საქმე №ას-373-2021 11 მარტი, 2022 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,
ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – სს "ს–ი" (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე –L.B., S. (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 28 ივლისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის
დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. საქალაქო სასამართლოს განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილება
1.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას 2016 წლის 28 ივლისს სარჩელით მიმართა R.I. S.A-მ (შემდეგში - მოსარჩელე) სს „ს–ის“ (შემდეგში: მოპასუხე, აპელანტი ან კასატორი) მიმართ მიწოდებული პროდუქციის ღირებულების - 33 128,2 ევროს დაკისრების მოთხოვნით.
1.2. 2017 წლის 10 მარტს დანიშნულ სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა მოპასუხე, რის გამოც გამოტანილ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
1.3. საქალაქო სასამართლომ მოსარჩელის მიერ წარდგენილ სარჩელში მითითებული გარემოებები დადგენილად მიიჩნია:
1.4. მოსარჩელე 2013 წლიდან მოპასუხეს ბოთლის სხვადასხვა სახეობის საცობს აწვდიდა, კერძოდ 2014 წლის 31 იანვარს მოთხოვნილი პროდუქციის ოდენობა - 90 000 საცობი იყო, რომლის ღირებულება 3 717 ევროს შეადგენდა; 2014 წლის 7 თებერვალს - 90 000 საცობი, რომლის ღირებულება აგრეთვე 3 717 ევროს შეადგენდა; 2014 წლის 28 თებერვალს მოპასუხეს №10/20140099 და №10/20140100 ინვოისების საფუძველზე მოთხოვნილი პროდუქცია - 500 000 საცობი გაეგზავნა, რომლის ღირებულება 20 000 ევროს, ხოლო 400 000 საცობის ღირებულება -16 520 ევროს შეადგენდა; 2014 წლის 11 თებერვალს მოპასუხეს კვლავ გაეგზავნა 180 000 საცობი, რომლის ღირებულება 7 434 ევრო იყო; ხოლო 2014 წლის 20 თებერვალს მოპასუხეს გაეგზავნა მოთხოვნილი პროდუქცია, 360 000 საცობი, რომლის ღირებულება 14 868 ევრო იყო; მოსარჩელემ 2014 წლის 3 ნოემბერს მიმართა მოპასუხეს არსებული დავალიანების დაფარვის თაობაზე. მოპასუხემ ნაკისრი ვალდებულება ნაწილობრივ შეასრულა და დარჩენილი დავალიანების ოდენობა 33 128.20 ევროა.
1.5. ზემოაღნიშნული დაუსწრებელი გადაწყვეტილება მოპასუხის საჩივრის საფუძველზე 2017 წლის 19 მაისს გაუქმდა და განახლდა საქმის წარმოება.
1.6. თბილისის საქალაქო სასამართლომ მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო 2018 წლის 24 იანვარს განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილება მიიღო და სარჩელი დააკმაყოფილა.
1.7. აღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
1.8. თბილისის სააპელაციიო სასამართლოს 2018 წლის 6 ივნისის განჩინებით, მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა სასამართლოს 2018 წლის 24 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და საქმის წარმოება განახლდა სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე.
1.9. პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმეზე მთავარი სხდომა - 2019 წლის 10 ივლისს 11:00 საათზე დაინიშნა. სასამართლო სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენელი არ გამოცხადდა, რომელმაც სასამართლოს კანცელარიის მეშვეობით ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სასამართლო სხდომის გადადების შესახებ შუამდგომლობა წარადგინა, მოსარჩელე მხარე დაეთანხმა შუამდგომლობას და სასამართლო მთავარი სხდომა გადაიდო 2019 წლის 22 ივლისს 12:00 საათზე.
1.10. სასამართლოს მთავარ სხდომაზე 2019 წლის 22 ივლისს 12:00 საათზე კვლავ არ გამოცხადდა მოპასუხე, რომელმაც იმავე დღეს განცხადებით მიმართა სასამართლოს კანცელარიას და მიუთითა, რომ იმყოფება ბიულეტენზე და ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო უფლებამოსილების სრულყოფილად განხორციელებას ვერ შესაძლებდა.
1.11. სხდომის გადადების შესახებ შუამდგომლობას მოსარჩელემ მხარი არ დაუჭირა, მიიჩნია, რომ მოპასუხე შეგნებულად აჭიანურებდა საქმის დასრულებას და სასამართლოს წინაშე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 230-ე მუხლის შესაბამისად, განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა და სარჩელის დაკმაყოფილება იშუამდგომლა.
1.12. საქალაქო სასამართლომ სსსკ-ის 230.1-ე, 70-78-ე მუხლებზე მიუთითა და აღნიშნა, რომ მოპასუხის წარმომადგენელმა სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის მოტივად ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა. 2019 წლის 10 ივლისს წარდგენილი ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ხელმოწერილი არ არის დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ, ხოლო 2019 წლის 22 ივლისის სხდომის გადადების თაობაზე განცხადებას არ ერთვის წარმომადგენლის ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე შესაბამისი მტკიცებულება. ამასთან, მოპასუხე იურიდიული პირია, რომელსაც შესაძლებლობა აქვს ასეთ შემთხვევაში უზრუნველყოს სხვა წარმომადგენლის მონაწილეობა. გათვალისწინებული იქნა ის ფაქტიც, რომ სასამართლოს კანცელარიაში სხდომის გადადების თაობაზე წარმომადგენლმა განცხადება 2019 წლის 22 ივლისს 09:53 საათზე ჩააბარა, ხოლო სხდომა დანიშნული იყო ამავე დღეს 12 საათზე. სასამართლომ აღნიშნა, რომ მოპასუხის წინააღმდეგ არაერთხელ იქნა მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება. შესაბამისად, მიიჩნია, რომ არ არსებობდა სსსკ-ის 233-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოება.
1.13. საქალაქო სასამართლომ დამტკიცებულად ჩათვალა მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები. ისინი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში - სსკ) 316-ე, 317-ე, 327-ე, 361-ე, 477-ე მუხლების თანახმად, იურიდიულად ამართლებდნენ სასარჩელო მოთხოვნებს, რის გამოც სარჩელი დაკმაყოფილდა.
2. სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები
2.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 28 ივლისის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 22 ივლისის განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
2.2. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, მისი სამართლებრივი შეფასებები და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ, სსსკ-ის 105-ე მუხლის შესაბამისად, საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის შედეგად, სწორად დაადგინა დავის საგანთან მიმართებით არსებითი ფაქტობრივი გარემოებები, ასევე, დავის გადაწყვეტისას მართებულად გამოიყენა და განმარტა მითითებული სამართლის ნორმები.
2.3. სასამართლომ აღნიშნა, რომ აპელანტი სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად საავადმყოფო ფურცელზე ყოფნას მიუთითებდა, რომლის თანახმად, პაციენტს მწვავე ბრონქიტის დიაგნოზი დაესვა, რეჟიმი - ამბულატორიული, 2019 წლის 14 ივლისიდან იმავე წლის 22 ივლისის ჩათვლით.
2.3. სააპელაციო სასამართლომ სსსკ-ის 233.1-ე, 241-ე, 215.3-ე მუხლებზე მიუთითა და განმარტა, რომ სამედიცინო ცნობაში გარკვევით უნდა იკითხებოდეს მხარის ჯანმრთელობის ისეთი მძიმე მდგომარეობა, რომელიც რეალურად შეუშლის ხელს მხარეს გადაადგილებაში და სასამართლოსთან კომუნიკაციაში. აღნიშნული ეჭვს არ იწვევს, როდესაც დგინდება მხარისათვის სტაციონარული სამედიცინო მომსახურების გაწევის ფაქტი ან მკურნალი ექიმის რეკომენდაცია წოლითი რეჟიმის დაცვის თაობაზე. განსახილველ შემთხვევაში, საავადმყოფო ფურცელში მითითებული - ამბულატორიული რეჟიმი, სასამართლოს შეფასებით არ იძლევა ცალსახა დასკვნის გაკეთების საფუძველს იმის შესახებ, რომ წარმომადგენელს არ შეეძლო სასამართლო სხდომაზე გამოცხადება. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ საქმის გადადების შესახებ განცხადება სხდომის დღეს - 22 ივლისს სასამართლოს კანცელარიის მეშვეობით თავად მოპასუხის წარმომადგენლის - კ.ა–ის მიერაა წარდგენილი.
2.4. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა აპელანტის მიერ მითითებულ დოკუმენტებში არსებულ შეუსაბამობაზე, კერძოდ, 2019 წლის 10 ივლისს სასამართლოს კანცელარიაში წარდგენილ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ 2019 წლის 10 ივლისით დათარიღებული ცნობის (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა –100/ა) თანახმად, მოპასუხის წარმომადგენელმა ექიმს 2019 წლის 10 ივლისს მიმართა, ამავე ცნობაში ექიმმა აღნიშნა – „1. თერაპევტის კონსულტაცია – პაციენტს გაეხსნა ს/ფ №454073. იმავე საავადმყოფო ფურცლის თანახმად, წარმომადგენელს დაენიშნა მკურნალობის ამბულატორიული რეჟიმი და, შრომისუუნარობის გამო, სამუშაოდან 2019 წლის 14 ივლისიდან 2019 წლის 22 ივლისის ჩათვლით გათავისუფლდა.
2.5. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ყურადსაღებია განსახილველ საქმეზე ერთხელ გამოტანილი დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომელიც თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ 2018 წლის 6 ივნისის განჩინებით გაუქმდა და საქმე ხელახლა განსახილველად დაბრუნდა ქვემდგომ სასამართლოში. გარდა ამისა, საქმის მასალებით დგინდება, სასამართლო სხდომა პირველი ინსტანციის სასამართლოში არაერთხელ იქნა გადადებული მოპასუხის შუამდგომლობის საფუძველზე. მოპასუხე წარმოადგენს იურიდიულ პირს, რომელიც შეზღუდული არ არის სასამართლოში წარმომადგენლობით აღჭურვოს თავისი თანამშრომელი ან უზრუნველყოს სხვა უფლებამოსილი წარმომადგენლის გამოცხადება სასამართლო სხდომაზე. მოპასუხეს შეეძლო წინდახედულობა გამოეჩნა და სასამართლოში საქმეში მონაწილეობის მისაღებად სხვა უფლებამოსილი წარმომადგენელი მიევლინა. მით უფრო მაშინ, როდესაც კომპანიის კონკრეტული წარმომადგენლის გამოუცხადებლობის გამო არაერთხელ იქნა მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება. მოპასუხემ სარწმუნოდ ვერ დაასაბუთა, რატომ არ ჰქონდა კომპანიას შესაძლებლობა უზრუნველეყო სასამართლო სხდომაზე სხვა უფლებამოსილი წარმომადგენლის მეშვეობით გამოცხადება. ამასთან, არ იქნა გაზიარებული აპელანტის მტკიცება, რომ კომპანიის წარმომადგენელი მისი დაავადებიდან გამომდინარე სასამართლო სხდომის წინა დღეს შეუძლოდ ხდებოდა და შეუძლებელი იყო მოკლე დროში ახალი წარმომადგენლის სხდომაზე გამოცხადება. სასამართლოს განმარტებით, ეს არგუმენტი №454073 საავადმყოფო ფურცლის ჩანაწერს ეწინააღმდეგება, რომლის თანახმად, წარმომადგენელი შრომისუუნარობის გამო სამუშაოდან 2019 წლის 14 ივლისიდან 2019 წლის 22 ივლისის ჩათვლით გათავისუფლდა, სხდომა დანიშნული იყო 2019 წლის 22 ივლისს, შესაბამისად, კომპანიას შეეძლო უზრუნველყო წარმომადგენლის შეცვლა.
2.6. საბოლოოდ სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასება, რომლის თანახმად, მოპასუხეს, როგორც იურიდიულ პირს, შესაძლებლობა ჰქონდა უზრუნველეყო სასამართლო სხდომაზე სხვა წარმომადგენლის დასწრება, რათა სასამართლოში საქმის განხილვის გაჭიანურება თავიდან აეცილებინა. მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებული გარემოებები სსკ-ის 316-ე, 317-ე, 361-ე, 477-ე მუხლების თანახმად იურიდიულად ამართლებდნენ მოსარჩელის მოთხოვნას და ამასთან, არ არსებობდა სსსკ-ის 233-ე მუხლით გათვალისწინებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებები. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად მიიღო განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე.
3. მოპასუხის საკასაციო საჩივრის საფუძვლები
3.1. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ და განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინების გაუქმება მოითხოვა.
3.2. კასატორის განმარტებით, განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვებით, მოპასუხეს შესაძლებლობა მოესპო უკვე წარდგენილი და შემდეგ წარსადგენი მტკიცებულებებით უარეყო სარჩელში მოყვანილი ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები და სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობა გამოერიცხა.
3.3 კასატორის მტკიცებით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა უსაფუძვლოდ არ გაიზიარეს მოპასუხის წარმომადგენლის განცხადება სხდომის გადადების თაობაზე, რადგან მას ჯანმრთელობის მდგომარეობის (დასმული დიაგნოზის - მწვავე ბრონქიტის) გართულების გამო სხდომაზე გამოცხადება არ შეეძლო.
4. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ მოპასუხის საკასაციო საჩივარი წარმოებაში მიიღო სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოპასუხის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:
5. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
6. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.
7. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
8. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ის ფაქტობრივი წანამძღვარი, რომელიც სსსკ-ის 230-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის განმაპირობებელია.
9. საკასაციო საჩივრის დასაბუთებულობის შემოწმების მიზნით, საკასაციო სასამართლო პირველ რიგში განმარტავს მოპასუხის პროცესზე გამოუცხადებლობის, სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულ, სამართლებრივ შედეგებს.
10. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისათვის უნდა არსებობდეს სსსკ-ის 230-ე მუხლის შემადგენლობის ყველა ელემენტი: ა) მოპასუხისათვის საქმის განხილვის შესახებ ინფორმაციის შეტყობინება გონივრულ ვადაში; ბ) მოპასუხის საქმის განხილვაზე გამოუცხადებლობა; გ) გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის არარსებობა; დ) მოსარჩელის შუამდგომლობა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ. აღნიშნული საფუძვლების კუმულატიურად არსებობა ქმნის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის ფორმალურ წინაპირობას (იხ. სუსგ №ას-152-148-2016, 3.06.2016წ)
11. სასამართლო ვალდებულია, შეამოწმოს, ხომ არ არსებობს სსსკ-ის 233-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ, სახეზე ხომ არ არის შემდეგი: ა) გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო სსსკ-ის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით; ბ) სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; გ) გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები; დ) არ არსებობს სარჩელის აღძვრის წინაპირობები.
12. სსსკ-ის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს სსსკ-ის 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის. ამრიგად, კანონმდებელი ავალდებულებს მხარეს, წინასწარ აცნობოს სასამართლოს სხდომაზე მისი გამოცხადების შეუძლებლობისა და მიზეზის შესახებ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ასეთი შეტყობინება სხდომამდე შეუძლებელია. იმ გარემოებათა დამტკიცების ტვირთი, რომლებზეც მიუთითებს მხარე თავის საჩივარში, როგორც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზზე, ეკისრება მომჩივანს, ხოლო გარემოებათა შეფასება იმ თვალსაზრისით, თუ რამდენად საპატიოა მხარის გამოუცხადებლობა – სასამართლოს უფლებამოსილებაა (იხ. სუსგ-ბი: №ას-803-803-2018, 27.09.2018წ; №ას-1410-1330-2017, 30.01.2018წ).
13. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს სააპელაციო სასამართლოს მიერ მოპასუხის მიმართ გამოტანილი განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების მართლზომიერება წარმოადგენს. პრაქტიკაში არ არის გამორიცხული შემთხვევები, როცა მხარე, რომელმაც შეიტანა საჩივარი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის განახლების შესახებ, კვლავ არ გამოცხადდება დანიშნულ დროს იმ სასამართლო სხდომაზე, რომელზეც პირველი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების შემდეგ საქმე განიხილება არსებითად. ასეთ შემთხვევაში, სასამართლო გამოიტანს მის მიმართ განმეორებით (მეორე) დაუსწრებელ გადაწყვეტილებას. განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილება არის გადაწყვეტილება, რომელიც მეორედაა გამოტანილი ერთი და იმავე პირის (მხარე) მიმართ სასამართლო სხდომაზე დაუსწრებლობის გამო (იხ. სუსგ საქმე №ას-953-2020, 2.04.2021წ) .
14. განმეორებითი (მეორე) დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისათვის საჭიროა შემდეგი წინაპირობების არსებობა: ა) იმავე პირის მიმართ, რომელმაც შეიტანა საჩივარი დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე, უკვე არსებობს ერთი დაუსწრებელი გადაწყვეტილება; ბ) მიმდინარეობს სასამართლო სხდომა არა საჩივრის დასაშვებობის შემოწმების მიზნით, არამედ ამ საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების მიზნით, ან სხდომა, რომელზეც დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების შემდეგ განიხილება საქმე არსებითად; გ) არსებობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების ყველა წინაპირობა ანუ არ არსებობს მისი გამოტანისათვის კანონით გათვალისწინებული, ხელისშემშლელი გარემოებები (სსსკ-ის 233-ე მუხლი).
15. სსსკ-ის 242-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, პირველი ინსტანციის სასამართლოს განმეორებით დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე შეიძლება მხოლოდ სააპელაციო საჩივრის შეტანა. სააპელაციო საჩივარი დასაშვებია მხოლოდ ისეთი დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიმართ, რომელიც გამოტანილია განმეორებით დაუსწრებლობის შემდეგ, რის გამოც იგი აღარ შეიძლება გასაჩივრდეს ამ გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოში. ასეთი გადაწყევტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხოლოდ იმ საფუძვლით, რომ არ არსებობდა განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილებისათვის შესაბამისი სამართლებრივი წინაპირობები.
16. საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2017 წლის 10 მარტს დანიშნულ სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა მოპასუხე, რის გამოც გამოტანილ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე; დაუსწრებელი გადაწყვეტილება მოპასუხის საჩივრის საფუძველზე 2017 წლის 19 მაისს გაუქმდა და საქმის წარმოება განახლდა; თბილისის საქალაქო სასამართლომ მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო, 2018 წლის 24 იანვარს განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილება მიიღო და სარჩელი დაკმაყოფილდა; გადაწყვეტილება მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა; თბილისის სააპელაციიო სასამართლოს 2018 წლის 6 ივნისის განჩინებით, მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა სასამართლოს 2018 წლის 24 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და საქმის წარმოება განახლდა სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე; პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმეზე მთავარი სხდომა - 2019 წლის 10 ივლისს 11:00 საათზე დაინიშნა. სასამართლო სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენელი არ გამოცხადდა, რომელმაც სასამართლოს კანცელარიის მეშვეობით ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სასამართლო სხდომის გადადების შესახებ შუამდგომლობა წარადგინა, მოსარჩელე დაეთანხმა შუამდგომლობას და სასამართლოს მთავარი სხდომა 2019 წლის 22 ივლისს 12:00 საათზე გადაიდო; 2019 წლის 22 ივლისს 12:00 საათზე, სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოპასუხე კვლავ არ გამოცხადდა, რომელმაც იმავე დღეს განცხადებით მიმართა სასამართლოს კანცელარიას და მიუთითა, რომ იმყოფება ბიულეტენზე და ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო უფლებამოსილებას ვერ განახორციელებდა.
17. მოპასუხე სასამართლოს სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობას ასახელებს. სსსკ-ის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. კანონმდებლის აღნიშნული მითითებები ემყარება მხარეთა თანასწორობის პრინციპს, რადგანაც შეჯიბრებითი სამოქალაქო საპროცესო სამართლის ფარგლებში სასამართლო მხოლოდ მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ფარგლებში ადგენს ფაქტებს და ახდენს მათ სამართლებრივ შეფასებას.
18. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს წინამდებარე განჩინების 2.4-2.7 ქვეპუნქტებში სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაში ასახულ მსჯელობებსა და შემაჯამებელ დასკვნას მოპასუხის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის არ არსებობის თაობაზე.
19. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სწრაფი, ეკონომიური და ეფექტიანი მართლმსაჯულების განხორციელება როგორც სასამართლო ხელისუფლების, ისე სამართალწარმოების მონაწილე პირთა პასუხისმგებლობაა და საამისოდ ყველა ლეგიტიმური შესაძლებლობის გამოყენებაა საჭირო, რაც თანაბრად უზრუნველყოფს მხარეთა თანასწორობას საქმის განხილვის ყველა ეტაპზე და ხელს შეუწყობს სასამართლოში საქმეთა განხილვის გაჭიანურების არიდებას. სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დამკვიდრებულია პრინციპი, რომლის თანახმად მხარეებს (ფიზიკურ თუ იურიდიულ პირებს), შეუძლიათ საქმე აწარმოონ სასამართლოში როგორც პირადად, აგრეთვე წარმომადგენლის მეშვეობით. სასამართლო წარმომადგენლობა ესაა კანონით გარანტირებული შესაძლებლობა მხარემ აწარმოოს საქმე სასამართლოში წარმომადგენლის მეშვეობით. სასამართლო წარმომადგენელი არის პირი, რომელიც ასრულებს სასამართლოში მარწმუნებლის სახელით და მისი ინტერესების შესაბამისად ყველა იმ საპროცესო მოქმედებას, რაც გათვალისწინებულია კანონით და მარწმუნებლის მიერ გაცემული მინდობილობით. სასამართლო წარმომადგენლობა დაიშვება უკლებლივ ყველა საქმეზე, რომელიც სასამართლოს ექვემდებარება უწყებრივად. წარმოშობის საფუძვლების მიხედვით განასხვავებენ: ა) ნებაყოფლობით ანუ სახელშეკრულებო წარმომადგენლობას; ბ) იურიდიული პირის წარმომადგენლობას; გ) კანონისმიერ წარმომადგენლობას. ნებაყოფლობითი (სახელშეკრულებო) წარმომადგენლობა წარმოიშობა მხარეთა თავისუფალი ნების საფუძველზე დავალების ხელშეკრულების დადებით (სსკ-ის 709-ე მუხლი). სსსკ-ის 96-ე მუხლი ითვალისწინებს წარმომადგენლის უფლებამოსილების გაფორმების პროცედურებს, ხოლო სსსკ-ის 98-ე მუხლი კი, ითვალისწინებს წარმომადგენლის უფლებამოსილების ფარგლებს. (იხ. ზ.ძლიერიშვილი, სამოქალაქო საპროცესო სამართალი, ნაწილი I, ავტორთა კოლექტივი, თბილისი, 2014, გვ.180-199).
20. სსსკ-ის 93-ე მუხლის თანახმად, მოქალაქეებს შეუძლიათ საქმე აწარმოონ სასამართლოში პირადად, ხოლო იურიდიულ პირებს ან სხვა ორგანიზაციებს - იმ თანამდებობის პირის მეშვეობით, რომელსაც წესდებით ან დებულებით შეუძლია ამ იურიდიული პირისა თუ ორგანიზაციის სახელით იმოქმედოს. მხარეებს, შეუძლიათ აგრეთვე საქმე აწარმოონ სასამართლოში წარმომადგენლის მეშვეობით. საქმის წარმოება წარმომადგენლის მეშვეობით არ ართმევს უფლებას მხარეებს თვითონაც პირადად მიიღონ მონაწილეობა საქმეში.
21. საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებსაც, რომ მოპასუხე იურიდიული პირია, რომელსაც მისი სტატუსიდან გამომდინარე, ფიზიკური პირისგან განსხვავებული პასუხისმგებლობითა და სტანდარტით მოეთხოვება იმ რისკების მაქსიმალურ დონემდე შემცირება, რომლის გაუთვალისწინებლობამაც შესაძლოა გარკვეული სამართლებრივი პრობლემების წინაშე დააყენოს კომპანია. იმ შემთხვევაშიც კი, თუკი სასამართლო გაიზიარებდა მოპასუხის არგუმენტაციას სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიოობის თაობაზე, მოპასუხეს (კომპანიას) გონივრული წინდახედულობის ფარგლებში არახელსაყრელი შედეგის თავიდან ასაცილებლად, შეეძლო სასამართლოში საქმე სხვა წარმომადგენლის მეშვეობით ეწარმოებინა, რაც მხარეს არ შეუსრულებია.
22. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო სამართალწარმოებაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტი უზრუნველყოფს მხარეთა მიერ საპროცესო ვალდებულებების შესრულებისადმი პატივისცემისა და მათი პასუხისმგებლობის დონის ამაღლებას. ის ემსახურება საპროცესო დისციპლინის განმტკიცებას და პროცესის გამარტივებას. აქედან გამომდინარე, ეს ინსტიტუტი სსსკ-ის მე-3 და მე-4 მუხლებით განმტკიცებული სამართალწარმოების ფუნდამენტური პრინციპების რეალიზაციაა. თუ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისას კანონით გათვალისწინებული წინაპირობები დაცულია, მისი გაუქმება სათანადო დასაბუთების გარეშე დაუშვებელია (შდრ. სუსგ №ას-964-929-16, 6.03.2017წ).
23. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტი მიზნად ისახავს სასამართლოს ეფექტიან საქმიანობას, სასამართლო დავების სწრაფად და გაჭიანურების გარეშე გადაწყვეტას, მხარეთა „იძულებას“, განახორციელონ საპროცესო კანონით მინიჭებული უფლებები - საქმის განხილვაში მიიღონ აქტიური მონაწილეობა და ხელი შეუწყონ სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანაში. დაუსწრებელი გადაწყვეტილება, თავისი იურიდიული ბუნებით, წარმოადგენს ერთგვარ სანქციას იმ მხარისათვის, რომელიც არ ცხადდება საქმის განხილვაზე (სსსკ-ის 229-ე, 230-ე, 231-ე, 232-ე მუხლები) ანდა არ ახორციელებს თავის საპროცესო უფლებებს (სსსკ-ის 2321 მუხლი), რითაც ქმნის ვარაუდს, რომ მან დაკარგა ინტერესი, შეეწინააღმდეგოს მის მიმართ აღძრულ სარჩელს (პრეზუმფცია). ასეთ შემთხვევაში მტკიცებულებათა გამოკვლევა არ ხდება, არამედ, კანონის ძალით სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები უპირობოდ დადასტურებულად მიიჩნევა და თუ მათი ერთობლიობა ქმნის იმ სამართლებრივი შედეგის დადგომის შესაძლებლობას, რაც სარჩელით არის მოთხოვნილი, საქმის განმხილველი მოსამართლე გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას (საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 17.03.2016წ. განჩინება საქმეზე N121-117-2016).
24. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ყოველი უფლება, მათ შორის, საპროცესოსამართლებრივი, გამოყენებული უნდა იქნას მართლზომიერად და კეთილსინდისიერად. მართალია, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ითვალისწინებს მხარის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლო სხდომის გონივრული ვადით გადადებას, თუმცა არ ნიშნავს ვადის გაგრძელებას დაუსრულებლად და უსაფუძვლოდ. სასამართლო საქმეს იხილავს მხარეთა თანასწორობის პრინციპის დაცვით და ამა თუ იმ მხარის მიმართ რაიმე შეღავათის გავრცელებისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს მეორე მხარის ინტერესები. სასამართლომ მხარეთა ინტერესებისა და განსახილველი შუამდგომლობის საფუძვლიანობის ბალანსის საფუძველზე უნდა გადაწყვიტოს მითითებული საკითხი, რათა დაუსაბუთებლად არ შეილახოს მეორე მხარის უფლებები (იხ. სუსგ Nას-505-508-2018, 6.07.2018წ).
25. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სასამართლოს მიერ ერთი და იმავე მიზეზით სხდომის მრავალჯერ გადადება დაარღვევდა არა მხოლოდ შეჯიბრებითობის პრინციპს, რითაც მოწინააღმდეგე მხარის ინტერესები ილახება, არამედ გამოიწვევდა პროცესის გაჭიანურებასაც, რაც სასამართლოს მიერ საქმის განხილვისათვის კანონით დადგენილი ვადის დარღვევის წინაპირობაა.
26. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გამოვლენილია სსსკ-ის 230-ე მუხლის შემადგენლობის ყველა ელემენტი. ამასთან, არ იკვეთება ხსენებული მუხლის მეორე ნაწილით განსაზღვრული, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის განმაპირობებელი გარემოება. ასევე აღსანიშნავია, რომ საქმეზე სსსკ-ის 233-ე მუხლით გათვალისწინებული, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი არცერთი გარემოება არ დადგენილა.
27. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სარჩელის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის გზით დააკმაყოფილებისთვის, მოსამართლე ვალდებულია გამოარკვიოს, კანონის ძალით დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები ამართლებს თუ არა იურიდიული თვალსაზრისით მოთხოვნას. მოთხოვნის იურიდიული მართებულობის კვლევა, თავის მხრივ, მოიაზრებს მოსარჩელის მოთხოვნის მარეგულირებელი მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის სწორად განსაზღვრას და იმის უტყუარად დადგენას, სარჩელში მითითებული და კანონის ძალით დადგენილად მიჩნეული გარემოებების სამართლებრივი შეფასება იძლევა თუ არა მოთხოვნის მარეგულირებელი მატერიალური ნორმის შემადგენლობას.
28. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების ფარგლებში არ ხდება საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასება, სასამართლოს მიერ მოწმდება მხოლოდ ფაქტობრივი გარემოებებისა და სასარჩელო მოთხოვნის ურთიერთმიმართება. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება შეიცავს მსჯელობას იმის შესახებ, რომ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას.
29. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილების შეფასებისას სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს მიღებულ გადაწყვეტილებაზე არსებითად, რამდენადაც, როგორც უკვე აღინიშნა, სასამართლო განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისას არ იხილავს მტკიცებულებებს და არ შედის მათ კვლევაში, არამედ სასამართლოს მსჯელობის საგანია სარჩელის შინაარსიდან გამომდინარე, სარჩელში მითითებული ფაქტები იურიდიულად ამართლებს თუ არა სასარჩელო მოთხოვნას.
30. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 361-ე-477-ე მუხლებზე დაყრდნობით საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად, სწორად შეაფასა დადგენილად მიჩნეულ გარემოებებთან მიმართებით სასარჩელო მოთხოვნის მართებულობა, შესაბამისად, გამოკვეთილია პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების სამართლებრივი საფუძველი.
31. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
32. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისგან.
33. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს. შესაბამისად, უარყოფილია საკასაციო განაცხადის დასაშვებად ცნობა და უცვლელად უნდა დარჩეს სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გასაჩივრებული განჩინება.
34. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სს "ს–ის" საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. სს "ს–ს" (ს/კ ......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 5018,90 ლარის (საგადახდო დავალება N1366898, გადახდის თარიღი 2022 წლის 4 თებერვალი), 70% – 3513,23 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ნ. ბაქაქური