Facebook Twitter

საქმე №ას-322-2020 28 დეკემბერი, 2021 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლაშა ქოჩიაშვილი,

რევაზ ნადარაია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ზ.ა–ვი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ნ.ი–ლი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 29.11.2019წ. განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – თანხის დაკისრება

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძვლები:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 04.06.2019 წლის გადაწყვეტილებით ნ.ი–ლის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“) სარჩელი ზ.ა–ვის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“ ან „კასატორი“) მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 5 000 აშშ დოლარის გადახდა. გადაწყვეტილება ეფუძნება შემდეგს:

1.1. 29.02.2016 წლის სანოტარო წესით დამოწმებული ხელწერილით, მოპასუხემ აღიარა, რომ: მოსარჩელისთვის გადასახდელი ჰქონდა 6 000 აშშ დოლარი; აღნიშნული თანხიდან 1 000 აშშ დოლარი მიცემული აქვს მოსარჩელისთვის, ხოლო დარჩენილ 5 000 აშშ დოლარს გადაუხდის ეტაპობრივად, შეძლებისდაგვარად.

1.2. ხელწერილით მოპასუხემ წერილობითი ფორმით აღიარა მოსარჩელის მიმართ ვალის არსებობა, მხარეები შეთანხმდნენ ვალდებულების შესრულების წესსა და ვადებზე, ამდენად, სადავო დოკუმენტი შეესაბამება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ) 341-ე მუხლის მოთხოვნებს.

1.3. მოპასუხემ თავის ვალდებულების გამომრიცხავ გარემოებად მიუთითა, რომ ხელწერილით გათვალისწინებული თანხის გადახდის ვალდებულების შესრულება დამოკიდებული იყო მოსარჩელის მიერ გარკვეული ქმედების შეუსრულებლობაზე, კერძოდ, შპს „ვ.ს–ის“ წინააღმდეგ სასამართლო დავის არ დაწყებაზე, რაც მოსარჩელემ დაარღვია. სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) მე-4, 102-ე, 103-ე მუხლებით და აღნიშნა, რომ მოპასუხეს ამ გარემოების დასადასტურებლად რაიმე სახის მტკიცებულება არ წარუდგენია. ამასთან, ვალის აღიარების ხელშეკრულება წარმოადგენს დამოუკიდებელ ხელშეკრულებას, შესაბამისად, წარმოდგენილი ხელწერილის და მასში მითითებული ვალდებულების შეუსრულებლობის აღიარების ფაქტის საპირისპიროდ, სასამართლოს კვლევის საგანს არ წარმოადგენს ამ ვალის აღიარების ხელშეკრულების საფუძვლების კვლევა. მხარეთა შორის ხელწერილის შედგენამდე არსებული ურთიერთობა ვერ იქნება ვალის აღიარების შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების დაკისრების ან მისი დაუკისრებლობის საფუძველი, მით უფრო მაშინ, როდესაც მოპასუხის მიერ აღიარებულია ვალდებულების შეუსრულებლობის ფაქტი. სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 316.1, 317.1, 327.1, 341.1, 361.2 მუხლებით და მიუთითა, რომ მოპასუხის მიერ შესრულებული ხელწერილი წარმოადგენს ვალის აღიარების ხელშეკრულებას და, შესაბამისად, მას მოსარჩელის მიმართ თანხის გადახდის ვალდებულებას წარმოუშობს.

2. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 29.11.2019 წლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და განმარტა, რომ:

3.1. ვალის აღიარება კონსტიტუციური (დამდგენი) და დეკლარაციული (კაუზალური) შეიძლება იყოს. ორივე შემთხვევაში, სახეზეა ვალის აღიარება, თუმცა, განსხვავება იმაში მდგომარეობს, რომ კონსტიტუციური ვალის აღიარების შემთხვევაში, სახეზეა ახალი, ძველი სამართალურთიერთობისაგან დამოუკიდებელი გარიგება, რა დროსაც ძველი სამართალურთიერთობიდან გამომდინარე შესაგებელი მხედველობაში არ მიიღება, მათ შორის, შესაგებელი ძველი გარიგების ბათილობის საფუძვლით სამართალურთიერთობის არარსებობის თაობაზე. ასეთ შემთხვევაში, აღიარება წერილობით ფორმას მოითხოვს, იგი უფლებამოსილი პირის წინაშე უნდა იყოს გაცხადებული, მასში მკაფიოდ და არაორაზროვნად უნდა იკვეთებოდეს ნება ვალდებულების აღიარების თაობაზე და, რაც მთავარია, მითითებული ვალის აღიარება ხელშეკრულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი ცალმხრივი ნების გამოვლენა არ არის. მას ხელშეკრულების ორივე მხარე უნდა აწერდეს ხელს. კონსტიტუციურ ვალის აღიარებათა თავისებურებას, ასევე, ხანდაზმულობის ვადის თავიდან ათვლა განეკუთვნება. სსკ-ის 341-ე მუხლი სწორედ კონსტიტუციური ხასიათის ვალდებულების აღიარებას აწესრიგებს. რაც შეეხება ე.წ. ვალის დეკლარაციულ აღიარებას, იგი ახალ გარიგებას არ წარმოადგენს, თუმცა, ადასტურებს არსებულს, იმ სამართლებრივი შედეგებით, რაც მას თან სდევს. საქმის მასალებში წარმოდგენილი ხელწერილით ირკვევა, რომ მოპასუხის ვალდებულება შეადგენს 6000 აშშ დოლარს. ამ თანხიდან 1000 აშშ დოლარი უკვე გადახდილი აქვს, ხოლო, დარჩენილ 5 000 აშშ დოლარს ეტაპობრივად, შეძლებისდაგვარად გადაიხდის. შესაბამისად, დოკუმენტში მოპასუხემ არა მხოლოდ კონკრეტული ვალი აღიარა, არამედ კონკლუდენტური მოქმედებით ვალის არსებობა დაადასტურა და მისი გადახდის ვალდებულება იკისრა, რაც ზემოთ განვითარებული მსჯელობიდან გამომდინარე, დოკუმენტის კონსტიტუციურ ვალის აღიარებად ცნობის ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს.

3.2. სააპელაციო საჩივარში მოპასუხე უთითებდა, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ხელწერილი ვალის აღიარების ხელშეკრულება არაა, მხარეებმა აღნიშნული ხელწერილით სხვა გარიგება დაფარეს, კერძოდ, მოპასუხე მხარეს სურდა, მოსარჩელეს მისთვის ისედაც პრობლემური მშენებლობის პროცესში ხელი არ შეეშალა და სასამართლოში სარჩელის შეტანით სამშენებლო პროცესი არ შეეჩერებინა, შესაბამისად, ხელწერილი დადეს, რომლითაც რეალურად მოპასუხე მხარემ იკისრა ვალდებულება 6000 აშშ დოლარი მოსარჩელისთვის გადაეხადა იმ შემთხვევაში, თუ იგი სასამართლოში სარჩელს არ აღძრავდა. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ მოჩვენებითი და თვალთმაქცური გარიგებების დროს, მხარეთა ნების გამოვლენის არანამდვილობის მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვისაც მიაჩნია, რომ თვალთმაქცური/მოჩვენებითი გარიგებით მისი უფლება შეილახა, ანუ, მოცემულ შემთხვევაში, მტკიცების ტვირთი მოპასუხეს ეკისრება. აღნიშნულის სამტკიცებლად მას პირდაპირი ან არაპირდაპირი მტკიცებულებები არ წარმოუდგენია, საქმეში არსებული არცერთი მტკიცებულებით მხარეთა შორის იმგვარი შეთანხმების ფაქტი, რომელსაც მოპასუხე მიუთითებს, არ დგინდება. შესაბამისად, მხოლოდ პროცესის შედეგით დაინტერესებული მხარის ზეპირ ახსნა-განმარტებას სასამართლო ვერ დაეყრდნობა და მხარეთა შორის წარმოშობილ ვალდებულებას თვალთმაქცური გარიგებების რიგს ვერ მიაკუთვნებს.

3.3. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მოპასუხის მსჯელობა, რომ მან სადავო თანხის გადახდა იმ გარემოების გამო იკისრა, რომ შპს „ვ.ს–ს“ ხელშეკრულებით მოსარჩელისა და მისი შვილისთვის, ჯამში, 314 კვ.მ ბინის გადაცემის ვალდებულება ჰქონდა ნაკისრი, რომლის შესრულების უზრუნველყოფაც გაფორმებული ხელწერილით მოხდა. მხარის განმარტებით, საქმეზე წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერებით დგინდება, რომ მოსარჩელესა და მის შვილს იმაზე მეტი ფართი გადაეცათ ვიდრე შეთანხმებული იყო, შესაბამისად, მოსარჩელისთვის სადავო თანხის გადახდის ვალდებულება აღარ არსებობდა. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ ხელწერილით, არა ახალი, არამედ ძველი ვალდებულებისგან ნაწარმოები ან ძველ ვალდებულებასთან დაკავშირებული მოვალეობის აღიარება დოკუმენტს, სამართლებრივი თვალსაზრისით, კონსტიტუციურ ანუ, დამდგენ ძალას არ უკარგავს. ამასთან, სსკ-ის 429-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ ამის დამადასტურებელი დოკუმენტი უნდა გასცეს. ხსენებული ნორმის დისპოზიცია პირდაპირ მიუთითებს ვალდებულების სადავოობის შემთხვევაში მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის გადანაწილებაზე. მხარეთა შორის გაფორმებული ან/და, მოპასუხის მოთხოვნით, მოსარჩელის მიერ, ხელმოწერილი დოკუმენტი, რომელიც ნაკისრი ვალდებულების შესრულებას დაადასტურებდა, საქმის მასალებში არ მოიპოვება. მხოლოდ საჯარო რეესტრის ამონაწერები, რომლებითაც მოსარჩელისა და მისი შვილისთვის გადაცემული უძრავი ქონების ფართობი დგინდება, რელევანტურ მტკიცებულებად ვერ იქნება მიჩნეული, მით უფრო, იმ დროს, როდესაც საქმის მასალებში მხარეთა შორის ამგვარი შეთანხმების არსებობაც კი არ დგინდება. შესაბამისად, პალატამ მიიჩნია, რომ მოპასუხის მსჯელობა ამ მიმართებითაც დაუსაბუთებელი იყო.

საკასაციო საჩივარი აგებულია შემდეგ მოსაზრებებსა და სავარაუდო დარღვევებზე:

4. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:

4.1. ვალის აღიარების ხელშეკრულება რეალურად არ წარმოადგენდა ნამდვილ გარიგებას და ამ გარიგებით დაიფარა სხვა გარიგება, კერძოდ, მოსარჩელეს არ უნდა აღეძრა სარჩელი სასამართლოში შპს „ვ.ს–ის“ მიმართ, წინააღმდეგ შემთხვევაში მოპასუხე არ იყო ვალდებული გადაეხადა ხელწერილით შეთანხმებული თანხა. ამდენად, ადგილი აქვს დაფარულ გარიგებას (სსკ-ის 56-ე მუხლით გათვალისწინებული თვალთმაქცური გარიგება), რომელიც დადებული იყო მოსარჩელის ნებაზე დამოკიდებული პირობით და სამოქალაქო კანონმდებლობით აღიარებულია ბათილ გარიგებად (სსკ-ის 92-ე მუხლი).

4.2. საქმის განხილვისას თავად მოსარჩელემაც მიუთითა ვალის წარმოშობის ფაქტობრივი საფუძვლები, კერძოდ, განმარტა, რომ მოპასუხემ აიღო ვალდებულება მოსარჩელისთვის გადაეხადა 6000 აშშ დოლარი იმ ფართის საკომპენსაციოდ, რომელიც თავდაპირველად იყო შეთანხმებული და რეალურად არ გადასცემია. ამდენად, თავად მოსარჩელე ადასტურებს ვალის აღიარების ხელშეკრულებით სხვა გარიგების დაფარვის ფაქტს. შესაბამისად, სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა დაფარული გარიგების პირობებით და ამ დაფარული გარიგების ფარგლებში უნდა შეემოწმებინა მოპასუხეს ეკისრებოდა თუ არა მოსარჩელისთვის მოთხოვნილი ოდენობით თანხის გადახდის ვალდებულება.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

6. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

7. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

8. განსახილველ შემთხვევაში, სარჩელის დაკმაყოფილებას საფუძვლად დაედო 29.02.2016 წლის ხელწერილი, რომელიც პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოების შეფასებით, წარმოადგენს სსკ-ის 341-ე მუხლით გათვალისწინებულ ვალის არსებობის აღიარების ხელშეკრულებას.

9. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ნების გამოვლენა სსკ-ის 341-ე მუხლით (იმ ხელშეკრულების ნამდვილობისათვის, რომლითაც აღიარებულ იქნა ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობა (ვალის არსებობის აღიარება), აუცილებელია წერილობითი აღიარება. თუ სხვა ფორმაა გათვალისწინებული იმ ვალდებულებითი ურთიერთობის წარმოშობისათვის, რომლის არსებობაც აღიარებულ იქნა, მაშინ აღიარებაც მოითხოვს ამ ფორმას; თუ ვალის არსებობა აღიარებულია ანგარიშსწორების (გადახდის) საფუძველზე ან მორიგების გზით, მაშინ ფორმის დაცვა არ არის აუცილებელი) განმტკიცებულ ვალის არსებობის აღიარებად რომ დაკვალიფიცირდეს და შესაბამისი სამართლებრივი შედეგები წარმოშვას, ის ვალდებულების შესრულების დამოუკიდებელ საფუძველს უნდა ქმნიდეს, რამდენადაც ვალის აღიარება დამოუკიდებელ გარიგებად განიხილება და მისი დანიშნულება სწორედ ახალი ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობაა. არაერთ საქმეზე უზენაესი სასამართლოს განმარტების თანახმად, ვალის აღიარება იმით განსხვავდება ნებისმიერი სხვა ფორმით გათვალისწინებული მოთხოვნის აღიარებისაგან, რომ იგი ახალი ხელშეკრულებაა და არა სხვა სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში ნების გამოვლენა. ვალის არსებობის აღიარება არის ცალმხრივი და აბსტრაქტული ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ერთი მხარე მეორე მხარის სასარგებლოდ დამოუკიდებლად კისრულობს გარკვეულ მოქმედებების შესრულებას. თუ მხარეები უკვე არსებული ვალდებულების შინაარსიდან გამოდიან ან ადასტურებენ მას, ან მხარეები არსებული ვალდებულების შესასრულებლად ახალი ვალდებულების შესრულებას კისრულობენ, ვალის აღიარებად არ მიიჩნევა. ვალის არსებობის აღიარება მხოლოდ მაშინ ვლინდება, თუ იგი დამოუკიდებელია ძირითადი ვალდებულებითი ურთიერთობისაგან და ახალ, დამოუკიდებელ მოთხოვნას წარმოშობს (შდრ. სუსგ-ები №ას-839-890-2011, 8.11.2011წ.; №ას-392-371-2013, 8.11.2013წ.; №ას-1083-1040-2016, 26.04.2018წ.; №ას-758-2019, 22.10.2019წ.).

10. ვალის არსებობის აღიარება უნდა აკმაყოფილებდეს გარიგების ნამდვილობის პირობებს. ხელშეკრულებაში გაწერილი უნდა იყოს მისთვის მახასიათებელი ყველა არსებითი პირობა: კრედიტორისა და მოვალის მონაცემები, მოვალის მიერ კრედიტორის წინაშე შესასრულებელი კონკრეტული ვალდებულება და მომავალში მისი შესრულების განზრახვა (იხ. ე. ბაღიშვილი, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III, თბილისი 2019, მუხლი 341, ველი 12; შდრ. სუსგ №ას-1485-1401-2012, 11.11.2013წ.). პირი უნდა აღიარებდეს გარკვეულ ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის არსებობას და კისრულობდეს მისი შესრულების ვალდებულებას. ვალის არსებობის აღიარების ხელშეკრულების თავისებურება სწორედ ისაა, რომ მასში ვალდებულების შესრულების მზაობა იკვეთება (სუსგ №ას-1133-1079-2014, 30.09.2015წ.; №ას-226-213-2015, 18.05.2015წ.).

11. საქმის მასალებში წარმოდგენილი 29.02.2016 წლის ხელწერილი შეიცავს მოპასუხის დაპირებას/მზაობას მოსარჩელისთვის დავალიანების - 5000 აშშ დოლარის გადახდის თაობაზე (ტ.1. ს.ფ, 18). იგი ვალდებულების შესრულების დამოუკიდებელ საფუძველს ქმნის, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნულ ხელწერილში მოპასუხის მიერ გამოვლენილი ნება მართებულად მიიჩნია სსკ-ის 341-ე მუხლით გათვალისწინებულ ვალის აბსტრაქტულ (კონსტიტუციურ) აღიარებად.

12. კასატორის მითითებით, ვალის აღიარების ხელშეკრულება არ წარმოადგენს ნამდვილ გარიგებას, იგი თვალთმაქცური გარიგებაა, რომლითაც მხარეებმა სხვა გარიგება (მოსარჩელეს არ უნდა აღეძრა სარჩელი შპს „ვ.ს–ის“ მიმართ, წინააღმდეგ შემთხვევაში მოპასუხე არ იყო ვალდებული გადაეხადა ხელწერილით შეთანხმებული თანხა) დაფარეს, რასაც საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს. სსკ-ის 56-ე მუხლის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება). თუ მოსაჩვენებლად დადებული გარიგებით მხარეებს სურთ სხვა გარიგების დაფარვა, მაშინ გამოიყენება დაფარული გარიგების მიმართ მოქმედი წესები (თვალთმაქცური გარიგება). საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქმეში არსებული მასალებით უნდა დასტურდებოდეს თვალთმაქცური გარიგების დროს გამოვლენილი ნების თავისებურებები, რაც, უპირველეს ყოვლისა, გამოიხატება სხვა გარიგების დაფარვის მიზნის არსებობაში. ეს ის შემთხვევაა, როდესაც მხარეებს სურთ, მიაღწიონ სხვა შედეგს და არა იმ შედეგს, რასაც იძლევა მათ მიერ გარეგნულად გამოხატული ნება. ამდენად, თვალთმაქცური გარიგების დროს უნდა დადასტურდეს გარემოებები, რომლებიც მიუთითებენ სხვა გარიგების დადების სურვილზე და ამ დაფარული გარიგებისათვის აუცილებელ ყველა წინაპირობის არსებობაზე. ამ შემთხვევაში გამოიყენება დაფარული გარიგების მიმართ მოქმედი წესები (სუსგ №ას-1043-2019, 17.10.2019წ.). მტკიცების ტვირთი თვალთმაქცური გარიგების შემთხვევაში აწევს იმ პირს, რომელიც ითხოვს ამ საფუძვლით გარიგების ბათილობას (სუსგ №ას-1382-2020, 08.04.2021წ.).

13. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ თავიანთი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხეს სასამართლოსთვის არ წარუდგენია იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდნენ, რომ ვალის აღიარების ხელშეკრულებით მხარეთა შორის არსებული სხვა გარიგება დაიფარა. ამ ფაქტზე მხარის მხოლოდ ზეპირსიტყვიერი მითითება კი ვალის აღიარების ხელშეკრულების თვალთმაქცურ გარიგებად მიჩნევას ვერ განაპირობებს.

14. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას, რომ ხელწერილით, არა ახალი, არამედ ძველი ვალდებულებისგან ნაწარმოები ან ძველ ვალდებულებასთან დაკავშირებული მოვალეობის აღიარება დოკუმენტს, სამართლებრივი თვალსაზრისით, კონსტიტუციურ ანუ, დამდგენ ძალას არ უკარგავს და დამატებით აღნიშნავს, რომ ვალის აღიარება ყოველთვის გულისხმობს იმას, რომ მხარეთა შორის არსებობდა ვალდებულებითი ურთიერთობა, რომლის საფუძველზეც მოხდა ასეთი აღიარება. ვალის აბსტრაქტული აღიარების მნიშვნელობა სწორედ იმით გამოიხატება, რომ მოთხოვნა მაშინაც არის ნამდვილი, როცა მის საფუძვლად არსებული ურთიერთობა სადავოა (მაგ.: მოთხოვნა ხანდაზმულია, ვალდებულება სადავოა) (იხ. ე. ბაღიშვილი, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III, თბილისი 2019, მუხლი 341, ველი 11). მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებში წარმოდგენილია ვალის აღიარების ხელშეკრულება, რომლითაც მოპასუხემ მოსარჩელის მიმართ ვალდებულების შესრულება იკისრა. ამ გარიგების საწინააღმდეგოდ, მოპასუხეს სასამართლოსთვის არ წარუდგენია, სსკ-ის 429-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად (კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი), ვალის აღიარების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების დამადასტურებული დოკუმენტი, მოპასუხემ აღნიშნული ვერც სხვა რელევანტური მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურა. ამრიგად, საკასაციო საჩივარი დაუსაბუთებელია.

15. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

16. კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

17. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. შესაბამისად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 763.8 ლარის 70% – 534.66 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ზ.ა–ვის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

2. ზ.ა–ვს (პ/ნ: ......) უკან დაუბრუნდეს შპს „ვ.ს–ის“ (ს/ნ: ......) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 763.8 ლარის (საგადახდო დავალება №9548152131, გადახდის თარიღი 08.07.2020წ.) 70% – 534.66 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ზამბახიძე

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

რევაზ ნადარაია