Facebook Twitter

№ას-950-2021

17 დეკემბერი, 2021 წელი, ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

რევაზ ნადარაია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

თამარ ზამბახიძე, ლაშა ქოჩიაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – სს „პ.ბ–ი“ (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – გ.მ–ი (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 8 აპრილის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში დატოვება

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სს „პ.ბ–მა“ (შემდგომში მოსარჩელემ) სარჩელი აღძრა სასამართლოში გ.მ–ის (შემდეგში მოპასუხის) მიმართ და მოითხოვა, მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან, მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონების, მდებარე: კასპში, ....., ს.კ. ..... გამოთხოვა და აღნიშნული ქონების მოსარჩელისათვის გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაცემა.

სარჩელის საფუძვლები:

1.2. 2020 წლის 24 სექტემბერს უძრავი ქონება აუქციონზე შეიძინა მოსარჩელემ. 2020 წლის 30 სექტემბრიდან აღნიშნული უძრავი ქონება აღრიცხულია მოსარჩელის სახელზე, თუმცა იმყოფება მოპასუხის უკანონო მფლობელობაში და მიუხედავად არაერთი მოთხოვნისა, მოპასუხე უარს აცხადებს ნებაყოფლობით მის გამოთავისუფლებაზე.

1.3. წარმოდგენილი შესაგებლით მოპასუხემ სარჩელი არ ცნო, იშუამდგომლა საქმის წარმოების შეჩერებაზე პანდემიური მდგომარეობის გამო, ასევე მიუთითა, რომ არის პენსიონერი, ქრონიკული დაავადების მქონე, სადავო ქონება არის მისი ოჯახის ერთადერთი საცხოვრებელი და მისი მოსარჩელისათვის გადაცემით ოჯახი დარჩება უსახლკაროდ.

1.4. გორის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი სასამართლოს კასპის მუნიციპალიტეტში 2020 წლის 30 ნოემბრის საოქმო განჩინებით მოპასუხის წარმომადგენლის შუამდგომლობა საქმის წარმოების შეჩერების შესახებ არ დაკმაყოფილდა. მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე: კასპში, …….., ს.კ. …… და დადგინდა გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში მოსარჩელისათვის გადაცემა. ამავე სასამართლოს 2020 წლის 30 ნოემბრის განჩინებით გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესახებ სს „პ.ბ–ის“ განცხადებაზე შეწყდა საქმის წარმოება.

1.5. პირველი ინსტანციის სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება. აპელანტი მიუთითებდა, რომ საცხოვრებელი სახლი წარმოადგენს მისი და მისი ოჯახის წევრების ერთადერთ საცხოვრებელ ადგილს და სასამართლოს უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ მოთხოვნა არ უნდა დაეკმაყოფილებინა. აპელანტი ასევე მიუთითებდა, რომ არის ქრონიკული დაავადების მქონე და მეორე ჯგუფის ინვალიდი, თუმცა აღნიშნული გარემოებები პირველი ინსტანციის სასამართლომ დატოვა შესაბამისი შეფასების მიღმა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 8 აპრილის განჩინებით გ.მ–ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნდა იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად.

2.1. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების წინააღმდეგ დასახელებული არგუმენტები პირველი ინსტანციის სასამართლოში კანონით დადგენილი წესით წარდგენილ შესაგებელში იყო ასახული, თუმცა აღნიშნულის თაობაზე სასამართლოს გადაწყვეტილება მოტივაციას არ შეიცავდა. გადაწყვეტილებაში მხოლოდ ზოგადად იყო აღნიშნული, რომ მოპასუხე მხარემ უძრავი ქონების მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი მტკიცებულება სასამართლოს ვერ წარუდგინა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის ჯეროვანი უზრუნველყოფის მიზნით, საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაბრუნებულიყო.

3. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში დატოვება.

საკასაციო საჩივრის საფუძვლები:

3.1. კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ შეფასება, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული, არ შეესაბამება საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს. შესაგებელში წარმოდგენილი შუამდგომლობა საქმის წარმოების შეჩერების შესახებ ეფუძნებოდა „იზოლაციის და კარანტინის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის N322 დადგენილებას. აღნიშნულ შუამდგომლობაზე იმსჯელა სასამართლომ და არ დააკმაყოფილა. თუმცა მოპასუხეს საოქმო განჩინება სააპელაციო წესით არ გაუსაჩივრებია. აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლომ იმსჯელა შესაგებელში მითითებულ გარემოებებზე.

3.2. კასატორი ასევე მიიჩნევს, რომ ვინაიდან მოსარჩელე არის სადავო უძრავი ქონების მესაკუთრე, მოპასუხე კი აღნიშნული უძრავი ქონების მფლობელი, სახეზე იყო ვინდიკაციური სარჩელის აღძვრის წინაპირობები. მოპასუხე მხარემ ვერ უზრუნველყო მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთი და ვერ მიუთითა მისი მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელ გარემოებებზე, შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად დააკმაყოფილა მოთხოვნა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 17 ნოემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

5. საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩვარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

6. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლო გადაწყვეტილებებსა და სხდომის ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

7. სააპელაციო სასამართლოს მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოსათვის საქმის დაბრუნების მართებულობის შეფასებისას, სასამართლომ, უპირველეს ყოვლისა, უნდა გაითვალისწინოს: 1) რა პროცესუალური გარემოებები მიუთითებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის უკან დაბრუნების შესაძლებლობაზე; 2) ამ გარემოებების გათვალისწინებით, რამდენად მიზანშეწონილია საქმის უკან დაბრუნება, და 3) ხომ არ გამოიწვევს ეს საქმის უსაფუძვლოდ გაჭიანურებას (იხ. სუსგ საქმე №ას-1118-1145-2011, 2012 წლის 10 იანვარი, საქმე №ას-1234-1175-2014, 2015 წლის 23 თებერვალი, საქმე №ას-209-196-2015, 2015 წლის 30 ივლისი, საქმე №ას-825-791-2016, 2017 წლის 12 ივნისი).

8. ზემოაღნიშნული საკითხების შეფასებას ასევე მოითხოვს რაციონალური მართლმსაჯულებისა და პროცესუალური ეკონომიის პრინციპები, რომლებიც გულისხმობს, რომ სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის სასამართლოს საქმე უნდა დაუბრუნოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, როდესაც მას თავად რეალურად გაუჭირდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა ან კონკრეტული საქმის გარემოებების გათვალისწინებით, მართლაც მიზანშეწონილია საქმის უკან დაბრუნება (იხ. სუსგ საქმე №ას-402-764-05, 2005 წლის 23 ივნისი; საქმე №ას-657-618-2012, 2012 წლის 10 დეკემბერი; საქმე №ას-825-791-2016, 2017 წლის 12 ივნისი). გამომდინარე, იქიდან, რომ მოცემულ საქმეში სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის სასამართლოსთვის საქმის უკან დაბრუნების საფუძვლად მიუთითა გადაწყვეტილების იურიდიულად არასრულ დასაბუთებაზე, რაც სსსკ-ის 394-ე მუხლის „ე1“ პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველია (გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია), სააპელაციო სასამართლოს მიერ განჩინებაში მითითებული პროცესუალური გარემოებები, რომლებიც საფუძვლად დაედო საქმის უკან დაბრუნებას, უნდა შეფასდეს, სწორედ ზემოაღნიშნული მოთხოვნის შესაბამისად. ერთადერთი პროცესუალური საფუძველი, რომლითაც სააპელაციო პალატამ საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოში დაბრუნების აუცილებლობა დაასაბუთა, მდგომარეობს შემდეგში: პირველი ინსტანციის სასამართლომ სათანადოდ და სრულად არ გამოიკვლია სარჩელის დაკმაყოფილების წინააღმდეგ შესაგებელში დასახელებული არგუმენტები და მათ დასადასტურებლად წარდგენილი მტკიცებულებები. შესაბამისად, აღნიშნულ გარემოებებზე მსჯელობას გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ შეიცავს.

9. წარმოდგენილი შესაგებლით მოპასუხე სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას ითხოვდა იმ საფუძვლით, რომ სადავო უძრავი ქონება არის მისი და მისი ოჯახის ერთადერთი საცხოვრებელი, ასევე მოპასუხე არის შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირი, მისი ჯანმრთელობა დამოკიდებულია მედიკამენტებზე და არის პენსიონერი. აღნიშნული გარემოებების მითითება მნიშვნელოვანია იმისათვის, რათა შეფასდეს, თუ რამდენად დასაბუთებული და საფუძვლიანია სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება საქმის დაბრუნების შესახებ პირველ ინსტანციაში ხელახლა განსახილველად. შესაგებელში მითითებული გარემოებები საფუძვლიან სააპელაციო პრეტენზიად მიიჩნია სასამართლომ, შეჯიბრებითობის პრინციპით გათვალისწინებული უფლებამოსილების რეალიზაციის მიზნით ნაწილობრივ დააკმაყოფილა სააპელაციო საჩივარი და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნა პირველი ინსტანციის სასამართლოს.

10. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს თავად შეეძლო განეხორციელებინა ის საპროცესო მოქმედებები (გამოეკვლია შესაგებელში მითითებული გარემოებები და შეეფასებინა მტკიცებულებები) და დაედგინა საქმის ის ფაქტობრივი გარემოებები, რომელთა განხორციელება და დადგენაც პირველი ინსტანციის სასამართლოს დაავალა, ასევე მიეცა მათთვის სამართლებრივი შეფასება და გამოეტანა არსებითი გადაწყვეტილება.

11. საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამ უკანასკნელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. ამრიგად, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე; ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი; გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 28 თებერვლის №ას-577-2019 და 2018 წლის 20 მარტის №ას-246-246-2018 განჩინებები). ამასთან, საკუთრების უფლების მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს ეკისრება, ხოლო მართლზომიერი მფლობელობის მტკიცების ტვირთი - მოპასუხეს (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 6 ნოემბრის №ას-881-2020 განჩინება). მოცემულ შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე არის სადავო უძრავი ქონების მესაკუთრე და აღნიშნულ ქონებას მოპასუხე ფლობს შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაში კი არ მიუთითებია იზიარებს თუ არა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს მოსარჩელის მესაკუთრედ ყოფნისა და მოპასუხის მიერ სადავო უძრავი ქონების ფლობის შესახებ და აღნიშნული ვინდიკაციური მოთხოვნის განმახორციელებელი წინაპირობები თავადაც არ დაუდგენია.

12. რაც შეეხება სააპელაციო სასამართლოს მითითებას, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მხოლოდ ზოგადად მიუთითა მოპასუხე მხარის მიერ უძრავი ქონების მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი მტკიცებულების სასამართლოსათვის წარუდგენლობაზე, აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო პროცესში მოქმედი დისპოზიციურობისა (სსსკ-ის მე-3 მუხლი) და მხარეთა შეჯიბრებითობის (სსსკ-ის მე-4 მუხლი) პრინციპების თანახმად, მხარე სარჩელის აღძვრისას თავად იღებს გადაწყვეტილებას, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მის მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. სარჩელის დაკმაყოფილების მიზნებისათვის კი აუცილებელია, რომ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მითითებული ფაქტები სათანადო მტკიცებულებებით დასტურდებოდეს და, ამავდროულად, აღნიშნული ფაქტები მოთხოვნას იურიდიულად ამართლებდეს. შესაბამისად, მოსარჩელე, დიდწილად, თვითონ არის პასუხისმგებელი იმ შედეგზე, რასაც იგი სასამართლო სამართალწარმოების საფუძველზე ისახავს მიზნად. იგივე უნდა ითქვას მოპასუხეზე, რომელიც, მართალია, სარჩელის ფარგლებით არის შეზღუდული, თუმცა, იგი თავად იღებს გადაწყვეტილებას, თუ რა სახის ფაქტებითა და მტკიცებულებებით გააქარწყლოს მის წინააღმდეგ წარდგენილი სასარჩელო მოთხოვნა. შესაბამისად, იგი თვითონ წყვეტს, წარადგინოს არაკვალიფიციური, თუ კვალიფიციური შედავება, რომელიც, თავის მხრივ, მოთხოვნის შემაფერხებელ ან მოთხოვნის შემწყვეტ შესაგებელში შეიძლება აისახოს (იხ. სუსგ საქმე №ას-1013-956-2015, 2015 წლის 27 ნოემბერი). საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ სააპელაციო პალატას გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღებისას, თავად არ უმსჯელია მოპასუხის მხრიდან სადავო ფართის ფლობის მართლზომიერების საკითხზე და არ გამოუკვლევია აღნიშნულის განმსაზღვრელი ფაქტობრივი საფუძვლები, თუმცა აღნიშნული საკითხის გამოკვლევა და შეფასება მასე ასევე შეეძლო, როგორც ფაქტების დამდგენ სასამართლოს.

13. მოპასუხის მიერ საკასაციო სამართალწარმოების ეტაპზე მითითებულია, რომ სადავო უძრავი ქონება დატვირთული იყო იპოთეკით და მოსარჩელემ მოატყუა იგი, ასევე მოპასუხე მიუთითებს, რომ აუქციონის შედეგები უნდა გაუქმდეს. აღნიშნულთან დაკავშირებით, სასამართლო განმარტავს, რომ მოცემული დავა შეეხება უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვას, შესაბამისად, აღნიშნული საქმის განხილვის პირობებში სასამართლოს მსჯელობის საგანი ვერ გახდება იპოთეკის ხელშეკრულებისა და აუქციონის შედეგების კანონიერება, რომლის საფუძველზე მოსარჩელემ სადავო უძრავ ნივთზე საკუთრების უფლება მოიპოვა.

14. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა. მოცემულ შემთხვევაში სახეზეა 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

15. ვინაიდან, საკასაციო პალატის წინამდებარე განჩინებით საქმის წარმოება არ დასრულებულა, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად (თუ საკასაციო სასამართლო დააბრუნებს საქმეს ხელახლა განსახილველად, მთელი სასამართლო ხარჯები, რაც გაწეულია ამ საქმის განხილვასთან დაკავშირებით, სარჩელის აღძვრიდან დაწყებული, უნდა შეჯამდეს და შემდეგ განაწილდეს მხარეთა შორის ამ მუხლის მიხედვით) ხარჯების საკითხი უნდა გადაწყდეს შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებისას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264-ე, 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სს „პ.ბ–ის“ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 8 აპრილის განჩინება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე რევაზ ნადარაია

მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე

ლაშა ქოჩიაშვილი