საქმე №ას-854-2020 13 აპრილი, 2022 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - ნ.ჩ–ი (მოპასუხე, შეგებებული სარჩელით მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - თ.გ–ძე (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელის მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება
დავის საგანი - თანხის დაკისრება (სარჩელით), ზიანის ანაზღაურება, მოძრავი ნივთების დაბრუნების ან/და ნივთების ღირებულების კომპენსაციის დაკისრება (შეგებებული სარჩელით)
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თ.გ–ძემ (შემდგომ - მოსარჩელე, შეგებებული სარჩელით მოპასუხე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ.ჩ–ის (შემდგომ - მოპასუხე, შეგებებული სარჩელით მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი) მიმართ და მოითხოვა 46 000 ლარის დაკისრება.
სარჩელის საფუძვლები
2. მოსარჩელე 1998 წელს მოპასუხეს ზეპირი გარიგებით შეუთანხმდა, რომ უსასყიდლოდ საცხოვრებლად გადავიდოდა ქ. ქუთაისში, ......... შესახვევის №4-ში (ყოფილი ...... და ამჟამად ..... №4) მდებარე მოპასუხის სახლში, ხოლო შემდეგ შეისყიდიდა მას. მოსარჩელემ, მოპასუხესთან შეთანხმებით, 2001 წელს სადავო სახლს მიაშენა და გაარემონტა. მან ხელშეკრულება დადო შპს „წ.მ–თან“, რომელმაც სახლის ყველა ოთახი გაარემონტა, გაადიდა ხის შუშაბანდი და ამოაშენა აგურით, ჩასვა მეტალოპლასტმასის ფანჯრები, გაუკეთა გისოსები. სახლის გვერდით მოიჭრა მიწა, აშენდა ავტოფარეხი, მეორე სართულზე აშენდა ორი საძინებელი, შესასვლელი, ტუალეტი, მესამე სართულზე მოეწყო ვერანდა და ტალავერი.
3. 2014 წლის 21 აგვისტოს ისრაელიდან დაბრუნდა მოპასუხე და მოსარჩელეს მოსთხოვა სახლის დაცლა. კონფლიქტის თავიდან აცილების მიზნით, მოსარჩელემ დატოვა საცხოვრებელი სახლი. მოპასუხემ მოსარჩელის მიერ აშენებული ფართი მთლიანად დაირეგისტრირა საჯარო რეესტრში თავის საკუთრებად. შესაბამისად, მოპასუხემ მოსარჩელეს უნდა აუნაზღაუროს რემონტის ხარჯი - 46 000 ლარი.
მოპასუხის შესაგებელი
4. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, მოსარჩელემ მესაკუთრის თანხმობის გარეშე - თვითნებურად, საკუთარი გემოვნებით შეცვალა სახლის ე.წ რეკონსტრუქცია. კანონით განსაზღვრული სათანადო პროექტის დაკანონების გარეშე მოაშენა ორი პატარა ოთახი. უსაფუძვლოა მოთხოვნა - 46 000 ლარის თაობაზე, რადგან მიშენება, კანონის თანახმად, ექვემდებარება მერიის შესაბამისი სამსახურის მხრიდან დემონტაჟს. მოპასუხე უსაფუძვლოდ კი არ გამდიდრდა, არამედ პირიქით, მიადგა ზიანი, რადგან უკანონო მიშენებით სახლი დაზიანდა. ამასთან, მოთხოვნა ხანდაზმულიცაა, რადგან თავად მოსარჩელე უთითებს, რომ რემონტი 2001 წელს დაასრულა, სარჩელი კი 2015 წელს აღძრა.
შეგებებული სასარჩელო მოთხოვნა
5. მოპასუხემ შეგებებული სარჩელით მოითხოვა თავის კუთვნილ სადავო საცხოვრებელ ბინაზე უკანონო მშენებლობის შედეგად მიყენებული ზიანის - 1196.78 ლარისა და საცხოვრებელი ბინიდან გატანილი მოძრავი ნივთების დაბრუნება ან შესაბამისი კომპენსაციის, 2290 ლარის, შეგებებული სარჩელით მოპასუხისათვის გადასახდელად დაკისრება.
6. შეგებებული სარჩელის ავტორის მტკიცებით, შეგებებული სარჩელით მოპასუხემ საცხოვრებელი ბინის საძირკველიდან დიდი რაოდენობით მიწის გამოღებით, უსაფრთხოების ნორმების დარღვევით მოაწყო ავტოფარეხი, რის შემდეგაც საცხოვრებელი ბინის საყრდენ კედლებზე, იატაკზე, თითქმის ყველა ოთახის ჭერსა და ეზოში გაჩნდა მნიშვნელოვანი ზომის ბზარები, რომელიც მოპასუხემ აღმოაჩინა 2014 წლის ზაფხულში. ამჟამად, სასწრაფოდ შესასრულებელია საცხოვრებელი ბინის გამაგრებითი სამუშაოები. საინჟინრო-სამშენებლო ექსპერტიზამ დაადგინა, რომ საცხოვრებელ ბინაზე უკანონო მშენებლობით მიყენებული ზიანი - 1196 ლარი და 78 თეთრია. უკანონოდ მიშენებული ორი ოთახის დარღვევა კი, სახლის კიდევ უფრო მეტ ამორტიზაციას გამოიწვევს.
7. ამასთან, მოპასუხემ ბინიდან გაიტანა მოსარჩელის ოჯახის კუთვნილი მოძრავი ქონება (ჩეხური ფაიფურის ჭაღი 5-ნათურიანი; ხის სკივრი; წყლის გამაცხელებელი 2-ტონიანი ავზი; ორი გასაშლელი დივან-საწოლი; სერვანტი; სამზარეულო მაგიდა 4 სკამით; გაზქურა 4 ,,ქურიანი“, მაცივარი „მინსკი“ ორკარიანი; ტელევიზორის მაგიდა; სასტუმრო მაგიდა თავისი 6 სკამით; სამზარეულოს კარადა; წყლის ნიჟარა; ჭაღი დავითის ვარსკვლავის გამოსახულებით; სახლის კედლიდან ამოიღო რელიგიური ნივთები - მეზუზები). მოპასუხემ მოძრავი ქონება უნდა დააბრუნოს ან გადაიახადოს მათი ღირებულება - 2290 ლარი.
შესაგებელი შეგებებულ სარჩელზე
8. მოპასუხემ შეგებებული სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ 1998 წელს ნამდვილად შეუთანხმდა მოპასუხეს სადავო ბინაში ცხოვრებაზე, შემდეგ შესყიდვასა და მშენებლობა-რემონტზე, რომელიც დასტურდება ქუთაისის მერიაში მოპასუხის მიერ შეტანილი განცხადებით და მოწმეთა ჩვენებებით.
9. რაც შეეხება ნივთებს, 2015 წლის 19 აგვისტოს მოპასუხის წარმომადგენელს სრულად გადაეცა ბინაში არსებული ნივთები. ტელევიზორის მაგიდა და წყლის გამაცხელებელი ავზი არ დახვედრია სადავო უძრავ ქონებაში, ხოლო სამშენებლო სამუშაოების დროს მოხსნილი რელიგიური საგნები - მეზუზები მიიტანეს ქ. ქუთაისის სინაგოგაში.
10. მოპასუხეს ზიანი რომ არ მიადგა, არამედ გამდიდრდა, დასტურდება 2014 წლის 18 სექტემბერს საჯარო რეესტრის მიერ გაცემული ცნობა-დახასიათებითაც, რომლის თანახმად, მოპასუხის საკუთრება 75.29 კვ.მ იყო, ხოლო დამატებითი ფართის რეგისტრაციის შემდეგ 223.35 კვ.მ გახდა. შესაბამისად, მოსარჩელემ არსებულ ფართს მიაშენა 148.06 კვ.მ.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
11. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 29 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხეს დაეკისრა უსაფუძვლო გამდიდრებით მიღებული 46 000 ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ; შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
12. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება:
13. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 29 მარტის გადაწყვეტილება საცხოვრებელი სახლის დაზიანებისათვის თანხის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე; შეგებებული სარჩელის მოპასუხეს დაეკისრა საცხოვრებელი სახლის დაზიანებისათვის 1196.78 ლარის გადახდა შეგებებული სარჩელის მოსარჩელის სასარგებლოდ. დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
14. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, სადავო არ იყო გარემოება, რომ მოსარჩელე 1998-2014 წლებში მოპასუხის ნებართვით ცხოვრობდა ამ უკანასკნელის საცხოვრებელ სახლში, რაც, ტექნიკური ბიუროს არქივის მონაცემებით, იმ დროისათვის დაახლოებით 75.29 კვ.მ იყო. საცხოვრებელი სახლზე მოსარჩელემ შეგნებულად გაწია ხარჯი, ჩაატარა სახლის სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაო, მიაშენა, რის შედეგადაც საცხოვრებელი სახლის საერთო ფართი გახდა 223.35 კვ.მ. ამდენად, მოსარჩელემ ააშენა 148.06 კვ.მ, რაც მოპასუხემ საკუთრებად დაირეგისტრირა. ამასთან, ამ დროისათვის (2014 წ.) 233.35 კვ.მ ფართის სადავო უძრავი ქონების საბაზრო ღირებულება შპს „ს–ის“ №172 ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, განისაზღვრა 83 500 ლარით (ანუ, 1 კვ.მ ფასი-357.83 ლარი), რაც ადასტურებს, რომ ადრე არსებულ 75.29 კვ.მ-ზე მოსარჩელემ 148.06 კვ.მ-ის მიმატებით, მისი ღირებულება გაზარდა 52 980.54 ლარით.
15. ვინაიდან სარჩელით მოსარჩელე ითხოვდა მხოლოდ 46 000 ლარის გადასახდელად დაკისრებას, ამასთან, არსებობს უსაფუძვლო გამდიდრებით ქონებრივი ნამეტის ამოღების ყველა აუცილებელი სამართლებრივი წინაპირობა, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა სამოქალაქო კოდექსის 987-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის შესაბამისად დასაბუთებული იყო, რაც გამორიცხავდა ამ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას.
16. საქმეზე წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერით დადგენილია, რომ მოპასუხემ მოსარჩელის მიერ მიშენებული ფართი საკუთრებაში დაირეგისტრირა 2014 წელს და ამავე წელს გამოასახლა ეს უკანასკნელი სადავო უძრავი ქონებიდან. ამდენად, სწორედ 2014 წლიდან დაიწყო ხანდაზმულობის 10-წლიანი ვადის დენა, რაც 2015 წელს, სარჩელის წარდგენის დროისათვის გასული არ იყო.
17. შეგებებულმა მოსარჩელემ, საცხოვრებელ სახლზე მიყენებული ზიანის დასადასტურებლად წარმოადგინა შპს „ა-ე-..“-ის დასკვნა №51, სადაც მითითებულია, რომ მოპასუხის საცხოვრებელ სახლში კედლებზე, იატაკზე, ჭერზე და შენობის გარე კედლებზე არსებული ბზარები გამოწვეულია საცხოვრებელ სახლზე ორი ოთახის მიშენებით და ავტოფარეხის მოსაწყობად შენობის ქვემოთ მიწის გამოღების შედეგად, რის გამოც ზიანი 1197.78 ლარია. გარდა ამისა, საქმეზე წარმოდგენილი, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის N007297618 ექსპერტიზის დასკვნაში განვითარებული მსჯელობით დასაშვებად იქნა მიჩნეული, რომ „აე...-ის“ დასკვნაში მითითებული დაზიანებები - ნალესი ბზარები შესაძლოა, წარმოშობილიყო სარემონტო-სამშენებლო სამუშაოებით. ამდენად, მტკიცებულებების ერთობლივად შეფასებით, სააპელაციო პალატამ დადასტურებულად მიიჩნია, რომ მშენებლობამ წარმოშვა საცხოვრებელ სახლზე ბზარები, რომლის შედეგად მიყენებული ზიანი 1196.78 ლარია და რომლის ანაზღაურება, სამოქალაქო კოდექსის 992-ე და 408-ე მუხლის შესაბამისად, შეგებებული სარჩელის მოპასუხეს უნდა დაჰკისრებოდა.
18. საცხოვრებელი ბინიდან გატანილი მოძრავი ნივთების დაბრუნების მოთხოვნასთან დაკავშირებით პალატამ მიუთითა სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე თავად აპელანტის განმარტებასა და საგამოძიებო ორგანოდან გამოთხოვილ წერილობით მტკიცებულებებზე, რომელთა თანახმადაც, მოსარჩელის მიერ საცხოვრებელი სახლის გამოთავისუფლებისას, ამ სახლში განთავსებული იყო საყოფაცხოვრებო მოძრავი ნივთები, რომელთა აღწერილობა თანხვედრაშია შეგებებულ სარჩელში ჩამოთვლილი ნივთების დასახელებებთან. შესაბამისად, აპელანტის მითითება, რომ დათვალიერების ოქმში დაფიქსირებული ნივთები არ არის თავის მიერ დატოვებული ნივთების იდენტური, პალატამ არ გაიზიარა და ამ ნაწილში შეგებებული სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლოდ და დაუსაბუთებლად მიიჩნია.
კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
19. ზემოაღნიშნული განჩინება მოპასუხემ საკასაციო წესით გაასაჩივრა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება მოითხოვა.
20. კასატორის მტკიცებით, სააპელაციო სასამართლოს არ უნდა გაეზიარებინა შპს „ს–ას“ №172 დასკვნა, რადგან მან პასუხი არ გასცა სასამართლოს მიერ დასმულ არცერთ კითხვას, უფრო მეტიც, ექსპერტი არ მისულა გამოსაკვლევ ობიექტზე, მან მხოლოდ ე.წ. „სოსტის“ მიხედვით შეადგინა საშუალო საბაზრო ღირებულება, რასაც საერთო არ აქვს რეალურ სურათთან. ექსპერტს არ გაუთვალისწინებია დაზიანებები, რასაც გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა სამართლიანი გადაწყვეტილების მისაღებად, რადგან დასადგენი იყო, მოპასუხე რეალურად გამდიდრდა თუ ზიანი მიიღო.
21. არასწორია სასამართლოს დასკვნა, რომ მოპასუხეს გაუმჯობესებული უძრავი ქონება დაუბრუნდა. რეალურად მას დაუბრუნდა დაზიანებული, ამორტიზებული უძრავი ქონება. მოპასუხე მიშენებულ ფართს ვერ იყენებს. ის შესაძლოა, ნებისმიერ დროს ჩაინგრეს, რადგან მოპასუხემ ოთახებს ქვევით მიწა გამოიღო ავტოფარეხის გასაკეთებლად. მიშენებული ოთახების საძირკვლის გარეშე დატოვებამ გამოიწვია მთელი სახლის ამორტიზება.
22. სასამართლომ ორივე მოდავე მხარის მოთხოვნა დააკმაყოფილა, რაც არსობრივად ურთიერთსაწინააღმდეგო გადაწყვეტილებაა. ერთი მხრივ, სასამართლო იზიარებს ექსპერტიზის დასკვნას, რომლის მიხედვითაც მშენებლობამ მთელი სახლის ამორტიზება გამოიწვია და ზიანი მიადგა სახლის მთელ კონსტრუქციას, მეორე მხრივ, კი, მიიჩნევს, რომ ამავე მიშენების გამო მოპასუხე გამდიდრდა 46 000 ლარით. ამასთან, ეს ციფრი არავითარ მტკიცებულებას არ ეფუძნება. სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული უძრავი ქონების ღირებულება 2014 წლის შეფასებას ემყარება და არა უკანონო მიშენების დროს 2000-2001 წლის შეფასებას.
23. არასწორია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა სარჩელის ხანდაზმულობასთან დაკავშირებითაც. მოსარჩელემ თავიდანვე იცოდა, რომ საცხოვრებელი ბინა ეკუთვნოდა მოპასუხეს. მოთხოვნა ე.წ. „მიშენების“ ანაზღაურების თაობაზე მას წარმოეშვა სამშენებლო სამუშაოების დამთავრებისთანავე 2000-2001 წლებში და არა - 2014 წელს, როდესაც მან დატოვა საცხოვრებელი ბინა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
24. საკასაციო სასამართლომ, სსსკ-ის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
25. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
26. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
27. სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით და ვერც კასატორმა ვერ მიუთითა რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლომ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე დაადგინა მოცემული დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და იურიდიულად სწორად შეაფასა ისინი, შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები მართებულია.
28. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება - დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
29. განსახილველ შემთხვევაში, უფლებამოსილი მფლობელის მოთხოვნა მესაკუთრისათვის 46 000 ლარის დაკისრების თაობაზე სსკ-ის 987.1 მუხლს (პირს, რომელმაც შეგნებულად ან შეცდომით ხარჯები გასწია მეორე პირის ქონებაზე, შეუძლია მისგან მოითხოვოს თავისი დანახარჯების ანაზღაურება, თუ მეორე პირი ამით გამდიდრდა) ეფუძნება.
30. ნორმიდან გამომდინარე, მოთხოვნის განხორციელებისათვის უნდა ვლინდებოდეს შემდეგი წინაპირობები: ვალდებულების გარეშე ხარჯების გაწევა ქონებაზე; ქონება არ უნდა ეკუთვნოდეს კრედიტორს, მოვალემ ამ ხარჯების გაწევით უნდა მიიღოს სარგებელი (შდრ. №ას-1254-1176-2015, 15 აპრილი, 2016 წელი ).
31. კასატორი მოსარჩელის მიერ ქონებაზე ხარჯების გაწევას სადავოდ არ ხდის, ის ამ ხარჯების გაწევით სარგებლის მიღებაზე დავობს, კერძოდ, მისი მტკიცებით, რემონტისა და რეკონსტრუქციის დროს სახლი იმდენად დაზიანდა, რომ სარგებლის მიღება გამოირიცხა.
32. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელემ მოპასუხის კუთვნილი სახლი გაარემონტა და მიუმატა 148.06 კვ.მ, რომელიც მოპასუხემ საკუთრებად დაირეგისტრირა; სადავო უძრავი ქონების 1 კვ.მ-ის ფასი 357.83 ლარია, შესაბამისად, ადრე არსებულ 75.29 კვ.მ-ზე მოსარჩელემ 148.06 კვ.მ-ის მიმატებით, მისი ღირებულება გაზარდა 52 980.54 ლარით. საკასაციო პალატა მიიჩნევს, სადავო სახლზე 148.06 კვ.მ-ის მიმატებით საგანი ობიექტურად გაუმჯობესდა, ამასთან, რაკი მოპასუხემ მოსარჩელის მიერ მიმატებული ფართი თავის საკუთრებად აღრიცხა, ფაქტია, რომ მოპასუხემ ღირებულების მატებით ისარგებლა.
33. აღნიშნულთან დაკავშირებული კასატორის პრეტენზია ისაა, რომ სასამართლოს გაუმჯობესების ფასი შპს „ს–ას“ №172 დასკვნის საფუძველზე არ უნდა დაედგინა, რადგან მან პასუხი არ გასცა სასამართლოს მიერ დასმულ არცერთ კითხვას, უფრო მეტიც, ექსპერტმა ისე დაადგინა უძრავი ქონების საბაზრო ღირებულება, რომ გამოსაკვლევ ობიექტზე არ მისულა და არ გაუთვალისწინებია უძრავი ქონების დაზიანებები.
34. პალატა, პირველ რიგში, მიუთითებს, რომ საექსპერტო დასკვნა, რომელსაც სააპელაციო სასამართლო სადავო ქონების საბაზრო ღირებულების დასადგენად დაეყრდნო, შედგენილია ყველა წესის დაცვით და მისი გაზიარების დამაბრკოლებელი გარემოება არ არსებობდა იმიტომაც, რომ საქმეში არ არის წარმოდგენილი საწინააღმდეგო დასკვნა, კერძოდ, ისეთი, რომელიც ქონების ღირებულებას უფრო დაბალი ფასით განსაზღვრავდა. უფრო მეტიც, საქმეს ერთვის ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც ადგილზე დათვალიერებით ჩატარდა და რომლითაც უძრავი ქონების ღირებულება უფრო მაღალი თანხით განისაზღვრა, ვიდრე კასატორის მიერ გაკრიტიკებული დასკვნით. სამხარაულის დასკვნის თანახმად, სარემონტო სამუშაოთა ღირებულება 10 313.96 ლარით, სამშენებლო სამუშაოების ღირებულება 63 251.53 ლარით, ხოლო უძრავი ქონების საბაზრო ღირებულება 120 000 ლარით განისაზღვრა (შესაბამისად, დასკვნის მიხედვით, მოსარჩელემ დაახლოებით 79 500 ლარით გაზარდა ქონების ღირებულება). ექსპერტიზა წარიმართა „საქმეში არსებული მასალების, ობიექტის ადგილზე დათვალიერებითა და აზომვებით მიღებული მონაცემების ურთიერთშედარების მეთოდით“.
35. სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნასთან მიმართებით კასატორის პრეტენზია ისაა, რომ უძრავი ქონების ღირებულება 2014 წლის შეფასებას ეფუძნება და არა 2000-2001 წლის, უკანონო მიშენების დროის შეფასებას. პრეტენზია დაუსაბუთებელია, რამდენადაც სსკ-ის 987.2 მუხლის თანახმად, (გამდიდრების არსებობა განისაზღვრება იმ მომენტით, როცა მოვალეს უბრუნდება თავისი ნივთი, ან იგი ღირებულების გაზრდის შედეგად სხვაგვარად იღებს სარგებელს), გამდიდრების ოდენობა სწორედ ამ მომენტით უნდა განსაზღვრულიყო.
36. პალატა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მოპასუხის მიერ წარმოდგენილი დასკვნა ვერ აბათილებს ზემოხსენებულ დასკვნებს იმიტომ, რომ ისინი ერთმანეთს არ ეწინააღმდეგება, კერძოდ, მოპასუხის მიერ წარმოდგენილი „ა.ე..-ის“ დასკვნით სადავო უძრავი ქონების საბაზრო ფასი არ განსაზღვრულა, ექსპერტმა მხოლოდ ის თანხა განსაზღვრა, რაც საჭიროა იმ დაზიანებების (ბზარების) აღმოსაფხვრელად, რომელიც მიშენების შედეგად სახლმა განიცადა. ექსპერტის დასკვნით, 1196.78 ლარია საჭირო დაზიანებების აღმოსაფხვრელად. ამასთან, პალატა მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლომ ამ ნაწილში მოსარჩელის შეგებებული სარჩელი დააკმაყოფილა, რომელიც შეგებებული სარჩელის მოპასუხეს არ გაუსაჩივრებია. შესაბამისად, ამ ნაწილში სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში შევიდა და მასზე საკასაციო სასამართლო არ მსჯელობს, თუმცა მიზანშეწონილად მიიჩნევს, მიუთითოს, რომ, ბუნებრივია, ზიანი იმ ოდენობით ამცირებს მოპასუხის გამდიდრების ღირებულებას, რაც ზიანის აღმოსაფხვრელად არის საჭირო, თუმცა სრულად ვერ გამორიცხავს იმ სარგებელს, რომელიც ამ უკანასკნელმა მიიღო.
37. ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ მოპასუხის გამდიდრება დაამტკიცა, მოპასუხემ კი, მოთხოვნის გამოსარიცხად თავის მიერ მითითებული გარემოებების დასამტკიცებლად შესაბამისი მტკიცებულებები ვერ წარადგინა, კერძოდ, კასატორს ის უნდა ემტკიცებინა, უძრავი ქონება იმდენად დაზიანებული იყო, რომ ექსპერტის დასკვნით განსაზღვრული 1196.78 ლარის სამუშაოთა გაწევის მიუხედავად, ის ვერ აღდგებოდა და მიშენებულ ფართს ღირებულება არ გააჩნდა, რადგან საცხოვრებლად ვარგისი არ იყო. ერთადერთი მტკიცებულება, რომელიც მოპასუხემ გამდიდრების გამოსარიცხად წარადგინა, იყო ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც ზიანის აღმოსაფხვრელად 1196.78 ლარს საკმარისად მიიჩნევს.
38. კასატორის პრეტენზიის მიხედვით, სარჩელი ხანდაზმულიცაა, რადგან მას მოთხოვნა ე.წ. „მიშენების“ ანაზღაურების თაობაზე წარმოეშვა სამშენებლო სამუშაოების დამთავრებისთანავე 2000-2001 წლებში და არა - 2014 წელს, როდესაც მან დატოვა საცხოვრებელი ბინა.
39. არასწორია კასატორის მსჯელობა ხანდაზმულობის ვადის ათვლის დასაწყისთან დაკავშირებით, რადგან ანაზღაურების მოთხოვნა გაწეული ხარჯებისთვის შეიძლება მხოლოდ, თუ სსკ-ის 987.2 მუხლით განსაზღვრული მომენტისთვის, ანუ მოვალისათვის ნივთის დაბრუნებისას, ან გაზრდილი ღირებულების შედეგად სხვაგვარად სარგებლის მიღებისას სახეზეა გამდიდრება. რაკი ნორმა მოთხოვნის წინაპირობად სწორედ ნივთის დაბრუნების მომენტში ნივთზე გაწეული ხარჯების შედეგად მიღებულ გამდიდრებას ითვალისწინებს, მოთხოვნაც ამ მომენტში წარმოიშვება (სსკ-ის 987 მუხლის მე-2 ნაწილი განსაზღვრავს, რომ ღირებულების დასადგენად რელევანტურია არა ხარჯების გაწევის მომენტი, არამედ ის მომენტი, როდესაც მესაკუთრეს შეუძლია მოახდინოს ღირებულების მატების რეალიზაცია. თუ ნივთი იყო პირის მფლობელობაში, რომელმაც გასწია ხარჯები, ეს მაშინ როგორც წესი იქნება ის მომენტი, როდესაც ის დაუბრუნებს ნივთს მესაკუთრეს - ჰაინრიხ შნიტგერი/ლია შატბერაშვილი, სსკ-ის კომენტარი, მუხლი 987, ელ.მისამართი - gccc.ge).
40. კონდიქციური ვალდებულების არსის გათვალისწინებით, ამ ინსტიტუტის მიმართ გამოიყენება სსკ-ის 128-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი ხანდაზმულობის საერთო ვადა - 10 წელი, რომელიც ყველა იმ ურთიერთობისათვისაა, რომელიც არ ითვალისწინებს ხანდაზმულობის სპეციალურ ვადას (შდრ. სუსგ №ას-472-448-2013, 05.12.2013 წელი). შესაბამისად, მართებულია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა, რომ ხანდაზმულობის ვადის ათვლა 2014 წლიდან უნდა დაიწყოს. სარჩელი აღძრულია 2015 წელს, რის გამოც შედავება მოთხოვნის განხორცილების შემაფერხებელი გარემოების თაობაზე უსაფუძვლოა.
41. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სამართლებრივად სწორად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რის შედეგადაც მიიღო კანონიერი და უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისი გადაწყვეტილება.
42. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს ეწინააღმდეგება.
43. ამასთან, საკასაციო საჩივრების განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
44. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგ №ას-584-584-2018, 28 ივნისი, 2019 წელი; №ას-1084-1015-2012, 7 თებერვალი, 2013 წელი).
45. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები, რის გამოც უარი უნდა ეთქვათ განხილვაზე.
46. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, კასატორს დაუბრუნდება 2300 ლარის 70% - 1610 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ.ჩ–ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;
2. ნ.ჩ–ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ბანკის კოდი TESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 2300 ლარის (საგადასახადო დავალება №9204968628 / გადახდის თარიღი 18.03.2020), 70% - 1610 ლარი;
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე
ვლადიმერ კაკაბაძე