3გ-ად-13-გ-03 16 აპრილი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),
ი. ლეგაშვილი,
ნ. კლარჯეიშვილი
საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ირ. ჯ-ას, ზ. ბ-ისა და სხვათა სააპელაციო საჩივრის განსჯადობის საკითხი
აღწერილობითი ნაწილი:
ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 28.10.02წ. გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ქ. თბილისის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საქალაქო სამსახურის სასარჩელო განცხადება, მოპასუხეები ი. და ირ. ჯ-ეები, ლ. მ-ა, ზ. ბ-ე, შ. ჯ-ა, მ. ვ-ა, ე. კ-ე და თ. ს-ა, თანმხლებ პირებთან ერთად, გამოსახლებული იქნენ მოსარჩელეების _ თბილისის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საქალაქო სამსახურისა და შპს “თბილისის მერიის საწარმო “საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრალური ლაბორატორიის” სამსახურებრივი შენობიდან, მდებარე ქ. თბილისში.
ი. ჯ-ამ, ლ. მ-ამ და სხვებმა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრეს სააპელაციო წესით, რომლითაც მოითხოვეს მისი გაუქმება და საქმის ხელახალი განხილვისათვის ამავე სასამართლოში დაბრუნება.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 21.02.03წ. განჩინებით ი. ჯ-ას, ლ. მ-ას და სხვათა სააპელაციო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად განსჯადობის საკითხის გადასაყვეტად გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ქ. თბილისის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საქალაქო სამსახურის ისანი-სამგორის რეგიონალური მართვის შენობაში 03.06.02წ. შეიჭრნენ აფხაზეთიდან დევნილი მოქალაქეები მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად, რომლებიც ნებაყოფლობით არ ტოვებენ დაკავებულ ოთახებს. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ განსახილველი დავის საგანია ფიზიკური პირების გამოსახლება ადმინისტრაციული ორგანოს მფლობელობაში არსებული ფართიდან, ანუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ აღძრულია ე.წ. ვინდიკაციური სარჩელი სკ-ს 170-ე მუხლის საფუძველზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობა კერძო-სამართლებრივ ხასიათს ატარებს და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მიხედვით არ გამომდინარეობს ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან, რის გამოც იგი განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობით მივიდა დასკვნამდე, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სასამართალოთა შორის განსჯადობის დავა შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მოსარჩელეების მოთხოვნა და მოპასუხეები გამოსახლებული იქნენ სადავო ტერიტორიიდან. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ირ. ჯ-ას, ლ. მ-ას და სხვების მიერ. თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატამ სააპელაციო საჩივარი განსჯადობის დავის გადასაწყვეტად 21.02.03წ. განჩინებით გადაუგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს რეალურად განსჯადობაზე დავის არარსებობის პირობებში. სასკ-ს 26 მუხლის თანახმად, უკეთუ სასამართლო მიიჩნევს, რომ იგი არ არის უფლებამოსილი განიხილოს დავა, საქმე უნდა გადაეგზავნოს უფლებამოსილ სასამართლოს. სააპელაციო პალატამ, მიიჩნია რა, რომ ირ. ჯ-ას, ზ. ბ-ის და სხვათა სააპელაციო საჩივარი არ განეკუთვნება ადმინისტრაციულ კატეგორიათა რიგს, საქმე უნდა გადაეგზავნა განსახილველად საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატაში. პროცესუალური კანონმდებლობა არ ითვალისწინებს განსჯად სასამართლოში გადაგზავნამდე განსჯადობის შესახებ დავის გადასაწყვეტად უშუალოდ ზემდგომი სასამართლოსათვის მიმართვის შესაძლებლობას. ასეთ პირობებში საკასაციო პალატა ვერ იქონიებს მსჯელობას საქმის განსჯადობის თაობაზე სასამართლოთა შორის განსჯადობასთან დაკავშირებული დავის არ არსებობის გამო.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მეორე ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 21.02.03წ. განჩინება.
2. საქმე ირ. ჯ-ას, ზ. ბ-ისა და სხვათა სააპელაციო საჩივართან დაკავშირებით დაუბრუნდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატას.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.