საქმე №ა-3503-შ-97-2021 14 მარტი, 2022 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ეკატერინე გასიტაშვილი,
ლაშა ქოჩიაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენით
შუამდგომლობის ავტორი – მ.მ–ი
მოწინააღმდეგე მხარე – ს.ფ–ი
განჩინება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას და აღსრულებას მოითხოვს მხარე – უკრაინის, კიევის ოლქის, ბელოე ცერკოვის საქალაქო რაიონული სასამართლოს 06.07.2021წ. განჩინება (საქმე N357/7142/21 2-ს/357/125/21)
შუამდგომლობის ავტორის მოთხოვნა – განჩინების ცნობა და აღსასრულებლად მიქცევა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. უკრაინის, კიევის ოლქის, ბელოე ცერკოვის საქალაქო რაიონული სასამართლოს 06.07.2021 წლის განჩინებით (საქმე N357/7142/21 2-ს/357/125/21) (შემდგომში „უცხო ქვეყნის განჩინება“) მ.მ–ის (შემდგომში „შუამდგომლობის ავტორი“) განცხადება სარჩელის აღძვრამდე სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ: მიღებულ იქნა ზომები სარჩელის უზრუნველსაყოფად შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ნ.ს–“ (LLC Navi Soft) საწესდებო კაპიტალში წილის 100% (ასი პროცენტი) დაყადაღების გზით (საიდენტიფიკაციო ნომერი: ...., იურიდიული მისამართი: საქართველო, ქ. ქუთაისი, .....), რომელიც ეკუთვნის ს.ა. ძე ფ–ს (S. F.) (შემდგომში „მოწინააღმდეგე მხარე“), სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში - 39 230 111.10 გრივნას ოდენობით.
2. საქართველოს უზენაეს სასამართლოს მომართა შუამდგომლობის ავტორმა და მოითხოვა უცხო ქვეყნის განჩინების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსასრულებლად მიქცევა. შუამდგომლობის ავტორმა ასევე მოითხოვა განჩინების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება, კერძოდ, ყადაღის დადება მოწინააღმდეგე მხარის 100%-იან წილზე შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ნ.ს–ში“.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 29.07.2021 წლის განჩინებით შუამდგომლობა მიღებულ იქნა განსახილველად.
4. ამავე სასამართლოს 29.07.2021 წლის განჩინებით განცხადება უცხო ქვეყნის განჩინების აღსრულების უზრუნველყოფის თაობაზე დაკმაყოფილდა. ყადაღა დაედო მოწინააღმდეგე მხარის 100%-იან წილს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ნ.ს–ში“ (ს/ნ ......) (აღნიშნულ საკითხზე ასევე იხილეთ საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, №ა-5177-შ-128-2018, 12.02.2019წ.).
5. მოწინააღმდეგე მხარემ წერილობით წარმოადგინა თავისი პოზიცია შუამდგომლობაზე. 07.03.2022წ. საქართველოს უზენაეს სასამართლოში მოწინააღმდეგე მხარემ წარმოადგინა უკრაინის, კიევის სააპელაციო სასამართლოს 28.12.2021წ. დადგენილება, რომლითაც გაუქმდა უცხო ქვეყნის განჩინება შპს „ნ.ს–ის“ საწესდებო კაპიტალში 100 % წილის დაყადაღების თაობაზე და სარჩელის უზუნველყოფის შესახებ განცხადება არ დაკმაყოფილდა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
შუამდგომლობა უცხო ქვეყნის სასამართლოს განჩინების ცნობის და აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველად:
6. საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის (შემდეგში „კანონი“) 68-ე მუხლის პირველი პუნქტით, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს. ამავე კანონის 70-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით, სამოქალაქო და შრომის სამართლის საქმეებზე უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულება ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ ისინი ექვემდებარება აღსრულებას. აღსრულებაზე გადაწყვეტილება მიიღება დაინტერესებული მხარის მიერ შესაბამისი შუამდგომლობის აღძვრის შემდეგ.
7. კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის და 70-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის და აღსრულების საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.
8. კანონის 71-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით, შუამდგომლობას აღსრულებისათვის თან უნდა დაერთოს სასამართლო გადაწყვეტილების დამოწმებული ასლი და დამოწმებული ქართული თარგმანი, აგრეთვე ცნობა გადაწყვეტილების ძალაში შესვლისა და მისი აღსრულების აუცილებლობის შესახებ, თუ ეს შუამდგომლობის ტექსტიდან არ გამომდინარეობს. შუამდგომლობის განხილვის პროცესში უნდა დადგინდეს, დაცულია თუ არა ამ კანონის 68-ე მუხლით გათვალისწინებული პირობები.
9. საქართველოსა და უკრაინას შორის სამოქალაქო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ ხელშეკრულების (შემდეგში „საერთაშორისო ხელშეკრულება“) 40-45 მუხლებით დადგენილია გადაწყვეტილებების ცნობა-აღსრულების და ასეთზე უარის თქმის სამართლებრივი წინაპირობები. საერთაშორისო ხელშეკრულების მე-40 მუხლის პირველი პუნქტით, ხელშეკრულების მონაწილე მხარეები ცნობენ და აღასრულებენ იუსტიციის დაწესებულებების კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებებს სამოქალაქო საქმეებზე. 41-ე მუხლის პირველი პუნქტით, გადაწყვეტილებათა აღსრულებაზე ნებართვაზე შუამდგომლობათა განხილვა შედის ხელშეკრულების მონაწილე მხარის სასამართლოთა კომპეტენციაში, რომლის ტერიტორიაზეც უნდა განხორციელდეს აღსრულება. 42-ე მუხლის პირველი პუნქტით, აღსრულების წესი რეგულირდება ხელშეკრულების მონაწილე მხარის კანონმდებლობით, რომლის ტერიტორიაზეც უნდა მოხდეს აღსრულება.
10. 07.03.2022 წელს საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოდგენილი იქნა უკრაინის, კიევის სააპელაციო სასამართლოს 28.12.2021 წლის დადგენილება, რომლითაც გაუქმდა უცხო ქვეყნის განჩინება შპს „ნ.ს–ის“ საწესდებო კაპიტალში 100 % წილის დაყადაღების თაობაზე და სარჩელის უზუნველყოფის შესახებ განცხადება არ დაკმაყოფილდა. დადგენილება შესულია კანონიერ ძალაში. დადგენილების თანახმად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა სარჩელის აღძვრამდე მისი უზრუნველყოფის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი და გააუქმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.
11. ამდენად, გაუქმებულია და აღარ არსებობს უცხო ქვეყნის სასამართლოს აქტი, რომლის ცნობასა და აღსასრულებლად მიქცევასაც ითხოვს შუამდგომლობის ავტორი. შესაბამისად, შუამდგომლობა მისი საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ უნდა დარჩეს განუხილველად.
12. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომსი სსსკ) 399-ე მუხლის მიხედვით, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც XLIX თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 372-ე მუხლით, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, XLVI თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით. სსსკ-ის 1991 მუხლით, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას. გათვალისწინებით იმისა, რომ შუამდგომლობა უცხო ქვეყნის განჩინების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველად, უნდა გაუქმდეს მისი აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 29.07.2021 წლის განჩინებით გამოყენებული ღონისძიება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს რესპუბლიკასა და უკრაინას შორის სამოქალაქო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ ხელშეკრულების 42-ე მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991, 284-ე, 285-ე მუხლებით და ადგილზე თათბირით
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. მ.მ–ის შუამდგომლობა უკრაინის, კიევის ოლქის, ბელოე ცერკოვის საქალაქო რაიონული სასამართლოს 2021 წლის 06 ივლისის განჩინების (საქმე N357/7142/21 2-ს/357/125/21) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დარჩეს განუხილველად.
2. გაუქმდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 29 ივლისის განჩინებით გამოყენებული განჩინების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიება და ყადაღა მოეხსნას ს.ფ–ის (19730725-06974, FT204692) 100% (ასი პროცენტი)-იან წილს შპს „ნ.ს–ში“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: ......).
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ზამბახიძე
მოსამართლეები: ეკატერინე გასიტაშვილი
ლაშა ქოჩიაშვილი