23 მარტის, 2022 წელი,
საქმე №ას-372 -2021 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
გიორგი მიქაუტაძე,
ლევან მიქაბერიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - ა(ა)იპ თ.გ.ფ–ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ე–სი“ (მოპასუხე)
მესამე პირი დამოუკიდებელი მოთხოვნის გარეშე - თბილისის მუნიციპალიტეტის მერია
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 11 თებერვლის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი - თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
აღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ა(ა)იპ თ.გ.ფ–ი (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი ან შემკვეთი) ასაჩივრებდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 11 თებერვლის განჩინებას თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ამ გადაწყვეტილებით შპს „ე–სის“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე, მენარდე ან შემსრულებელი) წინააღმდეგ თანხის დაკისრების თაობაზე კასატორის მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხეს - 9420,55 ლარის გადახდა დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ. კასატორის აზრით, მატერიალურსამართლებრივი თვალსაზრისით, განჩინება არ იყო დასაბუთებული, სახელდობრ:
2. კასატორის მტკიცებით, პარკის კეთილმოწყობის სამუშაოების ნაწილი არც ხელშეკრულებით და არც დამატებითი შეთანხმებით ფონდის დავალებით არ შესრულებულა, რაც გახდა კიდეც სარჩელის აღძვრისა და ავანსად გაცემული თანხის დაბრუნების მოთხოვნის საფუძველი.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 22 აპრილის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
4. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
5. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:
5.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
5.2. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი, ანუ სწორად დაადგინა სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები:
5.3. 2009 წლის 31 დეკემბერს ა(ა)იპ „ძ.ქ.რ. და გ.ფ–სა“ და შპს "ე–სს" შორის გაფორმებული პარკის განაშენიანებისა და კეთილმოწყობის სამუშაოების თაობაზე „ჩარჩო ხელშეკრულების“ მიხედვით, მოპასუხეს თბილისში, რიყის ტერიტორიაზე, პარკის განაშენიანების პროექტისა (დანართი #1) და სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის (დანართი #2) შესაბამისად, კეთილმოწყობის სამუშაოები უნდა შეესრულებინა (იხ. შეთანხმების 1.1. პუნქტი).
5.3.1. შემსრულებელი ვალდებული იყო, გაეთვალისწიბებინა შემკვეთის მოტივირებული შენიშვნები, ინტერესები და დავალებები (იხ. შეთანხმების 2.4.3 პუნქტი).
5.4. ხელშეკრულების მაქსიმალური ღირებულება - 50 000 000 (დღგ ჩათვლით) ლარით განისაზღვრა. დამკვეთი იღებდა ვალდებულებას, შეთანხმებით განსაზღვრული ოდენობითა და ვადის დაცვით შემსრულებლისთვის აენაზღაურებინა შესრულებული სამუშაოს ღირებულება.
5.5. ხელშეკრულებით გათვალისწინებული სახელშეკრულებო უფლება-მოვალეობების გადაცემის თაობაზე 2010 წლის 6 სექტემბრის შეთანხმებით, ა(ა)იპ „ძ.ქ.რ. და გ.ფ–ის“ ნაცვლად, სახელშეკრულებო ურთიერთობის მონაწილე მოსარჩელე გახდა. ამავე შეთანხმებით, სამუშაოების შერულების საბოლო ვადა - 2011 წლის 30 ივნისით განისაზღვრა (იხ. შეთანხმების 6 პუნქტი).
5.6. მხარეებს შორის 2009 წლის 31 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულება მრავალჯერ შეიცვალა და საბოლოოდ შეთანხმებით განსაზღვრული სამუშაოების სრული მოცულობით დასრულებისა და დამკვეთისთვის გადაცემის ვადა - 2015 წლის 31 დეკემბრით განისაზღვრა, შეიცვალა ხელშეკრულების ტექსტიც და ახალი რედაქციით ჩამოყალიბდა (იხ. 2010 წლის 6 სექტემბრის, იმავე წლის 30 დეკემბრის (#2), 2013 წლის 31 დეკემბრის (#3) და 2014 წლის 3 ივნისის შეთანხმებები).
5.7. მოსარჩელემ შეთანხმების ფარგლებში მოპასუხეს ავანსი - 513000 ლარი ჩაურიცხა.
5.8. 2016 წლის 4 მარტს მოპასუხემ მოსარჩელეს გაუგზავნა 2016 წლის მარტის მონაცემებით შესრულებული სამუშაოების აქტები, რომლებიც ადასტურებს შემდეგი მოცულობის და ღირებულების სარემონტო სამუშაოების გაწევას:
მაშველების შენობის სარემონტო სამუშაოები - 39 721,94 ლარი; პარკის ინვენტარის მოსაწყობად ქვის სკამების მონტაჟისა და 100 სკამისთვის გაწეული დანახარჯი - 13313,28 ლარი; გაზსადენის ქსელის მონტაჟი - 90 065,34 ლარი; ბარათაშვილის აღმართის კლდის განათებისთვის სანათების შესაძენად განკუთვნილი - 25579,15 ლარი; 90 - გრადუსიანი დახრილობის კლდის ზედაპირზე მთასვლელების ზოლის მოწყობისთვის - 108 262,47 ლარად ღირებული სამუშაოები; ბეჭდური ბეტონის მოედნის, მინათების კონსტრუქციის მოწყობა, საერთო ღირებულებით - 6 401,04 ლარი.
5.9. 2017 წლის 12 იანვრის საპასუხო წერილით მოსარჩელემ მოპასუხეს აცნობა, რომ 2009 წლის 31 დეკემბერს, პარკის კეთილმოწყობაზე გაფორმებული შეთანხმების ფარგლებში, 2017 წლის 10 იანვრის მონაცემებით დებიტორული დავალიანება, გაუქვითავი ავანსის ნაშთი - 521 685.01 ლარი ერიცხებოდა. ამასთან, დამატებით განხორციელებულ შესრულებაზე პრეტენზია არ გამოუთქვამს.
5.10. 2017 წლის 18 იანვრის წერილით კი, მოპასუხემ გამოთქვა მზადყოფნა, გაუქვითავი ავანსის ფარგლებში შეესრულებინა 2016 წლის 17 ოქტომბერს გაფორმებული შეთანხმებით გათვალისწინებული - 190464.89 ლარის სამუშაო - ბეჭდური ბეტონის მოედნების მოწყობა და წარედგინა აღნიშნულ თანხაზე საბანკო გარანტია.
რაც შეეხებოდა დარჩენილ ავანსის ნაშთს - 331220.12 ლარს, მოპასუხის განმარტებით, მის მიერ შესრულებული სამუშაოების (ბეტონის სკამებისა და საყვავილეების მოწყობა, მაშველების შენობის სარემონტო სამუშაოები, რიყის ტერიტორიაზე 90 - გრადუსიანი დახრილობის კლდის ზედაპირზე მთასვლელების ზოლის მოწყობის სამუშაოები, გარე გაზსადენის ქსელის მონტაჟი, სანათების მოწყობა) საფასურის დადგენის მიზნით საჭირო იყო საექსპერტო დასკვნის მომზადება და ავანსის მოცულობის კორექტირება სათანადო ღირებულებით.
5.11. 2017 წლის 24 იანვარს მოპასუხემ მოსარჩელეს - 190465 ლარზე სს „თ.ბ–ის“ საბანკო გარანტია წარუდგინა.
5.12. 2017 წლის 10 თებერვლის წერილით, მოსარჩელემ მოპასუხეს მხარეთა შორის გაფორმებული შესაბამისი იმ ხელშეკრულების წარდგენა შესთავაზა, რომლითაც ფონდის დაკვეთით მოპასუხის მიერ 2017 წლის 18 იანვრის წერილში მითითებული სამუშაოების შესრულება დადასტურდებოდა ან/და მოითხოვა ამავე ვადის დაცვით - 331220.12 ლარზე ავანსის უზრუნველყოფის საბანკო გარანტია წარედგინა.
5.13. სსიპ ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 14 ივლისის #004047617 საინჟინრო დასკვნის მიხედვით, ბეტონის სკამებისა და საყვავილეების, 90 - გრადუსიანი დახრილობის კედლის ზედაპირის მთასვლელთა ზოლის, გარე გაზსადენის ქსელის მოწყობა და მაშველების შენობის სარემონტო სამუშაოების ფაქტობრივი მოცულობები 2010 წლის II კვარტლის დონეზე ერთეულ ღირებულებების გათვალისწინებით, დღგ და სხვა დარიცხვების ჩათვლით -267374.57 ლარია.
5.14. მოპასუხემ 2010 წლის 22 თებერვალს შპს „პ–გან“ შეიძინა 49 ელექტროლამპა/სანათი (ერთი ერთეული -1555 ლარად), საიდანაც 15 სანათი დამონტაჟდა რიყის პარკის ტერიტორიაზე, ხოლო 20 აღირიცხა მოსარჩელის ბალანსზე და მის საწყობში ინახება.
5.15. პარკის ტერიტორიაზე მოპასუხემ დამკვეთის ზეპირი მითითების საფუძველზე შეასრულა - 267374,57 ლარის კეთილმოწყობის სამუშაოები, კერძოდ, მაშველების შენობის სარემონტო სამუშაოები, რიყის ტერიტორიაზე 90 - გრადუსიანი დახრილობის კლდის ზედაპირზე მთასვლელების ზოლის მოწყობა, გარე გაზსადენის ქსელისა და სანათების მონტაჟი, ასევე მოაწყო ბეტონის სკამები და საყვავილეები.
5.15.1. შემკვეთმა შესრულება მიიღო.
5.15.2. მენარდემ სადავო სამუშაოების შესრულების შესახებ შემკვეთს ბოლო ავანსის ჩარიცხვამდე აცნობა და შესრულებული სამუშაოს ღირებულება შემსრულებლისთვის ავანსის სახით გადახდილი თანხიდან არ გაქვითულა.
5.16. მოპასუხე რიყის პარკის რეაბილიტაციაში ჩართული ერთადერთი სუბიექტია და ამ პროექტს სხვა შემსრულებელი არ ჰყოლია.
6. განსახილველ შემთხვევაში, ცალსახად დასტურდება კასატორსა და მოპასუხეს შორის ნარდობის სამართალურთიერთობის არსებობა, რომელიც რეგულირდება სამოქალაქო კოდექსის 629.1 (ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს, შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია, გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური), 630.1 (ანაზღაურება უსიტყვოდაც ითვლება შეთანხმებულად, თუ გარემოებების მიხედვით ნარდობა მხოლოდ ანაზღაურებითაა მოსალოდნელი) მუხლებით. სსკ-ის 385-ე მუხლის თანახმად კი, ის რაც ვალდებულების გარეშეა გადახდილი, შეიძლება, უსაფუძვლო გამდიდრების შესახებ წესების მიხედვით უკან იქნეს მოთხოვილი, შესაბამისად, თანხის უკან დაბრუნების მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი 976.1 „ა“ ქვეპუნქტიდან (პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია, მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში) გამომდინარეობს.
7. მოცემულ შემთხვევაში, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა სასარჩელო მოთხოვნების სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი წანამძღვრების მხოლოდ ნაწილის არსებობა და, აქედან გამომდინარე, სამართლებრივად სწორად შეაფასა სარჩელის ნაწილობრივ წარმატებულობაც, კერძოდ: საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სარჩელის წარმატებულობა, ბუნებრივია, უნდა შემოწმდეს მისი დამფუძნებელი ნორმის/ნორმების წინაპირობებთან მიმართებაში, რაც იმას ნიშნავს, რომ უპირველესად, სასამართლომ სწორად უნდა განსაზღვროს მოთხოვნის მარეგულირებელი სამართლებრივი საფუძველი - კანონის ნორმა, გამოარკვიოს სარჩელში მითითებული ფაქტების შესაბამისობა დამფუძნებელი ნორმის აბსტრაქტულ ელემენტებთან (ფორმალური გამართულობა), დადებითი პასუხის შემთხვევაში, სარჩელსა და შესაგებელში გამოთქმული პოზიციების ურთიერთშეჯერებით გამოარკვიოს სადავო და უდავო ფაქტობრივი გარემოებები (მტკიცების საგანი) და გაანაწილოს მხარეთა შორის მტკიცების საგანში შემავალი ფაქტების დადასტურების ტვირთი (მტკიცების ტვირთი).
8. პალატის დასკვნით, სახელშეკრულებო ურთიერთობების შეუქცევადი ნაკლით (სამართლებრივი საფუძვლის გარეშე გარკვეული სამართლებრივი სიკეთის გადაცემით) მიღებული ნეგატიური შედეგის მაკომპე–რებელი ფუნქციითაა აღჭურვილი შესრულების კონდიქციის მომწესრიგებელი სსკ-ის 976-ე მუხლი, რომლის 1-ლი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი, სამართლებრივი საფუძვლის გარეშე განხორციელებული შესრულების უკუქცევის შესაძლებლობას განსაზღვრავს.
„უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტის ნორმები აღჭურვილია დაცვითი ფუნქციით, უზრუნველყოფს რა არაუფლებამოსილი სუბიექტისაგან უსაფუძვლოდ მიღებული ქონების ამოღებას და მისი უფლებამოსილი პირისათვის გადაცემას. შედეგობრივი თვალსაზრისით, სამართლისათვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, თუ რა საშუალებით გამდიდრდა პირი - მიიღო თუ დაზოგა ქონება. ფაქტი ერთია - ვითომ კრედიტორის ქონებრივ სფეროში აღმოჩნდა ქონება, რომელსაც იქ არსებობის სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია და, აქედან გამომდინარე, ექვემდებარება უფლებამოსილი პირისათვის დაბრუნებას.“ (შდრ. საქმე Nას-1193-1122-2015. 31.05.2016წ.).
9. კასატორის პრეტენზია იმაში მდგომარეობს, რომ სადავო სამუშაოების შესრულება მენარდისთვის არ დაუვალებია, შესაბამისად, მოპასუხე მის მიერ ჩარიცხული - 331 220,12 ლარით უსაფუძვლოდ გამდიდრდა.
9.1. კასატორის ამ პრეტენზიას საკასაციო სასამართლო უარყოფს და მის ყურადღებას მიაქცევს სამოქალაქო საპროცესო სამართალში მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტის არსებობაზე, რომლის თანახმად, მტკიცების ტვირთი უნდა განაწილდეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ვალდებულება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია.
9.2. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
9.3. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ თავიანთი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა.
9.4. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება. მტკიცების ტვირთი - ესაა მხარეებისთვის სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურსამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა (შდრ. სუსგ ას-344-2019, 12.02.2021წ.).
9.5. განსახილველ შემთხვევაში, შეთანხმების 2.4.3 პუნქტის მიხედვით, შემსრულებელი ვალდებული იყო, შემკვეთის ის მოტივირებული შენიშვნები, ინტერესები და დავალებებიც გაეთვალისწინებინა, რომელიც მოპასუხის მითითებით, უშუალოდ ობიექტზეც, სამუშაოს შესრულების პროცესში, ზეპირი მითითებით გაიცემოდა. მოპასუხის განმარტებით, ყველა სადავო დავალება სწორედ ზეპირი მითითების საფუძველზე შესრულდა. აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო, სხვა გარემოებებთან ერთად, ყურადღებას გაამახვილებს მოსარჩელის 2018 წლის 12 იანვრის საპასუხო წერილზე, სადაც დამატებითი სამუშაოების შესრულებაზე პრეტენზია შემკვეთს არ გამოუთქვამს.
შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს გრძელვადიანი სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში, სადავო სამუშაოების მენარდის მიერ სწორედ შემკვეთის ზეპირი მითითების საფუძველზე შესრულების შესახებ სააპელაციო პალატის დასკვნას. აღნიშნული გარემოებების დამაჯერებლად და სარწმუნოდ გაქარწყლება კი, სწორედ მოსარჩელის ვალდებულებაა და მისი მტკიცების ტვირთის ფარგლებში უნდა დაიძლიოს. მოსარჩელემ/კასატორმა ვერ შეძლო დაკისრებული მტკიცების ტვირთის წარმატებული რეალიზება და მოპასუხის მიერ მითითებულ გარემოებებს გამაქარწყლებელი მტკიცებულებები (წერილებზე საპასუხო და გამომრიცხავი პასუხები, ინსპექტირებისა და უკანონოდ განხორციელებული სამუშაოებისთვის დაჯარიმების აქტები და ა.შ) ვერ დაუპირისპირა.
10. საკასაციო სასამართლო ზემოხსენებული მსჯელობის შედეგად მიიჩნევს, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ მართებულად დაადგინა სადავო სამუშაოების შემკვეთის ზეპირი მითითების საფუძველზე შეასრულების ფაქტი და შპს "ე–სის" საფუძვლიანად დააკისრა 9420.55 ლარის ანაზღაურება, რომლის მიზნობრივად გამოყენება მოპასუხემ ვერ დაადასტურა.
11. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ.Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა დეტალურად აღარ იმსჯელებს განსახილველი საკასაციო საჩივრის არაარსებით პრეტენზიაზე.
12. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან. არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.
13. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 8 000 ლარის (საგადახდო მოთხოვნა #02578, გადახდის თარიღი 05.04.2021წ), 70% - 5 600 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ა(ა)იპ თ.გ.ფ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. ა(ა)იპ თ.გ.ფ–ს (ს/ნ ......) დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 8 000 ლარის (საგადახდო მოთხოვნა #02578, გადახდის თარიღი 05.04.2021წ), 70% - 5 600 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე
გიორგი მიქაუტაძე
ლევან მიქაბერიძე