საქმე №ას-57-57-2018 12 აპრილი, 2022 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
განმცხადებელი - ე.ბ–ძის უფლებამონაცვლე გ.კ–ია (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – სსიპ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ........ საჯარო სკოლა (მოპასუხე)
მესამე პირი (დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე) - ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრი
განმცხადებლის მოთხოვნა _ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 8 თებერვლის განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორება
დავის საგანი – დანიშნული სარჩოს აუღებელი სხვაობის ანაზღაურება და სარჩოს გადაანგარიშება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
ე.ბ–ძემ (შემდგომში „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში სსიპ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ........ საჯარო სკოლის (შემდგომში „მოპასუხე“) მიმართ დანიშნული სარჩოს აუღებელი სხვაობის ანაზღაურების და სარჩოს გადაანგარიშების თაობაზე.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 22 ივნისის განჩინებით დაკმაყოფილდა მოსარჩელის წარმომადგენლის შუამდგომლობა და საქმეში მესამე პირად დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე ჩაება ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრი.
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 8 აგვისტოს გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 7 ივლისის განჩინებით საქმეში აპელანტის - ე.ბ–ძის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა გ.კ–ია.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 8 აგვისტოს გადაწყვეტილება. ე.ბ–ძის უფლებამონაცვლის, გ.კ–იას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე ე.ბ–ძის უფლებამონაცვლემ, გ.კ–იამ შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 8 თებერვლის განჩინებით ე.ბ–ძის უფლებამონაცვლე გ.კ–იას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც გაუქმდა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 8 აგვისტოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 1.2-ე ქვეპუნქტი – ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ........ საჯარო სკოლისათვის ე.ბ–ძის სასარგებლოდ 2016 წლის 1 აპრილიდან სარჩოს სახით ყოველთვიურად 654,42 ლარის დაკისრების შესახებ, საგადასახადო კანონმდებლობით განსაზღვრული საშემოსავლო გადასახადის გათვალისწინებით, და ამ ნაწილში საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს; გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა ასევე მხარეთა შორის სასამართლო ხარჯების განაწილების ნაწილში და ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს; დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.
2022 წლის 4 მარტს საქართველოს უზენაეს სასამართლოს მომართა ე.ბ–ძის უფლებამონაცვლემ გ.კ–იამ და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის თანახმად მოითხოვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 8 თებერვლის განჩინებაში დაშვებული უსწორობების გასწორება. კერძოდ, განმცხადებელმა მოითხოვა ზემოაღნიშნული განჩინების სამოტივაციო ნაწილის 35-ე, 36-ე, 38-ე, 42-ე, 43-ე პუნქტებიდან უზუსტობების ამოღება და აღნიშნა, რომ არასწორად მიიჩნევს საქმეზე უახლესი პრაქტიკის გამოყენებას და ითხოვს ახალ პრაქტიკამდე მიღებული ძველი გადაწყვეტილებების, რომლებიც უფრო ახლოსაა სადავო პერიოდთან (2016 წელი), საფუძველზე 2016 წლის სარჩოს გადაანგარიშებას. განმცხადებელი ასევე უზუსტობად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ არ არის გამოკვლეული რა ოდენობის სარჩო აქვს გადახდილი სკოლას მოსარჩელისთვის.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ე.ბ–ძის უფლებამონაცვლის, გ.კ–იას განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 8 თებერვლის განჩინებაში დაშვებული უსწორობების გასწორების შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები. მითითებული ნორმის საფუძველზე, სასამართლო უფლებამოსილია მხარის თხოვნით ან საკუთარი ინიციატივით გაასწოროს შეცდომა ან უზუსტობა იმ შემთხვევაში, თუ დაადგენს, რომ სასამართლო აქტში დაშვებული იქნა უსწორობა.
თუ სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, შესწორებათა შეტანის საკითხი შეიძლება გადაწყდეს სასამართლო სხდომაზე. მხარეებს ეცნობებათ სხდომის დრო და ადგილი, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა არ წარმოადგენს დაბრკოლებას გადაწყვეტილებაში შესწორების შეტანის საკითხის განხილვისათვის.
მოცემულ შემთხვევაში საკასაციო პალატამ მიზანშეწონილად არ მიიჩნია უსწორობის გასწორების საკითხის გადაწყვეტა სასამართლო სხდომაზე.
განსახილველ შემთხვევაში, განმცხადებლის მოთხოვნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 8 თებერვლის განჩინებაში დაშვებული უსწორობების გასწორების შესახებ მოკლებულია დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივ საფუძველს გამომდინარე იქიდან, რომ დასახელებულ განჩინებაში რაიმე შეცდომას ან უზუსტობას ადგილი არ აქვს, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად გამორიცხავს წარმოდგენილი განცხადების დაკმაყოფილებას. მოცემულ შემთხვევაში, განმცხადებელი უსწორობის გასწორებას კი არ ითხოვს, არამედ გადაწყვეტილების შეცვლას, რაც ზემოაღნიშნული ნორმიდან გამომდინარე დაუშვებელია. დაუშვებელია გადაწყვეტილებაში ისეთი შესწორების შეტანა, რომელიც არსებითად ცვლის გადაწყვეტილებას, მის აზრსა და შინაარსს. დასაშვებია, მხოლოდ ისეთი შესწორებებისა და დაზუსტებების შეტანა, როგორიცაა მაგალითად, მხარეთა გვარი, სახელი, თუ მხარე იურიდიული პირია - მისი სახელწოდების აღნიშვნა, ასევე არითმეტიკული შეცდომები, რომლებმაც გამოიწვია გადასახდევინებელი თანხის ოდენობის აშკარად შემცირება ან გადიდება, მაგალითად ციფრის დაკლება, რაც ისე ცვლის თანხის ოდენობას, რომ საქმის მასალებიდან გამომდინარე, აშკარად არ შეესაბამება მოთხოვნის ოდენობას და სხვა. (იხ. სუსგ № ას-636-597-2011, 24.06.2011; №ას-1489-2018, 31.01.2019).
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ე.ბ–ძის უფლებამონაცვლის გ.კ–იას განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 8 თებერვლის განჩინებაში დაშვებული უსწორობების გასწორების შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე, 284-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ე.ბ–ძის უფლებამონაცვლე გ.კ–იას განცხადება არ დაკმაყოფილდეს;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ე. გასიტაშვილი