Facebook Twitter

საქმე №ას-1118-2021 20 აპრილი, 2022 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ეკატერინე გასიტაშვილი, მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – თ.გ–ძე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – სსიპ „სოციალური მომსახურების სააგენტო“; სსიპ „სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო“ (მოპასუხეები)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 26 აგვისტოს გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2021 წლის 23 ივლისის საოქმო განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი – შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თ.გ–ძემ (შემდეგში: მოსარჩელე ან კასატორი) 2020 წლის 05 მარტს სარჩელი აღძრა სსიპ „სოციალური მომსახურების სააგენტოსა“ (შემდეგში: პირველი მოპასუხე ან პირველი სააგენტო) და „სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს“ (შემდეგში: მეორე მოპასუხე ან მეორე სააგენტო) (ერთად: სააგენტოები, მოპასუხეები ან მოწინააღმდეგე მხარე) წინააღმდეგ და მოითხოვა: 1.1 ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ „სოციალური სამსახურის“ 2020 წლის 31 იანვრის N04-83/კ ბრძანება მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ; 1.2 დაევალოს სსიპ “სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს“ მოსარჩელის სოციალური მუშაკის ან მის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენა; 1.3 დაეკისროს „სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს“ მოსარჩელის მიმართ იძულებითი მოცდენის გამო შრომის (ხელფასის) ანაზღაურება ყოველთვიურად 800 ლარის ოდენობით 2020 წლის 1 თებერვლიდან სამუშაოზე აღდგენამდე. ( იხ. ტ.1.ს.ფ.9-11). 2020 წლის 29 სექტემბერს მოსარჩელემ დაზუსტებული სარჩელით 1.3 მოთხოვნა დააზუსტა იმგვარად, რომ მეორე მოპასუხეს იძულებითი მოცდენის გამო დაკისრებოდა შრომის (ხელფასის) ანაზღაურება ყოველთვიურად 1200 ლარის ოდენობით 2020 წლის 01 თებერვლიდან სამუშაოზე აღდგენამდე. ( იხ. ტ.1.ს.ფ.232).

2. მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნები დააფუძნა შემდეგ გარემოებებს: მოსარჩელე 2009 წლიდან დასაქმებული იყო სსიპ „სოციალური მომსახურების სააგენტოს“ ხონის რაიონულ განყოფილებაში სოციალური მუშაკის პოზიციაზე საიდანაც 2016 წელს პირადი განცხადების საფუძველზე გათავისუფლდა. 2019 წლის მარტში მოსარჩელემ მონაწილეობა მიიღო სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გამოცხადებულ კონკურსში, რომლის წარმატებით გავლის შემდეგაც, 2019 წლის 28 მარტიდან 6 თვიანი გამოსაცდელი ვადით დაინიშნა ხონის რაიონული განყოფილების სოციალურ მუშაკად, ხოლო ამავე თანამდებობაზე 2019 წლის 28 სექტემბრიდან მოსარჩელე დაინიშნა განუსაზღვრელი ვადით.

3. 2020 წლის 28 იანვარის 04/-2830 წერილით მოსარჩელეს ეცნობა, რომ 2020 წლის 1 თებერვლიდან მასთან შეწყდებოდა შრომითი ხელშეკრულება. 2020 წლის 31 იანვრის 04-83/კ ბრძანება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ მოსარჩელეს ჩაბარდა. აღნიშნული ბრძანების თანახმად, გათავისუფლების საფუძველი გახდა რეორგანიზაცია, რომლსაც თან ახლდა შტატების შემცირება. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ დასაქმებული სოციალურ მუშაკთა უმრავლესობა გადაყვანილ იქნა სსიპ „სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოში". მოსარჩელის მითითებით ამ პროცესს კიდევ უფრო გაუგებარს ხდის ის გარემოება, რომ დასაქმებულთა გაშვება-დარჩენის საკითხი პრაქტიკულად ყოველგვარი კონკურსის გარეშე გადაწყდა.

4. მოსარჩელემ მიუთითა, რომ 2020 წლის ნოემბრის თვეში ჩატარებულ გასაუბრება არ წარმოადგენს კონკურსს, რადგანაც ამ გასაუბრების ფარგლებში კანდიდატთა ცოდნის შემოწმებას ადგილი არ ჰქონია. გასაუბრებას ჰქონდა მხოლოდ გაცნობითი ხასიათი და იგი მიმდინარეობდა დაახლოებით 5 წუთის განმავლობაში. აღნიშნული გასაუბრების ფარგლებში, მოსარჩელეს ჰკითხეს მხოლოდ მისი გამოცდილებისა და მოვალეობების (თუ რა საქმეებზე უწევდა ძირითადად მუშაობა და რა პრობლემებს აწყდებოდა) შესახებ. მოსარჩელემ მიიჩნია, რომ თანამშრომელთა გაშვება-დარჩენის საკითხი, ნაცვლად სათანადო და ობიექტური კონკურსისა (რომლის ფარგლებშიც ყველა თანამშრომელი თანაბარ მდგომარეობაში იქნებოდა და სათანადო მეთოდით შეფასდებოდნენ), გადაწყდა გარკვეულ პირთა პირადი სიმპატიებით, ან სხვა არაობიექტური მექანიზმით.

5. თავდაპირველად მოსარჩელეს განუმარტეს, რომ მიუხედავად რეორგანიზაციის შესახებ შეტყობინებისა, დასაქმებულებს არ ჰქონდათ მღელვარების საფუძველი შემცირების მოსალოდნელობის თაობაზე, რადგანაც ქვეყანა ისედაც სოციალურ მუშაკთა დეფიციტს განიცდის და უკვე დასაქმებული მუშაკების გაშვებას არსებული საკანონმდებლო რეფორმა არ ითვალისწინებდა. დასაქმებული პირები საქმიანობას გააგრძელებდნენ განსხვავებული სახელწოდების მქონე სსიპ-ში.

6. პირველმა მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და წარდგენილ შესაგებელში განმარტა, რომ მოსარჩელის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებულის საფუძველი გახდა საქართველოს შრომის კოდექსის (შემდეგში - სშკ-ის) 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა" ქვეპუნქტი. აღნიშნული ნორმის შესაბამისად, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია ეკონომიკური გარემოებები, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები, რომლებიც აუცილებელს ხდის სამუშაო ძალის შემცირებას.

7. პირველი მოპასუხის განმარტებით, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცენტრალურ აპარატსა და სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში სისტემური და ეფექტური მმართველობის უზრუნველსაყოფად მოსალოდნელი რეორგანიზაციის შესახებ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის 24 ივლისის N01-237/ო ბრძანების გათვალისწინებითა და სსიპ- სოციალური მომსახურების სააგენტოს ცენტრალურ აპარატსა და ტერიტორიულ ერთეულებში ორგანიზაციული ცვლილებების შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 26 ივლისის N04-1429/ო ბრძანების შესაბამისად, სსიპ „სოციალური მომსახურების სააგენტოში“ მიმდინარეობს ორგანიზაციული ცვლილებების პროცესი, რაც უკავშირდება სამუშაო ძალის შემცირებას. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 26 ივლისის 04-1429/ო ბრძანების მე–2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემის მეშვეობით განხორციელდა ამ ბრძანების გაცნობა დაქვემდებარებული თანამშრომლებისათვის, გარდა ამისა, ბრძანების საჯარო გამოცხადების მიზნით, სააგენტოს ტერიტორიული ერთეულების შესაბამის შენობაში, დასაქმებულთა ხელმისაწვდომ და თვალსაჩინო ადგილზე მოხდა ბრძანების განთავსება.

8. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში დაგეგმილი და მიმდინარე ორგანიზაციული ცვლილებები მიზნად ისახავს სისტემური და ეფექტური მმართველობის, ფუნქციონალური მოქნილობის ამაღლებისა და სამინისტროს სისტემაში მიმდინარე პროცესებზე შესაბამისი სამსახურის ოპერატიული რეაგირების გაზრდის უზრუნველყოფას. მოპასუხის განმარტებით, ამ მიზნის რეალიზება მოითხოვდა სხვადასხვა ნორმატიულ აქტებში შესაბამისი ცვლილებების შეტანას, რომლის გათვალისწინებითაც პარლამენტის მიერ 2019 წლის 11 დეკემბერს მიღებულ იქნა საქართველოს კანონი „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ, საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, აღნიშნული კანონის მე-2 და მე-3 მუხლების შესაბამისად, 2020 წლის 1 თებერვლიდან განხორციელდა სსიპ „სოციალური მომსახურების სააგენტოს“ რეორგანიზაცია და მისი ფუნქციები და უფლებამოსილებები მეურვეობისა და მზრუნველობის, აგრეთვე საერთაშორისო შვილად აყვანის მიმართულება გადაეცა სსიპ „სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს“, რომელიც გამოცხადდა სსიპ „სოციალური მომსახურების სააგენტოს“ უფლებამონაცვლედ ამ მიმართულებებში [იმავე კანონის მე-3 მუხლის თანახმად, საჯარო სამართლის იურიდიული პირი სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო ჩაითვალა საჯარო სამართლის იურიდიული პირის სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლედ მეურვეობისა და მზრუნველობის, აგრეთვე საერთაშორისო შვილად აყვანის მიმართულებებით საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებების ფარგლებში].

9. 2019 წლის 11 დეკემბრის „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ, საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონის მე-4 მუხლის თანახმად, სსიპ „სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტომ“ საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყო ამ კანონის ამოქმედებამდე საჯარო სამართლის იურიდიულ პირში სოციალური მომსახურების სააგენტოში შტატით დასაქმებულ თანამშრომელთა და შტატგარეშე მომუშავეთა უკონკურსოდ გადაყვანა შესაბამის თანამდებობებზე. ასევე, შესაბამისი ცვლილებები იქნა შეტანილი „საჯარო სამართლის იურიდიული პირის სოციალური მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 3 ოქტომბრის 01-14/ნ ბრძანებაში („საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 29 იანვრის 01-14/ნ ბრძანებით შეტანილი ცვლილებების გათვალისწინებით) ამ ცვლილებების მიხედვით, სსიპ „სოციალური მომსახურების სააგენტოს“ კომპეტენციიდან ამოღებულ იქნა ისეთი ფუნქციები, როგორიც არის: მეურვეობის მზრუნველობის, მხარდაჭერის, შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის პროცესის წარმართვა და კოორდინაცია, გასაშვილებელ ბავშვთა და მშვილებელთა ერთიანი რეესტრის და მინდობით აღსაზრდელთა და მინდობით აღმზრდელთა მონაცემთა ბაზის წარმოება ადგილობრივი და სხვა სახელმწიფოში გაშვილების მიზნებისათვის, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ფუნქციების უზრუნველყოფა და ა.შ.

10. პირველი მოპასუხის მტკიცებით, ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებები ცალსახად მიუთითებს პირველ სააგენტოში განხორციელებულ ორგანიზაციულ ცვლილებებზე, რაც აუცილებელს ხდიდა მეურვეობის, მზრუნველობისა და საერთაშორისო შვილად აყვანის მიმართულებით სამუშაო ძალის შემცირებას, აქედან გამომდინარე სშკ-ს 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტების საფუძველზე არსებობდა მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების ობიექტური საფუძველი.

11. მეორე მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და წარმოდგენილ შესაგებელში განმარტა, რომ დასაქმებულის გათავისუფლება მართლზომიერად, კანონის მოთხოვნათა დაცვით განხორციელდა, რაც მის თანამდებობაზე აღდგენას გამორიცხავს, შესაბამისად, დაუსაბუთებელია სასარჩელო მოთხოვნა.

12. მეორე მოპასუხემ დამატებით მიუთითა, რომ „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ, საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, საქართველოს კანონის მე-2 მუხლის თანახმად, განხორციელდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს რეორგანიზაცია, მისი ფუნქციები და უფლებამოსილებები მეურვეობისა და მზრუნველობის, აგრეთვე, საერთაშორისო შვილად აყვანის მიმართულებებით გადაეცა სსიპ – სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს. ამავე კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო ჩაითვალა სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლედ მეურვეობისა და მზრუნველობის, აგრეთვე, საერთაშორისო შვილად აყვანის მიმართულებებით საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებების ფარგლებში, ხოლო, ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტომ საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოს ამ კანონის ამოქმედებამდე სოციალური მომსახურების სააგენტოში შტატით დასაქმებულ თანამშრომელთა და შტატგარეშე მომუშავეთა უკონკურსოდ გადაყვანა შესაბამის თანამდებობებზე.

13. ზემოაღნიშნული კანონის მიხედვით, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო არ ჩათვლილა სოციალური სააგენტოს უფლებამონაცვლედ თანამშრომელთა უკონკურსოდ გადაყვანის ნაწილში. მხოლოდ საჭიროებისას და არა ყველა შემთხვევაში, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო უფლებამოსილი იყო გადაეყვანა უკონკურსოდ სოციალური მომსახურების სააგენტოში დასაქმებული ყველა პირი. სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოში სოციალური მომსახურების სააგენტოს შესაბამის თანამშრომელთა უკონკურსოდ გადმოყვანა მოხდა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში რეორგანიზაციის პროცესის კოორდინაციის მიზნით, სამინისტროს 2019 წლის 16 ოქტომბრის N01–306/ო ბრძანების „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში რეორგანიზაციის პროცესის კოორდინაციის მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ'' ბრძანების საფუძველზე შექმნილი სარეორგანიზაციო კომისიის ოქმისა და რეკომენდაციების გათვალისწინებით.

14. სამტრედიის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფლდა სრულად. ბათილად იქნა ცნობილი პირველი მოპასუხე სააგენტოს 2020 წლის 31 იანვრის N04-83/კ ბრძანება მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ; მოსარჩელე აღდგენილ იქნა პირვანდელ სამუშაო ადგილზე, მეორე მოპასუხე სააგენტოში სოციალური მუშაკის თანამდებობაზე. მეორე მოპასუხე სააგენტოს დაეკისრა მოსარჩელისათვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურება ყოველთვიურად 1200 ლარის (გადასახადების ჩათვლით) ოდენობით, 01.02.2020 წლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

15. სამტრედიის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება მოპასუხეეებმა (სააგენტოები) გაასაჩივრეს სააპელაციო საჩივრით, მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღებით ამ ნაწილში სარჩელის უარყოფა. მეორე მოპასუხემ აგრეთვე, მოითხოვა გასაჩივრებულ გადაწყვეტილების გაუქმება მოსარჩელისათვის იძულებითი განაცდურის მიკუთვნების ნაწილში და ამ ნაწილში, სარჩელის უარყოფა.

16. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 26 აგვისტოს გადაწყვეტილებით პირველი სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო მეორე მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების ნაწილობრივი გაუქმებით სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: მეორე სააგენტოს დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ იძულებითი განაცდურის ანაზღაურება ყოველთვიურად 1200 ლარის (გადასახადების ჩათვლით) ოდენობით, 01.02.2020 წლიდან - გადაწყვეტილების აღსრულებამდე. დადგინდა, რომ აღნიშნულ თანხას უნდა გამოაკლდეს, მოსარჩელის მიერ მიღებული კომპენსაცია 2 თვის შრომის ანაზღაურების ოდენობით, აგრეთვე, პირველ სააგენტოში 2020 წლის 5 ოქტომბრიდან - 2021 წლის 1-ელ აპრილამდე პერიოდის, შრომის ანაზღაურების სახით მიღებული შემოსავალი (გადასახადების ჩათვლით). დანარჩენ ნაწილში, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი; ( იხ. ტ.2.ს.ფ.126).

17. მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია შემდეგი გარემოებები:

18. მოსარჩელე, რომელიც 2009 წლიდან 2016 წლამდე, შემდეგ კი 2019 წლის 28 სექტემბრიდან მუშაობდა პირველი სააგენტოს ხონის რაიონულ განყოფილებაში სოციალური მუშაკის პოზიციაზე, თანამდებობაზე დაინიშნა განუსაზღვრელი ვადით. სააგენტოში მუშაობის განმავლობაში მას არ დაკისრებია რაიმე სახის დისციპლინური სახდელი (ს.ფ 242-245).

19. 2020 წლის 28 იანვარის N04/-2830 წერილით მოსარჩელეს ეცნობა, რომ 2020 წლის 1 თებერვლიდან მასთან შეწყდა შრომითი ხელშეკრულება, რის შემდეგაც მას ჩაბარდა 2020 წლის 31 იანვრის N04-83/კ ბრძანება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ. აღნიშნული ბრძანების თანახმად, განთავისუფლების საფუძველს წარმოადგენდა სშკ-ის 37–ე მუხლის პირველი პუნქტის "ა" ქვეპუნქტი - რეორგანიზაცია, რომელსაც თან ახლდა შტატების შემცირება. მოსარჩელეს მიეცა 2 თვის კომპენსაცია (ს.ფ 24- 25).

20. დადგენილია, რომ 2020 წლის 7 თებერვლის წერილით, მოსარჩელეს ეცნობა, რომ კანონმდებლობაში შევიდა ცვლილება და 2020 წლის 01 თებერვლიდან განხორციელდა პირველი სააგენტოს რეორგანიზაცია და მისი ფუნქციები და უფლებამოსილებები მეურვეობისა და მზრუნველობის, აგრეთვე, საერთაშორისო შვილად აყვანის მიმართულებებით, გადაეცა მეორე სააგენტოს, რომელიც ასევე გამოცხადდა პირველი სააგენტოს უფლებამონაცვლედ ამ მიმართულებაში.

21. პირველ სააგენტოში მიმდინარეობდა ორგანიზაციული ცვლილებების პროცესი, რაც უკავშირდებოდა სამუშაო ძალის შემცირებას. რაც შეეხებოდა მეორე სააგენტოში შრომითი ურთიერთობის გაგრძელებას, აღნიშნული საკითხი აღემატებოდა პირველი სააგენტოს უფლებამოსილებას.

22. სააპელაციო პალატის მიერ დადგენილია, რომ რეორგანიზაციის შემდეგ, ახლად შექმნილ - მეორე სააგენტოში სრულად გადავიდა ყველა ის საშტატო ერთეული, რაც მანამდე არსებობდა პირველ სააგენტოში შესაბამისი კუთხით. ამასთან, 2020 წლის 1 თებერვლიდან რაიონული წარმომადგენლობის სპეციალისტის თანამდებობრივი სარგო განისაზღვრა 1200 ლარით (ს.ფ 97-98);

23. დადგენილია, რომ პირველ სააგენტოში შესაბამისი პროფილით (მეურვეობისა და მზრუნველობის მიმართულებით) არსებობდა 271 საშტატო ერთეული, სადაც დასაქმებული იყო - 233 პირი. სამსახურის მიერ ჩატარდა კვლევა, თუ რამდენი პირი უნდა დანიშნულიყო უკონკურსოდ, იმისათვის, რომ უწყვეტობა შენარჩუნებულიყო და დადგინდა, რომ უნდა დანიშნულიყო 205 სოციალური მუშაკი. შესაბამისად, 205 სოციალური მუშაკი დაინიშნა ყოველგვარი კონკურსის გარეშე, 2020 წლის 3 თებერვლის ბრძანებით, ხოლო დანარჩენ 28 სოციალურ მუშაკს მიეცა ორთვიანი კომპენსაცია, რათა მეორე მოპასუხის მიერ კონკურსის გამოცხადებამდე მათ ჰქონოდათ შემოსავალი. ამასთან, უწყების დონეზე, ახლო პერიოდში იგეგმებოდა მეორე სააგენტოში სოციალურ მუშაკთა რაოდენობის 271-მდე გაზრდა, ხოლო წლის განმავლობაში 350-მდე გაზრდა. (ს.ფ-ები 181-189, 270-275)

24. დადგენილია, რომ მოსარჩელის თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგ, 1 თვეში, 2020 წლის მარტში, მეორე სააგენტოში გამოცხადდა კონკურსი ხონის რაიონული წარმომადგენლობის N60538 ვაკანსიაზე. სასამართლომ დააკმაყოფილა მოსარჩელის შუამდგომლობა და 2020 წლის 30 მარტის განჩინებით, მოპასუხეს აეკრძალა ხონის სოციალური მუშაკის ვაკანტურ პოზიციაზე უვადოდ სხვა პირის დანიშვნა.

25. სააპელაციო პალატის მსჯელობით, განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობა გამომდინარეობს შრომითი ხელშეკრულებიდან. სამუშაოდან გათავისუფლების თაობაზე შრომითი დავის განხილვისას, სასამართლომ, პირველ რიგში, უნდა შეამოწმოს, თუ რამდენად მართლზომიერად მოქმედებდა დამსაქმებელი დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლებისას. აღნიშნული საკითხის გამორკვევა შესაძლებელია, მხოლოდ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე გამოცემულ ბრძანებაში მითითებული დასაქმებულის გათავისუფლების საფუძვლის კვლევის შედეგად. დადგენილია, რომ მოსარჩელე თ.გ–ძესთან შრომის ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი გახდა სშკ-ს 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა” ქვეპუნქტი რომლის მიხედვითაც გათავისუფლების საფუძველი შეიძლება იყოს ეკონომიკური გარემოებები, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები, რომელიც აუცილებელს ხდის სამუშაო ძალის შემცირებას (იხ. შრომის კოდექსის ახალი რედაქციის 47-ე მუხლი). მითითებული ნორმის ანალიზით, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შესაწყვეტად კუმულაციურად უნდა არსებობდეს ხსენებული ნორმით გათვალისწინებული წინაპირობები, კერძოდ, ეკონომიკური გარემოებები, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები შედეგობრივად უნდა იწვევდეს სამუშაო ძალის შემცირებას.

26. სააპელაციო პალატის შეფასებით, ეკონომიკური გარემოებები, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები იმ შემთხვევაში წარმოშობს მუშაკის სამსახურიდან განთავისუფლების მართლზომიერ საფუძველს, თუ დადგინდება, რომ აღნიშნული ცვლილებები თავისი შინაარსის გათვალისწინებით, ეკონომიკური სიდუხჭირის გამო, შტატების ან/და ხელფასების შემცირების ან სხვა ობიექტური საჭიროების გამო, დამსაქმებელს აყენებს კონკრეტული თანამდებობიდან მუშაკის განთავისუფლების აუცილებლობის წინაშე. დადგენილია, რომ პირველ სააგენტოში ფუნქციური ცვლილებები განხორციელდა „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე 2019 წლის 11 დეკემბერს მიღებული კანონით, რომლის თანახმად: განხორციელდა საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სოციალური მომსახურების სააგენტოს რეორგანიზაცია და მისი ფუნქციები და უფლებამოსილებები მეურვეობისა და მზრუნველობის, აგრეთვე, საერთაშორისო შვილად აყვანის მიმართულებებით გადაეცა საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − მეორე სააგენტოს, ასევე, საჯარო სამართლის იურიდიული პირი − მეორე სააგენტო ჩაითვალა საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლედ მეურვეობისა და მზრუნველობის, აგრეთვე, საერთაშორისო შვილად აყვანის მიმართულებებით, საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებების ფარგლებში.

27. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ რეორგანიზაციისას შტატებისა და სახელფასო ფონდის შემცირებას ადგილი არ ჰქონია, პირიქით, იგეგმებოდა შტატების არა თუ შემცირება, არამედ დამატება. ამასთან, რეორგანიზაციის შემდეგ ახლად შექმნილ მეორე სააგენტოში სრულად გადავიდა ყველა ის საშტატო ერთეული, რაც მანამდე არსებობდა პირველ სააგენტოში შესაბამისი კუთხით.

28. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ დასაქმებული დამსაქმებელთან შრომით ურთიერთობაში იმყოფებოდა განუსაზღვრელი ვადით. ამასთან, მთელი მუშაობის პერიოდში, მას არ შეფარდებია რაიმე სახის დისციპლინური სახდელი, რაც მიუთითებს, რომ იგი ჯეროვნად და კეთილსინდისიერად ასრულებდა მასზე დაკისრებულ მოვალეობებს. საწინააღმდეგო მტკიცება ან შედავება, ამ გარემოებასთან დაკავშირებით, აპელანტებს არ წარუდგენიათ. იმის გათვალისწინებით, რომ რეორგანიზაციის შემდეგ ახლად შექმნილ მეორე სააგენტოში სრულად გადავიდა ყველა ის საშტატო ერთეული, რაც მანამდე არსებობდა პირველ სააგენტოში შესაბამისი კუთხით, მოსარჩელე სამუშაოდ მიღებული უნდა ყოფილიყო იმავე სამუშაო პოზიციაზე და იმავე სამართლებრივ მდგომარეობაში - უვადოდ.

29. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ დამსაქმებელთან მრავალწლიანი შრომითი ურთიერთობის გათვალისწინებით, მისი კვალიფიკაცია და შრომითი უნარები, იმავე სამუშაო პოზიციაზე, არ შეიძლება დაქვემდებარებოდა რაიმე სახის ხელახალ შეფასებას. აქედან გამომდინარე სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ დამსაქმებლის პოზიცია, მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის თაობაზე არ გააჩნია ლეგიტიმური საფუძველი და დასახული მიზნის არაპროპორციულია.

30. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ არ არსებობდა მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძველი.

31. ამ მოცემულობაში, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სშკ-ის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილზე, რომელიც ითვალისწინებს სამუშაოდ უკანონოდ გათავისუფლებული პირის უფლებრივი რესტიტუციის მექანიზმს და მიიჩნია, რომ ვინაიდან, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ხონის რაიონულ განყოფილების უფლებამონაცვლე ორგანოში არსებობს იგივე სამუშაო პოზიცია, რაზეც სასამართლოს განჩინების საფუძველზე მოპასუხეს აეკრძალა უვადოდ სხვა პირის დანიშვნა, არსებობს უკანონოდ გათავისუფლებული მოსარჩელის იმავე სამუშაო ადგილზე აღდგენის საფუძველი. ზემოაღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდა თ.გ–ძის სასარჩელო მოთხოვნები სამუშაოდან გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობისა და იმავე სამუშაოზე ადგილზე აღდგენის ნაწილში, დასაბუთებულია, რაც გამორიცხავს სააპელაციო საჩივრების დაკმაყოფილებისა და ამ ნაწილებში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას.

32. რაც შეეხება იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას, ვინაიდან მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულება შეწყდა 2020 წლის 1 თებერვლიდან, რაც სასამართლომ მიიჩნია უკანონოდ და მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მისი სამუშაოზე აღდგენის შესახებ, შესაბამისად, მეორე სააგენტოს დაეკისრა მოსარჩელისათვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურება ყოველთვიურად 1200 ლარის (გადასახადების ჩათვლით) ოდენობით, რასაც უნდა გამოაკლდეს მოსარჩელის მიერ მიღებული კომპენსაცია 2 თვის შრომის ანაზღაურების ოდენობით, აგრეთვე, პირველ სააგენტოში 2020 წლის 5 ოქტომბრიდან - 2021 წლის 1-ელ აპრილამდე პერიოდის, შრომის ანაზღაურების სახით მიღებული შემოსავალი (გადასახადების ჩათვლით).

33. სააპელაციო სამართალწარმოების ეტაპზე გაირკვა, რომ მოსარჩელე პირველ სააგენტოში მიღებული იქნა 2020 წლის 05 ოქტომბრიდან 2021 წლის 1-ელ აპრილამდე და მისი ყოველთვიური შრომის ანაზღაურება შეადგენდა 1200 ლარს. [იხ. 2021 წლის 23 ივლისის საოქმო განჩინება/ ამონაწერი სასამართლოს სხდომის ოქმიდან ტ.2 ს.ფ 80], შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ აღნიშნულ პერიოდში ხელფასის სახით მიღებული თანხები ასევე უნდა გამოაკლდეს მისთვის იძულებითი განაცდურის სახით ასანაზღაურებელ თანხებს, რაც ამ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია.

34. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მოსარჩელემ (აპელანტის მოწინააღმდეგე მხარე) გაასაჩივრა საკასაციო საჩივრით. კასატორი მოითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმებას განაცდურის გაანგარიშების ნაწილში, კერძოდ, 2020 წლის 5 ოქტომბრიდან 2021 წლის 1-ლი აპრილის პერიოდის შრომის ანაზღაურების სახით მიღებული შემოსავალი და სარჩელის სრულად დაკმაყოფილებას. კასატორი ასევე მოითხოვს სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 23 ივლისის საოქმო განჩინების გაუქმებას, რომლითაც დაკმაყოფილდა მეორე სააგენტოს შუამდგომლობა პირველ სააგენტოში მოსარჩელის დასაქმების შესახებ ინფორმაციის გამოთხოვის თაობაზე. ( იხ. ტ.2.ს.ფ. 133).

35. საკასაციო პრეტენზია გასაჩივრებული გადაწყვეტილების იურდიულ დაუსაბუთებლობას ემყარება. კასატორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არ იმსჯელა და არ დაასაბუთა ის გარემოება, თუ რატომ უნდა ყოფილიყო საპატიოდ მიჩნეული მეორე სააგენტოს მიერ სააპელაციო სასამართლოში ახალი მტკიცებულების წარდგენა. არ არსებობდა კანონმდებლობით გათვალისწინებული საპატიო გარემოება, რომლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს შეეძლო მიეღო მოპასუხის მიერ წარდგენილი ახალი მტკიცებულება. კასატორის მითითებით, სასამართლომ არ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ-ის) 380-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომლის მიხედვით სააპელაციო სასამართლო არ მიიღებს ახალ ფაქტებსა და მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეს შეეძლო წარედგინა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას, მაგრამ არასაპატიო მიზეზით არ წარადგინა.

36. კასატორი მიუთითებს, რომ სამტრედიის რაიონული სასამართლოს მიერ ბოლო მოსამზადებელი სხდომა (რომელიც შემდგომში გადაზრდილ იქნა მთავარ სხდომაში) გაიმართა 2020 წლის 26 ნოემბერს, მაშინ როდესაც ერთ თვეზე მეტი იყო გასული, რაც მოსარჩელე დასაქმდა მეორე სააგენტოში. ამასთან, პირველი სააგენტო პროცესზე წარმოადგენდა ერთ-ერთ მოპასუხეს (პირველი მოპასუხე). გარდა ამისა, სააგენტოები ექვემდებარებიან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს.

37. მოცემულ შემთხვევაში, მეორე სააგენტოს საქმის განხილვის არცერთ ეტაპზე არ გამოუყენებია საპროცესო შესაძლებლობა, წარმოედგინა სათანადო მტკიცებულებები მოსამზადებელ სხდომაზე. არცერთ მოპასუხეს არ მიუღია სსსკ-ით დადგენილი ზომები თავად მოეპოვებინათ აღნიშნული ინფორმაცია. ამასთან, კასატორისათვის გაუგებარია მეორე მოპასუხის პოზიცია იმის შესახებ, რომ არ იცოდა და ვერ შეიტყობდა მოსარჩელის პირველ სააგენტოში დასაქმების შესახებ, რადგანაც სააგენტოებს აქვთ აქტიური კავშირი ერთმანეთთან. ამასთან, მათ ზემდგომ სამინისტროს წარმოადგენს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. გარდა ამისა, პირველი სააგენტო საქმეში წარმოადგენდა ერთ-ერთ მოპასუხეს. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ დაარღვია, როგორც სსსკ-ის 380-ე მუხლის დანაწესი, ისე ამავე კოდექსის მე-3 და მე-4 მუხლებით გათვალისწინებული დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპი.

38. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 17 დეკემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი ცნობილი იქნა დასაშვებად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის მიხედვით, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. ამავე განჩინებით გადაწყდა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს შეუძლია გადაწყვეტილება გამოიტანოს საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე, რის შესახებაც მხარეებს ეცნობათ კანონით დადგენილი წესით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

39. უპირველესად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრებულია მხოლოდ მოსარჩელის მიერ და იმ ნაწილში, რომლითაც პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დაკისრებულ იძულებით განაცდურს სააპელაციო პალატამ (გასაჩივრებული გადაწყვეტილების მე-6 ნაწილი) გამოაკლო პირველ სააგენტოში მოსარჩელის მიერ 2020 წლის 5 ოქტომბრიდან 2021 წლის 1-ელი აპრილის პერიოდის შრომის ანაზღაურების სახით მიღებული შემოსავალი (გადასახადების ჩათვლით) (იხ. საკასაციო საჩივარი). ამიტომაც, სსსკ-ის 409-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით (საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია შეცვალოს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მხოლოდ იმ ფარგლებში, რასაც მხარეები მოითხოვენ), საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხოლოდ ამ ფარგლებში.

40. საკასაციო პალატას საქმეზე დადგენილი გარემოებებისა და საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასების შედეგად მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დასაბუთებულია, გასაჩივრებული გადაწყვეტილება ნაწილობრივ უნდა გაუქმდეს და ახალი გადაწყვეტილების მიღებით საკასაციო საჩივრი უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

41. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის დისპოზიციიდან გამომდინარე (საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა), საკასაციო პალატის შეფასების საგანი იქნება კასატორის შედავებების საფუძვლიანობა. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ემყარება კანონდარღვევას, კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მნიშვნელოვანი პროცესუალური ნორმების დარღვევით.

42. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივარი შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ იმას, რომ გადაწყვეტილება კანონის დარღვევითაა გამოტანილი. სამართლის ნორმები დარღვეულად ითვლება, თუ სასამართლომ: არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა; გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა; არასწორად განმარტა კანონი. საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევა მხოლოდ მაშინ შეიძლება, გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი.

43. განსახილველი დავის ფარგლებში საკასაციო სასამართლოს მიერ შეფასების საგანს წარმოადგენს მოსარჩელისათვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნის წინაპირობების არსებობა. ამ ტიპის სარჩელის წარმატებულობა, ბუნებრივია, უნდა შემოწმდეს მისი დამფუძნებელი ნორმის/ნორმების წინაპირობებთან მიმართებაში, რაც იმას ნიშნავს, რომ უპირველესად, სასამართლომ სწორად უნდა განსაზღვროს მოთხოვნის მარეგულირებელი სამართლებრივი საფუძველი - კანონის ნორმა, გამოარკვიოს სარჩელში მითითებული ფაქტების შესაბამისობა დამფუძნებელი ნორმის აბსტრაქტულ ელემენტებთან (ფორმალური გამართულობა), დადებითი პასუხის შემთხვევაში, სარჩელსა და შესაგებელში გამოთქმული პოზიციების ურთიერთშეჯერებით გამოარკვიოს სადავო და უდავო ფაქტობრივი გარემოებები (მტკიცების საგანი) და გაანაწილოს მხარეთა შორის მტკიცების საგანში შემავალი ფაქტების დადასტურების ტვირთი (მტკიცების ტვირთი).

44. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს ვალდებულებაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა, რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს.

45. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმის განმხილველი სასამართლო შეზღუდულია მხოლოდ მხარის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით, რაც შეეხება სამართლის ნორმების გამოყენებას, სასამართლო, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, ადგენს თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეთა შორის და ამ ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს სარჩელს. მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის შეფასება შედის სასამართლოს კომპეტენციაში, თუმცა, საქმეზე გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნეს შეჯიბრებითობის პრინციპის სრულად რეალიზაციის პირობებში.

46. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსის განმსაზღვრელია სარჩელში მითითებული ფაქტები და გარემოებები. სარჩელის ინდივიდუალიზაცია სარჩელის ელემენტების მეშვეობითაა შესაძლებელი. სსსკ-ის მე-3, მე-4, 83-ე და 178-ე მუხლების ანალიზით შესაძლებელია, დავასკვნათ, რომ სარჩელი შედგება ორი ელემენტისგან: სარჩელის საგნისა და სარჩელის საფუძვლისგან. სარჩელის საგანია მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისადმი (სსსკ-ის 178.1 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი), ხოლო სარჩელის საფუძველი - კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას (სსსკ-ის 178.1 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი). საქმის გარემოებათა ანალიზის საფუძველზე მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსის დადგენა და მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის მოძიება კი, სასამართლოს ვალდებულებაა. სადავო ურთიერთობის შეფასებისას, ზემდგომი ინსტანციის სასამართლო არაა შებოჭილი ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივი შეფასებებით, შესაბამისად, თუ ზემდგომი ინსტანციის სასამართლო გამოარკვევს, რომ ქვემდგომი სასამართლოს სამართლებრივი შეფასება არ გამომდინარეობს საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან, იგი ვალდებულია, ეს გარემოებები თავად შეაფასოს სამართლებრივად სწორად და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.

47. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასამართლომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, უნდა გაარკვიოს, თუ საიდან გამომდინარეობს მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი, კერძოდ, სახელშეკრულებო შეთანხმებებიდან, ზიანის მიყენებიდან (დელიქტი), უსაფუძვლო გამდიდრებიდან თუ კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლიდან.

48. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებული სამართლიანი სასამრთლოს უფლება მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან კომპონენტს, რომლის მიხედვითაც, სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა იყოს მხარისათვის განჭვრეტადი. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში უთითებს, რომ ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა პასუხობდეს მხარის მიერ სამართლებრივ და პროცედურულ საკითხებთან დაკავშირებით წარმოდგენილი არგუმენტების ძირითად ასპექტებს (იხ., გადაწყვეტილება საქმეზე Ruiz Torija v. Spain, §§ 29-30). შესაბამისად, უფლება მოსმენაზე მოიცავს არა მხოლოდ სასამართლოს წინაშე არგუმენტების წარდგენის შესაძლებლობას, არამედ სასამართლოს ვალდებულებას, გადაწყვეტილების დასაბუთებაში მიუთითოს მიზეზები, რომელთა საფუძველზეც გაიზიარა ან უარყო შესაბამისი არგუმენტები. სასამართლომ შეიძლება აუცილებლად არ მიიჩნიოს იმგვარ არგუმენტებზე პასუხის გაცემა, რომლებიც აშკარად არარელევანტური, დაუსაბუთებელი ან სხვაგვარად დაუშვებელია მსგავსი არგუმენტების მიმართ არსებული სამართლებრივი დებულებების ან მყარად დადგენილი სასამართლო პრაქტიკის საფუძველზე, თუმცა, ყველა გადაწყვეტილება უნდა იყოს ნათელი და საქმეში მონაწილე მხარეებს შესაძლებლობას უნდა აძლევდეს გაიგონ, თუ რატომ გაითვალისწინა სასამართლომ მხოლოდ კონკრეტული გარემოებები და მტკიცებულებები (იხ., გადაწყვეტილება საქმეზე Seryavin and Others v. Ukraine §§ 55-62). სასამართლოს აქვს ვალდებულება, სათანადოდ იმსჯელოს მხარეთა მიერ წარდგენილ დოკუმენტებზე, არგუმენტებსა და მტკიცებულებებზე (იხ. Kraska v. Switzerland, § 30; Van de Hurk v. the Netherlands, § 59; Perez v. France, § 80). ამასთან, მხარეებს უნდა ჰქონდეთ არა მხოლოდ იმის შესაძლებლობა, რომ იცოდნენ იმ მტკიცებულებათა შესახებ, რომლებიც მათ სჭირდებათ თავიანთი სარჩელის წარმატებისათვის, არამედ ჰქონდეთ კომენტარის გაკეთების საშუალება ყველა იმ მტკიცებულებასთან და მოსაზრებასთან დაკავშირებით, რომლებიც წარდგენილია სასამართლოს აზრის ფორმირებაზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით (იხ. Milatova and others v. The Czech republic §59; Niderost-huber v. Switzerland, § 24; K.S. v. finland § 21; ).

49. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი შედეგის - შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა (უფლებრივი რესტიტუცია) და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება - სამართლებრივი საფუძველია სშკ-ის 38.8 (იხ. შრომის კოდექსის მოქმედი რედაქციის 48.8 მუხლი) „სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია, პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება“ (დამატ. იხ. სშკ-ის 2.1, 2.2 მუხლი), 44-ე (იხ. შრომის კოდექსის მოქმედი რედაქციის 58-ე მუხლი) „შრომითი ურთიერთობისას მხარის მიერ მეორე მხარისათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით“, ასევე, სსკ-ის 394.1 „მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება“ და 408.1-ე „იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება“ მუხლები.

50. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვეციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა შეჯერების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. ამიტომაც, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს ფაქტების მითითების ტვირთისა და ფაქტების დამტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება მოდავე მხარეებს შორის.

51. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. შეჯიბრებითობის პრინციპი, მხარეთა თანასწორობის პრინციპთან ერთად, წარმოადგენს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით, აგრეთვე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე- 4 და მე-5 მუხლებით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლო უფლების მნიშვნელოვან კომპონენტს.

52. სსსკ-ის მე–4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. შეჯიბრებითობის პრინციპმა თავისი ასახვა ჰპოვა სსსკ–ის მთელ რიგ სხვა ნორმებში.

53. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ შეჯიბრებითობის პრინციპის შინაარსის ანალიზი საფუძველს გვაძლევს გავაკეთოთ შემდეგი დასკვნები:1. შეჯიბრებითობის პრინციპი მოიცავს მხარეთა საქმიანობას მხოლოდ საქმის ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების სფეროში. საკითხი იმის შესახებ, რომ სასამართლოსაქმის განხილვას (სამოქალაქო პროცესს) იწყებს მხოლოდ დაინტერესებული პირის მოთხოვნით, ან, რომ სასამართლო არ უნდა გასცდეს მხარეთა მოთხოვნის ფარგლებს და ა.შ. განეკუთვნება არა შეჯიბრებითობის, არამედ დისპოზიციურობის პრინციპის სფეროს.2. მხარეთა მოთხოვნების თუ შესაგებლის ფაქტობრივი (და არა იურიდიული) დასაბუთება (გამართლება) ეკისრებათ თვითონ მხარეებს.3. მხარეებმა თვითონ უნდა განსაზღვრონ, თუ რომელი ფაქტები დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს (შესაგებელს). ამის შესახებ პირდაპირაა მითითებული აგრეთვე სსსკ-ის 178–ე მუხლის „ ე“ ქვეპუნქტში, რომლის თანახმად, სარჩელში აღნიშნული უნდა იყოს გარემოებები, რომლებზეც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნებს, აგრეთვე სსსკ-ის 201–ე მუხლში, რომლის თანახმად, თუ მოპასუხე სარჩელს არ ცნობს, მან უნდა მიუთითოს რა კონკრეტულ გარემოებებს ემყარება მისი შესაგებელი სარჩელის წინააღმდეგ.4. მხარეებმა თვითონ უნდა მიუთითონ მტკიცებულებებზე, რომელთა საფუძველზე უნდა დამტკიცდეს (დადასტურდეს) მათ მიერ თავიანთი მოთხოვნის (შესაგებლის) დასაბუთების მიზნით მითითებული ფაქტები. ამის შესახებ პირდაპირაა მითითებული სსსკ 178–ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტში, რომლის თანახმად სარჩელში აღნიშნული უნდა იყოს მტკიცებულებანი, რომლებიც ადასტურებენ ამ გარემოებებს (ე.ი. მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებულ გარემოებებს), აგრეთვე, სსსკ-ის 201-ე მუხლში, რომლის თანახმად, მოპასუხემ თავის პასუხში (შესაგებელში) უნდა მიუთითოს რა მტკიცებულებებით შეიძლება დამტკიცდეს ეს გარემოებები, (ე.ი. მოპასუხის მიერ თავის შესაგებელში მითითებული გარემოებები.

54. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ კონცენტრირებულად შეჯიბრებითობის პრიციპი გამოხატულია სსსკ-ის 102–ე მუხლში, რომლის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

55. შეჯიბრებაში გამარჯვებულად გამოცხადდება მხარე, რომელმაც უკეთ შეძლო დაერწმუნებინა სასამართლო თავისი მოთხოვნის (შესაგებლის) ფაქტობრივ დასაბუთებულობაში, ანუ მხარე, რომელმაც მიუთითა ფაქტებზე, რომლებიც იურიდიულად ამართლებენ მოთხოვნას (შესაგებელს) და წარმოუდგინა სასამართლოს მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ ამ ფაქტებს.

56. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ყოველი კონკრეტული სამოქალაქო საქმის გადაწყვეტა სასამართლოში დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოშობილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი, როგორც ეს ცნობილია, შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. ე.ი. ისეთი ფაქტების საფუძველზე, რომლებსაც სამართლის ნორმა უკავშირებს გარკვეულ იურიდიულ შედეგს. ამრიგად, სასამართლო ვერ გადაწყვეტს ვერცერთ სამოქალაქო საქმეს, თუ მან წინასწარ არ დაადგინა გარკვეული ფაქტები. ამ ფაქტების დადგენა ხორციელდება უმთავრესად დამტკიცების გზით, შესაბამისი მტკიცებულებების გამოყენებით.

57. ფაქტების დამტკიცების პროცესი საკმაოდ დეტალურად რეგულირდება სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით, კერძოდ, განსაზღვრულია მტკიცების საშუალებათა (მტკიცებულებათა) წრე, რომლებიც შეიძლება გამოიყენოს სასამართლომ ფაქტობრივი გარემოებების დასადგენად, ამ მტკიცებულებათა დასაშვებობა და განკუთვნადობა, მტკიცების ტვირთის (მოვალეობის) განაწილება მხარეთა შორის, ანუ რომელმა მხარემ რა გარემოება უნდა დაამტკიცოს, მტკიცებულებათა გამოკვლევის წესი, მტკიცებულებათა შეფასების ზოგადი წესები და ა.შ.

58. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სამოქალაქო პროცესში დადგენილი უნდა იქნეს სამი სხვადასხვა ხასიათის, შინაარსისა და შედეგების მიხედვით ისეთი ფაქტები, როგორიცაა: 1) ფაქტები, რომლებსაც უკავშირდება მხოლოდ პროცესუალურ სამართლებრივი შედეგი (სარჩელის მიღება წარმოებაში, ან ასეთ მიღებაზე უარის თქმა); 2) ფაქტები, რომლებსაც უკავშირდება მატერიალურ სამართლებრივი შედეგი, ანუ მთავარი საძიებელი ფაქტები (სარჩელის დაკმაყოფილება, ან მის დაკმაყოფილებაზე უარისთქმა); 3) მტკიცებულებითი ფაქტები, რომელთა მეშვეობით ხორციელდება მთავარი, ანუ გადაწყვეტილებისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცება – დადასტურება.

59. შესაბამისად, სამოქალაქო პროცესში მტკიცების საგანია მატერიალურ სამართლებრივი მნიშვნელობის ფაქტები, რომლებზეც მიუთითებენ მხარეები თავიანთი მოთხოვნების (შესაგებლის)დასაბუთება–გამართლების მიზნით. რა კრიტერიუმით უნდა იხელმძღვანელოს სასამართლომ მტკიცების საგნის განსაზღვრისას? სარჩელის აღძვრით მოსარჩელეს სურს გარკვეული შედეგის დადგომა. მისი ეს სურვილი აისახება სარჩელის იმ ელემენტში, რომელსაც სარჩელის საგანი ეწოდება. ამრიგად, სარჩელის საგანს ქმნის მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსი. მაგრამ, მოსარჩელისათვის სასურველი შედეგის დადგომა, მისი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება შესაძლებელია მხოლოდ გარკვეული ფაქტების საფუძველზე, რომლებსაც კანონი უკავშირებს მოსარჩელის მატერიალურ სამართლებრივი მოთხოვნის დაკმაყოფილებას. ზუსტად იგივე უნდა განსაზღვროს იმ ფაქტების წრემ, რომლებსაც უკავშირდება მხარეთა მოთხოვნის (შესაგებლის) ფაქტობრივი დასაბუთებულობა. მიუთითონ ფაქტებზე, რომლებიც ასაბუთებენ მხარეთა მოთხოვნებს და შესაგებელს, არის თვითონ მხარეთა მოვალეობა.

60. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მტკიცების საგანში შედიან მხარეთა მიერ მითითებული ფაქტები, რომლებიც სასამართლოს შეხედულებით სამართლებრივად ასაბუთებენ (ამართლებენ) მათ მოთხოვნებს და შესაგებელს. კრიტერიუმი, რომლითაც უნდა იხელმძღვანელოს სასამართლომ იმისათვის, რომ სწორად განსაზღვროს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტებიდან, თუ რომელი ამართლებს სამართლებრივად მხარეთა მოთხოვნებს (შესაგებელს) და რომელი არაა, ესაა სარჩელის საგანი (მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსი), მოპასუხის შესაგებელი და მატერიალურ სამართლებრივი ნორმა.

61. „სამართლებრივი დავისას სამოქალაქო საქმის განმხილველ მოსამართლეს ორი ამოცანა აქვს დასაძლევი: პირველ რიგში, მან უნდა გამოარკვიოს, თუ რა მოხდა სინამდვილეში. მეორე რიგში კი მოსამართლემ სამართლებრივად უნდა შეაფასოს ფაქტობრივი გარემოებები და დაადგინოს, არსებობს თუ არა სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი. მოსარჩელემ სასამართლოს უნდა მიუთითოს ყველა იმ გარემოებაზე, რომლებიც კანონის მიხედვით ასაბუთებს სასარჩელო მოთხოვნას. თუ მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები ვერ აკმაყოფილებს აღნიშნულ მოთხოვნას, მაშინ სარჩელი უკვე ამ საფუძველზევე არ უნდა დაკმაყოფილდეს. ასეთ შემთხვევაში, მოსამართლეს არა აქვს უფლება, საკუთარი ინიციატივით მოიძიოს სასარჩელო მოთხოვნის დამადასტურებელი გარემოებები და შეაგროვოს მტკიცებულებები. თუ მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებულია ყველა იმ გარემოებაზე, რომლებიც კანონის მიხედვით ადასტურებენ მოთხოვნის არსებობას, მაშინ უკვე მოპასუხეზეა დამოკიდებული, ამ გარემოებების არსებობის უარყოფა“ (იხ. თომას ჰერმანი, მტკიცებულებითი სამართალი, GIZ, თბილისი, 2016, გვ.3-4).„მტკიცების საგანში შემავალი გარემოებებიდან ერთი ნაწილი უნდა დაამტკიცოს მოსარჩელემ, მეორე ნაწილი კი – მოპასუხემ. ამასთან ერთად, დამტკიცების ტვირთის განაწილების საფუძველზე, მოსარჩელე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოპასუხემ უნდა დაამტკიცოს და პირიქით, მოპასუხე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების ინსტიტუტი მიუთითებს არა მარტო იმაზე, თუ რომელმა მხარემ რა ფაქტები უნდა დაამტკიცოს, არამედ იმაზეც, თუ რომელი ფაქტების დადგენის მოვალეობისაგან თავისუფლდება ესა თუ ის მხარე. შესაბამისად, მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის წარმოშობის საფუძველს, ხოლო მოპასუხემ კი – ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს“ (იხ. ჰ. ბოელინგი, ლ, ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბ., 2004, გვ.64).შეუძლია თუ არა სასამართლოს თავისი ინიციატივით შეიტანოს მტკიცების საგანში და საფუძვლად დაუდოს გადაწყვეტილებას ფაქტები,რომლებზეც მხარეებიარ მიუთითებენ? იურიდიულ დოქტრინაში გაბატონებული მოსაზრების თანახმად, სასამართლოს ეს არ შეუძლია. (იხ.დამატებით: თ. ლილუაშვილი, სამოქალაქო საპროცესო სამართალი, თბილისი, 2005, გვ. 87; ჰ. ბოელინგი, ლ, ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბ., 2004, გვ.64).

62. სასამართლოს შეუძლია მხოლოდ მხარეთა ახსნა-განმარტების მოსმენის დროს, რაც შეიძლება მოხდეს მოსამზადებელ სხდომაზე (სსსკ-ის 205-ე მუხლი) ან მთავარ სხდომაზე (სსსკ-ის 218-ე მუხლი), შეკითხვების მიცემის საშუალებით კიდევ ერთხელ დააზუსტოს ფაქტიური გარემოებები, რომლებსაც ემყარება მხარეთა მოთხოვნა (შესაგებელი). ამის შესახებ პირდაპირაა მითითებული სსსკ-ის 128-ე მუხლში, რომლის თანახმად სასამართლოს უფლება აქვს შეკითხვები მისცეს მხარეებს, რომლებიც ხელს შეუწყობენ საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულად და ზუსტად განსაზღვრას.საგულისხმოა სსსკ-ის 219-ე მუხლის დანაწესი იმის შესახებ, რომ მხარეები შეზღუდული არიან, ახსნა-განმარტების მოსმენისას წარადგინონ ახალი მტკიცებულებები ან მიუთითონ ახალ გარემოებებზე, რომელთა შესახებაც არ ყოფილა მითითებული სარჩელსა თუ შესაგებელში ან საქმის მომზადების სტადიაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მათ შესახებ თავის დროზე საპატიო მიზეზით არ იყო განცხადებული. ამრიგად, ფაქტებზე თვითონ მხარეებმა უნდა მიუთითონ. სასამართლოს შეუძლია მხოლოდ მხარეთა გამოკითხვისა და შეკითხვების მიცემის გზით ხელი შეუწყოს გადაწყვეტილებისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების სრულად და ზუსტად განსაზღვრას.

63. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მხარეთა ნამდვილი შეჯიბრება რეალურად შეუძლებელი იქნებოდა, რომ არ იყვნენ ამ შეჯიბრებაში მონაწილე მხარეები თანასწორნი. მხარეთა პროცესუალური თანასწორობის პრინიციპითაა გამსჭვალული საპროცესო კანონმდებლობის თითქმის ყოველი ნორმა, დაწყებული საქმის მომზადების სტადიით და დამთავრებული გადაწყვეტილების გამოტანით და მისი გასაჩივრებით.მაგალითად, სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ მოპასუხეს ეგზავნება ამ სარჩელისა და მასზე დართული დოკუმენტების ასლები. მოპასუხეს თავის მხრივ შეუძლია ცნოს სარჩელი, ან არ ცნოს, მაგრამ თუ არ ცნობს – უნდა წარმოუდგინოს სასამართლოს წერილობითი ფორმით შედგენილი პასუხი სარჩელზე და მასზე თანდართულ საბუთებზე. ამ წერილობით პასუხში მანვე უნდა აცნობოს სასამართლოს, თუ რა საპროცესო საშუალებებით აპირებს მოსარჩელისაგან თავის დაცვას.ისე, როგორც მოსარჩელეს, მოპასუხეს სრული უფლება აქვს არამარტო გამოთქვას თავისი მოსაზრებები მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ფაქტების უარსაყოფად, არამედ წარმოუდგინოს სასამართლოს ფაქტები და მტკიცებულებები, რომლებიც ამართლებენ მის შესაგებელს, აქარწყლებენ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს, ადასტურებენ ამ მტკიცებულებების სიყალბეს ან არასარწმუნოობას და ა.შ.სასამართლო ვერ გამოიტანს გადაწყვეტილებას, თუ მან არ მოუსმინა ორივე დაპირისპირებულ მხარეს ან არ მისცა მათ შესაძლებლობა გამოიყენონ საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა უფლება და მექანიზმი თავიანთი პოზიციის გასამართლებლად, თავიანთი უფლებების დასაცავად.

64. „მხარეთა თანასწორობა და შეჯიბრებითობა სამოქალაქო საპროცესო სამართლის უმნიშვნელოვანესი პრინციპია, რაც პირველ რიგში გულისხმობს მოსარჩელისა და მოპასუხისათვის თანაბარი პროცესუალური შესაძლებლობების მინიჭებას. შეჯიბრებითობის პრინციპი ეფუძნება მხარეთა თანაბარ შესაძლებლობას, აღიჭურვონ სათანადო საპროცესო ინსტრუმენტებით...“ (შდრ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილება საქმეზე №1/8/594; 2017 წლის 01 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე №2/6/746).

65. თუ მოსარჩელე ვერ დაამტკიცებს სადავო (დავის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე) გარემოებებს, სარჩელი არ დაკმაყოფილდება. სარჩელის წარმატება მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის (დამფუძნებელი ნორმა) წინაპირობების მითითება/დადასტურებაზეა დამოკიდებული, ასეთი შედავების დროს მოპასუხე სადავოდ ხდის სწორედ მოთხოვნის წარმოშობის წინაპირობებს, უთითებს ისეთ გარემოებებზე, რომლებიც მოთხოვნის არსებობას გამორიცხავენ, საკმარისია მოპასუხის მხრიდან თუნდაც ერთი წინაპირობის გამორიცხვა, რომ სარჩელის წარმატებას საფრთხე შეექმნას.

66. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოსარჩელისათვის სასურველი შედეგის დადგომა, მისი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება შესაძლებელია მხოლოდ გარკვეული ფაქტების საფუძველზე, რომლებსაც კანონი უკავშირებს მოსარჩელის მატერიალურ სამართლებრივი მოთხოვნის დაკმაყოფილებას. ზუსტად იგივე უნდა განსაზღვროს იმ ფაქტების წრე, რომლებსაც უკავშირდება მხარეთა მოთხოვნის (შესაგებლის) ფაქტობრივი დასაბუთებულობა. მიუთითონ ფაქტებზე, რომლებიც ასაბუთებენ მხარეთა მოთხოვნებს და შესაგებელს, არის თვითონ მხარეთა მოვალეობა.

67. იმ შემთხვევაში, თუ მოპასუხე სათანადოდ ახერხებს მოსარჩელის მიერ მითითებულ (არსებით) გარემოებებზე შედავებას საპირისპირო ნორმის წინაპირობების დასაბუთების გარეშე, მაშინ ამ გარემოებებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უკვე მტკიცების სტადიაზე მიიღება იმისდა მიხედვით, (მტკიცების ტვირთის განაწილების გათვალისწინებით) დამტკიცდება თუ არა ეს სადავო გარემოებები; თუ მოპასუხე ვერ ახერხებს საპირისპირო ნორმის წინაპირობების დასაბუთებასდა ვერც მოსარჩელის მიერ მითითებული და მოთხოვნის დამაფუძნებელი გარემოებების სათანადო შედავებას, სასამართლოს შეუძლია მოსარჩელის სასარგებლოდ დააკმაყოფილოს სარჩელი; თუ მოპასუხე სათანადოდ ახერხებს სამართლებრივი შესაგებლის დასაბუთებას და თუ მოსარჩელე არ ხდის სადავოს მის შესაგებელს, მაშინ სასამართლო მიდის დასკვნამდე, რომ უარი უნდა ეთქვას სარჩელს საპირისპირო (მოთხოვნის გამომრიცხავი) ნორმის არსებობის გამო; თუ მოპასუხე სათანადოდ ახერხებს მოსარჩელის არსებითი გარემოებების შედავებას და ასევე საპირისპირო ნორმის წინაპირობების საკმარისად დასაბუთებას, მაშინმტკიცების სტადიაზე უნდა გაირკვეს, მტკიცდება თუ არა სადავო გარემოებები (მტკიცების ტვირთის გადანაწილების შესაბამისად). შემდეგ ეტაპზე უნდა შემოწმდეს, ახერხებს თუ არა მოსარჩელე თავისი მოთხოვნის დამაფუძნებელი გარემოებების იმგვარ დასაბუთებას, რომელიც ასევე აქარწყლებს მოპასუხის მიერ დასაბუთებულ საპირისპირო მითითებებს (ნორმებს).

68. საკსაციო პრეტენზია გასაჩივრებული გადაწყვეტილების იურდიულ დაუსაბუთებლობას ემყარება. კასატორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არ იმსჯელა და არ დაასაბუთა ის გარემოება, თუ რატომ უნდა ყოფილიყო საპატიოდ მიჩნეული მეორე სააგენტოს მიერ სააპელაციო სასამართლოში ახალი მტკიცებულების წარდგენა. არ არსებობდა კანონმდებლობით გათვალისწინებული საპატიო გარემოება, რომლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს შეეძლო მიეღო მოპასუხის მიერ წარდგენილი ახალი მტკიცებულება. კასატორის მითითებით, სასამართლომ არ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ-ის) 380-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომლის მიხედვით სააპელაციო სასამართლო არ მიიღებს ახალ ფაქტებსა და მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეს შეეძლო წარედგინა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას, მაგრამ არასაპატიო მიზეზით არ წარადგინა. კასატორი მიუთითებს, რომ სამტრედიის რაიონული სასამართლოს მიერ ბოლო მოსამზადებელი სხდომა (რომელიც შემდგომში გადაზრდილ იქნა მთავარ სხდომაში) გაიმართა 2020 წლის 26 ნოემბერს, მაშინ როდესაც ერთ თვეზე მეტი იყო გასული, რაც მოსარჩელე დასაქმდა მეორე სააგენტოში. ამასთან, პირველი სააგენტო პროცესზე წარმოადგენდა ერთ-ერთ მოპასუხეს (პირველი მოპასუხე). გარდა ამისა, სააგენტოები ექვემდებარებიან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს. მეორე სააგენტოს საქმის განხილვის არცერთ ეტაპზე არ გამოუყენებია საპროცესო შესაძლებლობა, წარმოედგინა სათანადო მტკიცებულებები მოსამზადებელ სხდომაზე. არცერთ მოპასუხეს არ მიუღია სსსკ-ით დადგენილი ზომები თავად მოეპოვებინათ აღნიშნული ინფორმაცია. ამასთან, კასატორისათვის გაუგებარია მეორე მოპასუხის პოზიცია იმის შესახებ, რომ არ იცოდა და ვერ შეიტყობდა მოსარჩელის პირველ სააგენტოში დასაქმების შესახებ, რადგანაც სააგენტოებს აქვთ აქტიური კავშირი ერთმანეთთან. ამასთან, მათ ზემდგომ სამინისტროს წარმოადგენს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. გარდა ამისა, პირველი სააგენტო საქმეში წარმოადგენდა ერთ-ერთ მოპასუხეს. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ დაარღვია, როგორც სსსკ-ის 380-ე მუხლის დანაწესი, ისე ამავე კოდექსის მე-3 და მე-4 მუხლებით გათვალისწინებული დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპი (იხ. საკასაციო საჩივარი).

69. კასატორის აღნიშნულ პრეტენზიასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს იმსჯელოს შესაგებელზე, როგორც სარჩელისაგან მოპასუხის თავდაცვის საშუალებაზე.

70. შესაგებელი, როგორც მოპასუხის საპროცესო თავდაცვის საშუალება მნიშვნელოვანი ინსტიტუტია სამოქალაქო სამართალწარმოებაში, მასში ვლინდება წერილობითი შეჯიბრებითობის პრინციპი. იგი ასევე ერთგვარი გამოხატულებაა დისპოზიციურობის (სსსკ-ის მე-3 მუხლი) პრინციპისა, რომელიც უზრუნველყოფს მხარეთა საპროცესო უფლებების ავტონომიურად განკარგვის შესაძლებლობას. საპროცესო ავტონომიის ფარგლებში მოპასუხის გადასაწყვეტია ცნობს თუ არა სარჩელს, დაასრულებს თუ არა საქმეს მორიგებით, ან რა სახის საპროცესო თავდაცვის საშუალებას გამოიყენებს, რაც გარკვეულწილად დავაში შესვლას და სარჩელში მითითებულ გარემოებებზე პასუხის გაცემას გულისხმობს. შესაბამისად, სარჩელის წარმატება იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რამდენად კვალიფიციურად დაიცავს თავს მოპასუხე სარჩელისაგან.

71. ვიდრე საქმის არსებითად განხილვა დაიწყება სასამართლოში, მოსამართლემ უნდა უზრუნველყოს საქმის მომზადება, რომელიც მათ შორის მხარეთა წერილობითი პოზიციების გაცვლას მოიცავს. სწორედ ამ მიზანს ემსახურება, ერთი მხრივ სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლების მოპასუხისათვის, ხოლო მეორე მხრივ, შესაგებლისა და თანდართული დოკუმენტების ასლების მოსარჩელისთვის ჩაბარება. სასამართლომ მკაცრად უნდა გააკონტროლოს ამ კონტექსტში მხარეთა საპროცესო უფლებების დაცვა (წერილობითი დოკუმენტაციის სრულყოფილად მიღება და პასუხის გასაცემად გონივრული ვადის დადგენა), წინააღმდეგ შემთხვევაში სახეზე იქნება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 6.1 მუხლით გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა. მოპასუხეს მისთვის გზავნილის (სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლები) ჩაბარების შემდეგ წარმოეშობა შესაგებლის წარდგენის ვალდებულება.

72. კანონმდებლის ამგვარი მოთხოვნა გამომდინარეობს წერილობითი სამართალწარმოების პრინციპიდან, რაც წინა ეტაპია ზეპირი სამართალწარმოებისა და რასაც ვერ ჩაანაცვლებს მხარეთა მოსმენის პრინციპი, წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო პროცესი დაკარგავდა განსაზღვრულობის სახეს და მივიღებდით საპროცესო მოქმედებების ქაოსს. მხარეს უფლება აქვს წინასწარ, საქმის არსებითად განხილვის დაწყებამდე იცოდეს, რაზე აფუძნებს მეორე მხარე თავის მოთხოვნას ან რა საპროცესო საშუალებებით აპირებს თავის დაცვას. მხარეებს უნდა მიეცეთ ეფექტური სამართლებრივი დაცვის საშუალება, რათა დაიცვან საკუთარი სამოქალაქო უფლებები, რაც სამართლიანი სასამართლოს უფლების მოთხოვნაა.

73. ამგვარი მიდგომა სრულადაა შესაბამისობაში სამართლებრივი სიცხადის პრინციპთან. ამიტომაცაა კანონმდებელი ასეთი მკაცრი მოპასუხის მხრიდან თავისი საპროცესო მოვალეობის დარღვევის მიმართ და სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შესაგებლის წარუდგენლობის შედეგს უკავშირებს არა სამართალწარმოების გაგრძელებას, არამედ ზეპირი მოსმენის გარეშე დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას. ამ თვალსაზრისით სასამართლო პრაქტიკასა თუ დოქტრინაში შესაგებლის წარუდგენლობა სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობას უთანაბრდება (ივარაუდება, რომ მხარემ დაკარგა იურიდიული ინტერესი დავის მიმართ), ანუ სამართლებრივი შედეგი იგივეა, რაც მოპასუხის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობისას - მოსამართლე სარჩელში მითითებულ, დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვან ფაქტებს შეუდავებლად (დამტკიცებულად) მიიჩნევს, ამასთან, თუ სარჩელში მითითებული ფაქტები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება, წინააღმდეგ შემთხვევაში მოსამართლე ნიშნავს სხდომას, ხოლო სხდომის ჩატარების შემთხვევაში, მოპასუხე ვერ განახორციელებს ფაქტობრივ შედავებას, მათ შორის მტკიცებულებათა წარდგენას (სსსკ-ის 2321 მუხლი), შესაბამისად, მოპასუხეს მხოლოდ სამართლებრივი შედავების უფლება რჩება. ვინაიდან საქმის განხილვის და დავის გადაწყვეტის მთავარი ფიგურანტი მოსამართლეა, მას ჯერ კიდევ წერილობითი ფორმით წარდგენილი სარჩელიდან და შესაგებლიდან უნდა შეექმნას წარმოდგენა დავის სურათზე (ფაბულა), მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველზე (სარჩელით მოთხოვნილი შედეგის განმსაზღვრელი ნორმა), მოთხოვნის წინაპირობებზე (ნორმის შემადგენლობა), მტკიცების საგანსა (სადავო გარემოება, რომელიც უნდა დამტკიცდეს) თუ სარჩელის პერსპექტიულობაზე. იმის მიხედვით, რამდენად აკმაყოფილებს სარჩელი და შესაგებელი ფორმალური დასაბუთებულობის (გამართულობის) მოთხოვნებს, მოსამართლე ნიშნავს მოსამზადებელ ან მთავარ სხდომას. შესაბამისად, თუ მოსამართლე დანიშნავს მოსამზადებელ სხდომას, მან აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს მხარეთა საპროცესო უფლებები_ დააზუსტონ/შეავსონ სარჩელში/შესაგებელში მითითებული გარემოებები (სსსკ-ის 83-ე მუხლი). დასაბუთებულობის მოთხოვნა გამოიყენება შესაგებელთან მიმართებაშიც, ამ დროს მოწმდება როგორი შესაგებელი წარადგინა მოპასუხემ (მოთხოვნის შემწყვეტი, შემაფერხებელი, გამომრიცხავი). შესაგებლის შინაარსიდან უნდა მიხვდეს მოსამართლე, რომელია უდავო და რომელია სადავო მტკიცების საგანში შემავალი ფაქტები. შესაგებლის ინსტიტუტი, სარჩელის ინსტიტუტთან ერთად ერთგვარი გზამკვლევია მტკიცების სტადიისა, რომელზე გადასვლაც არ ხდება, ვიდრე არ ამოიწურება მხარეთა პოზიციების (სარჩელი; შესაგებელი; მოპასუხის მხრიდან არსებითი შედავების შემთხვევაში მოსარჩელის პასუხი დაა.შ.) ურთიერთგაცვლა და უდავო გარემოებების იდენტიფიცირება. საქმის განმხილველი მოსამართლის გადასაწყვეტია,თუ რა ფაქტობრივი აღწერილობა (ფაბულა) უნდა დაუდოს საფუძვლად საკუთარ მსჯელობას, თავის მხრივ მთავარ როლს ფაბულის შექმნაში მხარეები ასრულებენ, რაც სრულად პასუხობს შეჯიბრებითობის პრინციპის მოთხოვნებს. ერთი მხრივ რელევანტური ფაქტების დახარისხება ხდება სამართლის ნორმის მიხედვით, ხოლო მეორე მხრივ, ფაქტები განსაზღვრავენ, რომელია მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმა. აქედან გამომდინარე, დავის გადაწყვეტაში სარჩელთან ერთად შესაგებლის, როგორც საპროცესო ინსტიტუტის როლი, უაღრესად მნიშვნელოვანია.

74. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ შესაგებლის ზოგადი კლასიფიკაცია შემდეგია: მატერიალური და საპროცესო შესაგებელი; აბსტრაქტული (ზოგადი) და კონკრეტული შესაგებელი; მარტივი და კვალიფიციური (არსებითი) შესაგებელი. რა ტიპის შესაგებელს წარადგენს მოპასუხე, სრულად თავსდება ამ უკანაკნელის ნების ავტონომის ფარგლებში. კონკრეტული შესაგებლის წარდგენის ვალდებულება გამომდინარეობს 201-ე მუხლის მე-4 ნაწილის შინაარსიდან (ივარაუდება, რომ შედავებული უნდა იყოს დავის გადასაწყვეტად მნიშვნელოვანი ფაქტები და არა სამართლებრივი მოსაზრებები, ე.ი. ისეთი ფაქტები, რომელთა არსებობა წარმოშობენ მოთხოვნას), წინააღმდეგ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები, დამტკიცებულად ითვლება. მოსამართლემ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს პირველ რიგში საპროცესო შესაგებელს, ხოლო ამის შემდეგ მატერიალურ შესაგებელს.

75. მატერიალური შედავება მიმართულია სარჩელის მატერიალურ-სამართლებრივი შედეგის მიღწევის წინააღმდეგ, რაც გულისხმობს მოპასუხის მხრიდან ისეთ ფაქტებზე (წინაპირობებზე) მითითებას, რომლებიც გამორიცხავენ, წყვეტენ ან აფერხებენ (განუხორციელებელს ხდიან) სარჩელით მოთხოვნილი შედეგის დადგომას.

76. საკასაციო პალატამ ერთ-ერთ საქმეზე აღნიშნა, რომ სსსკ-ის 201-ე მუხლის მეოთხე და მეხუთე ნაწილების თანახმად, „პასუხში (შესაგებელში) სრულყოფილად და თანამიმდევრობით უნდა იყოს ასახული მოპასუხის მოსაზრებები სარჩელში მითითებულ თითოეულ ფაქტობრივ გარემოებასა და მტკიცებულებასთან დაკავშირებით. თუ მოპასუხე არ ეთანხმება სარჩელში მოყვანილ რომელიმე გარემოებას, იგი ვალდებულია მიუთითოს ამის მიზეზი და დაასაბუთოს შესაბამისი არგუმენტაციით; წინააღმდეგ შემთხვევაში მას ერთმევა უფლება, შეასრულოს ასეთი მოქმედება საქმის არსებითად განხილვის დროს. მოპასუხე ვალდებულია, პასუხს დაურთოს მასში მითითებული ყველა მტკიცებულება. თუ მოპასუხეს საპატიო მიზეზით არ შეუძლია პასუხთან ერთად მტკიცებულებათა წარდგენა, იგი ვალდებულია, ამის შესახებ მიუთითოს პასუხში. წინააღმდეგ შემთხვევაში მოპასუხეს ერთმევა უფლება, შემდგომში წარადგინოს მტკიცებულებები). სამოქალაქო პროცესში მტკიცების საგანი, რომელიც წარმოადგენს სადავო მატერიალურსამართლებრივ ფაქტებს, რომელზეც მიუთითებენ მოსარჩელე და მოპასუხე, მოთხოვნის თუ შესაგებლის დასაბუთების ან გაქარწყლებისათვის, შეუძლებელია წარმოვიდგინოთ მტკიცებითი საქმიანობის გარეშე. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილი ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ მოპასუხე ვალდებულია, საქმის მომზადების მიზნით აქტიურად იმოქმედოს, რაც, უპირველესად, სასამართლოსათვის სარჩელზე მისი წერილობითი მოსაზრებების წარდგენაში გამოიხატება. მოპასუხის მიერ ამ უფლების განუხორციელებლობა, სსსკ-ის 206-ე მუხლის შესაბამისად, ართმევს მას უფლებას, შეასრულოს ასეთი მოქმედება ამ საქმის არსებითად განხილვის დროს (ანუ, სასამართლოს სხდომაზე მხარისაგან მტკიცებულების მიღება აღარ ხდება). ამ შემთხვევისათვის სხვა რაიმე სპეციალურ შედეგს კანონი არ ადგენს“ (შდრ. სუსგ დიდი პალატის გადაწყვეტილება საქმეზე №ას-664-635-2016, 02 მარტი, 2017, პ.201).

77. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ შესაგებლის სახეებიდან განსაკუთრებული დატვირთვა გააჩნია კვალიფიციურ შედავებას. კვალიფიციური შედავება იურიდიულ დოქტრინაში განმარტებულია შემდეგნაირად: „მოპასუხე მოსარჩელის მოხსენების ნაცვლად წარმოადგენს მოვლენათა განვითარების მისეულ, განსხვავებულ ვერსიას, რომელიც ცალკეულ საკითხებში სადავოს ხდის მოსარჩელის მოხსენებას“. (შდრ. მოსამართლის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესი სამოქალაქო სამართალში, შ.შმიტი, ჰ.რიჰტერი, (GIZ), 2013წ., გვ.19.) კვალიფიციურ შედავებას არსებით შედავებადაც მოიხსენიებენ. ამგვარი შედავება, ერთი მხრივ, შეიძლება გამორიცხავდეს სარჩელის დაკმაყოფილებას უსაფუძვლობის გამო, ხოლო მეორე მხრივ, ცვლიდეს მოსარჩელის მიერ შემოთავაზებული სამართლებრივი ურთიერთობის კვალიფიკაციას, საიდანაც მოსარჩელეს დამატებითი მოხსენების (ფაქტების მითითების) გარეშე გაუჭირდება იმ შედეგის მიღწევა, რომელიც სარჩელით აქვს მოთხოვნილი. კვალიფიციური (არსებითი) შედავება მოსამართლეს ცალკეულ შემთხვევაში ავალდებულებს მოიძიოს მოთხოვნის სხვა დამფუძნებელი ნორმა, ასევე შეამოწმოს საგამონაკლისო ნორმები.

78. მას შემდეგ, რაც მოსამართლე მოიძიებს მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმას, განსაზღვრავს ნორმის ფაქტობრივ ელემენტებს (წინაპირობებს), ამ წინაპირობებს მიუსადაგებს მოსარჩელის მიერ მოხსენებულ ფაქტებს და თითეულ წინაპირობაზე გასცემს დადებით პასუხს, იგი ამოწმებს რომელ ფაქტებს ხდის მოპასუხე სადავოდ (მოპასუხის სტადია). თუ მოპასუხეს არ აქვს წარდგენილი კვალიფიციური (არსებითი) შედავება, არამედ მხოლოდ სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტების უარყოფით შემოიფარგლება, მოსამართლე გადადის მტკიცების სტადიაზე, რაც ნიშნავს სადავოდ გამხდარი ფაქტების დადგენის პროცესს. მოპასუხის მხრიდან არსებითი ხასიათის შედავების შემთხვევაში, მოსამართლემ ასევე უნდა მოიძიოს სამართლებრივი ნორმა, რომელიც გამორიცხავს, წყვეტს ან აფერხებს მოთხოვნის განხორციელებას, ხოლო ნორმის წინაპირობების შემოწმება იმავე წესით ხორციელდება. აქაც მნიშვნელოვანია რას პასუხობს მოსარჩელე მოპასუხის არსებით შედავებას, არ არის გამორიცხული მოსარჩელემაც კვალიფიციური პასუხი გასცეს მოპასუხის ამგვარ განმარტებას. ამდენად მოსამართლე ასე უწვეტად გადადის მოსარჩელის სტადიიდან მოპასუხის სტადიაზე და პირიქით, ვიდრე არ დასრულდება მხარეთა განმარტებების ურთიერთგაცვლის პროცესი, რომლის შედეგადაც უნდა გაირკვეს უდავო და სადავო (მტკიცების საგანში შემავალი) ფაქტები.

79. შესაგებლის შინაარსობრივი მხარე, განსაკუთრებით ფაქტობრივი ნაწილი გავლენას ახდენს მტკიცების ტვირთზე. სსსკ-ის 102.1 მუხლის ზოგადი დათქმიდან გამომდინარე, უფლების შემწყვეტი, შემაფერხებელი და გამომრიცხველი შესაგებლის მტკიცების ტვირთი მოდის მოპასუხეზე.

80. იმ შემთხვევაში, თუ მოპასუხე სათანადოდ ახერხებს მოსარჩელის მიერ მითითებულ (არსებით) გარემოებებზე შედავებას საპირისპირო ნორმის წინაპირობების დასაბუთების გარეშე, მაშინ ამ გარემოებებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უკვე მტკიცების სტადიაზე მიიღება იმისდა მიხედვით, (მტკიცების ტვირთის განაწილების გათვალისწინებით) დამტკიცდება თუ არა ეს სადავო გარემოებები; თუ მოპასუხე ვერ ახერხებს საპირისპირო ნორმის წინაპირობების დასაბუთებას და ვერც მოსარჩელის მიერ მითითებული და მოთხოვნის დამაფუძნებელი გარემოებების სათანადო შედავებას, სასამართლოს შეუძლია მოსარჩელის სასარგებლოდ დააკმაყოფილოს სარჩელი; თუ მოპასუხე სათანადოდ ახერხებს სამართლებრივი შესაგებლის დასაბუთებას და თუ მოსარჩელე არ ხდის სადავოს მის შესაგებელს, მაშინ სასამართლო მიდის დასკვნამდე, რომ უარი უნდა ეთქვას სარჩელს საპირისპირო (მოთხოვნის გამომრიცხავი) ნორმის არსებობის გამო; თუ მოპასუხე სათანადოდ ახერხებს მოსარჩელის არსებითი გარემოებების შედავებას და ასევე საპირისპირო ნორმის წინაპირობების საკმარისად დასაბუთებას, მაშინ მტკიცების სტადიაზე უნდა გაირკვეს, მტკიცდება თუ არა სადავო გარემოებები (მტკიცების ტვირთის გადანაწილების შესაბამისად). შემდეგ ეტაპზე უნდა შემოწმდეს, ახერხებს თუ არა მოსარჩელე თავისი მოთხოვნის დამაფუძნებელი გარემოებების იმგვარ დასაბუთებას, რომელიც ასევე აქარწყლებს მოპასუხის მიერ დასაბუთებულ საპირისპირო მითითებებს (ნორმებს).

81. საკასაციო პალატა კასატორის პრეტენზიის ფარგლებში ყურადღებას გაამახვილებს მოსარჩელის 2020 წლის 29 სექტემბრის დაზუსტებულ სარჩელზე წარდგენილ, საქმეში განთავსებულ მოპასუხეთა შესაგებლებზე (იხ. ტ.1.ს.ფ. 288-299; 301-311), პირველი ინსტანციის სასამართლოს 2020 წლის 29 დეკემბრის სასამართლოს მოსამზადებელი სხდომის ოქმზე (იხ. ტ.1.ს.ფ. 334;), 2021 წლის 04 თებერვლის სასამართლოს მოსამზადებელი სხდომის მთავარ სხდომაში გადაზრდის შესახებ ოქმზე ( იხ. თ.1.ს.ფ. 345-350) და აღნიშნავს, რომ მოპასუხეებს არც შესაგებლით და არც პირველ ინსტანციის სასამართლოს სხდომებზე არ მიუთითებიათ და არც სადავოდ გაუხდიათ მოსაჩელის მიერ პირველ მოპასუხესთან 2020 წლის 5 ოქტომბრიდან დასაქმების ფაქტი და არ მოუთხოვიათ აღნიშნულ პერიოდში შრომის ანაზღაურების სახით მიღებული შემოსავლის (გადასახადების ჩათვლით) იძულებითი განაცდურისათვის გამოკლება.

82. შესაბამისად, გასაზიარებელია კასატორის პრეტენზია, რომ სამტრედიის რაიონული სასამართლოს მიერ ბოლო მოსამზადებელი სხდომა (რომელიც შემდგომში გადაზრდილ იქნა მთავარ სხდომაში) გაიმართა 2021 წლის 4 თებერვალს, მაშინ როდესაც ერთ თვეზე მეტი (თითქმის 4 თვე) იყო გასული, რაც მოსარჩელე დასაქმდა მეორე სააგენტოში. ამასთან, პირველი სააგენტო პროცესზე წარმოადგენდა ერთ-ერთ მოპასუხეს (პირველი მოპასუხე). გარდა ამისა, სააგენტოები ექვემდებარებიან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს. მეორე სააგენტოს საქმის განხილვის არცერთ ეტაპზე არ გამოუყენებია საპროცესო შესაძლებლობა, წარმოედგინა სათანადო მტკიცებულებები მოსამზადებელ სხდომაზე. არცერთ მოპასუხეს არ მიუღია სსსკ-ით დადგენილი ზომები თავად მოეპოვებინათ აღნიშნული ინფორმაცია.

83. კასატორის პრეტენზია უკავშირდება აგრეთვე იმ საკითხს, რომ სააპელაციო სასამართლომ არ იმსჯელა და არ დაასაბუთა, თუ რატომ უნდა ყოფილიყო საპატიოდ მიჩნეული მეორე სააგენტოს მიერ სააპელაციო სასამართლოში ახალი მტკიცებულების წარდგენა. არ არსებობდა კანონმდებლობით გათვალისწინებული საპატიო გარემოება, რომლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს შეეძლო მიეღო მოპასუხის მიერ წარდგენილი ახალი მტკიცებულება. კასატორის მითითებით, სასამართლომ არ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ-ის) 380-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომლის მიხედვით სააპელაციო სასამართლო არ მიიღებს ახალ ფაქტებსა და მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეს შეეძლო წარედგინა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას, მაგრამ არასაპატიო მიზეზით არ წარადგინა. კასატორს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ დაარღვია, როგორც სსსკ-ის 380-ე მუხლის დანაწესი, ისე ამავე კოდექსის მე-3 და მე-4 მუხლებით გათვალისწინებული დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპი. კასატორი ასევე მოითხოვს სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 23 ივლისის საოქმო განჩინების გაუქმებას, რომლითაც დაკმაყოფილდა მეორე სააგენტოს შუამდგომლობა პირველ სააგენტოში მოსარჩელის დასაქმების შესახებ ინფორმაციის გამოთხოვისა და საქმეზე ახალი მტკიცებულების სახით დართვის თაობაზე. ( იხ. ტ.2.ს.ფ. 133).

84. კასატორის აღნიშნულ პრეტენზიასთან მიმართებით, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლო საქართველოში სასამართლო სისტემის მნიშვნელოვანი რგოლია, რომელიც განიხილავს მხარეთა მიერ სადავოდ მიჩნეული პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერებასა და დასაბუთებულობას. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი განსაზღვრავს სააპელაციო წარმოების წესსა და ფარგლებს, ამავე დროს, იმპერატიულად ადგენს, რომ სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია, სააპელაციო საჩივრის დასაბუთება შეამოწმოს მხოლოდ იმ ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით და იმ მტკიცებულებებით, რომლებიც წარდგენილი იყო და შემოწმდა პირველი ინსტანციის სასამართლოში. ახალი ფაქტებისა და მტკიცებულებების წარდგენა სააპელაციო სასამართლოში მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ გამონაკლის შემთხვევებშია დასაშვები (არასრული (შეზღუდული) აპელაცია). (შდრ: სუს-ს დიდი პალატის 2016 წლის 17 მარტის განჩინება საქმეზე №ას-121-117-2016).

85. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს 2004 წლის 24 ნოემბერს, სტრასბურგში, ევროპის მოსამართლეთა საკონსულტაციო საბჭოს (CCJE) მიერ შემუშავებული N6 დასკვნის 98-ე და 135-ე პარაგრაფებზე, რომლის თანახმად, „უნდა არსებობდეს გარკვეული შეზღუდვები ყოველი მხარისათვის წარმოადგინოს ახალი მტკიცებულება ან ახალი ფაქტობრივი გარემოებები სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას. აპელაცია არ უნდა იყოს და განიხილებოდეს, როგორც შეუზღუდავი შესაძლებლობა შესწორებების შეტანისა ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებში, რომელთა წარდგენაც მხარეს შეეძლო და უნდა წარედგინა პირველი ინსტანციის სასამართლოში. შეუზღუდავი აპელაცია აკნინებს პირველი ინსტანციის მოსამართლის როლს და ამ ფაქტმა შეიძლება პოტენციურად გამოიწვიოს პირველი ინსტანციის მოსამართლის მიერ საქმის მართვისა მიზანშეწონილობის დღის წესრიგში დაყენება. მხარეები უფლებამოსილნი არიან მათი მოთხოვნისა თუ დაცვის „სამართლიან სასამართლო მოსმენაზე, რომელიც უნდა დასრულდეს გონივრულ მისაღებ ვადაში“ და არა განუსაზღვრელ შესაძლებლობებზე. ეს განსაკუთრებით ეხება მეორე ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმის განხილვას“.

86. ამდენად, ერთმნიშვნელოვნად შეიძლება ითქვას, რომ მხარეთა აქტიურობა უფლებებისა და ინტერესების დასაცავად უზრუნველყოფილი და ეფექტურია საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოში განხილვის დროს, ხოლო სააპელაციო სასამართლოში მხარეთა აქტიურობა შეზღუდულია თვით სააპელაციო სამართალწარმოების შეზღუდვის გამო.

87. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსსკ-ის 380-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას შეიძლება მოყვანილი იქნეს ახალი ფაქტები და წარდგენილი იქნეს ახალი მტკიცებულებები. სააპელაციო სასამრთლო არ მიიღებს ახალ ფაქტებსა და მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეს შეეძლო წარედგინა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას, მაგრამ არასაპატიო მიზეზით არ წარადგინა.

88. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საპროცესო კოდექსით დადგენილი მოწესრიგება, რომელიც იმპერატიულად ადგენს ფორმალურ წესებს, სავალდებულოა არა მხოლოდ მხარეებისათვის, არამედ სასამართლოსათვისაც და ამ რეგულაციების შეცვლა ან განსხვავებული ინტერპრეტაცია მხარეთა ნებაზე ან სასამართლოს მიხედულებაზე ვერ იქნება დამოკიდებული.

89. საკასაციო პალატა განსახილველ საქმეზე დადგენილი გარემოებებისა და საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 23 ივლისის საოქმო განჩინება მიღებულია კანონდარღვევით, რადგან პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას, მოპასუხეებს აღნიშნული მტკიცებულების გამოთხოვისა და განსახილველ საქმეზე დართვის შესახებ შესახებ შუამდგომლობა არ დაუყენებიათ, მეორე მოპასუხემ ვერ დაასაბუთა საპატიო მიზეზი, თუ რატომ არ დააყენა აღნიშნული შუამდგომლობა პირველ ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დარღვეული იქნა სსსკ-ის 380-ე მუხლის დანაწესი, რადგან არ არსებობდა მეორე აპელანტის შუამდგომლობის დაკმაყოფილების სამართლებრივი წინაპირობები.

90. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ უნდა დაკმაყოფილდეს კასატორის მოთხოვნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 23 ივლისის საოქმო განჩინების - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოდან გამოთხოვილ იქნეს ინფორმაცია, თ.გ–ძე დასაქმებული იყო თუ არა სოციალური მოსახურების სააგენტოში 2020 წლის ოქტომბრიდან 2021 წლის 31 მარტის ჩათვლით და ასევე გამოთხოვილი იქნეს ინფორმაცია თ.გ–ძის სახელფასო ანაზღაურების შესახებ 2020 წლის იანვრიდან 2021 წლის 31 მარტის ჩათვლით ( იხ. ტ.2.ს.ფ.80) - გაუქმების თაობაზე.

91. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსსკ-ის 394-ე მუხლის „ე“ პუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, რაც მისი გაუქმების საფუძველია, თუ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული, ხოლო სსსკ-ის 411-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები.

92. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი, ვინაიდან საჭირო არაა მტკიცებულებათა დამატებით გამოკვლევა, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება საქმეზე. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გასაჩივრებული გადაწყვეტილების მე-4 და მე-6 პუნქტის ნაწილობრივი შეცვლით მიღებული უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება სარჩელის სრულად დაკმაყოფილების შესახებ.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით, 404-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1.თ.გ–ძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 23 ივლისის საოქმო განჩინება მტკიცებულების გამოთხოვის შესახებ;

3.ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 26 აგვისტოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 და მე-6 პუნქტების ნაწილობრივი შეცვლით მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

4. თ.გ–ძის სარჩელი დაკმაყოფილდეს;

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 26 აგვისტოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტში მითითებულ თანხას გამოაკლდეს, თ.გ–ძის მიერ მიღებული კომპენსაცია 2 თვის შრომის ანაზღაურების ოდენობით. სსიპ სახელმწიფო ზრუნვის და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს დაეკისროს თ.გ–ძისათვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურება 2020 წლის 5 ოქტომბრიდან 2021 წლის 1-ელ აპრილამდე ყოველთვიურად 1200 ლარის (გადასახადების ჩათვლით) ოდენობით;

6. დანარჩენ ნაწილში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 26 აგვისტოს გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად;

7.საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზურაბ ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ეკატერინე გასიტაშვილი

მირანდა ერემაძე