საქმე №ას-1174-2019 17 ივნისი, 2021 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ი.ბ–ი (მოსარჩელე, მოპასუხე შეგებებულ სარჩელში)
მოწინააღმდეგე მხარე – ე.ბ–ი (მოპასუხე, მოსარჩელე შეგებებულ სარჩელში)
თავდაპირველი მოპასუხეები (შეგებებულ სარჩელში) – ჯ.ბ–ი, ლ.ო–ი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით ძირითადი სარჩელის დაკმაყოფილება და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – ჩუქების ხელშეკრულების გაუქმება, უძრავი ქონების მოპასუხისგან გამოთხოვა (ძირითად სარჩელში), უძრავი ნივთის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა (შეგებებულ სარჩელში)
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. ი.ბ–მა (შემდგომში - „მოსარჩელე“, „შეგებებული სარჩელით მოპასუხე“, „მჩუქებელი“ ან „კასატორი“) თავის დას, ე.ბ–ს (შემდგომში - „მოპასუხე“, „შეგებებული სარჩელით მოსარჩელე“ ან „დასაჩუქრებული") 2010 წლის 23 აგვისტოს აჩუქა 500 კვ.მ. მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული 116 კვ.მ. შენობა-ნაგებობით.
2. ჩუქების შემდგომ მიწის ნაკვეთი გაიყო ორ ნაწილად და საჯარო რეესტრში ცალ-ცალკე საკადასტრო კოდებით დარეგისტრირდა: ს.კ. №........ (შემდგომში - „სადავო უძრავი ქონება“, „სადავო ქონება“ ან „სადავო სახლი") და ს.კ. №..........
3. №...... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე 2012 წლიდან 129,60 კვ.მ. კომერციული ფართი აშენდა, რის შემდგომაც შენობა-ნაგებობის საერთო ფართმა 214,60 კვ.მ. შეადგინა.
4. 2014 წელს მოსარჩელის სესხის უზრუნველყოფის მიზნით №..... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონება იპოთეკით დაიტვირთა. მსესხებლის მიერ სასესხო ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, აღნიშნული ქონება იძულებითი აუქციონის წესით სარეალიზაციოდ მიექცა.
5. სადავო სახლში ცხოვრობენ მოსარჩელე, მოსარჩელის მეუღლე - ლ.ო–ი (შემდგომში - „მოსარჩელის მეუღლე“), მათი მცირეწლოვანი შვილი და მოსარჩელისა და მოპასუხის მამა - ჯ.ბ–ი (შემდგომში - „მოსარჩელის/მოპასუხის მამა“). იმავე სახლში ცხოვრობდა მოპასუხე და მისი შვილი.
6. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხის მიმართ და მოითხოვა მასსა და მოპასუხეს შორის 2010 წლის 23 აგვისტოს დადებული ჩუქების ხელშეკრულების გაუქმება და გაჩუქებული სადავო უძრავი ქონების გამოთხოვა. მოსარჩელის განმარტებით, დასაჩუქრებულმა მის მიმართ განსაკუთრებული უმადურობა გამოიჩინა. ამასთან, მოსარჩელეს გაჩუქებული სახლის გარდა სხვა საცხოვრებელი არ გააჩნია.
7. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
8. მოპასუხემ შეგებებული სარჩელი აღძრა მოსარჩელის, მისი მეუღლისა და მამის მიმართ და მოითხოვა ამ უკანასკნელთა და მათთან მყოფი პირების უკანონო მფლობელობიდან სადავო უძრავი ქონების გამოთხოვა.
9. შეგებებული სარჩელით მოპასუხეებმა შეგებებული სარჩელი არ ცნეს.
10. თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 31 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა; გაუქმდა მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის 2010 წლის 23 აგვისტოს დადებული სადავო უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულება და აღნიშნული ქონება გამოთხოვილ იქნა მოპასუხისაგან; შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
11. მოპასუხემ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე წარადგინა სააპელაციო საჩივარი. მან მოითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება.
12. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 31 მაისის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება და სარჩელი არ დაკმაყოფილდა; შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოსარჩელისა და მისი მეუღლის მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა უძრავი ნივთი, მდებარე: ქ. თელავი, .....; მოსარჩელის მამის მიმართ შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
13. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-5 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
14. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლად სამოქალაქო კოდექსის 529-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სამართლებრივ წინაპირობას უთითებს. კერძოდ, მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხის უმადურობა გამოიხატა შემდეგში: მან წამოიწყო კონფლიქტი და მოითხოვა მისთვის ცალკე საცხოვრებელი სახლის ყიდვა, წინააღმდეგ შემთხვევაში დაიმუქრა მოსარჩელის სადავო სახლიდან გასახლებით; მოპასუხემ თავად წამოიწყო ჩხუბი, ბოლოს კი პოლიცია გამოიძახა და შემაკავებელი ორდერის საფუძველზე, მოსარჩელეს საცხოვრებელ სახლში ყოფნის შესაძლებლობა მოუსპო, რითაც მჩუქებლის მიმართ დიდი უმადურობა გამოიჩინა.
15. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა საქმეზე დაკითხული მოწმეების ჩვენებებზე:
- მოწმე ლ.ს–ის (მხარეთა მეზობელი) ჩვენების თანახმად, მოსარჩელე გვიან დაოჯახდა. დაოჯახებამდე და-ძმას კარგი ურთიერთობა ჰქონდა, მოსარჩელე ეხმარებოდა დას და მის შვილს, მოპასუხე უვლიდა მოსარჩელეს. დაოჯახების შემდეგ არ იცის რა მოხდა. ინციდენტის შესახებ არაფერი იცის (იხ. 10.01.2018წ. სხდომის ოქმი);
- მოწმე ი.ჟ–ის განმარტებით, მოპასუხესთან აქვს კარგი ურთიერთობა. როდესაც მოსარჩელე დაჭრეს, მოპასუხემ ძმა თბილისში ჩამოიყვანა და მაქსიმალური დახმარება გაუწია. მოპასუხე მუდმივად ზრუნავდა, რომ ჯანდაცვის სამინისტროდან და საპატრიარქოდან მოსარჩელისათვის დახმარება მიეღო (იხ. 10.01.2018წ. სხდომის ოქმი);
- მოწმე ა.გ–ის ჩვენების თანახმად, სადავო სახლი მოსარჩელის პაპას ეკუთვნოდა, ხოლო შემდეგ მოსარჩელეს გადაუფორმა. მოსარჩელის დაოჯახების შემდეგ ხდებოდა კონფლიქტები. მოპასუხემ მას ჭიქა ესროლა და შუბლი გაუტეხა. შემაკავებელი ორდერის გამო სამი-ოთხი დღე მოსარჩელეს ა.გ–თან ეძინა. კონფლიქტის მიზეზი მოწმემ არ იცის, კონფლიქტის ფაქტს არ შესწრებია (იხ. 20.11.2018წ. სხდომის ოქმი);
- მოწმე ა.ო–ის (მოსარჩელის ცოლის ძმა) განმარტებით, მოპასუხეს მასთან არ აქვს კარგი ურთიერთობა. იგი ოჯახში თავის დასთან ხშირად მიდიოდა. მოსარჩელემ ბინა რატომ აჩუქა მოპასუხეს არ იცის. კამათს არ შესწრებია. ბოლოს მოუვიდათ დაპირისპირება. მოპასუხემ უთხრა მოსარჩელეს - ,,თაგვის წამალი რატომ არ მოიტანე, ტაფას დაგარტყამ თავშიო“. სხვა კონფლიქტს არ შესწრებია (იხ. 28.02.2019წ. სხდომის ოქმი);
- მოწმე ნ.დ–ის განმარტებით, იგი მოპასუხეს იცნობს ბავშვობიდან და მისი მეგობარია. მოპასუხე ორი წელია ცხოვრობს ქირით. იცის, რომ და-ძმას შორის მოხდა შელაპარაკება. მისი ინფორმაციით, მოსარჩელემ მოპასუხეს ესროლა საგანი, თუმცა ფაქტს არ შესწრებია (იხ. 28.02.2019წ. სხდომის ოქმი);
- მოწმე შ.ბ–ის (მხარეების ბიძაშვილი) განმარტებით, ოჯახში ხშირად დადიოდა. უთხრეს, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს მოუვიდათ ჩხუბი. მოსარჩელემ უთხრა, რომ მოპასუხეს რაღაც ესროლა. ჩხუბის დროს იქ არ ყოფილა. რაიმე კონფლიქტს არ შესწრებია (იხ. 04.05.2019წ. სხდომის ოქმი).
16. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, სასამართლოს სხდომაზე დაკითხულმა მოწმეებმა მხოლოდ იმ გარემოებაზე მიუთითეს, რომ და-ძმას შორის არსებული კონფლიქტის შესახებ გადმოცემით იცოდნენ, რაც მოსარჩელის მიერ ოჯახის შექმნას უკავშირდებოდა, თუმცა არცერთი მათგანი შეურაცხყოფის ფაქტს არ შესწრებია; საქმის მასალებით უდავოდ დასტურდება მხარეთა შორის არსებული უთანხმოების ფაქტი, თუმცა აღნიშნული ვერ შეფასდება ჩუქების გაუქმების წინაპირობად. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა საქმის მასალებში არსებულ შემაკავებელ ორდერზე, რომელიც მოსარჩელის მტკიცების საპირისპიროდ, ადასტურებს იმ გარემოებას, რომ მოპასუხე საკუთარი ძმის - მოსარჩელის მხრიდან ოჯახური ძალადობის მსხვერპლი იყო.
17. სააპელაციო პალატამ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე მიიჩნია, რომ მოსარჩელემ ვერ წარადგინა მჩუქებლისათვის მძიმე შეურაცხყოფის მიყენების ან დიდი უმადურობის გამოჩენის დამადასტურებელი მტკიცებულებები.
18. სააპელაციო სასამართლომ მოიხმო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 530-ე მუხლი და აღნიშნა, რომ საქმის მასალებით არ დასტურდებოდა ჩუქების შემდეგ მჩუქებლის მძიმე მდგომარეობაში ყოფნის ფაქტი. ამასთან, დადგენილი იყო, რომ ჩუქების საგანი მოპასუხის ერთადერთ საცხოვრებელს წარმოადგენდა.
19. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ დადასტურდა ჩუქების ხელშეკრულების გაუქმების წინაპირობების არსებობა, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.
20. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე და 172-ე მუხლებით და ვინაიდან მოპასუხე წარმოადგენდა სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეს და იმავდროულად სახეზე არ იყო უფლებრივი ბოჭვის სახელშეკრულებო ან კანონისმიერი საფუძველი, მიიჩნია, რომ მოპასუხე უფლებამოსილი იყო სრულყოფილად განეხორციელებინა მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე კანონით გარანტირებული უფლებები, რაც შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობას წარმოადგენდა.
21. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელისა და მოპასუხის მამის მფლობელობიდან საცხოვრებელი ბინის გამოთხოვა გამოიწვევდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1218-ე მუხლით დადგენილი მშობლის მიმართ შვილის ზრუნვისა და რჩენის ვალდებულების დარღვევას. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის/მოპასუხის მამის ნაწილში შეგებებული სარჩელი არ უნდა დაკმაყოფლებულიყო.
22. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაზე მოსარჩელემ წარადგინა საკასაციო საჩივარი. მან მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
23. საკასაციო საჩივარი ემყარება შემდეგ საფუძვლებს:
23.1. სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოწმეთა ჩვენებებს სწორი სამართლებრივი შეფასება არ მისცა;
23.2. სასამართლომ და-ძმას შორის კონფლიქტის დასადასტურებლად სარწმუნოდ მიიჩნია მოსარჩელის მიმართ შედგენილი შემაკავებელი ორდერი, ხოლო მოწმეთა ჩვენებები, რომელთაგან ზოგიერთი შეესწრო მოპასუხის მხრიდან მოსარჩელის მიმართ განხორციელებულ ძალადობასა და შეურაცხყოფას, არ გაიზიარა;
23.3. სასამართლომ არ მისცა შეფასება მოპასუხის მიერ სასამართლო სხდომაზე მამის მიმართ გამოთქმულ ცილისმწამებლურ და შეურაცხმყოფელ მოსაზრებებს;
23.4. მოპასუხის მიერ ვინდიკაციური სარჩელის აღძვრა მძიმე შეურაცხყოფასა და დიდ უმადურობას წარმოადგენს. სააპელაციო სასამართლომ დადასტურებულად ჩათვალა მხარეთა შორის უთანხმოების არსებობის ფაქტი, თუმცა მამის, ძმის ცოლისა და ძმის შვილის გამოსახლების სურვილი არ მიიჩნია მჩუქებლის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ შეურაცხყოფად ან დიდ უმადურობად;
23.5. სააპელაციო სასამართლომ მოპასუხის მძიმე მდგომარეობის დასადასტურებლად მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ ჩუქების საგანი მოპასუხის ერთადერთ საცხოვრებელ სახლს წარმოადგენდა. სასამართლომ ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე დაასკვნა, რომ მჩუქებლის მიერ საჩუქრის უკან დაბრუნებით დასაჩუქრებული აღმოჩნდებოდა მძიმე მდგომარეობაში. თუმცა, რეალობა სულ სხვანაირია - მოპასუხე მუშაობს ბანკში და აქვს სტაბილური შემოსავალი. მას ჩუქების ხელშეკრულებამდე ჰქონდა და დღეის მდგომარეობითაც აქვს საცხოვრებელი სახლი.
24. კასატორმა იშუამდგომლა საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის თაობაზე.
25. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 25 ოქტომბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
26. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
27. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
28. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
29. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
30. კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით პრეტენზია (შედავება) არ განუხორციელებია.
31. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანია მხარეთა შორის ჩუქების ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ, ჰქონდა თუ არა ადგილი დასაჩუქრებულის მხრიდან მჩუქებლის მიმართ მძიმე შეურაცხყოფის მიყენებას ან დიდი უმადურობის გამოჩენას. კასატორი დავობს, რომ სასამართლომ არასათანადოდ შეაფასა საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მოწმეთა ჩვენებები.
32. ჩუქების ხელშეკრულების გაუქმებისა და სადავო ქონების მოპასუხისაგან გამოთხოვის თაობაზე მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 529-ე მუხლი [ჩუქება შეიძლება გაუქმდეს, თუ დასაჩუქრებული მძიმე შეურაცხყოფას მიაყენებს ან დიდ უმადურობას გამოიჩენს მჩუქებლის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ; თუ ჩუქება გაუქმდება, მაშინ გაჩუქებული ქონება შეიძლება გამოთხოვილ იქნეს მჩუქებლის მიერ; ჩუქება შეიძლება გაუქმდეს ერთი წლის განმავლობაში მას შემდეგ, რაც მჩუქებელი შეიტყობს იმ გარემოების შესახებ, რომელიც მას ჩუქების გაუქმების უფლებას აძლევს] და 530-ე მუხლი [თუ ჩუქების შემდეგ მჩუქებელი მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა და არ შეუძლია საკუთარი თავის ან მის კმაყოფაზე მყოფი პირების რჩენა, მას უფლება აქვს დასაჩუქრებულს მოსთხოვოს გაჩუქებული ნივთი, თუ ეს უკანასკნელი რეალურად არსებობს და დაბრუნება დასაჩუქრებულს არ ჩააყენებს მძიმე მდგომარეობაში; გაჩუქებული ნივთის გამოთხოვა არ შეიძლება, თუ გამჩუქებელმა განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით ჩაიგდო თავი მძიმე მდგომარეობაში].
33. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 529-ე მუხლი უფლებას ანიჭებს გამჩუქებელს მოითხოვოს ჩუქების გაუქმება, თუ არსებობს კანონით გათვალისწინებული საფუძვლები. კერძოდ, ჩუქების გაუქმება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დასაჩუქრებული მძიმე შეურაცხყოფას მიაყენებს გამჩუქებელს ან დიდ უმადურობას გამოიჩენს მის მიმართ. მსგავსი მოთხოვნის შემთხვევაში მოსარჩელის განსასაზღვრია, რომელ ქმედებას მიიჩნევს უმადურობად ან შეურაცხყოფად, კანონი მათ ზუსტ განმარტებას არ იძლევა. თუმცა, კონკრეტული ფაქტი წარმოადგენს თუ არა ისეთი სახის შეურაცხყოფას ან უმადურობას, რაც ჩუქების გაუქმებას შეიძლება დაედოს საფუძვლად, სასამართლოს და არა მოსარჩელის შეფასების საგანია. სასამართლომ მხარეთა ურთიერთდამოკიდებულების, მათი შეხედულებების, თავად ქმედების შეფასების, ასევე, კონკრეტულ საზოგადოებაში არსებული წეს-ჩვეულებებისა და დამკვიდრებული მოსაზრებების გათვალისწინებით, უნდა განსაზღვროს იჩენს თუ არა დასაჩუქრებული უმადურობას გამჩუქებლის მიმართ, ან არის თუ არა მისი ქმედება შეურაცხმყოფელი. ბუნებრივია, ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია თავად მხარის სუბიექტური დამოკიდებულება კონკრეტული ქმედების მიმართ, მაგრამ გადამწყვეტი ამ ქმედების შეფასებაა, იმ თვალსაზრისით, რომ სამოქალაქო კოდექსის 529-ე მუხლიდან გამომდინარე, დასაჩუქრებულის არა ყოველგვარი გასაკიცხი ქმედება იძლევა ჩუქების გაუქმების საფუძველს, არამედ მხოლოდ მძიმე შეურაცხყოფა და დიდი უმადურობა (იხ. სუსგ საქმე №ას-62-59-2012, 05 ნოემბერი, 2013 წელი; №ას-1235-1176-2014, 24 თებერვალი, 2015 წელი; №ას-157-153-2016, 15 აპრილი, 2016 წელი).
34. კანონი ითვალისწინებს ისეთ შემთხვევასაც, როცა ჩუქების გაუქმება გამოწვეულია არა დასაჩუქრებულის უმადურობით, არამედ თვით მჩუქებლის მძიმე მატერიალური მდგომარეობით. დასაჩუქრებულის ბრალი ამ დროს გამორიცხულია. მჩუქებელს ხელშეკრულების დადების დროს არავითარი მატერიალური ხასიათის პრობლემა არ აქვს. იგი ნებაყოფლობით გადასცემს სხვა პირს ქონებას საკუთრებაში. თუმცა, გაჩუქების შემდეგ თუკი მჩუქებელი აღმოჩნდა ისეთ მდგომარეობაში, რომ არ შეუძლია საკუთარი თავის ან მის კმაყოფაზე მყოფი პირების რჩენა, მას უფლება აქვს, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 530-ე მუხლის საფუძველზე, დასაჩუქრებულს გაჩუქებული ნივთის დაბრუნება მოსთხოვოს. იგულისხმება, რომ საჩუქრის უკან მოთხოვნის უფლება მჩუქებელს გააჩნია იმ დროის განმავლობაში, ვიდრე გაჩუქებული ნივთი რეალურად არსებობს დასაჩუქრებულის მფლობელობაში. გარდა აღნიშნულისა, მჩუქებელს ეს უფლება მხოლოდ მაშინ წარმოეშობა, თუ საჩუქრის დაბრუნება დასაჩუქრებულს არ ჩააყენებს მძიმე მდგომარეობაში. გარდა ამისა, გამჩუქებელს უფლება არ აქვს, დასაჩუქრებულს მოსთხოვოს ნაჩუქარი ნივთის დაბრუნება, თუ ასეთი მოთხოვნის საფუძველი მან ხელოვნურად შექმნა, კერძოდ, თუ მძიმე მდგომარეობა, რომელშიც იგი აღმოჩნდა, გამოწვეულია მისი განზრახი მოქმედებით, ან უხეში გაუფრთხილებლობით. მძიმე მდგომარეობის ხარისხი, რამაც სხვადასხვა შემთხვევაში შეიძლება შეცვალოს ჩუქებასთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობის შინაარსი, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლომ უნდა გამოიკვლიოს და შეაფასოს (იხ. სუსგ საქმე №ას-1067-1006-2015, 29 დეკემბერი, 2015 წელი; №ას-1333-2019, 27 ნოემბერი, 2019 წელი).
35. საკასაციო სასამართლო, ასევე, განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება მიმდინარეობს მხარეთა თანასწორობისა (სსსკ-ის მე-5 მუხლი) და შეჯიბრებითობის (სსსკ-ის მე-4 მუხლი) ფუნდამენტურ პრინციპებზე დაყრდნობით. სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებულნი არიან სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა (სსსკ-ის 102-ე მუხლი). მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. მტკიცების ტვირთი - ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს (იხ. სუსგ საქმე №ას-833-833-2018, 16 ნოემბერი, 2018 წელი; №ას-867-834-2016, 22 ნოემბერი, 2018 წელი).
36. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 529-530-ე მუხლებით განსაზღვრული ჩუქების ხელშეკრულების გაუქმების წინაპირობების დადასტურება.
37. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო მისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სასამართლოს ვერ წარუდგინა იმგვარი გარემოებების დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულებები, რაც ჩუქების ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ, დასაჩუქრებულის მხრიდან მჩუქებლის მიმართ გამოხატულ მძიმე შეურაცხყოფად ან დიდ უმადურობად შეფასდებოდა. მოწმეთა ჩვენებები არ წარმოადგენს მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოებების დამადასტურებელ საკმარის მტკიცებულებას, ვინაიდან ისინი არ ყოფილან და-ძმას შორის არსებული კონფლიქტისა და მოპასუხის მიერ მოსარჩელისათვის შეურაცხყოფის მიყენების ფაქტის თვითმხილველები და მხოლოდ გადმოცემით იციან ასეთი ფაქტების არსებობის შესახებ. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ მოსარჩელის მიმართ გამოცემული იყო შემაკავებელი ორდერი მოპასუხის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით, რაც კიდევ უფრო ასუსტებს მოსარჩელის მოთხოვნის საფუძვლიანობას.
38. საქმეში არსებული მტკიცებულებებით, ასევე, არ დასტურდება, რომ მჩუქებელი ჩუქების ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა, რის გამოც მას აღარ შეუძლია საკუთარი თავის ან მის კმაყოფაზე მყოფი პირების რჩენა.
39. კასატორი მჩუქებლის მიმართ დიდი უმადურობის გამოხატულებად მიიჩნევს მოპასუხის მიერ მოსარჩელისა და მისი ოჯახის წევრების მიმართ ვინდიკაციური სარჩელის აღძვრას.
40. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის ზემოაღნიშნულ შეფასებას და განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 524-ე მუხლის საფუძველზე, დასაჩუქრებული იძენს საკუთრების უფლებას ნაჩუქარ ქონებაზე, შესაბამისად, იგი უფლებამოსილია, იმავე კოდექსის 170-ე მუხლით გათვალისწინებულ ფარგლებში ფლობდეს, ისარგებლოს და განკარგოს ნაჩუქარი ქონება. მას, ასევე, შეუძლია, არ დაუშვას სხვა პირთა მიერ მისი კუთვნილი ქონებით სარგებლობა. „სხვა პირებში“ ამ შემთხვევაში გამჩუქებელიც მოიაზრება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამგვარი სარგებლობა ჩუქების ხელშეკრულებით მხარეთა მიერ წინასწარ არის შეთანხმებული. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ჩუქების ხელშეკრულების უსასყიდლო ხასიათის გათვალისწინებით, ქონების გამჩუქებელს იმგვარი უფლებები გააჩნია, რაც ვერ ექნება, მაგალითად, ნივთის გამყიდველს, მაგრამ აღნიშნული არ გულისხმობს დასაჩუქრებულის საკუთრების უფლების შეზღუდვის შესაძლებლობას, თუ იგი თავის უფლებებს კეთილსინდისიერად და მართლზომიერად ახორციელებს. სწორედ ჩუქების უსასყიდლო ხასიათიდან გამომდინარე, დასაჩუქრებული ვალდებულია, განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდეს გამჩუქებლის მიმართ, მაგრამ ამგვარი ვალდებულება გონივრულობის ფარგლებში უნდა ექცეოდეს. თავად გამჩუქებელმა საკუთარი უფლებები კეთილსინდისიერად უნდა განახორციელოს. დაუშვებელია დასაჩუქრებულის უფლებებისა და კანონიერი ინტერსების არათანაზომიერი შეზღუდვა გამჩუქებლის სურვილით და ჩუქების გაუქმების შესაძლებლობის არაკეთილსინდისიერად რეალიზებით (იხ. სუსგ საქმე №ას-62-59-2012, 05 ნოემბერი, 2013 წელი).
41. ამრიგად, ის ფაქტი, რომ მოპასუხემ მოსარჩელისა და მისი ოჯახის მიმართ ვინდიკაციური სარჩელი წარადგინა, ვერ შეფასდება დასაჩუქრებულის მხრიდან დიდი უმადურობის გამოჩენად. მოპასუხის საკუთრების უფლება ვერ შეიზღუდება გამჩუქებლის სურვილით გააგრძელოს ცხოვრება გაჩუქებულ ბინაში თავის ოჯახთან ერთად. ამგვარი მოთხოვნა გონივრულობის ფარგლებს სცილდება და მოპასუხის ნება - არ დაუშვას თავისი საკუთრებით ამგვარი სარგებლობა, უმადურობად ან შეურაცხყოფად არ მიიჩნევა. მოპასუხეს, როგორც ბინის მესაკუთრეს, შეუძლია შეუზღუდავად ისარგებლოს თავისი საკუთრებით, იმ პირობებში, როცა საქმიდან არ დასტურდება მხარეთა შეთანხმება მოსარჩელის მიერ ბინით სარგებლობის თაობაზე. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ მოპასუხემ ვინდიკაციური სარჩელი წარადგინა მხოლოდ მას შემდეგ, რაც თავად მოსარჩელემ მიმართა სასამართლოს ჩუქების ხელშეკრულების გაუქმების მოთხოვნით.
42. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 529-ე და 530-ე მუხლით გათვალისწინებული, ჩუქების ხელშეკრულების გაუქმების წინაპირობები, რაც ძირითადი სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.
43. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილებისათვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე; ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი; გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ნივთის ფლობის უფლება.
44. მოცემულ შემთხვევაში სადავო არ არის ზემოაღნიშნული ნორმით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა ფაქტობრივი წინაპირობის არსებობა. შესაბამისად, დასაბუთებულია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება შეგებებული სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე.
45. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში კასატორს არ წარმოუდგენია იმგვარი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რომელიც გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გაბათილებისა და საკასაციო საჩივრის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს.
46. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული საპროცესო დარღვევებით; ვერც საკასაციო საჩივრის ავტორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
47. ამასთან, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (იხ. მაგ., სუსგ საქმე №ას-1235-1176-2014, 24 თებერვალი, 2015 წელი; №ას-290-276-2016, 25 მაისი, 2016 წელი; №ას-1333-2019, 27 ნოემბერი, 2019 წელი), რის გამოც საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით; არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.
48. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
49. კასატორმა იშუამდგომლა საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის თაობაზე. აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 25 ოქტომბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, მიღებულ იქნა წარმოებაში და დადგინდა დასაშვებობის შემოწმება ზეპირი მოსმენის გარეშე, რის თაობაზეც ეცნობათ მხარეებს.
50. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის 391-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნათა შესაბამისად, საკასაციო საჩივრის დასაშვებობას ამოწმებს სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობა. კოლეგია უფლებამოსილია აღნიშნული საკითხი ზეპირი განხილვის გარეშე გადაწყვიტოს. საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შემთხვევაში კი, სასამართლო მსჯელობს საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის მიზანშეწონილობაზე.
51. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, ვერ დაკმაყოფილდება შუამდგომლობა მისი ზეპირი მოსმენით განხილვის შესახებ.
52. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, ჯამში - 1525 ლარის 70% – 1067,5 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ი.ბ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. ი.ბ–ის შუამდგომლობა საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;
3. ი.ბ–ს (პ/ნ: .......) დაუბრუნდეს მის მიერ 2019 წლის 21 აგვისტოს №8328307262 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარისა და მის მიერ №8538962001 საგადახდო დავალებით (წარდგენის თარიღი: 12.10.2019; მიღების თარიღი: 15.10.2019) გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 1225 ლარის, საერთო ჯამში 1525 ლარის 70% – 1067,5 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ე. გასიტაშვილი