Facebook Twitter

09 მარტი, 2022 წელი

№ას-23-2021 ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ამირან ძაბუნიძე

რევაზ ნადარაია

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - შ.პ.ს. „ა–ი“

მოწინააღმდეგე მხარე - ნ.ს–ძე

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 29 ოქტომბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი - სახელფასო დავალიანების ანაზღაურება, ხელფასის დაყოვნებისთვის პირგასამტეხლოს დაკისრება, დისკრიმინაციის ფაქტის დადგენა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილებით ნ.ს–ძის სარჩელი შ.პ.ს. „ა–ის“ მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა სახელფასო დავალიანების ანაზღაურება - 141645.50 ლარის ოდენობით. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა სახელფასო დავალიანების დაყოვნებისათვის, 2015 წლის 01 იანვრიდან - 2019 წლის 01 ნოემბრამდე დარიცხული პირგასამტეხლოს გადახდა - 86609.54 ლარის ოდენობით. მოსარჩელის მოთხოვნა დისკრიმინაციის ფაქტის დადგენის შესახებ, არ დაკმაყოფილდა.

2. ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხე კომპანიის დირექტორმა - რუსლან ხიმიჩიმ.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 29 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად, შემდეგ გარემოებათა გამო:

3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 23 ივლისის განჩინებით, მოპასუხეს სააპელაციო საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი და განესაზღვრა 10 დღის ვადა სახელმწიფო ბაჟის - 7000 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის ან იმ მტკიცებულებების წარდგენისათვის, რომელთა მეშვეობითაც სასამართლოს მიეცემოდა შესაძლებლობა ემსჯელა კომპანიისათვის სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადებასთან დაკავშირებით.

3.2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 23 ივლისის ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება 2021 წლის 8 ოქტომბერს პირადად გადაეცა კომპანიის წარმომადგენელს - ნ.ტ–ვას (იხ. მინდობილობა ს.ფ. 313). შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების საფუძველზე, ხარვეზის შევსებისათვის განსაზღვრული 10 - დღიანი საპროცესო ვადის ათვლა დაიწყო 2021 წლის 9 ოქტომბერს და ამოიწურა იმავე წლის 18 ოქტომბერს. აღნიშნულ ვადაში სააპელაციო საჩივრის ავტორს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე განცხადებით მიუმართავს სასამართლოსთვის, შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და ამავე კოდექსის 374-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა.

4. სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ და მოითხოვა მისი გაუქმება, იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლომ სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის გამო უსაფუძვლოდ დატოვა განუხილველად სააპელაციო საჩივარი. აპელანტის მძიმე ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით (რაც ამ უკანასკნელმა შესაბამისი მტკიცებულებებით დაადასტურა), სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის შესაბამისად, არსებობდა სასამართლოს მიერ აპელანტისათვის სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების წინაპირობა.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ კერძო საჩივარი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-416-ე მუხლების საფუძველზე, მიღებული იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

6. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

7. წინამდებარე კერძო საჩივრის ფარგლებში საკასაციო პალატის მსჯელობის საგანია ხარვეზის შეუვსებლობის გამო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების მართლზომიერების საკითხი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ, განსახილველ შემთხვევაში, სწორად იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილით, რომლის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.

8. გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ აპელანტმა ხარვეზი არ შეავსო სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. საჩივრის ავტორის განმარტება, რომ სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის აღმოუფხვრელობა, ფინანსური პრობლემებით იყო განპირობებული, რის გამოც სახელმწიფო ბაჟის გადახდა უნდა გადავადებოდა, დაუსაბუთებელია, რადგან თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 23 ივლისის განჩინებით განემარტა აპელანტს, რომ სააპელაციო საჩივარზე თანდართული მტკიცებულება არ ქმნიდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების საფუძველს და ქონებრივი მდგომარეობის ამსახველი უტყუარი მტკიცებულების არარსებობის პირობებში სასამართლო არ იყო უფლებამოსილი დაეკმაყოფილებინა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შუამდგომლობა. ხარვეზის შესავსებად სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში აპელანტს შეეძლო შუამდგომლობით მიემართა სასამართლოსათვის, დამატებით წარედგინა სახელმწიფო ბაჟის გადახდის შეუძლებლობის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება, რაც არ განუხორციელებია და არც სახელმწიფო ბაჟის გადახდით გამოუსწორებია სასამართლოს მიერ სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზი.

9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. ამ ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს შესაბამისი მოქმედების შესრულების უფლებას.

10. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს. განსახილველ შემთხვევაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ხარვეზის დადგენის შესახებ 2021 წლის 23 ივლისის განჩინება, აპელანტის წარმომადგენელს ჩაბარდა 2021 წლის 8 ოქტომბერს (იხ. ს.ფ. 382), შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების მიხედვით, ხარვეზის შესავსებად დადგენილი 10 - დღიანი ვადის ათვლა, მოცემულ შემთხვევაში, 2021 წლის 9 ოქტომბერს დაიწყო და იმავე წლის 18 ოქტომბერს დასრულდა, თუმცა აღნიშნულ ვადაში, როგორც ზემოთ აღინიშნა, აპელანტს ხარვეზი არ შეუვსია და არც რაიმე შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსთვის.

11. კერძო საჩივრის ავტორი აპელირებს იმ გარემოებაზე, რომ, განსახილველ შემთხვევაში, არსებობდა სახელმწიფო ბაჟის გადავადების საფუძველი, რის გამოც, სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ დატოვა სააპელაციო საჩივარი განუხილველად. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია, ერთ ან ორივე მხარეს გადაუვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა, ანდა შეამციროს მათი ოდენობა, თუ მხარე სასამართლოს უტყუარ მტკიცებულებებს წარუდგენს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი და 103-ე მუხლის პირველი ნაწილი მხარეს ავალდებულებს, სასამართლოს წარუდგინოს მის მიერ მითითებული გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები. მოცემულ შემთხვევაში, აპელანტს სასამართლოსთვის არ წარუდგენია სათანადო მტკიცებულებები, რომლებიც დაასაბუთებდა მისთვის სახელმწიფო ბაჟის გადავადების საფუძვლებს, აპელანტი მიუთითებდა, რომ კომპანიის მთელ ქონებაზე რეგისტრირებული იყო საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ განუმარტა აპელანტს, რომ საგადასახადო დავალიანების მოცულობის ფარგლებში ხდებოდა უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება, სააპელაციო საჩუივარზე თანდართული დოკუმენტებით არ იკვეთებოდა, რას შეადგენდა საგადასახადო დავალიანების მოცულობა და გამოყენებული საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება რამდენად უზღუდავდა აპელანტს სახელმწიფო ბაჟის გადახდის შესაძლებლობას. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ აპელანტს (მოპასუხეს) სწორად დაუდგინა სააპელაციო საჩივარზე ხარვეზი.

12. ამრიგად, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ კერძო საჩივრის ავტორს სააპელაციო პალატის მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში ხარვეზი არ გამოუსწორებია, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე (შდრ. სუსგ-ები: № ას-200-2019, 2019 წლის 26 მარტის განჩინება; № ას-884-824-2017, 2017 წლის 12 სექტემბრის განჩინება; № ას-558-533-2016, 2016 წლის 15 ივლისის განჩინება).

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შ.პ.ს. „ა–ი“-ს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 29 ოქტომბრის განჩინება.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე

რევაზ ნადარაია