021, 22.03.2022წ.).
10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან კასატორმა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არ შეავსო ხარვეზი, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 63-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ.ფ–ას საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: თამარ ზამბახიძე