Facebook Twitter

№ას-382-2022

15 აპრილი, 2022 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე - რევაზ ნადარაია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

განმცხადებელი – ნ.კ–ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ნ.ჭ–ძე (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 21 მაისის განჩინება

განმცხადებლის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. 2020 წლის 23 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა ნ.კ–მა მოპასუხეების ნ.ჭ–ძის და ა.ქ–ის მიმართ სესხის და იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და სააღსრულებო ფურცელში ცვლილების შეტანის შესახებ. სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით მოსარჩელემ მოითხოვა ნოტარიუს ნ.კ–ის მიერ 2019 წლის 12 მარტს გაცემული №190264005 სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო წარმოების შეჩერება საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 26 ოქტომბრის განჩინებით ნ.კ–ის მოთხოვნა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ დაკმაყოფილდა. აღნიშნული განჩინება გაასაჩივრა მოპასუხემ და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 26 ოქტომბრის განჩინების გაუქმება.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 21 დეკემბრის განჩინებით ნ.ჭ–ძის საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 26 ოქტომბრის განჩინება ნაწილობრივ გაუქმდა, კერძოდ, გაუქმდა გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება ნოტარიუს ნ.კ–ის მიერ 2019 წლის 12 მარტს გაცემული N190264005 სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო წარმოების შეჩერების შესახებ და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით თბილისის სააღსრულებო ბიუროს დაევალა - ნოტარიუს ნ.კ–ის მიერ 2019 წლის 12 მარტს გაცემული N1902664005 სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო წარმოების შედეგად ამონაგები თანხიდან, ნ.ჭ–ძის მიმართ აღიარებული მოთხოვნის 19 324 ლარის დაფარვის, ასევე სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯის 138,52 ლარის დაფარვის, ასევე კანონით გათვალისწინებული სხვა ხარჯების და საფასურის დაფარვის შემდეგ დარჩენილი თანხების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) 9050 ლარის ოდენობით განთავსება აღსრულების ეროვნული ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე, სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე და მას დაედო ყადაღა.

4. აღნიშნულ განჩინებაზე 2020 წლის 25 დეკემბერს საჩივარი წარადგინა ნ.კ–მა და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 21 დეკემბრის განჩინების გაუქმება.

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 10 მარტის განჩინებით ნ.კ–ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად გადაიგზავნა თბილისის სააპელაციო სასამართლოში.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 21 მაისის განჩინებით ნ.კ–ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 21 დეკემბრის განჩინება.

7. 2022 წლის 9 მარტს თბილისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა ნ.კ–მა, მიუთითა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 21 მაისის განჩინება არის უკანონო, არ ეთანხმება და მიიჩნევს, რომ აღნიშნული საკითხის განხილვა უნდა მოხდეს საკასაციო სასამართლოში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

8. საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ნ.კ–ის საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

9. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამავე კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი/საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით.

10. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე, მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში. ამავე კოდექსის 419-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო საჩივრის თაობაზე განჩინება გამოაქვს ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს კერძო საჩივრის მიღებიდან 2 თვის ვადაში. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად კი, ზემდგომი სასაამრთლოს განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე არ საჩივრდება. ამდენად, კანონი ერთმნიშვნელოვნად განსაზღვრავს, რომ კერძო საჩივარზე/საჩივარზე ზემდგომი სასამართლოს განჩინებით წარმოება სრულდება.

11. საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 10 მარტის განჩინებით ნ.კ–ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად გადაიგზავნა თბილისის სააპელაციო სასამართლოში, ხოლო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 21 მაისის განჩინებით განჩინებით ნ.კ–ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ამავე განჩინებით მხარეებს განემარტათ, რომ განჩინება არ საჩივრდება.

12. საკასაციო განმარტავს, რომ სარჩელის უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ საჩივრებზე კანონმდებლობა ითვალისწინებს ორი ინსტანციის წესით საქმის განხილვის შესაძლებლობას, რაც ნიშნავს იმას, რომ ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს განჩინება საბოლოოა და აღარ საჩივრდება. მის კანონიერებას დამატებით მესამე ინსტანციის სასამართლო ვეღარ შეამოწმებს. საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება/არგამოყენების საკითხზე პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინებების კანონიერებაზე საჩივრის ფარგლებში იმსჯელა სააპელაციო სასამართლომ, როგორც ზემდგომი ინსტანციის სასამართლომ, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს განჩინება წარმოადგენს სსსკ-ის 419-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს განჩინებას, რომლის კანონიერების შემოწმების საკითხის განხილვაში შეუძლებელია, რომ რაიმე ფორმით შევიდეს საკასაციო სასამართლო (სუსგ. №ას-134-2021, 22.02.2021წ., №ას-1007-2018, 23.07.2018წ., სუსგ. №ას-734-734-2018, 05.06.2018წ.).

13. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საპროცესო კოდექსით დადგენილი მოწესრიგება, რომელიც იმპერატიულად ადგენს ფორმალურ წესებს, სავალდებულოა არა მხოლოდ მხარეებისათვის, არამედ სასამართლოსათვისაც და ამ რეგულაციების შეცვლა ან განსხვავაებული ინტერპრეტაცია მხარეთა ნებაზე ან სასამართლოს მიხედულებაზე ვერ იქნება დამოკიდებული.

14. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიაჩნევს, რომ ნ.კ–ის საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971, 419-ე, 420-ე, 284-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ.კ–ის საჩივარი დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე რევაზ ნადარაია