Facebook Twitter

საქმე №ას-550-2021 25 თებერვალი, 2022 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - სსიპ იუსტიციის სახლი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - პ.გ–ძე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 22 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი - შრომითი ხელშეკრულების უვადოდ აღიარება, გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, გამოსაცდელი ვადის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, შეფასების ფორმის ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. პ.გ–ძე (შემდგომ - მოსარჩელე, დასაქმებული, მოწინააღმდეგე მხარე) 2015 წლის 1 აპრილის ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებლის №49257 ბრძანებით, ხევის საზოგადოებრივ ცენტრში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე სამი თვის გამოსაცდელი ვადით, 2015 წლის 1 აპრილიდან იმავე წლის 1 ივლისამდე დაინიშნა. მისი თანამდებობრივი სარგო 700 ლარით განისაზღვრა.

2. დასაქმებულმა საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრში 2015 წლის 28-29 მარტს ეფექტიანი კომუნიკაციისა და მომსახურების ტრენინგი გაიარა, ასევე, 2015 წლის 30 მარტიდან 3 აპრილის ჩათვლით, 1-3 მაისსა და 16-19 ივლისს - საზოგადოებრივი ცენტრების ოპერატორთა მოსამზადებელი კურსები და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ მის სახელზე შესაბამისი სერტიფიკატები გაიცა.

3. დასაქმებულის სამუშაო აღწერილობის თანახმად, მისი სამსახურებრივი ვალდებულებები მოიცავდა (პასუხისმგებლობა და ფუნქციები): სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოზე განსაზღვრულ და სხვადასხვა უწყების მიერ დელეგირებულ სერვისებზე განცხადების მიღებასა და დოკუმენტების გადაცემას; სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სერვისებზე, სსიპ საჯარო რეესრტრის ეროვნილი სააგენტოს სერვისებზე, სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის სერვისებზე, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სერვისებზე განცხადების მიღებასა და დოკუმენტების გაცემას; შპს ,,მ–ის“ მომსახურებებთან დაკავშირებული ხელშეკრულებების გაფორმებას; სოფლის მეურნეობის სახელმწიფო მხარდაჭერასთან დაკავშირებული პროექტების შესახებ მოქალაქეთა ინფორმირებას; მომხმარებელთა სწრაფ, ეფექტურ და თავაზიან მომსახურებას; მომხმარებლისთვის საზოგადოებრივ ცენტრში ხელმისაწვდომი სერვისების შესახებ ზუსტი და კომპეტენტური ინფორმაციის მიწოდების უზრუნველყოფას; კონსულტაციის გაწევას პროცედურებთან, საჭირო დოკუმენტაციასთან, ვადებსა და საფასურთან დაკავშირებით; მოქალაქეთა მომსახურებას ,,საზოგადოებრივი ცენტრის ოპერატორის მომსახურების ხარისხის სტანდარტის“ მიხედვით. იმავე დოკუმენტით გაიწერა დასაქმებულის სამსახურებრივი უფლებამოსილებები, კერძოდ, მის უფლებამოსილებაში შედიოდა: არასტანდარტულ საკითხებზე გადაწყვეტილების მიღება კომპეტენციის ფარგლებში; სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მომსახურების განხორციელება (კერძოდ, სამოქალაო აქტებისა და მოსახლეობის რეგისტრაციის მიმართულებით: 1. პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის გაცემის შესახებ განცხადების მიღება და დაინტერესებული პირისთვის გადაცემა; 2. საქართველოს მოქალაქის პასპორტის, საქართველოში სტატუსის მქონე, მოქალაქეობის არმქონე პირის სამგზავრო პასპორტისა და დოკუმენტის გაცემის შესახებ განცხადების მიღება და დაინტერესებული პირისთვის გადაცემა; 3. გაცემული პირადობის (ბინადრობის) ელექტრონულ ელექტრონულ მოწმობაზე აღნიშვნის ,,სტუდენტი“ და პირადობის (ბინადრობის) ელექტრონულ მოწმობაზე აღნიშვნის ,,სტუდენტი“ და პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობისუკონტაქტო მიკროსქემაზე სტუდენტის სტატუსის შესახებ ინფორმაციის დატანიებს თაობაზე განცხადების მიღება და დაინტერესებული პირისთვის გადაცემა; 4. პირადობის ნეიტრალური მოწმობის გაცემის შესახებ განაცხადების მიღება და დაინტერესებული პირისთვის გადაცემა; 5. ნეიტრალურ სამგზავრო დოკუმენტის გაცემის შესახებ განაცხადების მიღება და დაინტერესებული პირისთვის გადაცემა; 6. უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის მოწმობის გაცემის შესახებ განცახდების მიღება და დაინტერესებული პირისთვის გადაცემა; 7. საცხოვრებელი ადგილის მიხედვით ფიზიკური პირის რეგისტრაციაზე განცხადების მიღება; 8. ფიზიკური პირის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციიდან მოხსნის შესახებ განცახდების მიღება; 9. მისამართზე რეგისტრირებულ პირთა რაოდენობის შესახებ განაცხადების მიღება და დაინტერესებული პირისთვის მისამართზე რეგისტრირებულ პირთა რაოდენობის შესახებ ცნობის გადაცემა; 10. არასრულწლოვნის რეგისტრაციის ბარათის გაცემის შესახებ განაცხადების მიღება და დაინტერესებული პირისთვის არასრულწლოვნის რეგისტრაციის ბარათის გადაცემა; 11. საინფორმაციო ბარათის გაცემის შესახებ განაცხადების მიღება და დაინტერესებული პირისთვის საინფორმაციო ბარათის გადაცემა; 12. მისამართზე რეგისტრირებულ პირთა სახელობითი სიის გაცემის შესახებ განაცხადების მიღება და დაინტერესებული პირისთვის მისამართზე რეგისტრირებულ პირთა შესახებ ცნობის გაცემა; 13. ქორწინების რეგისტრაციის თაობაზე განცხადების მიღება, ქორწინების აქტის ჩანაწერის დაბეჭდვა, ქორწინების მოწმობის დაბეჭდვა და დაინტერესებული პირისთვის მოწმობის გადაცემა; 14. სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის შენობის გარეთ ქორწინების რეგისტრაციის თაობაზე განცხადების მიღება; 15. განქორწინების რეგისტრაციის თაობაზე განცხადების მიღება; 16. დაბადების, გარდაცვალების, მამობის დადგენის, შვილად აყვანის, განქორწინების, სახელის შეცვლის და/ან გვარის შეცვლის /დადგენის პირველადი მოწმობის გაცემის თაობაზე განცხადების მიღება და დაინტერესებული პირისთვის მოწმობის დაბეჭდვა/გადაცემა; 17. დაბადების, გარდაცვალების, ქორწინების, მამობის დადგენის, შვილად აყვანის, განქორწინების, სახელის შეცვლის და/ან გვარის შეცვლის/დადგენის განმეორებითი მოწმობის გაცემის თაობაზე განცადების მიღება და დაინტერესებული პირისათვის მოწმობის დაბეჭდვა/გაცემა. მოქალაქეობისა და მიგრაციის მიმართულება: 1. საქართველოს მოქალაქეობის ჩვეულებრივი წესით მინიჭების შესახებ განაცხადის მიღება და მიღებული გადაწყვეტილების გაცნობა; 2. საქართველოს მოქალაქეობის გამარტივებული წესით მინიჭების შესახებ განაცხადის მიღება და მიღებული გადაწყვეტილების გაცნობა; 3. საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების შესახებ განაცხადის მიღება და მიღებული გადაწყვეტილების გაცნობა; 4. საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის წესით მინიჭების შესახებ განაცხადის მიღება და მიღებული გადაწყვეტილების გაცნობა; 5. საქართველოს მოქალაქედ სპეციალური წესით მინიჭების შესახებ განაცხადის მიღება და მიღებული გადაწყვეტილების გაცნობა; 6. საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის შესახებ განაცხადის მიღება და მიღებული გადაწყვეტილების გაცნობა; 7. საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვა/შეწყვეტის შესახებ განაცხადის მიღება და მიღებული გადაწყვეტილების გაცნობა; 8. შრომითი ბინადრობის ნებართვის მოპოვების შესახებ განაცხადის მიღება და მიღებული გადაწყვეტილების გაცნობა; 9. სასწავლო ბინადრობის ნებართვის მოპოვების შესახებ განაცხადის მიღება და მიღებული გადაწყვეტილების გაცნობა; 10. ოჯახის გაერთიანების მიზნით, ბინადრობის ნებართვის მოპოვების შესახებ განაცხადის მიღება და მიღებული გადაწყვეტილების გაცნობა; 11. საქართველოს ყოფილი მოქალაქის ბინადრობის ნებართვის მოპოვების შესახებ განაცხადის მიღება და მიღებული გადაწყვეტილების გაცნობა; 12. სპეციალური ბინადრობის ნებართვის მოპოვების შესახებ განაცხადის მიღება და მიღებული გადაწყვეტილების გაცნობა; 13. მუდმივი ცხოვრების ნებართვის მოპოვების შესახებ განაცხადის მიღება და მიღებული გადაწყვეტილების გაცნობა; 14. საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის მოპოვების შესახებ განაცხადის მიღება და მიღებული გადაწყვეტილების გაცნობა. სხვა სერვისები: 1. დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობის გაცემის თაობაზე განაცხადის მიღება; 2. საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფ უცხოელზე საიმიგრაციო ვიზის გაცემა და მისი დატანება, საქართველოს ვიზის ელექტრონულად გაცემა; 3. ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის (გარდა დუბლიკატისა) გაცემის შესახებ განცხადების მიღება, პერსონალიზაცია, ბეჭდვა, მისი უფლებამოსილი პირისთვის გადაცემა და გადაცემის დადასტურება; 4. სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა რეგისტრაციის წესების დარღვევისათვის ადმინისტრაციული საქმისწარმოება; 5. ყველა სხვა კორესპონდენციაზე რეაგირება, რომლის ადრესატსაც წარმოადგენს ან რომლითაც გათვალისწინებული საკითხი განეკუთვნება სააგენტოს უფლებამოსილების სფეროს; 6. ფიზიკური პირების ინფორმირება პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის წამკითხველის (Minilector და სხვა სახეობის) შეძენის შესაძლებლობის შესახებ…).

4. ხევის საზოგადოებრივი ცენტრი 2015 წლის ივლისს გადავიდა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დაქვემდებარებაში, ხოლო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2015 წლის 22 ივლისის №5296/კ ბრძანებით, მოსარჩელე დაინიშნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ხარაგაულის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის ხევის საზოგადოებრივი ცენტრის ოპერატორად 2015 წლის 21 ივლისიდან 2016 წლის 21 ივლისამდე, პირველი სამი თვე გამოსაცდელი ვადით. თანამდებობრივი სარგო ისევ 700 ლარით განისაზღვრა.

5. დასაქმებული 2016-2017 წლებში საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრში პერიოდულად გადიოდა პროფესიული გადამზადების კურსებს, კერძოდ, 2016 წლის 21-25 მარტს ,,საზოგადოებრივი ცენტრის ოპერატორთა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და სერვისების განვითარების სააგენტოს სერვისებში გადამზადების კურსი“ გაიარა; 2016 წლის 16-17 აპრილს - ეფექტიანი კომუნიკაციისა და მომსახურების რე-ტრენინგი; 2016 წლის 14 ივლისს - ტრენინგი თემაზე ,,კონფლიქტის მართვა“; 2016 წლის 27 ივლისს - ტრენინგი თემაზე ,,პროექტის მართვა“. მან 2017 წლის 13-17 თებარვალს გაიარა ,,სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მოსამზადებელი კურსი“; 2017 წლის 7 ოქტომბერს - ტრენინგი თემაზე: ,,მისამართების რეესტრი და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრი“. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ მოსარჩელის სახელზე გასცა შესაბამისი სერტიფიკატები.

6. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2016 წლის 12 ივლისის №5314/კ ბრძანებით, მოსარჩელეს 2016 წლის 21 ივლისიდან 2017 წლის 1 თებერვლამდე შრომითი ხელშეკრულების ვადა გაუგრძელდა. 2018 წლის 25 იანვრის №850/კ ბრძანებით კი, 1 თებერვლიდან 2018 წლის 1 აგვისტომდე შრომითი ხელშეკრულების ვადა. შრომითი ხელშეკრულების ვადა 2018 წლის 17 ივლისის №6691/კ ბრძანებით, 2018 წლის 1 აგვისტოდან 2019 წლის 1 თებერვლამდეც გაგრძელდა (თანამდებობრივი სარგო ისევ შეადგენდა 700 ლარს), ხოლო, 2019 წლის 1 თებერვლის №1314/კ ბრძანებით, 2019 წლის 1 თებერვლიდან 2019 წლის 1 აგვისტომდე. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 29 ივლისის №7295/კ ბრძანებით, მოსარჩელეს 2019 წლის 1 აგვისტოდან 2020 წლის 1 თებერვლამდე კვლავ გაუგრძელდა შრომითი ხელშეკრულების ვადა.

7. 2019 წლის 12 დეკემბრის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს №13680/კ ბრძანებით, მოსარჩელეს შრომითი ხელშეკრულება შეუწყდა და 2020 წლის 1 იანვრიდან დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა, თუმცა იმავე დღეს - 2019 წლის 12 დეკემბერს, მოსარჩელემ სსიპ ,,იუსტიციის სახლის“ (შემდგომ - მოპასუხე, დამსაქმებელი, აპელანტი, კასატორი) აღმასრულებელი დირექტორის სახელზე განცხადება დაწერა და 2020 წლის 1 იანვრიდან სსიპ ,,იუსტიციის სახლის“ ხევის საზოგადოებრივ ცენტრში დანიშვნა მოითხოვა.

8. მოსარჩელე მისივე 2019 წლის 12 დეკემბრის განცხადების საფუძველზე, 2020 წლის 1 იანვრიდან სსიპ ,,იუსტიციის სახლის“ ხევის საზოგადოებრივ ცენტრში სპეციალისტის (ოპერატორის) თანამდებობაზე 1 წლის ვადით დაინიშნა. თანამდებობრივი სარგო ისევ 700 ლარით განისაზღვრა.

9. ზემოაღნიშნულ ბრძანებაში 2020 წლის 3 იანვარს ცვლილება შევიდა, რომლის მიხედვით, მოსარჩელეს დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობის წარმოშობიდან პირველი სამი თვე ჩაეთვალა გამოსაცდელ ვადად.

10. მოსარჩელეს გამოსაცდელი ვადის ფარგლებში, 2020 წლის 10 მარტიდან 18 მარტის ჩათვლით, შიდა აუდიტის სამსახურის დასკვნების საფუძველზე ორჯერ დისციპლინური სახდელი ,,შენიშვნა“ შეეფარდა, რომლის შემდეგ, მოსარჩელე, როგორც გამოსაცდელი ვადით დანიშნული თანამშრომლი, არადამაკმაყოფილებლად შეფასდა და დამსაქმებლის 2020 წლის 1 აპრილის №2040/კ ბრძანებით დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა.

სარჩელის საფუძვლები:

11. დასაქმებულმა სარჩელი აღძრა დამსაქმებლის წინააღმდეგ და მოითხოვა, უვადოდ იქნეს აღიარებული მხარეთა შორის 2020 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილი შრომითი ურთიერთობა; ბათილად იქნეს ცნობილი მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ 2020 წლის 1 აპრილის ბრძანება; ნაწილობრივ ბათილად იქნეს ცნობილი შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირების დანიშვნის შესახებ დამსაქმებლის ბრძანებაში ცვლილების შეტანა იმ ნაწილში, რომელიც გულისხმობს დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობის წარმოშობიდან პირველი სამი თვის გამოსაცდელ ვადად ჩათვლას; ბათილად იქნეს ცნობილი მხარეებს შორის 2020 წლის 1 იანვრის შრომითი ხელშეკრულების ის პუნქტი, რომელიც ითვალისწინებს დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობის წარმოშობიდან პირველი სამი თვის გამოსაცდელ ვადად ჩათვლას; ბათილად იქნეს ცნობილი დამსაქმებლის მიერ მიღებული გამოსაცდელი ვადით დანიშნული დასაქმებულის შეფასების ფორმა; მოსარჩელე აღდგეს გათავისფლებამდე არსებულ თანამდებობაზე; დამსაქმებელს დასაქმებულის სასარგებლოდ დაეკისროს იძულებითი განაცდურის ანაზღაურება 2020 წლის 1 აპრილიდან სამსახურში აღდგენამდე ყოველთვიურად დაუბეგრავი 700 ლარის გათვალისწინებით.

12. მოსარჩელემ წინამდებარე განჩინების 1-10 პუნქტებში ასახულ ფაქტობრივ გარემოებებზე მიუთითა და დამატებით განმარტა, რომ მიუხედავად დამსაქმებლის სახელწოდების ცვლილებებისა, არსებულ შრომით ურთიერთობაში არასდროს შეცვლილა შრომითი ურთიერთობის მხარეები, შესასრულებელი ვალდებულებები და სამუშაოს ანაზღაურება.

13. მოსარჩელის მითითებით, მიუხედავად ცვლილებებისა, რომლებიც შეეხებოდა მხოლოდ დამსაქმებლის სახელს, მოსარჩელეს არ შეუცვლია სამუშაო ადგილი და არ შეუწყვეტია დაკისრებული ფუნქციების შესრულება, რისი გათვალისწინებითაც, მას და დამსაქმებელს შორის წარმოშობილი შრომითი ურთიერთობა სრულად აკმაყოფილებს იმ კრიტერიუმებს, რომლებიც საჭიროა შრომითი ურთიერთობის განუსაზღვრელი დროით დადებულად მიჩნევისათვის.

14. მოსარჩელის განმარტებით, მხარეთა შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობა უვადოა, რისი გათვალისწინებითაც, გამოსაცდელი ვადით დანიშნული თანამშრომლის შეფასება მის გათავისუფლებას უკანონოდ დაედო საფუძვლად. ამასთან, დამსაქმებლის შეფასების ფორმა არაობიექტურია, ვინაიდან აუდიტის სამსახურმა მას დაუსვა კითხვები, რომლებიც უშუალოდ ეხებოდა ცენტრის ტექნიკურ პრობლემებს და არ უკავშირდებოდა მის შრომით ვალდებულებებს.

მოპასუხის პოზიცია:

15. მოპასუხემ წერილობით წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 30 დეკემბრის №481 ბრძანების საფუძველზე, მოპასუხის ტერიტორიულ ორგანოებს, გარდა ფილიალებისა, დაემატა საზოგადოებრივი ცენტრები, რომელთა მართვას მანამდე სსიპ სახელმწიფო განვითარების სააგენტო ახორციელებდა, რაც ნიშნავს იმას, რომ საზოგადოებრივი ცენტრების მართვა დაექვემდებარა მოპასუხის კონტროლს, შესაბამისად, დამსაქმებელი შეიცვალა. სწორედ იმ მიზნით, რომ რომელიმე თანამშრომლი უმუშევრად არ დარჩენილიყო, წინასწარ გააფრთხილეს, რაზეც ყველა მათგანმა მიმართა ახალ დამსაქმებელს 2020 წლის 1 იანვრიდან საზოგადოებრივი ცენტრის თანამშრომლად დანიშვნის თაობაზე.

16. მოპასუხის მტკიცებით, დამსაქმებელი წარმოადგენს სხვა უწყებას. ამასთან, მოსარჩელისათვის ცნობილი იყო, რომ იუსტიციის სახლში დაინიშნებოდა გამოსაცდელი ვადით, რაზეც მას პრეტენზია არ განუცხადებია.

17. მოპასუხის მითითებით, გამოსაცდელ პერიოდში, ორჯერ დადასტურდა დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტი და ორივეჯერ მოსარჩელეს დისციპლინური სახდელი-შენიშვნა შეეფარდა, შესაბამისად, დამსაქმებელს, როგორც საქართველოს კანონმდებლობის, ასევე, შინაგანაწესის საფუძველზე სრული უფლება ჰქონდა, დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობა შეეწყვიტა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

18. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილებით, მოსარჩელის სარჩელი დაკმაყოფილდა; მხარეთა შორის 2020 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილი ურთიერთობა აღიარებულ იქნა უვადოდ, განუსაზღვრელი დროით დადებულად; ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი დამსაქმებლის საზოგადოებრივ ცენტრებში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირების დანიშვნაზე აღმასრულებელი დირექტორის ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ დამსაქმებლის ბრძანება იმ ნაწილში, რომელიც მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის წარმოშობიდან პირველი სამი თვის გამოსაცდელ ვადად მიჩნევას გულისხმობდა; ბათილად იქნა ცნობილი დამსაქმებლის მიერ მიღებული გამოსაცდელი ვადით დანიშნული მოსარჩელის შეფასების ფორმა; ბათილად იქნა ცნობილი დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ დამსაქმებლის ბრძანება; დასაქმებული აღდგენილ იქნა გათავისუფლებამდე არსებულ ხევის საზოგადოებრივ ცენტრში სპეციალისტად (ოპერატორად); დამსაქმებელს დასაქმებულის სასარგებლოდ დაეკისრა იძულებითი განაცდურის - ყოველთვიურად დაუბეგრავი 700 ლარის ანაზღაურება 2020 წლის 1 აპრილიდან სამსახურში აღდგენამდე.

19. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება:

20. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 22 დეკემბრის განჩინებით, აპელანტის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

21. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, 2020 წლის იანვრიდან საზოგადოებრივი ცენტრის ხელმძღვანელი და მმართველი ორგანო სსიპ სერვისების განვითარების სააგენტო შეიცვალა მოპასუხით, რომელიც, ისევე, როგორც სერვისების განვითარების სააგენტო, წარმოადგენს იუსტიციის სამინისტროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს. იუსტიციის სახლი დაკისრებული ფუნქციების შესრულებას უზრუნველყოფს სტრუქტრული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული ორგანოების - ფილიალებისა და საზოგადოებრივი ცენტრების მეშვეობით, მათ შორის არის ხევის საზოგადოებრივი ცენტრი. იუსტიციის სახლის საზოგადოებრივი ცენტრის ფუნქციები ფაქტობრივად იდენტურია სერვისების განვითარების სააგენტოს საზოგადოებრივი ცენტრის ფუნქციებთან. ამდენად, სახელმწიფო, აღმასრულებელი ხელისუფლების ერთ-ერთი ორგანოს იუსტიციის სამინისტროსა და მისი მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების, თავდაპირველად სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საზოგადოებრივი ცენტრის, ხოლო შემდგომ იუსტიციის სახლის დაქვემდებარებაში გადაცემული საზოგადოებრივი ცენტრის მეშვეობით ემსახურება მოქალაქეებს ერთი და იგივე სახის სერვისებით.

22. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის პოზიცია, რომ მოპასუხე სხვა დამსაქმებელია და მოსარჩელის განწესება თანამდებობაზე გამოსაცდელი ვადით ლეგიტიმურია.

23. სასამართლოს განმარტებით, მოსარჩელე იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს უვადოდ დასაქმებულ პირია და იუსტიციის სამინისტროს გადაწყვეტილება მისდამი დაქვემდებარებულ სსიპებს შორის ფუნქცია-მოვალეობათა ახლებურად გადანაწილების შესახებ ვერ გამოიწვევდა დასაქმებულის სამსახურიდან დათხოვნას ან მის დანიშვნას სხვა ადგილზე გამოსაცდელი ვადით. ამასთან, მოსარჩელე სამსახურში 2015 წელს სწორედ გამოსაცდელი ვადის წარმატებით გავლის შედეგად დასაქმდა, ხოლო ხელმეორედ ამ ვადის დაწესება 2020 წლის დასაწყისში ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნებს.

24. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ მოსარჩელე დამსაქმებელთან იმყოფებოდა უვადო შრომითსამართლებრივ ურთიერთობაში, შესაბამისად, არ არსებობდა სამართლებრივი საფუძველი მისთვის გამოსაცდელი ვადის დაწესებისა და ამ მიზნით მისი შეფასებისა.

25. ზემოაღნიშნული მსჯელობის საფუძველზე, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ დასაქმებულისათვის გამოსაცდელი ვადის დაწესების, მისი შეფასებისა და მასთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის თაობაზე დამსაქმებლის გადაწყვეტილებას ეცლება ლეგიტიმური საფუძველი. აღნიშნული კი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) 54-ე მუხლის თანახმად (ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს), სადავო გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის საფუძველია.

26. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, დასაქმებულის სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლება სამუშაოდან გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების დაკისრების კანონიერი საფუძველია, რაზეც მართებულად იმსჯელა პირველი ინსტანციის სასამართლომ.

კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

27. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე აპელანტმა საკასაციო საჩივარი წარადგინა და გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

28. კასატორის განმარტებით, იგი არასდროს ყოფილა მოსარჩელის დამსაქმებელი, ხოლო ის ფაქტი, რომ მოსარჩელე 2015 წლის 22 ივლისიდან 2019 წლის დეკემბრის ჩათვლით მუშაობდა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ხარაგაულის სამოქალაქო რეესტრის ხევის საზოგადოებრივი ცენტრის ოპერატორის თანამდებობაზე, ვერ იქნება იმის მტკიცების საფუძველი, რომ მოსარჩელის დამსაქმებელს მოპასუხე წარმოადგენდა.

29. კასატორის მითითებით, თუ შევადარებთ დასაქმებულის ფუნქციებს, 2015 წლიდან 2020 წლის 1 აპრილამდე შესაძლოა, მოგვეჩვენოს, რომ უფლებამოსილების სფერო ძირითადად არ შეცვლილა, თუმცა გარდაიქმნა ვალდებულებები, რომელიც გამომდინარეობდა მოპასუხის მიერ სხვადასხვა სახელმწიფო უწყებასთან გაფორმებული ხელშეკრულებებიდან.

30. კასატორის მითითებით, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - იუსტიციის სახლის დებულების დამკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 25 ივლისის №85 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 30 დეკემბრის №481-ე ბრძანების საფუძველზე, იუსტიციის სახლის ტერიტორიულ ორგანოს, გარდა ფილიალებისა, დაემატა საზოგადოებრივი ცენტრები, რომელთაც მანამდე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო მართავდა. რაც ნიშნავს, რომ საზოგადოებრივი ცენტრების მართვა დაექვემდებარა მოპასუხეს, შესაბამისად, დამსაქმებელი შეიცვალა. მოპასუხემ გაითვალისწინა ის სოციალური პასუხისმგებლობა, რომელიც რეორგანიზაციასა და ვაკანტურ თანამდებობაზე გამოცხადებულ ღია კონკურსს შეიძლებოდა მოჰყოლოდა, ამიტომ, რომელიმე თანამშრომლი უმუშევრად რომ არ დარჩენილიყო, წინასწარ გააფრთხილეს 2019 წლის დეკემბრის პირველ ნახევრაში, რაზეც ყველა მათგანმა მომართა მოპასუხეს 2020 წლის 1 იანვრიდან საზოგადოებრივი ცენტრის თანამშრომლად დანიშვნის შესახებ. მოსარჩელემაც იმავე დღეს მომართა მოპასუხეს დასაქმების მიზნით, მან ამავე დღესვე ხელის მოწერით დაადასტურა, რომ გაეცნო ახალი დამსაქმებლის შინაგანაწესს, რომლითაც დეტალურად არის მოწერსიგებული დასაქმებულის გამოსაცდელი ვადით დანიშვნის საკითხები.

31. კასატორის მითითებით, სასამართლოს არ უმსჯელია მოსარჩელის პირვანდელ თანამდებობაზე აღდგენის მიზანშეწონილობაზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

32. საკასაციო სასამართლომ, სსსკ-ის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

33. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

34. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, კერძოდ:

35. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

36. მოცემულ შემთხვევაში, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ დასაქმებული სამსახურიდან გათავისუფლდა გამოსაცდელი ვადის განმავლობაში არადამაკმაყოფილებელი შეფასების შედეგად (სშკ-ის 9.3 მუხლი), სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ფარგლებში იურიდიული კვალიფიკაცია უნდა მიენიჭოს მხარეთა შორის არსებულ შრომით სამართლებრივ ურთიერთობას, კერძოდ, იმყოფებოდნენ თუ არა მხარეები უვადო შრომითსამართლებრივ ურთიერთობაში და რამდენად არსებობდა 2020 წლის 1 იანვარს შრომითი ხელშეკრულების ფარგლებში 3-თვიანი გამოსაცდელი ვადით შრომითი ხელშეკრულების დადების ლეგიტიმური საფუძველი.

37. საკასაციო პალატის განსჯით, სააპელაციო სასამართლომ მართებულად არ გაიზიარა დამსაქმებლის მტკიცება, მხარეთა შორის ვადიანი შრომითსამართლებრივი ურთიერთობის არსებობის შესახებ და ასევე, ის გარემოება, რომ დამსაქმებელს უფლება ჰქონდა, დასაქმებულისათვის უვადო შრომითი ხელშეკრულების გათვალისწინებით გამოსაცდელი ვადა დაეწესებინა (დამსაქმებელმა დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობა მე-9 მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე შეწყვიტა, რომლის თანახმად, დამსაქმებელს უფლება აქვს, გამოსაცდელი ვადის განმავლობაში ნებისმიერ დროს დადოს დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულება ან შეწყვიტოს მასთან გამოსაცდელი ვადით დადებული შრომითი ხელშეკრულება).

38. საკასაციო პალატის განმარტებით, სადავო პერიოდში მოქმედი სშკ-ის მე-6 მუხლის 13 ნაწილის თანახმად, თუ შრომითი ხელშეკრულება დადებულია 30 თვეზე მეტი ვადით ან, თუ შრომითი ურთიერთობა გრძელდება ვადიანი შრომითი ხელშეკრულებების ორჯერ ან მეტჯერ მიმდევრობით დადების შედეგად და მისი ხანგრძლივობა აღემატება 30 თვეს, მიიჩნევა, რომ დადებულია უვადო შრომითი ხელშეკრულება. ვადიანი შრომითი ხელშეკრულებები მიმდევრობით დადებულად ჩაითვლება, თუ არსებული შრომითი ხელშეკრულება გაგრძელდება მისი ვადის გასვლისთანავე ან მომდევნო ვადიანი შრომითი ხელშეკრულება დაიდო პირველი ხელშეკრულების ვადის გასვლიდან 60 დღის განმავლობაში.

39. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე საზოგადოებრივ ცენტრში დასაქმებული იყო 2015 წლიდან 1 აპრილიდან ჯერ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის, შემდგომ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და შემდგომ უკვე მოპასუხის მიერ გამოცემული ბრძანებების საფუძველზე. უდავოა, რომ ხევის საზოგადოებრივი ცენტრი გადავიდა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დაქვემდებარებაში და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულების 2015 წლის 22 ივლისის ბრძანებით, მოსარჩელე სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ხარაგაულის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის ხევის საზოგადოებრივი ცენტრის ოპერატორად 2015 წლის 21 ივლისიდან 2016 წლის 21 ივლისამდე, 3 თვის გამოსაცდელი ვადით დაინიშნა. აღნიშნულის შემდგომ, მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობა ყოველ ჯერზე - 2020 წლის 1 იანვრამდე უწყვეტად გრძელდებოდა.

40. საკასაციო პალატის განმარტებით, დასაქმებულის დამსაქმებელთან შრომითი ურთიერთობის დაწყებისა და ორმხრივი შეთანხმებით მისი გაგრძელების ქრონოლოგიის გათვალისწინებით, უდავოა, რომ მხარეები, 30 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში უწყვეტად იმყოფებოდნენ სახელშეკრულებო ურთიერთობაში, რისი გათვალისწინებითაც, მოსარჩელე დასაქმებული იყო უვადო შრომითი ხელშეკრულების ფარგლებში და საზოგადოებრივ ცენტრში დასაქმებული მოსარჩელე 2020 წლის 1 იანვრიდან, მას შემდეგ, რაც საზოგადოებრივი ცენტრი გადავიდა იუსტიციის სახლის სისტემაში და გახდა მისი ტერიტორიული ორგანო, მოპასუხესთანაც იმყოფებოდა უვადო შრომითსამართლებრივ ურთიერთობაში.

41. კასატორის საკასაციო პრეტენზიის თანახმად, იგი ახალი დამსაქმებელია და სამართლებრივად არაფრით უკავშირდება მოსარჩელის წინა დამსაქმებელს - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, რისი გათვალისწინებითაც, მოსარჩელეს 2020 წლის იანვრიდან შრომითი ურთიერთობა წარმოეშვა სხვა დამსაქმებელთან და არსებობდა გამოსაცდელი ვადის დაწესების ლეგიტიმური საფუძველი.

42. საკასაციო პალატა დამსაქმებლის საკასაციო პრეტენზიებთან დაკავშირებით გასაჩივრებული განჩინების მოტივაციაზე მიუთითებს, რომელიც ასახული წინამდებარე განჩინების 21-23-ე პუნქტებში და დამატებით განმარტავს, რომ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 30 დეკემბრის №481 ბრძანებით, ცვლილება შევიდა იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 25 ივლისის №85 ბრძანებაში და საზოგადოებრივი ცენტრები სერვისების განვითარების სააგენტოს დაქვემდებარებიდან იუსტიციის სახლის დაქვემდებარებაში გადავიდა. უდავოა, რომ იუსტიციის სახლის საზოგადოებრივი ცენტრის ფუნქციები ფაქტობრივად იდენტურია სერვისების განვითარების სააგენტოს საზოგადოებრივი ცენტრის ფუნქციებთან, კერძოდ, ორივე საჯარო სამართლის იურიდიული პირი დაკისრებულ მოვალეობას ასრულებს იუსტიციის მინისტრის დებულების შესაბამისად და იუსტიციის სამინისტრო ჯერ სერვისების სააგენტოს მიერ მართული საზოგადოებრივი ცენტრის, ხოლო შემდგომ იუსტიციის სახლის ტერიტორიული ორგანოს - საზოგადოებრივი ცენტრის მეშვეობით ემსახურება მოქალაქეებს და სთავაზობს ერთი და იმავე სახის სერვისებს, რასაც მოსარჩელე უზრუნველყოფდა.

43. საკასაციო პალატის განმარტებით, დასაქმებულის საქმიანობა საზოგადოებრივ ცენტრში იწყება 2015 წლის 1 აპრილიდან და უწყვეტად გრძელდება მის გათავისუფლებამდე. დასაქმებულის საქმიანობის ქრონოლოგია მოიცავს თანმიმდევრული განვითარების ეტაპებს და მიუხედავად დამსაქმებლის სახელწოდებაში ცვლილებისა, მოსარჩელე 5 წლის განმავლობაში ერთსა და იმავე საქმეს აკეთებდა და მას არ შეუცვლია არც სამსახურებრივი ფუნქციები და არც სამუშაო გარემო, შესაბამისად, ის გარემოება, რომ იუსტიციის სამინისტრომ ეფექტური ფუნქციონირებისათვის კონკრეტული ფუნქცია-მოვალეობის შესრულება ერთი სსიპის ნაცვლად, მეორეს დააკისრა, საქმის თავისებურებათა გათვალისწინებით, სშკ-ის მიზნებიდან გამომდინარე ვერ განიხილება დამსაქმებლის ცვლილებად.

44. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელე დასაქმებული იყო უვადო შრომითი ხელშეკრულების ფარგლებში, საქმის მასალები და მხარეთა განმარტებები სხვა დასკვნის შესაძლებლობას არ ქმნის, შესაბამისად, მხარეთა შორის უვადო შრომითი ხელშეკრულების არსებობის პირობებში არ არსებობდა 2020 წლის დასაწყისში გამოსაცდელი ვადის დაწესების წინაპირობები.

45. საკასაციო პალატის მითითებით, სშკ-ის მე-9 მუხლის პირველი ნაწილით (რაც მოქმედი ორგანული კანონის მე-17 მუხლია) შესასრულებელ სამუშაოსთან პირის შესაბამისობის დადგენის მიზნით, მხარეთა შეთანხმებით, დასაქმებულთან შესაძლებელია მხოლოდ ერთხელ დაიდოს შრომითი ხელშეკრულება გამოსაცდელი ვადით არაუმეტეს 6 თვისა. გამოსაცდელი ვადა დამსაქმებელ-დასაქმებულის ურთიერთშეცნობისა და შეფასების ვადაა. კანონი ნათლად ადგენს, გამოსაცდელი ვადა მხოლოდ ერჯერადი ხასიათისაა და ის გამოიყენება მხოლოდ იმ პირთა მიმართ, რომელთა შრომითი უნარ-ჩვევები უცხოა დამსაქმებლისათვის. ამასთან, აუცილებელი წინაპირობაა, რომ გამოსაცდელი ვადა იყოს შრომითი ურთიერთობის დასაწყისი. არ შეიძლება, რომ უკვე დაწყებული შრომით ურთიერთობას მოსდევდეს გამოსაცდელი ვადა, წინააღმდეგ შემთხვევაში - ეჭვქვეშ დადგებოდა გამოსაცდელი ვადის მიზნის არსებობა.

46. საკასაციო პალატის განმარტებით, პირი, რომელიც წლების მანძილზე მსახურობს დაწესებულებაში და მისი საქმიანობის ძირითადი არეალიც არ სცილდება ერთ ან მსგავს მიმართულებებს, ამასთან, მხარეთა შრომის სახელშეკრულებო პერიოდი სწორედ გამოსაცდელი ვადით დაიწყო და დამსაქმებლისათვის ცნობილი იყო მოსარჩელის როგორც პიროვნული, ისე პროფესიული უნარ-ჩვევები, ამ ურთიერთობის გამოსაცდელი ვადით განსაზღვრა (prima facie) წარმოადგენს დამსაქმებლის მხრიდან არაკეთილსინდისიერი ზემოქმედებით ჩამოყალიბებულ პირობას, რისი გათვალისწინებითაც, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ სსკ-ის 54-ე მუხლის მიხედვით, დამსაქმებლის ცალმხრივი ნება მართებულად ცნო ბათილად.

47. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მსჯელობას, რომ, ვინაიდან მოწინააღმდეგე მხარემ ხელის მოწერით დაადასტურა, რომ გაეცნო ახალი დამსაქმებლის შინაგანაწესს, რომლითაც დეტალურად არის მოწესრიგებული დასაქმებულის გამოსაცდელი ვადით დანიშვნის საკითხები, შესაბამისად, გამოსაცდელი ვადის დაწესება კანონიერია. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ხელშეკრულების ან მისი რომელიმე პირობის მართლსაწინააღმდეგოდ მიჩნევისათვის არსებითი მნიშვნელობა არ გააჩნია აღნიშნულ პირობაზე მოსარჩელის, როგორც ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის, თანხმობის არსებობის ფაქტს (იხ. სუსგ №ას-1500-1420-2017, 2018 წლის 31 მაისის განჩინება). კანონსაწინააღმდეგო პირობაზე მხარეთა შეთანხმება, აღნიშნულ პირობას ვერ აქცევს კანონიერად.

48. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის იმ მსჯელობასაც, რომ იუსტიციის სახლს განსხვავებული ფუნქცია-მოვალეობები აქვს. საკასაციო პალატის მითითებით, როგორც სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, ასევე - მოპასუხესაც ჰქონდა საერთო ძირეული ამოცანები, საწინააღმდეგო მტკიცებულება, კასატორს სასამართლოში არ წარმოუდგენია.

49. სშკ-ის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილით კანონმდებლის მიერ შემოთავაზებული რეგულირებით, სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია, პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით. მითითებული რეგულაციით დამსაქმებლისათვის დადგენილია უკანონოდ გათავისუფლებული დასაქმებულის პირვანდელ სამუშაოზე აღდგენა, ხოლო, თუკი ეს შეუძლებელია, მაშინ მომდევნო რიგითობით დადგენილი ვალდებულებების შესრულება (შდრ. სუსგ საქმე №ას-1161-2018, 2020 წლის 15 ოქტომბრის განჩინება). ამდენად, შრომის კანონმდებლობა უპირატესად სწორედ დასაქმებულის სამუშაოზე აღდგენას მოიაზრებს დარღვეული უფლების რესტიტუციის ყველაზე უფრო სამართლიან ღონისძიებად, ერთადერთ დამაბრკოლებელ გარემოებად ამ უფლების გამოყენებისათვის კანონმდებლობა შესაბამის თანამდებობაზე დასაქმებულის აღდგენის შეუძლებლობას (აღარ არსებობს ის სტუქტურული ერთეული, რომელშიც დასაქმებული მუშაობდა, დასაქმებულის მიერ დაკავებულ შტატზე სხვა პირი დასაქმდა და სხვა) უკავშირებს. მოცემულ შემთხვევაში კი, ვინაიდან, მოსარჩელის მიერ გათავისუფლებამდე დაკავებული თანამდებობა ვაკანტური იყო, დასაქმებული კანონიერად აღადგინა გათავისუფლებამდე დაკავებულ თანამდებობაზე.

50. საკასაციო პალატის დასკვნით, მოპასუხემ (კასატორმა) მტკიცების კუთვნილი ტვირთის ფარგლებში ვერ გააბათილა სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა და დასკვნები, ვერ დაადასტურა დასაქმებულის მართლზომიერად გათავისუფლება, საბოლოოდ, ზემოაღნიშნული მსჯელობის საფუძველზე, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ დასაქმებული არამართლზომიერად გათავისუფლდა, რაც გასაჩივრებული ბრძანების ბათილობის საფუძველს და მისგან გამომდინარე სამართლებრივ შედეგებს განაპირობებს.

51. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი ვერ მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

52. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს ეწინააღმდეგება.

53. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

54. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგები: №ას-190-2021, 2021 წლის 15 ოქტომბრის განჩინება; №ას-785-2021, 2021 წლის 12 ნოემბრის განჩინება, №ას-871-2020, 2020 წლის 18 დეკემბრის განჩინება).

55. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

56. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ იუსტიციის სახლის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;

2. სსიპ იუსტიციის სახლს (204580202) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 350 ლარის (საგადახდო მოთხოვნა №14240 / გადახდის თარიღი 9.06.2021), 70% - 245 ლარი;

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე

ვლადიმერ კაკაბაძე