Facebook Twitter

23 თებერვალი, 2022 წელი,

საქმე №ას-427-2020 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე, შეგებებული სარჩელის ავტორი) - ზ.შ–ძე

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელის მოპასუხე) - მ.გ–ძე

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 31 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და, შეგებებული სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი - თანასაკუთრების გაყოფა, თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. მ.გ–ძე (შემდეგში - მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე მხარე) და ზ.შ–ძე (შემდეგში - მოპასუხე ან კასატორი) 1989 წლის 22 აპრილიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან. მხარეებს, თანაცხოვრებისას, ოთხი შვილი შეეძინათ.

2. მეუღლეთა თანაცხოვრების პერიოდში, მოპასუხის საკუთრებაში აღირიცხა ექვსი ავტოსატრანსპორტო საშუალება, კერძოდ: 1). მოდელი - MERSEDES-BENZ E 200 CDI 2.2 SALOON, სახელმწიფო ნომერი - ....; 2). მოდელი - MERSEDES-BENZ 230 E კომბი (ხეთჩბეკი), სახელმწიფო ნომერი - .....; 3). მოდელი - KAMAZ 5511 ციცხვი თვითმცლელი, სახელმწიფო ნომერი - .....; 4). მოდელი - KAMAZ 5410 უნაგირა საწევარი, სახელმწიფო ნომერი - DWW063; 5). მოდელი - ODAZ 9370 ლითონის ბორტიანი პლატფორმა, ნახევარმისაბმელი, სახელმწიფო ნომერი - .....; 6). მოდელი - GKB 8535-01 თვითმცლელი, მისაბმელი, სახელმწიფო ნომერი - .... (შემდეგში - სადავო მოძრავი ქონება).

3. ქ.ქუთაისში, ...... №6-ში (ყოფილი ...... ქ.№10) მდებარე №4 ბინა (ს/კ №......), ქ.ქუთაისში, ...... №6-ში (ყოფილი ...... ქ.№10) მდებარე №4 ბინა (ს/კ №.....), ქ.ქუთაისში, ...... №6-ში (ყოფილი ...... ქ.№10) მდებარე №4 ბინა (ს/კ №.....), ქ.ქუთაისში, ...... მდებარე ნაკვეთი №3-7 (ს/კ №....), ქ.ქუთაისში, ..... .... მდებარე ნაკვეთი №6 (ს/კ №....), ქ.ქუთაისში, ..... ...... მდებარე ნაკვეთი №3-10/2 (ს/კ №.....) (შემდეგში - სადავო უძრავი ქონება) - შეძენილია მეუღლეთა ქორწინების განმავლობაში და 2017 წლის თებერვლიდან აღნიშნული ქონების ½-ის მესაკუთრედ მოსარჩელეა აღრიცხული.

4. სადავო უძრავი ქონების გაქირავებით მიღებული საიჯარო თანხის ½ ნაწილი, ჯამურად, 32 125 ლარს შეადგენს, კერძოდ, ..... ქუჩაზე მდებარე უძრავი ქონების იჯარის ფასია 27 500 ლარი (25 X 1 100), რომლის ნახევარია - 13 750 ლარი, ხოლო ..... ქუჩაზე მდებარე უძრავი ქონების საიჯარო შემოსავალია 36 750 ლარი (25 X 1 470), რომლის ნახევარიც, 18 375 ლარს შეადგენს.

5. მოპასუხემ, მეუღლეთა ერთად ცხოვრების პერიოდში შეიძინა შპს „ზ.მ.“. შემოსავლების სამსახურიდან გამოთხოვილი შპს „ზ.მ-ის“ საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციებით დადგენილია, რომ 2014 წლის 31 მარტიდან 2016 წლის მაისამდე, დივიდენდის სახით, მოპასუხემ 321 551 ლარი მიიღო, რომლის ½ შეადგენს 160 775 ლარს.

6. მოსარჩელემ სასამართლოში სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგ, რომლითაც მოითხოვა:

6.1. სადავო მოძრავი ქონების, როგორც, მეუღლეთა თანასაკუთრებაში არსებული ქონების, 50%-ის მესაკუთრედ ცნობა;

6.2. სადავო უძრავი ქონებიდან, 2014 წლის დეკემბრიდან 2017 წლის თებერვლამდე მიღებული იჯარის თანხის ½ ნაწილის, 32 125 ლარის, მოპასუხისათვის დაკისრება;

6.3. შპს „ზ.მ-ს“ წილიდან, 2014 წლიდან 2017 წლის თებერვლამდე მიღებული დივიდენდის ნახევრის, 160 775 ლარის, აგრეთვე, 2017 წლის თებერვლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე შპს-ს წილიდან 5%-ის ანაზღაურება.

7. მოგვიანებით, იმავე სასამართლოში შეგებებული სარჩელი შეიტანა მოპასუხემ, რომელმაც მოითხოვა:

7.1. მოსარჩელესთან რეგისტრირებული ქორწინების შეწყვეტა.

7.2. მეუღლეთა თანასაკუთრებაში არსებული ბინის (მდებარე ქ.ქუთაისი, ....., დაზუსტებული ფართობი - 4 784კვ.მ, ფართი - 99.10კვ.მ, საზაფხულო ფართი - 19.57კვ.მ, ს/კ N ....) გასხვისების გამო, ფულადი კომპენსაციის - 11 666 აშშ დოლარის, მოსარჩელისათვის დაკისრება;

7.3. ქ.ქუთაისში, ბაზაძის ქ.N36-ში მდებარე უძრავი ნივთის (დაზუსტებული ფართობი - 458.00 კვ.მ, ს/კ N ....) შენობა -ნაგებობის ერთი გამოყოფილი ნაწილიდან (საერთო ფართი - 53.79კვ.მ) 3/10 ნაწილის ნახევრის და შენობა-ნაგებობის ერთი გამოყოფილი ნაწილის (საერთო ფართით - 53.79კვ.მ) 2/10 ნაწილის ნახევრის მესაკუთრედ ცნობა.

8. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 15 მარტის გადაწყვეტილებით:

8.1. სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;

8.1.1. ქუთაისში, ......., ნაკვეთი №3-...-ში (ს/კ № .....)- მდებარე უძრავი ქონების ½ ნაწილი აღირიცხა მოსარჩელის საკუთრებაში;

8.1.2. სადავო მოძრავი ქონებიდან, მოსარჩელის საკუთრებაში აღირიცხა: მოდელი - MERSEDES-BENZ E 200 CDI 2.2 SALOON, სახელმწიფო ნომერი - .....;

მოდელი - KAMAZ 5511 ციცხვი თვითმცლელი, სახელმწიფო ნომერი - ....;

მოდელი - ODAZ 9370 ლითონის ბორტიანი პლატფორმა, ნახევარმისაბმელი, სახელმწიფო ნომერი - .....

8.1.3. მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ, დაეკისრა, 2014 წლის დეკემბრიდან 2017 წლის თებერვლამდე დროის მონაკვეთში სადავო უძრავი ქონებიდან მიღებული საიჯარო თანხის ½ ნაწილის, მთლიანობაში 32 125 ლარის გადახდა.

8.1.4. მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ, დაეკისრა, შპს ,,ზ.მ-ის“ წილიდან 2014 წლიდან 2017 წლის თებერვლამდე მიღებული დივიდენდის ნახევრის - 160 775 ლარის გადახდა.

8.2. სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მოპასუხისათვის შპს ,,ზ.მ-ის“ წილიდან, 2017 წლის თებერვლიდან აღსრულების მომენტამდე, 5% დივიდენდის დაკისრების მოთხოვნის ნაწილში.

8.3. მოპასუხის შეგებებული სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;

8.3.1. მხარეთა შორის რეგისტრირებული ქორწინება, განქორწინებით შეწყდა;

8.3.2. მოპასუხე ცნობილ იქნა ქ.ქუთაისში, .....-ში მდებარე უძრავი ნივთის (დაზუსტებული ფართობი - 458.00კვ.მ, ს/კ N .....) შენობა-ნაგებობის ერთი გამოყოფილი ნაწილიდან (საერთო ფართი - 53.79კვ.მ) 3/10 ნაწილის ნახევრის და შენობა-ნაგებობის ერთი გამოყოფილი ნაწილიდან (საერთო ფართი - 53.79კვ.მ) 2/10 ნაწილის ნახევრის მესაკუთრედ და ქონება მოპასუხის სახელზე აღირიცხა;

8.3.3. დანარჩენ ნაწილში შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

9. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც მოითხოვა ამ გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და, შეგებებული სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

10. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 31 მარტის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.

10.1. სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დაადგინა, რომ მეუღლეთა თანაცხოვრების პერიოდში, მოპასუხის საკუთრებაში აღირიცხა ექვსი ავტოსატრანსპორტო საშუალება. ვინაიდან სადავო მოძრავი ქონება მხარეებმა რეგისტრირებულ ქორწინებაში ყოფნის პერიოდში შეიძინეს, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ, კანონიერად დაკმაყოფილდა მოსარჩელის მოთხოვნა - ამ ქონების 50%-ის (სამი ავტოსატრანსპორტო საშუალება) მესაკუთრედ ცნობის თაობაზე (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის 1158-ე მუხლი). სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, სადავო მოძრავი ქონების პირველი ინსტანციის სასამართლოსეული გაყოფა (სამი ავტოსატრანსპორტო საშუალება აღრიცხა მოსარჩელის საკუთრებაში, ხოლო სამი ავტოსატრანსპორტო საშუალება დარჩა მოპასუხის საკუთრებად), საკუთრებით თავისუფალი და შეუზღუდავი სარგებლობის საშუალებას მისცემდა ორივე მხარეს, რაც სამართლიანი იყო და და ამ ნაწილში აპელანტს რაიმე დასაბუთებული პრეტენზია სასამართლოსათვის არ წარუდგენია (მაგალითად, პრეტენზია იმის შესახებ, რომ მოსარჩელისათვის მიკუთვნებული ქონების ღირებულება აღემატებოდა მოპასუხისათვის მიკუთვნებული ავტოსატრანსპორტო საშუალების ღირებულებას), რომლის არსებობისა და დადასტურების შემთხვევაშიც, სააპელაციო სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევდა მოძრავი ქონების სხვაგვარად გაყოფას.

10.2. გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დაადგინა შემდეგი გარემოებები: 1). სადავო უძრავი ქონება, მეუღლეთა ქორწინების განმავლობაში იყო შეძენილი და, 2017 წლის თებერვლიდან, აღნიშნული ქონების ½-ის მესაკუთრედ მოსარჩელე აღირიცხა; 2). სადავო უძრავი ქონების გაქირავებით მიღებული საიჯარო თანხის ½ ნაწილი, ჯამურად, 32 125 ლარს შეადგენს, კერძოდ, ..... ქუჩაზე მდებარე უძრავი ქონების იჯარის ფასია 27 500 ლარი (25 X 1 100), რომლის ნახევარია - 13 750 ლარი, ხოლო ..... ქუჩაზე მდებარე უძრავი ქონების საიჯარო შემოსავალია 36 750 ლარი (25 X 1 470), რომლის ნახევარიც, 18 375 ლარს შეადგენს.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოპასუხეს სადავოდ არ გაუხდია, 2014 წლიდან 2017 წლის თებერვლამდე, იჯარის სახით მიღებული შემოსავლის ოდენობა. მისი შედავება იმ საფუძველს ემყარებოდა, რომ 2017 წლის თებერვლამდე მოსარჩელე სადავო უძრავი ქონების რეგისტრირებული მესაკუთრე არ იყო და ეს შემოსავალი არ ეკუთვნოდა. სააპელაციო სასამართლომ ხსნებული შედავება არ გაიზიარა და განმარტა, რომ, სადავო უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლება, მოსარჩელეს, მიენიჭა, მათი შეძენისთანავე და, არა - ქონების რეგისტრაციაში გატარების შემდეგ (სსკ-ის 1158-ე მუხლი).

10.3. სააპელაციო სასამართლომ იმსჯელა სარჩელის კიდევ ერთ მოთხოვნაზე, რომელიც შეეხებოდა, შპს „ზ.მ-ს“ წილიდან, 2014 წლიდან 2017 წლის თებერვლამდე მიღებული დივიდენდის ნახევრის - 160 775 ლარის, აგრეთვე, 2017 წლის თებერვლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, შპს-ს წილიდან 5%-ის ანაზღაურებას. მოცემული კუთხით სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია შემდეგი გარემოებები: მოპასუხემ, მეუღლეთა ერთად ცხოვრების პერიოდში შეიძინა შპს „ზ.მ.“; შემოსავლების სამსახურიდან გამოთხოვილი შპს ზ.მ-ის საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციებით დადგენილია, რომ 2014 წლის 31 მარტიდან 2016 წლის მაისამდე, დივიდენდის სახით, მოპასუხემ 321 551 ლარი მიიღო, რომლის ½ შეადგენს 160 775 ლარს.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ, დივიდენდის ოდენობა მოპასუხეს სადავოდ არ გაუხდია, მისი მოსაზრებით დივიდენდის მიღების მოთხოვნა მიმართული უნდა იყოს საწარმოს და არა ფიზიკური პირის წინაარმდეგ. სააპელაციო სასამართლომ მოპასუხის მითითებული პოზიცია არ გაიზიარა და განმარტა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა იყო მისი, არა როგორც საწარმოს პარტნიორის მოთხოვნა დივიდენდის განაწილების შესახებ, არამედ, ერთი მეუღლის მოთხოვნა მეორე მეუღლისადმი - რეგისტრირებული ქორწინების დროს შეძენილი ქონებიდან (წილიდან ,,ზ.მ.“-ში) მიღებული სარგებლის თანამესაკუთრეებად აღიარებისა და მისთვის მიკუთვნების თაობაზე. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სსკ-ის 1160.3 მუხლის თანახმად, მოსარჩელეს, როგორც თანამესაკუთრე მეუღლეს, ქონების განკარგვით მიღებული სარგებლის მოთხოვნის უფლება ჰქონდა. აქედან გამომდინარე, კანონშესაბამისი იყო პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება დივიდენდის სახით მიღებული სარგებლის განაწილებისა და 160 775.00 ლარის მოპასუხისათვის დაკისრების შესახებ და ამ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად უნდა დარჩენილიყო.

10.4. რაც შეეხებოდა მოპასუხის შეგებებული სარჩელის მოთხოვნას, რომელიც მიმართული იყო ქ.ქუთაისში, ...... მდებარე უძრავი ქონების გასხვისების გამო, მოსარჩელისათვის მის სასარგებლოდ კომპენსაციის დაკისრებაში, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა შემდეგი: ხსენებულ ბინაში, პრივატიზაციის დროისათვის რეგისტრირებული იყო და დაბადებიდან ცხოვრობდა მოსარჩელე, რის გამოც, სხვა ოჯახის წევრებთან ერთად, მან ამ ბინაზე საკუთრების უფლება მოიპოვა, რომელიც მის ინდივიდუალურ საკუთრებას წარმოადგენდა და არ შეიძლებოდა მეუღლეთა საერთო ქონებად მიჩნეულიყო.

11. სააპელაციო სასამართლოს განჩინება მოპასუხემ საკასაციო წესით გაასაჩივრა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმების, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, ხოლო შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით.

საკასაციო საჩივრის დასაბუთება ასეთია:

11.1. სააპელაციო სასამართლოს არ დაუდგენია მოსარჩელესა და მოპასუხეს, როგორც მეუღლეებს შორის, თანაცხოვრების შეწყვეტის თარიღი. ამის გამო, სასამართლომ, მოპასუხეს, არასწორად დააკისრა 2014 წლის დეკემბრიდან 2017 წლის თებერვლამდე, სადავო უძრავი ქონების იჯარით გაცემის შედეგად მიღებული ჯამური ქირის ნახევარი, 32 125 ლარი და, ამავე პერიოდში, მიღებული დივიდენდის ნახევარი, 160 775 ლარი.

11.2. დივიდენდის მოთხოვნის უფლება მოსარჩელეს აქვს საწარმოსგან, გაუგებარია, მოპასუხის მიმართ ამ მოთხოვნის დაყენება. ასეც რომ არ იყოს, მოსარჩელე, შპს „ზ-ში“ პარტნიორად (ე.ი. მოპასუხის კუთვნილი წილის თანამესაკუთრედ) 2017 წლის თებერვლიდანაა დარეგისტრირებული. ამავე დროიდანაა იგი ცნობილი, იჯარით გაცემული უძრავი ქონების მესაკუთრედ. მოცემულ ნაწილში, განჩინების დასაბუთებისას, არასწორია სსკ-ის 1164-ე მუხლზე მითითება.

11.3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით, მოსარჩელეს მიეკუთვნა, მოპასუხის სახელზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალებების ნახევარი. გაუგებარია, თუ რატომ მიაკუთვნა სასამართლომ, მოსარჩელეს, მოპასუხის სამ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე 100% საკუთრების უფლება და რატომ გაიზიარა სააპელაციო სასამართლომ, თანასაკუთრების ამგვარად გაყოფა. სასამართლო ვერ ასაბუთებს, სადავო მოძრავი ქონების მხარეთა შორის თანაბარწილად გაყოფას.

11.4. გასაჩივრებული განჩინება დაუსაბუთებელია, ქ.ქუთაისში, ...... მდებარე უძრავი ქონების გასხვისების გამო, მოსარჩელისათვის კომპენსაციის დაკისრების მოთხოვნის ნაწილშიც. მოსარჩელემ, ხსენებული უძრავი ქონება საკუთრებაში მიიღო სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე, მოპასუხესთან ქორწინებაში ყოფნის პერიოდში, მას ეს ქონება არც ჩუქებით და არც მემკვიდრეობით არ მიუღია. ამდენად, ყველა წინაპირობა არსებობდა იმისათვის, რომ მოსარჩელეს მოპასუხისათვის 11 666 აშშ დოლარის გადახდა დაჰკისრებოდა.

12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 21 ივლისის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით, მოპასუხის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად. 2022 წლის 9 თებერვლის განჩინებით, საკასაციო სასამართლომ, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ცნო და დაადგინა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოპასუხის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

13. საკასაციო პალატის განხილვის საგანი შემდეგია: რამდენად კანონიერია, მოსარჩელის მოთხოვნები - სადავო მოძრავი ქონების თანამესაკუთრედ ცნობის, სადავო უძრავი ქონებიდან, 2014 წლის დეკემბრიდან 2017 წლის თებერვლამდე მიღებული იჯარის თანხის ½ ნაწილის (32 125 ლარი), შპს „ზ.მ-ს“ წილიდან, 2014 წლიდან 2017 წლის თებერვლამდე მიღებული დივიდენდის ნახევრის, 160 775 ლარის ანაზღაურების თაობაზე. ამავდროულად, პალატის მიერ განსახილველია, მოპასუხის შეგებებული სარჩელის მართლზომიერება, ქ.ქუთაისში, ...... მდებარე უძრავი ქონების გასხვისების გამო, მოსარჩელისათვის, მის სასარგებლოდ, კომპენსაციის დაკისრება (სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი წინადადება).

14. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინებით, სადავო მოძრავი ქონების თანამესაკუთრედ ცნობის ნაწილში სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, ძალაში დარჩა. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების მითითებული ნაწილით, დადგენილია შემდეგი: მოსარჩელე ცნობილ იქნას, მეუღლეთა თანასაკუთრებაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებებიდან 50%-ის მესაკუთრედ და მის სახელზე აღირიცხოს სამი ავტოსატრანსპორტო საშუალება (სარჩელით მოთხოვნილი ექვსი ავტოსატრანსპორტო საშუალებიდან).

პალატას მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განჩინების დასახელებულ ნაწილში განვითარებული მსჯელობა მცდარია და გაზიარებული ვერ იქნება. ასეთი დასკვნის საფუძველს ქმნის შემდეგი გარემოებები:

14.1. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილია, რომ: მოსარჩელე და მოპასუხე, 1989 წლის 22 აპრილიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან; მხარეებს, თანაცხოვრებისას, ოთხი შვილი შეეძინათ; მეუღლეთა თანაცხოვრების პერიოდში, მოპასუხის საკუთრებაში აღირიცხა ექვსი ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელთა თანამესაკუთრედ ცნობაც, განსახილველი სარჩელის ერთ-ერთი მოთხოვნაა.

14.2. მეუღლეთა ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონების თანასაკუთრებად ცნობის საკანონმდებლო დანაწესი მოცემულია სსკ-ის 1158.1 მუხლში (მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო ქონებას (თანასაკუთრებას), თუ მათ შორის საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი), ხოლო ასეთი ქონების მეუღლეებს შორის გაყოფის შესაძლებლობას ადგენს ამავე 1164-ე მუხლი (მეუღლეთა საერთო ქონება, თითოეული მეუღლის მოთხოვნით შეიძლება გაიყოს, როგორც ქორწინების განმავლობაში, ისე მისი შეწყვეტის შემდეგ). სსკ-ის 1158.1 მუხლის შინაარსი ნათლად გვაუწყებს, რომ, ყველა ის ქონება, რომელიც მეუღლეებმა ქორწინების პერიოდში შეიძინეს, მათი საერთო ქონებაა, თანასაკუთრებაა, გარდა საგამონაკლისო შემთხვევისა, კერძოდ, როდესაც, მათ შორის, საქორწინო ხელშეკრულებით რაიმე განსხვავებული წესია დადგენილი. კანონის მითითებული ნორმა იმის მაუწყებელიცაა, რომ თანასაკუთრებაში ქონების არსებობა, თავისთავად გულისხმობს, თითოეულ ამ ქონებაზე, ორივე მეუღლის (და, არა - ერთი მათგანის) საკუთრების უფლებას, ასეთი ქონება მეუღლეებს თანაბრად ეკუთვნით.

შესაბამისად, თუკი მეუღლეთა თანასაკუთრებაში რამდენიმე მოძრავი ნივთია, ერთმანეთს შორის მათი გაყოფისას, უმთავრესია, რომ ყველა ამ ნივთზე თანამესაკუთრე მეუღლეთა უფლებები თანაბარწილად განისაზღვროს, რადგან, როგორც აღინიშნა, კანონით ეს ნივთები ორივეს საერთო საკუთრება. ასეთი გზით თანასაკუთრების გაყოფა, მეუღლეთა კანონიერი ინტერესების დაცვის საუკეთესო საშუალებაა. სხვაგვარად, მეუღლეთა, როგორც თითოეული ასეთი ქონების თანამესაკუთრეთა უფლებების დაცვის მიზანი ვერ მიიღწევა, რადგან თანასაკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთებიდან რამდენიმე ნივთის გამოყოფისა და ერთ-ერთი მეუღლისათვის მიკუთვნების პირობებში (როგორც ეს სადავო შემთხვევაში მოხდა), შეუძლებელია იმის ზუსტად განსაზღვრა - რამდენად იქნა დაცული, წილთა თანაბრობის პრიციპი, რომლის არსიც თითოეულ მოძრავ ნივთზე თითოეული მეუღლის თანასაკუთრების უფლების არსებობაში მდგომარეობს.

14.3. ზემოაღნიშნული მსჯელობის საპირწონე ვერ გახდება სააპელაციო სასამართლოს მიერ იმ გარემოებაზე მითითება, რომ სადავო მოძრავი ქონების პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი წესით გაყოფა, საკუთრებით თავისუფლად და შეუზღუდავად სარგებლობის საშუალებას მისცემს მოსარჩელეს, რაც ამგვარი წესით ქონების გაყოფის სამართლიანობას ასაბუთებს. როგორც ზემოთ განიმარტა, თანასაკუთრებაში არსებული რამდენიმე მოძრავი ნივთის გაყოფისას, გადამწყვეტია, თითოეულ ნივთზე, თანამესაკუთრე მეუღლეთა უფლებების თანაბარწილად განსაზღვრა, რადგან კანონით ეს ნივთები ორივეს საერთო საკუთრებაა (სსკ-ის 1158.1 მუხლი). შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, მთავარია დადგინდეს არა ის, თუ რამდენად შეძლებს მოსარჩელე, საკუთრებით თავისუფლად სარგებლობას, არამედ ის, რომ გაყოფის შედეგად, დაცული იქნება თუ არა, თითოეულ მოძრავ ნივთზე თითოეული მეუღლის თანასაკუთრების უფლება.

რაკი სადავო მოძრავი ნივთების სააპელაციო სასამართლოს მიერ მითითებული წესით გაყოფისას, შეუძლებელია, მეუღლეთა შორის წილთა თანაბრობის პრინციპის დაცულობის ზუსტად განსაზღვრა, ამიტომ პალატას მიზანშეწონილად მიაჩნია აღნიშნული ქონების იმგვარად გაყოფა, რომ მოსარჩელე ცნობილ იქნეს, თითოეული მოძრავი ნივთის 1/2 ნაწილის მესაკუთრედ.

15. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება დანარჩენ ნაწილში საკმარისადაა დასაბუთებული და კანონშესაბამის დასკვნებსაც შეიცავს. მათთან მიმართებით, პალატა, პირველ რიგში ყურადღებას მიაქცევს საქმეზე დამტკიცებულად ცნობილ შემდეგ გარემოებებზე:

1). სადავო უძრავი ქონება, მეუღლეთა ქორწინების განმავლობაში იყო შეძენილი და, 2017 წლის თებერვლიდან, აღნიშნული ქონების ½-ის მესაკუთრედ მოსარჩელე აღირიცხა;

2). სადავო უძრავი ქონების გაქირავებით მიღებული საიჯარო თანხის ½ ნაწილი, ჯამურად, 32 125 ლარს შეადგენს.

3). მოპასუხემ, მეუღლეთა ერთად ცხოვრების პერიოდში შეიძინა შპს „ზ.მ.“; შემოსავლების სამსახურიდან გამოთხოვილი შპს „ზ.მ-ის“ საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციებით დადგენილია, რომ 2014 წლის 31 მარტიდან 2016 წლის მაისამდე, დივიდენდის სახით, მოპასუხემ 321 551 ლარი მიიღო, რომლის ½ შეადგენს 160 775 ლარს.

მითითებული გარემოებები კასატორს დასაბუთებული შედავების (პრეტენზია) გზით არ გაუქარწყლებია, ამიტომ ისინი სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (სსსკ-ის 407.2 მუხლი).

პალატის განსჯით, ზემოთ დადგენილი ფაქტობრივი მოცემულობა იმის მაუწყებელია, რომ სადავო უძრავი ქონებაც და შპს „ზ.მ-ც“, სწორედ მხარეთა შორის რეგისტრირებულ ქორწინებაში ყოფნის პერიოდში იქნა შეძენილი, რამაც მითითებულ ნაწილებში სარჩელის დაკმაყოფილება სწორად განაპირობა.

რაც შეეხება კასატორის (მოპასუხე) პრეტენზიას იმის თაობაზე, რომ იჯარის ქირიდან მიღებული შემოსავალი მოსარჩელეს არ ეკუთვნოდა, რადგან 2017 წლის თებერვლამდე, იგი არ იყო სადავო უძრავი ქონების რეგისტრირებული მესაკუთრე, აღნიშნული პრეტენზიის უარსაყოფად სააპელაციო სასამართლომ სწორად მიუთითა სსკ-ის 1158-ე მუხლზე. მითითებული ნორმით კანონმდებლის მიერ ცალსახადაა დადგენილი, რომ მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო ქონებას (თანასაკუთრებას), თუ მათ შორის საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ასეთ ქონებაზე მეუღლეთა თანასაკუთრების უფლება წარმოიშობა მაშინაც, თუ ერთ-ერთი მათგანი ეწეოდა საოჯახო საქმიანობას, უვლიდა შვილებს ან სხვა საპატიო მიზეზის გამო არ ჰქონია დამოუკიდებელი შემოსავალი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე, სადავო უძრავი ქონების თანამესაკუთრე მათი შეძენისთანავე გახდა და, აღნიშნულზე გავლენას ვერ მოახდენს ის ფაქტი, რომ ხსენებული ქონების ½-ის მესაკუთრედ ის ფორმალურად 2017 წლის თებერვლიდან დარეგისტრირდა.

კასატორის კიდევ ერთი პრეტენზია ისაა, რომ მოსარჩელის მიერ დივიდენდის მიღების მოთხოვნა მიმართული უნდა იყოს საწარმოს და არა ფიზიკური პირის წინაარმდეგ. ამ კუთხით სააპელაციო სასამართლომ მართებულად აღნიშნა, რომ მოსარჩელე დივიდენდის მიღებას მოითხოვს, არა, როგორც საწარმოს პარტნიორი, არამედ, განსახილველი სარჩელით წარმოდგენილია ერთი მეუღლის მოთხოვნა მეორე მეუღლისადმი, რეგისტრირებული ქორწინების დროს შეძენილი ქონებიდან (წილიდან ,,ზ.მ.“-ში) მიღებული სარგებლის თანამესაკუთრეებად აღიარებისა და მისთვის მიკუთვნების თაობაზე.

მოსარჩელის ასეთი უფლება გამომდინარეობს სსკ-ის 1160.3 მუხლიდან, რომლითაც დადგენილია, რომ, მეუღლეს, როგორც თანამესაკუთრეს, უფლება აქვს, მოითხოვოს ქონების განკარგვით მიღებული სარგებელი. ამდენად, მოცემულ ნაწილში სააპელაციო სასამართლოს განჩინება სწორადაა დასაბუთებული.

16. რაც შეეხება გასაჩივრებული განჩინების იმ ნაწილს, სადაც წარმოდგენილია მსჯელობა მოპასუხის შეგებებული სარჩელის მოთხოვნაზე, ქ.ქუთაისში, ..... მდებარე უძრავი ქონების გასხვისების გამო, მოსარჩელისათვის მის სასარგებლოდ კომპენსაციის დაკისრების შესახებ, პალატა აღნიშნავს შემდეგს:

სსკ-ის 1161-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილია, რომ თითოეული მეუღლის ინდივიდუალურ საკუთრებას წარმოადგენს ქონება, რომელიც მას ეკუთვნოდა დაქორწინებამდე.

როგორც სააპელაციო სასამართლომ მოცემულ საქმეზე დადგენილად ცნო, ზემოხსენებულ ბინაში, პრივატიზაციის დროისათვის რეგისტრირებული იყო და დაბადებიდან ცხოვრობდა მოსარჩელე, რის გამოც, ოჯახის სხვა წევრებთან ერთად, მან ამ ბინაზე საკუთრების უფლება მოიპოვა. ამ ფაქტობრივი გარემოების უარმყოფელი დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) კასატორს არ წარმოუდგენია.

ასეთად ვერ ჩაითვლება კასატორის მიერ იმ გარემოებაზე მითითება, რომ აღნიშნული ქონება მოსარჩელეს სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე მიეკუთვნა, მოპასუხესთან ქორწინებაში ყოფნის პერიოდში და, მას ეს ქონება, არც ჩუქებით და არც მემკვიდრეობით არ მიუღია.

კონკრეტულ შემთხვევაში, არსებითი მნიშვნელობისაა ის ფაქტი, რომ დასახელებული ქონების მოსარჩელისათვის გადაცემის საფუძველი გახდა, პრივატიზაციის დროისათვის მასში მისი რეგისტრაცია, რომლის გაქარწყლების მტკიცების ტვირთიც კასატორმა ვერ დაძლია. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ, „საქართველოს რესპუბლიკაში ბინების პრივატიზაციის (უსასყიდლოდ გადაცემის) შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 1 თებერვლის №107 დადგენილების მე-5 პუნქტის საფუძველზე, არაერთ საქმეზე განმარტა, რომ საცხოვრებელი სახლის (ბინის) პრივატიზაციისას თანაბარი უფლებებით სარგებლობდნენ ის პირები, ვინც წარმოადგენდნენ ამ საცხოვრებელი სახლის (ბინის) დამქირავებლებს ან მათი ოჯახის წევრებს. სწორედ ამიტომ, პრივატიზაციის უფლების მქონე ერთ-ერთ პირზე საკუთრების უფლების აღრიცხვა არ ნიშნავდა მასთან მცხოვრები ოჯახის წევრების მიერ საკუთრების უფლების მოპოვებაზე უარის თქმას (იხ. სუსგ, საქმე: №ას-1161-1107-2013, 29.05.2015; №ას-1169-1124-2016, 10.03.2017; №ას-213-202-2017, 10.07.2017; №ას-1607-2018, 29.06.2021; №ას-969-2021, 3.11.2021). შედეგად, პრივატიზებულ ბინებზე საკუთრების უფლება მიეცემოდა ყველა იმ პირს, რომელსაც ბინის პრივატიზაციის დროისათვის საცხოვრებელ ფართობზე უფლება მოპოვებული ჰქონდა (ცხოვრობდა და ჩაწერილი იყო სადავო ბინაში) (იხ. სუსგ, საქმე: №ას-1108-1028-2014, 31.07.2018; №ას-1173-2018, 14.01.2020; №ას-1382-2021, 8.04.2021; №ას-969-2021, 3.11.2021).

ამდენად, პალატას მართებულად მიაჩნია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა, აღნიშნული ქონების მოსარჩელის ინდივიდუალურ საკუთრებად მიჩნევის თაობაზე, რამაც მოპასუხის შესაბამისი მოთხოვნა წარუმატებელი გახადა.

17. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ შეცვლის გზით, საქმეზე ახალი გადაწყვეტილება უნდა იქნეს მიღებული, კერძოდ, სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და მოსარჩელე ცნობილ იქნეს სადავო მოძრავი ქონების 1/2 ნაწილის მესაკუთრედ.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3, 404-ე, 408.3, 409-ე, 411-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. ზ.შ–ძის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 31 მარტის განჩინება იმ ნაწილში, რომლითაც უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 15 მარტის გადაწყვეტილების მე-3 პუნქტი;

3. მ.გ–ძის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

4. მ.გ–ძე ცნობილ იქნეს შემდეგი ექვსი ავტოსატრანსპორტო საშუალების: 1). მოდელი - MERSEDES-BENZ E 200 CDI 2.2 SALOON, სახელმწიფო ნომერი - ....; 2). მოდელი - MERSEDES-BENZ 230 E კომბი (ხეთჩბეკი), სახელმწიფო ნომერი - .....; 3). მოდელი - KAMAZ 5511 ციცხვი თვითმცლელი, სახელმწიფო ნომერი - .....; 4). მოდელი - KAMAZ 5410 უნაგირა საწევარი, სახელმწიფო ნომერი - .....; 5). მოდელი - ODAZ 9370 ლითონის ბორტიანი პლატფორმა, ნახევარმისაბმელი, სახელმწიფო ნომერი - .....; 6). მოდელი - GKB 8535-01 თვითმცლელი, მისაბმელი, სახელმწიფო ნომერი - ..... - 1/2 ნაწილის მესაკუთრედ;

5. დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელად;

6. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე: ვლადიმერ კაკაბაძე

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე