02 მარტი, 2022 წელი
№ას-1262-2021 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ამირან ძაბუნიძე
რევაზ ნადარაია
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - ს.ს.ი.პ. სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო
მოწინააღმდეგე მხარე - გ.ბ–ძე
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 20 ოქტომბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოში დაბრუნება
დავის საგანი - ბრძანების ბათილად ცნობა, განაცდურის ანაზღაურება, სამსახურში აღდგენა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 25 მაისის გადაწყვეტილებით გ.ბ–ძის სარჩელი მოპასუხე ს.ს.ი.პ. სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიმართ დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი ს.ს.ი.პ. სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის 2020 წლის 7 სექტემბრის №18/49135 გადაწყვეტილება; მოსარჩელე აღდგენილ იქნა ს.ს.ი.პ. სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე; ს.ს.ი.პ. სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა იძულებითი განაცდურის ანაზღაურება ყოველი მოცდენილი თვისთვის 4 500 ლარის ოდენობით (გადასახადების ჩათვლით), 2020 წლის 8 სექტემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, 9 000 ლარის (გადასახადების ჩათვლით) გამოკლებით.
2. ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა ს.ს.ი.პ. სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 20 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად, შემდეგ გარემოებათა გამო:
3.1. სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე, 2591, 46-ე მუხლებზე, ასევე, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტსა და ამავე მუხლის პირველი პუნქტის "ს1“ ქვეპუნქტზე მიუთითა და აღნიშნა, რომ კონკრეტულ შემთხვევაში დავის საგანი სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებაა. ვინაიდან, დავა გამომდინარეობს შრომითი ურთიერთობიდან, მოცემულ შემთხვევაში ს.ს.ი.პ. სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო არ წარმოადგენს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლისა და „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონით სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულ სუბიექტს, შესაბამისად მასზე არ ვრცელდება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაწესი.
3.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში, 2021 წლის 25 მაისს გამართულ სასამართლო სხდომაზე (რომელზეც გამოცხადდა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი), მართალია არ ესწრებოდა ს.ს.ი.პ. სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი, თუმცა კანონით დადგენილი წესით მისთვის ცნობილი იყო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების დრო და ადგილი (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი, ტ.1. ს.ფ. 261-267). შესაბამისად, იგი ვალდებული იყო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 (14.06.2021 წ.) და არა უგვიანეს 30 (24.06.2021 წ.) დღისა გამოცხადებულიყო სასამართლოში და ჩაებარებინა გადაწყვეტილების ასლი.
3.3. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხე - ს.ს.ი.პ. სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელს სასამართლოსათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების მოთხოვნით სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა სასამართლოსთვის არ მიუმართავს. პალატის დასკვნით, მართალია 2021 წლის 25 ივნისს (გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 31-ე დღეს) მოპასუხეს გაეგზავნა დასაბუთებული გადაწყვეტილება (ტ.1. ს.ფ. 304) და ჩაბარდა 2021 წლის 20 ივლისს (ტ.1.ს.ფ. 340), თუმცა მოპასუხისათვის გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყო არა დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან, არამედ გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ანუ, სააპელაციო საჩივრის შეტანის პირველი დღე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად იყო 2021 წლის 25 ივნისი, ხოლო ვადის უკანასკნელი დღე - 2021 წლის 08 ივლისი (სამუშაო დღე). საქმის მასალებით დგინდებოდა, რომ ს.ს.ი.პ. სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ სააპელაციო საჩივარი დაგვიანებით წარადგინა (ფოსტას ჩააბარა 2021 წლის 02 აგვისტოს, ტ.2. ს.ფ 7-84), რაც მისი განუხილველად დატოვების საფუძველი იყო.
4. სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა ს.ს.ი.პ. სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ და მოითხოვა მისი გაუქმება, შემდეგი საფუძვლებით:
4.1. ს.ს.ი.პ. სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო წარმოადგენს სწორედ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტს, რომელიც თავისუფლდება სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, მართალია სახელმწიფო ქონებასთან დაკავშირებულ დავებზე, თუმცა ვინაიდან იგი სწორედ ამ მუხლით გათვალისწინებული ერთ-ერთი სუბიექტია, რომელიც თავისუფლდება სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, სასამართლო ვალდებულია გაუგზავნოს და ჩააბაროს მას სასამართლოს გადაწყვეტილება.
4.2. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის მე-2 ნაწილი თავისი სტრუქტურით ბლანკეტური შინაარსის ნორმაა, რომელიც დათქმას აკეთებს ამავე კოდექსის 46-ე მუხლზე, სადაც ჩამოთვლილია პირები, რომლებიც თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, შესაბამისად, სასამართლოს მიერ თავისი ინიციატივით გადაწყვეტილების ჩაბარების ვალდებულების გამორკვევის მიზნებისათვის მთავარია დადგინდეს, წარმოადგენს თუ არა რომელიმე მხარე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტს და არა ის ფაქტი, თუ რა ნაწილში და რომელი კატეგორიის დავებში არის შესაძლებელი გათავისუფლდეს ეს პირი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
4.3. ზემოღნიშნულს ადასტურებს ის გარემოებაც, რომ განსახილველ დავაზე, პირველი ინსტანციის სასამართლომ თავისი ინიციატივით გაუგზავნა სააგენტოს გადაწყვეტილება, უფრო მეტიც, სააგენტოს წარმომადგენელსა და სასამართლოს მოხელეს შორის არაერთი სატელეფონო კომუნიკაციის გათვალისწინებით, პირველი ინსტანციის სასამართლო ატყობინებდა სააგენტოს წარმომადგენელს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილება ჯერ მზად არ იყო და როგორც კი მომზადდებოდა, სასამართლო თავად გაუგზავნიდა მას ადმინისტრაციულ ორგანოს.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ კერძო საჩივარი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-416-ე მუხლების საფუძველზე, მიღებული იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო, კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, გასაჩივრებული განჩინება კი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს/კერძო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
7. წინამდებარე კერძო საჩივრის ფარგლებში საკასაციო პალატის მსჯელობის საგანია სააპელაციო სასამართლოს განჩინების მართლზომიერების საკითხი, რომლითაც სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ აპელანტმა დაარღვია სააპელაციო საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადა.
8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.
9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის პირველი ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის დენა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიწყება, თუ მხარე ამავე მუხლით განსაზღვრულ ვადაში სასამართლოში არ გამოცხადდება და გადაწყვეტილებას არ ჩაიბარებს (სუსგ. №ას-873-2018, 31.01.2019წ.). გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების ინსტიტუტი მოიცავს როგორც უშუალოდ დაინტერესებული მხარისათვის (ან მისი წარმომადგენლისათვის) გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებას, ასევე ამ ჩაბარების ფაქტის არსებობის პრეზუმფციასაც, რაზეც ვრცელდება საპროცესო ვადის გამოთვლის ერთიანი საპროცესო წესი (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლი).
11. ამდენად, გასაჩივრების მსურველ მხარეს გააჩნია არა უფლება, არამედ ვალდებულება ჩაიბაროს გასასაჩივრებელი გადაწყვეტილება. ამ ვალდებულების შეუსრულებლობა აისახება მხოლოდ უშუალოდ მხარის მიერ გადაწყვეტილების გასაჩივრების წესზე. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის შინაარსი არ შეიძლება გაგებულ იქნეს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების გარეშე. განსახილველი ნორმა აწესრიგებს გასაჩივრების უფლების წარმოშობის წინაპირობებს, გასაჩივრების ვადის დენის დაწყებას კი აწესრიგებს იმავე კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესი (საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 30.12.2014წ. განჩინება, საქმეზე №ას-1161-1106-2014). საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილით, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში.
12. საქმეში წარმოდგენილი მასალებით დასტურდება და არც კერძო საჩივრით არის სადავო, რომ აპელანტის წარმომადგენელი ესწრებოდა თბილისის საქალაქო სასამართლოში 28.04.2021 წელს გამართულ სხდომას, რომელზეც დადგინდა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების თარიღი - 25.05.2021 წელი. (იხ. 28.04.2021წ. სხდომის ოქმი, ტ.1, ს.ფ. 261-266). მოპასუხისათვის ცნობილი იყო საქმის განხილვის შედეგი, გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება, წესი და ვადა. მის მიერ 2021 წლის 02 ივლისს წარდგენილია საჩივარი გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის შესახებ 2021 წლის 28 ივნისის განჩინებაზე (ტომი 1, ს.ფ. 317-329). მოპასუხეს (აპელანტს) გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა (24.06.2021წ.), სასამართლოსათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების მოთხოვნით არ მიუმართავს.
13. საქმეში არსებული მასალების მიხედვით, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ 2021 წლის 25 ივნისს აპელანტს გაეგზავნა გადაწყვეტილება, რომელიც ამ უკანასკნელს ჩაბარდა იმავე წლის 20 ივლისს (იხ. ტ.1, ს.ფ. 340).
14. საფოსტო ბილით დასტურდება, რომ აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარი ფოსტას ჩაბარდა 02.08.2021 წელს (იხ. ტ,2 ს.ფ. 84).
15. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველ ნაწილში ჩამოთვლილია იმ სუბიექტთა წრე, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლდებიან, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, კანონით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან მხარეთა გათავისუფლების სხვა შემთხვევებიც. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის თანახმად, საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან, დაწესებულებები (ორგანიზაციები), რომელთა ხარჯები ფინანსდება მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან - ყველა საქმეზე.
16. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის "ს1“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდება - სახელმწიფო ქონებასთან დაკავშირებულ დავაზე.
17. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ ვინაიდან მოცემული სამოქალაქო საქმის დავის საგანს წარმოადგენს სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება და შესაბამისად, დავა გამომდინარეობს შრომითი ურთიერთობიდან, ს.ს.ი.პ. სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო არ წარმოადგენს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლისა და „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონით სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულ სუბიექტს, შესაბამისად მასზე არ უნდა გავრცელებულიყო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაწესი.
18. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
19. განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან აპელანტისთვის ცნობილი იყო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების თარიღი - 25.05.2021წ., საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის პირველი ნაწილის, ამავე კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის, მე-60 და 61-ე მუხლების მიხედვით, გასაჩივრების 14 - დღიანი ვადის ათვლა დაიწყო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების 30-ე დღის მომდევნო დღიდან და ამოიწურა 08.07.2021 წელს. მოპასუხემ კი, სააპელაციო საჩივარი წარადგინა 02.08.2021წელს, საპროცესო ვადის დარღვევით.
20. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ იმ შემთხვევაში, თუ მოპასუხე შეასრულებდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591-ე მუხლით მისთვის დაკისრებულ ვალდებულებას და გამოცხადდებოდა სასამართლოში დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარების მიზნით, ხოლო სასამართლო ვერ უზრუნველყოფდა მისთვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებას განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უგვიანეს 30-ე დღისა, მაშინ გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყებოდა იმ დღიდან, როდესაც სასამართლო ჩააბარებდა მხარეს დასაბუთებულ განჩინებას. საქმეში არსებული მასალებით არ დასტურდება ის გარემოება, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ ვადაში მოპასუხემ მოითხოვა დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარება, ასევე არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება იმისა, რომ მოპასუხე ტელეფონით უკავშირდებოდა სასამართლოს და დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემა სასამართლოს ბრალით ვერ მოხერხდა, თავის მხრივ, ამ გარემოების ჯეროვნად დამტკიცება, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, სწორედ კერძო საჩივრის ავტორის ვალდებულებას წარმოადგენდა.
21. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება არ არის აბსოლუტური და იგი შეიძლება დაექვემდებაროს შეზღუდვებს; აღნიშნული გამომდინარეობს იმ დასკვნიდან, რომ სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება, თავისი ბუნებით ექვემდებარება სახელმწიფო რეგულირებას; რეგულაცია შეიძლება განსხვავდებოდეს დროისა და ადგილის მიხედვით, საზოგადოებისა და ინდივიდების რესურსებისა და საჭიროებების საფუძველზე (Golder judgment, p. 19, para. 38, quoting the "Belgian Linguistic" judgment of 23 July 1968, Series A no. 6, p. 32, para. 5 (იხ. სუსგ საქმეზე № ას-1615-2019, 14.01.2020წ.)).
21. გასაჩივრების ვადის დარღვევის შემთხვევაში მხარე ვეღარ დაეყრდნობა სამართლიანი სასამართლოს უფლებას და ვერ მოითხოვს მისი საქმის განხილვას, ვინაიდან მის მიმართ დადგება ის უარყოფითი საპროცესო შედეგი, რასაც ითვალისწინებს საპროცესო კანონმდებლობა კანონით დადგენილი ვალდებულებებისა თუ სასამართლოს მითითებების შეუსრულებლობისათვის (სუსგ-ებები: Nას-1226-2019, 23.12.2019წ.; Nას-464-464-2018, 05.07.2018წ.).
22. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის საფუძველზე გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივარი მართებულად დარჩა განუხილველად, სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს და წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ს.ს.ი.პ. სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 20 ოქტომბრის განჩინება.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე
რევაზ ნადარაია