Facebook Twitter

საქმე №ა-786-შ-23-2022 21 აპრილი, 2022 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლაშა ქოჩიაშვილი, თეა ძიმისტარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ე. მ.

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას შუამდგომლობის ავტორი მოითხოვს – თურქეთის რესპუბლიკის სტამბულის ანატოლიის მე-13 პირველი ინსტანციის სასამართლოს 2020 წლის 15 სექტემბრის გადაწყვეტილება გვარის შეცვლის შესახებ

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. თურქეთის რესპუბლიკის სტამბულის ანატოლიის მე-13 პირველი ინსტანციის სასამართლოს 2020 წლის 15 სექტემბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელე ე.მ–ის სარჩელი გვარის შეცვლის თაობაზე დაკმაყოფილდა, მისი გვარი - მ–ი შეიცვალა და გახდა მ.

2. ემა მაიმ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა გვარის შეცვლის შესახებ თურქეთის რესპუბლიკის სტამბულის ანატოლიის მე-13 პირველი ინსტანციის სასამართლოს 2020 წლის 15 სექტემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

3. თურქეთის რესპუბლიკის სტამბულის ანატოლიის მე-13 პირველი ინსტანციის სასამართლოს 2020 წლის 15 სექტემბრის გადაწყვეტილებიდან ირკვევა, რომ საქმეზე ღია სასამართლო განხილვა გაიმართა.

4. საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოდგენილი შუამდგომლობის მიხედვით, ე.მ–ის საცხოვრებელი ადგილი საქართველოშია.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 4 მარტის განჩინებით შუამდგომლობის ავტორს დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა ზემოაღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 15 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა ოფიციალური ცნობა თურქეთის რესპუბლიკის სტამბულის ანატოლიის მე-13 პირველი ინსტანციის სასამართლოს 2020 წლის 15 სექტემბრის გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შესახებ და მისი სათანადო წესით დამოწმებული ქართული თარგმანი.

6. 2022 წლის 25 მარტს შუამდგომლობის ავტორმა განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, მიუთითა, რომ ზემოაღნიშნული განჩინებით განსაზღვრული ვადა არ არის საკმარისი ოფიციალური ცნობის აღებისა და საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოდგენისათვის, შესაბამისად, იშუამდგომლა ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 31 მარტის განჩინებით ე.მ–ის შუამდგომლობა საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე დაკმაყოფილდა. შუამდგომლობის ავტორს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა და დაევალა მოცემული განჩინების ჩაბარებიდან 15 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა ოფიციალური ცნობა თურქეთის რესპუბლიკის სტამბულის ანატოლიის მე-13 პირველი ინსტანციის სასამართლოს 2020 წლის 15 სექტემბრის გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შესახებ და მისი სათანადო წესით დამოწმებული ქართული თარგმანი.

8. 2022 წლის 1 აპრილს შუამდგომლობის ავტორმა საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოადგინა სტამბულის ანატოლიის მე-13 პირველი ინსტანციის სასამართლოს 2020 წლის 15 სექტემბრის გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შესახებ ბრძანება. აღნიშნული ბრძანების თანახმად, რამდენადაც მხარეებმა გადაწყვეტილება არ გაასაჩივრეს იგი კანონიერ ძალაში შევიდა 2020 წლის 26 ოქტომბერს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

9. საქართველოს უზენაესი სასამართლო გაეცნო რა წარმოდგენილ შუამდგომლობასა და თანდართულ მასალებს, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ემა მაის შუამდგომლობა გვარის შეცვლის შესახებ თურქეთის რესპუბლიკის სტამბულის ანატოლიის მე-13 პირველი ინსტანციის სასამართლოს 2020 წლის 15 სექტემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს.

10. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.

11. ამავე ხელშეკრულების მე-2 მუხლის მიხედვით, საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ წესებს აქვთ უპირატესი იურიდიული ძალა ამ კანონით განსაზღვრულ წესებთან შედარებით.

12. საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო, სავაჭრო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ ორმხრივი ხელშეკრულების მე-19 მუხლის მიხედვით, ხელშეკრულების მონაწილე მხარეები წინამდებარე ხელშეკრულების დებულებათა საფუძველზე ცნობენ და აღასრულებენ მეორე მხარის ტერიტორიაზე გამოტანილ სამოქალაქო გადაწყვეტილებებს. ამავე ხელშეკრულების მე-20 მუხლი განსაზღვრავს გადაწყვეტილების ცნობისათვის საჭირო პირობებს (ა) თუ გადაწყვეტილება, გამოტანილი ერთ-ერთი მხარის მიერ, საბოლოოა და ექვემდებარება აღსრულებას მის ტერიტორიაზე; ბ) თუ გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლო ხელშეკრულების მონაწილე შემსრულებელი მხარის კანონმდებლობით ჩაითვლება კომპეტენტურად აღნიშნული საკითხის გადაწყვეტაში; გ) თუ პირი, რომელიც გამოძახებულია სასამართლოში, ხელშეკრულების მონაწილე გადაწყვეტილების გამომტანი მხარის კანონმდებლობის შესაბამისად სათანადო წესით გაფრთხილებული იყო ამის შესახებ უწყების ჩაბარების გზით; დ) თუ პროცესის მხარეები სარგებლობდნენ დაცვის უფლებით, აგრეთვე შესაბამისი წესით ეცნობათ სასამართლოში გამოცხადების აუცილებლობის შესახებ და შესაძლებლობა ჰქონდათ ჰყოლოდათ წარმომადგენლები იმ შემთხვევაში თუ თავად მოკლებულ იყვნენ თავის დაცვის ან სარჩელის წაყენების შესაძლებლობას; ე) თუ იმავე სამართლებრივ დავაზე, იმავე მხარეებს შორის ხელშეკრულების მონაწილე იმ მხარის ტერიტორიაზე, სადაც უნდა მოხდეს გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება, არ არსებობს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება; ვ) თუ იმავე მხარეებს შორის, იმავე საკითხზე და იმავე მიზეზებით შემსრულებელ მხარის ტერიტორიაზე არ მიმდინარეობს სასამართლო პროცესი).

13. საქართველოს უზენაეს სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმებში მითითებული პირობები დაცულია. შესაბამისად, გვარის შეცვლის შესახებ თურქეთის რესპუბლიკის სტამბულის ანატოლიის მე-13 პირველი ინსტანციის სასამართლოს 2020 წლის 15 სექტემბრის გადაწყვეტილება ცნობილ უნდა იქნას საქართველოს ტერიტორიაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო, სავაჭრო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ ორმხრივი ხელშეკრულების მე-19, მე-20 მუხლებით, „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე, 284-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ე.მ–ის შუამდგომლობა გვარის შეცვლის შესახებ თურქეთის რესპუბლიკის სტამბულის ანატოლიის მე-13 პირველი ინსტანციის სასამართლოს 2020 წლის 15 სექტემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დაკმაყოფილდეს;

2. ცნობილ იქნას საქართველოს ტერიტორიაზე გვარის შეცვლის შესახებ თურქეთის რესპუბლიკის სტამბულის ანატოლიის მე-13 პირველი ინსტანციის სასამართლოს 2020 წლის 15 სექტემბრის გადაწყვეტილება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ა. ძაბუნიძე

მოსამართლეები: ლ. ქოჩიაშვილი

თ. ძიმისტარაშვილი