საქმე №ას-1051-2021 1 აპრილი, 2022 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,
ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - დ.ზ–ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – დ.ზ.დ– ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 21 ივლისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – პირგასამტეხლოს დაკისრება, სააღსრულებო ფურცელში ცვლილებების შეტანა, ხელშეკრულების ბათილად ცნობა
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 1 მაისის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა დ.ზ.დ– ის (შემდეგში: მოსარჩელე, მსესხებელი, აპელანტი ან კასატორი) სარჩელი.
1.1. ცვლილება შევიდა ნოტარიუს ე.ჯ–ძის მიერ 2019 წლის 12 თებერვალს გაცემულ სააღსრულებო ფურცელში (სანოტარო აქტი N190147754) და აღსასრულებელი ვალდებულება პირგასამტეხლოს ნაწილში 4750 აშშ დოლარით განისაზღვრა. დ.ზ–ს (შემდეგში - მოპასუხე ან გამსესხებელი) მოსარჩელის სასარგებლოდ - 1750 აშშ დოლარის დაბრუნების ვალდებულება დაეკისრა. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც ორივე მხარემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა, უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 21 ივლისის განჩინებით.
3. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მიუთითა მათზე:
3.1. მხარეებს შორის 2017 წლის 5 სექტემბერს გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის მიხედვით სესხი 41 400 აშშ დოლარით, ხოლო სარგებელი ყოველთვიურად 2.5%-ით განისაზღვრა; ხელშეკრულება 6 თვის ვადით 2018 წლის 6 მარტამდე გაფორმდა; სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით მოვალის კუთვნილი უძრავი ქონება დაიტვირთა. ხელშეკრულებით გათვალისწინებულ იქნა პირგასამტეხლო გადაუხდელი თანხის 0.12% ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის.
3.2. ხელშეკრულების მე-2 პუნქტის მიხედვით: „მხარეები ადასტურებენ, რომ ექვსი თვის პროცენტი გადახდილია სესხის თანხასთან ერთად ამ ხელშეკრულების სანოტარო წესით დამოწმებამდე, ნაღდი ანგარიშსწორებით“.
3.3. ხელშეკრულების მე-7 პუნქტის თანახმად, მოვალის მიერ გადახდილი თანხიდან პირველ რიგში პირგასამტეხლო, შემდეგ დარიცხული პროცენტი და ბოლოს - ძირითადი თანხა უნდა დაფარულიყო.
3.4. მოვალემ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება დაარღვია, რის გამოც ნოტარიუსმა 2019 წლის 12 თებერვალს სააღსრულებო ფურცელი გასცა, რომლის მიხედვით, აღსასრულებელი ვალდებულება განისაზღვრა შემდეგნაირად: სესხის ძირითადი თანხა - 35 000 აშშ დოლარით, პირგასამტეხლო - სესხის თანხის 0.12%-ით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2018 წლის 6 მარტიდან აღსრულებამდე, ხოლო ნოტარიუსის მიერ სააღსრულებო ფურცლის გასაცემად გაწეული ხარჯი - 125.54 ლარით.
3.5. სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, კერძო აღმასრულებელმა იმავე დღეს სააღსრულებო წარმოება დაიწყო. აღსასრულებელი ვალდებულება დადგინდა 49 406 აშშ დოლარით, საიდანაც 14 406 აშშ დოლარი დარიცხული პირგასამტეხლოა.
3.6. მოვალემ ფაქტობრივად სესხად 35 000 აშშ დოლარი მიიღო, ხელშეკრულების დადებისას კრედიტორს წინასწარ 6 თვის სარგებელი გადაუხადა.
4. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, საქალაქო სასამართლომ სესხის ძირითად ოდენობად 35 000 აშშ დოლარი მართებულად განსაზღვრა.
5. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა საქმეში წარდგენილ სანოტარო წესით დამოწმებულ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაზე და აღნიშნა, რომ შეთანხმების პირველი პუნქტის თანახმად, კრედიტორმა მოვალეს 41 400 აშშ დოლარი გადასცა, თუმცა სადავო სააღსრულებო ფურცლით სესხის ძირითადი თანხა 35 000 აშშ დოლარითაა განსაზღვრული და, რაც უმნიშვნელოვანესია, საქმის მასალებში კრედიტორის მიერ მსესხებლისთვის 41 400 აშშ დოლარის გადაცემის ფაქტი არც ერთი მტკიცებულებით არ დასტურდება. გარდა ამისა, თბილისის სააპელაციო სასამართლოში 2021 წლის 15 ივლისს საქმის ზეპირი მოსმენის დროს, სასამართლოს დამაზუსტებელ შეკითხვაზე - თუკი კრედიტორს გაცემული ჰქონდა 41 400 აშშ დოლარი და მოვალეს წინასწარ გადახდილი ჰქონდა მხოლოდ ექვსი თვის სარგებელი, კრედიტორმა რის საფუძველზე განსაზღვრა სააღსრულებო ფურცელში სესხის ოდენობად 35 000 აშშ დოლარი, მოპასუხე მხარემ სარწმუნო პასუხი ვერ გასცა. შესაბამისად, რადგან არსებობს პრეზუმფცია, რომ თანხის გასესხებით დაკავებული პირი, რომელიც არა პირად, არამედ პროფესიულ საქმიანობას ახორციელებს, შესაბამისი საფუძვლის გარეშე მოვალეს თანხას არ პატიობს/არ უქვითავს, ამასთან, საქმის მასალებში არ არსებობს კრედიტორის მიერ სააღსრულებო ფურცელში სესხის ძირითადი თანხის - 35 000 აშშ დოლარით განსაზღვრის ლოგიკური განმარტება, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ მსესხებელმა 35 000 დოლარი მიიღო და 6400 აშშ დოლარის მოთხოვნის ნაწილში მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დაუსაბუთებელი იყო.
6. სასამართლომ მიუთითა, რომ ნოტარიუსის მიერ საჯარო აქტის ფორმით დოკუმენტის დამოწმებისას პრეზუმირებულია ნოტარიუსის მხრიდან მხარეთა ინფორმირების ფაქტი. შესაბამისად, საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე მოქმედებს პრეზუმფცია, რომ მხარეები ხელმოწერამდე გაეცნენ საჯარო სანოტარო აქტს და მიიღეს მისი შინაარსისა და სამართლებრივი შედეგების შესახებ ადეკვატური ინფორმაცია.
7. საქმის მასალებში წარდგენილ ხელშეკრულებაში მითითებულია და მხარეთა მიერ საქმის განხილვის არც ერთ ეტაპზე სადავოდ არ გამხდარა, რომ მოსარჩელემ ხელშეკრულების გაფორმებისთანავე ექვსი თვის სარგებელი წინასწარ გადაიხადა. გადახდის ქვითრებით დასტურდება, რომ მოვალემ სხვადასხვა დროს სესხის პროცენტის სახით სულ 3500 აშშ დოლარი გადაიხადა, თითო ჯერზე, ოთხი გადახდისას - 875 აშშ დოლარი.
8. სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში - სსკ) 403-ე, 625-ე მუხლებზე მიუთითა და სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, რომ ვინაიდან სესხის ხელშკრულების ვადა მხარეებმა 2018 წლის 6 მარტამდე განსაზღვრეს, ამასთან მსესხებელმა ხელშეკრულების დადებისთანავე ექვსი თვის პროცენტი წინასწარ გადაიხადა, მიიჩნევა, რომ მას სახელშეკრულებო პერიოდში გადასახდელი პროცენტი ხელშეკრულებისთანავე ჰქონდა გადახდილი, ხოლო 3500 აშშ დოლარით, რომელიც გადახდის ფაქტიც მოსაჩელემ წარდგენილი ქვითრებით დაადასტურა, პირგასამტეხლოს ნაწილის დაფარვის ფაქტი, სრულიად ლეგიტიმურად დადგინდა. საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ გადახდილი 3500 აშშ დოლარიდან 1750 აშშ დოლარით ის პირგასამტეხლო დაიფარა, რომელიც მოვალეს დათქმულ ვადაში ვალდებულების შეუსრულებლობის მოტივით დაერიცხა, ხოლო თანხის ნაწილი 1750 აშშ დოლარი, ვალდებულების გარეშეა გადახდილი და რადგან კრედიტორის მიერ მიღებული 1750 აშშ დოლარის სამართლებრივი ბედი გაურკვეველია, მოსარჩელე მის არც ძირითად თანხაში ჩათვლას და არც პირგასამტეხლოში გაქვითვას არ მოითხოვდა, ამიტომ, სსკ-ის 976-ე მუხლის შესაბამისად, მოვალის მიერ უსაფუძვლოდ გადახილი თანხის უკან დაბრუნების ვალდებულება კრედიტორს სამართლიანად დაეკისრა და კრედიტორის სააპელაციო საჩივარი ამ ნაწილშიც დაუსაბუთებელი იყო.
9. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ მოსარჩელისთვის დასაკისრებელი პიგასამტეხლო 4750 აშშ დოლარამდე მართებულად შეამცირა.
10. სააპელაციო სასამართლომ მხედველობაში მიიღო პირგასამტეხლოს დაკისრების მიზნები და დანიშნულება, გაითვალისწინა ხელშეკრულებით დადგენილი შესრულების ღირებულება, ვალდებულების შეუსრულებლობის ვადა, გასესხებული თანხის საპროცენტო სარგებლის კრედიტორის მიერ ხელშეკრულების გაფორმებისთანავე, წინასწარ მიღება, აგრეთვე - მსესხებლის ფინანსური მდგომარეობა, დარიცხული პირგასამტეხლოსა და ძირითადი ვალდებულების თანაფარდობა და დაასკვნა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ შემცირებული პირგასამტეხლო გონივრულია და მოპასუხის მიერ ხელშეკრულების დარღვევის ხასიათს სრულად შეესაბამება. საბოლოო დასკვნის თანახმად კი - პირგასამტეხლოს ნაწილში მხარეთა მიერ წარდგენილი სააპელაციო საჩივრები დაუსაბუთებელი იყო.
11. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
11.1 სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა როგორც მოსარჩელემ, ისე - მოპასუხემ. მოსარჩელემ მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში და, ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღების გზით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, ხოლო მოპასუხემ - სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებითა და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
11.2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 2 თებერვლის განჩინებით, სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო, მოსარჩელის საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველად, ხოლო მოპასუხის საკასაციო საჩივარი 2022 წლის 22 თებერვლის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით, წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზებისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად ასკვნის, რომ მოპასუხის (გამსესხებლის) საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ დაუშვებელია შემდეგი არგუმენტაციით:
12. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
13. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი პუნქტით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396 - ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება); საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორს არ წარმოუდგენია დასაბუთებული პრეტენზია (შედავება), რაც საშუალებას მისცემდა სასამართლოს, არსებითად განსახილველად დაეშვა საკასაციო საჩივარი.
14. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.
15. საკასაციო პრეტენზიის მართებულობის საკითხის შემოწმებამდე საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გამოკვლეული აქვს სამართლებრივი მნიშვნელობის მქონე ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც აუცილებელია საქმის სწორი იურიდიული კვალიფიკაციისათვის.
16. განსახილველ შემთხვევაში, კასატორის პრეტენზია გასაჩივრებულ განჩინებაში სააპელაციო სასამართლოს მიერ მტკიცების ტვირთის განაწილებას შეეხება. კასატორის მტკიცებით, სასამართლოს მსჯელობა, რომ გამსესხებლის ვალდებულება სესხის თანხის გადაცემისა და გადაცემული თანხის ოდენობის მტკიცებით შემოიფარგლება, ხოლო მსესხებლის ტვირთი - სესხის თანხის მტკიცებით, არასწორია. სესხის ხელშეკრულებიდან ცალსახად დგინდება, რომ მოსარჩელემ ისესხა 41 400 აშშ დოლარი და არა 35 000 აშშ დოლარი, თუმცა სასამართლომ ეს ფაქტი რატომ უგულებელყო, გაუგებარია, ვინაიდან თანხის ოდენობა ზეპირი განმარტებებიდან დაადგინა, ხოლო წერილობითი დოკუმენტით გადაცემული თანხის მიღების ფაქტი გააქარწყლა. გარდა ამისა, პირველი ინსტანციის სასამართლო თავის გადაწყვეტილებაში აღნიშნავს, რომ მოსარჩელემ მთავარ სხდომაზე დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნები და სააღსრულებო ფურცელი სადავოდ გახადა პირგასამტეხლოს ნაწილში, სასამართლომ უკანონოდ იმსჯელა მთავარ სხდომაზე დაყენებული მოთხოვნის ფარგლებში და შეამცირა პირგასამტეხლო 0.12%-დან 0.054%-მდე. ამ ქმედებით სასამართლომ დაარღვია შეჯიბრებითობის პრინციპი. სააპელაციო სასამართლო დაუსაბუთებლად მხოლოდ შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს შემცირების განმარტებით შემოიფარგლა.
17. საკასაციო სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში/განჩინებაში უთითებს, რომ ყოველი კონკრეტული სამოქალაქო საქმის გადაწყვეტა სასამართლოში, დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოშობილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი, როგორც ეს ცნობილია, შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. სწორედ მტკიცების ტვირთსა და მის სწორ განაწილებაზეა დამოკიდებული დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება (იხ. სუსგ Nას-1193-2020, 23.01.2021წ).
18. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვეციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა ურთიერთშეჯერებისა და გაანალიზების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. ამიტომაც, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მტკიცების ტვირთის მართებული გადანაწილება მოდავე მხარეებს შორის.
19. სსკ-ის 623-ე მუხლის (სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს, დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი) შესაბამისად, თანმიმდევრობით უნდა იყოს შესრულებული სესხის (ძირითადი თანხის) დაბრუნების მოთხოვნის საფუძვლის განმაპირობებელი შემდეგი წინაპირობები: მსესხებელს გადაცემული უნდა ჰქონდეს განსაზღვრული (სადავო) თანხა საკუთრებაში და უნდა კისრულობდეს განსაზღვრულ ვადაში გადაცემული თანხის უკან დაბრუნების ვალდებულებას.
20. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სესხის ხელშეკრულება ხასიათდება შემდეგი თავისებურებებით: 1) სესხის ხელშეკრულება არის ქონების საკუთრებაში გადაცემის ტიპის ხელშეკრულება, თუმცა, იგი განსხვავდება ქონების საკუთრებაში გადაცემის ტიპის ისეთი ხელშეკრულებებისაგან, როგორიცაა ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება, სამდღეშიო რჩენა; 2) სესხის ხელშეკრულება არის ცალმხრივი ხელშეკრულება. ხელშეკრულებათა კლასიფიკაცია ცალმხრივ და ორმხრივ ხელშეკრულებებად დამოკიდებულია არა იმაზე, თუ რამდენი პირის ნებაა გამოვლენილი (რამეთუ ხელშეკრულება ზოგადად გულისხმობს ორი ან მეტი პირის ნების გამოვლენას), არამედ იმაზე, თუ როგორაა განაწილებული უფლება-მოვალეობები ხელშეკრულების მხარეებს შორის. სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი უფლებამოსილია მოითხოვოს სესხად გადაცემულის დაბრუნება, ხოლო მსესხებელი კი, ვალდებულია დააბრუნოს უკან სესხად მიღებული იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი; 3) სესხის ხელშეკრულება არის რეალური ხელშეკრულება. შესაბამად, სესხის ხელშეკრულება დადებულად ითვლება, როცა გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ხელშეკრულების საგანს. მარტო შეთანხმება სესხის თაობაზე ჯერ კიდევ არ ნიშნავს ხელშეკრულების დადებას.
21. საკასაციო სასამართლომ ერთ-ერთ საქმეში განმარტა შემდეგი: „სსკ-ის 623-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარეობს დასკვნა, რომ სესხი რეალურ ხელშეკრულებათა რიგს განეკუთვნება, რაც იმას ნიშნავს, რომ სახელშეკრულებო ურთიერთობა არა მხოლოდ მის არსებით პირობებზე მხარეთა შეთანხებით, არამედ ხელშეკრულების საგნის - გვაროვნული ნივთის მსესხებლისათვის გადაცემის მომენტიდან წარმოიშობა, შესაბამისად, მტკიცების საგანში შემავალი გარემოებაც, უპირველესად, ხელშეკრულების საგნის გადაცემაა (შდრ: სუსგ №ას-1245-1168-2015, 20.05.2016წ). სხვა საქმეში საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ სესხის ხელშეკრულება ცალმხრივი და რეალური ხელშეკრულებაა, ანუ იგი დადებულად ითვლება და მხარეს დაბრუნების ვალდებულება წარმოეშობა გამსესხებლის მხრიდან ხელშეკრულების საგნის მსესხებლის საკუთრებაში გადაცემის მომენტიდან (შდრ. სუსგ №ას-361-343-2015, 14.12.2015წ).
22. საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ მარტოოდენ სესხის შესახებ შეთანხმება, ხელშეკრულების საგნის გადაცემის გარეშე, არ ნიშნავს სესხის ხელშეკრულების დადებას. რადგან სესხის ხელშეკრულების ნამდვილობისა და სამართლებრივი ძალის აუცილებელი პირობაა გამსესხებლის მიერ მსესხებლისათვის ფულის ან სხვა გვაროვნული ნივთის მსესხებლის საკუთრებაში რეალურად გადაცემა, სადავოობის შემთხვევაში, გამსესხებელმა უნდა ამტკიცოს არა მხოლოდ სესხზე შეთანხმების არსებობა, არამედ სესხის საგნის რეალურად გადაცემის შესახებ ფაქტობრივი გარემოებაც.
23. საგულისხმოა, რომ საკითხი იმ შესახებ, თუ დავის მონაწილე რომელმა მხარემ უნდა ადასტუროს თანხის გადაცემა, ანუ ხელშეკრულების დადების შესახებ გარემოება, არ რეგულირდება მატერიალური სამართლის ნორმით. სესხის სახელშეკრულებო ურთიერთობის მომწესრიგებელი არც ერთი ნორმა მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციალურ წესს არ გვთავაზობს, რის გამოც, გამოყენებულ უნდა იქნას სსსკ-ის ზოგადი ნორმა მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის გადანაწილებისთვის (სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი), რომლის თანახმად თანხის გადაცემის მტკიცების ტვირთი გამსესხებელს ეკისრება, ანუ გამსესხებლის ვალდებულება შემოიფარგლება სესხის თანხის გადაცემისა და გადაცემული თანხის ოდენობის მტკიცებით, ხოლო მსესხებლის მტკიცების ტვირთი კი სესხის თანხის დაფარვით განისაზღვრება.
24. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მტკიცებულებათა შეფასების დროს სასამართლო ხელმძღვანელობს თავისი შინაგანი რწმენით. შინაგანი რწმენა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად ყალიბდება. მტკიცებულებათა შეფასება არა სპონტანური და ინტუიციური, არამედ სათანადოდ მოტივირებული და დამაჯერებელი უნდა იყოს (სსსკ-ის 105-ე მუხლის მეორე ნაწილი) (შდრ. სუსგ Nას-279-264-2017, 21.04.2017წ.) „მტკიცებულებათა შეფასების სტანდარტი მიუთითებს სასამართლოსათვის არა სუბიექტურ მოსაზრებებზე დაყრდნობით მტკიცების საგანში შემავალი გარემოებების დადგენილად მიჩნევაზე, არამედ, მოსამართლის შინაგან რწმენაზე, რომელიც შეჯიბრებითობის ფარგლებში მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ შეფასებაზეა დაფუძნებული). მოსარჩელის (გამსესხებლის) მიერ სესხის ხელშეკრულების ნამდვილობის დადასტურების შემთხვევაში და ვალდებულების შეუსრულებლობის თაობაზე მისი მითითების პირობებში მოქმედებს პრეზუმფცია, რომ მოპასუხეს (მსესხებელს) ვალდებულება (სესხის დაბრუნება) შესრულებული არ აქვს. ამდენად, სესხის ხელშეკრულების ნამდვილობის დადასტურების ტვირთი აკისრია მოსარჩელეს (გამსესხებელს). მხოლოდ ამ შემთხვევაში მოქმედებს პრეზუმფცია მსესხებლის (მოპასუხეს) მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის თაობაზე. ამ პრეზუმფციის გაქარწყლების ტვირთი (ვალდებულების შესრულების ტვირთი) აკისრია მსესხებელს (მოპასუხეს) (იხ. სუსგ №ას-929-891-2014, 22.04.2015).” „სასესხო ურთიერთობის წარმოშობის წინაპირობების მტკიცების თვალსაზრისით, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სადავოობისას სესხის ხელშეკრულების დადების - თანხის გადაცემ ფაქტის დამტკიცების ტვირთი ეკისრება გამსესხებელს (შდრ. სუსგ Nას-1067-1026-2016, 23.06.2017წ).
25. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს წინამდებარე განჩინების მე-5 პუნქტში სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაში ასახულ მსჯელობას და ასკვნის, რომ მოვალემ მოპასუხისგან (გამსესხებლისგან) ფაქტობრივად სესხად 35 000 აშშ დოლარი მიიღო, რომლის საწინააღმდეგოც მოპასუხემ ვერ დაამტკიცა. ამასთან, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის პრეტენზიას მტკიცების ტვირთის არასწორად განაწილების თაობაზე და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გაანაწილა მტკიცების ტვირთი მოპასუხეზე (გამსესხებელზე) და მართებულად განსაზღვრა გადაცემული თანხის ოდენობა.
26. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის პრეტენზიას, რომ მოსარჩელემ, საპროცესო ნორმების დარღვევით, სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოთხოვნა გაზარდა.
27. სსსკ-ის 83-ე მუხლის თანახმად, მოსარჩელეს უფლება აქვს, საქმის წინასწარი სასამართლო განხილვისათვის მომზადების დამთავრებამდე გაადიდოს ან შეამციროს სასარჩელო მოთხოვნის ოდენობა, რის შესახებაც სასამართლომ უნდა აცნობოს მოპასუხეს. საქმის წინასწარი სასამართლო განხილვისათვის მომზადების შემდეგ სარჩელის საფუძვლის ან საგნის შეცვლა დასაშვებია მხოლოდ მოპასუხის წინასწარი თანხმობით. ასეთი თანხმობის შემთხვევაში, მოპასუხეს შეუძლია, მოითხოვოს სასამართლო სხდომის გადადება სხვა დრისათვის. სარჩელის შეცვლად არ ჩაითვლება მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებული გარემოებების დაზუსტება, დაკონკრეტება და დამატება, აგრეთვე, სასარჩელო მოთხოვნების ოდენობის შემცირება.
28. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოსარჩელე წინამდებარე სარჩელით სააღსრულებო ფურცელს სადავოდ ხდიდა სრულად, რაც ცხადია პირგასამტეხლოს ოდენობასაც უკავშირდებოდა. დადგენილია, რომ მოსარჩელემ სასამართლოს მთავარ სხდომაზე (1.05.2019წ, 11:55:40 წთ) სასარჩელო მოთხოვნები კონკრეტული სახით წარადგინა და სააღსრულებო ფურცელში ცვლილების შეტანა მოითხოვა როგორც სესხის ძირითადი თანხის დარჩენილი ნაწილის - 6400 აშშ დოლარის, ასევე პირგასამტეხლოს ნაწილში, სხვა მოთხოვნები კი უცვლელად დარჩა. საკასაციო სასამართლოს განსჯით, საქმის მთავარ სხდომაზე აღნიშნული გარემოების დაზუსტება სსკ-ის 83-ე მუხლის მიზნებიდან გამომდინარე ვერ მიიჩნევა სასარჩელო მოთხოვნის გაზრდად, რასაც, თავის მხრივ, შესაძლოა, გამოეწვია მოპასუხის თანხმობის საჭიროება (სსსკ-ს 83-ე მუხლის მე-2-მე-4 ნაწილი). შესაბამისად, კასატორმა წარდგენილი საკასაციო საჩივრის ფარგლებში დისპოზიციურობის, შეჯიბრებითობისა და სამართლიანი სასამართლო განხილვის პრინციპის დარღვევა ვერ დაასაბუთა, რის გამოც არ არსებობს კასატორის პრეტენზიების გაზიარების სამართლებრივი საფუძველი.
29. საკასაციო სასამართლოს განსჯით,სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
30. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
31. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
32. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივარი - დაუსაბუთებელი, რაც გამორიცხავს მისი არსებითად განსახილველად დაშვების სამართლებრივ შესაძლებლობას.
33. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დ.ზ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. დ.ზ–ს (პ/ნ .....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 1755,90 ლარის (საგადახდო დავალება N0, გადახდის თარიღი 2021 წლის 28 დეკემბერი), 70% – 1229,13 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ნ. ბაქაქური