საქმე №ას-47-2022
7 აპრილი, 2022 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე
საქმის განხილვის ფორმა ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორები თ.გ–ძე, ა.დ–ძე და ა.დ–ძე (მოპასუხეები)
მოწინააღმდეგე მხარე მ.ა–ძე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 11 ნოემბრის განჩინება
კასატორების მოთხოვნა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
აღწერილობითი ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილებით მ.ა–ძის სარჩელი დაკმაყოფილდა; გამოთხოვილი იქნა თ.გ–ძის, ა.დ–ძის და ა.დ–ძის უკანონო მფლობელობიდან მ.ა–ძის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი, მდებარე: თბილისი, .......... (51), საკადასტრო კოდით: ....... და მესაკუთრე მ.ა–ძეს გადაეცა გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 11 ნოემბრის განჩინებით მოპასუხეების სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხეებმა შეიტანეს საკასაციო საჩივარი და მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 31 იანვრის განჩინებით კასატორების მოთხოვნა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა და დაევალათ მათ ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინათ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 150 ლარის დამადასტურებელი ქვითრის დედანი.
2022 წლის 14 თებერვალს საქართველოს უზენაეს სასამართლოში კასატორების წარმომადგენელმა წარმოადგინა განცხადება და მოითხოვა ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადის 10 დღით გაგრძელება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 21 თებერვლის განჩინებით კასატორების მოთხოვნა ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების თაობაზე დაკმაყოფილდა; მათ გაუგრძელდათ საკასაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შევსების ვადა ათი დღით და დაევალათ ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინათ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 150 ლარის ქვითრის დედანი.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების განხილვის შედეგად მიიჩნევს, რომ თ.გ–ძის, ა.დ–ძისა და ა.დ–ძის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის, მიხედვით თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. ამავე მუხლის მეოთხე ნაწილით, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით. მომხსენებელი მოსამართლე აღნიშნულ საკითხს ზეპირი განხილვის გარეშე წყვეტს.
განსახილველი საქმის შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 21 თებერვლის განჩინებით კასატორების მოთხოვნა ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების თაობაზე დაკმაყოფილდა; მათ გაუგრძელდათ საკასაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შევსების ვადა ათი დღით და დაევალათ ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინათ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 150 ლარის ქვითრის დედანი.
ზემოაღნიშნული განჩინება კასატორების წარმომადგენელს გ.დ–ას გაეგზავნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად და ჩაბარდა პირადად მას 2022 წლის 9 მარტს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლითაც დადგენილია საპროცესო ვადის დენის დასაწყისი და მიიჩნევს, რომ ხარვეზის განჩინებით განსაზღვრული ათ დღიანი ვადის დენა დაიწყო მოვლენის დადგომის მომდევნო დღეს - 2022 წლის 10 მარტიდან და ამავე კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ამოიწურა 2022 წლის 19 მარტს, მაგრამ ვინაიდან 19 მარტი იყო არასამუშაო - შაბათი დღე და მომდევნო დღეც იყო არასამუშაო დღე, სსსკ 61-მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის ამოწურვის დღედ ჩაითვლება 21 მარტი, ორშაბათი, მომდევნო პირველი სამუშაო დღე.
კასატორებს შეეძლოთ სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი აღმოეფხვრათ 2022 წლის 21 მარტის ჩათვლით.
საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში კასატორებს ხარვეზი არ გამოუსწორებიათ და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავთ სასამართლოსათვის, რაც საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 284-ე, 396-ე მუხლებით და
დაადგინა:
1. თ.გ–ძის, ა.დ–ძის და ა.დ–ძის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 11 ნოემბრის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე