№ას-248-2022
18 აპრილი, 2022 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე - რევაზ ნადარაია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – ს.ჩ–ძე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ა.ჯ–ძე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 27 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა
დავის საგანი – სატრანსპორტი საშუალების მესაკუთრედ რეგისტრაცია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 09 ივნისის გადაწყვეტილებით ა.ჯ–ძის სარჩელი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ავტომანქანა ჰონდა EDIX-ის სახელმწიფო N ..., ტექ. პასპორტი BV3563756-ზე ს.ჩ–ძის რეგისტრაცია და აღნიშნული ავტომანქანა შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში დარეგისტრირდა ა.ჯ–ძის სახელზე. დადგინდა ა.ჯ–ძისთვის ს.ჩ–ძის მიერ შპს მ.ო. ,,ბ–ში“ ჩაბარებული ოქროს ნივთების დაბრუნება შესაბამისი თანხის გადახდის შემდგომ.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხე ს.ჩ–ძემ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება ვტომანქანის მიკუთვნების ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 27 დეკემბრის განჩინებით ს.ჩ–ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 09 ივნისის გადაწყვეტილება;
სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომლითაც გასაჩივრებულ განჩინებას ასაჩივრებს სრულად.
უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 10 მარტის განჩინებით კასატორს – ს.ჩ–ძეს დაუდგინდა ხარვეზი საკასაციო საჩივარზე, დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში საკასაციო საჩივრის წარმოდგენა გასაჩივრების საფუძვლებისა (კასაციის მიზეზების) და საკასაციო მოთხოვნის (კასაციის განაცხადის) მითითებით, ასევე, 150 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა. ამასთან, კასატორს განემარტა, რომ ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩებოდა. აღნიშნული განჩინების ასლი კასატორის წარმომადგენელს ჩაბარდა 2022 წლის 16 მარტს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით დაცულია სამართლიანი სასამართლოს უფლება. ის განამტკიცებს კანონის უზენაესობის პრინციპს, რომელსაც ემყარება დემოკრატიული საზოგადოება და სასამართლოების უზენაესი როლი, განახორციელონ მართლმსაჯულება და უზრუნველყონ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი უფლება - უფლება სასამართლოს ხელმისაწვდომობაზე, თუმცა სასამართლოსადმი მიმართვის და მასზე ხელმისაწვდომობის უფლება არ არის აბსოლუტური უფლება და შესაძლებელია შეიზღუდოს. სამოქალაქო სამართალწარმოების დაწყებისთვის ხარჯების გადახდის მოთხოვნა არ შეიძლება მიჩნეულ იქნას სასამართლოზე ხელმისაწვდომობის უფლების შეზღუდვად და კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პარაგრაფთან შეუსაბამოდ (იხ. Weissman and Others v. Romania, №63945/00, §34, 35, 24 მაისი, 2006 წელი). შესაბამისად, უფასო სამართლებრივი დახმარებისა და უფასო სამართალწარმოების არარსებობა სამოქალაქო საქმეებზე არ არღვევს კონვენციის დებულებებს. უფრო მეტიც, ლოგიკურია, რომ სასამართლო ხარჯები ქონებრივ მოთხოვნებში დამოკიდებული იყოს დავის საგნის (მოთხოვნის) ოდენობაზე. ამდენად, სასამართლო ხელმისაწვდომობაზე ბაჟის სახით გონივრული შეზღუდვის დაწესება სახელმწიფოს ლეგიტიმურ უფლებას წარმოადგენს.
უზენაესი სასამართლო ერთ-ერთ განჩინებაში აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით დაცულია სამართლიანი სასამართლოს უფლება. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ სახელმწიფო ბაჟთან დაკავშირებით შექმნილი პრეცედენტული სამართლიდან შესაძლებელია შემდეგი დასკვნის გაკეთება: „უფლება სასამართლოზე“ არ არის აბსოლუტური უფლება, იგი შეიძლება სახელმწიფოს მიერ შეიზღუდოს. თუ საქმე არა ერთმა, არამედ ორმა ინსტანციამ არსებითად განიხილა, ხოლო საკასაციო ინსტანციის სასამართლომ იგი დასაშვებობის პირობების დაუკმაყოფილებლობის გამო განუხილველად დატოვა, აღნიშნული არ შეიძლება ჩაითვალოს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სასამართლო ხელმისაწვდომობის უფლების ხელყოფად. ამდენად, მართალია, სახელმწიფოს მხრიდან დაწესებულია სასამართლო ხელმისაწვდომობის შეზღუდვის გარკვეული სტანდარტი, თუმცა, კანონმდებლობა შეზღუდვიდან გამონაკლისს უშვებს, ხოლო გამონაკლისით სარგებლობის უფლება მხარის განსაკუთრებული უფლებაა, რომლის გამოყენება მას მის მიერვე წარმოდგენილ მტკიცებულებებზე დაყრდნობით შეუძლია. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საპროცესო კოდექსით დადგენილი მოწესრიგება, რომელიც იმპერატიულად ადგენს ფორმალურ წესებსა და ვადებს, სავალდებულოა არა მხოლოდ მხარეებისათვის, არამედ სასამართლოსათვისაც და ამ რეგულაციების შეცვლა ან განსხვავებული ინტერპრეტაცია მხარეთა ნებაზე დამოკიდებული ვერ იქნება (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 9 ოქტომბრის განჩინება Nას-1220-2018).
განსახილველ შემთხვევაში, როგორც უკვე აღინიშნა, კასატორს დაუდგინდა ხარვეზი საკასაციო საჩივარზე. ხარვეზის შესახებ განჩინება კასატორის წარმომადგენელს – ი.ჯ–ძეს (იხ. მინდობილობა ს.ფ. 132) გაეგზავნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების შესაბამისად, საკასაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე – ბათუმი, ზუბალაშვილის 37, 1-ლი სადარბაზო, ანტრესოლის სართული – და გზავნილი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის თანახმად, კასატორის წარმომადგენელს ჩაბარდა პირადად 2022 წლის 16 მარტს (იხ. ს.ფ. 267).
სსსკ-ის 60-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით, იმ გარემოებაზე მითითებით, რომელიც აუცილებლად უნდა დადგეს, ან დროის მონაკვეთით. უკანასკნელ შემთხვევაში მოქმედება შეიძლება შესრულდეს დროის მთელი მონაკვეთის განმავლობაში. წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის თანახმად, წლებით გამოსათვლელი ვადა დამთავრდება ვადის უკანასკნელი წლის შესაბამის თვესა და რიცხვში. თვეებით გამოსათვლელი ვადა გასულად ჩაითვლება ვადის უკანასკნელი თვის შესაბამის თვესა და რიცხვში. თუ თვეებით გამოსათვლელი ვადის უკანასკნელ თვეს სათანადო რიცხვი არა აქვს, მაშინ ვადა დამთავრებულად ჩაითვლება ამ თვის უკანასკნელ დღეს. თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე. საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.
ზემოაღნიშნული მუხლების მიხედვით, კასატორისათვის ხარვეზის შევსების 5 დღიანი ვადის დენა დაიწყო 2022 წლის 17 მარტს და ამოიწურა ამავე წლის 21 მარტს, რომელიც იყო სამუშაო დღე - ორშაბათი. ამდენად, კასატორი ვალდებული იყო ხარვეზი შეევსო 2022 წლის 21 მარტის ჩათვლით. საქმის მასალებით ირკვევა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში კასატორს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსთვის.
სსსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს მისთვის დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.
მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს სსსკ-ის 396-ე მუხლის თანახმად, ვინაიდან კასატორმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ შეავსო ხარვეზი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ს.ჩ–ძის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე რევაზ ნადარაია