საქმე №ას-156-2022 18 აპრილი, 2022 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლაშა ქოჩიაშვილი, თეა ძიმისტარაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორები – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტო (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „დ–ი“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 20 იანვრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი - სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტომ (შემდგომში - „მოსარჩელე“, „აპელანტი“, „სააგენტო“, ან „კერძო საჩირის ავტორი“) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „დ–ის“ (შემდგომში - „მოპასუხე“) მიმართ პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე.
2. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
4. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 20 იანვრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად დაუშვებლობის გამო.
6. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, აპელანტი სსსკ-ის 46-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტს წარმოადგენს, შესაბამისად, მას გადაწყვეტილება სსსკ-ის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით გაეგზავნა და ჩაბარდა 2021 წლის 15 დეკემბერს.
7. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სსსკ-ის მე-60, 61-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ სააპელაციო საჩივრის შეტანის 14-დღიანი ვადის ათვლა მოსარჩელისათვის დაიწყო 2021 წლის 16 დეკემბერს და ამოიწურა 2021 წლის 29 დეკემბერს. საქმის მასალების თანახმად, სააპელაციო საჩივარი სასამართლო სისტემის ელექტრონული პროგრამის მეშვეობით წარდგენილია 2021 წლის 30 დეკემბერს, რაც დასტურდება საჩივრის ელექტრონულად ხელმოწერისა და მისი რეგისტრაციაში გატარების თარიღით.
8. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე შეტანილია კანონით დადგენილი საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, რის გამოც იგი განუხილველად უნდა დარჩეს.
9. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ წარადგინა კერძო საჩივარი, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა.
10. კერძო საჩივრის ავტორმა მიუთითა გასაჩივრებული განჩინების გაუქმების შემდეგ საფუძვლებზე:
10.1. განსახილველ საქმეზე, სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე კანონით დადგენილ ვადაში მომზადდა და მატერიალურად გაიგზავნა ფოსტის მეშვეობით. სააპელაციო საჩივარი ფოსტაში წარდგენილია 2021 წლის 29 დეკემბერს, რაც დასტურდება მტკიცებულებით;
10.2. კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ გაუგებარია რა მიზეზით არ ჩაბარდა სასამართლოს მატერიალურად გაგზავნილი დოკუმენტი, რამდენადაც თბილისის სააპელაციო სასამართლო 2022 წლის 20 იანვრის განჩინების მიღებისას დაეყრდნო სააგენტოს მიერ სასამართლო სისტემის ელექტრონული პროგრამის მეშვეობით წარდგენილ სააპელაციო საჩივარს;
10.3. კერძო საჩივრის ავტორმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 20 იანვრის განჩინების მიღების შემდგომ მიმართა ფოსტას და გამოითხოვა ინფორმაცია გზავნილის ადრესატისათვის ჩაბარების შესახებ. მტკიცებულება ადასტურებს იმ ფაქტს, რომ სააგენტოს არ დაურღვევია სსსკ-ის 369-ე მუხლის მოთხოვნები, რამდენადაც სააპელაციო საჩივარი ფოსტას 2021 წლის 29 დეკემბერს ჩაბარდა.
11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 18 თებერვლის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
12. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს.
13. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ: ა) საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა; ბ) არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა.
14. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს სააპელაციო სასამართლოს მიერ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების მართლზომიერების შეფასება წარმოადგენს.
15. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის მიხედვით, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.
16. ამავე კოდექსის 2591 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
17. მოცემულ შემთხვევაში, აპელანტი/კერძო საჩივრის ავტორი წარმოადგენს სსსკ-ის 46-ე მუხლის მიხედვით გათვალისწინებულ სუბიექტს.
18. საქმის მასალებით დასტურდება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილება აპელანტს 2021 წლის 13 დეკემბერს გაეგზავნა და ამავე წლის 15 დეკემბერს ჩაბარდა (იხ ს.ფ. 233-234). შესაბამისად, სსსკ-ის მე-60 და 61-ე მუხლების მიხედვით, სააპელაციო საჩივრის შეტანის 14-დღიანი ვადის ათვლა მოსარჩელისათვის დაიწყო 2021 წლის 16 დეკემბერს და ამოიწურა 2021 წლის 29 დეკემბერს.
19. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 20 იანვრის განჩინება ეყრდნობა მოსარჩელის მიერ სასამართლო სისტემის ელექტრონული პროგრამის მეშვეობით წარდგენილ სააპელაციო საჩივარს. სააპელაციო საჩივრის ელექტრონული ხელმოწერისა და მისი რეგისტრაციაში გატარების თარიღის მიხედვით იგი სააპელაციო სასამართლოში 2021 წლის 30 დეკემბერს იქნა წარდგენილი.
20. საქართველოს უზენაესი სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს საქმის მასალებში არსებულ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 2 თებერვლის მიმართვაზე, რომლითაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს სააგენტოს სააპელაციო საჩივარი მატერიალური სახით გაეგზავნა (იხ. ს.ფ. 262-282). სააპელაციო საჩივარს ერთვის, როგორც ბილი, ასევე, კონვერტი. ორივე დოკუმენტზე არსებული სარეგისტრაციო შტამპით ირკვევა (იხ. ს.ფ. 281-282), რომ სააპელაციო საჩივარი ფოსტას 2021 წლის 29 დეკემბერს ჩაბარდა.
21. სსსკ-ის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება. აღნიშნული მუხლიდან გამომდინარე, საქართველოს უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ სააპელაციო საჩივარი სსსკ-ის 369-ე მუხლით გათვალისწინებული საპროცესო ვადის დაცვით წარადგინა.
22. ზემოაღნიშნული ნორმებისა და წარმოდგენილი მტკიცებულების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და აპელანტების სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების ეტაპიდან საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 20 იანვრის განჩინება და საქმე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების ეტაპიდან ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ა. ძაბუნიძე
მოსამართლეები: ლ. ქოჩიაშვილი
თ. ძიმისტარაშვილი