Facebook Twitter

3გ-ად-14-გ-02 13 სექტემბერი, 2002 წ. ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა შემადგენლობა:

ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),

მ. ვაჩაძე (მომხსენებელი),

ნ. სხირტლაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილის თ. ლ-ის რეკომენდაციის განხილვის განსჯადობის საკითხი.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2000 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ვ. ნ-ს სააპელაციო საჩივარი. დაკმაყოფილდა დ. ჩ-ს სააპელაციო საჩივარი. ნაწილობრივ გაუქმდა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 1 თებერვლის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც დ. ჩ-ს სარჩელი დაკმაყოფილდა, ხოლო ვ. ნ-ს შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2001 წლის 13 ივლისის განჩინებით ვ. ნ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა საქმეზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება.

2001 წ. 30 აგვისტოს თბილისის საოლქო სასამართლოს რეკომენდაციით მიმართა სახალხო დამცველის მოადგილემ თ. ლ-ემ და საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ» საქართველოს 1996 წლის 16 მაისის ორგანული კანონის 21 მუხლის «ე» პუნქტის შესაბამისად, მოცემულ საქმეზე კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმება მოითხოვა.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2002 წლის 14 მაისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სახალხო დამცველის მოადგილის რეკომენდაცია განსჯადობით განსახილველად საქართველოს უზენაეს სასამართლოს გადმოეგზავნა. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას ამოწმებს ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით, ხოლო გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრეროგატივაა. სააპელაციო სასამართლო თვლის, რომ ვინაიდან სახალხო დამცველის მოადგილე რეკომენდაციით კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმებას ითხოვს, აღნიშნული რეკომენდაცია საქართველოს უზენაესი სასამართლოს განსჯადია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა გაეცნო თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2002 წლის 14 მაისის განჩინებას სახალხო დამცველის მოადგილის რეკომენდაციის განსჯადობით განსახილველად საქართველოს უზენაეს სასამართლოში გადმოგზავნის შესახებ და თვლის, რომ უნდა გაუქმდეს აღნიშნული განჩინება და დ. ჩ-სა და ვ. ნ-ს ადმინისტრაციულ საქმეზე მიღებული სახალხო დამცველის მოადგილის რეკომენდაცია უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

დ. ჩ-სა და ვ. ნ-ს ადმინისტრაციულ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება მიღებულ იქნა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის მიერ 2000 წლის 27 ნოემბერს. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2001 წლის 13 ივლისის განჩინებით ვ. ნ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც დღეისათვის კანონიერ ძალაშია შესული. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 265-ე მუხლის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმება ან შეცვლა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში და იმ წესით, რაც დადგენილია ამ კოდექსით. ამ კოდექსით კი დადგენილია საქმის წარმოების განახლების ორი სახე: თუ არსებობს გადაწყვეტიოლების ბათილად ცნობის (422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების (423-ე მუხლი) წნამძღვრები. ამასთან, სასამართლოში განცხადება კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ შეაქვს დაინტერესებულ მხარეს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 424-ე მუხლი ადგენს ამ განცხადებათა განხილვის განსჯადობას, რომლის თანახმადაც განცხადება საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილ უნდა იქნეს გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოში. განცხადებას განიხილავს გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლო იმ შემთხვევაშიც, როდესაც არსებობს ზემდგომი სასამართლოს განჩინება ამ გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ. საყურადღებოა, რომ ადმინისტრაციული პროცესი განსხვავებულ წესებს არ ადგენს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სახალხო დამცველის მოადგილის თ. ლ-ის რეკომენდაცია დ. ჩ-სა და ვ. ნ-ს ადმინისტრაციულ საქმეზე უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს, რომელმაც უნდა განიხილოს მოქმედი საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე, 423-ე, 424-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2002 წლის 14 მაისის განჩინება.

2. სახალხო დამცველის მოადგილის თ. ლ-ის რეკომენდაცია დ. ჩ-სა და ვ. ნ-ს ადმინისტრაციულ საქმეზე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.